ღმერთი

ღმერთი

суббота, 1 февраля 2014 г.

ლ*ე*ქ*ს*ე*ბ*ი*

ნიავი და ია

რა სათუთი ხელები აქვას
გაზაფხულის ნიავს,
დედასავით ეფერება
პაწაწინა იას.
თავზე საბნად ხის ფოთოლი
წაუფარებია,
ტკბილზე ტკბილი ნანინათი
ჩაუძინებია…

გივი ძნელაძე


ორი ტირიფი

- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.
. . .
ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.

შოთა ნიშნიანიძე


ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა…
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა…
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს `ღვინო სალხინო”
როგორ არ შესვას ანამა?!
“ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა”…

ანა კალანდაძე


* * *

იაო, ჩემო იაო,
ღვთის მადლი პირსა გცხიაო,
ეგ სადედოფლო დარბაზი
რა კოხტად მოგირთიაო?
ბუხრის პირს კოკა დაგიდგამს,
ფარდაგი დაგიგიაო,
სასტუმროდ გამზადებულხარ,
ქადები დაგიცხვიაო,
პაწია კოხტა ქალები
სუფრასთან დაგისხიაო,
ხატის წინ ბროლის თითებით
სანთელი დაგინთიაო.

ხალხური


გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული!
გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! _
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!


* * *

თებერვალი დადგაო,
ხეში წყალი ჩადგაო,
ჩიტმა ჩიორამაო
საძირკველი გადგაო,
სამი კვერცხი დადვაო:
ორი ყინვამ გაუხეთქა,
ერთი თვითონ დარჩაო.
ხალხური

იის ნატვრა

-რას ინატრებ, იავ, რასა?
-წვიმის ხმასა წკრიალასა,
მუდამ ასე ვამშვენებდე
საქართველოს იალაღსა.

გივი ჭიჭინაძე


გაზაფხული

გაიღვიძებს ენძელა,
გაიღვიძებს ია,
ამ სითბოს და სიყვარულს
გაზაფხული ჰქვია.

მაყვალა მრევლიშვილი
ყაყაჩო

ეს რა დაატყდა თავსაო,
ყაყაჩოს-მინდვრის ქალსაო;
წითელი ქუდი ლამაზი
წაურთმევია ქარსაო.
დგას თავშიშველი ყანის პირს,
ცრემლი სდის საცოდავსაო.

გივი ჭიჭინაძე


* * *

გაკვირტულა,
გაკვირტულა,
შინდის ტოტი გაკვირტულა!
ჩიტი დახტის შინდის ტოტზე,
განა ერთი, ცხრა ჩიტუნა!
წყარო, მთიდან მოჩუხჩუხე,
ბარში დადგა, გაიტრუნა,
ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა,
განა ერთი,
ცხრა ჩიტუნა!
გაზაფხულდა,
ტყის ფერდობი
ჩითისფერად დაჩითულა,
ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე,
განა ერთი,
ცხრა ჩიტუნა!
ნაწვიმარზე ცისარტყელამ
ცა მოხატა დიდებულად…
შეხე, ჩვენი საქართველო
როგორ აყვავილებულა!

გივი ჭიჭინაძე





Комментариев нет:

Отправить комментарий