ღმერთი

ღმერთი

суббота, 3 августа 2013 г.

რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?

წმიდა გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?

იმათ მსგავსად, რომლებსაც მართებთ, დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს, მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას, დღითი-დღე იგროვებენ ვალს, შემდეგ კი, თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ, ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს, რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ, – ამგვარადვე ვიქცევი მეც შენი ღირსპატიოსნების წინაშე.

ვალდებული ვარ, რომ უწყვეტად გწერდე, რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისთვის. ამიტომ, რაც განვლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე, აწ აღვასრულებ, იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას, რომ იგი, ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი, მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს; თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე, თუ რა სიგრძისაა ნაწერი, ვფიქრობ, კარგი იქნება, ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო, ოდეს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს.

უთუოდ გახსოვს, რომ ყოველი ჩვენი მსჯელობის საგანი იყო სათნოებითი მოღვაწეობა და ღვთისმოსაობაში თავის გაწვრთნა, როდესაც შენ, მოძღვრული წესით, მუდამ გჩვეოდა ნათქვამზე შეპასუხება, რადგან გამოძიების გარეშე არაფერს შეიწყნარებდი, მე კი, როგორც ასაკით უხუცესი, ცალკეულად განგიმარტავდი ყველაფერ იმას, რასაც მწყობრი მსჯელობის გზით გამოვიკვლევდით.

ნეტამც შესაძლებელი იყოს, მაშინდელივით ხდებოდეს ახლაც, რომ კვლავ შენი გონიერება იწყებდეს მსჯელობას! რა იქნებოდა ამაზე კარგი?! ორმაგ სარგებელს მივიღებდით შენცა და მეც: ერთი მხრივ – ურთიერთმჭვრეტით (ამაზე ტკბილი კი ამ ცხოვრებაში რა არის ჩემთვის?), ხოლო მეორე მხრივ – იმის მადლით, რომ შენი სიბრძნე ხემის მსგავსად ააჟღერებდა ჩემს მხცოვან საკრავს! მაგრამ რადგან ცხოვრება გვაიძულებს შორიშორს ვიყოთ ხორციელად (თუმცა კი სულიერად ერთად ვართ), შენი პირითაც მე ვიტყვი სათქმელს და თუ სადმე საჭიროდ ჩავთვლით, ჩემს მსჯელობას თვით მე შევესიტყვები.

ვფიქრობ, გონივრული იქნება, პირველ რიგში სულისმარგებელი რამ საკითხი განვაწესოთ განხილვის საგნად, შემდეგ კი მის შესახებ მსჯელობას მივყვეთ.

ამრიგად, ძიების წესით გამოვიკვლიოთ:

რა არის აღთქმა ქრისტიანისა?

ალბათ უსარგებლო არ იქნება ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორე სახელის შინაარსს, ცხადია, დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე. ჭეშმარიტად, უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ, რომ რაც გვეწოდება, ვიყოთ კიდეც იმგვარი. მართლაც, თუ ვინმეს სურს, იწოდებოდეს ექიმად ან რიტორად ანდა გეომეტრად, ცხადია, არ დაუშვებს იგი, რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა, რასაც ატარებს. პირიქით, ვინც მოსურნეა ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება, უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს, რომ ცრუწოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი. იგივე ითქმის ამჯერადაც: ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს, არავის გვინდა დავცილდეთ იმას, რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში, არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენზე გამართლდეს მაიმუნის ერთი ამბავი, წარმართთა შორის გავრცელებული:

ამბობენ, რომ ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნი, რომელსაც მარჯვე ტრიალით მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი; შემოაცვა მას მოცეკვავის ნიღაბი, აგრეთვე, საქმის შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც, რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს, რომელიც ყველაფრით, რასაც კი აკეთებდა და აჩვენებდა, თავის ბუნებას ფარავდა.

შემდეგ, როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით, ერთმა ვინმემ, სხვებზე უფრო მოხერხებულმა, სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს, როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი, ყველაფერი, რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. მაიმუნმაც, რაწამს დაინახა ქოროს წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და, დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე, თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა, ხელის გულებში შემოიგროვა, თან, ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სულსწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებელში და ასე, ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში.

ამრიგად, როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს.

ამიტომ, საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა, რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი, რასაც ეს წოდება გულისხმობს, არ კი მოხდეს ისე, რომ ლიტონი აღსარების ანდა მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ვჩანდეთ, ხოლო მას, დაფარუთა მჭვრეტს, სხვად გამოვუჩნდეთ.

ამრიგად პირველად ის განვჭვრიტოთ, როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ბრძენნი უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობეს და უდიდებულეს რამ აზრს, – სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს, ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ, შემდეგია:

ქრისტეს სახელი, თუკი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით განვმარტავთ, აღნიშნავს მეფეს. საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს.

რადგან ღმერთი, წერილის თანახმად, გამოუთქმელია და მიუწვდომელი (აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას), ამის გამო სულიწმინდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში, როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას. ასე მაგალითად, ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფობა მეფობის სახელით ცხადდება, ხოლო ყოველგვარ ვნებასთან, ყველანაირ უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება, რომელთაგან თითოეული გაიაზრება, როგორც უმჯობესისადმი თქმული. ამიტომ, ყველა ის აღმატებული აზრი, რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება, კერძოდ: სამართლიანობა, სიბრძნე, ძალა, ჭეშმარიტება, სიკეთე, ცხოვრება, ხსნა, უხრწნელობა, უცვლელობა, გარდაუქმნელობა და სხვა, – ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით. ამიტომ, თუ ქრისტეს სახელი გაიგება, როგორც გარემომცველი ყველა სხვა აღმატებული სახელისა, რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს (და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრიტება მეფობის ცნებაში), ამდენად, ალბათ, მიზანშეწონილი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ.

მართლაც, თუკი იმ სახელთაგან, რომლებიც უხრწნელ ბუნებას განგვიმარტავენ, სწორედ ყველაზე აღმატებული გვეწოდება ჩვენ (რომლებიც მისდამი რწმენით მასთანვე ვართ შეერთებულნი), სავსებით აუცილებელია, რომ, წესით და რიგით, თანამოსახელენი ვიყოთ, აგრეთვე, ყველა სხვა წოდებისა, რაც აღნიშნულ სახელთან ერთად იმ უხრწნელი ბუნების შესახებ მოიაზრება.

რამდენადაც ქრისტესთან ზიარებით ქრისტიანის სახელს ვფლობთ, ამდენად, უთუოდ გვმართებს, რომ ყველა სხვა აღმატებულ სახელთანაც გვქონდეს ზიარება. ისევე, როგორც ჯაჭვის ზედა რგოლის მოწევა ყველა სხვა მომდევნო რგოლსაც მოზიდავს, ამგვარადვე ერთი სახელის, ქრისტეს, ხელთპრობა თანამომზიდველია, აგრეთვე, ყველა სხვა სახელისა, რომლებიც კი იმ გამოუთქმელ და მრავალსახოვან ნეტარებას განგვიმარტავს და რომლებთანაც აღნიშნული სახელი არის თანაშერწყმული.

ამიტომ, თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და, ზემორე მაგალითის მსგავსად, ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს, რადგან, ისევე როგორც არ შეიძლება, რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთრებისგან გაუცხოება, ასევე არ შეიძლება, რომ ქრისტიანი (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტიანი) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას.

ამრიგად, ქრისტიანობის არსის განმარტებისას, როგორც დებულებას, ისე ვიტყვით:

“ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა”.

ნურავინ განაქიქებს ამ დებულებას იმის გამო, რომ თითქოს ბევრად აღემატებოდეს და ბევრად ჭარბობდეს იგი ჩვენი ბუნების სიგლახაკეს.

არ ამეტებს ბუნებას ეს დებულება. თუ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას განბჭობს ვინმე, საღვთო წერილის მოძღვრების საფუძველზე აღმოაჩენს, რომ არ გადასულა ჩვენი ბუნების საზომს ზემორე დებულება, რადგან ადამიანის თავდაპირველი შემზადება ღვთის მსგავსების მიბაძვით იყო, როგორც ამას სიბრძისმეტყველებს მოსე, ამბობს რა: “შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი” (შესაქ. 1,27), ქრისტიანობის აღთქმა კი – ესაა ადამიანის უკუმიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისკენ.

ამრიგად, თუ ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა, არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია, როდესაც განვაჩინეთ, რომ “ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა”. დიახ, აგრერიგად დიადია ხსენებული წოდებიდან გამომდინარე აღთქმა.

ვფიქრობთ, დროა განვჭვრიტოთ, არის თუ არა უსაფრთხო ამ სახელის მატარებლისათვის, სხვაგვარად ცხოვრობდეს იგი. ჯობს, მაგალითებით გავაცხადოთ საძიებელი:

ვთქვათ, ისეთ ვინმეს, ვინც იჩემებს მხატვრის ხელობას, ებრძანა მეფის სურათის დახატვა მათთვის, რომლებიც შორს ცხოვრობენ. თუ მხატვარი უშვერ და უგვან სახეს გამოსახავს დაფაზე და შემდეგ ამ უსახურ ნახატს მეფის სურათს დაარქმევს, განა მართებული არ იქნება ხელმწიფის რისხვა იმის გამო, რომ ცუდი ნახატის მიზეზით სინამდვილის არმცოდნე ხალხში შეიბღალა პირველსახის მშვენიერება (რადგან როგორც ჩანს ნახატზე სახე, უთოდ ისეთად წარმოიდგინება პირველსახის შესახედაობაც)?! მსგავსადვე, თუ განვაჩინებთ, რომ ქრისტიანობა ბაძვაა ღვთისა, ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ საიდუმლოს (ქრისტიანობის) მოძღვრება, როგორსაც ჰპოვებენ ჩვენს ცხოვრებას, იმგვარს წარმოიდგენენ ჩვენს ღმერთსაც, რადგან სჯერათ, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის მბაძველობის გზით წარემართება.

ამრიგად, თუ ყოველგვარი სიკეთის ნიმუშს ჰპოვებენ ჩვენში, ჩვენგან თაყვანცემულ ღმერთსაც ირწმუნებენ როგორც კეთილს, მაგრამ თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე ვნებებით სავსე და მხეცის მსგავსი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხეცური ვნების მიხედვით გარდასახავს თავის ჩვევით გამოვლინებებს (რადგან ჭეშმარიტად “მხეცად” წარმოჩნდება ყველაფერი ის, რაც კი ჩვენი ბუნების სიმახინჯეებში შთაისახება), და თუკი შემდეგ ასეთი ვინმე ქრისტიანადაც უწოდებს თავს, საკუთარი ცხოვრებით ურწმუნოთა შორის გასაკიცხს გახდის იგი ჩვენგან რწმენილ ღმერთს, რადგან ყველასათვის ნათელია, რომ ქრისტიანის სახელი ღვთისადმი ბაძვის აღთქმაა და დაპირება. ამიტომ, ამგვართა მიმართ თავზარდამცემ რამ მუქარასაც აღმოთქვამს წერილი, როდესაც ამბობს: “ვაი მათ, რომელთა გამოც შეიგინება ჩემი სახელი წარმართთა შორის” (ესაია 52,5).

ვფიქრობ, სწორედ ზემორე აზრისკენ წარგვმართავს, აგრეთვე, უფალი, როდესაც ასე ეუბნება მათ, რომლებსაც მოსმენა ძალუძთ:

“გახდით სრულნი, როგორც სრულია თქვენი ზეციური მამაც” (მათე 5,48).

უფალი, რომელიც მორწმუნეთა მამად სახელდებს ჭეშმარიტ მამას, მოსურნეა, რომ მამაში ხილული სიკეთეთა სრულყოფილების მიმართ მსგავსება ჰქონდეთ მამისგან შობილთ.

უთუოდ მკითხავ:

როგორ უნდა მოხდეს, რომ ადამიანურმა უბადრუკებამ შეძლოს წვდომა (ἐπεκτείνεσθαι) ღმერთში ხილული ნეტარებისა? ასეთ ბრძანებასთან ერთად ხომ მყისვე თავს ავლენს უძლურებაც! როგორ ემსგავსოს ციურს მიწიერი, როდესაც თვით ბუნებაში არსებული განსხვავება აშკარას ხდის მიბაძვის მიუღწევლობას”? ისევე როგორც შეუძლებელია მზერა გავუსწოროთ ცის სიდიდეს და ბრწყინვალებას, ამგვარადვე შეუძლებელი ჩანს, რომ მიწიერი კაცი ზეციერ ღმერთს მიემსგავსოს.

უთუოდ ნათელია, რასაც მივუგებთ:

არათუ იმას ბრძანებს სახარება, რომ ადამიანის ბუნება მიედაროს საღვთო ბუნებას, არამედ იმას, რომ ძალისამებრ კეთილ საქმეებს ჰბაძოს მან თავისი ცხოვრებით. რა საქმეებით მივემსგავსებით საღვთო საქმეებს? მივემსგავსებით ყოველგვარი ბოროტებისგან ძალისამებრ გაშორებით, რაჟამს განვიწმინდებით უკეთურ სიბილწეთაგან საქმით, სიტყვით და გონებით. ჭეშმარიტად, ეს არის ბაძვა იმ საღვთო სისრულისა, რაც ზეციურ ღმერთს ეთვისება.

არ მგონია, რომ სახარება, როდესაც იგი ზეციური მამისებრ სრულყოფას ბრძანებს, ღვთის განცალკევებულ რამ სამყოფლად გვიწესებდეს ცის სტიქიონს, რადგან ღმერთი თანაბრად არის დამკვიდრებული ყოველივეში და, ამავე დროს, თანაბრადვე ემიჯნება იგი ყველა ქმნილებას. ამრიგად, თუ რამ იქნებოდა არსისაგან განშორებული, არსებობაშიც ვერ დარჩებოდა იგი. ყველა არსებულს სწორი პატივით უკავშირდება საღვთო ბუნება, ოდეს გარემომცველი ძლიერებით თავის თავში შემოზღუდავს იგი ყოვლიერებას. ამასვე გვასწავლის წინასწარმეტველის სიტყვაც:

“თუნდაც ცაში ავიდე გონებით, თუნდ მიწისქვეშეთს ჩავწვდე და ჩავეძიო აზრით, თუნდ არსებულთა სამანებამდე გავავრცო სულისმიერი შემეცნება,[1] ყველაფერს შენი მარჯვენით პყრობილად ვხედავ”.

თვით ტექსტი ასეთი სახისაა:

“ცად თუ ავალ, შენ იქ ხარ; ჯოჯოხეთში თუ ჩავალ, იქვე ხარ; ფრთებს თუ შევისხამ განთიადისას და დავიკარვებ ზღვის კიდეებში, იქაც კი შენი ხელი მიწინამძღვრებს მე და შენი მარჯვენა ხელთმიპყრობს მე” (ფს. 138, 8-10).

ამრიგად, ზემოთქმულიდან უნდა ვისწავლოთ, რომ არ განეწესება ღმერთს გამორჩეულად ზეციური სამყოფელი, არამედ ეს ითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ ზენა ადგილი უკეთრებისგან განწმენდილად უწყის წერილმა (რაზეც მრავალგზის მიგვანიშნებს იგი იგავის სახით), ხოლო აქ ქვევით (უფრო ნივთიერ ცხოვრებაში) უკეთური ვნებები მოქმედებს. აქვე, მიწიერ ყოფაში დახოხავს და იგორგლება ბოროტების მომგონი გველი, როგორც გვაუწყებს მის შესახებ იგავურად წერილის სიტყვა (რომ თავის მკერდზე და მუცელზე დაცოცავს იგი და მიწას ჭამს მიწყივ, შესაქმე 3,14). მოძრაობის ეს სახე და საჭმლის ეს გვარი ცხადს ხდის, რომ აქ იგულისხმება ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრება, რადგან სწორედ ეს ცხოვრებაა, თავის თავში რომ აბუდრებს მრავალსახოვანი უკეთურების ქვეწარმავლობას და საჭმლად რომ უხდება მასზე მხოხავ მხეცს.

ამრიგად, ის ვინც ზეციერი მამისადმი ბაძვას ბრძანებს, ამით მიწიერი ვნებებისგან განწმენდას განაჩინებს, ხოლო ვნებებისგან განდგომა ხდება არა ადგილ-ადგილ გადანაცვლებით, არამედ მარტოდენ ნებაყოფლობითი არჩევანის[2] გზით.

ამრიგად, თუ მხოლოდ გონებისეული მცდელობით არის მისაღწევი ჩვენთვის უკეთურებისგან გაუცხოება, არა ყოფილა რა სამძიმო მახარებლის მიერ ნაბრძანებ სიტყვაში, რადგან გონებისეული მცდელობა არ უკავშირდება შრომა-ჯაფას, არამედ ყველას ძალგვიძს აზრისმიერი (გარჯის გარეშე), სადაც ვინებებთ, იქ მივიდეთ. ასე რომ, ვინც ინებებს, ადვილი იქნება მისთვის, ჰქონდეს ზეციური ცხოვრება აქვე, მიწაზე. სახარებაც გვამცნობს, რომ საჭიროა ზეციურთათვის იყოს ჩვენი ფიქრი და რომ იქაურ საგანძურებში ვიუნჯებდეთ სათნოების სიმდიდრეებს, რადგან ასე ამბობს: “ნუ დაიუნჯებთ საუნჯეებს ამქვეყანაზე, არამედ დაიუნჯეთ საუნჯეები ცათა შორის, სადაც ვერც ჩრჩილი, ვერც მჭამელი ვერ მოსპობს მას, ვერც ქურდები გამოთხრიან და მოიპარავენ” (მათე 6,19).

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ზეციურ ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი იმგვარი ძალა, რაც გახრწნიდა ზენა ნეტარებას.

ის, ვინც ამქვეყნიური არსებობის წარსაწყმედად ადამიანთა ცხოვრების წინააღმდეგ მრავალსახოვნად ავლენს თავის ნაირფერ უკეთურებას, ჩრჩილის მსგავსად იბადება გონებაში და უვარგისს ხდის იმ ნაწილს, რასაც შთაენერგება. მეტიც, უმალვე თუ არ მოვაცილებთ მას ამ ნაწილს, თავისი მჭამელობითი და შთანმთქმელობითი ძალით მომდევნოზე გადახოხდება იგი და რა ნაწილსაც მიაღწევს ამ მოძრაობით, გახრწნილების კვალს შთაბეჭდავს მასში; თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანის შინაგანი ნაწილები საიმედოდ არის დაცული, მაშინ ეს ძალა გარედან უმზაკვრებს მას განსაცდელთა მიერ და ან ამქვეყნიურ სიამეთა გზით გამოსტყუებს გულის საუნჯეს, ან სხვა რამ ვნების ძალით სათნოებისგან დაუცარიელებს სულის ჭურჭელს, ან კიდევ მრისხანების, მწუხარების თუ სხვა რამ ამგვარი ვნების შედეგად აზროვნებას (λογισμόν) განუძარცვავს მას.

ამრიგად, თუ უფალი ამბობს, რომ ზენა საგანძურებში არც ჩრჩილია არც მჭამელი, არც ქურდობის სიავე (რასაც მოაქვს ყველაფერი ის, ზემოთ რომ ვახსენეთ), დაე, ჩვენც იქ გადავიტანოთ ჩვენი სავაჭრო, სადაც არა მხოლოდ მარად განუძარცველად და დაულევლად შეგვინარჩუნდება საუნჯე, არამედ თესლთა მსგავსად მრავალჯერად შენამატსაც შეიძენს იგი, რადგან წინდის მიმღების ბუნებითი ღირსების შესაფერისად გადიდდება საზღაურიც. ისევე როგორ ჩვენ, ვმოქმედებთ რა საკუთარი ბუნების შესაბამისად, ღარიბული შესაწირავი მიგვაქვს, რადგან ამგვარნი ვართ ბუნებით, მსგავსადვე, ის, ვინც ყოვლითურთ მდიდარია, რაც ბუნებით აქვს, ჭეშმარიტად უკუმიჰმადლებს მათ, რომლებმაც წინდი გაიღეს.

ამრიგად, ვინც იმდენს დააუნჯებს საღვთო საგანძურებში, რამდენიც მას ძალუძს, ნუღარ იშფოთებს იმის შიშით, თითქოს საზღაურსაც გაცემულის სწორად მიიღებს, არამედ სასოებდეს უფალს, ვინც აღუთქვა მცირეთა ნაცვლად დიდთა უკუმიგება, მიწიერთა წილ – ზეციურთა, წუთიერთა წილ კი – მარადიულთა, რომელთა ბუნება იმგვარია, რომ არც გონებით აღიქმება, არც სიტყვაში განიმარტება. ღმრთივსულიერი წერილი ასე გვასწავლის მათ შესახებ: “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე არ მისულა ის, რაც ღმერთმა გაუმზადა მის მოყვარულებს” (I კორ. 3,9).

ამ ნაწერით, ძვირფასო გვამო, არა მხოლოდ ის შევავსეთ, რაც აქამდე დაგაკელით, არამედ სამომავლო გულნაკლულობაც წინასწარ გამოვისყიდეთ. განიხარე უფლის მიერ და მუდამჟამს იმას ესწრაფოდე, რაც ღვთისთვის საამურია და ჩვენთვისაც საწადელია.

————————————————-

[1] – შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგ.: “გონიერება ჲ სულისა ჲ” A-55. 260-v2; τὸ διανοητικον της ψυχης A-B.

[2] – δια προαιρεςεως 248 C – იხ. დასახ. თარგ. “ნებითა და გულმოდგინებითა” 261.1.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები, ტ. I, თბილის, 1999

Комментариев нет:

Отправить комментарий