ღმერთი

ღმერთი

среда, 14 июня 2017 г.

ანტონ ჩეხოვის გენიალური და ლაკონური ფრაზები

ანტონ ჩეხოვი
იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანის სერიოზულობა ასჯერ ღირებულია სერიოზული ადამიანის სერიოზულობაზე.

1. ადამიანის კარგი აღზრდა იმაში კი არ ვლინდება, რომ ის სოუსს სუფრაზე არ დაღვრის, არამედ იმაში, როცა ის არ შემჩნევს, თუკი ამა სხვა გააკეთებს.

2. რა საამურია სახლში ჯდომა, როცა სახურავზე წვიმის წვეთების კაკუნი ისმის და იცი, რომ შენს სახლში მოსაწყენი და მძიმე ადამიანები არ არიან.

3. საქმე არც ოპტიმიზმში და არც პესიმიზმშია, არამედ იმაში, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არ აქვს.

4. თუკი ადამიანი არც სვამს და არც ეწევა, თვითნებურად გიჩნდება კითხვა – ეს ადამიანი ნაძირალა ხომ არაა?

5. თუკი ცოლმა გიღალატა, გიხაროდეს, რომ მან შენ გაგცვალა და არა – საკუთარი გვარი.

6. უნივერსიტეტი ავითარებს ყველა უნარ-ჩვევას, მათ შორის სიბრიყვესაც.

7. შეხედავ არსებას – მილიონი აღფრთოვანება, ჩაიხედავ მის სულში და -ჩვეულებრივ ნიანგს დაინახავ.

8. თუ არ იცი, რას გრძნობ ადამინის მიმართ – დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ის არ არის, არ იყო და არ იქნება. და მაშინ, შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

9. იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანის სერიოზულობა ასჯერ ღირებულია სერიოზული ადამიანის სერიოზულობაზე.

10. შეუძლებელია სიბინძურისგან მოითხოვო, რომ ის არ იყოს ბინძური.

11. ჯანმრთელები და ნორმალურები მხოლოდ გამოქვაბულის და ქვის ხანის ადამიანები იყვნენ.

12. იმისათვის, რომ იყო განუწყვეტლივ ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა : ა) გქონდეს უნარი, ისიამოვნო აწმყოთი. ბ) გიხაროდეს, რადგან უარესიც შეიძლება მომხდარიყო.

13. როცა თითში ხიჭვი გერჭობა, გიხაროდეს, რომ თვალში არ მოგხვდა.

14. დღეს არაჩვეულებრივი დღეა. შემიძლია, ჩაის დასალევად წავიდე ან თავი ჩამოვიხრჩო.

15. ყველაფერის მცოდნე და გამგები მხოლოდ ჭკუასუსტები და თაღლითები არიან.

16. ერთ ტკივილს ყოველთვის შეუძლია მეორეს გადაფარვა. დააბიჯეთ კუდზე კატას, რომელსაც კბილები სტკივა და ის უკეთ გახდება.

17. უდაბნოს გადამწვარი და ხრიოკი სტეპებიც კი ვერ გამოიწვევენ ისეთ ღრმა დეპრესიას, როგორც ის ერთი ადამაინი, რომელიც ზის, ლაპარაკობს და არავინ იცის, როდის წავა.

18. თუ გინდა, რომ გქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, არაფერი აკეთო.

19. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, ინტელექტუალურად და მორალურად. მით უფრო დიდ სიამაოვნებას იღებს ცხოვრებისგან.

20. საკუთარი თავიდან მონა წვეთ-წვეთად უნდა გამოვიყვანოთ.

21. არავის სურს, უყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი ჩვენში.

22. არ ღირს, ადამიანებს ჭკუიდან შეშლაში ხელი შევუშალოთ.

23. ,,ცინიკოსი“ – ბერძნული სიტყვაა. თუ გადმოვთარგმნით მშობლიურ ენაზე, ნიშნავს: ღორს, რომელსაც სურს, მთელმა დედამიწამ იცოდეს, რომ ის ღორია.

24. თუკი ადამიანები შეთანხმდებოდნენ და მოულოდნელად ერთმანეთის მიმართ გულწრფელები გახდებოდნენ, მათი საქმე მართლაც რომ ცუდად წავიდოდა.

25. ზოგჯერ, კეთილ ადამიანს ძაღლისაც კი რცხვენია.

26. ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი ვერ იქნება სუფთა.

27. მართალი – გულწრფელი ადამიანია.

28. ,,შეიცან თავი შენი“ – დიდებული და სასარგებლო რჩევაა. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ წინაპრები ვერ მიხვდნენ, რომ უნდა ეჩვენებინათ ამ რჩევის გამოყენების ინსტრუქცია.

29. დედამიწაზე არ არსებობს არაფერი კარგი, რასაც საწყის ეტაპზე რაიმე ბინძური არ ახლდა.

30. სინამდვილეში, სიცოცხლე ძალიან მარტივი რამაა. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება მის გასაფუჭებლად.


http://4motivi.com/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/

“Memento mori”- ტერენტი გრანელი.

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.


ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი  ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია; დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა — გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი) — ქართველი პოეტი.

დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლოვიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“. ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის“ სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

wikipedia.org


სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.


ვედრება

დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,
ღმერთო! დააჩქარე ჩემი აღსასრული.



ხომ მაღელვებს მე ასე ..

ხომ მაღელვებს მე ასე
თეთრი ფიქრის თარეში.
სხვა პოეტი ვერ დასწერს
ლექს ოთახის გარეშე.

და ზეციდან  ეს ღმერთი,
და გულიდან ეგ სისხლი.
და ვარ თითქმის ყოველთვის
განწყობილი ლექსისთვის.

მიწა, ცა უმაღლესი, 
ხომ პოეტის გულია.
და მგონია მე ლექსი
ყველგან გაბნეულია.

გული შენთვის გავწირე,
ირგვლივ ვხედავ რაღაცებს.
წუხელ ლექსი დავწერე,
დღეს გადამაქვს ქაღალდზე.


ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი ..

ჩვენ შორის ისევ გაიხსნა ხიდი,
თითქოს ქვეყანა ჩემი მტერია.
ვწევარ და მესმის ბავშვის ძახიღი,
მწევარ და მესმის სადღაც მღერიან.

უკვე გათავდა შენი გოდება,
შენ გინდა სხვა გზა,  მაინც რომელი?!
რატომ არ ვიცი, რა მელოდება,
რატომ არ ვიცი, ხვალ რა მომელის.



მე ხომ ასე ვარ, მე ხომ ვეწამე ..

მე ხომ ასე ვარ, მე ხომ ვეწამე,
ჩემი ფიქრები მაღლა დადიან.
გადავიტანე კიდევ ეს ღამე
და ახლა უკვე განთიადია.

ქარია ჩემი ცხოვრების ღერძი,
კარგია ლოცვა ასეთ ღამის წინ.
ისევ საშინელ გრიგალებს ვებრძვი,
ისევ საშინელ დრამას განვიცდი.


MARGUERITE

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.

ეს იყო დარდი, სულის დაღალვა
და სისხლიანი ბედი ქრისტესი.
ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.

გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან
და გაწვალებდა თოვლი და ქარი.
ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,

როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის.


წყარო: www.gpoets.com



სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა.

დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გულისტკივილით წერდა:


„თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა“

вторник, 13 июня 2017 г.

სემიტები.სემიტური ენები.



სემიტები - ტომები, ხალხები, რომლებიც სემიტურ ენებზე ლაპარაკობენ (ან ლაპარაკობდნენ).
სემის შთამომავალნი: არაბები, არამეელები, ფინიკიელები, ებრაელები, ასურელები, ბაბილონელები, ეთიოპიელები და ა.შ. დღევანდლამდე, ჩვენამდე მოაღწიეს არაბებმა, ებრაელებმა, ეთიოპიელებმა, არამეელებმა. ჩვენს ეპოქაში სემიტურ მოდგმას აქვს სამი სახელმწიფო: არაბეთი, ისრაელი და ეთიოპია. არაბეთში შედის: ეგვიპტე, ერაყი, სირია, ლიბანი და საუდის არაბეთი.


სემიტური ენები - აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — მესოპოტამიაში) და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური), რომლებიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად (არაბული, ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები. დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, გეეზი. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით, ბგერათა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. ქამიტური ენების გენეტიკური ერთიანობის შესახებ.


სემიტური ენები - ესენია აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები.
სემიტებთან დაკავშირებული. სემიტური ენები - მონათესავე ენები, რომლებიც გავრცელებულია ან გავრცელებული იყო წინა აზიის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილში: არაბული, სირიული, ებრაული და სხვ., ასურული, ბაბილონური, არამეული, ფინიკიური და სხვ. - ბიბლიური ნოეს ერთ-ერთი შვილის - სემის სახელის მიხედვით.

wikipedia.org

***

სემიტური ენები და მათი კლასიფიკაცია

ტერმინი “სემიტური ენები” პირველად გერმანელმა მეცნიერმა ა. შლოცერმა გამოიყენა 1781წ. სემიტი ხალხის, კერძოდ: ასურელების, ფინიკიელების, ებრაელების, არამეელების, არაბებისა და აბისინიელების (ეთიოპელების) სალაპარაკო ენათა აღსანიშნავად. ტერმინი “სემიტი” და “სემიტური ენები” შექმნილია “დაბადების” X თავის საფუძველზე, რომელშიც ებრაულად, არამეულად, არაბულად და ეთიოპურად მოლაპარაკე ტომები ნოეს უფროსი შვილის – სემის შთამომავლებად იხსენიებიან. მართალია, ბიბლიის მიხედვით, ტერმინი “სემიტები” მთიანად არ მოიცავს სემიტურ ენათა ყველა მატარებელს (მაგალითად, ფინიკიელები ქამის შთამომავლებად არიან გამოცხადებულნი) და სემის შთამომავალთა შორის ლიდიელებსა და ელამელებსაც ვხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი ტერმინი მეცნიერებს არ შემოუთავაზებიათ. ორიენტალისტები სემიტურ ენათა კლასიფიკაციის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობენ: როგორც წესი, გამოყოფენ სამ ძირითად შტოს: აღ. სემიტურს /აქადური/, ჩრდ. სემიტურსა /ქანაანურ-არამეული/ და სამხ. სემიტურს /არაბულ-ეთიოპური/. გვხვდება სემიტურ ენათა სხვაგვარი დაყოფაც: აღმოსავლურ და დასავლურ შტოებად; პირველში აქადურს გულისხმობენ, ხოლო მეორეში _ ყველა დანარჩენს, ან ჩრდ. და სამხ. სემიტურ შტოებად; ამ შემთხვევაში სამხ. სემიტურია არაბული და აბისინიური, ხოლო ყველა დანარჩენი _ ჩრდილოსემიტური. გამოყოფენ ასევე ჩრდ. ცენტრალურ (ჩრდ. დასავლურ), ჩრდ. პერიფერიულ (ჩრდ. აღმოსავლურ), სამხ. ცენტრალურსა და სამხ. პერიფერიულ შტოებს.

   დღესდღეობით, სემიტურ ენათაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია არაბული (322 მილ. ადამიანი ლაპარაკობს ამ ენაზე), მას მოსდევს ამჰარული (27 მლნ.), ტიგრინია (დაახ. 6, 7 მლნ.) და ებრაული (დაახ. 5 მლნ.)

e-learning.tsu.ge

აბრაამისეული რელიგიები


რუკა, აბრაამის რელიგიების (ვარდისფერი) და ინდური რელიგიების (ყვითელი) გავრცელება პლანეტაზე.


აბრაამისეული რელიგიები - იმ მონოთეისტური რელიგიების საერთო სახელწოდება, რომლებიც სათავეს ძველი სემიტური ტრადიციიდან იღებენ და უკავშირდებიან პატრიარქ აბრაამს (მამა, ლიდერი, ივრიტი אַבְרָהָם (ავრაამი) არაბული ابراهيم (იბრაჰიმი)). აბრაამი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ირწმუნა უფალი. მას ეწოდებოდა ყველა მორწმუნის მამა. აბრაამის ყველა რელიგია, ამა თუ იმ ზომით, აღიარებს ძველი აღქმის წერილებს.

აბრაამისეულ რელიგიებს განეკუთნება:

იუდაიზმი
ქრისტიანობა
ისლამი
კარაიზმი
სიქიზმი
ბაჰაიზმი

მათ უწოდებენ, აგრეთვე, გამოცხადების რელიგიებს, რადგან მათი სწავლების ძირითადი საფუძველი სწორედ გამოცხადებაზეა აგებული. მოცემულ კონტექსტში წმინდა წერილი არის ჩანაწერი ანუ ღვთაებრივი გამოცხადების დაფიქსირება. გამოცხადება გვესაუბრება ადამიანისათვის მიუწვდომელ ღვთის სწავლებებზე თეოლოგიური ტერმინებით. ის თავის თავში წარმოადგენს ღვთაებრივ მანიფესტაციას (გამოცხადებას). აბრაამისეული რელიგიების განსაკუთრებულობას წარმოადგენს ადამიანური მსხვერპლშეწირვის და თვითმკვლელობის უარყოფა. 2006 წლისთვის აბრაამისეული რელიგიების მიმდევართა საერთო რაოდენობა 3.7 მილიარდს შეადგენდა.


წარმოშობა

ითვლება, რომ ყველა აბრაამისეული რელიგია წარმოიშვა მოსეს კანონებში გადმოცემული ძველებრაული მონოთეისტური რწმენიდან, რომელმაც გავრცელება ჰპოვა ქანაანის, იუდეის და ისრაელის ძველი სამეფოების ტერიტორიაზე (ბაბილონის ტყვეობამდე) დაახლოებით ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში.

ჩვ.წ. I საუკუნეში ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა ქრისტიანობა, რომელმაც ბაზად გამოიყენა რადიკალურად რეფორმირებული რელიგიური ხუთწიგნეულის მემკვიდრეობა.

VII საუკუნეში არაბეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ისლამი, რომელმაც ზოგიერთი ასპექტით გამოიყენა იუდაიზმისა და ქრისტიანობის რელიგიური მემკვიდრეობა, თუმცა არ გამხდარა მათი ბუნებრივი განვითარება და გაგრძელება, არამედ ამ სისტემათა შემცვლელად წარმოადგენდა თავის თავს. აღმოსავლეთმცოდნე ლ.ს. ვასილიევი ამტკიცებს, რომ ისლამი სრულად არის ნასესხები უფრო ადრეული იუდაიზმისა და ქრისტიანობისაგან.

მუსლიმებს სჯერათ, რომ ისლამი მომდინარეობს უძველესი საერთო ტრადიციიდან, რომელსაც სათავე აბრაამმა დაუდო. წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობდა, რომ ისლამი სხვა არაფერია, თუ არა აბრაამის უწმინდესი რელიგია, რომელიც მოგვიანებით იუდაიზმსა და ქრისტიანობაში დამახინჯდა.


მსგავსება და განსხვავება

აბრაამისეული რელიგიების პირველი წერილობითი წყაროა თორა. თუმცა ის სხვადასხვაგვარად არის ინტერპრეტირებული. ძველი აღქმის ქრისტიანული ტრადიცია პრაქტიკულად მთლიანად შეესაბამება თანახს.

გამოცხადება აბრაამისეულ რელიგიებს, აგრეთვე, უწოდებენ გამოცხადების რელიგიებს. ისინი დაფუძნებულია იმ სწავლებაზე, რომ ღმერთი უცხადებს საკუთარ თავს ადამიანებს და ატყობინებს საკუთარ ნებას, წერილობით უწესებს მათ განსაზღვრული ქცევის ნორმებს.

გამოცხადების მიმართ დამოკიდებულებებში ჩანს იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს შორის განსხვავებები.

იუდაიზმისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სინას გამოცხადება, რომელშიც იქნა გამოხატული შემოქმედის ნება. ეს ნება არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას და წარმოადგენს უცვლელ ჭეშმარიტებას ანუ დოგმას.

ქრისტიანობა გვპირდება ახალ აღქმას, რომელიც დამატებით ავსებს ებრაელი ხალხის მოსმენილ მცნებებს სინას მთაზე. " არ იფიქროთ, რომ მე მოვედი სჯულის დასარღვევად ან წინასწარმეტყველების გასაუქმებლად: არა დასარღვევად მოვედი, არამედ აღსასრულებლად." (მათე.5:17-18).

ისლამი იღებს "წინასწარმეტყველთა შორის უკანასკნელის" მუჰამედის წინასწარმეტყველებას, როგორც ყველაზე მთავარს – ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველების დასასრულს.


იესო ქრისტე


განსხვავებები არსებობს იესოს პიროვნებასა და სახარების მიმღებლობაშიც. მისი ისტორიულობას და ღვთაებრივი წარმოშობის საკითხს აქვს მრავალნაირი ინტერპრეტაცია ქრისტიანობაში, ისლამსა და იუდაიზმში.

იუდაიზმი არ ცნობს იესოს, როგორც მესიას, მით უფრო არ ცნობს მის ღვთაებრივ წარმოშობას, თუმცა იუდაიზმის ზოგიერთი მიმართულება მას აღიარებს წინასწარმეტყველად, ხოლო იუდაიზმის სხვადასხვა მიმართულების მრავალი მოღვაწე – გმირად. შესაბამისად ევანგელე ასევე არ ითვლება სიმბოლურ წიგნად. ევანგელეს მკითხველები, ხოლო იესოს მესიად მიმღები ხალხი არიან ქრისტიანები.

ქრისტიანობა იესოს აღიარებს განცხადებულ ღმერთად, ღვთის სიტყვად, ღვთის შვილად, ცოდვების გამომსყიდველად, კაცობრიობის გადამრჩენელად. იესო ქრისტე ახალი აღქმის ეკლესიის მეთაურია. ევანგელე იკითხება, როგორც სიტყვა ღვთისა.

ისლამი, თვლის რა ერთ–ერთ უდიდეს წინასწარმეტყველად იესოს, ასევე, ეთანხმება რა ახალი აღთქმის ზოგიერთ პუნქტს, თვით მარიამის უხრწნელად შობის ფაქტს, აღიარებს იესო ქრისტეს (არაბულად "ისა") წმინდანობას და მესიანისტურ მემკვიდრეობას. თუმცა ყურანის თანახმად, უარყოფს ღმერთთან გაიგივების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, იესო არ შეიძლება იყოს ღმერთი და ან მისი თანასწორი.

wikipedia.org

მამა გიორგი (რაზმაძე): ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის „რეკომენდაციები” ღვთის რჯულზე მაღლა დგას.

საქართველოს კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ „რეკომენდაციების” პროექტი წარმოადგინა. დოკუმენტში, რომელიც ქართველ კანონმდებლებს დასავლელმა „მეგობრებმა” მოუმზადეს, შავით თეთრზე წერია, რომ ახალ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერით ერთი და იმავე სქესის ადამიანებს პარტნიორობა არ უნდა აეკრძალოთ: „ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონეთათვის პარტნიორობის აკრძალვა”, – აღნიშნულია პროექტში.
___
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ევროსასამართლოს სტანდარტები „ერთსქესიანი წყვილების” სამოქალაქო კავშირების ან დარეგისტრირებული პარტნიორობის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით: „თუ ცვლილებების პროექტი ცალსახად გამორიცხავს ერთსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთსქესიანთა პარტნიორობას.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ევროსასამართლოს სტანდარტები და უზრუნველყოს სამართლებრივი აღიარება (როგორიც არის სამოქალაქო კავშირები ან დარეგისტრირებული პარტნიორობა ერთსქესიანი წყვილებისთვის)”, – ხაზგასმულია დოკუმენტის პროექტში. კონკრეტულად რას ნიშნავს და რას შეცვლის აღნიშნული „რეკომენდაცია” საქართველოსთვის, იქნება თუ არა იგი საბოლოოდ კონსტიტუციაში გათვალისწინებული და რა სახის კონსტიტუციას მივიღებთ, თუ კი ვენეციის კომისიის მითითებები მასში ზედმიწევნით აისახება, „საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის ავჭალის წინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე): პატიოსანი და თავმოყვარე ხელისუფალი რომ გვყავდეს, ვერცერთი სახელმწიფო და მით უმეტეს რაღაც უცხოეთის კომისიები ვერ გაბედავდა უზნეობის მოხვევას, მაგრამ სამწუხაროდ ამ უნამუსო ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის „რეკომენდაციები” ღვთის რჯულზე მაღლა დგას. ეს ეხება მთავრობასაც, პარლამენტსაც და მთლიანად მმართველ გუნდს. არაფერს ვამბობ ე.წ. არასამთავრობოების მეხუთე კოლონაზე, რომლებიც პირდაპირ ფულს იღებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რაც შეეხება კონკრეტულ „რეკომენდაციას”, ღვთის რჯულში, წმინდა წერილში პირდაპირ წერია, რომ ქორწინება არის წმინდათა წმინდა. უფალი თავად მივიდა ქორწილში, აკურთხა და წყალი ღვინოდ გადააქცია. ანუ, ეს რას ნიშნავს, ამ სასწაულით ღმერთმა დაადასტურა, რომ ადამიანების გამრავლება ღვთისგან კურთხეულია და ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდება; და დღეს ვინც ამბობს, რომ ქალის ქალზე ან კაცის კაცზე ქორწინება ნორმალურია, რომ არაფერი ამაში ცუდი არ არის და სოდომია ოფიციალურად უნდა დაკანონდეს, კეთილი ინებონ, ჩავიდნენ ისრაელში. ნახონ და კარგად დაათვალიერონ სოდომ-გომორი, რომელსაც დღესაც ცეცხლი უკიდია…

– ჩვენს შემთხვევაში რა სახის უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს „სექსუალური უმცირესობების” უფლებების გაზრდას, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას?

– ჩვენ ხომ ევროპის გზას ვადგავართ, (ეს ოფიციალურად დეკლარირებული პოლიტიკაა) და რაც ევროპაში ხდება, აქაც უნდა დაკანონდეს, – ერთსქესიანთა ქორწინება, მერე ამ „ერთსქესიანი წყვილებისთვის” შვილის აყვანის უფლების მინიჭება… დღეს შეიძლება გვეუბნებიან, რომ არავინ არაფერს გვაძალებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ფარისევლური პოლიტიკაა. აბა წინდაწინვე რომ უთხრან საზოგადოებას, რა პროცესები მიდის და რის დაკანონებას აპირებენ, რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება ევროკავშირი? ვინ დაუჭერს მხარს პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლელი ცისფერი კომისრების მიერ იქნება მართული?! ეს ვენეციის კომისია კიდევ გატენილია „ნეოლიბერალი” გლობალისტებით და სინამდვილეში ისინი რეკომენდაციებს კი არ იძლევიან, თითს უქნევენ ჩვენნაირი ვასალი სახელმწიფოების ხელისუფლებებს. აბა ამათმა გაბედონ და რამე ისე არ შეასრულონ… არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ კი ამ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზროვნების უნარი შერჩენია და სჯერა, რომ ღმერთი არსებობს, უნდა მიხვდეს, რა სამარცხვინო მდგომარეობაშია. უნდა გააცნობიეროს, რომ ვენეციის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების მითითებებით სახელმწიფოს მართვა ჩვეულებრივი ღალატია და ადრე თუ გვიან ხალხი ამას არ აპატიებთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოებთ, რომ ქართველ ერს ღირსება შევუნარჩუნოთ. ამისთვისაა ეკლესია, ამისთვისაა სამღვდელოება და ხალხი, რომელიც რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ უნდა შეეგუოს ამ სიბინძურეს…

– საღი აზროვნების უნარი ახსენეთ, ხელისუფლებაში ხედავთ საღ ძალებს?

– დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მეორე დღეს კი გავარდნენ და პატრიარქთან დადგნენ. ეს ადამიანები საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და იმის წარმოჩენას ცდილობენ, რომ ვითომ ეკლესიურები არიან. სინამდვილეში მათი ცხოვრება სიბილწითაა აღსავსე და არ არსებობს მათთვის არაფერი წმინდა. შემიძლია, გულზე ხელი დავიდო და ვთქვა, რომ ნებისმიერი ხელისუფალი დღეს სიბილწით ცხოვრობს. სინდისი არააქვთ მათ ელემენტარული შერჩენილი იმიტომ რომ, როცა ადამიანი მიდის და გარკვეულ უცხოურ ძალებს ელაპარაკება საკუთარი ქვეყნის გარყვნაზე, მას სინდისზე უკვე ხელი აქვს აღებული. ეს ერთი და მეორეც, საქართველოს რომ ნორმალური ხეისუფლება ყავდეს, ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრძალავდა. ყოველ შემთხვევაში, დაინტერესდებოდა და გამოიძიებდა, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, რა ძალები დგას მათ უკან და რა მიზანს ემსახურებიან.

– ეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და მის პოლიტიკურ გარანტორ დასავლურ ძალებს შორის. რამდენად არის მზად ამისთვის ჩვენი ხელისუფლება?

– ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს როდესაც აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა მართოს, ის მზად უნდა იყოს ყველა გამოწვევისთვის, მიუხედავად იმისა, რა სირთულეებსაც არ უნდა იწვევდეს ეს. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ქვეყნის გარყვნისთვის. ახლა რამდენიც უნდა იძახონ, ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანიაო, გეიაღლუმები და ცისფერების ქორწინება ქართველი ხალხისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს არის რეალობა. თუმცა მათთვის ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მთავარი ის კი არ არის, ხალხი რას ფიქრობს, მთავარია ვენეციის კომისია რამდენად კმაყოფილია, რამდენად შეესაბამება კონსტიტუცია ევროსასამართლოს სტანდარტებს…

– ვთქვათ, თუ კონსტიტუციაში არ განისაზღვრა ოჯახის ცნება და შეიქმნა ერთსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების შესაძლებლობა, რა ფორმით უნდა დაუპირისპირდეს ამას საზოგადოება?

– სამწუხაროდ დღეს საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა და ჟინი დაკარგულია. განსაკუთრებით ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა არის რეალურად პრობლემა. ამასწინათ ვიღაც დაკავებული რეპერების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. თავსხმა წვიმაში იდგნენ. ასეთი ჟინი, ასეთი მონდომება და რისთვის… მე რის თქმა მინდა, კი თუ უსამართლობა ხდება, საზოგადოება უნდა დაირაზმოს, მაგრამ რა არის მთავარი? როდესაც შენს ღირებულებებს, ფასეულობებს და ეროვნულ იდენტობას ხელყოფენ, ხმას არ იღებ, შეიძლება რამე ერთსულოვნებაზე საუბარი?! ჩემი აზრით, დღეს საკითხი ასე უნდა დადგეს: ქართველ ხალხს ჭირდება ევროპა, რომლის სწორებაც ბოდიში და უკანალზეა თუ ზნეობრივად ამაღლებული საქართველო, როგორიც დავითის და თამარის დროს იყო. აი, ეს არის მთავარი და ამაში უნდა იყოს ერთსულოვნება, თორემ სხვა ყველაფერი მსგავს საკითხებთან შედარებით წვრილმანია. ვიღაცის „რეკომენდაციებით” მართვა კიდევ ჩვეულებრივი ღალატია, რისთვისაც ნებისმიერმა ხელისუფალმა შესაბამისი პასუხი უნდა აგოს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

geworld.ge

ციტატები - ვაჟა-ფშაველა

ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდენად ფრთიანსა.

   
ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა.

   
ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები.


ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია და ცნობა-მეგობრობაც.

   
ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.

   
აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.

   
აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.

   
აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა.

   
აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან.

   
ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს, მარტო არწივის თვალები.

   
ათასი რამე მოხდება სიცოცხლით კაცის თავზედა.

   
ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.

   
ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!


ან უშურველი კარგად ვინ ვიცნოთ, თუ კი არ იყო შური და მტრობა?

   
არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი.

   
არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა.

   
არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.

   
არ მომწონს ფაცი ფუცობა სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა.


 არ ვუღალატებ სიცოცხლით გზას ჩემს ეკლიანს სავალსა.


 არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო.


 არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.

   
არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა.


არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა.

   
ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.

   
ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა.


ბედნიერი ვარ ოღომც-კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა.

 
მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…

   
თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა.

   
ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა…

   
ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.

   
ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

   
ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.


 ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არა ვარგაო, იმასა.


ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.


თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.

 
ბუნების ცოდვა ეს არი, მუდამ საწყინო ჩემია, ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს, არავინ გადურჩენია.


მაშ რისთვის მინდა სიცოცხლე, სული რადა მრჩავ პირშია, თუკი არ გამოვადგები სამშობლოს გასაჭირშია.


გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.


ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა.


მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.


განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.


ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.


არწივის ხელით მოკლული ყვავი რა დასაგმობია?!


არც კაი ბოლო იმათ აქვს, ვინც ერთურთს აუხირდება.


ახ რა ცუდია, რა ცუდი, გზაარეულად მსჯელობა, ცეცხლმოდებულის ერისა თავისი თავის მტერობა!


ბედი ხან ბატონსა წყალობს, ხან გაუღიმებს მონასა.


ბედნიერი მაშინ ვარ, რომ ვიტანჯვი სხვისთვისა.


ბევრად სჯობია სიკვდილი, მშობელი დედის წყენასა.


არ მინდა თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს ტიალად.


არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე.


სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება.


მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის.


მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.


დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.


ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა.


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.


ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.


მეზობლები ვართ, მეზობლებიო! ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!


მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფელბას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.


სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათავსებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლომრწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში.


მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!


მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!


აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძაგლიგსაო.


ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვისი გაველან.


ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ისინი ჩვენზე.


„საწყალი ილია, საწყალი ილია!” მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ-იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივ სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავის ქვეყნისა. გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გავუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი სასიქადულო ძღვენი.


ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!

понедельник, 12 июня 2017 г.

არგო - ადამიანო / argo - adamiano




მამუკა ჩარკვიანის სიმღერები.

 






თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:
თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს-ვერ მოიპოვება ქრისტიანი, რომელიც ფარისევლად წოდებას არ მიიღებს შეურაცხყოფად. ფარისეველს ვუწოდებთ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს ორპირობასთან, ვეცხლისმოყვარეობასა და ქედმაღლობასთან შეერთებული მოჩვენებითი ღმრთისმოსაობა. მაცხოვარი ასე ახასიათებს ფარისევლებს: "თქან და არა ყვიან... და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა- უყუარს ზემოჯდომა" სერსა ზედა და პირველდაჯდომა- შესაკრებელთა შორის და მოკითხვა" უბანთა ზედა, და რაითა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!" (მთ.23:2-7). ფარისეველთა უდიდესი ნაწილი ასეთმა ცნობიერებამ სულიერ დაღუპვამდე მიიყვანა. თანამედროვე თალმუდიზმი დიდწილად მათი სწავლების გაგრძელება და განვითარებაა.

ლოცვაში ყველაზე უკეთ ჩანს ადამიანი და ფარისეველთა შინაგანი მდგომარეობაც ნათლად წარმოჩინდა მათ ლოცვაში. ფარისევლებს უყვარდათ, როცა მლოცველად ხედავდა ხალხი. უფალი ასე ამხელს მათ: "ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთვს მიიღოთ უმეტესი სასჯელი." (მთ. 23:13). მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო არის ის სახე ფარისეველისა, რომელსაც ვხედავთ იგავში ფარისეველსა და მეზვერეზე, სახე ადამიანისა, რომელიც არა ხალხის, არამედ თვით ღმერთის წინაშე დგას. დგას და ქედმაღლობს!

"თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თვსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. Gეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს." (ლკ. 18:9-14).

ამ იგავით უფალი არ გვასწავლის ლოცვის ხერხს, არ გვთავაზობს სიტყვებს, რომლითაც უნდა მიმართოს მლოცველმა ღმერთს. მაცხოვარი გვაჩვენებს, როგორი შინაგანი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც სალოცავად წარდგება ღმრთის წინაშე. შინაგანი მდგომარეობა ცხოვრების წესით მოიხვეჭება და ეს იგავი ცხოვრებას გვასწავლის. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მხოლოდ ფარისევლის უკეთურებაზე საუბრობს უფალი. თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს. ეს იგავი ჩვენს ნაკლოვანებებს ამხელს.


სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი
karibche.ambebi.ge

წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...

წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბვრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს, აღარ შუძლია წელში მოხრა, ჩაიბურტყუნებს ხანდახან: რა დრო იყო ქალო მე რომ გაცმევდი წინდებს დეკემრის რიცხვებშიო, თომას ველოდებოდით არა მაშინ? მკითხავს ხოლმე - თითქოს შენს მეტს კიდევ დავლოდებოდეთ ვინმეს. . . ასწევს მერე თავის დაძარღვულ, გაცრეცილ ხელებს და მხრებზე ჩამომაწყობს, დაბერდა შვილო მამაშენი, ისე დაბერდა მეტკინება ხოლმე მხრები და ღუმელის ანთებას მოვიმიზეზებ რომ გავინთავისუფლო. ხვდება განა ვერა ხვდება რომ აღარ შეუძლია...
შემოვდგავ მერე უბე გამოჟანგული ვედროთი წყალს, ღორებს რომ თბილი საჭმელი დავუსხა, ცოდონი არიან. ისეთი სუსხია, ისეთი რომ ჩვენ წიქარას ცინდლები მიეყინება ხოლმე დრუნჩზე. მე ყოჩაღადა ვარ დედა გეაცვალოს სანამ შემეძლება დავიკაპიწებ ხელებს და იმხელა ქვაბში ამოვიყვან ყველს იდაყვამდე რომ დამიშრატიანდეს... იმ დიდ ქვაბში ვაგროვებ რძეს ლიანა მამიდამ რომ მაჩუქა ქალაქში წასვლის წინ... ყველა მესამე დღეს მინდა ხოლმე აქა მყავდე დედი, ამოგიღო შენს კარლსონიან ჭიქაში ჯერ არ ამოყვანილი ყველი... მერე რა გულიანად იცოდი ხვრეპა ბოლოში დარჩენილი შრატისა, ნეტავ ხომ არა გწყინდა ჩემი შენიშვნები ამ საქციელზე. 
აღარავინ დარჩა სოფელში დეე, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხავენ წყალწყალა ღვინოს არ გაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშის მუშტის ხელა ბოქლომს და მოდიან, შემეშინდება ხოლმე ცაცოაანთ უბანში გავლისა, მომაყრიან ქოქოლას ბოქლომ დადებული სახლის ზღურბლები და შემეშინდება ხოლმე დედი. ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
აღარავინ დავრჩით, მიმისუსტდა მამაშენიც ძლიერ, აიმაღლებს ხავერდ გადაკრული მუთაქით სასთუმალს და თვალებმინაბულს სევდა ეღვენთება თითებიდან, ენატრებით. 
ჭამითაც აღარ ჭამს ისე გემრიელად, წვნიანს შეხვრეპს გაწყალებული ტუჩებით და საყვედურებით სავსე, ვარდისწყლისფერ თვალებით მიყურებს მერე, ვერ კი ვხვდები რა უნდა, მარილი ზომიერად აქვს.
განა მეტყვის რამეს?
ადგება უჩუმრად, ჩაილაგებს დარდებს თვალებში, გავა ყოველი დღის ოთხ საათზე ეზოს გარეთ, ჩამოჯდება ლურსმნებ ამოშვერილ სკამზე და გზას გაჰყურებს, თითქოს ელოდებაო ვისმეს...
გული მიკვდება დედი, შენ ხომ კარგად იცი მისი სუნთქვა რომ შემომაკლდეს თავს ვერ ვიცოცხლებ დედი... ვეღარ ამოვიყვან სამ დღეში ერთხელ ყველს.
იქნებ ჩამოხვიდე მიმისუსტდა ერთადერთი შვილის მამა დედი... 
უკან რომ წახვალ ნუ დაადებ ბოქლომს ჩვენს ეზოს კარს !!!

ხატია ხადური 

http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/qristianuli-khelovneba/4477-tserili-shvils-shemeshindeba-kholme-dedi-yvavebis-anabara-shemovrchith-mgoni.html