ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 16 апреля 2017 г.

რატომ ვცხოვრობთ? პროფესორი ალექსი ოსიპოვი

ცხოვრების საზრისისათვის
„სულის ცხონებისათვის საჭიროა გულწრფელი სინანული
ღვთის წინაშე და საკუთარი უღირსების დანახვა“
მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგის, ღვთისმეტყველების დოქტორის,
პროფესორ ალექსი ოსიპოვის ლექცია
 რისთვის ვცხოვრობ? შესაძლოა, ბევრ ადამიანს, ვინც ჩაფლულია ყოველდღიურ საზრუნავში, ეს კითხვა აზრადაც არ მოსდის… მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება და ბოლოს და ბოლოს მას მაინც შეაწუხებს განცდა იმისა, თუ „რისთვისაა ეს ყველაფერი, თუკი მაინც უნდა მოკვდეს?“

ანტონ ჩეხოვის მოთხრობაში „პალატა #6“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „რისთვის არის ყველა ეს ხვეული ტვინში? რისთვის არის ყველა ეს აზრი, მსოფლმხედველობა, მეცნიერება, ტექნიკა?.. რისთვის არის ეს ყველაფერი, თუკი ზუსტად ვიცი, რომ მოკვდები და ისეთივე ნაცრად ვიქცევი, რასაც ვხედავთ, გვესმის და განვიცდით? რატომ და რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი?“ჩეხოვმა ძალიან კარგად დასვა კითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს საგონებელში აგდებს. 
ფრაკიელების გაკვეთილი
ფრაკიელები ადამიანის დაბადებისას ტიროდნენ, ხოლო გარდაცვალებისას – მხიარულობდნენ
რა არის სიცოცხლის არსი? ეს არის, ალბათ, პირველი და უმთავრესი კითხვა, რომელზეც ადამიანმა უნდა უპასუხოს საკუთარ თავს. ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ცხოვრება სიცარიელედ იქცევა და უსარგებლო ხდება… მაგრამ, შეხედეთ, როგორ გარბის დრო! არის ასეთი რუსული ანდაზა: „საათი, დღე და წლები გადის, ხოლო დრო მიფრინავს“. როგორ ზუსტად გამოხატავს ეს ანდაზა რეალობას! მაშ, როგორი იქნება პასუხი ამ კითხვაზე? ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ხალხს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი ცოცხლობს იმისთვის, რომ ჰქონდეს საუკუნო ცხოვრება. ეჭვგარეშე იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი სხეული წარმოადგენს ერთგვარ სამოსს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ადამიანმა უნდა გამოიცვალოს, მისგან უნდა გათავისუფლდეს. ამ მხრივ, საინტერესოა აღვნიშნოთ, მაგალითად, ფრაკიელების ფსიქოლოგია, სრულიად განსხვავებული ჩვენი მსოფლმხედველობისგან, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმით ვლინდება, თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი ადამიანის მოვლინებაზე ამქვეყნად და როგორ აცილებდნენ მას ამასოფლიდან. როგორ ეგებება თანამედროვე ადამიანი ახალ სიცოცხლეს? სიხარულით! ესაა დიდი ზეიმი! და როგორ ვაცილებთ ადამიანებს ამქვეყნიდან? გოდებითა და მწუხარებით. ფრაკიელებისთვის ყველაფერი ეს სრულებით საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ისტორიკოსები წერენ, რომ ადამიანის დაბადებას ფრაკიელები გოდებით, ცრემლით, შეცხადებით ხვდებოდნენ და თუკი ტრაპეზს მართავდნენ, ეს მწუხარების სუფრა იყო. მასზე არ იყო არც მხიარულება, არც ოპტიმიზმი და მხოლოდ ასეთი სიტყვები ისმოდა: „შენ დაიბადე და ჩვენ არ ვიცით, რა გელოდება…“ და რა უნდა ელოდებოდეს? მწუხარება, ტანჯვა, ომი, კონფლიქტი, განსაცდელი და ასე შემდეგ. ხოლო როდესაც ადამიანი კვდებოდა, ფრაკიელები მხიარულ ზეიმს აწყობდნენ და სასიხარულო ნადიმზე ისმოდა სიტყვები: „როგორც იქნა, გათავისუფლდი! უკვე აღარავინ მოგკლავს, არავინ დაგჭრის, ვეღარავინ გაგიკეთებს ბოროტს. შენ უკვე ხარობ და აღარავისგან ხარ დამოკიდებული!“
მარადიული სიკვდილი თუ საუკუნო ცხოვრება?
ეს ისტორიული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მიმართებაში, თუ როგორ პასუხობს კითხვაზე: „რისთვის ვცხოვრობ?“ – ათეიზმი და რელიგია. დაბადება ათეიზმში ცალსახად უხარიათ, ხოლო სიკვდილს გლოვობენ. 


და როგორაა ეს ქრისტიანობაში? ამ თვალსაზრისით, ლეგიტიმურია დავაზუსტოთ კითხვა: დღევანდელ ქრისტიანობას ვგულისხმობთ, თუ პირველი საუკუნეების ქრისტიანობას? პირველ საუკუნეებში მოწამენი, რომლებმაც უმძიმესი ტანჯვა გამოიარეს, გარდაცვალების შესახებ ამბობდნენ: „Dies natalis!“ – „დაბადების დღე“! საუბრობდნენ სულიერ სიხარულზე, რომელსაც განიცდიდნენ, იმ ზეციურ გვირგვინზე, რომლის ღირსნიც შეიქმნენ. „რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ (ებრ. 13, 14[ახ.ქართ.1]), – ამბობს წმინდა მოციქული პავლე. მაშასადამე, ქრისტიანები მუდამ ზეციურს ველით და ვეძიებთ! 
ქრისტიანობა ცხოვრებას განიხილავს, როგორც მარადიულობისთვის მომზადებას, როგორც გამოცდას, ვიდრე გადავა საუკუნო ცხოვრებაში. ერთ-ერთ ლოცვაში ნათქვამია: „განვლოთ ღამე იგი ცხოვრებისა“. ჩვენი ცხოვრება, მართლაც, მსგავსია წყვდიადისა, რადგან არ ვიცით, რა მოხდება თუნდაც ერთი წუთის შემდეგ. ეს არავინ იცის. და რა მოხდება ხვალ? ცოტა ხნის წინ გაზეთში წავიკითხე, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა 40 წლის უმდიდრესი ბიზნესმენი. და განა ფიქრობდა იგი სიკვდილზე? ცხადია, არა! და რისთვის ცხოვრობდა? თუ ამ კითხვაზე ათეისტური თვალსაზრისით ვუპასუხებთ, მაშინ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან როგორ უნდა ვიპოვოთ საზრისი ისეთ რამეში, რაც უცილობელი სიკვდილით სრულდება? რა უნდა ვუპასუხოთ, თუ გვეტყვიან: „გიხაროდეს და იცოდე, ადამიანო, რომ შენ გელის სამუდამო სიკვდილი“? მაშინ იფიქრებ: „რისთვის ვცოცხლობ? ნუთუ სამუდამო სიკვდილისთვის, სამუდამო დავიწყებისთვის?“ სწორად გამოთქვა ეს ჩეხოვმა დოქტორ რაგინის სიტყვებით. ათეისტის თვალსაზრისით, მართლაც, გამოდის, იმისთვის ვცოცხლობთ, რომ შემდეგ მილიონობით წელი უაზროდ გავატაროთ უკიდეგანო სივრცეში გაბნეულებმა. როგორც ვხედავთ, საკითხი ცხოვრების საზრისის შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ამბობდა წმინდა ისააკ ასური: „ვის ვუწოდებ გონიერს? მხოლოდ მას, ვინც ხედავს, რომ მის ამქვეყნიურ ცხოვრებას აქვს ზღვარი“. ათეისტური, მატერიალისტური თვალსაზრისით, ცხოვრება კარგავს თავის ზოგად არსს და იხარჯება კონკრეტული ვითარების წუთიერ საზრისში, ეფლობა წუთიერ პრობლემათა დაუყოვნებლივ გადაწყვეტაში. ქრისტიანული თვალსაზრისით, არა მარტო ცალკეული ინდივიდის ცხოვრება, არამედ მთელი ერის და ზოგადად კაცობრიობის ცხოვრებაც გარკვეულ დროს დასრულდება. ამ სამყაროს დასასრული მოელის. და სხვათა შორის, მეცნიერებიც იმავეს აცხადებენ! მაგალითად, აკადემიკოს ნ. მოისეევის წიგნში „კაცობრიობის ყოფნა-არყოფნა“ ვკითხულობთ: „კაცობრიობამ, როგორც ბიოლოგიურმა სახეობამ უნდა შეწყვიტოს თავისი არსებობა და არა სადღაც შორეულ მომავალში, არამედ წარმოუდგენლად მალე – XXI საუკუნის შუა წლებში!“ რა თქმა უნდა, ეს მისი, როგორც მეცნიერის, მოსაზრებაა… ბევრი მას არ დაეთანხმება და დავუშვათ, რომ ეს გაცილებით უფრო დიდი ხნის შემდეგ მოხდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობამ გააცნობიეროს, რა საფრთხის წინაშე დგას იგი! საუბარია არა ცალკეულ პიროვნებაზე, არამედ ადამის მთელ მოდგმაზე! კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა შეიძლება გაწყდეს დედამიწაზე! 

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა ადამიანის ცხოვრებაში
ქრისტიანობა მუდამ შეგვახსენებს: ჩვენი მიწიერი ცხოვრება – წუთისოფელია და ის არის მხოლოდ გამოცდა
რას გვასწავლის ქრისტიანული მოძღვრება ადამიანის ცხოვრების საზრისის შესახებ? როგორ პასუხობს იგი კითხვას, თუ რისთვის ცხოვრობს ადამიანი? ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანის სული გაუნადგურებელია (თუკი იგი არ მოწყდა ღვთის მადლს). რაოდენ საკვირველია ღვთის ქმნადობის ეს აქტი, რომლის წყალობით უწყვეტად, თაობიდან თაობაში იქმნება სულ ახალ-ახალი სულები, რომელთა არსებობაც უკვე მარადიული და ურღვევია შემოქმედთან კავშირში. პიროვნება მუდამ იარსებებს უფალთან ერთობით. და თუ როგორ იარსებებს, ამის შესახებ ქრისტიანობა გვმოძღვრავს: ჩვენი მიწიერი ცხოვრება – ეს ერთი ხანმოკლე წამია, წუთისოფელია და ეს არის მხოლოდ ჩვენი გამოცდა. რას გულისხმობს გამოცდა? იმას, თუ რა უნდა ებოძოს პიროვნებას მთელ მის მომავალ საუკუნო ცხოვრებაში.

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს: ჩავაბარებ გამოცდას და იქნებ მაღალ საფეხურს მივაღწიო! არა, ჩემო კარგო, იმ დონეზე დარჩები, რომელზეც რეალურად ხარ. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ მარადიულობაში ადამიანების მდგომარეობა ძალიან განსხვავებული იქნება. წმინდა პავლე მოციქული სწორედ ამის შესახებ წერს კორინთელთა მიმართ თავის პირველ ეპისტოლეში, კერძოდ, მე-3 თავში. და რაზეა ეს დამოკიდებული? იმაზე, თუ რა მასალით აშენებს ადამიანი თავის სახლს: ზოგი თივისა და ხისგან აშენებს, ზოგი – ქვისგან, ზოგი – ოქროსგან, ზოგიც ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისგან… მოციქული ამბობს: „უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“ (I კორინთ. 3, 12-15[ახ.ქართ.2]). და თუმცა კი მოციქული არ აკეთებს თავის ეპისტოლეში შემდეგ დასკვნას, მაგრამ ამის მინიშნება არის – ოქრო ხომ ცეცხლში იწმინდება – ცეცხლში დნება ყველა ზედმეტი ელემენტი და ოქრო სუფთავდება! და აღმოჩნდება, რომ ზოგისთვის ეს ცეცხლი – სასიკვდილოა, ზოგისთვის კი – ღვთის ნათელი; ღვთის სამართლის ამ ცეცხლის წინაშე წარდგება ადამიანი და ზოგისთვის ის იქნება მწველი ცეცხლი, რომელიც ამხელს მისი ცხოვრების ამაოებას, ხოლო სხვებისთვის ეს იქნება გამწმენდი ალი, რომლის შედეგად ის ოქრო, რომელიც ადამიანმა ამ ცხოვრებაში წარმოაჩინა, იწმინდება და კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. ქრისტიანობა ქადაგებს: ადამიანო, შენ მოგელის საუკუნო ცხოვრება და არა მარადიული სიკვდილი. და შენი ამქვეყნიური სიცოცხლის საზრისს წარმოადგენს მომზადება მარადიულობისთვის. ქრისტიანობა ძალიან ზუსტად განსაზღვრავს ამ საკითხის არსს. ათეისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოემზადება იგი საუკუნო სიკვდილისათვის. მისი აზრით, როგორიც არ უნდა იყო, მაინც მოკვდები! და თუკი გენიოსი არ ხარ და თუ არაფერი გაგიკეთებია განსაკუთრებული, მაშინ მალევე ყველა დაგივიწყებს და არავის გაახსენდები. განა რამდენი ადამიანი გვახსოვს ისტორიიდან? მათი რაოდენობა ძალიან მწირია!
ქრისტიანობა კი სულ სხვა რამეს ამტკიცებს! უფრო მეტიც, ქრისტიანის დაკრძალვისას იგალობება: „საუკუნოდ იყავნ ხსენება ამისი!“ უფალთან ყველა სული მარადიულია და ამიტომ უფალს აქვს მარადიული ხსოვნა ყოველ ადამიანზე. და აი, ამაში მდგომარეობს ცხოვრების საზრისი – ეს ისეთი მომზადებაა, რომელიც საუკეთესო ნაყოფს გამოიღებს და საუკეთესო შედეგი ექნება მარადიულობის დამკვიდრებისთვის. 
ავაზაკის პარადოქსი
როგორ უნდა მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის? თუ თვალს გადავავლებთ წარსულს ისტორიული რეტროსპექტივით, დავინახავთ, რომ სხვადასხვა რელიგია განსხვავებულ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს აყენებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ მიაღწიოს უმაღლეს სათნოებას. ქრისტიანობა პრინციპულად განსხვავდება ყველა რელიგიისგან, რადგან ის ადამიანს სულ სხვა ღირსებით აფასებს. ჰკითხეთ უცხო რელიგიის წარმომადგენლებს: რა არის საჭირო, რომ მიაღწიო მარადიულობას, იმისთვის, რომ ცხონდე? და ყველა მოგიგებს ერთსა და იმავე პასუხს: უნდა აღასრულო იმ რელიგიის ზნეობრივი წესები, სათნოე ეყო ღმერთს. ქრისტიანობა კი სრულებით სხვას ამბობს და ეს მოსაზრება იმდენად განსხვავებულია, რომ ნაწილობრივ გასაგებიც ხდება, რატომ გამოიარა ქრისტიანობამ უსასტიკესი დევნა, თუმცა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამაა. ქრისტიანობა ამბობს: „ზნეობრივი ნორმების დაცვა არ არის საკმარისი ცხონებისათვის! ადამიანი შესაძლოა მორალური იყოს, მაგრამ უვარგისი გამოდგეს მარადიულობისთვის“. რას ნიშნავს ეს?
მორალი, ზნეობა, საკმაოდ მარტივი რამაა, ეს მოთხოვნები ნათელი და გასაგებია, ისინი ეხება ადამიანის ქცევას სოციუმში და მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი: არ უნდა მოკლა, არ უნდა მოიპარო, არ უნდა გაუკეთო ადამიანს ბოროტება… ქრისტიანობა კი დასძენს: „საქმე მარტო ზნეობრიობაში როდია!“ და მიუთითებს სახარებაზე. გაიხსენეთ, ვინ აცვა ჯვარს ქრისტე? იუდეური რელიგიის ზნეობრივი კანონის აღმსრულებლებმა! სწორედ ისინი აღმოჩნდნენ უფლისგან უარყოფილნი და ღვთის მოღალატეები. და ვინ ცხონდა პირველი? ეს დაუჯერებელი პარადოქსია – ავაზაკი! მაშასადამე, მარადიულობაში შესვლის პირობა მხოლოდ ზნეობრიობა როდია! ადამიანი შეიძლება იყოს ზნეობრივი, აღასრულებდეს ყველა მორალურ წესს, მაგრამ იგი შესაძლოა მეტად ამპარტავანი იყოს, დიდი წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ თავზე, სავსე იყოს ქედმაღლობითა და შურით! ეს ვნებები ჩვენშია და დამახასიათებელია ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის. ამიტომ ამბობს ქრისტიანობა, რომ საუკუნო ცხოვრების მიღწევისათვის საკმარისი არ არის იყო ზნეობრივი. 
ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა რელიგიური ცნობიერების ისტორიაში! გამოდის, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობის უმთავრესი მახასიათებელი, როდესაც მას ნამდვილად შესწევს ღმერთთან ურთიერთობის უნარი, მიაღწიოს მარადიულ და ნეტარ ცხოვრებას, არის ის, რაც ასე ნათლად გამოამჟღავნა მაცხოვრის მარჯვნივ ჯვარცმულმა ავაზაკმა: 1.  – „ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების“(ლუკ. 23, 41[ახ.ქართ.3][[ახ.ქართ.3]] „ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია“.„და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში“.[[ახ.ქართ.4]]). რა იგრძნობა ამ სიტყვებში? იგრძნობა ღრმა გაცნობიერება იმისა, რომ მე იქ, რა თქმა უნდა, არასოდეს მოვხვდები. შენ, უფალო, წმინდა ხარ, მართალი ხარ, მე კი ადამიანის სისხლით მაქვს გასვრილი ხელები. უბრალოდ მომიგონე იქ, სასუფეველში. ეს არის საკუთარი უღირსების გაცნობიერება, ობიექტური უღირსების ხედვა – აქ რაიმე ფსიქოლოგიზმი და სუბიექტივიზმი არ არის, მან უბრალოდ დაინახა თავისი თავი რეალურად. სულის სინანული ღვთის წინაშე, საკუთარი უღირსების დანახვა – აი, რა არის უმთავრესი! და ეს არის გაცნობიერება იმისა, თუ როგორი ვარ მე სინამდვილეში და არა საკუთარ ოცნებებში. ეს არის სულის სინანული ღვთის წინაშე, სიმდაბლე, საკუთარი უღირსების ხედვა – აი, რა ყოფილა უმთავრესი მახასიათებელი ადამიანის სულის იმ მდგომარეობისა, რომელსაც შესწევს უნარი, მოიპოვოს ნეტარი მარადიულობა და იძენს კიდეც. სწორედ ამით განსხვავდება ქრისტიანობა ყველა დანარჩენი რელიგიისგან: სხვა რელიგიები მოითხოვენ მხოლოდ ზნეობრივი ნორმების დაცვას, ქრისტიანობაში კი ეს არ არის საკმარისი. 
ღმერთი და „ღმერთები“
თუ არ გვაქვს სიმდაბლე, – სიკეთე არ არის არც ერთ შენს სათნოებასა და არც ზნეობრივი კანონების აღსრულებაში
არსებობს ასეთი გამოთქმა: შეიძლება აღასრულო თითქმის ყველა მცნება, მორალური ცხოვრების ყველა გარეგნული წესი და ღვთისაგან უარყოფილი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი აღასრულა, არ გააჩნია საკუთარი თავის შემეცნება, ანუ ხედვა იმისა, რომ სინამდვილეში მისი სული სუფთა არ არის. ამ ხედვის გარეშე ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი შეპყრობილია ქედმაღლობითა და ამპარტავნებით. ამპარტავნებას კი რა ახასიათებს? იგი ყველასა და ყველაფერზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს. სულიერი თვალსაზრისით კი ეს ნიშნავს შემდეგს: „არავითარი ღმერთი არ მჭირდება, მე თავადვე ვარ ღმერთი!“ გახსოვთ, რა იყო ადამიანის პირველქმნილი ცოდვა? რა ითქვა, რა სასიკვდილო იარაღმა დასცა ადამი და ევა? „ …და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი!“ (დაბად. 3, 5). მაშ, ჩვენ ღმერთები ვართ, მე ვარ ღმერთი, ამიტომ არავითარი ღმერთი არ მჭირდება! ეს არის ამპარტავანი ადამიანის არსი! და თუ დავუფიქრდებით, ძალიან საინტერესო დასკვნა მომდინარეობს: ქრისტიანული თვალსაზრისით, მარადიულობის მიღწევა განპირობებულია იმ ცნებით, რომელიც ამ მდგომარეობას გამოხატავს ერთი სიტყვით – სიმდაბლე! სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არ არის სიკეთე არც ერთ სათნოებაში და არც მცნებების აღსრულებაში. სიმდაბლის გარეშე შეგვიპყრობს ამპარტავნება, წმინდა წერილში კი ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5[ახ.ქართ.5]). თუმცა სინამდვილეში, ცხადია, ღმერთი კი არ ეწინააღმდეგება ამპარტავანს, არამედ ამპარტავანი ეწინააღმდეგება ღმერთს, რადგან არ ძალუძს იყოს მასთან, იმიტომ რომ ამპარტავანს თავად წარმოუდგენია თავი ღმერთად. მაშ, შევაჯამოთ ნათქვამი: რისთვის ვცხოვრობთ? ამ კითხვაზე არსებითად არის ორი პასუხი: ერთი მათგანი ისაა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ეყრდნობა ამ დროსა და სივრცეს – არსებობის რაღაც წამს, დროის მონაკვეთს. ეს წამი მსგავსია ცეცხლის ნაპერწკლებისა, კოცონს რომ ასდის: ზოგი მათგანი უფრო დიდხანს ანათებს, ზოგი წამიერად ქრება. ასეა ადამიანის სიცოცხლეც: არავინ იცის, როდის შეწყდება. და ამ სივრცეში ჩაკეტვა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს და იგი მთავრდება სიკვდილის სრული უაზრობით. 
ქრისტიანობა კი სრულებით სხვაგვარად პასუხობს ამ კითხვას: ჩემს ცხოვრებას აქვს საზრისი, მე ვცხოვრობ საუკუნო ცხოვრების ნეტარებისთვის. და არა სიამეებისთვის, ქრისტიანობა არანაირ ანგარებას არ გვპირდება, ამის ხსოვნა ძალიან მნიშვნელოვანია! ვინც მიილტვის სამოთხისეული სიტკბოებისკენ და ამ ნეტარებას მატერიალისტურად იაზრებს, პატრისტიკული სწავლება მათ პირდაპირ ამხელს: ეს ხიბლი და თავის მოტყუებაა. სადაც არის სიყვარული, იქ არ არსებობს ცივი გათვლა, სადაც არის სიყვარული, არ არსებობს ანგარება. ქრისტიანობა გვმოძღვრავს: როდესაც ადამიანი მიხვდება, თუ ვინ არის იგი სინამდვილეში, და არა თავის ოცნებებში, როდესაც დაინახავს ღვთის წყალობას, რომელიც მან ქრისტეს ჯვარცმის შედეგაც შეიძინა, როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ ღმერთი ევნო იმისათვის, რომ განგვკურნოს, გაგვამართლოს, განგვაახლოს, – როგორც ამბობენ წმინდა მამები და როცა დაინახავს, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით გაკეთდა, მის სულს მადლიერება მოიცავს და იგი ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებს. და აი, ეს სიყვარული, რომელიც ამ ყველაფრის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, არის ის საწყისი, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლია გახდეს თანაზიარი ღვთისა და მოიპოვოს საუკუნო ნეტარი მარადიულობა, დაუშრეტელი და დაუსრულებელი. დაახლოებით ასე შეიძლება გაეცეს პასუხის კითხვას, თუ რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად. თარგმნა მარიამ გაგუამ
წყარო: pravoslavie.ru
მასალა აღებულისა ჟურნალ „საპატრიარქოს უწყებანიდან“


კაცობრიობის ელექტრონული ზომბირება (სრული ვერსია)


პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე სვეტიცხოვლის ტაძარში წაიკითხეს.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,,მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20)
,,ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით (ეს.61,10)
,,დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...” (ზატიკი)უფალი, ,,რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად. (რომ.4.25) და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა! სად არის სიკვდილო საწერტელი შენი? ქრისტე აღდგა! სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? (I კორ.15,55),,აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი;
აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“ (წმ. იოანე ოქროპირი).
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8)._ და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი კოსმოსი, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა. როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ამით შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეუფლათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ.ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღვთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა.ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან.
_ როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით?ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა. მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღვთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება. იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა~, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმინდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში), ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: ,,წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა...”სწორედ ეს აღთქმა, წმინდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს:უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს... მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ”. . . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა” (I.კორ.15,14,19)._ თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება.მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე `ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში~ I-კორ. 15. 44, 45).ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში.
ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში. _ როგორ მივხვდეთ, რა არის მართებული ქმედება?მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეგვიძლია, ზიარების მადლით, ძალისამებრ ჩვენისა დავიტიოთ იგი და შევუერთდეთ მას, რათა განვიღმრთოთ და მივაღწიოთ იმ სისრულეს, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი.თუმცა, ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, _ შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს; არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღვთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღვთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმინდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს.მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება მაგ.შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი.
ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს.ხოლო ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არა აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალია და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვები. ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი.ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი _ უღირსი ზიარება და სულის გაუხეშება.
ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღვთისთვის.სინანულს ბერძნულად ,,მეტანია” ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში `გონების შეცვლას~ ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით.ეშმაკის გავლენით ზოგიერთი, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო, ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს.დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც, _ როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, _ საშუალებად.
საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. უფლება არა გვაქვს, ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში.დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღვთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას.., მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, _ განსაცდელები და პრობლემები, _ ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, _ გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი.
როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, _ ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა. ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, _ უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.
მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული.მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ_თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე:ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, _ მწარედ ცდებიან.თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . . სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, - ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22).
იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: ,,პატარა ცეცხლი რამხელა ტყეს ჰბუგავს, ენაც ცეცხლია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოთა შორის, ბილწავს მთელ სხეულს და ცეცხლად აქცევს სიცოცხლის ჩარხს.” (იაკობ.3, 5-6)ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა. . . ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.აქამდე იმათ შესახებ ვისაუბრეთ, რომელთაც ღმერთის არსებობა სწამთ; რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, _ სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა.
აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე. მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი.რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, - არარაობა.თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, _ მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება.
ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემომქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში;როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნებას არ სცნობს.ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი.
ამასთან, მას უდიდესი ნიჭი, _ თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, _ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.`მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა~ (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!
ქრისტე აღდგა!
აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
აღდგომა ქრისტესითბილისი, 2015 წელი

ციანიდის საქმის შესახებ-ბრძოლა ეკლესიასთან-ქადაგებს დეკანოზი დავითი (ქვლივიძე)


წმ. სერაფიმე საროველი (საქართველო, რუსეთი, თურქეთი) - ქადაგებს მამა დავითი.


ჭეშმარიტად აღდგა – წმიდა იოანე ოქროპირი


ტყუილი ყოველთვის თავისივე თავის დამღუპველია. სურს მას ეს თუ არა, იგი უნებლიედ თვითონვე უწყობს ხელს სიმართლის წარმოჩენას.

განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე.

ან კი როდის მოიპარავდნენ ქრისტეს ცხედარს მოწაფეები, შაბათს? მაგრამ ამ დღეს ხომ კანონით აკრძალული იყო გარეთ გასვლა. დავუშვათ, მათ დაარღვიეს უფლის კანონი, მაგრამ ისედაც შიშით მოცულნი საერთოდ გამოვიდოდნენ კი ამ დღეს სახლიდან?
 და რისთვის გააკეთებდნენ ამას? ელოდნენ რაიმე გასამრჯელოს ან ჯილდოს? ანდა რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თავისი სიტყვის ძალის? მაგრამ, ისინი ხომ სრულიად გაუნათლებლები იყვნენ. იქნებ დიდი ქონების? მაგრამ მათ, ხომ უბრალო კვერთხიც არ ჰქონდათ და არც სამოსი და ფეხსაცმელი ებადათ. იქნებ, გვარიშვილობის? მაგრამ, თითოეული მათგანი ხომ ყველაზე მდაბიო ფენის წარმომადგენელი იყო. ან იქნებ სიმრავლის? მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ.


გავიხსენოთ ისიც, რომ თუ მოწაფეთა შორის უპირატესი, მსახური ქალის სიტყვებმა შეაშინა, სხვები კი შეპყრობილი მოძღვრის დანახვაზე მაშინვე მიმოიფანტნენ, განა ეს ადამიანები შეძლებდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წასულიყვნენ და გაევრცელებინათ აღდგომის შესახებ მათ მიერ შეთხზული ცრუ ქადაგება? ქალის მუქარას განრიდებულნი, შემდგომში განა გაუძლებდნენ ამდენ ცეცხლსა და მახვილს და ყოველ წუთს სიკვდილის საფრთხეს, თუ არ ექნებოდათ სრულად გაცნობიერებული და შეგრძნებული აღდგომის ძალა და სიდიადე?

მოდით ახლა ისევ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს და ვკითხოთ ებრაელებს: “უგუნურნო, მოწაფეებმა როგორ მოიპარეს ქრისტეს სხეული, რეალობა ხომ ნათლად წარმოაჩენს სიმართლეს, იუდეური ტყუილი კი ჩრდილსაც ვერ აყენებს მას. მითხარით, როგორ შეიძლებოდა სხეულის მოპარვა? იქნებ საფლავი არ იყო დაბეჭდილი? იქნებ კარგად ვერ დარაჯობდა მას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცი და იუდეველი, რომელნიც ისედაც ელოდნენ, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო და ამის გამო, უფრო მეტად ფრთხილობდნენ?

ან რისთვის უნდა მოეპარათ სხეული? აღდგომის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად? როგორ განიზრახავდნენ ამას შეშინებულნი, ან როგორ გადააგორებდნენ დაბეჭდილ ლოდს ამდენ მცველთა თვალწინ?

ყურადღება მივაქციოთ ებრაელთა საქციელს: ისინი თავად გაებნენ თავის დაგებულ ბადეში. დიახ, პილატესთან რომ არ მისულიყვნენ და არ მოეთხოვათ უფლის სხეულის გაძლიერებული დაცვა, უფრო ადვილად იცრუებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გაცხადდა. ფაქტია, რომ ვერავინ შეძლებდა შეიარაღებულ, ფხიზელ მცველთაგან უჩუმრად თავის დაღწევას. და კიდევ ერთი ფაქტი: თუ მოწაფეებს ეს მიზნად ჰქონდათ, რატომ არ მოიპარეს სხეული უფრო ადრე, როცა საფლავი დაუცველი იყო და საფრთხეც თითქმის არ ელოდათ. ე.ი. წინა ღამეს? ებრაელები ხომ პილატესთან შაბათს მივიდნენ, პარასკევს ღამით კი საფლავი დაცვის გარეშე იყო. ცხადია, თუ მოპარვა სურდათ, ეს შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაეშვათ.

ანდა რატომ დახვდა პეტრეს და სხვა მოციქულებს სამარხში სურნელოვანი ზეთით გაჟღენთილი დახვეული სუდარა? გახსოვთ, ამ ადგილზე პირველად მარიამ მაგდალინელი მივიდა. როცა იგი უკან დაბრუნდა და მომხდარი სასწაული აუწყა მოციქულებს, ისინი დაუყოვნებლივ გაიქცნენ საფლავთან და დაბლა დადებული თეთრი ტილოები ნახეს. ეს იყო სწორედ აღდგომის ნიშანი, რადგან თუ სხეული მოიპარეს, რა თქმა უნდა, მას შიშველს არ წაიღებდნენ. ეს იქნებოდა მიცვალებულის უპატივცემულობა და თანაც უაზრობა. ამის გამკეთებელნი დროს არ დაკარგავდნენ იმაზე, რომ ჯერ სუდარა მოეხსნათ, შემდეგ იგი საგულდაგულოდ დაეხვიათ და კუთხეში დაედოთ, არამედ უცებ მოიპარავდნენ სხეულს და სწრაფად გაიქცეოდნენ.

ამასთან იოანე მახარებელი წერს, რომ დაკრძალვის დროს მაცხოვარს უხვად აპკურეს სურნელოვანი ზეთი, რომელიც ისე მტკიცედ აწებებს სუდარას სხეულს, როგორც დამდნარი ტყვია ლითონს; ამიტომაც ადვილი არ იქნებოდა მისი მოცილება. და როცა იცი, რომ ტილოები ცალკე დახვეული იხილეს, აღარ დაუჯერო მათ, ვინც ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სხეული მოიპარეს. ბრიყვი უნდა ყოფილიყო ქურდი, რომ ამდენი დრო ზედმეტად დაეხარჯა. რისთვის დატოვებდა იგი დახვეულ სუდარას? ან როგორ დააღწევდა თავს მცველებს? დაგვიანების შემთხვევაში, ხომ მას ადგილზევე შეიპყრობდნენ.

მაშ, რატომ იდო თეთრი ტილოს ნაწილები და დახვეული სუდარა ცალ-ცალკე? იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს არ იყო აჩქარებული და აღელვებული ადამიანის ნამოქმედარი და საერთოდაც შეუძლებელი იყო აქ ქურდობას ჰქონოდა ადგილი. თვით ებრაელებიც კი მიხვდნენ ამას, ამიტომაც მათ ფული მისცეს მცველებს და უთხრეს: ”თქვით, რომ სხეული მოიპარეს და თქვენს უფროსებთან ჩვენ მოვაგვარებთო საქმეს”. ე.ი. იმ ვერსიის შეთხზვა, თითქოს ”მოწაფეებმა ცხედარი მოიპარეს”, თავისთავად უაზრობაა. და რაკი ყველანი აღიარებენ, რომ სხეული იქ აღარ იყო, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე; ერთის მხრივ, სხეულის არ ყოფნა და მეორეს მხრივ, საფლავის დაბეჭდვა, მცველთა დაყენება, ტილოებისა და სუდარის ნახვა, აშიშვლებს მათ სიცრუეს და ცხადყოფს აღდგომის ჭეშმარიტებას.

ბევრი კითხულობს, აღდგომის შემდეგ, მაშინვე რატომ არ გამოეცხადა ქრისტე იუდეველებსო? ეს კითხვა არასწორია, რადგან რომ ყოფილიყო რაიმე იმედი იმისა, რომ ისინი ამით აღდგომას ირწმუნებდნენ, უფალი არ დააყოვნებდა და ყველას გამოეცხადებოდა; მაგრამ ეს იმედი არ არსებობდა, რაც აჩვენა ლაზარს აღდგინებამ: მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღის მკვდარი, უკვე ხრწნადაწყებული მისი ცხედარი აღადგინა მაცხოვარმა, ამის თვითმხილველებმა მაცხოვრისადმი რწმენა კი არ განიმტკიცეს, არამედ პირიქით, აღშფოთდნენ და მოინდომეს ქრისტესა და ლაზარს მოკვლა.

მათ არა თუ დაიჯერეს ეს სასწაული, არამედ სიძულივილითა და ურწმუნოებით დაბრმავებულნი დაირაზმნენ მაცხოვრის წინააღმდეგ. აღდგომილი უფალი მაშინვე რომ გამოცხადებოდა იუდეველებს, ისინი უფრო მეტად განრისხდებოდნენ.

შემდეგ კი იგი, ყოველგვარი ეჭვი რომ გაეფანტა, არა მარტო მოწაფეებს ეჩვენებოდა ორმოცი დღის განმავლობაში და მათთან ერთად ჭამდა და სხვამდა, არამედ გამოეცხადა ხუთას ადამიანს, თომა მოციქულს კი – ნალურსმნალი ადგილები და ლახვრით მიყენებული ჭრილობა უჩვენა.

და როდესაც ამბობენ, რატომ არ მოახდინა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ მრავალი დიდი სასწაული, მხოლოდ ჭამდა და სვამდაო, პასუხი ერთია: თვით აღდგომა იყო უდიდესი სასწაული და ამ სასწაულის უდიდესი დამამტკიცებელი საბუთი სწორედ ისაა, რომ იგი ჭამდა და სხვამდა.

აბა ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ, თუ მოციქულებს უფლის აღდგომის არ სჯეროდათ, იმაზე ფიქრსაც კი როგორ გაბედავდნენ, რომ მთელს მსოფლიოში საქადაგებლად წასულიყვნენ. ხომ არ იყო ეს ბოდვა? და თუკი საღ გონებაზე იყვნენ, რასაც მათი ნამოქმედარი ამტკიცებს, განა შეიძლებოდა უტყუარი ზეციური ნიშნისა და ღვთიური ძალის შეწევნის გარეშე ჩაბმულიყვნენ ამდენ ბრძოლაში; ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ. ან როგორ უნდა ებრძოლათ ისეთი თავდადებით, რომ მოექციათ მთელი წარმართული სამყარო. ამგვარი სურვილის განხორციელებას ისინი ვერ შეძლებდნენ თუნდაც რომ ჰქონოდათ რაიმე მიზანი და ყოფილიყვნენ მდიდარნი, ცნობილნი, ძლიერნი და განათლებულნი. მაგრამ უმრავლეს მათგანს ხომ მთელი სიცოცხლე ზღვის ნაპირზე ჰქონდა გატარებული, ზოგი კარვებს ამზადებდა, ზოგი მეზვერე იყო. მათგან ფილოსოფიაზე და მაღალ მატერიებზე საუბარი სასაცილო იქნებოდა. ამასთან, თვითონ მათაც თავისი თანამედროვე ყოფიდან მრავლად ჰქონდათ მაგალითი იმისა, თუ რა სავალალოა შედეგი განდიდების მიზნით წამოყენებული ცრუ ქმედებებისა.

ალბათ იცოდნენ, თუ როგორ შეეცადნენ ბევრნი ახალი მოძღვრების შემოტანას. ამასთან არა მარტო თორმეტი კაცით, არამედ გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით. გავიხსენოთ თუნდაც თევდა და იუდა გალილეველის*, წარუმატებელი მცდელობა. ისინი ხომ თავის მრავალრიცხოვან მიმდევრებთან ერთად უკვალოდ გაქრნენ.

ეს მართლაც ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო მოციქულთათვის. მაგრამ დავუშვათ, რომ ისინი მოელოდნენ გამარჯვებას; განა შეეჭიდებოდნენ ასეთ საშიშროებას, თუ არ ექნებოდათ მყარი საფუძველი მომავალი კეთილდღეობისა? და რაში უნდა დაენახათ ეს კეთილდღეობა, რა სარგებელზე უნდა ეფიქრათ, თუ წარუძღვებოდნენ ხალხს ჩვეულებრივი ადამიანისკენ და არა აღმდგარისკენ, როგორც ამას მათი მტრები ირწმუნებოდნენ. დღესაც კი მათ, რომელთაც სწამთ ქრისტეს ზეციური მეუფება, უჭირთ შეებრძოლონ ბოროტებას. რის სანაცვლოდ გაუძლებდნენ მოციქულები ამდენ საშინელ სატანჯველს, თუ არ მოხდა აღდგომა და თუ არ ამაღლდა იესო ზეცად? თუნდაც ამ ფაქტების შეთხზვისათვის ისინი ხომ აუცილებლად დაიტეხდნენ თავს ღვთის რისხვას.

ამასთან, მართალია, ქრისტეს სიცოცხლეში მოწაფეებს მისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ იგი მალევე განქარდებოდა, უკეთუ მას არ ნახავდნენ აღმდგარს. თუ არა ეს სასწაული, ვერაფერი სხვა ძალა ვერ უბიძგებდა მათ მოსალოდნელ სასტიკ ბრძოლაში ჩასაბმელად. რომ არ აღმდგარიყო ქრისტე, მოწაფეები მისი ერთგულნი კი არ დარჩებოდნენ, პირიქით, თავს მოტყუებულად ჩათვლიდნენ. მან აღუთქვა: “სამი დღის შემდეგ აღვდგებიო”, და შეჰპირდა ცათა სასუფეველს, უთხრა, რომ სული წმიდის მადლს მიიღებდნენ და ქვეყანას მოაქცევდნენ; აგრეთვე, აღასრულებდნენ სხვა და სხვა სასწაულს ღვთიური ძალის გამოვლინებით. თუ უფლის ეს სიტყვები არ შესრულდებოდა, სიცოცხლეში მის მიმართ მოციქულებს რაც არ უნდა დიდი რწმენა ჰქონოდათ, გარდაცვლილს აღარაფერს დაუჯერებდნენ.

და სამართლიანადაც განსჯიდნენ: გვითხრა სამი დღის შემდეგ აღვდგებიო და არ აღდგა; დაგვპირდა სული წმიდას გარდამოგივლენთო და არ გამოგვიგზავნა; როგორღა უნდა ერწმუნათ მისი მომავალში, როცა არ გაუმართლათ აწმყოში?

და რისთვის დასჭირდებოდათ მათ ექადაგათ მისი აღდგომა, თუ მართლაც არ იხილეს იგი აღმდგარი? ზოგიერთი იტყვის, იმიტომ, რომ უყვარდათო, მაგრამ უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ იმედი გაცრუებოდათ, რადგან არ შესრულდა მრავალი დაპირება, აღმოჩნდნენ მოტყუებულნი, მოწყვეტილნი სახლიდან და ახლობლებისგან და ამასთან მათ წინააღმდეგ ამხედრდა ებრაელთა მთელი ერი. თუ ეს ყველაფერი მისი ადამიანური სისუსტიდან მომდინარეობდა, მაშინ მას სიცრუეს სიცოცხლეშივე არ აპატიებდნენ, ასეთი ტყუილი ნამდვილი დანაშაულია; მათთვის სიმართლე უნდა ეთქვა, და თუ ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, არ უნდა შეჰპირებოდა ზეციურს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იქნებოდა მოციქულებს ემოქმედათ სრულიად საწინააღმდეგოდ: ეღიარებინათ, რომ ისინი შეაცდინეს და მისთვის, ვინც ეს მოიმოქმედა, ეწოდებინათ მატყუარა და მოგვი. ამით თავს დააღწევდნენ მოსალოდნელ საშიშროებას და მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებას. ყველამ იცოდა, რომ იუდეველებმა ქრთამი მისცეს მცველებს, რათა მათ ეთქვათ ცხედარი მოიპარესო. თუკი მივიდოდნენ მოწაფეებიც და იტყოდნენ: “იგი ჩვენ მოვიპარეთ და არ აღმდგარაო”, რამხელა პატივს მოიპოვებდნენ. ასე, რომ დიდებაც და დაფასებაც მათ ხელში იყო. რატომ გასცვლიდნენ ყოველივე ამას შეურაცხყოფასა და საფრთხეზე, რომ არ ყოფილიყო სასოება ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე უფრო ძლიერი რაღაც ღვთიური ძალისა, რომელიც მათ შინაგან რწმენას განამტკიცებდა.

მაგრამ თუ ამანაც ვერ დაგარწმუნათ, დაფიქრდით შემდეგზეც: თუ არ იყო აღსრულებული აღდგომა და მოციქულებს მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ ხალხში ქადაგება, არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკებდნენ იესო ქრისტეს შესახებ, რადგან ცნობილია, მათი სახელის გაგონებაც არ გვინდა, ვინც მოგვატყუა. ან კი რაში უნდა დასჭირვებოდათ მისი განდიდება? თავის გადარჩენის მიზნით? მაგრამ ეს ხომ სწინააღმდეგო შედეგს მოუტანდათ. ცრუ ადამიანის სახელის წარმოჩენით თავს ხომ თვითონაც აუცილებლად შეირცხვენდნენ. გავიხსენოთ ისიც, მაცხოვარმა რომ აცნობა იმ განსაცდელზე, რომელსაც ჯვარცმა მოჰყვებოდა, ისინი შიშისაგან როგორ გაშრნენ და სრულიად გაფითრდნენ. ერთ-ერთ მათგანს იუდეაში გაყოლაც კი აღარ მოუნდა. თუკი მას, ქრისტეს გვერდით მყოფსაც კი, ეშინოდა სიკვდილის, უფლის და სხვა მოწაფეების გარეშე მარტოდ მარტო როგორღა გაბედავდა** მისი გულისთვის თავდადებას.

სწორედ იმიტომ, რომ მათ იწამეს მისი ჯვარცმა და აღდგომა, დიახ, ამიტომ იტანდნენ ამდენ ტანჯვას. უფალი აღდმდგარი რომ არ ენახათ, განა არ დაიქსაქსებოდნენ? ან კი იმედის გაცრუების და სირცხვილისაგან სად უნდა გამოეყოთ თავი? ალბათ, ინატრებდნენ მიწა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა ისინი ან როგორ შეხედავდნენ თვალებში ამდენ უკმაყოფილო ადმაიანს, რითი უნდა ემართლებინათ თავი? ხალხმა ხომ იცოდა, რომ მათი მასწავლებელი შუადღეს, დედაქალაქის შუაგულში, ყველაზე დიდ დღესასწაულზე, რომელსაც არავინ აკლდებოდა, გააკრეს ჯვარზე.

იგი აღდგომილი, თავიდან, მოწაფეთა გარდა, არავის უნახავს. ეს გარემოებაც ხელს უშლიდა ხალხის დარწმუნებას. როგორ დააჯერებდნენ ისინი მსოფლიოს აღდგომის ჭეშმარიტებაში? და ისიც მითხარით, თუ ამის გაკეთება და ადამაინებისათვის სიცრუის თავსმოხვევა  სურდათ, რატომ მაშინვე არ დატოვეს იუდეა და არ წავიდნენ უცხო ქვეყანაში. საინტერესო არ არის, რომ მოწაფენი პირიქით იუდეაში დარჩნენ და მრავალნიც მოაქციეს?

დიახ, მათ ეყოთ სიმამაცე ყველასათვის დაემტკიცებინათ მაცხოვრის აღდგომა; მათთვისაც კი, ვინც ის მოკლა, ჯვარს აცვა და დაფლა და თანაც იმ ქალაქში, სადაც ეს საშინელი ბოროტმოქმედება მოხდა. ამით ყველას გაეცა სათანადო პასუხი, რადგან როცა “ჯვარცმული” თვითონ ხდება “მორწმუნე”, სრულიად ნათლად მტკიცდება ჯვარცმის უკანონობა და ბრწყინავს აღდგომის ჭეშმარიტება. ხალხის თავისკენ მიზიდვით მოწაფეებმაც დაამტკიცეს, რომ მოახდინეს სასწაული. იესო რომ არ აღმდგარიყო და დარჩენილიყო ჩვეულებრივ მიცვალებულად, მისი სახელით როგორღა მოახდენდნენ სასწაულებს, ხოლო სასწაულები რომ არ მოეხდინათ, მრავალთ ვერ დაარწმუნებდნენ; და თუ სასწაულებს ახდენდნენ და, რა თქმა უნდა, ახდენდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ღვთიური ძალა ჰქონდათ. ისიც კი რომ დაგვეშვა, რომ ისინი არ ახდენდნენ სასწაულს და მაინც ყველგან იმარჯვებდნენ, ეს უფრო დიდი სასწაული იქნებოდა, რადგან გამოვიდოდა, რომ სასწაულების გარეშე დაიპყრო მსოფლიო თორმეტმა ღარიბმა და გაუნათლებელმა კაცმა.

რა თქმა უნდა, ამას უბრალო მეთევზეები არც სიმდიდრის და არც სიბრძნის წყალობით არ აკეთებდნენ, მათში აღდგომის ღვთიური ძალა მოქმედებდა, რადგან ყოვლად გამორიცხულია ადამიანური შესაძლებლობებით მიეღწიათ ასეთი წარმატებისათვის.

მოდით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს, რადგან ეს არის აღდგომის უეჭველი მტკიცებულება. ამიტომ კვლავ ვიმეორებ, თუ არ აღდგა ქრისტე, როგორ მოხდა მისი სახელით ასეთი საოცარი სასწაულები? რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდეგ ვერავინ ახდენს იმაზე უფრო დიდ სასწაულს, რაც მას სიცოცხლეში შეუძლია. ყველამ იცის, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი სასწაულები ხდებოდა. მაგალითად არასდროს მოუხდენია სასწაული ქრისტეს ჩრდილს, მაშინ როცა მოციქულთა ჩრდილები ხშირად სასწაულმოქმედებდნენ. და საერთოდაც, თვითონ ქრისტე ახდენდა სასწაულებს სიცოცხლეშიც და მის მერეც, განსაკუთრებით ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, რასაც მისი მოწაფეები და მიმდევრები, მისი წმიდა სახელის მოწოდებით აკეთებდნენ. ასე იდიდებოდა და ბრწყინდებოდა მისი ძალა.

ამიტომაც წმიდა მამებმა დადგინეს, რომ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ უნდა წაკითხულიყო “საქმე მოციქულთა”, სადაც აღწერილია მოციქულთა მიერ მოხდენილი სასწაულები, რაც ნათლად ამტკიცებს უფლის აღდგომას.

და დღეს შენ, რომელსაც ფიზიკურად არ გინახავს ის აღმდგარი, ხედავ მას რწმენის თვალით. არ გიხილავს იგი საკუთარი თვალებით, მაგრამ შენს თვალწინაა მის მიერ აღსრულებული სასწაულები, და ამას აღდგომის უეჭველობამდე მიჰყავხარ.

გინდათ, ამ წუთშიც ნახოთ რამე სასწაული, ახლავე გიჩვენებთ უფრო დიდ სასწაულს, ვიდრე მომხდარა: არც მკვდარი გაცოცხლდება, არც ბრმას აეხილება თვალები, არამედ მთელ ქვეყანას დატოვებს სიცრუის წყვდიადი.

უმაღლესი მტკიცებულება აღდგომისა ის არის, რომ ჯვარცმულმა ქრისტემ სიკვდილის შემდეგ თავისი ძალმოსილებით დაარწმუნა ცოცხლები, რომ მისი გულისთვის მიეტოვებინათ სამშობლო, სახლი, მეგობრები, ნათესავები, არად ჩაეგდოთ საკუთარი სიცოცხლეც კი და ერჩიათ გამათრახება, განსაცდელით სავსე ცხოვრება, თვით სიკვდილიც კი მისი მცნებების აღსრულებისთვის. ეს არაა საფლავში მყოფი მიცვალებულის მიერ ჩადენილი გმირობანი, არამედ მხოლოდ აღმდგარისა და ცოცხალისა. გთხოვთ კიდევ ერთხელ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ მოციქულებმა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოძღვარი, შიშის გამო იგი მიატოვეს და დაიფანტნენ. პეტრემ, რომელიც ერთი მსახური ქალის წინაშე ისე დაფრთხა, რომ სამჯერ უარყო ქრისტე, ქრისტეს სიკვდილის შემდეგ საოცარი ფერისცვალება განიცადა: მან არავის არ მიაქცია ყურადღება და იუდეველთა ბრბოს შუაგულში მყოფმა, გააფთრებული მტრების თვალწინ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ის, ვინც ჯვარს აცვეს და დაფლეს, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად.

რით მოიპოვა მან ასეთი დიდი გამბედაობა, რითი, თუ არა აღდგომით. პეტრემ იხილა აღდგომილი მაცხოვარი, ესაუბრა, მოისმინა მისი სიტყვები მომავალ ნეტარებაზე და სული წმიდით აღვსილმა შეიძინა ძალა, მისთვის მომკვდარიყო და ჯვარცმულიყო, თანაც თავდაყირა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არა მხოლოდ პეტრემ, პავლემ და სხვა მოციქულებმა, ეგნატემაც,*** რომელსაც არ უხილავს და უგრძვნია მისი ფიზიკური შეწევნა, მას შესწირეს სიცოცხლე და არა მხოლოდ ეგნატემ და მოციქულებმა, არამედ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მრავალნი და მათ შორის ქალებიც არად მიიჩნევდნენ წამებით სიკვდილს, რაც მამაკაცებისთვისაც შიშისმომგვრელი იყო.

ვინ დაარწმუნა ისინი უგულებელყოთ მიწიერი ცხოვრება? ბუნებრივია, ადამიანური შესაძლებლობებით წარმოუდგენელია მრავალი ათასი კაცისა და ქალის, ქალწულისა და პატარა ბავშვის დარწმუნება, იმაში, რომ სიკვდილის შემდეგ მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის მსხვერპლად შეეწირათ საკუთარი სიცოცხლე, დაეძლიათ ათასგვარი წამება, გამხდარიყვნენ მშიერი მხეცების ლუკმა ან დამწვარიყვნენ კოცონზე.

და ვინ მიაღწია ყოველივე ამას? ჩვეულებრივმა ჯვარცმულმა? მაგრამ ამ ქვეყნად მანამდეც რამდენი მომკვდარა და არავის გაუკეთებია ასეთი რამ. იქნებ მოგვობით და ხალხის მოტყუებით შეძლო ეს. ისტორიამ უამრავი მოგვი და თაღლითი იცის, მაგრამ მათი სახელიც და საქმენიც ისე მიეცნენ დავიწყებას, პატარა ნაკვალევიც კი არ დაუტოვბებიათ და სიკვდილის შემდეგ მათი ძლიერებაც განქარდა. ქრისტეს სახელი და სიდიადე და მის მორწმუნეთა რიცხვი კი დღითი-დღე იზრდება და მთელ სამყაროს მოიცავს.

 
ურწმუნონი შიშით ძრწიან, ხოლო მორწმუნენი ხმამაღლა აცხადებენ:

 

ქრისტე აღდგა!                                     ჭეშმარიტად აღდგა!


“დიდება და სუფევა მისი არს უკუნითი

უკუნისამდე. ამინ!


------------------------------------------------------

* ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი იუდეველი სჯულის მოძღვარი გამალიელი, რომელმაც ისრაელის დიდ სინედრიონზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თვისსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხვით ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაი. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს” (საქმე მოციქულთა 5, 36-37).
** იგულისხმება მოციქული თომა (იოანე 11, 16).
*** იგულისხმება I-II საუკუნეების მოღვაწე წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.

წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებათა სინთეზი.
თანამედროვე ბერძნულიდან თარგმანი შესრულდა
ათენის ბერძულ-ქართულ ინსტიტუტში


http://qadageba.ge


9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. 
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!

3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.

4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . 
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად. 
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!

9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
გოდერძი ჩოხელი.

ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

ფსალმუნნი

ფსალმუნი 36 (37)

1. დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
2. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
3. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
4. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
5. მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
6. და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
7. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
8. მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
9. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
10. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
12. ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
13. უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
14. მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
15. მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
16. მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
17. რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
18. იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
19. არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
20. რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.
21. ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
22. რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
23. უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
24. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
25. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი.
26. ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
27. ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
28. რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
29. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
30. წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
31. რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
32. ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
33. უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
34. მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
35. მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
36. მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
37. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
38. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
39. ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
40. და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.

суббота, 15 апреля 2017 г.

ფსალმუნი 72.

ფსალმუნი 72.

  • 1
    რა კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  • 2
    მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, ლამის მომიცურდა ნაბიჯები,
  • 3
    რადგან შემშურდა უგუნურებისა, ვხედავდი რა ბოროტთა კეთილდღეობას.
  • 4
    რადგან არა აქვთ ტკივილი სიკვდილამდე და ჯანსაღნი არიან.
  • 5
    კაცთა სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ,
  • 6
    ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
  • 7
    სიმსუქნისგან თვალები გადმოკარკლეს, სიბრიყვით აევსოთ გულები.
  • 8
    ავად და დამცინავად ლაპარაკობენ, ძალადობით იმუქრებიან.
  • 9
    ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება.
  • 10
    ამიტომ მისი ხალხიც მათ მიმართავს ხოლმე და სვამენ მათ სიტყვებს, როგორც წყალს სავსე თასიდან.
  • 11
    ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?
  • 12
    აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;
  • 13
    განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?
  • 14
    ყოველ დღე ვიტანჯებოდით და ვისჯებოდით ყოველ დილით.
  • 15
    რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.
  • 16
    და განვიზრახე, რომ გამეგო ეს, მაგრამ ძნელად მეჩვენებოდა,
  • 17
    ვიდრე ღვთის საწმიდარში მოვიდოდი და მათ ბოლოს მივხვდებოდი.
  • 18
    ნამდვილად მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი; შენ მოსპობ მათ.
  • 19
    როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ შიშის ზარისგან!
  • 20
    როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, ისე მოიძულებ მათ სახეებს, როცა აღსდგები, უფალო.
  • 21
    როცა გული მიმწარდებოდა და შინაგანი მეფლითებოდა,
  • 22
    უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, პირუტყვს დავემსგავსე შენ წინაშე.
  • 23
    და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.
  • 24
    შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.
  • 25
    ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.
  • 26
    ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.
  • 27
    რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი დაიღუპებიან; შენ სპობ ყველას, ვინც არ გიერთგულებს.
  • 28
    ჩემთვის კი სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე; უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად. ყველა შენს საქმეზე ვილაპარაკებ.