ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июля 2017 г.

მთათა ერთობა. ვაჟა-ფშაველა.(I)



ბარს შაეთვალა მთებისთვის 
უცხო რამ ერთი ქართული,
მაშინ როს მთების ანდაფი 
ღრმა ფიქრში იყო გართული.
რასა ფიქრობდნენ, ვინ იცის,
ჰსურთ დაებრუნათ წართმული,
თუ ცაში ასასვლელადა 
სურდათ გაებათ მავთული?!
ორმა გორაკამ ითავა
ამცნონ მთებს ნება ბარისა,
იმათ აუწყეს ყოველი
ქვეიდან დანაბარისა.
მთების შიკრიკებს გადასცეს
ახალი მცნება დიდია,
ორბსა და არწივს წერილი
გულ-მკერდზე გადუკიდია.
ბარს შაეთვალა მთებისთვის: 
,,მთაო ერთობას სცვიდია, 
ჩვენ კი ერთმანეთს შორისა 
გავსდეთ ერთობის ხიდია;
უწყოდეთ ბედნიერ-ყოფა
ამ მოძღვრებაზე ჰკიდია;
ბარად სუსტსა და ძლიერსა
ხელი-ხელს ჩაუკიდია.
მგელი ვერ ჰბედავს მგლობასა,
ეხლა კრავივით მშვიდია.
ცხვარი სძოვს ბალახს უშიშრად,
სწამს, ვერ უმტერებს ფლიდია,
და კატას - თაგვების მტერსა - 
ყელზე ეჟვანი ჰკიდია.
ერთობის გზაზე ვიაროთ,
კერძოობის გზა ფინთია.''
  შიკრიკთა ფრთები გალესეს, 
გაეკრნენ მკერდსა ცისასა,
ხევები, მთები გადავლეს,
ნაპრალებს აჰყვნენ კლდისასა.
ხარბადა ჰყნოსვენ ჰაერსა
ლაღსა, მაღალის მთისასა.
ჯერ იალბუზსა მიჰმართეს,
წერილს მიართმენ იმასა, 
როგორცა მამას მთებისას,
თეთრის თმა-წვერით მკობილსა,
ის თავად შეატყობინებს 
ყოველსა თავის შობილსა - 
მთებსა, გორაკებს, ქანჩახებს,
გარშემოს შემოწყობილსა.
  გარიჟრაჟია. მთებს სძინავთ.
ჯერ მზე არ ამოსულიყო:
მადლი ნაძღვნევი ღვთის-მიერ
ქვეყნად არ ჩამოსულიყო.
ყვავილებს ისევ ეძინათ,
თავები ედოთ ერთადა - 
ანგელოზებსა მიწისა - 
და-ძმებსა გვერდის-გვერდადა.
ჰაერის ნაკვთი უცხო რამ
თავს დასტრიალებთ ღმერთადა.
მე ვნახე ძმობა მათ შორის
უმწიკვლო როგორც ლალია,
ერთს ვერ შევნიშნე სიძულე
და შურიანი თვალია...
დაჭკნობა ყვავილებისა,
ღმერთო, რა დიდი ბრალია!
მადლი სდევს იმათ მოსვლასა, 
წასვლაშიც მადლი ჩაჰყვება,-
განისვენებენ მიწაში,
როს ადგებიან, - აჰყვება.

(თვალით ნანახი სიწმინდე.........

აკლია ერთი ფურცელი.
იქნებ კომენტარში შემომაშველოს მკითხველმა. 

...კარს მოდგომოდნენ ძმანია.)

სხვა მთებიც იდგნენ ტატნადა,
ვით ბატონის წინ ყმანია;
ეტყობათ, არ ასვენებდათ
იმათაც გულის თქმანია.
გახიდულ-გამოხიდული
სივრცეს სჭრის იმათ ტანია,
უმძიმს, თუმც არ ემძიმება
მიწას გმირების ჯანია...
სახე ზოგისა საზარო
რაღაცას მოუჯღანია.
ვაჟკაცსა შვენის მუდამა
წყლული სახეზე ჩნეული,
არა მკლევდება ჭრილობით, 
ხაზებით, მთების სხეული.
უკვირს იალბუზს მთათ მოსვლა,
სდუმს, ვერა უთქვამს ჯერობით;
ელჩებმა თავად დაიწყეს,
პირდაპირ, არა ფერობით:
,,ნუ გიკვირს, ჩვენო უფროსო,
ჩვენი აქ მოსვლა უცები:
საქმეა საყურადღებო,
ფიქრი ფიქრს მინატკუცები.
ხმა ერთობისა შაგვესმა,
გამოგზავნილი ბარითა,
ბალახნი, ტყენი და ლოდნი
იმსჭვალის ამა მჭვალითა,
ქორნი, არწივნი, ყორნები,- 
ნეტავ გაჩვენა თვალითა,-
ისინიც ერთობისათის 
თითქმის არიან ძალითა.
ჰაერიც ამას გასძახის
ვარსკვლავებს ნიავ-ქარითა.
მგლებიც ერთობას ღმუნიან
ნებსითად, თავის ჯარითა.
მთელის ბუნების ღაღადმა
ჩვენც ჩაგვაფიქრა ყველანი.
რად გავხდეთ თით-საღირებნი,
საგმობნი, გასაქელავნი!
რად დავრჩეთ სხვებზე უკანა
აზრით, შვენებით ქებულნი!
როგორღაც გეჩოთირება,
რომ ვიყვნეთ გამოკლებულნი;
შეგვშვენის დედამიწაზე
ვეყუდნეთ ჩირქ-მოცხებულნი?!.

იალბუზი

  კარგია, დარბაისელნო,
თქვენი რჩევა და თათბირი, - 
მეც წავიკითხე წერილში
რასც მოსთქვამს ბარის საყვირი,
ბევრი ავიღე-დავიღე,
ფიქრი ამეძრა სამ-პირი:
ეხლავე გეტყვით იმასაც,
რას, რაზე ვფიქრობ, როგორა, -
რას ნიშნავს წითელი კვერცხი,
ვინაც ჩვენ შამოგვიგორა.
ეგ კაცთა მოგონილია 
თავის ცხოვრების წამლადა,
ბევრია საწყლობაშია
გადაქცეული ნაცრადა,
სხვა ფუფუნებას განიცდის,
ტანჯვა-ვაების ნაცვლადა.
კიდეც ეს გარემოება
ჰბადებს შურსა და მტრობასა - 
ერთი მგელია კაცთ შორის,
მეორე უწევს ცხვრობასა.
ეხლა თქვენ გკითხავთ, მითხარით,
მგელი მოიშლის მგლობასა?
მე აქეთ თვალსა ვადევნებ
კაცთა ვნებათა ღელვასა - 
ისე ვცნობ კაცის ბუნებას,
როგორაც ღრუბელთ ელვას.

მყინვარი

  ეგ მართალია, ბატონო,
ვიდრემდის ცხვარი ცხვარია - 
ან უნდა მგელი მოისპოს,
ან ცხვარი გააცალია,
ერთად იმათი ცხივრება
მეტად შეუძლო არია,
ან ძაღლი უნდა, რამდენიც 
ფარაში თხა და ცხვარია.

იალბუზი

  მე ისიც ბევრჯელა ვნახე,
რომ კრავსა სცემდეს კრავია.
ცხვარს მტრადა მგელი არა ჰყავს,
ბევრჯელ თავისი თავია.
მაშასადამე, ბუნებაც
თავად ცხვრებისაც ავია...
საფიქრებელიც ესაა,
პირველი საკითხავია.
სპეროზავ, შენაც წარმოსთქვი
კამათის გასარკვევადა.

სპეროზა

  რამდენი ჯიხვი ჯიხვისგან
ნაცემი ჩადგა ხევადა,
გადაგდებული კლდეზედა, 
გულს დამსობია ეკლადა.
,,მართალი არის, მართალი!'' -
ბორბალამა სთქვა ხელადა...
მან როდი დაიგვიანა
კვერისა დასაკვრელადა...


იალბუზი

  ჰო და განვაგრძოთ თათბირი,
უფალი გვყვანდესთ მცველადა:
დიაღ, ბუნება კაცების
არის სხვადასხვა ჯურისა,
როგორც ცხოვრების პირობა 
ერთი-მეორეს უდრისა.
ვნებათა ღელვაც დიდია,
ხომ უწყით კაცთა შორისა -
ეს არის ამრევ-დამრევი
უსწოროსი და სწორისა.
იქ ბოსტანს რა ახეირებს,
საცა დინგი სთხრის ღორისა!
ამიტომ ადამიანნი
ბოსტნებს ავლებენ ღობესა
და ნათესიან ადგილებს
გააშორებენ ღორებსა.
რომელიც ანგრევს სიმაგრეს,
იმასა სცემენ ტორებსა.
ადამიანნი თავის თავს
დღესა, ხვალე თუ გვიანა,
მოუძებნიან წამალსა, -
რამაც კი დააზიანა 
კაცთა საერთო ცხოვრება,
მათი ძმობა და ერთობა.
ჩვენზე ვთქვათ რამე, კაცებზე
ეს საუბარიც გვეყოფა.


მყინვარი, ბორბალა და სპეროზა
(ერთად)


  ვისაც კი ფეხი დაუდგამ
ჩვენს ქედზე ერთხელ, ოდესა
ჩასული ბარად, დღე და ღამ
უნდა ამაზე ჰბჭობდესა:
ყველას გული და გონება
ჩვენსკენ მუდამ-ჟამს რბოდესა....
ჩვენი სახელი, დიდება
ჩვენვე გავთელოთ ფეხითა?...
ვით განვაცხადოთ უარი? -
უნდა მოვიქცეთ ხერხითა.
გამდგარნი, მოღალატენი,
მთებო, რას დაიკვეხნითა!..

იალბუზი

  და იცით, ძმებო, რა გითხრათ,
ყური დამიგდეთა კარგადა:
ერთობის მცნება მთათ შორის
მაჩნია უხმარ ბარგადა.
ერთხელ რაც ძალა შეგვძინა
ღმერთმა იმავე თავითა,
მას ვერც შევმატებთ, ვერც შევკვეცთ,
ვერც ხვეწნით, ვერცა დავითა.
რა ვქნა, ვერ შევძლებ მე მეტსა:
რაც ვარ, იმადვე დავრჩები,
ძველს წესზე უნდა ვაცხოვრო
ფრინველები და მაჩვები -
ძველებრივ ვადენ მდინარეთ,
ნისლებს დავიყრდნობ მკერდზედა;
მზისა და მთავრის სხივებსა
კვლავ დავისვენებ მხრებზედა.
მე მგლებს ვერ გავწყვეტ, ვერც ვეფხვებს:
მომერგებიან შვილადა,
თუმც მაჯავრებენ ბევრჯელა,
ავობენ თავის წილადა,
არ დაგიდევენ ერთობას,
შვლებს, ჯიხვებს სჭამენ წყვილადა.
მე ვერ მოვითმენ, არწივნი,
ქორები გასწყდნენ ღივადა.
როცა არწივი მიმოქრის,
მე ვერ მივიღებ ცივადა, -
შემომთამაშებს თვალ-წარბში,
საამურია ფრიადა.
ნუთუ კაცს თავის შვილები
არას უხდენენ შინადა?
რა უყოთ, ესეც დაუტევს
კაკბებს, როჭოებს საჭმელად,
მაგრამ კაცთ მიერ ზარალთან
ეს განა კი ღირს სათქმელად?!


ბორბალა

  მართალი არი, კაცებთან
ჩვენ არას გვარგებს ერთობა,
ათასჯერ ფიცით შევიკრნეთ,
კაცი ვერ-როგორ გვეძმობა.
ბალახს ჩვენს მკერდზე მოსთიბავს
მწვანესა ყვავილიანსა,
მოჰკლავს ჩვენს გაზრდილ ნადირსა,
ხორცს უქებს მარილიანსა.
ცხვრითა და ძროხით გაგვქელავს,
როგორც დღესნამდე გვქელავდა, 
ჩვენის სისხლ-ხორცით ნასუქებს
ცხვარსა და ძროხას სწველავდა.
მიაქვს და აღარა მოაქვს
წაღებულისა ბადლადა.
თუ ჭკვა აქვს, ამას დასჯერდეს...
ჩვენს ეს გვეყოფა მადლადა.
ჩვენც მაინც უარს ვერ ვეტყვით, 
როგორც არ გვითქვამ არც როსა,
და თუ რომ ერთი მეორეს
კაცი აყენებს შავ დროსა, 
მეტად სარგებლობს ჩვენითა, 
მეტსა ჰზრდის ცხვარსა და ხბოსა, 
მეტს ისაკუთრებს ჩვენს ამაგს, 
თავზე მოჰყივის ის ბრბოსა -
ეს თვით კაცთ ივარაუდონ,
თუ აქვსთ ერთობა მიზნადა.
  თავს ჰხრის მყინვარი, სპეროზა,
მოძმის თანხმობის ნიშნადა.


იალბუზი

დიაღ, თუ ჭკვა გვაქვს ჩვენ, მთებსა,
ცოტა რამ ცოდნა თავისა,
ერთობის ფარგალში ვცხოვრობთ,
ჩვენში ერთობა ჰყვავისა -
დიდი ხნიდანვე, არა დღეს,
ეს კაცთ ვერ გაუგავისა.
აბა, თუ ვსტყუი, მითხარით,
პირში ნუ მომეფერებით:
გშურსთ ვისმე ჩემი სიმაღლე, 
რომ ვსდგევარ ყელ-მოღერებით?
ვიცი, რომ არა, და მიტომ
არც ველი თქვენგან პასუხსა;
სხვას რას მიმატებს სიმაღლე,
თუ არ ტანჯვასა და სუსხსა?
მაგრამ მეც ბედნიერი ვარ 
სხვა გორაკებთან ერთადა,
თუ თავზე მცივა, წელ-გულით 
ბედნიერი ვარ ბევრადა....
თქვენიდან გადმოხიზნული
ნადირ-ფრინველნი, ნისლები
მომივლენ უკრძალავადა,
როგორც დედასა შვილები:
საჭმელსა სჭამენ, სასმელს ჰსმენ,
მოსწონთ მწარე თუ ტკბილები.
თქვენთანაც ეგრე მოდიან
ჩემს მკერდზე გამოზრდილები.
ჩემთ ღრუბელთ ნამი თქვენ გნამავთ,
თქვენისა მე მესხურება,
როგორაც თქვენა, ეგრევ მე 
ცა ქუდად დაგვეხურება.
მიაქვს ჩვენიდან ვისც რა ჰსურს, 
რად ვინმე დაგვემდურება?
ჩვენის ამაგით სარგებლობს
და არც ჩვენ მივდევთ გინებით,
მიჰხედ-მოჰხედეთ თქვენს გულ-მკერდს,
სულ სავსე არის ბინებით.
როგორც დღესნამდე მადლს ვსთესდით,
დღეიდგეც ასე ვიქნებით.

(ქვეიდან მოისმის ხმა დედამიწისა)

,,მეც თქვენთანა ვარ აზრითა!'' -
ისმის ჯურღმულით გუგუნი,
ისმის ხმა დედამიწისა,
როგორც ხარ-ლაღის ბუბუნი.
მთელმა სამყარომ ამ ჟამად
დაიწყო ნძრევა-ჩუჩუნი.


მყინვარი

მართალი არის, ეხლა-ღა
გადამეწმინდა გონება,
მთათ შორის, თუ კარგა განვსჯით,
არსა არ არის მონება.
თუ არწივს ტევის ნება ქვს,
ვეფხვს კლანჭის ქნევის, რჩოლისა, -
კაკაბს და ჯიხვსა თანაბრად 
გახიზვნისა და სრბოლისა.
იმიტომ მოვკალთ არწივი, 
რომ არს მამაცი, მალია,
რომ ლეში უყვარს საჯიჯგნად
და საწიწკარად ძვალია,
და ვეფხვი, რადგან ძალ-ღონე
იმათ არ დაუმალია??
ვეფხვ-არწივების ტაცებით 
დღემდის არ გასწყდა გვარები
და, მადლობა ღმერთს, საკმაოდ
დის ნადირ-ფრინველთ ფარები!
სით, როგორ გავაბედენო
ერთი-მეორის ცალები?
ათი-ათასს სჯობს ტრედს, კაკაბს
მარტო არწივის თვალები.
თუ მის ყეფაც არ მესმის,
არ ვნახე ვეფხვის ხალები,
მესმოდეს კაკან-კნავილი,
გულისა გასაწყალები?
ჩემს მკერდს ჰკაწრავდეს მხოლოდა
უჯიშო, ლაჩართ ბრჯღალები?!
ვერ შეიგუებს ამ აზრსა
ჩემი სისხლი და ძვალები.
ერთს თუ ვიბრალებთ, მეორეც
დიაღ არს შესაბრალები.
ვით არ ვხედავდე არწივსა,
იმას კი ვენაცვალები?!


სპეროზა

რასაც თქვენ ამბობთ, ვაჟკაცნო, 
მეც მაგისი თქმა მეწადა:
ერთობის აურ-ზაური
არ მიმაჩნია ბეწვადა!
მთებს რაც ძალა გვაქვს, არ ვზოგავთ, 
ვინც დაეწვდება, მისია, 
საძმოა, საერთო არის
ნადირთ-ფრინველი მთისია, 
ხელსაყრელია ყველასთვის
წყარო ნაჟური კლდისია
სამეჯლი(შ)სოდ აქვს კაცებსა
ყანწები ჯიხვებისია.
როს მიუხედით კარზედა,
როდისა ვკითხეთ ვისია?
მაგრამ თუ საწყალთ გაიგეს,
ვინაც კაცთ შორის ჰრევია,
რომ ჩვენ არ ვწუნობთ არწივებს, 
რაც უნდა იყოს ბევრია, 
არც მგლებს და ვეფხვებს, არც მელებს, -
ნადავლი დაუთრევია,-
წყევლას გვეტყვიან, მთა მთას ჰხვდეს, 
ხევს მიეჯახოს ხევია,
რადა? და მადა, არ ესმისთ
მათ მოსაზრება ჩვენია,
ვერ შაიგნებენ, რომ მთები
არწივთ ნავარდსა სჩვევია,
არ ვთვლით ზარალად, რაც სისხლსა 
სთხევენ და დაუთხევია.
არ ესმისთ, რომ ღმერთს გვაყვარებს
მთად მოარული დევია;
იმას რომ ვხედავთ, ვლოცულობთ
ყველა ამის ვართ მთქმელია,
რომ არ აიღოს უფალმა
საწყალს, მთებზედა ხელია;
გვაცხოვროს მადლიანადა
არ ვიყვნეთ ცოდვის მქნელია,
არ გაბატონდეს ჩვენზედა
ბოროტი, კარგის მსრველია.


იალბუზი

კაცნი ერთობას მთებისას
ვერაფრით დაიწუნებენ,
თუ მაღლა მფრინავს ოცნებას
სიწყნარით დაიდუნებენ;
ჩვენს წრეში აგვწონ-დაგვწონო
პირდაპირ, მიუმდგარადა
ღმერთმა გვაშოროს, მოვიქცნეთ
ჩვენც ადამიანთ გვარადა:
თუ ერთმა მეორე ერი 
დაიპყრო, დაიმონავა,
გაანადგურებს, გაჰქელავს, 
არ შაიბრალებს ოდნავა;
სულს აძრობს, ჰკვეთავს ენასა,
არ ათქმევინებს სათქმელსა,
თავის ენაზე, თვის რჯულზე
არ ანთებინებს სანთელსა.
ვინ მოსთვლის, უსამართლობას
საწყალს დაჰმართებს რამდენსა!
ღმერთმა გვაშოროს, არ ვიზამთ
ჩვენ მაგისთანა რამესა!...


მყინვარი, სპეროზა  და  ბორბალა

(ერთად)

ღმერთმა გვაშოროს მსგავსი რამ
მთა-ჭიუხების არესა,
როგორ შევხედოთ პირნათლად
მაშინ მზესა და მთვარესა;
ვით შევხვდეთ მქნელნი მაგგვარის
ჩვენ გათენებულს ღამესა!
გაზაფხულს აღტყინებულსა,
ყვავილით ნაქარგს მწვანესა;
წმინდა სულების კრებასა,
ცრემლს, იმათ თვალთა ნადენსა!


იალბუზი

მთათა ბუნება არ სწყრება
სხვადასხვა ენათ სმენითა,
ისევე ვსტკბებით ღმუილით,
როგორც შურთხების სტვენითა.
ჩვენ როდი უშლით დათვ-მგლებსა,
თავი გაირთონ ლხენითა!
კაკაბი, როჭო, არწივი
სხედან თუ ვლენან ფრენითა,
ამბობენ, რაცა სწადიანთ,
თავის მშობელის ენითა.
ვით დაუწუნონ სვავებსა
გრძნობის გამოთქმა ქშენითა?
ყორნები დაყრანტალებენ,
ყვავნი ჩხავიან კრებითა.
როცა არწივი თამაშობს,
გულს ინავარდებს ყეფითა;
წყალნიც მიდიან მოსთქვამენ
ათასნაირის ხმებითა.
ნუთუ ეს სხვადასხვაობა 
არ მოვიხსენოთ ქებითა?
ყველა ერთს ხმაზე ვამღერნოთ,
დავკარგოთ დიდი ლაზათი?!...
სით შევიგუოთ უმსგავსი
უმსგავსთა კაცთა ადათი?
იმაზე ცუდი რაღაა,
განვსხვავდებოდეთ არათი?
თუ თანახმა ხართ, ბარს მივძღვნათ
ამ შინაარსის ბარათი:
ეცადოს საუკეთესო
მან შეიკეროს ხალათი,
ესწრაფოს თავისუფლებას, 
ცხოვრება ჰქონდეს ხალბათი;
თუ ვინმე გაბატონდება,- 
მოსპოს შნოება, ლაზათი, _
იმას ეურჩოს, შეჰმართოს 
და გაუწიოს კამათი.



მყინვარი

სწორია, ბატონობასა, 
ერთი მეორის ჩაგვრასა
ვერ მოვიწონებთ ვერა დროს, -
აშკარად ვამბობ ამასა.
ერი ერისგან ჩაგრული,
თუ კაცი კაცის მიერა,
უღმერთობაა დიადი,
გულის საკლავი ძლიერა;
ერთი მეორის წყალობით
რად უნდა იყოს მშიერა
სულით და ხორცით? ეს მეტად
კაცთ დამამცრობი წესია.
ჩვენ ყველას ვაძღობთ , თუმც ცოდნით
ჭკუა არ გაგვილესია,
ამმაღლებელი გონების
ცოდნა არ დაუთესია
ჩვენში არავის, ხალხში კი
აუარები სთესია,
ქრისტედან მოყოლებული
მრავალზე უმრავლესია,
და ქრისტეს წინად რამდენს სხვას
საცოდნი დაუკვესია...
სირცხვილი არი შენთვისა,
ბარო, რომ ეგრე ჰკვნესია!
აბა, ვიფიქროთ კარგადა, 
მართლა არ არის ესია?!



სპეროზა

მართალი არი: საწყალ მთებს 
სად გვინახია ანბანი?
ჩვენში, კაცთ შორის რაც ხდება,
ღმერთმა გვაშოროს ამბავი.
წერაც-კი არავინ ვიცით,
ვგონებ, არ ვსტყუი, ჩვენშია.
კალამი ჩვენგან არავის
არ აუღია ხელშია.
ჩვენი გონება ცოდნითა
არავის გაუგერშია.
რაც გავჩნდით, ისევ ისა ვართ
ამ ასი-ათას წელშია.
ჩვენ არცავის რა წავართვით, 
არცავინ დაგვიჩაგრია.
მართალსა ბრძანებთ, ნათქვამი
მეც მომწონს,სწორედ აგრია.
მაგრამ წერილმა ბარიდან
კინაღამ ჭკვიდან აგვრია.
ერთობის ჭექა-ქუხილმა 
კინაღამ ხელი დაგვრია.



ბორბალა

მეც ეგ რა მიკვირს, უცბადა
რამ დაგვძრა, აგვაჩოჩქოლა?
ჩვენსა ვწუნობდით ზნე-წესსა,
თავზე ვიყარეთ ქოქოლა.
რაიყო? საიდან მოხდა
ამ გვარ ფიქრების მოწოლა?
მთანი მთობასა ვწუნობდით,
არ გიკვირსთ, მოხდა როგორა?
მიტომ,რომ რასღაც ვეძებდით
ზესთა ბუნების ნასახსა,
უცხოს, უჩვეულებრიოს
მზესა, ჰაერს და ბალახსა:
მოგვწყინდა ერთგვარი ყოფა,
გმობა დავუწყეთ ალლახსა
და როცა კარგად დავფიქრდით,
ახლა ვგმობთ ნაფიქრ-ნაძრახსა.
კიდევ კარგია, რომ ადრე
შავიგნეთ ჩვენი შეცდომა,
ავყევით სხვათა ფეხის ხმას,
ვისურვეთ ღმერთად გახდომა,
ჩვენისა ბედნიერ ყოფის,
ჩვენისვე თავის წახდომა.



იალბუზი

(ბორბალას)

შენ სცდები, დარბაისელო,
ეგ ფიქრი არა გვქონია
არა დროს, - ღმერთად გახდომის,
უჭკოსგან მოსანდომია.
მხოლოდ უკეთეს ყოფნისა
ვინაც კი არი მდომია,
არ არის დასაძრახისი...
ადვილად მისახვდომია, 
გაცნობა თავის-თავისა
პირველი საქმე მგონია.
დღეს ვსცანი დაკვირვებითა
ჩვენი ძალი და ღონია,
სიავ-სიკეთე თავისა,
ერთობის შესაწონია.
მეტს არც რას ვეძებთ, არცა ვთხოვთ,
მთათა ერთობა კარგია.
ან რა ვიჩივლოთ, ვეძებოთ,
ხომ არა დაგვიკარგია!
მაგრამ თუ შევძლებთ, რომ ბარსა,
შევუმსუბუქოთ ბარგია,
ხმა მივცეთ გამამხნევები, 
ნუთუ ეს არა ვარგია?
უჭირს საბრალოს, ალბათა
იმიტომ შემოგვღაღადებს,
და რა შნო არის ჩვენთვისა,
იმის დაბა და ქალაქებს,
ბაღებსა ია-ვარდიანს,
იმის კოპწია ალაგებს - 
არ მივცეთ აქით ლიტონი,
ხმა მაინც თანაგრძნობისა,
ნიშანი ჩვენის კაცობის
და ჩვენი ცოცხლად ყოფნისა?!
კაცთა გარეშე ბუნება
იგივა, რაიც ჩვენია:
იცხოვრებს ისე, როგორაც
თვით უფალს გაუჩენია.
ფრინველთ და ცხოველთ სამეფო,
უეჭველია, ბარისა -
იქნება იმავ რჯულზედა,
რაზეც დღესნამდე არისა;
მის ფიქრი ერთობაზედა
ამ მხრივ უცვლელი დარჩება
და საკამათო საგანი
მხოლოდ კაცთ კრებულს შაჰრჩება.
ამიტომ გვმართებს წერილი,
თუმც გვიკიჟინებს სპეროზა
უცოდრობასა, - არც სტყუის, -
ვპოვოთ, რომ დაგვიწეროსა -
მწერალი, ჩვენი აზრები
ანუსხოს ცხადად, მჭევრადა,
მაშინ ის აღარ იქნება
სხვის ხმის ამომძახ ქვევრადა.
ბარს რომ ვახსენებ, ვგულისხმობ
კაცთა გარეშე სფეროსა:
მინდორ-ველს ცხოველებითურ,
სიტურფით გასაშტეროსა,
წყალ-ჭალებს დამწყაზრულებსა,
მოსაგრილებელს ჩეროსა,
ვარდს ფურჩქნილს მაისისასა,
იქვე ხმელს ჯოყრის ღეროსა.
ჰსურდეს უარყოს ნააზრი
ჩვენი, - ჰსურს დაიჯეროსა.
და რომ არ ვამცნოთ პასუხი,
გამოსადეგი რაშია?...
რომ წიგნი დავაწერინოთ,
ისეთს ვის ვპოვებთ მთაშია?
ჩაფიქრდნენ მთები ერთობლივ,
ჩაჰკიდეს თეთრი თავები,
სახეზე ეკრათ ყვითლად
უთვალავის წლის ლაქები,
თვალი არ მოჰშორდებოდა,
იყვნენ ისეთი კარგები.
გულ-მკერდი სალის კლდისა აქვთ,
სუფრად უდგიათ ზვავები.

დავყავი ორ ნაწილად. (I ნაწილის დასასრული)
გაგრძელება(II ნაწილი)შემდეგ გვერდზე.

იმერეთს.ვაჟა-ფშაველა.

ერთხანად ჩემო მძრახაო,
ლიხს აქეთურო დედაო!
გხედავ, რომ შამრიგებიხარ,
მით შენთან სალამს ვბედაო.

შაერთებულად შენშია
ქართლსა და კახეთს ვხედაო.
ფარ-ხმალო საქართველოსავ,
სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!

ეს მომწონს, თავის ქვეყნისა
კარებს რო მაგრად ჰკეტაო.
ვნება არ ასცდეს, სავნებლად
ვინაც შენ გაგიმეტაო!..



რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს.

(სიმღერა)

რა- გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელა,
რომ გულმა მაილხინოსა,
მურის მაგივრად არა სჯობს,
პირს ვარდი მოიფინოსა?!
რა კაცი ჰქვიან იმასა,
ვინც ჯავრის ხდება ვირადა!
ადე, შაჰხედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა!
წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა;
რაც უნდა უძლური იყო,
თავს სცნობ უსწორო გმირადა....
არავის არ დაედები
ტყლაპად და ქალმნის ძირადა,
მოზღვავებული ნაღველი
მოგეჩვენება ლხინადა.

1890 წ.დეკემბერი.

ვაჟა-ფშაველა.

четверг, 13 июля 2017 г.

ქართული ეტიკეტის შესწავლის წყაროები და ისტორიოგრაფია.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ქართული ეტიკეტის შესწავლის წყაროები და ისტორიოგრაფია

ქართული ეტიკეტის ისტორიის შესასწავლად ძველ ქართული მწერლობის თითქმის ყველა ძეგლი შეიცავს რაღაც საინტერესო ინფორმაციას, მაგრამ რამდენადაც წინამდებარე, ნაშრომის ამოცანაა ქართული ეტიკეტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილის ღვაწლის ჩვენება, აბსოლუტურად ყველა წყარო არ იქნება განხილული. შევეხები მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, რომელთაც თავად ივ.ჯავახიშვილიც ხშირად მიმართავს თავის კვლევა-ძიების პროცესში.

ეტიკეტის ესა თუ ის გამოვლინება ქართული მწერლობისათვის ყოველთვის იყო ინტერესის საგანი. მაგალითისთვის იკმარებდა თუნდაც იაკობ ხუცესის «შუშანიკის წამების» დასახელება. მასში მოთხრობილია, რომ სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა გამართა პურობა და შუშანიკიც მოაყვანინა, რომელსაც მისი მაზლის ჯოჯიკის ცოლმა ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა. შუშანიკი განრისხდა, ხელი გაჰკრა მოწოდებულ ჭიქას და თქვა: «ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური?». ეს ნაშრომი V ს. ძეგლია და ჩვენ ვიგებთ, რომ მაშინ ქალისა და მამაკაცის, თუნდაც ოჯახშიც ერთად სუფრასთან დასხდომა და ჭამა არ ყოფილა მიღებული. ტრადიციის ხელყოფამ გააცოფა შუშანიკი. იგი ტრადიციის დამცველად გვევლინება, არა მარტო მოცემულ კონკრეტულ მომენტში, არამედ საერთოდ და ძველი წესი, მამაპაპური ჩვეულება მისთვის იარაღია, საშუალებაა რჯულშეცვლილი ვარსქენის წინააღმდეგ. მართალია, «შუშანიკის წამება» სასულიერო მწერლობის ძეგლია და არა საისტორიო თხზულება, მაგრამ იგი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ძვირფას წყაროს წარმოადგენს იმდროინდელი ჩვეუ ლებების შესასწავლად. იაკობ ხუცესმა ეს ყოფითი დეტალი დააფიქსირა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ თელავდა გამაზდეანებული ვარსქენი მშობლიურ ტრადიციას. აქედან ის დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ წინაპართა წესის (ეტიკეტის) დარღვევის თუ დაცვის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და ყოველთვის უკავშირდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მიმდინარე პროცესებს.

ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დაისვა მოგვიანებით XVII-XVIII საუკუნეებში, როცა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლით მეტად სავალალო მდგომარეობა შეიქმნა და უცხოურმა გავლენამ, მეტწილად ველური და ჩამორჩენილი ხალხებიდან მომდინარემ, დიდი ზიანი მიაყენა ქართველი ერის თვითცნობიერებას. აი, რას წერს ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: «არამედ წესნი ესენი რომელიმე ფლობასა თათართა ყეენობისასა შეიშლებოდნენ, ვითარცა დაბლა ნოხთა ზედა სხდომანი, ეკლესიასა შინა მოუჴდელობა ქუდისა თუ არა ჟამად (...) და სხუანიცა უჯერონი მრავალნი» . მეფე-პოეტი თეიმურაზ I ისე ძლიერ განიცდიდა სპარსულ გავლენას, რომ ხაზგასმით აღიარებდა: «სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი»-ო [42,4:I]. მისი შეფასებით «მძიმეა ენა ქართველთა, ვერ ძალმიც მისებრ (ე.ი. სპარსულისაებრ, დ.ს.) თხრობანი»-ო . სწორედ ამგვარი ტენდენციის დასაძლევად, ხალხში ფართოდ გავრცელებული უზნეობათა აღმოსაფრხველად და დავიწყებული ქართული წეს-ჩვეულებათა აღსადგენად დაიწერა არჩილ მეფის თხზულება «საქართველოს ზნეობანი», სადაც იგი ჩამოთვლის ზრდილი ქართველის, არისტოკრატის სასურველ ქცევის ნორმებს.

არჩილის ეს ნაწარმოები განიხილა ს.ჯანაშიამ, რომელმაც აღნიშნა: «შესაძლებელია, ეს წესები ყველა ქართულ ნიადაგზე განვითარებულიყო, თანდათანობით, დროთ განმვლობაში, თუ ზოგიერთი მათგანის წარმოშობის ძირი საქართველოს გარეშე უნდა ვეძიოთ? ჩვენი ძეგლის (ე.ი. «საქართველოს ზნეობანის», დ.ს.) ერთი ადგილი თითქოს პირდაპირი პასუხია ამ საკითხისა. თავისი თხზულების ბოლოში იგი (ე.ი. არჩილი, დ.ს) ამბობს:
 «საქართველოში იტყვიან სამას სამოცდა ხუთსაო
 ზნეობას, სხვას არ აგდებენ ქყვეყანას, თუ
 არ მათსაო»
მაშასადამე, ეს ზრდილობა, არჩილის აზრით, წმინდა ქართული ზრდილობაა და სხვა ქვეყნებთან მას კავშირი არა აქვს. ამ განცხადებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას ვერ დავემყარებით. ამისთვის სხვა წყაროების შეჯერებაა საჭირო» .

არჩილ მეფეს, გარდა «საქართველოს ზნეობანისა» ამავე თემაზე აქვს დაწერილი შემდეგი ნაწარმოებები: «ლექსნი ასეულნი,» «ლექსნი ასნი ორმუხლნი», «ლექსნი ასდაათნი»

მეტად მნიშვნელოვანია თეიმურაზ II «გაბაასება დღისა და ღამისა» (იგივე «სარკე თქმულთა»), რომელიც ქართველთა ჩვეულებების აღწერას წარმოადგენს, ოღონდ ლექსის ფორმით [43]. ანალოგიური სახის ცნობები ჭარბადაა მოცემული XVII ს-ის მოღვაწის ფეშანგის პოემაში «შაჰნავაზიანი» . ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახუშტი ბატონიშვილის კაპიტალური ნაშრომი «აღწერა სამეფოსა საქართველოსა». ვახუშტიმ თავის ნაშრომს წარუმძღვარა სპეცილური თავი «ზნენი და ჩვეულებანი საქართველო-სანი», სადაც მომიხილულია ქართველთა ჩვეულებები ქრონოლოგიურ ჭრილში, ხოლო შემდეგ, ნაშრომის II ნაწილში ცალ-ცალკე დაახასიათა საქართველოს თითოეული კუთხე და მათი ზნე-ჩვეულებანი.


ქართველი მწიგნობრები არა თუ იყვნენ ეტიკეტის საკითხებით დაინტერესებულნი, არამედ ძველ საქართველოში საგანგებო ტრაქტატებიც იწერებოდა, რომელთა უმრავ- ლესობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ ასეთი რამ რომ არსებობდა ჩანს 1908წ. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნაპოვნი ქართული კულტურის ბრწყინვალე ძეგლის «ხელმწიფის კარის გარიგების» ტექსტიდან. თავად ეს ძეგლი რამდენჯერმე გამოიცა და ი.ანთელავას დაზუსტებით დაწერილია დავით ნარინისა და მისი შვილის კონსტანტი- ნეს მეფობისას - XIIIს. 90-იან წლებში ქუთაისში სამეფო კარის ერთ-ერთი ეჯიბის მიერ. «ხელმწიფის კარის გარიგება» მ.დოლიძეს ქართული სამართლის ძეგლად მიაჩნია. მაგრამ ასე არ ფიქრობდა ექ.თაყაიშვილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ «კარის გარიგება საერთოდ ოფიციალური აქტი არ არის» . ასეთივე აზრისა იყო ივ. ჯავახიშვილიც, რომელიც მიუთითებდა, რომ მას «ოფიცილური ხასიათი არა აქვს, კანონმდებლობის შედეგი არ რის, არამედ მოქმედ სახელმწიფო სამართლისა და წესის აღნუსხვაა» , ცოტა ქვემოთ კი საბოლოოდ ასკვნიდა, რომ «კარის გარიგება ოფიციალური კანონმდებლობის ძეგლი არ არის» .

 «ხელმწიფის კარის გარიგება» საგანგებოდ შეისწავლა და გამოსცა ივ.სურგულაძემ, რომელმაც დაასკვნა, რომ «კანონი არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს აქტი, რომლითაც გაბატონებული კლასის ინეტერესების შესაბამისად მყარდება საკანონმდებლო ნორმები. რამდენადაც კანონს სავალდებულო ხასიათი აქვს, ამდენად იგი არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე საკამათოს. მასში არ შეიძლება ჩართული იყო ლექსები, მატიანეებიან ამონაწერები. «ხელმწიფის კარის გარიგებაში» კი მატიანეებიდან ამონაწერების გარდა მოცემულია აგრეთვე კამათიცა და ლექსიც კი. ამიტომ «ხელმწიფის კარის გარიგება» იმ სახით, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, საკანონმდებლო აქტად არ შეიძლება ჩაითვალოს».

მაშასადამე, ერთია ის, რომ «ხელმწიფის კარის გარიგებით» სახელმწიფო წეს-წყობილების მრავალი სამართლებრივი საკითხის გარკვევა შეიძლება, ხოლო მეორე კი, ის რომ იგი თავად სამართლებრვ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ისმება კითხვა: მაინც რა სახის ძეგლია იგი? ამჟამად აქ ამ საკითხზე ვრცელი საუბარი მიზანშეუწონელია, ვიტყვი, მხოლოდ, რომ იგი შეიძლება შევადაროთ თანამედროვე დიპლომატიურ ურთიერთობებში მიღებულ «ოქმს» ანუ «პროტოკოლს»,«ხელმწიფის კარის გარიგება» იგივე ხასიათის ძეგლი ჩანს, როგორიცაა კონსტნტინე პორფიროგენეტის «ბიზანტიის სამეფო კარის გარიგება» და ნიზამ ალ-მულკის «სიასეთ ნამე».

ასეთი ხასიათის ძეგლები სხვაც მოგვეპოვება,მაგ. «განგება დარბაზობისა». «წესი დ განგებაჲ მეფეთ კურთხევისა» ), მაგრამ აქ მათი სათითაოდ ჩამოთვლა და დახასიათება საჭირო არ არის. «ხელმწიფის კარის გარიგების» მიხედვითაც ნათელია,  რომ არამარტო საგანგებოდ შედგენილი ეტიკეტის არსებობა ძველ საქართველოში, არამედ მისი აღნუსხვაც ხდებოდა.

XIX-XX სს. უფრო მეტი ავტორი დაუინტერესებია ქართველთა ყოფის თავისებურებებს და თავიანთი დაკვირვებებიც წერილობითი ფორმით დაუტოვებით, რომლებიც გაბნეულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში თუ ცალკეულ მონოგრაფიებში. თითოეული მათგანი ძვირფასი წყაროა მოცემული საკითხის შესასწავლად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ღვაწლი, რომელთა დამსახურების ჩამოთვლაც კი ძალზე შორს წაგვიყვანდა. მათ მდიდარი საველე მასალები აქვთ შეკრებილი, თუმცა არა უშუალოდ ქართული ეტიკეტის შესასწავლად, არამედ ქართველთა ყოფის ცალკეული სფეროს - მატერიალური თუ სულიერი კულტურის, სოციალური თუ სამეურნეო ყოფის გასაშუქებლად. მაგრამ მაინც მეტნკლები მოცულობით შეიცავენ ეტიკეტის შესასწავლად საჭირო ინფორმაციას და ამდენად ძვირფას წყაროდ უნდა იქნენ მიჩნეული. მათ მიერ ისეთი მასალებია დაფიქსირებული, რომლებიც ადრინდელ ავტორებს არა აქვთ აღნიშნული და მითუმეტეს, დღეს უკვე ძალზე ძნელია, თუ შეუძლებელი არა მათი ყოფაში დამოწმება. ამიტომ საჭიროა ს.ჯნაშიას ზემოთმოყვანილი მსჯელობის გავრცობა, კერძოდ კი, ეთნოგრაფიული მასალებით დადგინდეს ქართული ეტიკეტის ნორმები და იგი შეუდარდეს სხვადასხვა ეპოქის ისტორიული წყაროებით დადგენილ ანალოგიურ ნორმებს. ამ გზით მივიღებთ კრიტიკულად დადგენილ ზუსტ სურათს - თუ როგორი იყო ქართული ეტიკეტი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, როგორი იყო მისი ცვალებადობის დინამიკა, რა იწვევდა ამ ცლილებებს, რომელი ხალხების და კულტურების გავლენით ხდებოდა ეს ცვლილებები და კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა იგი.

ეტიკეტთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ქართულ ისტორიოგრაფიაში მხოლოდ კანტიკუნტადაა საუბარი. პირველი ვინც ამ საკითხის ინტენსიური კვლევა-ძიება დაიწყო იყო ივანე ჯავახიშვილი. რადგანაც ამ საკითხს ქვემოთ საგნგებოდ შევეხები, აქ არაფერს ვიტყვი. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ იმ მოცულობითა და სიღრმით, როგორც ივანე ჯავახიშვილი უდგებოდა საკითხს, ჯერ არავინ შეხებია. თითოეული ავტორი ქართულ ეტიკეტს ეხება იმ დოზით, რა დოზითაც მის ძირითად საკვლევ საგანს უკავშირდება. აქ ცალკეა ქართველი ეთნოლოგების ღვაწლიც აღსანიშნი. ისინი იკვლევედნენ და ახლაც იკვლევენ ქორწინების წესებს ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით, სუფრის წესებს კვების პრობლემებთან დაკავშირებით, გლოვის წესებს მიცვალებულის დაკრძალვისა და წინაპართა კულტთან დაკავშირებით და ა.შ. თითოეულ ამ ნაშრომში, რომელთა ჩამოთვლაც კი ძალზე დიდ ადგილს დაიჭერდა, არაერთი კონკრეტული საკითხია შესწავლილი და მიღებული შედეგები მეტად ფასეულია, მაგრამ არცერთი ეს ნაშრომი არ არის სპეციალურად ეტიკეტის საკითხებისადმი მიძღვნილი. ერთია საკითხის სპეციალური შესწავლა და მეორე მოცემული საკითხის ფრაგმენტების კვლევა სხვა პრობლემასთან კავშირში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთია გრკვეული საკითხით დაინტერესებისას ურთიერთობის ტრადიციული ფორმებიც თუ წამოყოფს თავს და გარკვეულწილად აირეკლება მკვლევარის შემოქმედებაში, ხოლო მეორეა მისი სპეციალური შესწავლის საგნად ქცევა.

ეტიკეტის კვლევა მოიცავს ძალზე ფართო სპექტრს, მაგრამ პირველ რიგში იგი თავად ეტიკეტის ნორმათა დადგენას გულისხმობს. ეთნოსის ყოფიდან ამ ნორმათა გამოცალკევებისა და მათი მთლიანი ჯაჭვის დადგენის გარეშე ეტიკეტზე საუბარი ზედმეტია. მაგალითისათვის მოვიყვან ნ.აბაკელიას მეტად საინტერესო წიგნს «სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში.» ავტორი ამ ნაშრომის სპეციალურ თავში «წმინდა საკვების სიმბოლური მნიშვნლობა და მასთან დაკავშირებული რიტუალები ქართულ კულტურაში» საზეიმო და სამგლოვიარო სუფრის წესებს ეხება და აღწერს კიდევაც სუფრის გარკვეულ ეტიკეტს. მაგრამ ამ ნაშრომში თავად ეტიკეტის კვლევა არა გვაქვს, რადგან ავტორის მიზანი სულ სხვაა. იგი ამ ჩვეულებებში მოცემულ საკრალურ ფესვებს ეძებს, რომლის ანალიზის შემდეგ ასკვნის: «აღნიშნული საკითხის ზედმიწევნით შესწავლამ და დაჯგუფებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ საქართველოში საყოველთაოდ გავრცელებულ აღნიშნულ პრაქტიკას ქრისტიანული საკრამენტულ მისტიკასთან, საეკლესიო საიდუმლო მეტაფორასთან უნდა ჰქონდეს მიმართება». ამდენად, თუ ეტიკეტის ნორმის დადგენა არაა ძირითადი მიზანი მკვლევარისთვის, საკითხის შესწავლა ეტიკეტის კვლევად არ ჩაითვლება. ყოველივე ამის აღნიშვნას ის დანიშნულება აქვს, რომ ხაზი გაესვას ივ.ჯავახიშვილის განსაკუთრებულ როლს ქართული ეტიკეტის შესწავლის საქმეში და მეორეც, ავხსნა თუ რატომ არ მიმოვიხილავ ქართველ ეთნოლოგთა უამრავ ნაშრომს, რომელშიაც ეტიკეტი მეტნაკლები სიდიდით თითქმის ყველგანაა წარმოდგენილი, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებით ისინი ეტიკეტისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოკვლევას არ წარმოადგენენ. ამიტომაც უნდა გავიმეორო, რომ ერთია საკითხის სპეციალური შესწავლა და მეორე, როცა ესა თუ ის საკითხი, რომელიმე სხვა საკითხის გაშუქებისას წამოტივტივდება და მკვლევარი იძულებულიცაა და ვალდებულიც მას ყურადღება მიაქციოს. ქართული ეტიკეტის შესწავლის თვალსაზრისით სწორედ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მკვლევარს, რომელიც იკვლევს ქორწინების ინსტიტუტს, დაკრძალვის წესებს, კვების საკითხს,
სტუმარ-მასპინლობის ტრადიციას და ა.შ. აუცილებლად მოუწევს გარკვეული სახის ეტიკეტის განხილვაც. როგორი ვრცელი და ამომწურავი არ უნდა იყოს ასე სხვა საკითხთან მიმართებაში ეტიკეტის პრობლემატიკის კვლევა, მათი გაერთიანებით ერის ეტიკეტი შესწავლილად არ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეტიკეტიც, ისე, როგორც ყველა სხვა საკითხი არის დამოუკიდებული მთელი, რომელიც, როგორც სამეცნიერო დაკვირვების ობიექტი, თავისთავადი სამეცნიერო ფასეულობისაა და იგი სპეციალურად უნდა იქნას შესწავლილი.

მიუხედავად ქართული ეტიკეტისადმი დიდი ინტერესისა, მისი შესწავლა ბოლო ხანებამდე არ დაწყებულა. ეს ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა, რადგანაც ჩვენი ძველი ისტორიკოსთა და მწერალთა (ი.ხუცესი, ჟამთააღმწერელი, ვახუშტი, არჩილი და სხვა) მიერ გამახვილებული ყურადღება ქართველ მეცნიერთათვის მეტი სტიმულის მიმცემი უნდა ყოფილიყო, რადგან ეტიკეტი ეროვნული თავისთავადობის უკეთ გამომხატვე-ლიცაა და უკეთ წარმომჩენიც.

ქართულ ენაზე უკანასკნელ ხანებში დაიბეჭდა გ.ჯოლიას. და ჰ.ჭიპაშვილის . წიგნები. თავიანთი შინაარსით ისინი უდავოდ საინტერესონი არიან, მაგრამ ისინი სამეცნიერო გამოკვლევას არ წარმოადგენენ, ეხებიან ზოგადად ეტიკეტს, როგორც საერთაშორისო და საქმიანი ურთიერთობის აუცილებელ საშუალებასა და მხოლოდ საგანმანათლებლო მნიშვნელობისანი არიან. ამიტომ მათი სპეციალური მიმოხილვა აქ საჭირო არ არის.

მიუხედავად ზემოთქმულისა, მეტად სასიამოვნოა, რომ ქართული ეტიკეტი, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დაკვირვების ობიექტი, ბოლო ხანებში ყურადღების საგანი გახდა და მიეძღვნა რამდენიმე სპეციალური ნაშრომი. საქართველოში ეტიკეტისადმი მკვლევართა ყურადღების მიქცევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ადიღეველმა მეცნიერმა ბ.ბგაჟნოკოვმა ხელი მიჰყო თავისი ხალხის სათანადო ჩვეულებების შესწავლას. მან თავისი პირველი ნაშრომი ამ საკითხზე გამოაქვეყნა 1978წ. . ამ წერილში ავტორმა თეორიულად ჩამოაყალიბა ეტიკეტის (საურთიერთო ნორმების) შესწავლის პრინციპები და ყოფითი კულტურის შესწავლის ამ სფეროს «ურთიერთობის ეთნო-გრაფია» უწოდა. ამავე წელს მანვე გამოსცა ცალკე წიგნად თავისი კვლევის შედეგები. და შემდეგ უფრო გავრცობილი სახის ნაშრომი შემოგვთავაზა. ყოველივე ამან ყოფილ საბჭოთა კავშირში ბიძგი მისცა ამ მეტად საინტერესო საკითხის შესწავლის დაწყებას. ამ პროცესში საქართველოც ჩაერთო. 1984წ. დაიბეჭდა აფხაზი ეთნოლოგის შ.ინალ-იფას ნაშრომი, რაც შეეხება ქართველი ერის ეტიკეტს, მისი შესწავლის საკითხი დაისვა 1991წ. გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში.

ქართული ეტიკეტის შესწავლა ძირითადად დაწინაურდა კვების საკითხებთან დაკავშირებით. 1995წ. გამოქვეყნდა თ.იველაშვილის ნაშრომი «ქართული სუფრის ეტიკეტი» . მომდევნო წლებში სათანადო ნაშრომები მიუძღვნეს ამ საკითხს გ.გოცირიძემ. და ნ.ჯიქიამ. V-X სს. ქართული ყოფითი კულტურის ვრცელ მიმოხილვასთან ერთად ეტიკეტის თემაზეცაა საუბარი ს.ჭანტურიშვილის წიგნში «ყოფა და კულტურა V-X სს. საქართველოში».

ქართველ ისტორიკოსთაგან ქართული ეტიკეტი არავის უკვლევია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეხება თითქმის ყველა მკვლევარი, რომლებიც კი მეფეთა კურთხევას, დარბაზობას, უცხო სახელმწიფოთა ელჩების მიღებას ეხებიან. ამ თვალსაზრისით საგანგებო აღნიშვნის ღირსია ი.ანთელავას., ვ.ნოზაძის., გ.სოსელიას ., ჯ.სტეფნიძის,. რ.ბურჭულაძის. შრომები. თითოეული ზემოთ დასახელებული მკვლევარები, მართალია, ეტიკეტის საკითხებს სხვადასხვა მოცულობით ეხებიან, მაგრამ არაფერს ამბობენ წინამდებარე ნაშომის ძირითად ამოცანაზე - ივანე ჯავახიშვილის წვლილზე ქართული ეტიკეტის შესწავლის საქმეში, ამიტომაც მათი ნაშრომების საგანგებო ისტორიოგრფიული დახასიათებაც საჭირო არ არის.

რაც შეეხება თავად ივანე ჯავახიშვილს - დიდ ისტორიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, მას გარდაცვალებიდან დღემდე უმრავი ნაშრომი მიეძღვნა, სადაც მისი ცხოვრებისა და ღვაწლის არაერთი მხარეა დაწვრილებით გაშუქებული, აღნუსხულ- დახასიათებული. ყველა ამ ნაშრომში თვალში საცემია სიტყვა «ფუძემდებელის» ხშირი გამეორება, რაც სულაც არ არის დიდი მამულიშვილის დამსახურების მოჭარბებული ემოციებით აღქმა. ივანე ჯავახიშვილი ფუძემდებელია არა მარტო კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლო ცენტრის - თბილისის უნივერსიტეტისა, არამედ ახალი ქართული ისტორიოგრაფიისა და მრავალი საისტორიო სპეციალური დისციპლინისა. ამას გარდა მანვე დაუდო სათავე სხვადასხვა უაღრესად საინტერესო საკითხის კვლევა-ძიებას. «ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ისტორიას იხილავდა მთლიანობაში, წერს მ.ლორთქიფანიძე, - მისი სულიერი და მატერიალური კულტურის ყველა მხარის წარმოჩენა მიაჩნდა აუცილებლად. რასაკვირველია, მთელი ამ დიდი ამოცანის სრულად გადაწყვეტა და ყველა ამ საკითხის შესწავლა თაობათა შრომას მოითხოვს, მაგრამ ივანე ჯავახიშვილმა მისი დიდი უნარის, ერუდიციისა და საქმისადმი თავდადების წყალობით შეძლო ის, რომ მისი მადლიანი ხელი საქართველოს ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხო».

წინამდებარე ნაშრომის ამოცანა არ არის ივანე ჯავახიშვილის ღვაწლის ყოველმხრივ დახასიათება, ამიტომაც არც იმ ნაშრომთა მიმოხილვაა საჭირო, რომლებიც მას ეძღვნება, მით უმეტეს, მათში არაფერია ნათქვამი ქართული ეტიკეტის შესწავლის საქმეში ივანე ჯავახიშვილის წვლილზე. ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ ა.გაწერელია. ეს გარემოება მათავისუფლებს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ლიტერატურის ისტორიოგრაფიული მიმოხილვისაგან. ისინი საჭიროებისამებრ ქვემოთ სათანადო ადგილას იქნება მითითებული.

-------------------------------------------------
*
თავიანთ წიგნში ჯონ ვუდი და ჟან სერე «დიპლომატიური ცრემონიალი და პროტოკოლი» აღნიშნავენ, რომ «პროტოკოლი ახდენს კოდიფიკაციას და შემოაქვს პრაქტიკაში ცერემონიალის წესები და განსაზღვრავს მათ მოქმედებას. ეტიმოლოგიურად სიტყვა «პროტოკოლი» ბიზანიტიის დიპლომატიაში აღნიშნავდა ზეიმისთვის შედგენილი დოკუმენტის პირველ ნაწილს, სადაც ჩამოთვლილი იყვნენ მისი მონაწილენი. დღეს პროტოკოლი აღნიშნავს წესთა ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც თითოეულ ქვეყანაში ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელნი არეგულირებენ წესრიგის დაცვას სხვადასხვა დიპლომატიურ ცერემონიებზე (...) ცერემონიათა ორგანიზაციის გარდა პროტოკოლი განსაზღვრავს მეთოდს, ჩარჩოს, ქცევისა და მიმოწერის, ჩაცმულობის ეტიკეტს - ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც აუცილებელია თითოეულის ადგილისა და პატივის უზრუნველსა-ყოფად, შესაბამისად მათი ოფიციალური მდგომარეობისა და რომელიც აღიარებულია სხვა პოლიტიკური და ადმინისტრაცი-ული ხელისუფლებისა და თავად საზოგადოების მიერ».

** ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (912-959) ხელნაწერი პირველმა გამომცემელმა ასე დაასათაურა: «Εκδεσις τής βασιλείον τάξεως («სამეფო გარიგების ნუსხა»), საიდანაც მომდინარეობს ლათინური სათაური: De caerimoniis aulae Byzantinae. ამ ნაშრომში «აღწერილია სამეფო კარზე მიღებული წესები სხვადასხვა შემთხვევებისათვის: ნათლობის, ქორწინე-ბის, მეფეთა კურთხევის, ელჩების მიღებისა და სხვა დროს»
.
*** ნიზამ ალ-მულქი, იყო სალჩუკთა სახელმწიფოს დიდი მოღვაწე, რომელსაც ჯერ ალფ-არსლანის და შემდეგ მალიქ-შაჰის ვაზირის თანამდებობა ეჭირა. მის კალამს ეკუთვნის «წიგნი გამგებლობის შესახებ» (სიასეთ ნამე), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კარზე ჩასატარებელი სხვადასხვა სახის ღონისძიებათა აღწერას. ანალოგიური სახის კრებულები სხვადასხვა დროს თითქმის ყველა ქვეყანამ შექმნა. მაგ. ლარუსის ვრცელი ენციკლოპედიაში ცერემონიალის განმარტებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში 1548წ. ანრი მეორის ინიციატივით შედგა პირველი ასეთი ჩვეულებების კრებული. ხოლო 1585წ. ანრი მესამემ შექმნა ცერემონიათა დიდი სახელმძღვანელო . რაც შეეხება რუსეთს აქ 1774წ. შეიქმნა პირველი დიპლომატიური პროტოკოლი,
რომელსაც ერქვა: «უცხო ქვეყნის ელჩთა ცერემონიალი სრულიად რუსეთის საიმპერატორო კარზე». 



დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 



,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''-დან.

ეტიკეტის საფუძვლები.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ეტიკეტის საფუძვლები.

        ივ. ჯავახიშვილის  წარმოდგენილი საარქივო მასალიდან ჩანს, მისი ინტერესის სფერო და კვლევის თვალსაწიერი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს ქართველი ერის ყოფა-ცხოვრების ისტორიის თითქმის ყველა ასპექტს, რომელიც, რა თქმა უნდა, მეტნაკლები სისრულითა აქვს თავის შრომებში წარმოდგენილი. საკითხი - თუ როგორ ცხოვრობდნენ უწინ ქართველები - არათუ იმ დროს, როცა ივ. ჯავახიშვილი აღნიშნულ თემაზე მუშაობდა, არამედ დღესაც ესოდენ მრავალრიცხოვანი გამოკვლევების ფონზეც - კვლავაც აქტუალურია. დაუმუშავებელ საკითხის ასე ვრცელი პანორამით განხილვის დაწყება, ფაქტობრივად მოითხოვდა მრავალი წვრილმანის დადგენას, მომიჯნავე თემების კვლევის პროცესში შემოტანას. სწორედ ამის გამოა, რომ ამ ზღვა მასალაში უშუალოდ ეტიკეტის გამოწიაღებას საგანგებო დაკვირვება სჭირდება. აქ ისიცაა აღსანიშნავი, რომ ივ. ჯავახიშვილს ეტიკეტი ვიწროდ შემოფარგლული პრობლემატიკით არც აინტერესებდა. მას სურდა მთლიანად იმ საკითხის ნათელყოფა, რასაც სათაურში მოიაზრებდა: „ყოფა-ცხოვრების წესებისა და ზნე-ჩვეულებების და ნივთიერი კულტურის ისტორია». მიუხედავად იმისა, რომ მან ამ დიდი განზრახვის შესრულება ვერ მოასწრო, შესრულებული სამუშაოც მეტად ფასეულია, რადგან მან კონკრეტული საკითხების გამოცალკე-ვებით მრავალ მანამდე უცნობ დეტალზე მიგვითითა და გარკვეული განზოგადებული დებულებებიც შემოგვთავაზა. მართალია, მეცნიერმა ამ დებულებების საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით წარმოდგენა ვერ მოასწრო, მაგრამ იგი (ქართული ყოფა-ცხოვრების წესების საფუძვლების განზოგადებული დებულებები) ნათლად იკითხება მის გამოქვეყნებული შრომებისა და საარქივო ხელნაწერების ცნობების მთლიანობაში გაანალიზებისას.

ივანე ჯავახიშვილის მიერ აღწერილი ქართული ყოფა-ცხოვრების წესები ძირითადად წარმოდგენილია ქართულ წერილობით ძეგლებზე დაყრდნობით, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოა V-XVIII სს. იგი იწყება V ს. II ნახევრის თხზულების „შუშანიკის წამებით» და მთავრდება XVIII ს. მოღვაწეთა ნაშრომებით (ვახუშტი, პ. ორბელიანი, თეიმურაზ II და სხვები). ამავე დროს გამოყენებულია ქართული კედლის მხატვრობა, მინიატურები, ქანდაკებები, რომლებიც ამავე ქრონოლოგიურ ხანას არ სცილდებიან. მეცნიერის დაკვირვების ობიექტია ყველაფერი ის, რაც დროის ამ ხანგრძლივ მონაკვეთში ქართველი ერის ყოფა-ცხოვრებაში მომხდარა: რა შეცვლილა და რისი გავლენით, რა გადარჩენილა და რისი წყალობით. ივანე ჯავახიშვილი ყოველთვის იკვლევს ყოფით რეალიასა და ქცევის წესთან ერთად იმ საფუძვლებსაც,რის საშუალებითაც ფუნქციონირებდნენ ისინი.


ივანე ჯავახიშვილი ერთ-ერთ თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ „ყოველ ადამიანსა და წრეს თავისი იდეალები აქვს, რომელთა მიღწე-ვაზეც ის ოცნებობს, ისევე იყო ძველადაც.  ამიტომ უნდა მაშინდელი ცხოვრების ზოგადი თვისებებიც ვიცოდეთ და სოციალ-ეთიკური იდეალებიც ძველ დროს ადამიანის პიროვნება მრავალგვარი გარემოებით იყო შეზღუდული და შებორკილი: ჯერ საგვარეულო წეს-წყობილება და ზნე-ჩვეულებანი, შემდეგ წოდებრიობა, პატრონყმობა, სარწმუნოებრივი მცნებანი და კანონ-წესები კაცის პიროვნების თავისუფალ განსახიერებას ზღუდავდნენ და მისი მოქმედებას საზღვარს უდებდნენ. ასე იყო ყველგან და ყველა ერთა წარსულში, ასევე იყო ძველად საქართველოშიაც» . აქ ნათლად არის გამოთქმული ადამიანის ქცევას თუ რა გარემოებები განსაზღვრავენ და თუ რის მიხედვით ფასდება ეს საქციელი კარგად თუ ავად. ამდენად, მეცნიერის მიხედვით „ძველ დროში», რომელშიაც მოცემულ შემთხვევაში სწორედ V-XVIII სს. იგულისხმება ქართველი კაცის „მოქმედების საზღვრის დამდები» შემდეგი ოთხი გარემოება ყოფილა:

1. ტრადიცია (საგვარეულო წეს-წყობილება და ზნე-ჩვეულებები)
2. სოციალური მდგომარეობა (წოდებრიობა, პატრონყმობა)
3. რელიგია (სარწმუნოებრივი მცნებანი)
4. სამართლებრივი ნორმები (კანონ-წესები).

მართალია, ივ. ჯავახიშვილს მოცემულ მსჯელობაში გარკვეული აქცენტი გაკეთებულია ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე - „ჯერ საგვარეულო წეს-წყობილება» და „შემდეგ წოდებრიობა», მაგრამ მთლიანობაში იგი ნებისმიერ საზოგადოებაში მოქმედ ფაქტორებს გულისხმობს. გარდა ამ ფაქტორებისა, ერის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სხვა მოვლენებიც ახდენენ ზემოქმედებას, რომლებიც მეცნიერს აქ არა აქვს დასახელებული, მაგრამ თავის მრავალფეროვან შრომებში კი აქვს განხილული. ქვემოთ შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმოვცემ ივ. ჯავახიშვილისეულ მოსაზრებებს ქართული ყოფის საფუძვლების შესახებ.

თუ ივ. ჯავახიშვილის ხელნაწერ შრომას თვალს გადავავლებთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი მხოლოდ ზედა ფენის - სამეფო კარისა და ფეოდალური არისტოკრატიის ყოფა-ცხოვრებას აღწერს. ამის მიზეზი ისაა, რომ თავად ქართული ისტორიული წყაროები უფრო მეტ ცნობებს სწორედ ამ ფენის შესახებ შეიცავენ. მაგრამ ეს დასკვნა სწორი არ არის. ივ. ჯავახიშვილის მიერ განხილული ეტიკეტი მთლიანად ქართველი ერის ყოფა-ცხოვრების წესია. რა თქმა უნდა, გარკვეული თავისებურებები ყოველ ცალკეულ სოციალურ ფენას ახასიათებდა და ისინი შეძლებისდაგვარად ივ. ჯავახიშვილს ყოველთვის აღნიშნული აქვს, მაგრამ ეს სოციალური ფენები ერთმანეთთან ჩინური კედლით არ ყოფილან დაცილებულნი. ამის შესახებ თავად მეცნიერი შენიშნავდა, რომ „(...) წოდებრიობა საქართველოში მკაცრად განკერძოებულ დახშულ სოციალურ ერთეულს არ წარმოადგენდა, არამედ შესაძლებელი იყო ადამიანი დაბალი წოდებითგანაც აღზევებულიყო, ისევე როგორც მაღალი წოდების წრითგან ჩამომცრობილიყო». მაშასადამე, საქართველოში ყოველთვის იყო შესაძლებლობა ადამიანი თავისი პირადი ნიჭისა და გარჯის ხარჯზე სოციალურ კიბეზე დაწინაურებულიყო და პირიქითაც, აღზევებული პირი დაქვეითებულიყო. ასე რომ, ქართული საზოგადოებრიობისათვის დამახასიათებელი ეს სოციალურ-სამართლებრივი თავისებურება საშუალებას იძლეოდა სხვადასხვა ფენების, როგორც ეროვნული თვითცნობიერება, ისე ყოფა-ცხოვრებაც ერთ ეროვნულ კალაპოტში წარმართულიყო, თითოეული მათგანის თავისებურებები ერთიან მდინარებაში მოქცეულიყო. „ჩვენში კლასთა შორის კულტურული უფსკრული არ არსებობდა, - აღნიშნავს ზ. რატიანი. - ამის გამო იყო, რომ ქართველი გლეხი არასდროს არ ყოფილა ისეთი ბნელი,შეზღუდული, უკულტურო პიროვნება, როგორიც იყვნენ ზოგიერთი ქვეყნის მწარმოებელნი-გლეხები. ამის მიზეზი ის იყო, რომ დიდი ქართული კულტურა არსებითად არასოდეს არ ყოფილა დაყოფილი ცალკე ელიტისა და ცალკე მდაბიოთათვის (ნათქვამი სრულიად არ გამორიცხავს იმას, რომ თვით კულტურა კლასობრივი შინაარსის შემცველი იყო)» . ჩვენში რომ „კულტურული უფსკრული» არ არსებობდა, იყო შედეგი საქართველოს საზოგადოებრივი წეს-წყობილებისა.

ამის შესახებ ძალზე საინტერესოდ მსჯელობს რ. არსენიძე, რომელიც მიუთითებს, რომ ვახტანგ VI-ის სამართალს „ყველგან და ყველაფერში თან სდევს ძირითადი ხაზი ყოველი ადამიანის პიროვნების პატივისცემისა, რადგან ეს თვისება არ არის პრივილეგია რომელიმე წრის ან წოდების, არამედ ეხება ყველას, მთელი ერის შემადგენლობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი ჩვენი ერის ღრმა ისტორიული საძირეებიდან მომდინარეობს»
.
გარდა ამისა, ისიცაა აღსანიშნი, რომ ერის კულტურის შექმნის პროცესში, მართალია, ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენა და ჯგუფი მონაწილეობს, მაგრამ ამ კულტურის ძირითად ძარღვს მაინც დაწინაურებული საზოგადოება ქმნის. რ. არსენიძის აზრით ეს კულტურა „ამ შემთხვევაშიაც ეროვნულად ითვლება, რადგან იგი ერის შიგნით არის შემუშავებული, ერთი მაღალი ფენისაგან ან წოდებისაგან, რომელიც ეროვნული ხელმძღვანელის როლს ასრულებს». ხოლო მით უმეტეს, თუ ეს კულტურა „ერის ყველა წრეს და ფენას, ცოტა თუ ბევრად მოეფინება, ყველაზე და ყველაფერზე თავის კვალს დააჩენს და მაშასადამე, საყოველთაო დამახასიათებელ ნიშნად იქცევა, ეროვნული მთლიანობის გამოხატულებად ხდება «. თუ ამ ნიშნითშევხედავთ ივ. ჯავახიშვილის მიერ აღწერილ ქართულ ეტიკეტის ისტორიას მაშინ არ შეიძლება იგი მხოლოდ გაბატონებული ფენის კუთვნილებად მივიჩნიოთ, არამედ იგი მთლიანად საერთო ქართული ყოფა-ცხოვრების წესებია. თუმცა სოციალური თვალსაზრისით შიდაეროვნული კულტურული თავისებურებები ივანე ჯავახიშვილს შეუნიშნავი არასდროს რჩება და სათანადოდაც აქვს შეფასებული.

ყოველივე ამის შემდეგ უნდა დავასკვნათ, რომ ზრდილი და ზნეობრივი ადამიანის იდეალი და ასეთი ადამიანის კონკრეტული ქცევის წესები ძირითადად უნდა გამოსულიყვნენ იმ შეხედულებებიდან, რომლებიც იმ ხანისთვის არის დამახასიათებელი, რომელშიაც ცხოვრობდა უწინდელი ქართველი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საუბარია ფეოდალურ ეპოქაზე და ამიტომაც ამ პერიოდში მცხოვრები ქართველის ეტიკეტი (ყოფა-ცხოვრების წესები) არის მედიევისტური მაგრამ, ამის გარდა ამ წესებს სხვა საფუძველიც ჰქონდა. ესაა რელიგიური მოძღვრება ,რომელიც ყოველთვის ცდილობდა საზოგადოებაში ისე გაბატონებულიყო, რომ განესაზღვრა ადამიანის როგორც მსოფლმხედველობა, ისე მისი ყოველდღიური ყოფაც,აქედან გამომდინარე ზუსტად დაედგინა მისი ცხოვრების, ქცევის წესი. ქართველი ადამიანის ყოფის ეს დიდი საფუძველი ყურადღების გარეშე არც ივ. ჯავახიშვილს დარჩენია. მას ერთ-ერთ ნაშრომში ხაზგასმით აქვს ნათქვამი: „ქართველი ხალხის ძირითადი ზნეობრივი შეხედულება სახარების მოძღვრებაზე იყო დამყარებული» .

დიდი ისტორიკოსის ეს დებულება უაღრესად საყურადღებოა. მასში ნახსენებია სიტყვა „ძირითადი», რითაც ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ქრისტიანული მოძღვრება ქართველი კაცის ზნეობრივი იერსახის დამკვიდრებისათვის ერთადერთი არა ყოფილა, არამედ იგი მხოლოდ „ძირითადი», მთავარი იყო.

ქრისტიანულ სწავლებას რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართველი ხალხის ყოფასთან მრავალი მაგალითით მტკიცდება. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს. ივანე ჯავახიშვილი თავის „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში» ყანის მკის დასრულებაზე საუბრობს და ახსენებს ებრაელთა ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც მომკილ ყანაში დაცვენილი თავთავის ხელახლა აკრეფა ყანის პატრონს ეკრძალებოდა. ივ. ჯავახიშვილის მითითებით „ეს ბრძანება ლევიტელთა წიგნში ზნეობრივი მოსაზრებითა და ქველმოქმედების სურვილით არის დასაბუთებული და ნათქვამია, რომ დაცვინული „გლახაკთა და მწირთა დაუტეო»-ო (...). ამგვარი ჩვეულება საქართველოშიც არის შენახული და შესაძლებელია ქრისტიანობასთან ერთად იყოს შემოსული. მაგრამ შესაძლებელია, ამგვარი დარიგება იმაზე იყოს დამყარებული, რომ ჩაცვინული თავთავის ამოკრეფა იმაზე მეტ შრომას მოითხოვდა, ვიდრე ამით შენაძენი ღირდა» . ივ. ჯავახიშვილის ამ მსჯელობაში უფრო პირველია მისაღები და გასაზიარებელი, ვიდრე მეორე: დაცვენილის ხელახლა აკრება უღირდა ყანის პატრონს თუ არა ეს მისი პირადი საქმე იყო და მას რაიმე ნორმაში მოქცევა არ სჭირდებოდა. გარდა ამისა, ლევიტელთა წიგნის მითითება (19, II) რომ დაცვენილი გლახაკებს დაუტოვეთო, ეჭვის საფუძველს არ იძლევა - იგი მართლაც გაჭირვებულთათვის იყო განკუთვნილი და საქართველოში ეს ჩვეულება ქრისტიანული რელიგიის მიერ უნდა იყოს კიდევაც დანერგილი. ეს კი იმის დადასტურებაა, რომ ქრისტიანობა განსაზღვრავდა არა მარტო ზოგად მსოფლმხედველობრივ იდეალებს, არამედ კონკრეტულ ყოფასაც.

ამდენად, ივ. ჯავახიშვილის შრომებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ქრისტიანობას ქართველი ხალხის ცხოვრებისეულ იდეალზე და მის ყოველდღიურ ყოფაზე უშუალო გავლენა მოუხდენია და მისი ყოფა-ცხოვრების წესების შექმნა-ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ერთ-ერთი უმთავრესი და აქტიური როლი შეუსრულებია. ეს კი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ქრისტიანობა არის ერთ-ერთი საფუძველი ქართული ეტიკეტის ჩამოყალიბებისა. აქვე თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართული ეტიკეტი თავისი ხასიათით მედიევისტურია, მაშინ გამოვა, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ აღწერილი ქართული ყოფა-ცხოვრების წესები თავისი საფუძვლებით საქართველოში საბჭოთა პერიოდში საპირისპირო აზრი დომინირებდა. მაგ. ფილოსოფოსი დ. გეგეშიძე წერდა: „ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში ქრისტიანობა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანთა შეგნებისა და შესაბამისი ყოფა-ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორი. ფაქტორი, რომელმაც საქართველოში განაპირობა ქართველი ხალხის ხასიათისა და ზნეობის შინაარსი“ . თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანული რელიგია, რომელიც ქართველმა ხალხმა ოფიციალურად მიიღო IVს-ში და მთელი შუასაუკუნეების მანძილზე იყო უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იდეოლოგიური იარაღი, რომელმაც შექმნა ორიგინალური და უნიკალური ქართული სასულიერო მწერლობა, არქიტექტურა, მხატვრობა, ჰიმნოგრაფია, მაშინ დ. გეგეშიძისეული აზრი არ შეიძლება რეალობის ამსახველად მივიჩნიოთ. ამის შესახებ რ. არსენიძე წერს: „ქართული სარწმუნოება (იგულისხმება ქრისტიანობა, დ.ს.) იყო ერთადერთი იდეოლოგიური მოძღვრება, რომელსაც ემყარებოდა მთელი ამ საუკუნეების მანძილზე ქართული საზოგადოების წარმოდგენა მსოფლიოზე, მისი დასაბამსა და დასასრულზე, ადამიანზე, მორალზე, სამართალზე. ადამიანის დანიშნულება, მისი ცხოვრების არსი და მნიშვნელობა, თვით საზოგადოებრივი ცხოვრების პირობები, ყველა თავის ღირსებებით და ნაკლოვანებებით, ბატონყმობით და რაინდობით, ომებით და მშვიდობიანობით, საეკლესიო და საერო ყოფა-ცხოვრებით, კეთილი და ბოროტი საქციელით, ყოველივე იყო გაშუქებული, გამართლებული, თუ დაგმობილი, მიღებული თუ უარყოფილი ამავე სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ქრისტიანული სწავლით და მოძღვრებით. სწორად თუ მრუდედ გაგებული. ეს მოძღვრება იყო ერთადერთი სახელმძღვანელო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველასათვის და ყველაფრისათვის“ . და ხასიათით არის ქრისტიანულ-მედიევისტური. მაგრამ ქართული ეტიკეტის ქრისტიანულ-მედიევისტურობა არ არის კარჩაკეტილად ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ეტიკეტი, ერთი მხრივ, კავშირშია სხვა ქრისტიანულ-მედიევისტურ კულტურებთან და, მეორე მხრივ, ქართულ ეტიკეტში ასევე ასახულია არაქრისტიანული იდეოლოგიები და კულტურული ელემენტები (წარმართობა, ირანული ზოროასტრიზმი, მაჰმადიანობა). ქართული კულტურისა და ყოფა-ცხოვრებისათვის ამ ორი მოვლენის მნიშვნელობა და როლი ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა და სათანადოდაც აღნიშნა სწორედ ივ. ჯავახიშვილმა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ივ. ჯავახიშვილია სწორედ ის მკვლევარი,რომელმაც დაასაბუთა ქართველი ხალხის შუასაუკუნეების პერიოდის საზოგადოებრივ ცხოვრებათა მსგავსება ევროპელი ხალხების ანალოგიურ მოვლენასთან. იგი წერდა: „ქართული პატრონყმობა გასაოცრად მიემსგავსება და გვაგონებს დასავლეთ-ევროპის საშუალო საუკუნეების ფეოდალურს წეს-წყობილებას, ე.წ. ფეოდალიზმს, როგორც საქართველოში პატრონყმობა, ისე დასავლეთს ევროპაშიც ფეოდალური წესწყობილება სახელმწიფო და სოციალურ ცხოვრების საზოგადო მოვლენა იყო, საერთო თვისება ჰქონდა. აქაც მაშინ ყველანი ფეოდალური დამოკიდებულებით იყვნენ დაკავშირებულნი».

ეს საკითხი შეისწავლა გ. მამულიამ, რომელმაც ივ. ჯავახიშვილის ძირითადი დასკვნა გაიზიარა და მისი ღვაწლი აღნიშნული საკითხის გაშუქებაში შემდეგნაირად შეაფასა: „პატრონყმური საქართველოს სოციალურ ინსტიტუტთა შინაარსის გახსნით ივ. ჯავახიშვილმა წარმოაჩინა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა მიერ შემუშავებული საქართველოს ისტორიული განვითარების ფორმულა: ისტორიულად საქართველო დასავლეთ ევროპის ერთა კულტურული ოჯახის წევრია». ამ აზრს, რომ საქართველო ევროპული კულტურის არეალში შედის, არაერთხელ ეხებოდა ნ. ბერძენიშვილიც. იგი ერთ-ერთ რეცენზიაში წერდა: „ფეოდალური ურთიერთობის პრობლემასთან დაკავშირებით ამის შესახებ (ე.ი. საქართველო ევროპას მიეკუთვნება თუ აზიას, დ.ს.) ჩვენ გარკვეული მოსაზრება გაგვაჩნია და ის არაერთხელ გამოგვითქვამს კიდევაც. ვამტკიცებთ: რომ ჩვენ სწორედ ხმელთაშუა-ზღვისპირეთის ქვეყნების რიგში ვიმყოფებით. სწორედ აქ მოჩანს ჩვენი დიდი მსგავსება ევროპასთან, რომ ჩვენ ფეოდალური მეურნეობის თვალსაზრისით „ევროპელები» ვართ.

უცხოური გავლენის ზრდა ამა თუ იმ საზოგადოებაში ყოველთვის ძლიერი ზეწოლის შედეგი არ არის. ხშირად პირიქითაც ხდება - ესა თუ ის ხალხი თავად გამოავლენს ხოლმე რომელიმე კულტურისადმი სწრაფვას ამ კულტურის სხვადასხვა ელემენტის გადმოღებით. ამ მხრივ, ივ. ჯავახიშვილის მიერ განხილული საკითხებიდან სამოსის ისტორია მეტად საინტერესო სურათს იძლევა. „საქართველოში ჩაცმულობის ისეთივე წესი იყო, როგორც ბიზანტიაში არსებობდა, წერდა ივ. ჯავახიშვილი, - ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ საქართველოს განვითარებული სახელმწიფოებრიობა შექმნილი იყო იმ დროს, როდესაც რომისა და შემდეგ ბიზანტიელების გავლენა ძლიერი იყო. მეორეს მხრივ, მთელი თავისი პოლიტიკური გეზითაც საქართველო დასავლეთისაკენ იყო მიმართული».

ამ საკითხზე ისტორიკოსს კიდევ უფრო საყურადღებო დაკვირვება მოეპოვება. იგი წერს: „ხალათი, დოლბანდი არაბეთსა, სპარსეთსა და სომხეთში [იცოდნენ]; საქართველოში კი ბისონი, პოდირი, გვირგვინი და ქუდი [იყო]. ტანისამოსი სომხეთში აღმოსავლური [იყო], საქართველოში - დასავლური. ვეფხისტყაოსანში დოლბანდის ხსენება არსადა ჩანს, არამედ გვირგვინი და ქუდია» . აქ საინტერესო ისაა, რომ ერთმანეთს შედარებულია კავკასიის ორი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა - სომხეთი და საქართველო და ნაჩვენებია სამოსის ისტორიის მაგალითზე ის დიდი განსხვავება, რომელიც ჰქონდა და აქვს ამ ქვეყნებს კულტურულ და პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ქვეყნებში უძველესი დროიდანვე, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანობის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, თუ გადავხედავთ თითოეული მათგანის საშინაო ვითარებას, ყოფას და საგარეო ორიენტაციას, მათ შორის კარდინალური განსხვავება აშკარად გამოიკვეთება. ეს საკითხი შესასწავლად ცალკე უზარმაზარი თემაა და ამჟამად ნათქვამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ქართველ- სომეხთა საეკლესიო განხეთქილების დასახელებაც საკმარისი მგონია. ამ კონფლიქტს დოგმატური საბურველის მიღმა ხომ სომხეთის ირანოფილური და საქართველოს ბიზანტიური ორიენტაცია ედო საფუძვლად თანამედროვე სომხეთის რუსული ორიენტაციაც იგივე პროცესის გაგრძელებაა. ყოველივე ეს კი ვფიქრობ, თვალნათლივ მოწმობს რომ კულტურის თითოეული ელემენტი თუ რა მჭიდრო კავშირშია ერის მთლიან საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. სამოსის რომელიმე ნებისმიერი ფორმის ტარება უკვე თავისთავად ეტიკეტია, რადგან მოდა ეტიკეტის გარკვეული გამოვლენა და დემონსტრაციაა. ამდენად, ივ. ჯავახიშვილის მიერ ქართული სამოსის დასავლურობის დასაბუთება, ქართული ეტიკეტის ანალოგიური ხასიათის დადგენაცაა.

ივ. ჯავახიშვილის ზემოთ მოყვანილი ციტატიდან თითქოს ის ჩანს, რომ მისი მსჯელობა ქრონოლოგიურად „ვეფხისტყაოსნის» ეპოქის აქეთ არ უნდა ვრცელდებოდეს. მაგრამ სახელოვანი ისტორიკოსის შემდეგი თხრობა ამ აზრს აბათილებს. მისი დასკვნის ქრონოლოგიური ჩარჩო თვით XVIII საუკუნესაც კი სწვდება. რა თქმა უნდა, მას სრულებითაც არ ავიწყდება დროის ამ დიდ მონაკვეთში სპარსული და თურქული გავლენით გამოწვეული ცვლილებები, რომელსაც „წამლეკავ გავლენას» უწოდებს კიდევაც, მაგრამ მას მხედველობაში აქვს ტრადიციისა და ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, რომელიც ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში ისევ იწყებდა აღორძინებას. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ, მართალია, „უკვე XVIII ს-ისათვის ქართველებს დავიწყებული ჰქონდათ მეფედ კურთხევის ქართული წესები და მეტად საყურადღებო პაპუნა ორბელიანის ცნობით, ანტონ კათალიკოსი „გამოიკვლევდა წერილთაგან კურთხევასა მეფეთასაო», საიდანაც ირკვევა, რომ ძველი შესამოსელ-შესამკობელი მაინც შერჩენილი ყოფილა.

უცხოური გავლენის შესახებ თავის აზრს შესანიშნავი სიმწყობრით გამოთქვამს ივ. ჯავახიშვილი: „ყოველი ერი თავის ისტორიულ ცხოვრებაში ყველა მეზობლებისაგან ითვისებს ხოლმე. კულტურული გავლენის წინააღმდეგ არავითარი შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დაბრკოლებისა და შეზღუდულობის გარდა, ხოლო რაკი საქართველოში იმნაირი არც პოლიტიკური და არც ფსიქოლოგიური დაბრკოლება არ არსებობდა, ბერძნული კულტურისა და ქრისტიანული მწერლობის საქართველოში ძლიერი გავლენის უარყოფისათვის არავითარ არც ლოგიკური, არც ისტორიული საბუთი არ მოიძებნება. ეს გარემოება, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ რაკი საქართველოში ბერძნული გავლენა იყო, თითქოს ამიტომ არავითარი სხვა გავლენა არ შეიძლება საქართველოში ყოფილიყოს. როგორც კულტურული ერის ცხოვრება მრავალფეროვანია, ისევე მრავალფეროვანია ხოლმე მისი სულიერი კულტურის ავლადიდებაც, ისევე შეიძლება მრავალმხრივი იყოს მეზობელი თუ შორეულ ერთა ზეგავლენაც. ქრისტიან ერებს არაერთხელ, როგორც, მაგალითად, ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპაშიც, სრულებით უცხო გარემოს, მაგ. სასანური სპარსეთისა და მაჰმადიანური არაბთა სახალიფოს სახელმწიფოებრივი და გონებრივი კულტურის გავლენა დასტყობია და საუნჯე შეუთვისებია, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს, ამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აზიასა და ევროპის მიჯნაზე მდებარე სახელმწიფოს, დასავლეთის, საბერძნეთის კულტურის შეთვისებასთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთის, სპარსულ-ასურულ-სომხური საეკლესიო კულტურისა და მწერლობის შემოქმედების, ნაწილობრივ მაინც, თანამოაზრე არ ყოფილიყო».

ამდენად, მეცნიერის აზრით, არც ერთი ერი და მათ შორის ქართველებიც, უცხო გავლენის გარეშე არ შეიძლებოდა დარჩენილიყო. მაგრამ გააჩნია გავლენის ხასიათსა და ხარისხს. XV ს-მდე ქართველებისათვის ძირითადი იყო ქრისტიანული კულტურა, რომელსაც ორგანულად ეზავებოდა არაბულ-სპარსული კულტურებიდან მომდინარე ნაკადი. ამ აზრს შემდეგნაირად გამოთქვამს ივანე ჯავახიშვილი: „ქართული კულტურის თავისებურებას, დასავლეთის იმდროინდელ კულტურასთან შედარებით, მაინც ის წარმოადგენს, რომ ვითარცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიჯნაზე მდებარე ქვეყანას, საქართველოს სრული საშუალება ჰქონდა, ქრისტიანული კულტურას გარდა, ისლამობის ნიადაგზე შექმნილს ახალს ფრიად თავისებურსა და მრავალფეროვან არაბულ-სპარსულ კულტურასაც გასცნობოდა» .

ივანე ჯავახიშვილის ორივე ამ ციტატის ერთობლივად განხილვით ნათელია, რომ საქართველოს დასავლეთთან აკავშირებს ბერძნული ქრისტიანული კულტურა, ხოლო აღმოსავლეთთან, ვისგანაც პოზიტიური კულტურული გავლენა განუცდია, არიან ქრისტიანული სომხეთი, ასურეთი, სასანური სპარსეთი და მაჰმადიანური არაბეთი. აქ ერთი რამაა კიდევ საყურადღებო, რომ ამ ქვეყნებს - სომხეთს, ასურეთს, სპარსეთსა და არაბეთს, აღმოსავლეთად კი არ მოიხსენიებს, რაც შეცდომა სრულებითაც არ იქნებოდა, არამედ უფრო კონკრეტულ ცნებას ხმარობს - „სამხრეთ-აღმოსავლეთს». ეს არაა მხოლოდ ამ ქვეყნების გეოგრაფიული ლოკალიზაცია, არამედ უფრო მეტიც შეიძლება დავინახოთ: ივანე ჯავახიშვილი ცნება „აღმოსავლეთში», რომელშიც აზიის ხალხები მოიაზრებოდნენ და მოიაზრებიან, მათ შორის ველური მომთაბარე ტომებიც და მათ გამოც აზიელობა სათაკილო, არაცივილურ შინაარსს შეიცავდა და შეიცავს, გამოყოფს კულტუროსან ნაწილს, რომლებიც, მართლაც, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობენ საქართველო-დან. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს ივ. ჯავახიშვილის იმ მსჯელობიდან, როცა იგი საუბრობს მონღოლი და თურქმანი მომთაბარეების შემოსევებზე. „კულტურის მაღალი დონის შესაქმნელად აუცილებელ პირობას მკვიდრი ბინადრობა წარმოადგენს, წერდა ისტორიკოსი, - მონღოლების დიდი უმრავლესობა კი თითქმის ისევ მომთაბარე მესაქონლე-მონადირე ხალხად დარჩა ბოლომდე» . ბუნებრივია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხის მისწრაფება და ცხოვრების იდეალები სულ სხვა ექნებოდა, ვიდრე დაწინაურე-ბული კულტურის მქონე ერებს. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს მონღოლთა ყოფის ამსახველი მაგალითები და შემდეგ ასკვნის „ყველა ზემოთ მოყვანილითგანაც ნათლად ჩანს, თუ რა შეადგენდა მონღოლთა ოცნებასა და იდეალს ველური, მეკობრე ადამიანისა და ტომის აზროვნება, ყაჩაღური სულისკვეთებისა და მარტივი ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. კარგი სმა-ჭამა, ლხინი, მომთაბარეობის სიამოვნება და ომში ადამიანის სისხლის ღვრის წყურვილი, სანადირო გასართობის მსგავსად! ეს იყო მთელი ის ავლადიდება, რომლითაც ჩინგიზხანი და მისი თანამებრძოლი მონღოლები მოევლინენ მაშინდელ კულტურულ ქვეყნებს!». 

ადვილი წარმოსადგენია რა გავლენას იქონიებდა ყოველივე ეს ქართველთა ცხოვრების ხასიათზე. კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ. თემურ ლენგის ლაშქრობების შემდეგ „ადგილობრივი მოსახლეობის თურქულ-სპარსულ-მაჰმადიანური წამლეკავი გავლენა  აღმოსავლეთითგან დასავლეთისაკენ თანდათანობით ვრცელდებოდა და თავის სფეროდ სულ ახალ-ახალ ადგილებს ხდიდა». ყოველივე ამან და მომდევნო საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს თანდათან სრული გადაგვარების საფრთხე შეუქმნა. აი, რას წერს კალმასობის ავტორი: „ხოლო ოდეს როსტომ მეფემ მოიღო ქართლი, მაშინ დასდო სრულიად სპარსთ კანონნი და წესნი, ეგრეთვე სახლების მოფენა,ძირჯდომა, მოხელეების სახელების შეცვლა, სპარსთა ენითა წოდება სახელოთა» . ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირველია თანამედროვე პირობებში ქართველი და ევროპელი ხალხების ცხოვრების ნირი ერთნაირი არ იყოს. ამ „წამლეკავი გავლენის» არაერთი მაგალითი აქვს ივ. ჯავახიშვილს აღწერილი. ყოველივე ზემოთქმული არის ქართული ეტიკეტის პრობლემატიკის ძირითადი საფუძვლების მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის მიერ მოხაზული კონტურები, რომლებიც მის სამეცნიერო მემკვიდრეობის სხვადასხვა შრომებშია გაბნეული. ამ საკითხს უფრო საგულდაგულო და გაღრმავებული სპეციალური შესწავლა სჭირდება, რომ საბოლოო ჯამში დავადგინოთ არა მარტო ის, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი ქართველები, არამედ ისიც, თუ რატომ ცხოვრობდნენ ისინი მოცემული წესით, რომ საშუალება მოგვეცეს განვსაზღვროთ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ დღეს და მომავალში წარსულის ფესვებს მოწყვეტისა და აგრეთვე სიახლისადმი ზურგშექცევის გარეშე. 


_____________


 *ივ. ჯავახიშვილის ამ ნაშრომის განხილვისას ს. ყაუხჩიშვილი წერდა: „ადამიანის სოციალ-ეთიკური იდეალები (...) კონკრეტულ-ისტორიული ხასიათისაა. იმისათვის, რომ ვიცოდეთ მათი აწმყო და მერმისი, ივ. ჯავახიშვილისაზრით, „საჭიროა ვიცოდეთ წარსულის ზოგადი სოციალ-ეთიკური იდეალები“, რადგან: 
ა). ყოველი ეპოქის ადამიანს თავისი ეპოქის შესატყვისი სოციალური იდეალი აქვს. ამ იდეალის შინაარსი ცხოვრების პირობებს ასახავს.
ბ). ადამიანები ისეთ იდეალებს ისახავენ, რომელთა განხორციელებას ესწრაფვიან; 
გ). თვით იდეალთა ხორცშესხმის, განხორციელების პირობები ცვალებადია, ე.ი. ისტორიული სიტუაციითაა განპირობებული“.


* ქართველთა ევროპელობის საკითხი დღეს აქტუალურია და იგი ფართოდ განიხილება, რომლის დროსაც მრავალი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება გამოითქმება. ზემოხსენებული პოზიციის მოწინააღმდეგენი მიუთითებენ, რომ ქართველთა თანამედროვე ყოფა და თვითშეგნება (მენტალიტეტი) არაფრით ჰგავს ევროპელთა ცხოვრების წესს. ამ კამათში ერთმანეთისაგან უნდა გაირჩეს ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე ვითარების თავისებურებები. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართველები თავისი ისტორიული ფესვებით ევროპელები არიან, მაგრამ შემდეგში, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შედეგად უცხო ყოფის ნირის ჭარბად თავს მოხვევით და თავისი ბუნებრივი განვითარების შეფერხების გამო ქართველთა თანამედროვე ყოფა დღევანდელ ევროპელთა ყოფას არა ჰგავს. ამ განსხვავებაში ისიცაა მხედველობაში მისაღები, რომ თავად ევროპელები თავიანთი შუასაუკუნოვან ძირებს საკმაოდ დაშორდნენ და ამიტომაც თანამედროვე ეტაპზე მათი ყოფაც ჩვენისაგან კიდევ უფრო განსხვავებულია.

დღეს ზოგიერთი მკვლევარი ქართველთა და ევროპელთა თანამედროვე ყოფას ერთმანეთთან ადარებს; და მეტწილად განსხვავებას პოულობს. რაც შეეხება ისტორიულ ფესვებს, საინტერესოა ერთი რამ: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა დისკუსია თემაზე: „ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება“, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ კახა კაციტაძემ შემდეგი საინტერესო ფაქტი გაიხსენა: სიღნაღში სუფრასთან შეიკრიბნენ ქართველ-გერმანელ ფილოსოფოსთა ბილატერალური კონფერენციის მონაწილენი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ავტორთაგანი კრებულისა „ჭამა-სმის პრობლემა შუასაუკუნეებში“, რომელიც გერმანიაში გამოცემულა. ამ გერმანელი ფილოსოფოსის სტატიას ერქვა „ნიკოლაუს კუზანელი ღვინის სმის შესახებ“. მან თურმე “უცებ აუღო ალღო ქართულ სუფრას, მეტიც: თამადას დეფაქტო ჩამოართვა თამადობა და თვითონ ითამადა. შემდეგ გვითხრა, რომ მისთვის შუასაუკუნეების კულტურის გამოკვლევებიდან კარგადაა ცნობილი ასეთი სუფრული წესრიგი“ ამდენად, როცა შუასაუკუნეებზეა საუბარი საერთოს პოვნა საქართველოსა და ევროპას შორის ძნელი არაა. თანამედროვე ვითარებაში განსხვავებათა არსებობას კი სათანადო ახსნა სჭირდება და შემდეგ სათანადო დასკვნათა გამოტანა. 
___________________________________

დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002 


,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''-დან.

ივანე ჯავახიშვილის მიერ დასახული საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის პროგრამა.

,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''

ივანე ჯავახიშვილის მიერ დასახული საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის პროგრამა.

XX ს. 30-იან წლებში, როცა ივანე ჯავახიშვილის მიმართ პერმანენტული შეტევები იმართებოდა იგი თავის გულისტკივილს ლენინგრადში მყოფ ვ.დონდუას უზიარებდა. ასეთი ერთ-ერთი ბარათის «შავი» პირიც გადარჩა, რომელიც მრავალ საყურადღებო ნიუანსს ამჟღავნებს. აი, რას წერს ივანე ჯავახიშვილი: « ...მე რომ უნივერსიტეტში შევედი და სწავლა დავიწყე, ქართულს არავინ კითხულობდა. ალ.ცაგარელი თვეობით არ დადიოდა ლექციებზე და თავის მოვალეობის შესრულებაზე სრულებითაც არ ფიქრობდა. ნ.მარი მაშინ მხოლოდ სომხურ ენას ასწავლიდა და მისი გატაცებული მუშაობა მხიბლავდა და მამხნევებდა იმ აღმაშფოთებელ გულგრილობაში, რომელსაც ცაგარელი იჩენდა ქართულისადმი.ნ.მარის ლექციები სომხურში ტექსტების თარგმნას და გრამატიკულ კომენტარებს შეიცავდა, ზოგჯერ რეალურ განმარტებებსაც. ყველა ამის მეტად საინტერესოდ და ცოცხლად იცოდა მან გადმოცემა, მაგრამ ჩემ დროს არც სომხურ მწერლობის ისტორიაში და არც, მითუმეტეს სომხეთის ისტორიაში ლექციებს არ კითხულობდა. სპარსულს ვალ.ჟუკოვსკი გვასწავლიდა ამ ენისა და ლიტერატურის საუცხოო მცოდნე. მაგრამ არასდროს მისი მუშაობა სპარსული ტექსტების თარგმნას და ზოგჯერ კომენტარებს არ გასცილებია. აღმოსავლეთის ისტორიის შესავალს გულისამრევად ვესელოვსკი კითხულობდა, რომელიც უფრო უძილობის წამლად იყო გამოსადეგი, ვიდრე ლექციად. ამგვარად, აღმოსავლეთის ენათა ფაკულტეტზე ენების გარდა მე არაფრის შესწავლა არ შემეძლო.საქართველოს ისტორია მაშინ დ.ბაქრაძის წიგნით უნდა ესწავლა ადამიანს. საბანინის «საქართველოს სამოთხე», თ.ჟორდანიას «ქრონიკების» I და II წიგნები, შიომღვიმის ისტორიული საბუთები და ექ.თაყაიშვილის «სამი ისტორიული ქრონიკა»- აი, ეს იყო მაშინდელი მთელი ავლადიდება. * მე საქართველოს ისტორია მაინტერესებდა. ამ დარგში კი არავინ მუშაობდა. ამიტომ უნდა მე თვითონვე მეცადნა გზის გაკაფვა: ისტორიის მეცნიერების რთული მეთოდოლოგია შემესწავლა, ტექსტების კრიტიკული განხილვაც მომეხერხებინა და მოპოვებული შედეგით ჩვენი ერის წარსული - უტყუარი და არა ზღაპრული - სურათის აღდგენა მეცადნა. ამიტომ ოფიციალურად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტზე ჩაწერილი - ყოველთვის, როცა დრო მქონდა, ისტორიულ-ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტის ლექციებზე დავდიოდი და ვსწავლობდი. ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა და ჩემი მაშინდელი და ეხლანდელი რწმენითაც ისტორიკოსს საფუძვლიანი ფართო განათლება უნდა ჰქონდეს» .

საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმე რომ არ იყო სახარბიელო დღეში კარგად ჩანს ექ.თაყაიშვილის მოწმობითაც. მას თურმე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით მიუმართავს ივ.ჯავახიშვილისათვის, რომ მას «თავისი მეცნიერული მუშაობა ტფილისში გადმოეტანა და გამხდარიყო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი ამ საზოგადოებისა. მაშინ ჩვენ ერთი კაცის მატერიალურად უზრუნველყოფა ასე თუ ისე შეგვეძლო. სხვა ვინც იქ ვმუშაობდით უფრო მოყვარულნი ვიყავით სამეცნიერო შრომისა ვიდრე სპეციალისტები  და ამასთანავე ყელამდის დატვირთულნი ჩვენის საქმეებით. საბჭოს უმეტესად პედაგოგები შევადგენდით» .*

 «ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა»-ო ბრძანებს მეცნიერი, მას არ აკმაყოფილებდა აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა და ხარვეზის შესავსებად და მიზნის ასასრულებლად ისტორიულ-ფილოლოგიურ და იურიდიულ ფაკულტეტებზედაც ისმენდა ლექციებს. მას «საფუძვლიანი ფართო განათლების» მიღება სურდა, რადგან საქართველოს ისტორია აინტერესებდა, რომელშიაც «არავინ მუშაობდა». მართალია ივანე ჯავახიშვილი ასახელებს ცნობილ მეცნიერებს მ.ბროსეს, დ.ბაქრაძეს, თ.ჟორდანიას, ექ.თაყაიშვილს, მ.ჯანაშვილს, მაგრამ მათ მიერ შექმნილი ფრიად საპატიო ნაღვაწით «საქართველოს ისტორიის არცერთი სამეცნიერო დარგი» არ იყო დაფუძნებული. საჭირო იყო «ისტორიის მეცნიერების რთული მეთოდოლოგიის» შესწავლა, საისტორიო ტექტსტების კრიტიკული განხილვა და მოპოვებული შედეგებით ქართველი ერის უტყუარი წარსული სურათის ჩვენება წარმოდგენა. სწორედ ამ საქმის მოგვარება დაისახა მიზნად ივანე ჯავახიშვილმა და შეასრულა კიდევაც.

ივ.ჯავახიშვილის ზემოთ მოყვანილ ამ ციტატაში გამოთქმული მსჯელობიდან ორი ფრაზა ამოვიღოთ და გვერდი-გვერდ მოვათავსოთ: «მე საქართველოს ისტორია მაინტერესებდა» და «ისტორია მე ფართო გაგებით მიტაცებდა». ე.ი. სახელოვანი ისტორიკოსის ინტერესი ისტორიის მეცნიერებაში საქართველოთი შემოისაზღვრება, მაგრამ ეს ისტორია მას ფართო პრობლემით აინტერესებს, რაც ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ზოგიერთი ცალკეული ფაქტის დადგენა კი არაა მისი მიზანი, არამედ არსებული და დადგენილი ფაქტებისა და მოვლენების ღრმა წვდომა და განზოგადება. აქედან გამომდინარე ან შეგნებული გაყალბება იყო ან შეუგნებელი უცოდინრობა, როცა ივანე ჯავახიშილს ისტორიკოს-ფაქტოლოგად თვლიდნენ. მისი თუნდაც ერთი რომელიმე მონოგრაფიის თავიდან ბოლომდე ყურადღებით გადაკითხვა ამ აზრს გააბათილებდა. საკუთარი ერის წარსულის გამოკვლევას მარტო შემეცნებითი მიშვნელობა არა აქვს, არამედ იგი პრაქტიკული საჭიროებაცაა. კერძოდ ისტორია თვითშემეცნების და პირველ რიგში ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიებას და ფორმირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილს ფართო განათლება და ისტორიაც ფართოდ ამიტომაც იტაცებდა.

 1904წ. 28 წლის ივანე ჯავახიშვილი დიდ ქართველ პედაგოგს იაკობ გოგებაშვილს ეკამათება, სამართლიანად უწუნებს მას «ადვოკატურ, გამოსარჩლებითი ისტორიის» წერის მოთხოვნას და ხაზგასმით ამბობს «ისტორიკოსი მოვალეა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული, გამოიკვლიოს, რა და რა პირობებსა და მიზნებზე იყო დამოკიდებული სახელმწიფო, მისი საზოგადოებრივი და ზნეობრივი განვითარება თუ წარმატების მიმდინარეობა. ის მეცნიერი, რომელიც მეცნიერების წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად აასრულებს, ის უეჭველია იმავე დროს ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, იმიტომ რომ ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებელია იცოდეს თავისი წარსული საზოგადეობრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი» .

ივანე ჯავახიშვილის პოზიცია მკვეთრია და ორლესულივით ბასრი. იგი იოტის ოდენა შესაძლებლობასაც არ ტოვებს პატრიოტიზმის მომიზეზებით ყალბისქმნელობა გამართლდეს. «ცხადია ადვოკატური ისტორიის დაწერა მხოლოდ იმ მეცნიერს შეუძლია, ვინც არავითარ ზნებრივ მოვალეობას არა გრძნობს მეცნიერების წინაშე»-ო აცხადებს ახალგაზრდა ისტორიკოსი . შეიძლება მოგვეჩვენოს ივანე ჯავახიშვილის მსჯელობაში მეცნიერება და სამშობლო ერთმანეთისადმი იყოს დაპირისპირებული და იგი პირველის მხარეს იჭერდეს. ვინც კი კარგად ჩაუკვირდება დიდი მეცნიერის თითოეულ სიტყვას, ამდაგვარი დასკვნისათვის არავითარი საფუძველი არ შერჩება ხელთ. ივანე ჯავახიშვილი პირუთვნელობის მომხრეა მეცნიერებაში. სხვაგვარად მეცნიერება მეცნიერება არც იქნებოდა. მეცნიერება ხომ ჭეშმარიტებათა ძიებაა და თუ ჭეშმარიტების ნაცვლად მეცნიერი სიყალბისკენ მიდრკა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მაშინ მის მეცნიერებასაც საფუძველი გამოეცლება. მაგრამ იქნება სამშობლოს სიყვარული ავალდებულებდეს სწავლულს შეგნებულად წავიდეს ამ გზით? ამ კითხვაზე ივანე ჯავახიშვილი უარყოფით პასუხს იძლევა, რადგან ამგვარი მოქმედება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს სამშობლოს. «მაგრამ იქნებ მამულისშვილური გრძნობა, მხურვალე სიყვარული სამშობლოსადმი აიძულებდეს მეცნიერს «გამოსარჩლებითი», გაზვიადებული ისტორია წეროს ხოლმე? (...) ამგვარი ისტორია უნაყოფოა ხოლმე პოლიტიკაში. გაზვიადებული ადვოკატური ისტორიის საჭიროებას მხოლოდ ის უნდა გრძნობდეს, ვინც წარსულში ეძებს ხსნას. ან ვისაც წარსულის შესწავლით სურს თავისი ეროვნული შელახული გრძნობა დაიკმაყოფილოს და დამშვიდდეს. ხოლო ამგვარი სურვილი აზრადაც არ უნდა მოუვიდეს იმ ეროვნების წარმომადგენელს, რომელიც სიცოცხლესა და მოქმედებაზე ფიქრობს (...) ქართველმა ისტორიკოსმა სრულიად პირუთვნელად უნდა შეისწავლოს თავისი ერის წარსული, პირუთვნელად უნდა წარუდგინოს თავის სამშობლოს წარსული თანამემამულეებსა და უცხოელებსაც, რადგან მას არ უნდა დაავიწყდეს, რა დიდი ღვაწლიც უნდა მიუძღვოდეს ეროვნებას წარსულში თუ იგი აწმყოში არას წარმოადგენს, ბრწყინვალე წარსული ვერას უშველის (ხაზგასმა ჩემია, დ.ს.)... აწმყოა მხოლოდ მხედველობაში მიღებული, აწმყო კულტურული».


აწმყო რომ კეთილი იყოს და მომავალიც საიმედო სათანადო გარჯაა საჭირო. ივანე ჯავახიშვილის აზრით ისტორიკოსის შრომა მის პირუთვნელობაზე უნდა იყოს აგებული. მხოლოდ იგი მოიტანს სასურველ შედეგს. «თუნდაც რომ გამოკვლევამ ქართველ მეცნიერს დაანახვოს, რომ იმის სამშობლოს წარსული თავისებურსა და დიადს არაფერს წარმოადგენს, მაინც იგი არ უნდა შეუშინდეს თავისი დასკვნის გამოქვეყნებას». აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი და იქვე განმარტავს: «თუ წარსულში რამე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლია იგი თავიდან მოიშოროს» .


ნაკლის შემჩნევა კი ერის ცხორების საგულდაგულო კვლევა-ძიების გარეშე შეუძლებელია. ეს კვლევა-ძიება კი თვისებრივად ახალ სიმაღლეზე უნდა დადგეს, თორემ ის თითო-ოროლა ნაშრომი, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლამდე იყო გამოცემული, სახარბიელო სულაც არ იყო. ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილს ყოველივე ეს ძალზე ღრმადა აქვს გაცნობიერებული
და დიდი მომზადებითა და სიდინჯით იწყებს ქართველი ერის ისტორიის ყოველმხრივ შესწავლას. ასეთი დიდი მოცულობის და საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საჭირო იყო გარკვეული თეორიული საფუძვლების შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მომავალ კვლევა-ძიებას. ამავე დროს მასში უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო ის მიღწევები, რაც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით არსებობდა, ყოველივე ეს უახლესი მეთოდოლოგიით უნდა დამუშავებულიყო. სწორედ ამ მიზნით ივანე ჯავახიშვილი იწყებს კაპიტალურ ნაშრომთა სერიაზე მუშაობას, რომელსაც ასე უწოდა: «ისტორიის მიზანი, წყაროები
და მეთოდები წინათ და ახლა». მაგრამ, სანამ ამ ნაშრომის წერას შეუდგებოდა, მან სრულიად ახალგაზრდამ - 26 წლისამ 1902წ. 18 ნოემბერს პეტერბურგის უნივერსიტეტში წაიკითხა შესავალი ლექცია «აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოსა და სომხეთის ისტორიის მონაცემები». ახალგაზრდა მეცნიერი ამლექციის პირველსავე წინადადებაში ეხება იმ პროგრამის მონახაზს, რომელსაც შემდეგ მთელი თავის ცხოვრებას მიუძღვნის:

 «ბატონებო! შესავალ ლექციას ჩვეულებრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე: იგი თითოეული ახალგაზრდა სწავლულის, რომელიც უნივერსიტეტში ერთ-ერთ კათედრის წარმომადგენლად გამოდის, სამეცნიერო პროგრამის გამომხატველია, ამასთანავე, იგი იმ მიმართებულების დამახასიათებელია, რომელსაც ადგია თავის სპეციალურ საგანში, რომელიც მის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების არსებითი დამახასიათებელი იქნება».

კონკრეტულად რა არის ამ პროგრამის არსი?
იმ პერიოდში, როცა ივანე ჯავახიშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიოდა სრულყოფილად შესწავლილი იყო მხოლოდ ევროპის ქვეყნების ისტორია, მკვლევარებიც ევროპელები იყვნენ, რომლებიც სრულიადაც არ იცნობდნენ აღმოსავლეთს, ან ცუდად იცნობდნენ. ამიტომაც მეცნიერებაში ევროპოცენტრიზმის იდეა ბატონობდა, რომლის მიხედვითაც პროგრესის მატარებელი და შემქმნელები ევროპელები არიან, აღმოსავლეთის მკვიდრნი კი სამუდამოდ ჩამორჩენილობისათვის არიან განწირულნი. მათ არც არასდროს შეუქმნიათ რაიმე ფასეული და არცაა მოსალოდნელი ოდესმე შექმნან.

ივ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ მკვლევართა საერთო აზრით «აღმოსავლეთის ყველა კულტურის საერთო ნიშნად ითვლება მეტად თუ ნაკლებად ერთ წერტილზე გაყინვა, კარ-ჩაკეტილობა, წოდებათა და კლასთა უქონლობა, წოდებრივსა და კლასობრივი ბრძოლის არქონა, ერთი სიტყვით, სულიერი და სოციალური უძრაობა.''

ამ ძირშივე მცდარი შეხედულების გამაბათილებელი მაგალითები ამავე ლექციაში მოიყვანა ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის არსებობის სამართლიანობის ილუსტრაცია. საჭირო იყო დიდი სამუშაოს ჩატარება და აღმოსავლეთის შესწავლის იმ დონემდე აყვანა, რა დონეზეც მეცნიერება ევროპის ხალხთა ისტორიის შესწავლის საქმეში იდგა. ამიტომაც ივანე ჯვახიშვილი სახავდა ამოცანას «რომ შესწავლილ და დადგენილ იქნას ის ძირითადი ფაქტორი, რომლებიც წარმოადგენენ აღმოსავლეთის ხალხთა სოციალური ცხოვრების შემართებელ რგოლებს, რომელთაც, მიუხედავად რასობრივი წარმოშობის სხვაობისა და პოლიტიკური განვითარების დაბრკოლებისა, მაინც შეჰქმნეს მათი სახელმწიფოებრივი და საზოგდოებრივი კულტურის ესოდენ მსგავსი ნიშნები (...) თუ ეს ამოცანა არ იქნა შესრულებული, გადაწყვეტილი, ისე, უიმისოდ აღმოსავლეთი ისტორიაც და ეგრეთწოდებული მსოფლიო, ანუ ზოგადი ისტორია, იქნება მარტო ცალკეულ ხალხთა ან სახელმწიფოთა ისტორია» ..ამ კონტექსტში უნდა შეწავლულიყო საქართველოს ისტორიაც.


ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ ამ შესავალ ლექციას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საპროგრამო სიტყვა. მართალია, მას მანამდეც ჰქონდა ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა-ძიება და ნაშრომებიც ჰქონდა გამოქვეყნებული, მგრამ ეს ლექცია უნდა ჩაითვალოს ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დიდი გზის ოფიციალურ განცხადებად და დასაწყისად. აი, თურმე როგორი «ფართო გაგებით იტაცებდა» ისტორია ივანე ჯავახიშვილს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსასვლელად. მას სურდა, რომ ქართველი ერის ისტორიის შესწავლა იმ დონეზე დამდგარიყო, რომ განმაზოგადებელი ნაშრომების წერა ადვილი გამხდარიყო. თავის «ქართველი ერის ისტორიის» III გამოცემის წინასიტყვაობაში გულისტკივილით აღნიშნავდა დიდი ისტორიკოსი: «საქართველოს ისტორიის მეცნიერულ, კრიტიკულ შესწავლას ჯერ იმ დონემდე არ მოუღწევია, რა დონეზედაც ძველი საბერძნეთისა, რომისა და დასავლეთი ევროპის ისტორია იმყოფება, რომ ისტორიკოსმა ძირითადი ფაქტების უცილობლობის წყალობით თითქმის სრულებით დაუსაბუთებლად სწეროს და მარტო ზოგადი პრობლემების განხილვით იყოს გატაცებული». ივანე ჯავახიშვილი ხაზგასმით ამბობს: «მეცნიერ-ისტორიკოსს უნდა ახსოვდეს ის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აწევს და რომელიც მას ავალებს დაუსაბუთებელი ჰიპითეზები ისტორიის სინამდვილედ არ წარმოადგინოს».


როცა დასავლეთ ევროპის ისტორიის დარად იქნებოდა აღმოსავლეთის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გამო- კვლეული, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა თეორიული საკითხების უკეთ გაშუქება ანუ ისტორიის ფილოსოფიის იმ საკითხების წარმოჩენა, რომელნიც ივანე ჯავახიშვილის აზრით წარმოადგენს საისტორიო «მცნიერების უზენაეს მიზანს» . მ.დუმბაძე აღნიშნავს: «ავტორი, უფრო «სრულყოფილი» ისტორიის დაწერას შესაძლებლად თვლიდა მეორე საფეხურზე - ფაქტობრივი მასალის ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ. ფაქტობრივი ძიებისადმი მიძღვნილ ნაშრომს ივ.ჯავახიშვილი «საისტორიო გამოკვლევას» უწოდებდა; ნამდვილი ისტორია, მისი აზრით, უნდა დაწერილიყო მაღალ თეორიულ დონეზე, განტვირთული ფაქტების კრიტიკული განხილვის მსჯელობისაგან». სწორედ ფაქტების კრიტიკული და სკრუპლუოზური შესწავლისა და დადგენის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, იმ ამოცანის განხორციელება, რა მიზნითაც იქნა ჩატარებული მთელი ეს საისტორიო კვლევა-ძიება გაგვეგო საზოგადოების აღმავლობისა თუ დაქვეითების, საერთოდ «ისტორიული პროცესის საფუძველი და ამამოძრავებელი ძალა» რაში მდგომარეობდა. სწორედ ამიტომ იყო განმაზოგადებელი ნარომის - «ისტორიის ფილოსოფიის» დაწერა საისტორიო კვლევა-ძიების «უზენაესი მიზანი». ამ განზოგადებულ თეორიულ ნაშრომში ქართველი ერის ისტორიას თავისი ადგილი უნდა დაეკავებინა. «საქართველოს, სომხეთის, სპარსეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაზე დამყარებულ დაკვირვებათა გათვალისწინებით ისტორიის ფილოსოფიის ყველა საკითხების საგანგებოდ განხილვას ვფიქრობ» - წერდა მოგვინებით უკვე სახელმოხვეჭილი ისტორიკოსი. ე.ი. ივანე ჯავახიშვილი აღმოსავლეთის იმ ქვეყნების ისტორიასთან კავშირში, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო ცხოვრება და ურთიერთობა უხდებოდა, აპირებდა საგანგებო კვლევა-ძიების ჩატარების შედეგად ზოგადი კანონზომიერებების დადგენას, რომლებიც განსაზღვრავდა ამ ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ცხოვრების პირობებსა და მიმართულებას.

ამ დიდ სამეცნიერო ამოცანას ივანე ჯავახიშვილი საკუთარი ერის მომავალს უკავშირებდა. უკეთ რომ ვთქვათ, სწორედ საქართველოს ბედი აწუხებდა და ამიტომაც მოხაზავდა ასე ფართო პრობლემატიკას, რომლის ხორცშესხმა მის ერს დაუმკვიდრებდა იმ ადგილს სხვა ერთა შორის, რომელსაც საუკუნეობრივი ბრძოლითა და შრომით იმსახურებდა. სწორედ ამიტომ დაარსა თბილისში უნივერსიტეტი და, როგორც სამართლიანად მიუთითებდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, განსაზღვრა არა მარტო საისტორიო მეცნიერების, არამედ საერთოდ მთელი ქართული მეცნიერების შექმნა-ჩამოყალიბება.

დავით სართანია

გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002