ღმერთი

ღმერთი

среда, 9 октября 2013 г.

ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.

მიაჩვიე ენა, ის ილაპარაკოს, რაც გულში გაქვს.



ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის.


არაფერია დაფარული, რაც შემდგომში არ გაცხადდება (ლუკა 8, 17).


მლიქვნელებს ფუტკარივით ბაგეზე თაფლი აქვთ, პირში კი - ბოღმა.


არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა.


ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა.


არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.


მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, გულში კი უკანონობა და ბოროტება.


სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ - იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.


უეჭველად ისეთი უნდა იყო, როგორიც გინდა ჩანდე, თუ საკუთარი თავისთვის სიკეთე გსურს.


ზოგიერთს ბაგეზე მეზვერის სიტყვები აკერია, მაგრამ გული და აზრები ფარისევლისა აქვს.


აშკარა მოტყუებაა, როდესაც ყველას სხვანაირად ექცევიან, ვიდრე ამბობენ და ბაგეებით პირდებიან.


პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც თვითონვე არ მოგვწონს საკუთარ თავში.


ყოველთვის ისე მოიქეცი, რომ შენი ქმედებების მიზეზი საერთო წესით მთელ კაცობრიობას ემსახურებოდეს.


არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება ეწოდოს პირფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა.


მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისგან ბოროტებას ქმნიან!


პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.


ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა.


მლიქვნელნი, ჩვეულებისამებრ, სხვაში იმას ხედავენ, რასაც თვითონ აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად (ლუკა 13, 15; რომ. 2, 1-2).


ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.


გამოსცადე საკუთარი თავი, იმას ლაპარაკობ, რაც გონებაში გაქვს? ხანდახან გული შხამითა და ბოღმით ხომ არ გაქვს სავსე?


რა არის პირფერობა?
პირფერობა მოყვასის წინააღმდეგ დაფარული ბოროტმოქმედებაა, სიკეთის ნიღბით ჩადენილი.


ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს.


ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28, 15).


პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში (2 მეფეთა 20, 9-10); ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა.


ჩვენ გაცილებით მოგებულნი ვიქნებოდით, ისეთები რომ ვჩანდეთ, როგორნიც სინამდვილეში ვართ, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც სინამდვილეში არ არის.


როგორც ნაყოფის შიგნით გაჩენილი მატლი მთელს შიგთავსს სპობს და მხოლოდ გარეკანს ტოვებს საღს, ასევე პირფერი მთელ შინაგან სათნოებას ანადგურებს.


არ არსებობს იმაზე საშინელი და საზარელი ტყუილი, ვიდრე ის, რომელიც ფარავს ბოროტებასა და სიცრუეს გულახდილობის საფარქვეშ და რელიგიის მიღმა აფარებს.


ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.


დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.


როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება.


უმჯობესია კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისთვის სასიამოვნო ფერები აქვს.


პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან.


პირფერებს ხშირად იგივე ემართებათ, რაც ცხოველებს, რომლებიც საკუთარ ბუნაგში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოდიან და გამოჩნდებიან ხოლმე. ასევე პირფერებმა, რაც არ უნდა დაფარონ საკუთარი თავი სიმართლის ნიღბით, შემდგომში მაინც გამომჟღავნდება მათი მდაბალი სული.


ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წინაშე საძაგელი ის, ვინც სათნოებისა და სიწმინდის წინაშე მხოლოდ გარეგნულად გამოხატავს მოკრძალებას, რომელიც გულში არა აქვს?


ნუ იყოფინ, რომ ბაგეზე ერთი რამ გვქონდეს და გულში კი - მეორე. "ღმერთი არა შეურაცხ იქმნების" (გალ. 6, 7). იგი ერთნაირად ხედავს როგორც დაფარულს, ისე - გაცხადებულს.


უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.


პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.


იქნებ რომელიმე ისე ცდილობს ასიამოვნოს ადამიანს, რომ ხშირად ავიწყდება თავის მოვალეობა ღმრთის წინაშე. ჩვენს დროში ხომ თვით დედები პირფერობენ შვილებთან და მათი გულის მოსაგებად ავიწყდებათ მთავარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღეს ტაძარში წავიდნენ წირვაზე, შინ რჩებიან ქალაქიდან სტუმრად ჩამოსული მთვრალი შვილის ან სიძის საამებლად. განა მათ ნათესაურ სიყვარულს რამე მოაკლდებოდა, რომ ორიოდე საათი ეკლესიაში წასულიყვნენ? ეს რომ იშვიათად ხდებოდეს, მაშინ შვილების სიყვარულით შინ დარჩენა დიდ ცოდვად არ ჩაითვლებოდა. განა მეტ პატივისცემასა და სიყვარულს არ დაიმსახურებდა ქალი, თუ მის შვილებს ეცოდინებოდათ, რომ დედა მათი სიყვარულით ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ კვირა დღეს უეჭველად უნდა წავიდეს ეკლესიაში. 


sibrdzne.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий