ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 августа 2013 г.

ქრისტეს მიერ დაწყებული ბრძოლა.

დაფიქრდი, საყვარელო გონიერ ბრძოლაზე, რომლის გამოც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი უფალი. როგორც თავად ბრძანა: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა: არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10, 34). თავად ჩვენი მხსნელი –იესოა ამ ბრძოლაში მთავარსარდალი და ხელმწიფე, ფრიად ძლევამოსილი და დიდებული, ბრძენი და ღირსი სიყვარულისა, გარშემორტყმული ყველა ანგელოზითა და წმიდანთა დასებით. იგი ბრძოლაში იმიტომ კი არ მიდის, რომ ყველა ურჩ ერს თავისი სამეუფო ხარკი დაადოს და გამდიდრდეს, არამედ პირიქით – მათ გასამდიდრებლად თავად ხდება ღატაკი. იფიქრე ქრისტეზე, როგორც მეფეზე, რომელიც მთელი თავისი ღვთაებრივი და კაცობრივი სიმდიდრის მეშვეობით თითოეული მისი მორჩილის ცხოვრებას მართავს. მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა არა მარტო მეფეა, არამედ – ადამიანიც, როგორც ამას წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს თავის "გამოცხადებაში": "და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა და თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ მეუფე მეუფეთაი და უფალი უფლებათაი" (გამოცხ. 19, 16).

ამის შემდეგ კი იფიქრე იმაზე, რომ ეს მეუფე ყველა ადამიანს და მათ შორის შენც, ბრძოლაში იხმობს. მიზანი, რისთვისაც იგი მოგვიწოდებს, არის ბრძოლა მისი და ჩვენი მტრების წინააღმდეგ. ანუ – ბრძოლა ხორცთან, სამყაროსთან და ეშმაკთან. ამ ბრძოლაში მეუფე ყველაზე წინ მიდის, როგორც ეს დაწერილია: "მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ, მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს" (ესაია 45. 2, 3). ბრძოლის დროს იგი პირველი ეგებება საშიშროებებს და შეტაკებებისას პირველი იღებს ჭრილობებს. თუმცაღა, როგორც კი ბრძოლა მთავრდება, გამარჯვების დიდება და გვირგვინი თითოეულ მეომარს ერგება.

უფალმა ამქვეყნად მოსვლით, სიცოცხლის სიღარიბეში გატარებით, მჭმუნვარების, ლანძღვისა და ჯვარცმის დათმენით სამყაროზე გაიმარჯვა, როგორც თავად ამბობს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა?" (იოან. 16, 33). მან გაიმარჯვა ეშმაკზეც – "აწ არს სასჯელი ამის სოფლისაი, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდეს გარე" (იოან. 12, 31). დაბოლოს, მან დაამარცხა ხორცი, როგორც ამის შესახებ პავლე მოციქული წერს: "ღმერთმან ძე თვისი მოავლინა მსგავსად ხორცთა მათ ცოდვითასა და ცოდვისათვის და საჯა ცოდვაი იგი ხორცითა თვისითა" (რომ. 8,3). ასე მიბაძა საზეიმოდ უთვალავმა სულმა უფლის მაგალითს და ახლა, როდესაც დაამარცხეს მტრები, რომელთა შესახებაც ვისაუბრეთ, მასთან ერთად სამოთხეში დღესასწაულობენ. ერთმა ხუთი ტალანტი მიიღო, მეორემ – ათი, თითოეულის შრომის შესაბამისად (ლუკ. 19, 11-26). ჰოი, ბრძოლის დიდებულო კანონო! მიწიერ ომებში მეომრები იბრძვიან, მეფე კი უსაფრთხო ადგილას რჩება, ხოლო სულიერ ომში ბრძოლაში პირველი თავად უფალი ებმება, ამის შემდეგ უკვე ლაშქარი მოსდევს მას.

რა უნდა გააკეთო ახლა, როდესაც ამ ბრძოლაში მოგიწოდეს? შენ ხედავ, რომ ბრძოლა ხანმოკლეა, მაგრამ გამარჯვება და სიმშვიდე, რომელიც მას მიჰყვება – მარადიული. შენ ხედავ, რომ მტრები, რომელთა დამარცხებაც იესოს სურს, უფრო მეტად არიან შენი მტრები, ვიდრე – თავად მისი. მათ ხომ მისი მეუფების დამხობა არ შეუძლიათ, მაგრამ შენი კი – ძალუძთ, თუ შენ თავად არ დაამარცხებ მათ. ასე რომ, დადექი და მიიღე მყარი გადაწყვეტილება: უდრეკად მიჰყვე უფალს. მიბაძო მას ყველაფერში და დაითმინო ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იქნება მის საამებლად. და როდესაც ახლოს იქნები მასთან, უდიდეს ბედნიერებას მოიპოვებ.

მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარება და მწუხარენი, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბოროტ ანგელოზს, რომელიც ტანჯულთა ბატონია – სრულიად საპირისპირო ქრისტესი, რომელიც უფალია ცხონებულთა. ასე რომ, შეცვალე შენი საბრძოლო ბანაკი და ამიერიდან დაუმეგობრდი შენს ძველ მტრებს, ხოლო ძველი მეგობრები მტრად გაიხადე და მათ წინააღმდეგ მიმართე მთელი შენი სულიერი საჭურველი, რათა მათზე გამარჯვება მოიპოვო. რამდენადაც გამარჯვება, რომელიც ამ გონიერ ბრძოლას მოჰყვება, უფლისაგან გვეძლევა, როგორც დაწერილია: "ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისაგან არის". ამიტომ ილოცე, რომ უფალმა თავისი მადლით განგანათლოს, რათა ახლაც და მომავალშიც ნათლად ხედავდე შენთვის განკუთვნილ ჯვრებს, მწუხარებას და უპოვარებას; რათა მოგცეს ძალა უდრტვინველად და მადლობით დაითმინო ისინი, როგორც ეს მის მიმბაძველს შეეფერება. მიმბაძველს რომელსაც ესმის, რომ ყველა გამოცდა ძვირფასი და სასურველია. იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში ქრისტეს კვალზე შედგომით და სხვადასხვა მწუხარებათა დათმენით მომავალში თავის მეუფესთან ერთად მარადიულად იხარებს, როგორც ამას ღმერთშემოსილი პავლე ამბობს: "უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ" (2 ტიმ. 2, 12).

დაფიქრდი, საყვარელო, იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში მიჰყვებიან ქრისტეს, სამგვარნი არიან. პირველნი ისინი, ვინც ქრისტეს მხოლოდ ფიქრებით, შორიდან მისდევენ. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ამ ბრძოლით, მაგრამ მაინც ვერაფრით გადაუწყვეტიათ იარაღის ხელში აღება, რათა თავადაც იბრძოლონ მტრის წინააღმდეგ და დაამარცხონ იგი. იმდენად, რამდენადაც სიზარმაცისა და უსაქმურობის გამო არ უნდათ, მიბაძონ იესო ქრისტეს მაგალითს.

მეორენი ის ადამიანები არიან, რომლებიც იჭურვებიან და ბრძოლაში ერთვებიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად მოესურვებათ და აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც მათ მიაჩნიათ მართებულად და არა იმას, რაც უფლის ნებას ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებაც შეუძლიათ და ამასთან, სიცოცხლის მშვიდად გატარებაც, საკუთარი შეხედულებებით ცხოვრებაც და ამპარტავნებაში ყოფნაც.

მესამენი არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ძლიერნი რჩებიან, რადგან მისცეს რა უფალს საკუთარი სულის მთელი ძალები და გამარჯვების მთელი დიდება, ქრისტეს მიმსგავსებულნი ხდებიან. ისინი ამ ბრძოლაში არაფერს აკეთებენ სულიერი მოძღვრების რჩევის გარეშე, მუდამ ემორჩილებიან მათ ნებას. ასე რომ, პირველ რიგს განეკუთვნებიან ცივები და უსაქმურნი, მეორეს – ნელ-თბილნი და მცონარენი, ხოლო მესამეს – მხურვალენი და გულმოდგინენი.

შენ რომელ მათგანს განეკუთვნები, ძმაო? თუ პირველს, მაშინ ვაი შენდა, რამეთუ ნათლობისას დაჰპირდი უფალს, გებრძოლა შენს ვნებებთან და ეშმაკთან, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ იარაღი აიღო და ომში წახვიდე, უსაქმოდ დგახარ განზე. როგორ დაივიწყე, უბედურო, რომ თუ აქ არ იბრძოლებ და არ გაიმარჯვებ, მაშინ შენი მტრები საუკუნოდ დაგასამარებენ?! ნუთუ არ იცი, რომ თუ არ იბრძოლე, ვერ მიიღებ ვერც გვირგვინს და ვერც ჯილდოს?! განა ვინმეს როდესმე მძინარობითა და უდარდელობით გაუმარჯვია მტერზე?! ან დაუდგამთ ვინმესთვის გვირგვინი თუ იგი სიამოვნებებსა და გართობებს მისდევდა?! წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: "ვინ დაიმსახურა მთვლემარებით ტრიუმფალური თაღი ან ვინ შეიმკო გამარჯვების გვირგვინით ფლეიტაზე დაკვრითა და სიამოვნებებით?!".

ასე რომ, საყვარელო, დაუტევე სიზარმაცე და აღიჭურვე იარაღით შენი მომაკვდინებელი მტრების წინააღმდეგ. და ნუ უყურებ იმას, თუ როგორ იბრძვიან სხვები, რათა შენც არ გახდე უზრუნველი და არ გითხრან ის, რაც მოსემ უთხრა გადისა და რუბენის შვილებს: "თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?!" (რიცხ. 32, 6).
თუკი შენ განეკუთვნები მეორე რიგს, მაშინ არც მხურვალე ხარ, არც – ცივი, არამედ – ნელთბილი. ასეთ ადამიანებს სულიწმიდა შემდეგი სიტყვებით მიმართავს "გამოცხადებაში": "არამედ ესრეთ ნელტფილ ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა" (გამოცხ. 3, 16). როდესაც იგი შეგვხვდება განკითხვის დღეს, როგორც მხოლოდ მოლაპარაკეს და არაფრის მაქნისს, შემდეგი სიტყვებით განგაგდებს: "არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე 7, 23). შენ გსურს, უშრომელად სათნო ეყო უფალს, შენ გინდა აკეთო სიკეთე, მაგრამ ამასთან, არ გსურს, აწყენინო ამქვეყნიურობას. შენ მიისწრაფი, გათავისუფლდე მავნე ჩვევებისაგან, მაგრამ არ გსურს, გაიჭირვო ამის გამო. შენ გინდა ემსახურო უფალს, მაგრამ – მხოლოდ სიტყვებით. მოკლედ რომ ვთქვათ, შენ გსურს, ერთდროულად უმზირო ზეცასაც და მიწასაც. შენ გინდა ებრძოლო იმ ვნებას, რომლისკენაც მხოლოდ ცოტათი ხარ მიდრეკილი, ხოლო მას, რომელმაც მთლიანად დაგიპყრო, არ ებრძვი.

როდესაც ქრისტე საკუთარი თავის შეცვლისკენ მოგიწოდებს, შენ მხოლოდ გარეგნულად იცვლები, - ხელახალი შინაგანი შობის გარეშე. საჭიროა, არა უბრალოდ ბრძოლა, არამედ – მართებულად ბრძოლა, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "უკუეთუ ვინმე იღუწოდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების, არა თუ სჯულიერად იღვაწოს" (2 ტიმ. 2, 5).
მაშ, მოინანიე შენი ფიქრების მერყეობა და ამიერიდან მიენდე უფალს, მთელი გულით თქვი: "უფალო, მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხვალ" (ლუკა 9, 57).


წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი.







Комментариев нет:

Отправить комментарий