ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 июня 2017 г.

ახალი ადამიანის ფორმირება

   ძირითადი თემის განხილვამდე მართებულად მივიჩნიეთ ზოგადად მაინც გაგვეანალიზებინა არსი იმ ისტორიული მოვლენებისა, რომლებსაც მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუცია და ამ რევოლუციის საზარელი შედეგი - სულიერების დაკნინება, ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურება. გამარჯვებულმა რევოლუციამ ხომ დაუყოვნებლივ და ულმობლად გააცხადა თავისი არსი, როცა უდ-ანაშაულო ადამიანთა სასტიკი დევნა და რეპრესიები დაიწყო.

   მოგეხსენებათ, საუკუნეების წინ საზოგადოებას ქრისტიანული მოძღვრება ასაზრდოებდა. კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები, ქცევის ნორმები ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს ეფუძნებოდა. ადამიანთა მიზანი ცოდვისგან განრიდება და სასუფევლისკენ ლტოლვა იყო. დამახასიათებელი ისტორიული ტრადიცია მათთვის (და ჩვე-ნთვისაც) ერის კულტურა გახლდათ. ტრადიცია კი სულიერი მემკვიდრეობაა, რომელიც ადამიანს წინაპართა რწმენის, სამშობლოსა და მისი მიწაწყლის დაცვას ავალდებულებს. ტრადიციის მატარებელი ადამიანიაო რომ ვამბობთ, ვგულიხმობთ: მას აქვს ღირსების გრძნობა, ერთგულებისა და პატიოსნების ნიჭი, ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი. ასეთი ადამიანებისათვის განსაკუთრებით ძვირფასია საეკლესიო გადმოცემები, რომელიც სათავეს მოციქულებისაგან იღებს და ეკლესიაში მკვიდრობს. ტრადიციული ფასეულობა მათთვის არც უბრალო ბუტაფორიაა, არც უცხოელებისთვის საჩვენებელი ეგზოტიკური, თუნდაც ესთეტიკური სანახაობა, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის, მარად თანამდევი მოვლენა.

  ცნობილია, რომ არისტოკრატია ტრადიციას, წარმომავლობას, წეს-ჩვეულებასა და ოჯახურ ღირსებას მეტად უფრთხილდებოდა.  პეტრე პირველის ეპოქიდან მოყოლებული კი არისტოკრატიის (ძირითადი ნაწილის - ავტ.) იდეალი ევროპული "განათლება", მეჯლისებზე გართობა და ფუფუნებისკენ სწრაფვა გახდა. ამქვეყნიური სიამეე-ბისაკენ მიდრეკილთა მრავლობამ და მძლავრობამ მოარყია მტკიცე სულიერი ღირებულებები და რევოლუციის განვითარების წინაპირობები ჩასახა. ცნობილია, რომ რევოლუცია ტრადიციის აშკარა, შეუნიღბავი გამანადგურებელია. მისი დარტყმა პირველ ყოვლისა ტრადიციის მატარებელ ადამიანებზეა გათვლილი.

   XVII- XIX საუკუნეებში სწრაფად ვრცელდებოდა და ფეხს იკიდებდა დასავლეთიდან წამოსული რაციონალისტური და ანტიქრისტიანული იდეები. XIX საუკუნის ევროპაში კი უკვე სამი საშინელი თეორია გაჩნდა: დარვინიზმი, მარქსიზმი, ნიჰილიზმი.

   დარვინის ევოლუციურმა თეორიამ (ადამიანი წარმოიშვა მაიმუნი-სგან და მისთანები) მრავალი სიმახინჯით საბედისწერო შედეგებამდე მიიყვანა ცივილიზებული სამყარო. მატერიალიზმისა და ათეიზმის იდეებმა, ჩვენდა საუბედუროდ, ყველა სფერო მოიცვა. ამან შემდეგში სულიერად შვა მარქსიზმის სოციოლოგია და ნიცშეს ფილოსოფია.
   მარქსიზმის იდეოლოგიას დარვინის სამმა თეზამ შეასხა ფრთები: ევოლუცია, ბრძოლა არსებობისათვის და გაიმარჯვოს უძლიერესმა. ამის საფუძველზე მარქსი კლასობრივი მტრების განადგურებასა და შემდგომ ხალხის ბედნიერ ცხოვრებას ქადაგებდა. ზნეობას, პირუტყვისგან ადამანის განმასხვავებელ მთავარ ნიშანს, მარქსიზმი პირობით და დროებით მოვლენად აფასებდა. მარქსი ზნეობის ევოლუციაზეც მსჯელობდა და ამბობდა, რომ იგი საწარმოო და საზოგადოებრივი სტრუქტურების სრულყოფაზეა დამოკიდებული. მსგავსი მტკიცების მიუხედავად ტექნიკურ პროგრესს ადამიანის ზნეობრივი განვითარება არ მოჰყოლია.

   თუ დარვინიზმი და მარქსიზმი დღეისათვის იდეოლოგიურად დას-ამარებულია (ვითარებას არ ცვლის ერთის ან მეორის კანტიკუნტი გამოვლინება საზოგადოებაში), სამაგიეროდ ნიჰილიზმი ნიცშეს ფილოსოფიის მედროშეობით, აგრეთვე, ფროიდი თავისი სექსუალური პათოლოგიით, ამ წუთამდე ხიბლავს კაცობრიობას.

  ნიცშემ და ფროიდმა დარვინისგან მიიღეს ღვთისა და ზნეობრივი მორალის არარსებობის თეორია და თავიანთი ანტიქრისტიანული ეთიკა ჩამოაყალიბეს. ამ ეთიკამ არ იცის არანაირი ზნეობრივი ნორმა. მარქსისა და ენგელსის მიერ გაიდეალებული "უფესვო ადამიანი" ნიცშემ კიდევ უფრო დახვეწა და ახალი ადამიანის ფორმირებაზეც ალაპარაკდა. მისი მსოფლხედვით ახალი ადამიანი წარსულს მოწყვეტილი "თავისუფალი მოაზროვნეა" და სკეპტიკოსი, ვინც გულგრილია ჭეშმარიტებისადმი და გულგახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის. იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად, დროის ადამიანია, სინდისს, ღირსებას, სულიერ ფასეულობებს მოკლებული. მასში წაშლილ-წარხოცილია ჭეშმარიტი ორიენტირები და ბატონობს სურვილი, დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია. სძაგს მას ნებისმიერი შეზღუდვა, რადგან საკუთარი თავისთვის იგია ერთადერთი ღმერთი. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბებისათვის იბრძოდნენ ნიცშე, მარქსი და დარვინი.
  ბუნებრივია, ქრისტიანობასა და ანტიქრისტიანულ იდეებს შორის ბრძოლა უსათუოდ უნდა დაწყებულიყო. ქრისტიანობა სიყვარულია! ზემოხსენებული თეორიების ფუძემდებლები მარქსი, ნიცშე, მოგვიანებით ლენინი, სტალინი, ჰიტლერი კი მთავარი მიზნის (ახალი ადამიანის ფორმირება) მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ ძალ-ადობას, ტერორს, რევოლუციებს.

   მარქსი და ენგელსი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ: "კომუნისტური მსოფლმხედველობის ფართო მასშტაბით დასამკვიდრებლად, ასევე თვით უმთავრესი მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა. ეს საჭიროა არა მარტო მმართველი კლასის დასამხობად, არამედ იმისთვისაც, რომ მეამბოხეთა კლასი გათავისუფლდეს საუკუნეთა მიერ დაგროვილი ნაგვისაგან და მო-მზადდეს ახალი საზოგადოების დასაფუძნებლად". ჰიტლერის მთავარი პროპაგანდისტი როზენბერგერიც იმავე მოსაზრებას ავითარებდა: "ჩვენი საუკუნის მისიაა ახალი ცხოვრების მითიდან შევქმნათ ადამიანის ახალი ტიპი".

  სწორედ ახალი ტიპის ადმაიანის შექმნის სურვილმა გააშმაგა და დააავადა ადოლფ ჰიტლერი. საკუთარ ნაშრომში "მაინ კამფ" იგი დაეყრდნო ევოლუციის თეორიას და "არასრულფასოვანი" საზოგადოების ანუ ტრადიციული მორალის ადამიანთა მოსპობა და "გენიოსთა რასის” შექმნა დაისახა სანუკვარ მიზნად. სწორედ ამისთვის "დასჭირდა” ნაცისტების ლიდერს, ერთი მხრივ, აბორტების ლეგალიზაცია და სტერილიზაციის იძულება; მეორე მხრივ, საკონცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ეროვნების ადამიანთა განადგურება. იმხანად ნაცისტებმა ექვსი მილიონი ადამიანი ამოხოცეს.
   ამრიგად, უდავოა, რომ მარქსი, ენგელსი, შემდეგში ლენინი და ჰიტლერი აღიარებდნენ ძალადობის მისტიურობას. უნდა გავითვალისწინოთ, აგრეთვე, ორივე მსოფლიო ომის მაგალითი, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. საბოლოოდ კი დავრწმნდებით, რომ კომუნისტებსაც და ნაცისტებსაც გარკვეულწილად ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებდათ - "ძველი წესრიგის ადამიანთა" შემუსრვა და "ახალი ტიპის ადამიანის" შექმნა.

   დღეს კაცობრიობა არსებობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ძალადობის ეპოქამ დააზიანა ძველი, ტრადიციული ფასეულობების მატარებელი ადამიანი და გამოჩნდა ახალი ადამიანი, რომელმაც სამყაროში ღმერთის ჩანაცვლება მოინდომა. ნიცშე ამბობს: "ყველა ღმერთი მკვდარია. ამჟამად ჩვენ გვსურს ,რომ იცხოვროს ზეადამიანმა." ეს გახლავთ პრინციპი: "თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე ვარ ღმერთი."
   "ზეადამიანებით" დასახლებული "ახალი სამყარო" - აი ეს არის რევოლუციური ოცნება, რომელმაც გასული საუკუნის არნახულ ტრა-დიციებს ჩაუყარა საფუძველი.
                               
http://xareba.net/113-akhali-adamianis-formireba.html

ფანტაზია.ილუზია.ჰალუცინაცია.

ფანტაზია - phantasia
წარმოსახვა

1. შემოქმედებითი წარმოსახვა; წარმოსახვის, წარმოდგენის უნარი;
2. წარმოსახვის პროდუქტი; ოცნება
3. მოგონილი, შეთხზული, დაუჯერებელი რამ; სიცრუე
4. თავისუფალი ფორმის მუსიკალური პიესა იმპროვიზაციული ხასიათისა.


ილუზია - illusion
"ცდომილება" 

1. სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად აღქმა გრძნობათა მცდარობის შედეგად. 
2. განუხორციელებელი იმედი, ოცნება.



ჰალუცინაცია -  hallucinatio 
მოტყუება, შეცდომა 

მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ან შეხებითი აღქმა, რომელიც გამოწვეულია ტვინის მოქმედების დარღვევით (ეჩვენებათ არარსებული საგნები, ხმები და სხვ.).


nplg.gov.ge



четверг, 15 июня 2017 г.

ბრძენს უთქვამს -კონსტანტინე გამსახურდია

ბრძენს უთქვამს თურმე ეს ცხოვრება ქარია ქარი,

საქარავნეში მონავარდე ქარი ფანტია,


ჩემს სულში ჯერაც მოგიზგიზე ცეცხლი ანთია,


ვერ დაიჭირავს გაყრილ ისარს ჯაჭვი და ფარი,


ბრალი ჩემია მევე დავრჩი გასაკიცხარი.


შენ ცისიერო ვარსკვლავეთშიც კარგად მოსჩანდი,


განმშორდი ისე, ვით მარტოხეს განშორდეს ჩრდილი,


სამარადჟამოდ დარჩი ჩემთვის დახშული მტილი


იძალა ეშმამ და დამიგო ეშმური ფანდი


ვარ უმაქნისი და უსაგნო, ვით ლანდის ლანდი.


გძებნეს ყოველგან ვერსად პოვეს შენი ორანი,


ღამემ მოგიხმო ან ქვესკნელმა თუ გიყო პირი.


ეგებ წინ გედოს საიქიოს გზანი შორანი,


და გატარებდეს ან ხორანის შავი ბორანი.


ღამეს ჩემს ირგვლივ წამოუდგამს ნაბდის კარავი,


რა დამაძინებს, თუ თეთრონებს შეერჭო ნარი,


წახვედი ჩემგან პირი ვარდი და ტანკენარი


ღამე აღმოჩნდა საუნჯეთა ჩემთა მპარავი,


ღამე წყნარია და ჩემს გულში შფოთავს არავი...




ყარყუმის ბეწვი გქონდა საგებლად,


ახლა მიწაზე გართხმულხარ რეჰმან.


რა იქნა შენი ქორ მიმინონი,


შიხნის ჯილაგთა ცხენების რემა?


ღამეს უფრთხილდი იცოდე რეჰმან,


იდუმალებით ორსულსა ღამეს


ნურვის შესჩივლებ, როგორ გიმუხლთეს


საწუთროება ვით მოგიშხამეს.


ნურვის შესჩივლებ შენი საუნჯე,


რა უმოწყალოდ გაანიავეს!


ნუ დარდობ რეჰმან ფრთამალი ანკა,


თან წარიტაცებს ჟამთა სიავეს.


ცრემლს განერიდე იცოდე რეჰმან,


ცრემლი დიაცთა ლოდსატყორცნია,


არვის შეჰყრია ჯერ მწუხარება,


რომელიც დროს არ წარუხოცნია...


ყარყუმის ბეწვი გქონდა საგებლად,


ახლა მიწაზე გართხმულხარ რეჰმან


აღსდექი ჰეი ლომგულოვანო


სულით ნათელო, სახითა გვრემან!




არ მიყვარს ვარდი - კონსტანტინე გამსახურდია.

არ მიყვარს ვარდი, აღარც მთვარე, მოგვი ციური,
ძველ პოეტებმა რომ გასთელეს და შემაძაგეს.
ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური,
ღიმილის ნაცვლად სიძულვილი მატყვია ბაგეს.
არ მიყვარს ღამე, სერენადა, შელლის მიმოზა,
არც უკვდავება - კაცთა მოდგმა გულმავიწყია;
სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა,
ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია.
თავს არ ვიტყუებ არც ოცნებით, არც მოჩვენებით,
თუ ცის მნათობიც მომიძულებს და გამიმეტებს,
- ელექტროს შუქი აღსავსეა ახალ მშვენებით, 
როს წინწკლებს აფრქვევს ძილმორეულ ღამის პლანეტებს.
მე თქვენთვის დამაქვს, კაცუნებო, ნიღაბი შავი,
აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ,
გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი,
შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ.
იდუმალ კოშკში ფანტაზია დავსვი დედოფლად,
მას ჩემი ლანდი სასიძოდ ჰყავს, მისივ მხლებელი,
ვიცი გავირბენ შეუმჩნევლად ამ წუთი-სუფლად,
ვით მძინარ ტყეში შუა ღამის მატარებელი.



ტემპერამენტის ტიპები.

ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.

ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს.

ისტორია

ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება — ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე — სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის, თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში.
ალბრეხტ დიურერის „ოთხი მოციქული“ 
— ოთხი ხასიათის ტიპის განსახიერება.


ტემპერამენტის ტიპები

სანგვინიკური ტემპერამენტი

სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.

ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

ქოლერიკული ტემპერამენტი

„ქოლე“ (ბერძნ. χολή) ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.

ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.

ფლეგმატიკური ტემპერამენტი

„ფლეგმა“ (ბერძნ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.

ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.

მელანქოლიკური ტემპერამენტი

„მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.

ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.



ოთხი გუნება (ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი და სანგვინიკი)

wikipedia.org

აკაკი წერეთელი. ორი ლექსი...

ხ მ ა
   
  გარს ეხვევიან ვარსკვლავნი
  ცაზე ამოსულ მთვარესა! . .
  შექათქათებენ ბრწყინვალეს,
  სხივს რომ ფენს არემარესა! . .
  გარს ევლებიან წმინდანი
  დედოფალს - დედაღვთისასა! . . .
  შეგალობ-შეღაღადებენ
  მადლს რომ ფენს ქვეყნად ძისასა.
  სამოთხის კარზედ ქალწული
  დამჯდარა ოქროს სელზედა:
  ბროლის თითისტრით ლალის ძაფს
  ართავს და იხვევს ხელზედა. . .
  კვართსა ქსოვს საქართველოსთვის,
  ქვეყანა მის წილხვედრია!
  და ის წყალობაც საქვეყნო
  თამარის შენავედრია!
  რომ გაათავებს ხელსაქნარს
  გადმოფენს საქართველოსა
  და ააყვავებს ფერადათ,
  ვით გაზაფხული მდელოსა!
  მაგრამ ეს ერთი ხანია
  ბოლოს ვერ აბამს ხელსაქნარს,
  რაღაცა უშლის სიწმინდეს,
  უკუღმა სცარავს თითისტარს.
  თავზე ადგიან დედოფალს
  ნინო, ქეთევან, თამარი,
  ხორცით ყვავილი ივერთა
  და სულით წმინდა ლამპარი.
  ატირდნენ წმინდა დედანი,
  დაღონდა დედა ღვთისაცა
  და შეეკითხა, განგება
  ხელში უპყრია ვისაცა:
  "რა მიზეზია, რომ მადლი
  ვეღარ სჭრის რჩეულ ერზედა
  და საქართველოს ვხედავთ დღეს
  სულ სხვა გუნება-ფერზედა?"
  მიბრძანდა იესო ტკბილი
  და უთხრა: "ნუ სწუხ, დედაო,
  დავფიქრებულვარ მრავალჯერ
  მეც მაღლით მაგაზედაო!
  ის აღარ არის, რაც იყო
  შენი წილხვედრი ერიო!
  იმას უშვრება თავის თავს,
  რასაც ვერ უზამს მტერიო.
  აღარც ხატი სწამს, არც ჯვარი,
  არც სადმე სასწაულიო!..
  და ჯოჯოხეთის სიბილწით
  გადარეცხია გულიო.
  გადაუგდია გულიდგან
  ჩემი მოძღვრება-მცნებაო
  და მეც სასჯელად დაუდევ
  იობის მოთმინებაო!.."
  "ნუ გულისწყრომით ამხილებ
  და ნუცა რისხვით სწავლი მათ!"
  ევედრებოდენ მაცხოვარს
  ქართველ დედანი სულ ერთხმად.
  "მათი დაცემის მიზეზი"
  თვით უწყი, მხსნელო, რაც არი!
  უცეცხლოთ ძალუძს ხეს სადმე
  დაჰყაროს ნახშირ-ნაცარი?
  ცეცხლად მოედვა ქვეყანას
  ბედი, უკუღმა მბრუნავი!..
  აღარ ჰყავს ძველი მოკეთე,
  მფარველ-პატრონი მზრუნავი!
  რაც ეკლესიას ივერთა
  მისცა მსოფლიო კრებამა,
  ის დღეს ახადა გარეშე
  ძალამ და აოხრებამა.
  აღარ ჰყავს კათალიკოზი,
  მღვდელ მთავარ მეუფროსები,
  მათ ნაცვლად ნაძალადევათ
  დაუსვეს ეგზარხოსები.
  ისინი განძრახ უკარგვენ
  ხალხს რწმენა-სასოებასა
  და აპირობენ სხვა სჯულის
  სხვაგვარად შემოღებასა.
  სცდილობენ, ენა ქართული
  გარდაჰქმნან სლოვენურადა,
  მაგრამ ერთთავად კი არა!
  ნელ-ნელა, ეშმაკურათა.
  შესცვალეს წესი მოძღვრების,
  გადაქმნეს თვით საგანიცა,
  უარჰყვეს ლოცვა ქართული
  და მათი კურთხევანიცა.
  ვერ ეღირსება ქართველი
  მღვდლობას და მონოზნობასა,
  გინდ აეყვანოს ზეცამდე
  ის სამღვთო მადლის გზნობასა.
  თუ სლოვენურად არ სწირა
  და უარს არ ჰყოფს ქართულსა!
  ასე ამბობენ: ქართული
  არც ხორცს არგებსო, არც სულსა.
  და ამ განზრახვით ააგეს
  სხვადასხვა სემენარია
  და მათმა მეცადინობამ
  საქრისტიანო არია!..
  იქ გაუგებარ სიტყვებით
  უვსებენ ყურთა სმენასა
  და უკრძალავენ მოწაფეთ
  სამშობლო დედა-ენასა.
  მათი გაზრდილი სამღვდელო
  გზა და კვალარეულია,
  არც შინაურად ვარგია
  და აღარც გარეულია!
  ხალხს მათი არა ესმის რა. . .
  უბღვერს როგორც მტერს მტრულადა
  და ეკლესიაც მის გამო
  დამხობილია სრულადა.
  სემენარიის რექტორად
  დღესაც რომ გერმოგენია -
  ივერთა ეკლესიისთვის
  ჯოჯოხეთური გენია.
  სდევნის ქართველებს, არ იშლის
  თვით მათი სჯულის მტრობასა
  და ამ ღვაწლისთვის მოელის
  დღე-დღეზედ მღვდელმთავრობასა.
  მაშინ კი უფრო თამამად
  მახვილს აიღებს პილატე
  და შეიქნება ქვეყნისთვის
  მეორე თეოფილაკტე!.."
  რომ მოისმინა იესომ,
  ბრძანა: "ჰო, სულ მართალია!
  მაგრამ ეგ ყველა ხომ მაინც
  ხალხისვე ცოდვა-ბრალია?
  თუ თათრობის დროს კი შესძლო,
  დაეცვა წმინდა ტაძარი,
  დღეს მწვალებლობას გულგრილად
  რაღათ გაუღო მან კარი?
  თუ ძველთა ჩემი გულისთვის
  თავსაც კი სდებდა სამოწმოთ,
  დღეს რაღათ არის უგრძნობლათ
  აუღელვებლათ და უხმოთ?
  ჭირის ამტანი გულგრილად
  თავს რისთვის უდებს სატანას?
  "ეძიებდეთ და ჰპოვებდით" -
  ასე არ ვამცენ ქვეყანას?
  აბა, ეძიოს იმანაც
  საერთო ამბოხებითა,
  თუ არ იპოვნოს, რაცა სურს
  ღვთისმშობლის მეოხებითა.
  მაგრამ ჯერ კიდევ იმ ხალხის
  გრძნობა ეშმაკის ხელშია
  და მეც იმიტომ ჩავაგდე
  იობის განსაცდელშია!.."
  "დიდხანს იქნება, უფალო,
  მაგ განსაცდელში ქართველი?"
  ეკითხებოდა მარიამ,
  ქვეყნის სიკეთის მზრახველი.
  "არაო, - ბრძანა იესომ,
  მას იხსნის თქვენი ფარიო
  და წაღმა დატრიალდება
  ეგ წმინდა თითისტარიო".

   **

  ნ.ნ. დურნოვოს
   
  ცოლიც რუსი მყავს, შვილიც რუსი მყავს
  და მეც რუსეთში დავჭაღარავდი,
  მიყვარდა რუსი, მაგრამ მის ნაკლს კი
  აღვიარებდი, ვერა ვფარავდი.
  ვუქებდი წარსულს, მაგრამ აწმყოში
  მძულდა მთავრობა ბიუროკრატი
  და მე რომ რუსად წარმოვიდგენდი,
  სხვაგვარი იყო იმისი ხატი.
  ქრისტეს მოყვარე, სულით მაღალი,
  გაჭირვებულთა ხელის შემწყობი,
  უსამართლოთა და უკუღმართთა
  აღვირამსხმელი და დამამხობი.
  ვით ჩვენ წინაპრებს, მეც ისე მყავდა
  მაშინ რუსობა წარმოდგენილი -
  მთელ საქართველოს დამხსნელ-მფარველად
  და სასოებით მიცემდა გული.
  მაგრამ რა ვნახე, ჩემ სამშობლოში
  როცა დავბრუნდი, ღმერთო ძლიერო!
  ერთგულების და სიყვარულისთვის
  გადასახადი სამაგიერო!
  ზიზღი და მტრობა! სხვა არაფერი,
  დევნა სასტიკი ხორცის და სულის,
  ვითომ მტყუანი იყოს ქართველი
  და მართალი კი სულ ის და სულ ის.
  რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი
  ჩვენი ცხოვრების ასპარეზები,
  გვაჯდენ კისერზედ, როგორც სახედრებს
  და გვერდებს გვჭრიდა მათი დეზები.
  სამღვდელოებას და მის ეგზარხოსს
  აებნათ ქრისტეს ნამოძღვრი კვალი,
  შეჰქონდათ ხალხში უსჯულოება,
  საქრისტიანო უარჰყვეს ვალი.
  გარეგნად მღვდლები, შინაგნად მგლები
  თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე
  და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ
  როგორც ჟანდრები, გარუსებაზე.
  სამსჯავროებში აღარსად იყო
  აღარც კანონი, არც სამართალი
  და თვითოეულ მსაჯულთაგანსაც
  გარუსებისკენ ეჭირა თვალი.
  აღმზრდელებიცა ჩვენი შვილების
  მხოლოდ ჰფიქრობდნენ გარუსებაზე
  და არა მათის მოწაფეების
  გრძნობა-გონების ამაღლებაზე.
  მე კი ვამბობდი, რომ მოვლინება
  ეს დროებითი მხოლოდ მეხია. . .
  მომავლისაგან ველოდი სულ სხვას
  და მაინც გული არ გამტეხია.
  ვფიქრობდი, მოვა აწ ახალი დრო,
  ის გაგვინათლებს დღევანდელ ბნელსა
  და მოველოდი მე გაზაფხულის
  წინამორბედს და მახარობელსა.
  და აი, მართლაც დღეს გამოგვიჩნდი...
  კურთხეულ იყოს შენი ჭაღარა!..
  და შენთან ერთად ძმობა-ერთობას
  უმღერს, უგალობს ჩემი ნაღარა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აკაკის ნაკლებად ცნობილ ლექსებს მიაკვლიეს.

1000-ზე მეტი ლექსი, დრამატული და პროზაული ნაწარმოები, პუბლიცისტური თუ პირადი წერილი... უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელიც აკაკი წერეთელმა დაგვიტოვა. და თურმე კიდევ შესაძლებელია მისი უცნობი ან საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი თხზულებების სიძველეთა საცავეებში, ძველ გამომცემლობებსა თუ საოჯახო ალბომებში აღმოჩენა.
  "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში მიკვლეული იქნა აკაკი წერეთლის ნაკლებად ცნობილი ორი ლექსი - "ხმა" და "ნ.ნ. დურნოვოს". "ხმა" შემონახულია 2 ნუსხით, ერთი დაცულია "ღ" ფონდში - არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკის ავტობიოგრაფიულ კრებულში, სათაურით, "აკაკის ორი დაუბეჭდავი ლექსი", - ამბობს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი ლია კიკნაძე და დასძენს, - რომ მეორე ლექსი "ნ.ნ. დურნოვოს", ასევე - კირიონის (საძაგლიშვილი) არქივში ინახება და აკაკის 7-ტომეულშია დაბეჭდილი, მაგრამ სხვა სათაურით "ბრიხნიჩოვს" და არა "დურნოვოს".
  ლექსის ხელნაწერთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ დურნოვოსადმი მიძღვნილი ლექსი იონა ბრიხნიჩოვისადმი მიძღვნილი ლექსის გადამუშავებული და გავრცობილი ვარიანტია და 14 სტროფისგან შედგება. როგორც ჩანს, აკაკიმ ის ჯერ ბრიხნიჩოვს მიუძღვნა, შემდეგ გადააკეთა და მიუძღვნა დურნოვოს. და ის კირიონის არქივში უკვე ამ სახით მოხვდა.
  ლია კიკნაძე: "ხმა" პოეტის არც შვიდტომეულში და არც თხუთმეტტომეულში შესული არაა. იგი პირველად აკაკის გარდაცვალების წლისთავზე, 1916 წლის 26 იანვარს, გაზეთ "მეგობარში" სხვა სათაურით - "ხალხური" დაიბეჭდა. უმკაცრესი ცენზურის გამო 38 სტროფიდან მხოლოდ 29-მ ნახა დღის სინათლე, ხოლო 35-ე სტროფიდან ერთი ტაეპი - "საერთო ამბოხებითა" ამოიღეს. 
  1992 წელს ჟურნალმა "განთიადმა" ეს ლექსი გადაბეჭდა ნაკლული სახით, კომენტარის გარეშე. იმავე წელს "მნათობშიც" დაიბეჭდა, უავტორო ნუსხის მიხედვით. გამომცემელ ჭრელაშვილს ლექსის ავტორის დასადგენად, პოეტის სხვა ლექსებიდან იდენტური მხატვრული ხერხებისა და სახეების მოხმობამ საშუალება მისცა, დაედასტურებინა აკაკის ავტორობა.
  "ხმა" აკაკის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ჟღერადობის ლექსია, რომელიც საქართველოს ისტორიის ავტოკეფალიის აღდგენისადმია მიძღვნილი. ძირითადი პერსონაჟები იესო ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი არიან. მათ შორის დიალოგის ფონზე იკვეთება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს მაშინდელი რეალობა, როგორ სპობდა რუსეთი ყოველგვარ ეროვნულს, როგორ აძევებდ ქართულ ენას სასწავლებლებიდან და ეკლესიებიდან, როგორ ყველანაირად ჩაგრავდა ეროვნებით ქართველს, როგორ ამკვიდრებდა მონობას, ურთიერთდასმენას, უვიცობას. სასწავლებლებიდან და ეკლესიებიდან გაძევებული ქართული ენა "სლოვენურით" იცვლებოდა, რაც რწმენის დაკარგვას იწვევდა, რწმენის დაკარგვა კი ამორალური ქმედებებისკენ, ცხოვრების მიუღებელი წესებისკენ ეზიდებოდა ახალგაზრდებს.
  ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის გამტარებლები საქართველოს ეკლესიისა და ქართული ენის მიმართ სიძულვილით იყვნენ გამსჭვალულები და ყველანაირად უწყობდნენ ხელს ეკლესია-მონასტრების ქონების მიტაცებას რუსი კლერიკალების მიერ, ეროვნული მოღვაწეების დევნას, შევიწროვებას და გადასახლება-განადგურებას.
  აკაკი გამოსავალს "საერთო ამბოხებაში" ხედავს და ქართველ ხალხს, უმაღლესი ღვთაების პირით, აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა გაუქმებული ავტოკეფალია აღიდგინონ და ეგზარქოსები მოიშორონ. პოეტს მტკიცედ სწამდა, რომ ავტოკეფალიის აღდგენა ქვეყანას თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა
  - როდის დაწერა აკაკიმ ეს ლექსი?
  ლია კიკნაძე: დაახლოებით, 1898-1899 წლებში. "ხმა" აკაკის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა და ვერც დაიბეჭდებოდა მკაცრი ცენზურის გამო და იგი არალეგალურად ვრცელდებოდა ავტორის მიუთითებლად, რათა პოეტის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. ლექსი რომ ჩუმად ვრცელდებოდა და მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, ამას ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) აკაკისადმი მიწერილი წერილიც ადასტურებს. 
  ლექსი, რომელიც 15-16 წლის წინ უკვე შექმნილი იყო, ეპისკოპოსმა არ იცოდა. 1914 წელს აკაკისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) ლეონიდე პოეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ლექსის შექმნას სთხოვს.
  ეპისკოპოსი წერს, რომ "დღევანდლამდე ნათქვამი, ნაფიქრი, დაწერილი და გამოქვეყნებული ავტოკეფალიის შესახებ დარჩომილია მარტოდ-მარტო წიგნებში და ჟურნალ-გაზეთებში. არამც თუ გულამდე, ხალხის ყურამდინაც ვერ მიაღწია ამ წიგნებმა და ჟურნალ-გაზეთებმა...
  ბატონო აკაკი, მარტო თქვენი სიტყვა მოედება ალად დიდსა და პატარას, მარტო თქვენი სიტყვა აამოძრავებს ერთსულოვნებით ერის ტალღებს, მარტო თქვენი სუბუქფრთიანი ლექსი ჩაუძვრება სულში ქართველ ერს და აამღერებს თავ-თავის კილოზე... თქვენი ლექსი გაუშუქებს მთელს ერს ავტოკეფალიის საკითხს, ყველას შეაყვარებს მას გულით და შეთანხმებულად აღძრავს დიდსა და პატარას ამ ხელიდან წაგლეჯილი საუნჯის დასაბრუნებლად...", "თქვენი პატარა გრძნეული ლექსი განახორციელებს მას", რაც ვერ შეძლეს პროფესორების მეცნიერულმა გამოკვლევებმა და პუბლიცისტების ცხარე წერილებმაო, - აგრძელებს წერილის ავტორი და ასკვნის: "ასეთი ლექსის, ასეთი ჰიმნის შექმნას მოითხოვს თქვენგან თქვენი დედა ეკლესია, დიდებულო მგოსანო, და იცოდეთ, რომ ასეთი ჰიმნის წყალობით ახმაურებულ საქართველოს ვეღარ გაუმაგრდებიან ჩვენი ეკლესიის მონობით შემბოჭავი ძალები".
  - მეორე ლექსი თუ დაიბეჭდა აკაკის დროს?
  - არა, აკაკის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ის შედგება 14 სტროფისგან და მასში მუქ ფერებშია დახატული რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგები საქართველოში. ლექსის ადრესატია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნიკოლოზ დურნოვო, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, რადგან დიდი მონდომებით იღვწოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მოღვაწეებთან ერთად საქართველოს ავტოკეფალიის აღსადგენად. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ქველმოქმედი იყო. გმობდა ველიკორუსულ პოლიტიკას - პატარა ერების დამცირებასა და ჩაგვრას. კირიონისა და სხვა ავტორების შრომების გაცნობის შემდეგ ქართველების, ქართული კულტურისა და ეკლესიის დიდი ქომაგი გახდა.
  თავისი წიგნებითა და პუბლიცისტური წერილებით ააშკარავებდა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას საქართველოს ხალხისა და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ და ხმამაღლა აცხადებდა ქართული ეკლესიის გაუქმების არაკანონიერების შესახებ. აი, ასეთ ღირსეულ პიროვნებას უძღვნა აკაკიმ ეს ლექსი.
   
resonancedaily.com

იაკობ გოგებაშვილი პატრიოტიზმზე

(ნაწყვეტი პუბლიკაციიდან)

… ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა… წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი… ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან…

იაკობ გოგებაშვილი/ რჩეული თხზულებანი/ ტ. 1/ თბ. 1989/ 235-236

burusi.wordpress.com

იაკობ გოგებაშვილი – მეგრელები

“მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან…”.

burusi.wordpress.com


   

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი - Iakob Gogebashviliიაკობ გოგებაშვილი – ბიოგრაფია

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“.
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”.
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას.

გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან.
სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს ი1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

burusi.wordpress.com

თუ მეგრელი ხარ.. - აი რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე!!

თუ მეგრელი ხარ, ე. ი ყველაზე დიდი ქართველი ხარ იმიტომ, რომ კოლხეთის სამეფო იყო პირველი კოლხური წარმონაქმნი მაშინ, როდესაც არ არსებობდა, ერთი კრებითი სახელი ქართველთა საქართველო! თუ მეგრელი ხარ ე.ი ძალიან ამაყობ, ამაყობ იმიტომ, რომ საქართველოს უძველესი შვილი ხარ! თუ მეგრელი ხარ ე.ი ღმერთმა ორი მშობლიური ენა მოგცა ოდითგან კოლხური - ზანურ - ჭანური, რომლის მემკვიდრეა რა თქმა უნდა მეგრული და რა თქმა უნდა ქართული, მშობლიურია ორივე ჩემთვის! თუ მეგრელი ხარ ე. ი ტკბილი მეგრული ნანა გსმენია დედისა! თუ მეგრელი ხარ მორდიობა შენთვის ძალიან დიდი რამაა! თუ მეგრელი ხარ ტერენტისიანი ხარ!

თუ მეგრელი ხარ ძალიან დიდი ქართველი ხარ და დანარჩენი საქართველოს დედა ბოძი ხარ! "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც"


ლია ჭავჭავაძე.
fans.coa.ge

ნუ მწერ - მირზა გელოვანი.

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, 

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

. . . წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში 
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ. . . ისეც ვიცი, რაგვარი 
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,–

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ–მზე გამარჯვების.





მირზა გელოვანი.

Mirza Gelovani.jpgმირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:

“წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი”.

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).

მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.

ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

მირზა გელოვანი გარდაიცვალა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

ქართველ პოეტს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. (1975, სიკვდილის შემდეგ).

wikipedia.org


ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.


მე მინდოდა იავნანა ..

მე მინდოდა იავნანა,
როგორც ნაზი პოემა...
რაც ვერ მოკლა შენმა დანამ,
მოკლა სიმარტოვემა.

ოი, როგორ მედიდური
მქონდა გული ბავშვობის,
ოი, როგორ დაგემდურე,
ოი, როგორ დაგშორდი.

და არ ვიცი, იქნებ დაჭრილს
მომწვდეს შენი მარჯვენა
და ეღირსოს უხმო აჩრდილს
ქვეყანაზე დარჩენა.



იყოს ეს ლექსი უკანასკნელი ..

იყოს ეს ლექსი უკანასკნელი,
ოღონდ დამტოვონ შენზე დარდებმა,
გაიმეორონ ჩემი სახელი
ხეებმა, გულის ამხანაგებმა.

ძვირფასო, მახრჩობს ეს ნიაგარა,
შენი ღიმილი რადგან არ მიცავს,
მე აღარ ვიცი რას შეგადარო:
ყვავილს თუ მთვარეს, ცასა თუ მიწას!

შორს მთაზე მოჩანს ციხის ნანგრევი,
როგორც იმედი გულგადახრული,
მოჰყეფს მდინარე-მრისხანე დევი
და გიჟი ქარის ისმის მაყრული.

გზები კი, რა ვქნა, იკლაკნებიან,
როგორც გველები მსხვერპლის გარშემო
და თუმც სიტყვები იკარგებიან,
არ მინდა გული გადავაშენო.

ეს ლექსები კი, უცნობი ფერის,
იქნება, ლექსებს სულაც არა ჰგავს,
მოდი, წამართვი მე ყველაფერი,
გული კი დარჩეს თავის ალაგას!



ბეღურული გული

გაფრინდება ბეღურა და როგორც ფრთები ღამის
ეფარება თვალთა ხედვას აბურძგნული ფრთები,
ვრჩები, თითქოს ხასიათი ველურ მომთაბარის,
დარდითა ვარ შეჭმული და კვლავ დარდითა ვთვრები.
შენ ცუდი ხარ, ეს ვიცი და
ვერ კი გამიგია,
რაღად მიყვარს შენი სახის უცხო ელვარება.
თუმც გულისთვის სასიკვდილოდ მახე დამიგია,
მისი ბეღურული ფეთქვა
მაინც მებრალება.



მე მხოლოდ მახსოვს..

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა, 
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია

და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.



მელოდე

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - 
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,- 
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

poetry.ge