ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 августа 2013 г.

უფალი იესო ქრისტე.

რაოდენი სიდიდეა ქრისტიანულ რელიგიაში! აი, მისი არსის უმოკლესი გადმოცემა; დროის დასაბამამდე სიტყვა იყო ღმერთთან; დროის დასაბამს სიტყვამ შექმნა სამყარო; დროთა განმავლობაში სიტყვა განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის, უკანასკნელ ჟამს განკაცებული სიტყვა, ღმერთკაცი, იესო ქრისტე განსჯის ადამიანებს, და დარჩება ისევე, როგორც სამყაროს შექმნამდე იყო - მარადისობა.



როდესაც უფალი თავისი ყოვლადწმიდა ხორცით მიწაზე იყო, მაშინ ბევრი ხედავდა მას და თან ვერ ხედავდა. რა ბედენაა, თუ ადამიანი ხედავს ხორციელი თვალით, რომელიც საერთო აქვთ მას და ცხოველებს, ხოლო სულიერი თვალით - გულითა და გონებით - ბრმაა? დღესაც ბევრია ისეთი, ყოველდღე რომ კითხულობს სახარებას, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს წაუკითხავს და არც იცის, რა არის იგი.


"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ ცრუ თეორიების ყველა სხვა ბოლო დროინდელ მცდელობას, ამოეძირკვათ კაცობრიობის რწმენა მისი ღვთაებრივი მეუფისა და მაცხოვრის მიმართ.


"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ. დაე, ადამიანებმა უარყონ იგი, დაე, დაიხშონ გული მისი მადლის მიმართ, სული - მისი ნათლის წინაშე - იგი მაინც ერთგულია თავისი აღთქმების და მეფობს საუკუნოდ მთელ ხილულსა და უხილავ სამყაროზე.


ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში. იმ მდუმარე, განსჯილ პყრობილში, რომელიც ჰურიებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს და ურცხვად დასცინოდნენ. აი რწმენა, რომელიც ზეცაში დაფასდება. ასეთი რწმენისათვის მისაგებელი აღდგომა და უკვდავებაა. ამ რწმენამ აღზარდა და ზეცად აღამაღლა ნათელმოსილ სულთა სიმრავლე.


თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე.


რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რომელმაც მოაწყო ზეცა და მიწა, რომელმაც გაანათლა ადამიანური გონება სხვადასხვა ხელოვნებისა და ხელობის გამოგონებით, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ მძიმე და უხეშ სამუშაოს ასრულებდა. ის სიბრძნე, რომელმაც წარმოუდგენელი ხელოვნებით შექმნა ზეცა და მიწა და ადამიანური ფიქრი ხელოვნებამდე აღამაღლა, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ უმდარესი საქმით იყო დაკავებული.


იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამოსასყიდად კი არ მოვიდა, არამედ იმისთვისაც, რომ ესწავლებინა, როგორც თავად ბრძანებს: "ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი" (იოანე 18, 37).


ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34). აქედან ჩანს, რომ უფალმა შეიყვარა მოყვასი – არა როგორც საკუთარი თავი, არამედ ამაზე გაცილებით მეტად, და ამ ორი მცნების სურყოფილად შესრულებით – სიყვარულით უფლისა და მოყვასისადმი, დაუმტკიცა ეშმაკს, რომ იგი ღვთის ჭეშმარიტი ძეა და, რომ "ჭეშმარიტად ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (22, 40).


მათ, ვისაც ქრისტეს მოსმენა არა სურს, რომელიც გვიხმობს: "მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ" (მთ. 11, 28), ოდესმე გაიგონებენ მის ხმას, რომელიც ბრძანებს: "წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მთ. 25, 41).

იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთა უძველესი მდევნელების ხმალზე.


თუ სატანას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ცოდვაში ჩავეგდეთ, მაშინ იესო ქრისტეს - ჩვენს შემოქმედს, მით უფრო შეეძლება, ჩვენი გამოხსნა ამ ცოდვებიდან! შენ მხოლოდ სცადე, გადაწყვიტე ცოდვათა დაჯაბნვა - ღვთის შეწევნით და დაინახავ, რა ადვილია ეს მისთვის.

sibrdzne.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий