ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 июля 2017 г.

ილია ჭავჭავაძე – ლიბერალური აზროვნების ფუძემდებელი საქართველოში.

“ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო”, – ასე სწამდა ილია ჭავჭავაძეს, რომლის ლიბერალურ შეხედულებებზეც უნდა ვისაუბროთ დღევანდელ ლექციაზე, ვერწმუნოთ მას და ჩვენც შესავლით დავიწყოთ. უპირველესად, განვმარტოთ სიტყვის ეტიმოლოგია და შემდეგ განვსაზღვროთ, რამდენად მისდევს ლიბერალიზმის ილიასეული აღქმა მის კლასიკურ დეფინიციას.

ლიბერალიზმი (ფრანგ. ) — ეს არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მონოგრაფიის “ილია დღეს” შესავალში, ავტორი ომარ გოგიაშვილი წერს: “ნაშრომის უმთავრეს ნიშანს და ამავდროულად მიზანს წარმოადგენს ილიას პოლიტიკური ფილოსოფიის, იდეოლოგიის, თეორიებისა და კონცეფციების მის თანადროულ და წინა პერიოდების უდიდეს მოაზროვნეებთან ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის, იდეური ნათესაობის კვლევა, რათა მკითხველისთვის საცნაური გახდეს მისი აზროვნების სიღრმე და მასშტაბურობა. მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო უნდა იყოს იმჟამინდელი (და ამჟამინდელი) ცივილიზებული საზოგადოების “აზრთა მპყრობელი” პოლიტიკური იდეოლოგიებიდან – ლიბერალიზმიდან, კონსერვატივიზმიდან, ტრადიციონალიზმიდან, სოციალ-დემოკრატიის ორი მიმდინარეობიდან (დასავლეთ-ევროპული და რუსული), რომელი იდეები იყო ილიასთვის მისაღები და აქედან გამომდინარე, ის კონცეპტუალური წანამძღვრები, რომლებზეც დაფუძნდა მისი ეროვნული იდეოლოგია.

ასევე იმის ჩვენება, რამდენად თანამედროვეა და გამოყენებითი მნიშვნელობისა დღევანდელი ტრანსფორიმირებადი საზოგადოებისა და პერმანენტული “ახლად შენების” ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ილიას პოლიტიკური ნააზრევი”, რაც მის სახელწოდებაშიც აისახა”. შემდეგ ის აგრძელებს: მთელ საკაცობრიო პროგრესში ყველაზე მნიშვნელოვნად, ყველაზე არსებით მოვლენად, ილიას, დემოკრატიული და ჰუმანური იდეების დამკვიდრება მიაჩნდა. ადამიანის უფლებების და თავისუფლების ზოგადკაცობრიული პრინციპების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანდათანობითი შეღწევის მეთოდურმა პროცესმა, ილიას დიდი იმედები ჩაუსახა, იგი წერდა: “ერთი დიდი და სახელიანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი, რა წოდებათა კიბის საფეხურებზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და ვითარცა ადამიანი – ყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულშემატკივარი”.

ინდივიდუალიზმზე და პირად თავისუფლებაზე დამყარებული პოლიტიკური იდეოლოგიები კონფრონტაციულად დაუპირისპირდა ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლეგიტიმაციას.

ფ. ჰაიეკს ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების მთავარ ღირსებად, ადამ სმიტის დამოწმებით, მიაჩნდა ის, რომ ასეთ საზოგადოებაში ძალიან მცირეა უგონო ხალხისგან მიყენებული ზიანი.

პოლიტიკური მეცნიერებების მეორე ავტორიტეტულ წარმომადგენელს. კ. პოპერს, ლიბერალიზმის პრინციპებზე აგებული პოლიტიკური სისტემის უპირატესობად ის მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებას უმთავრესად ინსტიტუტები მართავენ და არა პიროვნებები.

ორტეგა ი გასეტი: ლიბერალიზმის სიმართლე აღიქმება არა განყენებულად, თეორიულად, არამედ როგორც ბედისწერის სიმართლე.

საზოგადოებრივ ცნობიერებაში ლიბერალიზმის ეკონომიკური ასპექტების დამკვიდრების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა “დიდი შოტლანდიელის”, ადამ სმიტის 1776 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”, რომელშიც პირველად ავტორმა დაასაბუთა ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპი, უფრო ზუსტად, მისი ჩარევის სფეროები და ზღვარი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვა.

ლიბერალური იდეოლოგიის ცენტრში ინდივიდია და დანარჩენი ყველაფერი, სოციალური და ყოველგვარი სხვა ჯგუფები, კლასები, ერთიანობაში აღებული მთელი სოციუმი, აზროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობებზე აშენებული კატეგორიებია.

ლიბერალიზმის თეორიაში ადამიანის მრავალგანზომილებიან უფლებებსა და თავისუფლებებში კერძო საკუთრებას განმსაზღვრელი როლი ეკისრება, რადგან ის განიხილება როგორც თავისუფლების გარანტი და საფუძველი. ლიბერალიზმმა თავისუფლება და კერძო საკუთრება ორ ურთიერთდაკავშირებულ ღირებულებად აღიარა და ამავე დროს დაასაბუთა, რომ ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. ჰეგელისთვის საკუთრება იყო “ადამიანის თავისუფლება, რომელიც მოვლენათა სამყაროში რეალიზდება, მხოლოდ კერძო საკუთრებაა ინდივიდუალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პირობა. მხოლოდ კერძო საკუთრება ხდის პიროვნებას თავისუფალს და ამასთან ერთად უყალიბებს ინდივიდუალიზმს.

კერძო საკუთრების ეფექტიანობა და სარგებლიანობა ყველაზე სრულად და თანმიმდევრულად დაასაბუთა ადამ სმიტმა. მან აუხსნა იმდროინდელ საზოგადოებას, რომ კერძო საკუთრების უპირატესობა ყველა სხვა ფორმასთან, წარმოების ზრდის, ეფექტიანობის და მწარმოებლური პროდუქციის სიუხვის ხელშეწყობაში მდგომარეობს. მონის შრომა არ შეიძლება იყოს მწარმოებლური, რადგან მას არ შეუძლია შეიძინოს საკუთრება და ერთადერთი ინტერესი მისი მუშაობისა არის, რაც შეიძლება მეტი ჭამოს და ნაკლები იმუშაოს”, – წერდა სმიტი.

ლიბერალიზმი, როგორც ეკონომიკური თეორია, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიაა, ხოლო პოლიტიკურ ასპექტში სახელმწიფოს მართვის ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი და ამის გამო, მას მინიმალურ სახელმწიფოსაც უწოდებენ. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე პოლიტიკა ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ფონ ჰაიეკმა მართებულად უწოდა “გზა ყმობისკენ”.

რ. პაიპსი თავის ნაშრომში “საკუთრება და თავისუფლება” წერს: “მაშინ, როცა შესაძლებელია საკუთრების ამა თუ იმ ფორმის არსებობა თავისუფლების გარეშე, თავისუფლების არსებობა საკუთრების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია”.

ილიამ კარგად იცის, რომ ლიბერალიზმის უმაღლესი იდეები და ღირებულებები იმდროინდელ საქართველოში ვერ განხორციელდება თუნდაც იმის გამო, რომ “პოლიტიკური თავისუფლება პირადი თავისუფლების გარანტიაა” (ბ. კონსტონი).

ილიას ამ მოაზროვნის მეორე დებულებაც გააზრებული აქვს – “პოლიტიკურ თავისუფლებას არ შეუძლია შეცვალოს პირადი თავისუფლება”.

საყურადღებოა, რომ XX ს-ის ლიბერალურ-კონსერვატიული “სინთეზის” ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკია, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რაც უპირველესად საკუთრების ფლობასა და განკარგვის უფლებაში აისახება, პოლიტიკური თავისუფლების საფუძვლად თვლიდა. ილიას მოღვაწეობის დროს პოლიტიკური თავისუფლება მიუღწეველია, ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირებად პერსპექტივაში, მაგრამ ილია უკან არ იხევს: “ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს”. ბუნებრივია, რომ კერძო საკუთრებამ და მისგან გამომდინარე პრობლემატიკამ ილიას პოლიტნააზრევში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ილიას სტატიების ციკლი – “ცხოვრება და კანონი”, ერთი უმნიშვნელოვანესი დებულების ანალიზით იწყება, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ საქართველოსთვის მაშინაც და ახლაც, განსაკუთრებით აქტუალური იყო და არის. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანა როგორი ბუნებრივი სიმდიდრეებით და პირობებით განებივრებული არ უნდა იყოს, ხალხის კეთილდღეობისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავარი და გადამწყვეტი თვით ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათია, ე. ი. საზოგადოებრივი წყობა, სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა.

“კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე, ვერცა სიკეთე ჰაერისა, ვერცა სიმსუქნე მიწისა, ვერც შეიძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორის უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისთვის, ხალხთა კეთილდღეობისთვის, ეს უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყანაზედ”.

ილიას დროსაც და დღესაც იყო და არის ქვეყნები, რომლებიც ღმერთმა დიდი სიმდიდრით დააჯილდოვა, მაგრამ არსებული პოლიტიკური რეჟიმები მოსახლეობის უმრავლესობას გაჭირვებაში ამყოფებს.

ამ პრობლემაზე მსჯელობისას, ილიას ლოგიკურად უნდა გამოეთქვა თავისი მოსაზრება უმნიშვნელოვანეს დილემაზე – რა არის ის საფუძველი, რომელიც ღარიბ ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავისი მოქალაქეები ღირსეულად აცხოვროს . ილიას მიაჩნია, რომ საკუთრების გამიჯვნა საზოგადოების აუცილებელი პირობაა და ამ საკითხს ილია განსაკუთრებული აქტიურობით აყენებდა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, რადგან ამ რეფორმამ ბევრი პრობლემა წარმოშვა: “განმეორება იქნება ასჯერ თქმულისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ყოფა-ცხოვრების წარსამატებლად ერთი უდიდესი ძარღვი – მამულების გამიჯვნაა, ე.ი. მამულების იმ მდგომარეობაში მოყვანა, რომ ყველამ იცოდეს თავისი კუთვნილება და სხვისგან შეუცალებად ჰპატრონობდეს და უვლიდეს საკუთარ მიწა-წყალსა”.

თავისუფალი კერძო ბაზარი ისეთი მექანიზმია,რომელიც ადამ სმითისსეული უხილავი ხელით თავისთავად წინასწარი განსაზღვრის გარეშე წარმოშობს თანამშრომლობის რთულ სტრუქტურას. თავისუფლ კერძო ბაზარზე გამორიცხულია ყოველგვარი იძულება.

კერძო საკუთრებაა ის საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს ადამიანებს შორის ურთიერთობა, კერძო საკუთრება განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლების ხარისხს, არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების უფლებებსა და მოვალეობებს, მიაჩნდა ილიას და ყოველივე ამის შემდეგ, ლიბერალიზმის პრინციპის “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება” მსგავსად, გვთავაზობს აღნიშნული საკითხის მისეულ დეფინიციას: “რაც სხვისია, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა”.

საყურადღებოა, ილიასეული კანონისადმი პატივისცემისა და საზოგადოებისგან მხარდაჭერისადმი დამოკიდებულება. კანონის პატრონობას ილია იმაში ხედავს, რომ თუ კანონი ირღვევა, მართლმსაჯულებას უდიერად ექცევიან და ფეხქვეშ თელავენ, “მაშინ მე ვიჩაგრები ამისგან თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ, თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო. იმიტომ რომ კანონი ყველას ფარ-ხმალია და მაშასადამე ჩემიცა”. კანონის დაცვას უნივერსალური ხასიათი უნდა ჰქონდეს და საქმის მასშტაბები, მისი სიდიდე, მნიშვნელობას არ უნდა იძენდეს.

ილია როდესაც სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს თუ წერს, იქვე დასძენს, რომ “ამასთანავე, კერძო საკუთრების შეურყევლობაც დიდს განძად მიაჩნია სახელმწიფოს თვითონ საზოგადოების დღეგრძელობისა და წესიერი ცხოვრებისათვის”. სახელმწიფომ ყველა უფლება ისე უნდა გამოიყენოს, რომ კერძო საკუთრების პატრონი არ დაზარალდეს, მაგრამ რადგან კანონი იმ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა, ილია მოუწოდებდა მოსახლეობას, შეესწავლათ კანონები, თავისი უფლებების დასაცავად და ამ კანონებს ის სისტემატურად აქვეყნებდა გაზეთ “ივერიაში”.

რევოლუციის თანამდევ კერძოდ საკუთრების ხელყოფასა და სხვისი საკუთრების მიტაცებასთან დაკავშირებით, ილიას პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. ილიას ბოლომდე გაცნობიერებული აქვს კერძო საკუთრების მნიშვნელობა საზოგადოების პროგრესისთვის. მან მრავალჯერ დაასაბუთა ფორმულა: “თავის-უფლება”, სხვისი მოვალეობა და იმაშიც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ღარიბი თუ მდიდრის ქონებას მიიტაცებს, ამით თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება ვერ აშენდება. “როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი, ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო, აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი კიბეა, რამდენი საფეხურია, რამდენი ერთმანეთზე მეტია და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელ ამ მანძილზე”.

ილიას ზემოთ მოტანილი ციტატის აზრის ლოგიკურობას კომენტარი არ სჭირდება, მაგრამ ერთი კია, ვერც ილიამდე და ვერც ილიას შემდეგ, ვერც ერთი რევოლუციის პირობებში, ვერც ერთმა მოაზროვნემ ვერ დაასაბუთა ქონებრივი კიბის რამდენი დაბალი საფეხურია, რომელზეც მდგომ პიროვნებებსაც აქვთ მორალური უფლება “სწეწოს და ჰგლიჯოს” უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი მდიდრები.

ილია აღნიშნავდა: “ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანის უფლებას თუ რაზმად დაწყობილი კრებული, თანაც ისეთ უფლებებს, რომელიც ბუნებრივად მინიჭებული აქვს ყოველ ადამიანს, ასეთი საქციელი შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყოვლისგან”.

ინდივიდის უზენაესობის რწმენას ბუნებრივად მივყავართ ინდივიდის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ხოლო დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იდენტური, ურთიერთმონაცვლე ცნებებია.

თავისუფლება, როგორც ილია იტყოდა “ჭეშმარიტი ლიბერალისთვის” უზენაესი პოლიტიკური ღირებულებაა და ამ გაგებით ლიბერალური იდეოლოგიის ამოსავალი, შემკრები პრინციპია “ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისა, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და სხვათა შორის იგიცა, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილსა და მართალს წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად”.

XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეროვნულობის გადარჩენისთვის ილიას და მისი თანამოაზრეების ბრძოლის ოცწლიანი ეტაპი გარკვეული წარმატებით დასრულდა, მაგრამ ამ პერიოდშიც ილიას არ აკმაყოფილებდა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ზოგადი, საერთო ინტერესების შეცნობის დონე. არადა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველი საბერძნეთის ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, თუკიდიდე ამტკიცებდა, რომ “ინტერესების მსგავსება ყველაზე მყარი კავშირია როგორც სახელმწიფოს, ისე ინდივიდებს შორის”.

ილია კატეგორიულად უარყოფდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების არად ჩაგდება ქართველი ერის ისტორიული ტრადიციაა და მისი დამახასიათებელი თვისებაა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ქართველი ერი დიდი ხნის აღგვილი იქნებოდა პირისაგან მიწისა. ჩვენს წინაპრებს “ჯერ ჩვენ” ჰქონდათ სახეში და მერე “მე”. ილიას მით უფრო უკვირს, საიდან შემოგვეპარა ეს სენი, როგორ დაიჭირა “მემ” “ჩვენის” ადგილი და ორაზროვნად იმასაც მიუთითებს, ვინ შეუწყო ხელი ამ სენის გავრცელებას, ვის აინტერესებს ამ ავადმყოფობით ერის დაავადება: “ეგ ადვილი მისახვდომია: იმისაგან, ვისაც უძლური “მე” უფრო უნდება, ვიდრე ძლიერი და ძალგულოვანი “ჩვენ”.

ლიბერალური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე გახდა პლურალიზმი. ილიას აზრით: “პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის ის არის, რომ საზოგადოება სხვისის აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული”.

“შეწყნარება დაჯერებას კი არ ნიშნავს გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომელითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენ უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ…”

ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნება აუცილებლად გულისხმობს საზოგადოების სხვა წევრების ჯგუფების მოსაზრებების “თანხმობას რომ არ დაეთანხმო”. ილიას დამოკიდებულება ეთანხმებოდა ვოლტერის პოზიციას, რომ მე არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავდი, რათა თქვენი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეთ. განსხვავებული აზრი, ოფიციოზის კრიტიკა “ცხოველმყოფელი სისხლია ყოველგვარი რაციონალური აზროვნებისა” (კ. პოპერი).

ივ. ჯავახიშვილს ილიას უდიდეს შემოქმედებით მემკვიდრეობაში აღაფრთოვანებდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის კვლევა. ის პირდაპირ მიუთითებდა, რომ ილიას ქართული აზროვნების ისტორიაში ამ პრობლემის დაყენების და კვლევის სრული პრიორიტეტი აქვს. ეს შეფასება ივანე ჯავახიშვილმა წამოაყენა და დაასაბუთა ილიას სტატიის “ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ” ანალიზის საფუძველზე. ილიას მიაჩნდა და ამას არაერთხელ მიუთითებდა, რომ ეკონომიკური კანონები, ისევე როგორც ბუნების კანონები, ადამიანებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. მათი ჩამოყალიბება და მოქმედება ადამიანის ნებას არ ექვემდებარება. კანონი უნდა შეიმეცნო და მას უნდა მიუსადაგო შენი მოქმედება, ხოლო თუ შეეწინააღმდეგები, აუცილებლად დამარცხდები. ილიამ პირველმა ქართველ მოაზროვნეათაგან, მიმართა თავისი ანალიტიკური გონება იმ ფაქტის კვლევისკენ, რომ ქართველ ხალხს თავისი 2000-წლიანი ცხოვრების მანძილზე ასი წელიც არ ჰქონია ისეთი პერიოდი, რომ “მტრისგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიწევნით და განუწყვეტლივ”. “საქართველო დღედაღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველი მხრიდან მოწოლილი იყო, ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლს ღვრიდა და ბოლოს, მე-18 საუკუნის დასასრულს, თვითმყოფადი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია”. “ვთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა – რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამისთანა ომებსა და სისხლისღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზე კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტერთაგან მტვრად არ აღგვილიყო და საზრდოს ვინ აძლევდა და რა აძლევდა?”

აი, სწორედ ეს იყო ის ახალი, ქართველი ერის თვითდამკვიდრების, თვითშენახვისა და თვითგადარჩენის შესახებ, რომელზეც ილიამდე არავინ დაფიქრებულა. მან, პირველმა, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ეკონომიკური საფუძვლის გამორკვევის აუცილებლობა აღიარა. ილია ამბობდა: “მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაივაგლახსა და ომებსა ამდენი ხნის განმავლობაში”.

მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის განმსაზღვრელი, გამუდმებული ომების პირობებშიც კი, მიწის საკუთრების ისტორიული ფორმები ყოფილა, რომელიც იმდროინდელ საქართველოში გაცილებით სამართლიანად იყო ორგანიზებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

შრომა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა როგორც ქვეყნის, ერისა და პიროვნების მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის საფუძველი ყოველთვის იყო ილიას განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი და ბუნებრივია, ამ პრობლემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის მსოფლგაგებაში. “ეს წუთისოფელი ისეთია, აღნიშნავდა ილია, რომ ვინც თვითონ არ მხნეობს, ვინც თვითონ არ იბრძვის დღიურის ლუკმისთვის, მისი ბედი გადაწყვეტილია, იმას შეიძლება ერთ დღეს ან რამდენიმე ხანს კაცთმოყვარეობით უშველოს კაცმა, მაგრამ მას მერე მაინც ისევ მშირეი და უპოვარი დარჩება”. როდესაც ილია გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლს ახასიათებდა, ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე მიუთითებდა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსს თავის ქადაგებებში შრომის ზნეობრიობა და მისი ქება არ გამორჩენიაო. XIX ს-ის მიწურულს, როცა საბაზრო ეკონომიკის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელმა საზოგადოების პოლარიზაციამ და ქონებრივმა დიფერენციაციამ თავისი შედეგები რეალური გახადა, ილიას ერთი უმთავრესი მიზანი იმის საზოგადოების ცნობიერებამდე დაყვანა გახდა, რომ ყოველდღიურმა მიზანმიმართულმა შრომამ ფართო, სოციალური ფენებისთვის თვითგადარჩენის მნიშვნელობა შეიძინა. ცნობილ საახალწლო სტატიაში “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” (1897წ.) ილიამ ქვეყნის გადარჩენის ფრონტი საბრძოლო ველზე კი არა, შრომის ველზე გაატარა და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ეს ფრონტი არანაკლებ ვაჟკაცურია. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს… ეხლაც ომია, ხოლო სისხლისღვრისა კი არა, ოფლისღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი”.

ამასვე სწერდა სახელოვანი ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, რევაზ გაბაშვილი, რომელმაც თავისი პატრიოტული და ბოლშევიზმთან შეურიგებელი პოზიციის გამო სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა, ასევე ემიგრანტ პეტრე ხვედელიძეს, რომელსაც ემიგრაციაშიც ერთი წუთით არ შეუწყვეტია საქართველოზე ფიქრი და ზრუნვა: “მე რომ ვიცნობ ქართულ ისტორიას, არამარტო სამიათასის წლისას, არამედ სულ უკანასკნელსაც, ჩემი, ჩვენი დროისას, რამდენი მართლა გმირი მინახავს თავგანწირული (და იცოდე, ჩემო პეტრე, რომ მოქალაქეობრივი თავგანწირვა უფრო ძნელია და იშვიათი, ვიდრე სამხედრო), რომ უამისოდ საქართველო იმ სახელოვან ისტორიას ვერ შექმნიდა.''

როგორ ახერხებდა ილია მუდამ საკაცობრიო აზრთა ავანგარდში ყოფილიყო?იგი ძალიან ბევრს მუშაობდა იმდროინდელი ევროპის პრობლემატიკაზე. 1886 წელს ილიამ გამოაქვეყნა სტატიების ციკლი “ევროპა 1886 წელს”, 12 სტატია, რომელშიც მოცემულია ზოგადევროპული პრობლემატიკის ბრწყინვალე ანალიზი.

ილია უდიდესი სერიოზულობით ეკიდებოდა საკუთარი მოსაზრებებისა და კონცეფციების არგუმენტაციას. ამაზე მეტყველებს მის მიერ დამუშავებული უმდიდრესი ლიტერატურის, ისტორიის და ფილოსოფიის მეცნიერებების მრავალრიცხოვანი დამოწმებული, გამოჩენილი ავტორიტეტები: ფ. ბეკონი, ჯ. ს. მილი, ჰ. სპენსერი, ა. სმიტი, ლებოკი, ტეილორი, ვებერი, ლერონმანი, სეიესი, ტალბოტი, ჰინქსი, კლაპორტი, შრადერი, უსლარი, ბროკი და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი.

დასასრულ, კიდევ ერთხელ გამოვყოთ ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალურ-პოლიტიკური მიმდინარეობის, ლიბერალიზმისთვის ნიშნეული პრინციპები, ესენია: პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი.

როგორც ვნახეთ, ილია განუხრელი სიზუსტით მიჰყვება და სახელმძღვანელო-სამოქმედო პროგრამადაც აღიარებს ლიბერალური იდეოლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გოგიაშვილი ომარ: ილია დღეს, პოლიტიკური ფილოსოფია, იდეოლოგია, პოლიტიკა, პოლიტიკოსები, წიგნი მეორე, თბ. 2012წ.

მილტონ ფრიდმენი: ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება (გამოქვეყნდა 1991 წ.). ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება, თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი IV, 2006წ.

ჭავჭავაძე ილია: თხზულებანი. თბ., საბჭოთა საქართველო 1984წ.

ჯერვალიძე ციცინო: პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით, წიგნი ეძღვნება ქართველი ემიგრანტის, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, რევაზ გაბაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს, თბ. პეგასი 2012წ.

ავტორი: ერეკლე უგრელიძე


понедельник, 17 июля 2017 г.

ადამიანთა სევდა.


სამოთხის გვრიტები.


ბავშვობას აქვს შედეგები.

„მიუხედავად  იმისა თუ  რა მნიშვნელობას  ანიჭებთ  საკუთარ ბავშვობას დღეს, პასუხი  მრავალ კითხვაზე შორეულ  წლებში დევს.  ამ კითხვებს  ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და მათ  ერთი მთავარი კითხვა  აერთიანებთ:  „რატომ ვარ ისეთი, როგორიც  ვარ?““  –  წიგნიდან  „უკან  მოიტოვე  ბავშვობა“ უ. ნუბერ, 2009


გერმანულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ბავშვობას აქვს შედეგები

კარგი მოგონებები, ცუდი მოგონებები, მოგონებების არარსებობა  – მიუხედავად იმისა თუ  რამდენად ცოცხალია  წარსული  თქვენში და ასევე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაინტერესებულხართ  აქამდე თქვენი აღზრდით – ერთი რამ ცხადია: თქვენ გქონდათ ბავშვობა. ამ ბავშვობას აქვს შედეგები. განცდები ადრეული წლებიდან კვალს ტოვებენ ჩვენში.  ისინი ჩვენი „ცხოვრების რუკაზეა“ აღბეჭდილი. მსაგავსად ნამდვილი რუკისა, რომელზეც ყველა გზა, ადგილი და მდინარე მოჩანს, ჩვენს შინაგან რუკაზეც მონიშნულია ყველა ჩვენი ადრეული განცდა მასში  მონაწილე  ადამიანებთან ერთად. მათმა შესახედაობამ,  სიცილმა, ჩაცმის სტილმა, ასევე შეხედულებებმა, გაფრთხილებებმა, შექებამ და კრიტიკამ, ალერსმა და გულგრილობამ  გავლენა იქონია   და ყველაფერი აღიბეჭდა ჩვენში.  „ყველა ადამიანს ჰყავს ბიოლოგიური მამა და დედა. შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ისინი,  არ აღიარებდეს და  არ ენდობოდეს  მათ. მაგრამ, ისინი არსებობენ  მათი სახეებით,  ქცევით, მანერებით და მანიებით, მათი ილუზიებით და იმედებით.  მათი ხელების და ცერების ფორმა,  თვალების და თმების ფერი, ლაპარაკის მანერა, მათი აზრები და  სავარაუდოდ მათი სიკვდილის ასაკი, ყველაფერი ეს შევითვისეთ ჩვენში“,  წერს ფრანგი მწერალი ჟან-მარი  გ.  ლეკლეზიო.


მშობლებთან დაკავშირებული ადრეული გამოცდილებები  წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ისინი ჩვენი ორიენტირებია, მიუხედავად იმისა, პოზიტიურნი არიან ისინი თუ ნეგატიურნი. სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ცხოვრების პარტნიორის არჩევისას ჩვენ ვიმართებით საკუთარი მშობლების გარეგნობით: კაცებს უმეტესად უყვარდებათ ქალები, რომელთაც მაგ. დედის  თვალების და თმის ფერი აქვთ. ხოლო, ქალები ირჩევენ კაცებს, რომელნიც მათ მამებს ჰგვანან.

შეიძლება რომელიმე ფერი გვიყვარდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ბავშვობის რომელიმე სასიამოვნო მოგონებას ვუკავშირებთ. მაგალითად ლურჯი ფერი. „დღესაც ზუსტად მახსოვს, რომ მას ლურჯი კაბა ჰქონდა, დავარდნილი შალით. როცა საღამოობით სადმე მიდიოდა, ამ კაბით შემოვიდოდა ხოლმე,  „ძილი ნებისა“ რომ ეთქვა ჩემთვის. მამა კი უკვე მოუთმენლად ბუზღუნებდა დერეფანში. მას  ისეთი, . . . ისეთი ამაღელვებელი სურნელი ჰქონდა! შემეძლო ხოლმე სახე ამ რბილ ქსოვილზე გამესვა, ოღონდ ისე, რომ არაფერი დამეჭმუჭნა.“ – ბავშვობის ამ მოგონებას აღწერს კ. ვაბერერის მოთხრობის „Der Anruf“-ის  მთავარი გმირი.

წარსულის ასეთი კვალი სასიამოვნოა, უმტკივნეულო და  ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ, მძიმეა და დამთრგუნველი ისეთი აღნიშვნები ჩვენი „ცხოვრების რუკაზე“ როგორიცაა:  ბავშვობაში განუცდელი ალერსიანი მოპყრობა, არარსებული ან ნაკლული კონტაქტი აღმზრდელებთან, უყურადღებობა და შეურაცხყოფა, განებივრება და გადამეტებული ზრუნვა. თუ ჩვენს „შინაგან რუკაზე“ ასეთი ბასრი ადგილებია მონიშნული,  სავარაუდოდ ორიენტაციადაკარგულები ვბორძიკობთ  ცხოვრების გზაზე და გვიჭირს ვიპოვოთ სასურველი და საიმედო მიმართულება.  აღარც სამყარო  გვეჩვენება უსაფრთხოდ, რომელშიც შესაძლებელია კარგი ცხოვრება. ამის მაგივრად ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში  დომინირებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, არ ვიცით  ჩვენი თავის ფასი და ძლიერი მხარეები.  გაუბედავები ვართ  სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც. შემთხვევები ჩვენი სიცოცხლის პირველი წლებიდან განსაზღვრავენ ჩვენს გრძნობებს და ქცევას  სხვა ადამიანების მიმართ. თავდაჯერებულნი ვართ  მათთან თუ  ეჭვით ვუყურებთ და მუდმივად ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დამტკიცება გვიწევს.

მიუხედავად  იმისა თუ  რა მნიშვნელობას  ანიჭებთ  საკუთარ ბავშვობას დღეს, პასუხი  მრავალ კითხვაზე ადრეულ წლებში დევს.  ამ კითხვებს  ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და მათ  ერთი მთავარი კითხვა  აერთიანებთ:  „რატომ ვარ ისეთი, როგორიც  ვარ?“  განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში და კრიზისებში თავს იმტვრევთ შემდეგ კითხვებზე:

–         რატომ მაქვს მუდამ  ერთი და იგივე პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში?

–         რატომ ვმუშაობ მხოლოდ მე ამდენს და ცოტა რამის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს?

–         რატომ ვგრძნობ შვილებთან ასეთ დიდ დისტანციას?

–         რატომ მიჭირს დავუშვა ვინმესთან სიახლოვე?

–         საიდან მოდის ჩემი შიში და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა?

–         რატომ ვარ ასეთი პერფექციონისტი?

–         რატომ მიზიდავენ ყოველთვის ის ადამიანები, რომელთაგან აღიარებაც ბრძოლით უნდა მოვიპოვო?

–         რატომ არ შემიძლია ვთქვა „არა“?

–         რატომ მიფუჭდება ხშირად ხასიათი? საიდან მოდის ეს გაღიზიანება  და უხასიათობა?

–         ჩემზე წინ ყოველთვის სხვებს ვაყენებ. ჩემზე თუ ვიფიქრე, ისიც, სულ ბოლოს. რატომ არ შემიძლია უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალო საკუთარი თავი?

–         რატომ ვხდები ეჭვიანი მცირე წვრილმანების გამო?

–         რატომ ვერ ვენდობი ადამიანებს?

–         რა მიზეზი აქვს იმას, რომ სექსუალურობა არანაირ სიხარულს არ მანიჭებს?

–         რატომ ვჭამ, ვსვამ და ვეწევი ყოველთვის ბევრს?

–         რატომ ვარ ყოველთვის მეგობრების მიერ გამოყენებული?

–         საიდან მოდის ეს საშინელი შაკიკის შეტევები, მთელი ცხოვრება რომ თან მდევს?

–         რატომ არ მანებებს თავს ზურგის ტკივილი და დაძაბულობა?

–         რატომ მიჭირს  გადაწყვეტილებების მიღება?

–         რატომ ვერ ვბედავ პარტნიორთან გაშორებას?

–         რატომ ვერ ვახერხებ ნამდვილი სიახლოვის დამყარებას?

არსებობენ  ყოველდღიური ქცევები და განცდები, რომელთაც მეტ-ნაკლებად ვამჩნევთ ჩვენში. მაგრამ, არსებობენ კრიტიკული სიტუაციებიც ცხოვრებაში, რომელთა გასამკლავებლად არათუ  მზად არ ვართ, არამედ მათ წინაშე  სრულიად მარტოდ, უიმედოდ, სასოწარკვეთილად, სუსტად და უსუსურად ვგრძნობთ თავს. ზუსტად ისე, როგორც ბავშვები. ასეთ დროს მოულოდნელად გვეძალება ფიქრები და განცდები, რომლებითაც ნამდვილიად ვერ ვიამაყებთ. ამის ახსნა  უმეტესწილად არ ძალგვიძს და ვაბრალებთ  შესაძლო  გადაღლას, „Burn-out“-ს, სტრესებს და ა.შ.  ჩვენი მდგომარეობის ნამდვილი მიზეზის წარმომავლობას ვერ ვაცნობიერებთ.  ვერ ვხვდებით, რომ მოზრდილი ადამიანისთვის ეს უცნაური და შეუფერებელი ქცევა უმეტეს შემთხვევაში ჩვენი წარსულიდან მოდის და სინამდვილეში იქ უნდა დარჩეს კიდეც. როგორც წესი, მას არაფერი ესაქმება აწმყოში. მაგრამ, იმის გამო, რომ  გაცნობიერებული არ გვაქვს მისი წარმომავლობა, სიცოცხლე გვაქვს გამწარებული მისგან.  ვერ ვამჩნევთ, რომ  ჩვენი დღევანდელი ქცევა და განცდები  მსგავსია  წარსულში (ბავშვობაში) ჩვენი ქცევისა და განცდებისა . იმის მაგივრად, რომ კავშირი დავინახოთ დღევანდელსა და წარსულს შორის,  ხშირად ჩვენს გრძნობებს და რეაქციებს აწმყოში მომხდარს  ვაბრალებთ  და თან გვიკვირს, გარკვეული სიტუაციებიდან რატომ ვერაფერს ვსწავლობთ  და რატომ გვემართება ზოგიერთი რამ  ისევ და ისევ. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ქცევის ის ფორმა, რომლითაც დღეს  სტრესს და კონფლიქტებს ვხვდებით, ზუსტად იმ ქცევის შესაბამისია, რაც ბავშვობაში ვისწავლეთ.   ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ის,  რაც პატარაობისას განვიცადეთ და რამაც ზოგჯერ დაგვტანჯა კიდეც წარსულში,  დღევანდელ სიძნელეებს და შეგრძნებებს დავუკავშიროთ.


orthodoxtheology.ge



суббота, 15 июля 2017 г.

„როგორ აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანულად..“ (III)

თავი III
„ქრისტიანული აღზრდა ოჯახში“


 დიდი ხანია ცნობილია, რომ ბავშვების ქრისტიანული აღზრდა უპირველესად ოჯახის საქმეა. სამრევლო სკოლები და ღვთისმსახურებაზე დასწრება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ცოდნას იძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ოჯახის დახმარებით ხორციელდება. როცა ოჯახი ბავშვს საეკლესიო სკოლაში გზავნის ან ტაძარში მიჰყავს, ამით მხოლოდ სრულყოფს იმას, რასაც საფუძველი სახლში ეყრება განუწყვეტლივ, დღითი დღე…

ოჯახი „მცირე ეკლესიად“ არის მიჩნეული და მშობლების ამოცანაა იყვნენ „მღვდელმსახურები“ ამა სოფელში. ჩვენი ქრისტიანული რწმენა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ხორციელდებოდეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლინდეს. სამრევლო სკოლაში ბავშვები კვირაში ერთ საათს ატარებენ, საეკლესიო მსახურებაზე – რამდენიმე საათს, ოჯახის წიაღში კი მუდმივად ვართ, დღიდან დღემდე. ოჯახი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეზე, იქნება ეს პირადი ურთიერთობანი, საჭმლის მომზადება, ტრაპეზი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა. ოჯახში მიმდინარეობს ბავშვის მთელი ცხოვრება.

ჩემს ძალას აღემატება ეკლესიას ოჯახის ხელმძღვანელობისა და დახმარების გეგმა დავუსახო. ამ წიგნში მხოლოდ ვეცადე გამეაზრებინა, თუ რას გულისხმობს ოჯახში ქრისტიანის აღზრდა, რა პრობლემები და ამოცანებია ამასთან დაკავშირდებული.

„სიყვარული და ოჯახი“

ოჯახის განმასხვავებელი ნიშანი სიყვარულია, რომელიც მას საფუძვლად უდევს; ოჯახი თვალსაჩინო განხორციელებაა რამდენიმე ადამიანის სიყვარულისა ერთმანეთის მიმართ. ოჯახს იურიდიული რეგისტრაცია არ ქმნის. ოჯახისათვის მნიშვნელობა არა აქვს გემოვნების, ასაკის, პროფესიის მსგავსებას. ოჯახი ეფუძნება ქმრისა და ცოლის ურთიერთსიყვარულს, და სიყვარულს მშობლებსა და შვილებს შორის. ოჯახური სიყვარული სიყვარულის სხვა გამოვლინებებისაგან გასხვავდება. ის ეგზისცენტრულია იმ გაგებით, რომ რომანტიკული სიყვარულისა თუ იდეალის თაყვანისცემისაგან განსხვავებით, რაც ყოველთვის აღმატებულ სიტყვებსა და განმარტებებს მოითხოვს, სიტყვებს არ საჭიროებს. უფრო მეტიც, ეს სიყვარული აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი, რადგან ყველა ეკუთვნის ამა თუ იმ სახის ოჯახს.

ოჯახისა და ოჯახური სიყვარულის ქრისტიანული გაგება არცთუ სავსებით ჩვეულებრივია. ის ჰგავს ღვთის შესახებ ტრინიტარულ სწავლებას: ადამიანს თავისთავად არსებობა არ შეუძლია, ბოლომდე ადამიანად ის იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სხვა ადამიანები უყვარს. გამონაკლისიც არსებობს – ადამიანებს შესაძლოა ერთმანეთი არ უყვარდეთ, მშობლებს შეიძლება არ უყვარდეთ შვილები, მაგრამ უსიყვარულობა ყოველთვის ოჯახის ჭეშმარიტი ბუნების გაუკუღმართებაა.

„ქმარი და ცოლი“

ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობა საკმაოდ განსხვავდება რომანტიკულ შეყვარებულთა ურთიერთობისაგან; ამ ურთიერთობაში ორივემ უნდა უარყოს საკუთარი „მე“ და ახალი ერთობის ნაწილად იქცეს. ორივე მოწოდებულია გახდეს ბედნიერი იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს ორივე მათგანი. თუ ერთ-ერთი უბედურია, მაშინ უბედური იქნება ორივე. ამიერიდან შეუძლებელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ერთის გასაჭირი საერთო გასაჭირად იქცევა, რასაც არ უნდა აკეთებდეს ერთი, ყველაფერი შეეხება მეორესაც. ქორწინებაში ორი, პირდაპირი გაგებით, ხდება ერთი.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული მხოლოდ სიმპათიას არ ნიშნავს. ყოველთვის არსებობს ხასიათის რაღაც მხარეები, რაც ცოლ-ქმარს ერთმანეთში არ მოსწონს, მაგალითად, ქედმაღლობა, სიზარმაცე, მრავლისმეტყველება, უდარდელობა, ქორწინებამდე შეძენილი ჩვევები და გემოვნება. მანერულობა და ა.შ. ხანდახან ცოლი და ქმარი ერთმანეთს ნერვებს უშლიან, როგორაა შესაძლებელი სიყვარული სხვისი ნაკლისადმი ანტიპათიას შევუთავსოთ? ოჯახური ცხოვრება მუდმივად ერთმანეთთან „მორგებას“ გულისხმობს, შეიძლება ითქვას – „ასკეზას“. გამოცდილ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანისაგან გაცილებით მეტ ასკეტურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მონასტერში ცხოვრება. სხვა სოციალურ ჯგუფებში თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ არასასურველ, გამაღიზიანებელ ადამიანებთან შეხვედრას, შეიძლება საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და გარკვეული დროით გაუძლოთ სხვის ნაკლს, სახლში კი ვერსად დაიმალები, როგორიც არ უნდა იყოთ თქვენ, ვალდებული ხართ ოჯახის სხვა წევრებს შეეწყოთ, მიუხედავად იმისა, როგორები არიან ისინი. ქრისტიანული ოჯახი („მცირე ეკლესია“) იმ შემთხვევაში ჩნდება, როცა „თანაგაძლება” ქსრიტიანული რწმენის, სასოებისა და სიყვარულის განხორციელებად იქცევა.

 

კორინთელთა მიმართ პირველი ეპიტოლეს მეცამეტე თავი ყოველთვის დარჩება სიყვარულის საუკეთესო სახელმძღვანელოდ: „სიყვარული სულ-გრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“. ნებისმიერ ქრისტიანულ ოჯახს მრავალი წელი ესაჭიროება იმისთვის, რომ სიყვარულის ამ იდეალს მიუახლოვდეს და ყველა პრობლემა ასე მოაგვაროს.

დარწმუნებული ვარ, სიყვარული და მრისხანება შეიძლება თანაარსებობდეს. თუ თქვენ არასოდეს არ ბრაზდებით, ესე იგი თქვენს სიყვარულს რაღაც აკლია. ქმარსა და ცოლს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი სიყვარულის ღირსად მიაჩნიათ და ამიტომაც არ შეიძლება გულგრილნი დარჩნენ იმისადმი, რაც ასეთ ურთიერთობას ეწინააღმდეგება. იესო ტაძარში მოვაჭრეებს სწორედ იმიტომ განურისხდა, რომ უყვარდა ადამიანები, ანუ სწორედ ის ვაჭრებიც. სიყვარულით გამოწვეული მრისხანება ცოლქმრული ურთიერთობის აუცილებელი ელემენტია, ქორწინება ურთიერთ თაყვანისცემის საზოგადოება როდია. მეტსაც ვიტყვი: ცუდს ვერაფერს ვხედავ იმის შიშში, ქმარი ან ცოლი რომ არ განარისხო. გარკვეული აზრით, ცოლ-ქმარი ერთმანეთის სინდისი ხდება. მათი მრისხანება – არა გაბოროტებული ან გაღიზიანებული – სწრაფად ქრება, და დგება შერიგების, პატიების ჟამი, იღვიძებს თანაგრძნობა.

„სიყვარული შვილებისადმი“

ოჯახი იზრდება, მას უჩნდება ახალი განზომილება და პერსპექტივები, ქპრწინებაში ადამიანები მარტოობას განეშორებიან და ერთმანეთის ნაწილი ხდებიან. ბავშვების გაჩენის შემდეგ, მშობლები სულ უფრო მეტად უძღვნიან მათ თავს, ასე რომ, ხანდახან ოჯახური საზრუნავისა და მოვალეობების ორომტრიალში საკუთარი თავის დაკარგვის განცდაც კი ეუფლებათ. ოჯახის ყოველი წევრი მოწოდებულია მოიძიოს საკუთარი თავი, სიყვარულის მატარებელი ადამიანი სულიერად უფრო ძლიერ და მდიდარ პიროვნებად უნდა იქცეს. „.. უკუეთუ არა მარცუალი იფქლისა დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოღოს“ (იოანე. 12,24[1]). ოჯახური ცხოვრების ეს ჭეშმარიტი ასკეზა – რთულია და მტანჯველი. თითოეული მშობლის „მე“ იზღუდება, ოჯახის სხვა წევრთა საჭიროებებით ითრგუნება. ქრისტიანები და არაქრისტიანები ერთნაირად გაივლიან ამ განსახდელს: უძილო ღამეები, ფიზიკური დაღლილობა, მღელვარება – ყოველივე ამას ვერ აირიდებ. მამამ შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს იმის გამო, რომ ცოლი მეტ ყურადღებას უთმობს დედობრივ მოვალეობებს. საკუთარი „მე”-ს შეზღუდვა შესაძლოა მტკივნეულად იქნას განცდილი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ თუნდაც ნაწილობრივ ჰიპერტროფირებულ „მე“-ს მიერ ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლი ადამიანის განახლებისა და გაკეთილშობილების საწყისად შეიძლება იქცეს. საკუთარი „მე“-ს მსხვერპლად გაღების სურვილთან ერთად ვითარდება არანაკლებ ძლიერი სურვილი შეიცნო სხვათა „მე“, გაიგო მათი მოთხოვნები, ცხოვრებისეული წარმოდგენები, უნარი.

 

იმისათვის, რომ უფრო ღრმად გაიაზრონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა, მშობლებს სჭირდებათ სულიერი ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი შთაგონება. ამ ურთიერთობათა საფუძველში სიყვარულია, აღსავსე პასუხისმგებლობით, რაც მოიცავს ავტორიტეტსა და პატივისცემას, ასევე მისწრაფებას ჩასწვდე ბავშვის პიროვნებას. ქრისტიანული თვალთახედვით, მშობლის სიყვარული ემოციურ სისავსეს ფლობს, მნიშვნელოვანია, ეგოისტურად არ გადაიქცეს. იდეალში ის აბსოლუტურად უანგაროა და ამის მაგალითია – ღვთისმშობლის სიყვარული იესო ქრისტესადმი. მშობლებს საკუთარი სიყვარული ისე არ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი, როგორც რაღაც საჩუქარი ბავშვისადმი, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერი უნდა იყოს მათი, როგორც ქველმოქმედების.. როცა ვისმენ მშობელთა საყვედურს შვილების უმადურობის გამო, მათ სიყვარულში ეჭვი მიჩნდება. დედის სიყვარული შვილისადმი აღავსებს მის ცხოვრებას, ამდიდრებს მას. ესაა სიყვარული რაღაც უფრო დიდის მიმართ, ვიდრე თვითონაა, იმის მიმართ, ვინც მას უკვე აღარ ეკუთვნის. ბავშვი იზრდება და მშობლებისაგან მიდის. მშობლის სიყვარულის მსხვერპლისმიერი, ქრისტიანული საზრისი ამ ფაქტის აღიარებასა და ბავშვის დამოუკიდებლობის უფლების სიხარულით მიღებაში მდგომარეობს. აბრაამისა და ისააკის სახებანი დღესაც სამაგალითოა იმ მშობლებისათვის, რომელნიც ესწრაფვიან საკუთარი შვილის სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნან; ეს გულისხმობს სურვილს, შვილი უფრო მეტად ღმერთს დაუმორჩილო, ვიდრე საკუთარ თავს. მე მგონი, ეს მშვენივრადაა გამოსახული ღვთისმშობლის იმ ხატებზე, სადაც ღვთისმშობელს ყრმა მუხლებში გამართული უზის, ხელი შემოხვეული აქვს, მაგრამ გულში არ იკრავს.

„ბავშვების სიყვარული მშობლებისა და ნათესავებისადმი“

ბავშვების სიყვარული მშობლების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლება, სირთულე ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაუცხოება ღრმავდება. მშობლებს სჭირდებათ და სიამოვნებთ იმის შეგრძნება, რომ პატარა ბავშვი სრულიად დამოკიდებულია მათზე, ყოვლისშემძლეებად მიაჩნია ისინი. მაგრამ ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, გაივლის ზრდის ეტაპებს, დამოუკიდებელი ხდება და შეიძლება მშობლებს აუჯანყდეს კიდეც. უკეთეს შემთხვევაში კი, დროთა განმავლობაში, ყალიბდება ნორმალური მეგობრული ურთიერთობა, გამსჭვალული ურთიერთპატივისცემით, რომელსაც მოგვიანებით ცვლის თანაგანცდა, ზრდასრული შვილების სიახლოვე და მადლიერი სიყვარული მოხუცი მშობლებისადმი.

ძმებსა და დებს შორის „სიყვარულ-სიძულვილის“ ურთიერთობა გარკვეულწილად, ყველა ადამიანთან ჩვენი ურთიერთობის მოდელს წარმოადგენს. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ დებსა და ძმებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ძირითადად, ეს სწორია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია სრულიად საპირისპირო გრძნობებიც, ნათესავებს შორის რომ ვლინდება ხოლმე. ბავშვებმა, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, შეიძლება გამეტებით იჩხუბონ. ისინი ხშირად სრულიად სერიოზულად ამბობენ: „ის მძულს…“ „მე მას მოვკლავ…“ „აღარასოდეს დაველაპარაკები…“ რაღაც აზრით, ეს სავსებით ბუნებრივია, თითქმის გარდაუვალიც კი. განვითარების პროცესში მყოფი ბავშვი ხანგამოშვებით ბრაზდება, და ეს ისევე ნორმალურია, როგორც ჩვილისათვის ტირილი, როცა შია. ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არა უშავს, იყვირებს, იყვირებს და გაჩერდება!“ და ამას თავისი ერთგვარი გამართლება აქვს: მრისხანების შეკავებას იქნებ სჯობდეს იჩხუბონ თუ გამოლანძღონ ერთმანეთი, რასაც შემდეგ, შესაძლებელია, პატიებაცა და ყველაფერის დავიწყებაც მოჰყვბა.

 
ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია - ციცინათელები

მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. ჩვილის ტირილი შეიძლება შიმშილის სიმპტომი იყოს. დედა ცდილობს ბავშვი განრიგის მიხედვით კვებოს, ტირილის მიზეზი რომ არ გაუჩნდეს. თუ ჩხუბი და მრისხანება – შინაგანი მოთხოვნების სიმპტომია, მაშინ ეს მოთხოვნები აუცილებლად ამოცნობილ უნდა იქნეს და რამენაირად სხვაგვარად დაკმაყოფილებული. თუ ჩხუბი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, მაშინ მშობლები თუ აღმზრდელი მოწოდებულია პირველ რიგში მიხვდეს, რაშია საქმე, ხოლო შემდეგ დაეხმაროს ბავშვს სირთულეების თანადათანობით გადალახვაში. მრისხანება – ეს იმის დემონსტრირების საშუალებაა, რომ სხვა ადამიანთა ურთიერთობაში რაღაც არ მოგწონს. „მე მინდა, რომ ეს სათამაშო, სკამი, ფინჯანი, ეს ადამიანი ჩემი იყოს, მინდა მაქებდნენ – მან კი ყველაფერი მიითვისა!“ კონფლიქტი დაუფლების სურვილი გამო წარმოიქმნება. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს სიყვარულის მოთხოვნილება: „ იმიტომ დავარტყი, რომ მას არ უნდა ჩემთან ლაპარაკი!” კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს პრობლემის მოგვარების უუნარობა, სურვილი იყოს უფრო დიდი ან უფრო პატარა, უფრო ლამაზი ან უფრო ავტორიტეტული. ჩხუბი შეიძლება იყოს ეჭვიანობის გამოვლინება, საკუთარი პოზიციის, საკუთარი როლის გარკვევის მცდელობა, იმის გადაწყვეტა, „ვინ უფრო მთავარია“.

ეს და მსგავსი პრობლემები ურიცხვია, ისინი მთელს ჩვენს ცხოვრებას თან სდევენ. აღზრდის – განსაკუთრებით ქრისტიანულის – მიზანია, დაეხმაროს ადამიანს გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს, გამოიმუშაოს შემოქმედებითი, ქმედითი და „კეთილი“ დამოკიდებულება ამგვარი პრობლემებისადმი. ძველი პრინციპი – „ვისწავლოთ პრაქტიკის საფუძველზე“ – ძალაში რჩება. თუ ბავშვს აქვს ჩვევა პრობლემის გადაწყვეტისას სხვაზე გაბრაზდეს და ეს ჩვევა განუმტკიცდება, ინფანტილურ ადამიანად გაიზრდება, რომელიც ნებისმიერი წვრილმანის გამო წონასწორობას კარგავს.

ბავშვების ჩხუბისა და კინკლაობისადმი ჩვენ დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც სიმპტომებისადმი. ამ სიმპტომების დათრგუნვა საქმეს არ შველის, თუმცა ბავშვს თავის შეკავება, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. არ შეიძლება ბავშვებს მივცეთ ნება, ერთმანეთი დაასახიჩრონ ან გვერდით მყოფთათვის ცხოვრება აუტანლად აქციონ. სიმპტომებს მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა ავადმყოფობის გამოვლენასა და განკურნებაში გვეხმარება. ჩხუბის მრავალი ქვეცნობიერი მიზეზი – მაგალითად, დასჯის შიში ანდა შიში, რომ დავალების ვერ მოერევა – ნორმალურ, მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის განვითარებასთან ერთად ქრება, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი დავაჩქაროთ. შეიძლება მოჩხუბრები გავაშველოთ და თითოეულ მათგანს ვთხოვოთ აგვიხსნას, რა მოხდა და რატომ მოხდა, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს სიტყვა არ შეაწყვეტინონ. ჩვეულებრივ, კონფლიქტის არსის გამომხატველი სიტყვების ძიების ეს პროცესი (თუ არ შევაწყვეტინებთ და კამათს არ დავუწყებთ), დაძაბულობას ხსნის. ჩხუბი თავისით განელდება, ჩაცხრება და აღარც ფორმალური მობოდიშება ხდება აუცილებელი. უფრო მეტიც, ის, ვინც ლაპარაკობს და ისიც, ვინც ისმენს, უფრო ღრმად აცნობიერებს ჩხუბის მიზეზებს: იქნება ეს ეჭვიანობა, მარტოობა, მიტოვებულობის განცდა თუ სხვა რამ. მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაეხმარონ ბავშვს – გაიგოს თავისი ადგილი ოჯახსა და ცხოვრებაში, გააცნობიეროს, როგორია. „დიახ, შენ უმცროსი ხარ და რადგან უმცროსი ხარ, ესე იგი…” „დიახ, შენ გოგო ხარ და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გააკეთო რაღაც ისეთი, რაც ბიჭებს არ შეუძლიათ…“ „შენ უფროსი ხარ და-ძმებში, ამიტომ რაღაც-რაღაცეები რთულია, მაგრამ სამაგიეროდ“…

მეორე მხრივ, ბავშვების ხშირმა ჩხუბმა და გაღიზიანებამ შეიძლება მშობელთა ყურადღება იმ მიზეზებისკენ მიმართონ, რომლებიც მათ იწვევენ და რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ძალზე მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვს, რომელსაც მიტოვებულობის განცდა აქვს. არასრულფასოვნების კომპლექსი შეიძლება განვკურნოთ, თუ ბავშვში დავინახავთ ნიჭსა და უნარს, რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. „ჩხუბისთავს“ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჩავუნერგოთ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის უმჯობესია აღვზარდოთ მაგალითით, ქმედებით, ბავშვისადმი დამოკიდებულებით, და არა სიტყვით. ნოტაციების კითხვას სარგებლობა არ მოაქვს და შეიძლება მავნებელიც კი იყოს, თუკი ეს ბავშვს ასწავლის თავისი ნამდვილი განზრახვები და გრძნობები შენიღბოს სიტყვებით, მათ რომ არ შეესაბამება.

ოჯახში ქრისტიანული აღზრდის ძირითადი მიზანია ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის სიკეთე, რას ნიშნავს იყო კეთილი. მათთვის „სიკეთე“ – ეს არის ბედნიერების, სიხარულის, შინაგანი სიმშვიდისა და სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის მდგომარეობა. როგორც მოციქულმა პეტრემ ბრძანა ფერისცეალების დროს: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი“. ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, თუკი ბავშვებს სიკეთისაკენ სწრაფვა ოჯახში ასწაულეს, გამოცდილებით გაიგეს, „რაი არს კეთილ“.


„სანათესაო“

 

თანამედროვე საზოგადოება უმეტესად მიიჩნევს, რომ ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ მშობლები და შვილებია. ჩვენ აქ, ალბათ, ვერაფერს შევცლით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანულ გარემოში ნათესავური კავშირების მნიშვნელობას ხაზი უნდა გავუსვათ. ბავშვებისთვის ოჯახი და მშობლები – მთელი სამყაროა. ურთიერთობა მშობლებთან ძალაუნებურად ეგოისტური ხასიათისაა, რადგან მშობლები უზუნველყოფენ ბავშვებს, წარმართავენ მათ ცხოვრებას. ბავშვები – ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მშობლების ცხოვრება. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო რთულია ურთიერთობა ბებიებსა და ბაბუებთან, დეიდებთან, ბიძებსა და ბიძაშვილებთან. აქაც არსებობს სიახლოვე, ერთობის განცდა, მაგრამ ეს კავშირები შესუსტებულია. უფრო არსებითია განხსვავება ცხოვრების წესში. ბავშვებისთვის ეს ადამიანებთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ასე მაგალითად, ბიძა შეიძლება მეტად ორიგინალური პიროვნება იყოს და სრულიად სხვანაირად იქცეოდეს, ვიდრე მშობლები, ბებია ან დიდი ბებია შეიძლება ინვალიდი იყოს და ითხოვდეს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე თვით ბავშვები და ა.შ.; და თუმცა მტკიცე ოჯახური კლანების დრო წავიდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნებას – მიმოწერით, მისვლა-მოსვლით, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღების ერთობლივი და საზეიმო აღნიშვნით. არც საოჯახო ალბომებს დაუკარგავთ არსებობის უფლება. ნათესავებთან მოსიყვარულე მეგობრულ ურთიერთობას აღმრდელობითი მნიშვნელობა აქვს და ბავშვებს ოჯახის მიკროსამყაროდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადასვლას უადვილებს.

„ოჯახის მსოფლმხედველობა“

ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს ის, თუ როგორ ესმით ოჯახში ცხოვრების საზრისი, რაში ხედავენ ბედნიერებას, „ცხოვრების ფასეულობათა სისტემას“ – ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც მსოფლმხედველობას აყალიბებს. მგონი, რომ ეს მხოლოდ რწმენის ანდა იდეოლოგიის საკითხი კი არაა, არამედ რაღაც უფრო იდუმალი და ღრმა. „შერეული ქორწინების“ შემთხვევაში საერთო აზრის შემუშავება რთულია, მაგრამ ხშირად ის არც იმ ოჯახებშია, სადაც ქმარი და ცოლი ფორმალურად ერთ ეკლესიას ეკუთვნიან; მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ქორწინებაში სიყვარულის კავშირი ჭეშმარიტად ხორციელდებოდა, თანაც მეუღლეთა „ერთობა“, მათი საერთო შეხედულება ცხოვრებაზე ორგანულად ერწყმოდა პატივსცემას საყვარელი ადამიანის განსხვავებული აზრებისადმი.

ერთიანი მსოფლმხედველობა ეფუძნება ბედნიერების ერთნაირ გაგებას, ქრისტიანულ ოჯახში კი – ბედნიერების ქრისტიანულ გაგებას. ადამიანს ბუნებრივად აქვს მოთხოვნილება იყოს ბედნიერი, მრავალი ანტიქრისტიანული მიმდინარეობა ადამიანის ბედნიერებისკენ სწორედ ამ სწრაფვაზე სპეკულირებს. ქუჩაში თუ მეტროში გამოკიდებული რეკლემაც კი ყველანარ ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს გვიპირდება თუკი შევიძენთ ამა თუ იმ ნივთს, გავაკეთებთ ამას თუ იმას. ადამიანი იბადება ბედნიერებისკენ თანდაყოლილი სწრაფვით, იმის ინსტინქტური შეგრძნებით, რომ ბედნიერი უნდა იყოს და თუ არაა, ე.ი. მიზანს ვერ მიაღწია. შესაძლოა, ეს ცოდვით დაცემამდე ცხოვრების შესახებ ადამიანის ქვეცნობიერი ხსოვნის გამოძახილიც კი იყოს.

ამის თაობაზე კარგად წერდა აწ გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი პრაღისა სერგი (კოროლიოვი) სტატიების ციკლში „კეთილყოფიერების შესახებ“ (ჟურნალი „Вечное“, პარიზი, 1954, #1). ბედნიერების ადამიანისეულ ნოსტალგიაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ „უბედურად თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვგრძნობთ, როცა ბოროტი ძალების დროებითი ბატონობა ჩვენი ნამდვილი „მე“, ჩვენი პიროვნების ჭეშმარიტი ბუნება გვგონია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უბედურნი ვართ, როცა ბოროტებას ჩვენი ჭეშმარიტი „მე“-ს განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ“. ეს შეცდომა გვაიძულებს არასწორად ვილაპარაკოთ და მოვიქცეთ, სიტყვასა და საქმეში წავიფორხილოთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ჩვენ ზოგჯერ მათ ბუნებას იმ ბოროტებასთან ვაიგივებთ, რომელსაც მათში ვხედავთ; ისე ვექცევით, თითქოს ბოროტება მათი პიროვნების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს, თითქოს ისინი ბოროტები იყვნენ. ყოველდღიური ცხოვრება და განსაკუთრებით, ოჯახური ცხოვრება – ეს არის შესაძლებლობა, დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანში არსებულ ჭეშმარიტ „მე“-სთან. ეს გვეხმარება ჩავწვდეთ პიროვნების ჭეშმარიტ არსს, უარი ვთქვათ ყოველივე ყალბის, დროებითისა და ბოროტის გაიგივებაზე საყვარელი ადამიანის ჭეშმარიტ არსთან. ცხოვრების ყოველი დღე იმისათვის გვეძლევა, რომ იმ სიკეთის და სიხარულის ერთი ნამცეცი მაინც მივიღოთ, რომელიც ცხოვრების მარადიულ არსს წარმოადგენს. ცხოვრებაში სიკეთე რომ მოვიხვეჭოთ, მოწოდებულნი ვართ ყოველ წუთს ვიყოთ შემოქმედნი. სამყაროს გარდაქმნა მხოლოდ ბოროტი საცთურის შემოქმედებითი ძლევითაა შესაძლებელი. ვამარცხებთ რა ცოდვას, სიკეთეს ცხადვყოფთ, ხოლო სიკეთის ცხადყოფისას – მარადიული ცხოვრების თანაზიარნი ვხვდებით. ეპისკოპოსი სერგი გვთავაზობს სწავლებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეგვეძლოს ადამიანებში და ცხოვრებაში სიკეთის დანახვა, ბოროტება რომ დავამარცხოთ.

ეპისკოპოს სერგის მოსაზრებანი იმიტომაც მიმოვიხილე დეტალურად, რომ მიმაჩნია – ოჯახში ქრისტიანული ცხოვრების წესი აღმშენებლობის ამოცანას უშუალოდ უკავშირდება, პრობლემის არსის ღრმა წვდომას გვთავაზობს, ააშკარავებს ქმრისა და ცოლის ურთიერთუკმაყოფილების (ხშირად „სამართლიანი“ უკმაყოფილების) საფუძველს, მიზეზებს, რომელთა გამოც მშობლებს არ მოსწონთ შვილების გემოვნება, შეხედულებები და სურვილები; მიზეზებს შვილებსა და მშობლებს, და თავად ბავშვებს შორის არსებული ანტაგონიზმისა. ამ მოსაზრებებში ზუსტადაა მითითებული „ბედნიერი“ და „უბედური“ ოჯახების არსობრივი განსხვავება.

ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებს ვასწავლოთ ბედნიერების ქრისტიანული გაგება, როგორც „ნეტარებისა“, „კეთილყოფიერებისა“, მთასა ზედა ქადაგების სულისკვეთებით, ხოლო მშობლები, თავის მხრივ, მოწოდებულნი არიან ასწავლონ ეს შვილებს – მათ შორის, პირადი მაგალითითაც: ნეტარება – ეს არის მდგომარეობა სიყვარულისა, ურთიერთობისა სიყვარულით, ნდობისა, განვითარების თავისუფლებისა, ღვთისგან მიღებული შემოქმედებითი უნარის განხორციელებისა. სამწუხაროდ, მრავალი საერო ადამიანის წარმოდგენა ქრისტიანობაზე მოკლებულია სიხარულისა და ნეტარების ამ განცდას, პირიქით, ქრისტიანობა ხშირად წარმოუდგებათ როგორც ვალდებულებათა და მოვალეობათა ფორმალური ნაკრები თუ ჩამონათვალი.

ჩემი აზრით, თვით მშობლების ქრისტიანული აღზრდა იმაში კი არ მდგომარეობას, რომ მათ ეკლესიური წეს-ჩვეულებების დაცვა და ბავშვების საკვირაო სკოლაში ტარება და ა. შ. ვაიძულოთ, არამედ ავუხსნათ მათ ძირითადი ცხოვრებისეული რეალიების აზრი. თავიანთი ვალდებულებების და მოვალეობების ჭეშმარიტი არსი მშობლებს შეუძლიათ შეიცნონ, თუკი ჰკითხავენ თავს: „რა არის ბედნიერება?“, „რა არის ცოდვა?“, „რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის?“, „რა არის სიყვარული?“, „რას ნიშნავენ ჩემი შვილები ჩემთვის?“, „რა მსურს მათთვის?“. რასაკვირველია, წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ და რჯულის დარღვევა დაუშვებელია, მაგრამ მშობლები, უპირველესად, ცხოვრების საზრისის გაგებით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

„დისციპლინა ოჯახში“

სიყვარულს კიდევ ერთი გამოვლინება აქვს – დისციპლინა, ეს „ჯვარი ძალაუფლებისა“, რომელიც მშობლებმა უნდა იტყვირთონ. დისციპლინა, პირველ რიგში, ნიშნავს წესრიგის აღიარებას, აღიარებას ძალაუფლების და მორჩილების იმ რთული სტრუქტურისა, რომელიც ოჯახში იქმნება. აქ იგულისხმება ცოლის ქმრისადმი მორჩილებაც (რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მძიმეა ქმრისთვის, ვიდრე ცოლისთვის, და უფრო ხშირად სწორედ ქმარს არ ჰყოფნის ძალა აიტანოს ასეთი წესრიგი), და ცოლის მიმართ ქმრის პატივისცემაც (1 პეტრე, 3). იერარქიული პრინციპი ოჯახურ დისციპლინაშიც ხორციელდება. ასე მაგალითად, უთანხმოება ქმარსა და ცოლს შორის მაშინ იჩენს თავს, როცა საფრთხე ემუქრება უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებს, ვიდრე მათი ურთიერთდამოკიდებულებაა – პრინციპებსა და მრწამსს, რომელთა დათმობა შეუძლებელია. ხშირად იქმნება სიტუაციები, როდესაც ერთ-ერთი მშობლის მოქმედება ანგრევს ბავშვის პიროვნებას. მაგრამ თუ დისციპლინის დარღვევა აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უფრო მაღალი ღირებულებებისადმი დამორჩილების, ანუ უმაღლესი რანგის მორჩილების გამო.

ბავშვები მშვენივრად გრძნობენ, რამდენად გულწრფელად იცავენ მშობლები დადგენილ დისციპლინარულ წესებს – იქნება ეს ტაძარში რეგულარული სიარული, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოწევისგან თავის შეკავება თუ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა. ქრისტიანული ყოფა ემყარება დაცვას კანონისა, როგორც ქმედითი პრიციპისა, როგორც ცხოვრებისეული პოზიციისა და არა ცარიელი ფორმალობისა თუ უსიცოცხლო წეს-ჩვეულებისა. მხოლოდ ასეთ ატმოსფეროში შეიძლება ბავშვი დისციპლინას მიეჩვიოს.

ბავშვი ეჩვევა დისციპლინას სიხოცხლის პირველი თვეებიდანვე, როდესაც უფროსები მისთვის შეუმჩნეველი საფრთხისაგან იცავენ. „ხელი არ მოკიდო!“, „აქეთ ნუ მოძვრები!“, „ქუჩაზე არ გადახვიდე!“ ზოგჯერ აუცილებელი ხდება ბავშვის ძალით გაჩერება. გონიერი მშობელი არ მოსთხოვს ბავშვს მორჩილებას, თუ ამის მისაღწევად ძალადობა იქნება საჭირო – მაგალითად, არ სთხოვს ბავშვს აკოცოს დედას, თუ ეს ბავშვს არ სურს. თუმცა ძალზე ადრეული ასაკიდან მორჩილების საკითხში უმთავრეს მნიშვნელობას თვით ბავშვის გადაწყვეტილება იძენს: „დედამ მითხრა, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მაგრამ რა მოხდება, თუ მაინც გავაკეთებ?“.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინის საერთო ატმოსფერო ოჯახში სწორედ ამ ეტაპზე დამყარდეს. ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული: რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რას მოყვება სასჯელი ყველა შემთხვევაში (და არა მხოლოდ ცხელ გულზე). ოჯახში უნდა სუფევდეს ფასეულობათა მკაფიო იერარქია. თუ ბავშვის ურჩობამ არასასიამოვნო შემთხვევა გამოიწვია – მაგალითად, რაღაც გატყდა ან წყალი დაიღვარა – ბავშვი შეიძლება დავსაჯოთ ანდა დავტუქსოთ. მაგრამ თუ ეს შემთხვევა გამოწვეულია ბავშვის მოუქნელობით ანდა მისი სურვილით მშობლებს დაეხმაროს, დასჯა ან დატუქსვა დაუშვებელია. ერთი მოხუცი ძიძა, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებს უვლიდა, გვიამბობდა ორი ოჯახის შესახებ, სადაც მუშაობა მოუხდა: „ერთ ოჯახში ყველაფერი იკრძალებოდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლებოდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც კი მოიფიქრებდნენ, მეორეში შეიძლებოდა ყველაფრის კეთება, მაგრამ თუ რაღაც არ შეიძლებოდა, მართლა არ შეიძლებოდა“.

რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის გაგება დისციპლინის იერარქიულობისა. ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ ნებისმიერი დისციპლინის საფუძველში ერთი პრინციპი დევს: „იყავნ ნება შენი“ და არა პრინციპი მშობელისა – „მე ასე მსურს“.
 იდეალურ შემთხვევაში დისციპლინის მკაფიო სტრუქტურა ბავშვის ქცევის მოტივების გაგებას უნდა ეხამებოდეს; არ ღირს ბავშვების თავის ნებაზე მიშვება იმის შიშით, რომ თუ მათ მიმართ მომხოვნი ვიქნებით, აღარ ვეყვარებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს დავინახოთ განსხვავება დისციპლინას, აუცილებელი წესების დადგენას და მშობლების მცდელობას შორის, შვილებს თავს მოახვიონ საკუთარი გემოვნება, გრძნობები, განწყობები და განცდები. შესაძლოა, წითელ პარასკევს ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურების აკრძალვა სავსებით გონივრულია, მაგრამ ამ დროს განიცდიან თუ არა ისინი იმავეს, რასაც მშობლები – სხვა საკითხია. ასეთი რაღაცის მოთხოვნა, თავს მოხვევა არ შეიძლება. შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ თავის დროზე თვითონ გაიგებენ, თვითონ იგრძნობენ ამას. არაერთი მღვდელმსახურის ოჯახში ბავშვები განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე რელიგიური იდეებისა და გრძნობების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი იმიტომ, რომ ზომაზე მეტად „ჰკვებეს” ამ თემაზე საუბრებით. მხატვრის შვილი განმუხტვას სპორტით თავდავიწყებულ გატაცებაში შეიძლება ეძებდეს. ემოციურად მგრძნობიარე იდეალისტმა დედამ შეიძლება ვერ გაუგოს თავის ქალიშვილს, რომელიც დაკავებულია საკუთარი გარეგნობით, გატაცებულია მოდით, მაღალი საზოგადოების ცხოვრებით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იდეალებსა და გრძნობებზე, ბავშვს თავს ვერ მოვახვევთ და ჩვენთვის სასურველ გრძნობებს ვერ ჩავუნერგავთ.

ამ თემაზე საუბრის შეჯამებისას, საოჯახო დისციპლინის ძირითადი მოთხოვნები შემდეგნაირად მსურს ჩამოვაყალიბო:
მთელი ოჯახი, მშობლების ჩათვლით, უნდა იცავდეს ერთსა და იმავე წესებს და ერთსა და იმავე აკრძალვებს უნდა ემორჩილებოდეს.
მშობლებმა უნდა დაადგინონ ქცევის მარტივი, მკაფიო წესები და განამტკიცონ ისინი საკუთარი მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში წესრიგს უზრუნველყოფს.
მშობლები სიყვარულით უნდა ცდილობდნენ გაიგონ ბავშვის ქცევის მიზეზები, მისი თვალსაზრისი, მისი გემოვნება, საერთოდ, მისი პიროვნება.
მშობლები ნათლად უნდა აცნობიერებდნენ, რას შეიძლება მიაღწიონ დისციპლინის საშუალებით, რა სცილდება მათ კომპეტენციას და რა არ შეიძლება ძალდატანებით იყოს თავსმოხვეული.

„ლოცვა ოჯახში“

შესაძლებელია კი ლოცვის სწავლება? ლოცვა – ეს არის საუბარი ღმერთთან, ღვთის წინაშე დგომა, ლოცვისთვის აუცილებელია ადამიანის წრფელი გულმოდგინება, რომელსაც ღვთის მადლი შეეწევა. გარკვეული აზრით, ლოცვას ასწავლიან ისევე, როგორც ასწავლიან ლაპარაკს. არსებობს თანდაყოლილი უნარი მეტყველებისა, მაგრამ აუცილებელია, აგრეთვე, მეტყველების ხელოვნების დაუფლება და იმის ცოდნა, რის შესახებაც უნდა ითქვას. ბავშვი ლაპარაკს ოჯახში სწავლობს, ადამიანებთან ურთიერთობით, და ოჯახშივე შეიძლება „ისწავლოს“ ლოცვა. თავიდან ბავშვი ლოცულობს სხვებთან ერთად, იძენს ყოველდღიური ლოცვის ჩვევას, ხოლო შემდეგ ლოცვა შეიძლება იქცეს ცოცხალ გამოცდილებად, ჯერ ბავშვურ, მოგვიანებით კი, სავსებით ზრდასრული ადამიანის ცოცხალ გამოცდილებად. მე ლოცვის სხვადასხვა სახეზე იმისთვის ვსაუბრობ, რომ მშობლებმა გააცნობიერონ, რა სურთ: ლოცვის ტექსტის ზეპირად დასწავლა, რასაკვირველია, სასარგებლოა, მაგრამ ეს ლოცვის სწავლებას არ ნიშნავს.

საუკეთესო საშუალებაა ვაზიაროთ ბავშვი ლოცვით გამოცდილებას – ეს არის ლოცვა მასთან ერთად. ყველაფერი იწყება მშობლების ლოცვით ახალშობილისათვის; დედისთვის ეს, შესაძლოა, ყველაზე დიდი ლოცვითი გამოცდილებაა. სწორედ ამ წუთიდან ეყრება საფუძველი ლოცვაში ბავშვის ყოველდღიურ მონაწილეობას.

ჩვეულებრივ ბავშვის პირველი ლოცვა – ეს არის თხოვნა (“უფალო, თუ შეიძლება…“), როდესაც ბავშვი ადგენს გრძელ სიას იმ ადამიანებისა, რომელთა მოხსენიებაც სურს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მართლა ილოცონ ბავშვთან ერთად. ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღმერთთან პირველი საუბრის გამოცდილება. ამით იგი თვითონაც ადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს და მისთვის მნიშვნელოვანია ამ აღმოჩენას იმ ადამიანთა სახელები დაუკავშიროს, ვინც უყვარს. ამ ასაკში ღმერთის თანამყოფობის შეგრძნება სავსებით ბუნებრივია. როცა ბავშვი წამოიზრდება, შეიძლება ვასწავლოთ მას სამადლობელო ლოცვა („გმადლობ შენ უფალო…“), მშობლები ბავშვს შეიძლება განვლილი დღის ყველაზე სასიხარულო მოვლენების გახსენებაში დაეხმარონ.

 

  მართლმადიდებელ ოჯახებში, პირველ ყოვლისა, სწავლობენ ლოცვას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“, რომელსაც წარმოთქვამენ პირჯვარის გამოსახვისას. ეს ლოცვა დაკავშირებულია მოქმედებასთან, რომელიც პატარა ბავშვებს თამაში ჰგონიათ; მართალია, ის მოკლეა, მაგრამ, აღსავსეა აზრთი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს, როდესაც იგი წამოიზრდება, ამ ლოცვის აზრი განუმარტოთ…
უფრო რთულია გამოვიმუშაოთ სწორი დამოკიდებულება გრძელი ლოცვებისადმი. დიდი წმიდანების მემკვიდრეობა არ შეიძლება უგულებელვყთოთ, ჩვენს ლოცვებში რომ არის დაუნჯებული. მაგრამ როცა ისმენ, რვა-ცხრა წლის ბავშვი როგორი აჩქარებით ბუტბუტებს „მამაო ჩვენო“-ს, ეჭვი გიჩნდება, შეიძლება კი ჩავთვალოთ, რომ ლოცვა უკვე ისწავლა?

ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ ისწავლოს ერთი წინადადება, ოღონდ ღრმად უნდა ჩასწვდეს და გაიგოს. ლოცვის ახსნა შეიძლება მარტივი ცნებების მეშვეობით („ეს არის ლოცვა სული წმიდის მიმართ, რომელიც სიცოცხლეს გვაძლევს…“). ბავშვები სწავლობენ მოკლე წინადადებას: „მეუფეო ზეცათაო, ნუგენიშისმცემელო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის!“ ერთი წლის განმავლობაში ეს ლოცვა შეიძლება ნელ-ნელა შევავსოთ და განვავრცოთ. სანამ ბავშვი მას თავიდან ბოლომდე გაცნობიერებულად არ დაიმახსოვრებს. ასევე შეიძლება მოვიქცეთ დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლოცვების შემთხვევაშიც: შეიძლება თავიდან ძირითადი წინადადებით ან დასაწყისი სიტყვებით შემოვიფარგლოთ ისე, რომ ბავშვებმა შეიძლონ ლოცვის ცნობა, როდესაც ტაძარში იგალობება.

ლოცვის დრო, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, მშობლებისა და ბავშვის აუჩქარებელ, მშვიდ ურთიერთობაში უნდა გადიოდეს. შესაძლოა, მშობლებისთვის ყველაზე რთული სწორედ ამ წესის დაცვაა, მაგრამ იგი ღირს იმად, დაცული რომ იქნეს. ათი წუთი სავსებით საკმარისია, რათა ბავშვს წავუკითხოთ ან მოვუყვეთ მოკლე ამბავი საღმრთო ისტორიიდან, განვუმარტოთ ლოცვის არსი, ვესაუბროთ იმაზე, დღის განმავლობაში რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ლოცვის სწავლების პროცესში ბავშვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ყოველდღიური აუჩქარებელი, არცთუ ხანგრძლივი ურთიერთობაა. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩავუნერგოთ ლოცვის ჩვევა, ჩვევა „ღვთის წინაშე დგომისა“. პრაქტიკულად ხანგრძლივი ლოცვა უფრო ადვილია ძილის წინ, ძალიან სწრაფად კი – შეძლება მხოლოდ პირჯვარი გამოისახონ, ღმერთს სთხოვონ კურთხევა დამდეგი დღისათვის – დილით, მშობლების გარეშე,

ლოცვა ოჯახში არ უნდა შემოიფარგლოს დილისა და ძილის წინა ლოცვებით. ლოცვა საჭმლის მიღების წინ ახლა თითქმის გამქრალია ოჯახური ყოფიდან, რადგან თითქმის გაქრა წარმოდგენა საჭმელზე, როგორც ოჯახის ერთად შეკრების მიზეზზე. საუზმის მაგიერ ყველა რაღაცას ხელს სტაცებს ზეზეულად – სკოლაში თუ სამსახურში გარბიან. სადილის დროს მშობლებს, როგორც წესი, უხარიათ, როცა ბავშვები თეფშებით ხელში სხდებიან ტელევიზორის წინ. ამის შეცვლა, იქნებ, უკვე შეუძლებელიც კია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველი ოჯახი დროდადრო მაინც უნდა იყრიდეს თავს სუფრასთან – ყოველ შემთხვევაში, კვირა დღეს და დღესასწაულებზე მაინც. სხვადასხვა ოჯახში ჭამის წინ სხვადასხვაგვარად ლოცულობენ: ზოგან მხოლოდ პირჯვარს იწერენ, ზოგან ლოცვას კითხულობენ, ზოგან გალობენ კიდეც. მნიშვნელოვანია მოკლე ხნით მაინც ვიკრიბებოდეთ ერთად, რათა ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობა შევიგრძნოთ.

საერთო საოჯახო ლოცვის მეორე საბაბია – როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი სადმე შორს მიემგზავრება; რუსული ჩვეულებისამებრ ამ დროს ყველა დუმილით ჩამოჯდება ხოლმე, შემდეგ კი პირჯვარს გადაისახავს. საზოგადოდ, ჯვრის გამოსახვა, რომლითაც ხდება ვინმეს დალოცვა, – მშვენიერი მოკლე და უსიტყვო ლოცვაა; მშობლებს ხშირად აქვთ ხოლმე საბაბი, ვაჟი თუ ქალიშვილი სწორედ ასე დალოცონ. დაბადების დღეზე ან დღეობაზე შეიძლება „მრავალჟამიერი“ ვუმღეროთ.

ოჯახური ცხოვრების ყველა მხარემ თუ ჩვევამ სიმტკიცე უნდა შეიძინოს. უბრალო, გულწრფელი, ბუნებრივი ჩვეულება გამოცდას უძლებს და გამონაკლისს არც საოჯახო ლოცვა წარმოადგენს; ქრისტიანული ოჯახისათვის აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობის ყოველდღიური შეგრძნების საშუალება მოიპოვოს.

„დღესასწაულები“

ოჯახთან მჭიდროდაა დაკავშირებული ეკლესიური ცხოვრების კიდევ ერთი მხარე. ქრისტიანული აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანია საეკლესიო დღესასწაულებსა და მარხვებთან დაკავშირებული საოჯახო ტრადიციები.

საეკლესიო დღესასწაულები ბავშვებისათვის ნამდვილი ზეიმია, თუკი მათ ოჯახშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დღეს ნამდვილ სიამოვნებას ბავშვი მხოლოდ შინ იღებს. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძარში ტარდება, მნიშვნელობას სკოლაში უხსნიან, მაგრამ დღესასწაულად იგი ბავშვისთვის სახლში იქცევა.

„ოჯახის პასუხისმგებლობა ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე“

ქრისტიანული ოჯახი მოწოდებუილია თავისი სარწმუნოებრივი ცოდნა ბავშვებს გადასცეს, პირველ რიგში – პატარებს, რომლებიც სწორედ ოჯახში იგებენ ღმერთის, იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, ლოცვისა და ღვთისმსახურების, დღესასწაულებისა და დიდი წმიდანების შესახებ. არაერთ მშობელს სჭირდება დახმარება: მათ ზოგჯერ თვითონ არ ესმით ბოლომდე, რამდენად აუცილებელია ეს ცოდნა მათი შვილებისადთვის. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ძირითადი ჭეშმარიტებების, ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის არსის გარჩევა მეორეხარისხოვანი ხალხური ტრადიციებისა და ჩვეულებებისგან. ამ ტრადიციებში ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი ცვლიან რწმენის არსს, თუკი მათ პირველხარისხოვან, ზებუნებრივ მნიშვნელობას მივანიჭებთ. ჩემი აზრით, ოჯახი უპირველესად უნდა ჩასწვდეს ქრისტიანულ სწავლებას ღმერთზე: რას ნიშნავს ჩვენთვის მისი თანამყოფობა, ძალაუფლება, სიყვარული, განგებულება, მფარველობა, სამართლიანობა. მშობლებისგან ბავშვებმა შეიძლება გაიგონ ზოგიერთი ბიბლიური, განსაკუთრებით, სახარებისეული მოთხრობები, მარტივი ლოცვები, პირველდაწყებითი ცნობები ღვთისმსახურებაზე, დიდ სასწაულებზე (შობა, ნათლისღება, ბზობა, ვნების კვირა, აღდგომა, სულთმოფენობა).

უფროსი ასაკის ბავშვებს მნიშვნელოვანია გავუღვივოთ ინტერესი რელიგიისადმი. მშობლებმა შეუძლებელია ყველაფერი იციდნენ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ინტერესი, გამოიჩინონ ცნობისწადილი, ეძებონ პასუხი ბავშვების კითხვებზე. მოულოდნელი საუბარი, რომელიც წარმოიშვა, როგორც პასუხი ბავშვის კითხვაზე თუ როგორც მშობლების რეაქცია უჩვეულო ანდა რთულ სიტუაციაზე – აღზრდის მნიშვნელოვანი საშუალებებია. მე მგონი, მშობლებმა უარი უნდა თქვან სურვილზე შვილების წინაშე ყოვლისმცოდნეებად ჩანდნენ. უკეთესი იქნება, თუკი ისინი ბავშვებთან ეერთად დაიწყებენ კითვებზე პასუხის ძიებას, პრობლემის განსჯას. ყველა კითხვაზე სამრევლოს მოძღვარიც კი ვერ უპასუხებს და, ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად ეხმარება სურვილი, გაიგოს რაღაც ახალი. „ეძიებდით, და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ” (მათე. 7,7).

ნათქვამი შევაჯამოთ. ნამდვილად ქრისტიანული რომ გახდეს, ოჯახი მოწოდებულია ცხოვრებას, მის ფასეულობებსა და პრობლემებს ხედავდეს ქრისტიანობის შუქზე, ეს კი, შესაძლოა, მშობლების ჩვეულებრივ ღვთისმოსაობას არც ემთხვეოდეს. ქრისტიანული ოჯახი როგორც შინაგანად, ისე თავის ფარგლებს გარეთ, მოწოდებულია, იმგვარი სიყვარული მოიხვეჭოს, რომელზეც ლაპარაკია კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. ქრისტიანული ოჯახი გამსჭვალული უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო დისციპლინით, იქ ფასეულობათა ქრისტიანული იერაქია უნდა ბატონობდეს. ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ქრისტიანულ ოჯახში ღვთის თანამყოფობის შუქითაა განათებული – ეს ოჯახურ ლოცვაშიც მჟღავნდება და საეკლესიო დღესასწაულებსა თუ ტრადიციებშიც. ქრისტიანულ ოჯახში ბავშვის გონება, ნიჭი და მონაცემები მოწოდებულია, რომ ვითარდებოდეს, რადგან ქრისტიანობა ადამიანის პიროვნების უზარმაზარ ფასეულობას აცნობიერებს.



თავი IV

„მასწავლებელი“

 

მოძღვარს ზრდასრული მრევლის რელიგიური აღზრდის არაერთი საშულაება აქვს, თუკი მას საკვირაო ქადაგებაზე ყურადღებით უსმენენ; კიდევ უფრო მჭიდრო სულიერი ურთიერთობა აღსარების დროს მყარდება; მრევლის მთელი ცხოვრება, ანუ ღვითსმსახურება და საერთო საქმიანობა, ზრდასრული მრევლის მონაწილეობას მოითხოვს. ბავშვები კი განზე რჩებიან, ამიტომ სამრევლო სკოლის მთავარი ამოცანაა ბავშვებსა და მოზარდებს ეკლესიური ცხოვრების სისრულე წარმოუჩინოს. გადამწყვეტი როლი ნიჭიერ საერო მასწავლებლებს ეკისრებათ, რომლებსაც შესწევთ ძალა საკუთარი, ცოცხალი გამოცდილება ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გამოთქვან. ვერანაირი კარგი წიგნი, ვერავითარი საუკეთესო პროგრამა მასწავლებლის პირად გავლენას ვერ შეცვლის. სწავლების მეთოდის მიუხედავად, მასწავლებელი სწავლების პროცესს პიროვნულ ანაბეჭდს ყოველთვის დაასვამს. შთაგონებით აღსავსე მასწავლებლი მოძველებული და მშრალი სახელმძღანელოების გამოყენებასაც კი შეძლებს, ხოლო პედანტური და შეზღუდული – საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლებას მაინც მექანიკურ პროცესად აქცევს.

ძალზე მნიშვნელოვანია მოძღვარმა სამრევლო სკოლისათვის ნიჭიერი მასწავლებლები შეარჩიოს. მასწავლებლი სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
1. ჰქონდეს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის თუნდაც მინიმალური, მაგრამ ნამდვილი გამოცდილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი რწმენა, შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ იგი გულწრფელი უნდა იყოს.
2. შეეძლოს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა.
3. განვითარებისა და თვითსრულყოფის უნარი ჰქონდეს, როგორც პედაგოგს.  სამივე თვისება მნიშვნელოვანია, თუმცა სხვადასხვა კანდიდატს, ბუნებრივია, ისინი განსხვავებული ხარისხით ექნება. არაერთი საერო, რომელსაც გულწრფელად სურს ეკლესიას ემსახუროს, ვერ ბედავს ბავშვებს სარწმუნოება ასწავლოს, რადგან თავს სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს. წიგნის ამ თავში ვეცდები, გადმოვცე, სამრევლო სკოლაში მუშაობის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, თუ რა მოეთხოვება მასწავლებელს.

„მასწავლებელი როგორც პიროვნება“

სწავლება ხშირად დაკავშირებულია მასწავლებლის თავმოყვარეობის შელახვასა და საკუთარი თავით უკმაყოფილებასთან. ამიტომ მასწავლებლს უნდა სჯეროდეს თავისი თავისა და მოწოდების – ეს რწმენა, პარადოქსულად, უღრმეს სიმდაბლეს მოითხოვს. ასეთ სიმდაბლეს სულიერი სიმშვიდე მოაქვს. თქვენ არ აზვიადებთ საკუთარ შესაძლებლობებს, თავი გენიოსი არ გგონიათ. ბუნებრივად მოვლენად მიიჩნევთ, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს არ მოსწონხართ, რომ მთელ კლასს თქვენი საუკეთესო გაკვეთილიც კი ვერ იტაცებს. სიმდაბლე დაგეხმარებათ მეტისმეტად არ განიცადოთ შემთხვევითი პედაგოგიური წარუმეტებლობანი: „განა ვინ ვარ, რომ კარგი მასწავლებლი ვიყო?.. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო…” როგორც მასწავლებლი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ კლასის ხელმძღვანელობასა და დისციპლინის დაცვაზე, სიმდაბლე დაგეხმარებათ, აირიდოთ ამაო შფოთვა, შელახული და გაღიზიანებული „მე”-ს დრტვინვა.

მასწავლებლი ბავშვებზე თავისი გავლენის შეზღუდულობას უნდა აცნობიერებდეს. იგი ვერ გახდება ფსიქიატრი, რადგან სათანადო მომზადება არ გააჩნია და ბავშვის წარსულს ზეედმიწევნით არ იცნობს. მისი ურთიერთობა ბავშვთან სამრევლო სკოლით და ეკლესიური ღონისძიებებით შემოიფარგლება – ეს ბავშვის ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. ურთიერთობა ბავშვთან შეზღუდულია და მასწავლებელი მოწოდებულია დაძაბოს მთელი თავისი ძალა და უნარი, მოსწავლის ქცევის (მორცხვობაა თუ ცელქობა, გულგრილობაა თუ სიზარმაცე) მიზეზი და აზრი რომ გაიგოს, მის გულს გასაღები რომ მოარგოს. ოღონდ თავისი შესაძლებლობების ფარგლებს უნდა აცნობიერებდეს, თავის თავს ყოვლისშემძლედ არ მიიჩნევდეს. თუმც კი, ჩვენი ბავშვობის მოგონებანი მოწმობენ, რომ ზოგჯერ მასწავლებლის ერთადერთ სიტყვას ანდა მოქმედებას წარუშლელი შთაბეჭდილება შეუძლია მოახდინოს.

მასწავლებელმა როგორც თავის შესაძლებლობები, ასევე სუსტი მხარეები უნდა იცოდეს. ზოგიერთი მასწავლებლი შესანიშნავი მთხრობელია და შეუძლია მთელი კლასის ყურადღება დაიპყროს. სხვებს კი, პირიქით, ბავშვების ენერგიის გაღვიძება შეუძლიათ და აქვთ განსაკუთრებული უნარი ბავშვების ნიჭის გამოვლენისა. ზოგიერთი მშვენივრად ხსნის ყველაზე რთულ საკითხებს, სხვები კი – კარგი მხატვრები თუ მუსიკოსები არიან. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რისი ნიჭი და უნარი აქვს, და როგორ შეიძლება საუკეთესოდ გამოიყენოს გაკვეთილზე.

მასწავლებლისთვის უმთავრესია ბავშვების სიყვარულის უნარი. ოღონდ ჯერ უნდა გავარკვიოთ, „სიყვარულის” ქვეშ რას ვგულისხმობთ. საეჭვოა, მართლა უყვარდეს ბავშვები იმას, ვინც მათ „პატარა ანგელოზებსა” და „კუდრაჭებს” უწოდებს, ანდა იმას, ვისაც ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარს. სინამდვილეში, ბუნებრივია, რომ ერთი ბავშვი მეტად მოგწონს, ვიდრე მეორე. კვლავ მოციქულ პავლეს სიტყვებს შეგახსენებთ: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ” (1 კორ. 13, 4-7). ამ გამონათქვამს კლასში შექმნილ სიტუაციებს ხშირად ვუსადაგებ ხოლმე. უნდა გაგეხარდეს თუ არა, როცა უზრდელი და არსიმპათიური მოსწავლე მართალი აღმოჩნდება? უნდა გქონდეს თუ არა იმედი, რომ სული წმიდის მადლი კლასის ყველაზე წყალწაღებულ „ტაკიმასხარაზეც” იმოქმედებს? შეიძლება თუ არა იამაყო იმით, თუ როგორ ასწავლი? უკლებლივ ყველა ბავშვს უნდა სცე პატივი, მთელს კლასთან ერთნაირად თავაზიანი იყო? ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასეთი სიყყვარული იწვევს მასწავლებლის ფერისცვალებას, ამდიდრებს მის ცხოვრებას, და იგი აღარაა „რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ”. მასწავლებლი იზრდება როგორც პიროვნება, თუკი ბავშვები მართლა უყვარს.

მასწავლებლისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ინტერესი ცხოვრების მიმართ, მისი გატაცებანი და ცნობისწადილი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ სამრევლოს ცხოვრებითაა დაკავებული, ვერასოდეს გახდება კარგი მასწავლებელი. ასეთი ჩაკეტილობა, ალბათ, იმაზე მეტყუველბს, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება საზოგადოების ცხორებასთან შეხებაში არაა. საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ადამიანებს, რომლებიც ზედმიწევნით კარგად დაეუფლნენ რომელიმე პროფესიას – მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის თუ სპორტის ნებისმიერ სფეროში. ზრდასრული ადამიანის ჰობი ან გატაცებაც კი შეიძლება რელიგიისა და ცხოვრების სეკულარული განცალკევების დაძლევვას უწყობდეს ხელს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მასწავლებლები საეროთაგან იყვნენ. მოზარდებისთვის თავისთავად ცხადია – მღვდელს ღმერთისა და ეკლესიის სწამს. მაგრამ თუკი რწმენაზე ინჟინერი ანდა პროფესიონალი მხატვარი ესაუბრება, ეფექტი გარანტირებულია, თუნდაც იგი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული არ გახლდეთ (ოღონდ, მეტისმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოს).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება. კარგი მასწავლებლის მონაცემები აქვს იმას, ვისი რწმენაც – თუნდაც არასრულყოფილი – წრფელია და ალალი, ვინც რწმენაში იზრდება (ანუ, ერთ ადგილზე არაა გაყინული), ვინც ფართო თვალთახედვით, ცოცხალი ცნობისწადილით, სიმდაბლით (პრაქტიკულად, ეს ხშირად იუმორის გრძნობასაც გულისხმობს), სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.

„ურთიერთობა ბავშვებთან“

ეს თანდაყოლილი ნიჭი ყველას არ გააჩნია, არადა, უმისოდ ძნელია, კარგი მასწავლებელი გახდე. თუმცა ურთიერთობის უნარი კაცმა შეიძლება განივითაროს. ბავშვებთან ურთიერთობის უნარი – ეს, პირველ რიგში, უნარია დაინახო ისინი ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან; განსაზღვრო დონე, რომელზეც შესაძლებელია მათთან ურთიერთობა. თუკი ამ თვალთახედვით განვიხილავთ სახარებას, დავინახავთ, რომ ქრისტე სწორედ ასე ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებსაც განასწავებდა და მსახურებდა. ადამიანისთვის, ვინც მასწავლებელობას აპირებს, მეტად სასარგებლოა, თუკი რამდენიმე ბავშვთან დარჩება, რაღაცით რომ არიან გართულნი ანდა თამაშობენ. იმისთვის კი არა, რაიმე ასწავლოს, არამედ მხოლოდ დააკვირდეს, შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს თითოეულ მათგანზე, – გაიგოს მათი აზრები, გემოვნება, გრძნობები. ეს ძალზე სასარგებლო სავარჯიშოა, რომელიც მასწავლებელთა მომზადების პრიგრამაშია შესატანი.

კლასთან როცა ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ ჩანაწერები თითოეულ ბავშვზე, მათ რეაქციაზე, ქცევასა და კლასის საერთო საქმეში მონაწილეობაზე. ჩვენ საკმაოდ ხშირად გაკვეთილის შინაარსი გვიტაცებს, ვცდილობთ, ბავშვებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გვეხმარებიან, პასიურები კი განზე რჩებიან. არადა, მასწავლებელის ყურადღებას, მასთან ურთიერობას გაცილებით მეტად საჭიროებს მორიდებული, თავის თავში ჩაკეტილი ანდა უნიათო ბავშვი. ჩანაწერები იმიტომ გვეხმარება, რომ ჩვენ, როგორც წესი, გვავიწყდება, რაც წინა კვირას ხდებოდა. თუკი აუცილებელი გახდა ბავშვის დატუქსვა, შენიშვნის მიცემა ანდა წესრიგისკენ მოწოდება, შემდეგ აუცილებლად უნდა გამონახოთ შესაძლებლობა, რომ შეაქოთ. თუკი მორიდებულმა ბავშვმა რაღაც კარგად თქვა ანდა გააკეთა, ამას გაკვეთილის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მიბრუნდეთ, რათა ხაზი გაესვას გაკეთებულის მნიშვნელობას – უბრალოდ ერთხელ შექება საკმარისი არაა.

არიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ საერთო საქმეში ჩართვა, საერთო საქმეს აფუჭებენ. მათ შეიძლება ისეთი ინდივიდუალური დავალება მივცეთ, რომელიც მარტო უნდა შეასრულონ, მაგრამ თანაც საერთო საქმის შემადგენელს წარმოადგენდეს.

რასაც უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა „ეშმაკურ” ხერხებაც უნდა მიმართავდეს იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესოს, მისი სულერი წინსვლა, როგორც აღმზრდელისა, უმეტესად განისაზღვრება სურვილით, უფრო სიღრმისეულად გაიცნოს ბავშვები, დაუახლოვდეს, სამყარო მათი თვალით დაინახოს.

„ჯგუფის ხელმძღვანელობა და მასთან მუშაობა“

სწავლებას საფუძვლად ცალკეულ ბავშვთან ურთიერთობის უნარი უდევს, მაგრამ კლასთან მუშაობისას რაღაც მეტია საჭირო. ახლა უკვე აღარ ფასდება ისეთი დისციპლინა, რომელიც კლასისგან სრულ სიჩუმესა და აბსოლუტურ სიწყნარეს მოითხოვს. ამჟამად მთავარი აქცენტი გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა შემოქმედებით ჩართულობაზე, „საქმით სწავლებაზე”, კლასის „გახსნილობაზე” კეთდება. ამგვარი სწავლება მასწავლებლისგან გაცილებით მეტს მოითხოვს და ადვილად შეიძლება ისეთ ქაოსად იქცეს, მოსწავლეებსაც, პედაგოგებსაც და მშობლებსაც რომ გააკვირვებს. ერთი ჩემი ნაცნობი, მეტად უნარიანი, ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი მოუმზადებელი შევიდა კლასში, რომელიც დამოუკიდებელ მუშაობას და მეგობრულად საქმის კეთებას ჩვეული არ იყო. განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე მან გადაწყვიტა გაკვეთილის ნაცვლად ბავშვები აეთამაშებინა, რომ ერთმათთან დაეახლოებინა. ბავშვების ნაწილმა თამაშის იდეა აიტაცა, სამაგიეროდ, მეორე ნაწილმა საკლასო ოთახი დატოვა, რადგან თამაში არ სურდა. შედეგად, გაკვეთილი ჩაიშალა, თამაშმა დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. მშობლები კი, რომლებმაც ბავშვები შორიდან მოიყვანეს სამრევლო სკოლაში, დაღვრემილები უყურებდნენ ამ ყველფერს – გრძნიბდნენ, რომ დრო ტყუილად იკარგება.

შემოქმედებითი მეცადინეობა ჯგუფთან წინასწარ დაფიქრებას, საგულდაგულო მომზადებას მოითხოვს. უპირველესად, მასწავლებელს ნათლად უნდა ესმოდეს გაკვეთილის მოზანი და ამოცანა: იქიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, წინ უნდა წავიდეთ. ასე მაგალითად, მეექვსე კლასში გადიან წმიდა საიდუმლოებებს, წინა მეცადინეობაზე ნათლობის საიდუმლოს შესწავლა დაიწყეს, მოსწავლეებმა მოიტანეს ნათლობის მოწმობები, განიხილეს ეკლესიის წევრობის მნიშვნელობა. ახალი გაკვეთილის მიზანია – უფრო ღრმად გააცნობიერონ ნათლობის წესის სიმბოლიკა. თავდაპირველად მასწავლებელმა უნდა შეახსენოს კლასს, თუ რაზე ისაუბრეს წინა მეცადინეობისას. მიზნის მისაღწევად მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს სათითაოდ დაწერონ ორი-სამი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა მიიღონ იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ის, რაც ნათლობისას ხდება. მასწავლებელი კითვხებს შეაგროვებს და სთავაზობს კლასს რამდენიმე ჯგუფად დაიყონ, რომელთაგან ყოველი მოამზადებს პასუხს გარკვეულ კითხვებაზე. ერთმა ჯგუფმა შეიძლება შეისწავლოს ღვთისმსახურების თანამიდევრობა კურთხევანის მიხედვით, მეორემ – რა არის ნათქვამი სახარებაში ნათლობის შესახებ, მესამემ – ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოში მოძებნოს ის ადგილი, სადაც ნათლობაზეა ლაპარაკი, მეოთხემ – გააკეთოს პლაკატი, სადაც ნათლობის ცალკეული ეტაპები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა იქნება გამოსახული. გაკვეთილის ასეთი გეგმა ნიშნავს, რომ მასწავლებელს ხელთ ექნება მეცადინეობისთვის ყველა საჭირო მასალა: კურთხევანი, ახალი აღთქმა, სახელმძღვანელო, პლაკატისთვის განკუთვნილი მასალა. თუკი საკმარისი დრო ექნებათ, გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ჩატარებული სამუშაოს შესახებ მოყვებიან ან, თუკი დრო არ ეყოთ, მოხსენება შემდეგ გაკვეთილზე შეიძლება გააკეთონ. ყველაზე უფრო ორგანიზებულ კლასშიც კი, რომელსაც ზუსტი ინსტრუქციები აქვს მიცემული, მაინც იქნება მოძრაობა, ხმაური და ლაპარაკი. მოსწავლეებს დასჭირდებათ დრო, სამუაშაოსთვის რომ მოემზადონ, დაიწყება კამათი, აზრთა სხვაობა. მასწავლებელი მოწოდებულია საკმარისი წესრიგი შეინარჩუნოს და თავისი ავტორიტეტი სამუშაო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენოს.

ბავშვები ასეთ მუშაობას უნდა მივაჩვიოთ, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ახალი დისციპლინის საფუძვლები – სხვისი სამუშაოს პატივისცემა. კლასში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა არ ნიშნავს, თითქოს მასწავლებელი საკუთარ ავტორიტეტზე უარს ამბობს. კლასში ავტორიტეტი და დისციპლინა ფასეულობათა იერარქიას ეფუძნება. ამას არაფერი აქვს საერთო მასწავლებელის პირად პრესტიჟთან, მის პატივმოყვარეობასთან, სურვილთან საკუთარი ავტორიტეტი სარკასტული, დამცინავი შენიშვნებისგან დაიცვას. მასწავლებელს არა აქვს უფლება კლასის მართვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას; სწორედ იგი აფასებს, თუ რა გააკეთეს მოსწავლეებმა. ერთი ბავშვის ცუდმა ქცევამ თუ მანჭვა-გრეხამ მთელ კლასს ხელი არ უნდა შეუშალოს, დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, მასწავლებელმა უნდა გაიმოიჩინოს სიმტიკიცე, თუნდაც იძულებული იყოს მოსწავლეს კლასი დაატოვებინოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ რთული მოსწავლე განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას არ იმსახურებს. მნიშვნელოვანია ისეთი დავალება მივცეთ, რომელიც მას საერთო საქმეში ჩართავს. და, რა თქმა უნდა, შეიძლება კლასს ხანმოკლე დასვენების საშუალება მივცეთ, რომ მოეშვან, გაიცინონ მანამ, სანამ მუშაობას გააგრძელებდნენ.

„რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა?“

თითქმის შეუძლებელია ჩამოვაყალიბოთ აკადემიური მოთხოვნები, რომლებსაც სამრევლო სკოლის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. გადამწყვეტ ფაქტორად რჩება მასწავლებელის სურვილი ისწავლოს. მასწავლებელი მოწოდებულია ეცადოს თუნდაც ოდნავ მეტი გაიგოს, ვიდრე სახელმძვანელოში წერია… მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ახალი აღთქმა, – საქმე მოციქულთას და ეპისტოლეების ჩათვლით, – რათა მისთვის სახარებისეული სახებანი გაცოცხლდნენ. მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ძველი აღთქმის მნიშვნელობა, როგორც ქრისტიანობის წინამორბედისა. ლიტურგიკაში უნდა ესმოდეს და იცოდეს წმიდა საიდუმლოთა, და თუნდაც მხოლოდ იმ ღვთისმსახურებათა არსი, რაც სამრევლოში აღესრულება. უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სარწმუნოებრივ მოძღვრებაზე, სულ მცირე, მრწმსის ფარგლებში. მინიმალურად მაინც უნდა ერკვეოდეს ეკლესიის ისტორიაში, იცოდეს ზოგიერთი წმიდანის ცხოვრება.

გაცილებით რთულია იმ „მართმადიდებლური სულის” განსაზღვრა, რომელიც მართლმადიდებელ პედაგოგს უნდა ჰქონდეს. ჩვენ კულტურული ცვალებადობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მართლმადიდებელი ცხოვრების წესს, მართლმადიდებლურ ყოფას თავიდან აღვადგენთ, და ამას ვაკეთებთ საზოგადოებაში, რომელიც თვითონ განიცდის მორალურსა და სულიერ კრიზისს. ჩვენ მუდმივად გვიხდება არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება…

მართლმადიდებელი სული, მართლმადიდებელი გრძნობა ზომიერებისა და გემოვნება ხშირად განსაზღვრავს ჩვენი მასწავლებლების პიროვნებასა და ქცევას. მართლმადიდებელობის არსის ერთ-ერთ საუკეთესო განმარტებად მიმაჩნია ბერდიაევის გამონათქვამი: „თავისუფლების სისრულე კრებითობის სისრულეში, კრებითობა თავისუფლებაში და თავისუფლება კრებითობაში”.

„მასწავლებელთა მომზადება“

წიგნის მოცულობა არ გვაძლევს საშულებას მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე დეტალურად ვიმსჯელოთ, ეს თემა დაწვრილებით დამუშავებას მოითხოვს. ვეცდები ჩამოვაყალიბო ძირითადი პრინციპები, რაზეც უნდა აიგოს ასეთი პროგრამა.

მასწავლებლის მომზადება ერთჯერადი ღონისძიება არ გახლავთ, არამედ ხანგრძლივი პროცესია… მიმაჩნია, მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების შედგენაში მთავარი „მთლიანობის” პრინციპია. თუკი ლაპარაკია სწავლების მეთოდიკის დახვეწაზე, უნდა ითქვას ისიც, თუ რას ვასწავლით კონკრეტულად ამ მეთოდიკის მეშვეობით. თუკი ლაპარაკია ჩვენი ცოდნის გაღრმავებაზე ბიბლეისტიკის, ლიტურგიკის, დოგმატიკის, ეკლესიის ისტორიის სფეროში, აუცილებელია ვაჩვენოთ, პრაქტიკულად როგორ უნდა შევიტანოთ ეს ცოდნა სასკოლო პროგრამაში. თუკი მასწავლებელთათვის გამართული სემინარის თემაა მართლმადიდებელი აღზრდის ძირითადი პრინციპები (სამრევლო სკოლის მნიშვნელობა, ოჯახის როლი, ბავშვების მონაწილეობა ლიტურგიულ ცხოვრებაში), უმჯობესია მონაწილენი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავაბათ პროგრამასა და მეთოდიკაში ამ პრინციპების შეტანის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, რა თემასაც არ უნდა ეძღვნებოდეს მასწავლებელთა ცალკეული მეცადინეობა, ის ყოველთვის უნდა შეიცავდეს ძირითად საკითხებს: რას ვასწავლით? რატომ ვასწავლით? ვის ვასწავლით? როგორ უნდა ვასწავლოთ?

მასწავლებელთა მომზადების ერთ-ერთი ფორმაა ლექციები. ეს არის არა მარტო მასწავლებელთა მომზადების საშუალება, არამედ საეროთათვის ეკლესიური განათლების მიღების წყაროც. საქმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ლექტორების მოზიდვაა შესაძლებელი, მათ უნარზე – აუდიტორიის მოთხოვნებს უპასუხონ. რაზეც არ უნდა იყოს საუბარი – სარწმუნოებაზე, ლიტურგიკაზე, ბიბლეისტიკაზე, ეკლესიის ისტორიაზე და ა.შ. – განსაკუთრებული ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა თემა მსმენელთა საჭიროებებს უკავშირდება.

„საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდება“

ამ თავის დასასრულს რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდების შესახებ. რას ნიშნავს სიტყვა „მოწოდება”? მოტოვილოვთან საუბრისას ღირსი სერაფიმე საროველი ადამიანის ცხოვრების მიზანზე ბრძანებს, „სული წმიდის მადლის მოხვეჭაში” მდგომარეობსო…… გვიხსნის, რომ ჩვენი ცხოვრება და საქციელი იმდენად იძენს აზრს, რამდენადაც ჩვენი შრომა აღგვავსებს სული წმიდის მადლით. „ზოგიერთს მეტ ღვთაებრივ მადლს ღარიბების დახმარება ანიჭებს, ზოგს ლოცვა, ზოგს – რაღაც შემოქმედებითი საქმიანობა. მთავარია, რომ თქვენი მოქმედება თქვენს გულს ღვთაებრივი მადლის მოქმედებას უხსნიდეს. მაშინ თქვენი საქმე თქვენი მოწოდება გახდება, იქნება ეს მებაღეობა, თხზვა, ქველმოქმედება თუ მარხვა“. თუკი ბავშვებთან ურთიერთობა, მათ განვითარებასა და წინსვლაში მონაწილეობა სულიერად გამდიდრებთ, თუკი გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობაში თქვენ თვითონაც იზრდებით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით საკუთარ მე-ს, – შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენ გაქვთ პედაგოგის მოწოდება. არცერთი მასწავლებელი არ იტყვის, რომ ქრისტეს სიტყვები ბავშვების შესახებ – „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი” – ბავშვების მორალური სრულყოფილებით არის ჩაგონებული. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილება სხვა რაღაცაში მდგომარეობს, უპირველესად – მათი რწმენის რეალურობასა და უბრალოებაში. ბავშვები არ არიან გაორებულნი, რაც უფროსებს ახასიათებს. ბავშვის რელიგიური ცხოვრება მთლიანია. ღმერთი, სასუფეველი, ანგელოსები მისთვის ზუსტად ისევე არსებობენ, როგორც სათამაშო, ამხანაგი, კატა. ბავშვი ტაძარში ყოფნისას ისევე გრძნობს თავს, როგორც ქვიშის საბავშვო მოედანზე თამაშისას (რაც უფროსებს ზოგჯერ მეტად აბნევს). ბავშვებს ცინცხალი აღქმა აქვთ: ფერი არასოდეს კარგავს სიცხოველეს, სურნელება ყოველთვის მკვეთრია. ისინი არ დგანან ერთ ადგილზე – იზრდებიან.

ეს მუდმივი ზრდაა სწორედ რელიგიური ცხოვრების არსი. ბავშვში ყველაფერი მუდმივად იცვლება, და ამაში ყოველთვისაა იმედი. გულაცრუება ანდა განსაცდელი დავიწყებას მალე ეძლევა, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ გულწრფელი პატიება. აპატიო – მათთვის ნიშნავს – დაივიწყო. ბავშვები ბაქიობენ და ტრაბახობენ ხოლმე, მაგრამ ეს ბაქიობა გათამაშებულია, რადგან მათ უწყიან, ძალზე ცოტა რამ იციან, ბევრი არაფერი შეუძლიათ, სუსტები არიან. ამიტომ ბავშვობა სიმდაბლითაა გამსჭვალული. მათი გარკვეული თვისებების გამო უფალი ცათა სასუფევლის მფლობელებს უწოდებს და სანამ შეხებაში ვართ ბავშვობის სამყაროსთან, ეს სასუფეველი გარკვეულწილად, ოდნავ ჩვენც გვეხსნება. ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილების რაღაც ნაწილი ჩვენზეც გადმოდის.

ბავშვებისთვის სარწმუნოების სწავლება სხვა მხრივაც ზემოქმედებს ჩვენზე. რელიგიური აღზრდის პროცესში ადამიანის პიროვნულ ცენტრს, ცხოვრების გულს მივმართავთ. როდესაც მზარდი ადამიანის სულს სარწმუნოებას, ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობას ვასწავლით, რაც ჩვენი რწმენის არსია, ჩვენ თვითონაც, ჩვენდაუნებურად, ვიმსჭვალებით ამით. ჩვენ უნდა ვფლობდეთ იმ ცოდნას სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ვასწავლით და ეს ცოდნა უნდა გვფლობდეს ჩვენ. თქვენ ვერ შეძლებთ ბავშვებს მოუთხროთ ქრისტეს აღდგომის შესახებ, თუკი ამ მოვლენის რელიგიური არსი თქვენს სულში შემოსული არაა. ვერ შეძლებთ ბავშვებს აუხსნათ აღდგომის არსი, თუკი გულითა და სულით არ იყავით იოანესთან და პეტრესთან, თუკი სირბილისგან აქოშეინებულებმა არ შესძახეთ მარიამთან ერთად „უფალო!..” თუ თქვენ ქრისტიანობას ასწავლით, ქრისტიანობა თქვენს გულს სღრმისეულად უნდა მსჭვალავდეს.

ცხოვრება შეიძლება ისე გავლიოთ, თითქოს სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, თითქოს ქრისტე არ დაბადებულა, თითქოს არ მომკვდარა და არ აღმდგარა. ადამიანები ბუნებით ზარმაცნი და წარმოსახვას მოკლებულნი ვართ. და უეცრად ამის სწავლება გვიხდება. ჩვენ ვიქცევით საშუალებად, რომლის დახმარებითაც ეს მოვლენები ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედებს. თქვენ ხდებით გამტარი, რომელიშიც მძლავრი ელექტროდენი მიედინება – და ეს განცდა შთაგონებას იწვევს თქვენში. ეს ერთხელ მაინც თუ იგრძენით, მაშასადამე – ჭეშმარიტი მოწოდება მოგიპოვებიათ, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რომ გაგყვებათ.



თარგმნა: ირაკლი ლომოურმა


„როგორ აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანულად..“ (II)

„ჩვენი შვილები“ ნაწილი II 


ნაწილი II – საშუალო სასკოლო ასაკი: 10-დან 13 წლამდე; მოზარდობის ასაკი: 13-დან 16 წლამდე
საშუალო სასკოლო ასაკი: 10-დან 13 წლამდე

რაც უფრო იზრდებიან ბავშები, მით უფრო რთულდება მათი ხასიათი და შესაბამისად, ნაკლებად იხსნებიან ისინი სამრევლო სკოლის მასწავლებლის, კაცმა რომ თქვას, მათთვის უცხო ადამიანის წინაშე. ბავშვები უკვე ჩამოყალიბებულნი არიან და შეთვისებული აქვთ ქცევის გარკვეული მოდელი, რომელმაც მათ ხასიათზე თავისი კვალი დატოვა.

ასევე ღრმა კვალს ტოვებს ბავშვზე მისი მდგომარეობა ოჯახში. ზოგჯერ ეს მდგომარეობა წარმოშობს ეჭვიანობას, გაუცხოების გრძნობას, მესაკუთრულ ინსტინქტს, მეტოქეობის სულისკვეთებას და ა. შ. ამავე დროს, ბავშვი ეჩვევა თავის შეკავებას, უვითარდება თვითანალიზის უნარი.

11-12 წლის ბავშვებისათვის მათი მშობლები უკვე აღარ არიან ყოვლიშემძლე ავტორიტეტები, როგორც ეს ადრე იყო. ბავშვებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, შეფასება რომ მიეცათ, სხვა ადამიანებთან, ამხანაგების მშობლებთან თუ მასწავლებლებთან შეედარებინათ ისინი. მწიფდება გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელი ამბოხი. საინტერესოა, რომ ბავშვები ფანატიკურად იცავენ საკუთარი ოჯახის წეს-ჩვეულებებს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი სწორედ ისე უნდა იყოს მოწყობილი, როგორც ეს მათ ოჯახშია, მაგრამ, ამავე დროს, მეტისმეტად კრიტიკულად უყურებენ იმას, თუ როგორ ექცევიან მათ მშობლები, ადვილად ბრაზდებიან ძმებსა თუ დებზე.

საეკლესიო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეთა ოჯახებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, სხვა პრობლემასაც აწყდებიან. რელიგიური აღზრდა-განათლების გართულებასთან ერთად ირკვევა, რომ იდეები, რომლებსაც ბავშვებს საეკლესიო სკოლაში აწვდიან, მათი მშობლების წარმოდგენებს ზოგჯერ არ ეთანხმება. ჩვენს დროში მართლმადიდებელ მშობლებს, როგორც წესი, ბავშვობაში ეკლესიის შესახებ მეტისმეტად მწირი და ფრაგმენტული ცოდნა აქვთ მიღებული. ამიტომ მასწავლებელს დიდი ტაქტისა და მოთმინების გამოჩენა უხდება, როდესაც მოსწავლე აცხადებს: „კი, მაგრამ მამაჩემი ამბობს, რომ …“ ანდა: „დედაჩემი ამბობს, რომ ეკლესია გვასწავლის …“. მასწავლებელი უნდა შეეცადოს ჭეშმარიტების მარცვალი იპოვოს იმაში, რასაც ბავშვს ოჯახში ეუბნებიან: “დიახ, ეს ძალზე საინტერესოა. მე მგონი, ამგვარი აზრის მიზეზი ის არის, რომ…” – და მასწავლებელმა შეიძლება შეავსოს და განავითაროს იდეა, რომელიც იმსახურებს იმას, რომ მთელი კლასისთვის იქნას განმარტებული.

ურთიერთობები ბიჭებსა და გოგონებს შორის დაძაბულია. მათ განცალკევებულად უჭირავთ თავი, ორ ჯგუფად იყოფიან და ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად, თითქმის მტრულადაც კი არიან განწყობილნი. ბიჭმა და გოგონამ ზოგჯერ შეიძლება ურთიერთსიმპათია იგრძნონ, მაგრამ უმალ დაცინვის ობიექტი ხდებიან, არაიშვიათად საკმაოდ უხეში დაცინვისაც. ბავშვები განიცდიან სექსის გავლენას, რომელმაც შეაღწია სატელევიზიო პროგრამებში, კომერციულ ფილმებში, რეკლამებში. ეს დიდ გავლენას ახდენს ბიჭების წარმოდგენაზე მამაკაცურობისა და გოგონების წარმოდგენაზე ქალურობის შესახებ. გოგონები ითვისებენ ხელოვნურ, ნაძალადევ პოზებს და ჟესტებს, იწყებენ კოსმეტიკის უზომო გამოყენებას, თუკი ამის უფლებას მისცემენ. ბიჭები აგროვებენ პორნოგრაფიულ სურათებს, წიგნებს, ეჩვევიან გინებას. ამაში ნაწილობრივ ჯერ კიდევ არის თამაშის, ფანტაზიის ელემენტი. ბავშებმა შეიძლება განაცხადონ, რომ სურათი, რომელიც ადამისა და ევას გამოასახავს სამოთხეში, მეტისმეტად „სექსუალურია“.

ჩემი აზრით, საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც საშუალო სკოლის ჰიგიენის კურსებშია შეტანილი, ყოველთვის მართებული როდია. რასაკვირველია, გარკვეული ცოდნა სექსის ფიზიკური ასპექტების შესახებ ისევე აუცილებელია, როგორც სხეულის სხვა ფუნქციების ცოდნა, მაგრამ, სულ მცირე, ორი სახის განსხვავება მაინც არსებობს. ბავშვების სქესობრივი განათლება ამ ასაკში უფრო ღრმა ემოციებს, უფრო ღრმა გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელ გრძნობებს იწვევს, ვიდრე, ვთქვათ, სწავლება იმისა, თუ როგორ უნდა მოუარონ კბილებს. ეს გასაგებიცაა, რადგან სექსი – პიროვნების ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არ შეიძლება ჩვენი ცხოვრების ზოგადი საზრისის გაგებისაგან განვაცალკევოთ. მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა სამყაროს შესახებ ღვთის განგებულებაში შედის, მისი მართებულად განჭვრეტა მხოლოდ ადამიანისა და ცხოვრების რელიგიური გაგების შუქზეა შესაძლებელი. სექსი უფასურდება, თუ მას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, სულიერი განცდებისაგან განცალკევებით განვიხილავთ. მეორე მხრივ, სექსის ფიზიოლოგიური ასპექტი – ცხოვრების ინტიმური მხარეა. პიროვნების ცხოვრების ამ ტრადიციულად დაფარულ ნაწილში შეჭრა საკამათოდ მიმაჩნია. ბავშვი ადამიანების ურთიერთობის ცხოვრებისეულსა და ინტიმურ მხარეს უკეთესად ვერ შეიცნობს, თუ მას სასკოლო პროგრამაში ჩავრთავთ…

ქრისტიანული აღზრდა უნდა დაეხმაროს 10-13 წლის ბავშვებს, გამოიმუშაონ წარმოდგენა ადამიანის არსზე და უკეთ გაიგონ ღვთის განგებულება მამაკაცსა და ქალთან მიმართებაში.
ინტელექტუალური განვითარების როგორ დონეს აღწევენ ბავშვები ამ ასაკში? როგორ აზროვნებენ ისინი, როგორია მათი ინტელექტუალური მარაგი, რომელიც ეხმარება მათ განსაჯონ, შეადარონ, შეფასება გააკეთონ?

რონალდ გოლდმანი მოზარდობის წინარე ასაკზე წერს:
„ცხოვრების საზრისის ძიება მზადაა გადავიდეს ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში, რადგან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ რელიგიურ ცნობიერებაში ლოგიკური აზროვნების განვითარება გარკვეულ სირთულეებს იწვევს. წარმოდგენები, რომლებიც ადრე ჩამოყალიბდა, ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვები. თუ ბავშვი ადრე უდარდელად, გართულების გარეშე იღებდა ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ხშირად უთიერთსაწინააღმდეგო იდეებს, ახლა ის გრძნობს მოთხოვნილებას, გააცნობიეროს, წესრიგში მოიყვანოს ყველაფერი, რაც დააგროვა, გადაჭრას წარმოსახვითი თუ მოჩვენებითი წინააღმდეგობანი. ჩვენ ძალზე დიდი ძალისხმევა მოგვეთხოვება, რათა ბავშვებს ამ ასაკში სამყაროს მთლიანი მსოფლაღქმის გამომუშავებაში დავეხმაროთ. განსხვავებით იმ დუალისტური სისტემისაგან, რომელიც სარწმუნოებასა და ცხოვრებას განაცალკევებს“.

რწმენა, რომელსაც ბავშვებს ვაწვდით, „გონიერი რწმენა“ უნდა იყოს. ბავშვებს ძალუძთ ბევრი რამის გაგება, მათ აქვთ გაგების სურვილი, თუმცა, მათთვის არც პრიმიტიული სკეპტიციზმია უცხო, ისინი ადვილად ითვისებენ და შემდგომ აღიდგენენ განსჯის ლოგიკურ სქემებს, თუნდაც ეს ასბტრაქტული განსჯა იყოს, თუკი მსჯელობის ჯაჭვი ცხადი, მარტივი და მოკლეა. იმ შემთხვევაში, თუ ახსნა ანდა ქადაგება დიდხანს გაგრძელდება, ბავშვების ინტერესი და ყურადღება თანდათანობით ქრება. ბავშვები ხალისით იღებენ გამარტივებულ ფორმულირებებს, თუკი ისინი ლოგიკურად ეჩვენებათ. ერთმა 11 წლის ბიჭმა მითხრა: „დიახ, მე სავსებით მესმის გამოხსნის მნიშვნელობა. იესო ქრისტეს მოსვლამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა. მას მერე, რაც ის მოვიდა, მოკვდა და მკვდრედით აღდგა, ყველა მიდის სასუფეველში“. განმარტება ცხადი და მოკლე იყო, ამიტომაც აკმაყოფილებდა. მასწავლებელი საკმარისად გათვითცნობიერებული უნდა იყოს ღვთისმეტყველებაში, რომ ასეთი საკითხები გასაგებად, მოკლედ, მარტივად გადასცეს, თანაც ისე, რომ მოძღვრების მარცვალი – აზრი ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ – გაღვივდეს და განვითარდეს.

ამ ასაკში გვხვდება აზროვნების თავისებური ტიპი, რომელიც ცნობიერად ახარისხებს ცოდნას ორ დამოუკიდებელ ნაწილად – ის, რასაც ვიგებ სკოლაში, ვკითხულობ წიგნებში, ვხედავ ტელევიზორში და ის, რასაც მასწავლიან საღვთო სჯულის გაკვეთილებზე. ერთხელ 12 წლის გოგონამ, რომელიც კონსერვატიულ-მართლმადიდებლურ გარემოში აღიზარდა, ევოლუციური თეორიის ხსენებისას თითქმის სასოწარკვეთილმა მითხრა: „არა, მე გადავწყვიტე, ვირწმუნო ადამი და ევა!“ ეტყობა, მან გააკეთა შედარება, აწონ-დაწონა და მტანჯველი ეჭვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიჯერებს ამას, რაც არ უნდა თქვან მეცნიერების სასარგებლოდ. მე შევეცადე ამეხსნა მისთვის, თუ რატომ არ არსებობს, ჩემი აზრით, სიღრმისეული წინააღმდეგობა ბიბლიურ ჭეშმარიტებასა და მეცნიერებას შორის, გოგონა განცვიფრდა, თუმცა, ამავე დროს, აშკარად შვება იგრძნო.

ბიბლია, ახალი აღთქმაც კი, ბავშვებმა საკმაოდ არათანაბრად იციან. ზოგი მოთხრობა მათ მრავალჯერ აქვთ გაგონილი, ამიტომ ჰგონიათ, რომ ბიბლია „იციან“. „ოჰ, ისევ ამაზე აღარ გვინდა!“ – აი, ტიპური რეაქცია ბავშვებისა, როდესაც მეექვსე კლასში იწყებენ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების შესწავლას. მეორე მხრივ, ბავშვები განსაცვიფრებელ უმეცრებას ამჟღავნებენ წმინდა წერილის ფაქტობრივი და აზრობრივი ცოდნის თვალსაზრისით. სრული სახით მათთვის უცნობია მთასა ზედა ქადაგებაც კი, ხოლო ძველი აღთქმის მნიშვნელობის შესახებ მათ თითქმის არაფერი იციან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოთხრობას ადამისა და ევას, ნოეს, აბრაამის, იოსებისა და მოსეს შესახებ… ბავშვებმა ნაკლებად იცნობენ ძველ აღთქმას, როგორც ახალი აღთქმის წინამორბედს, – ეს მათთვის გაუგებარია. ამავე დროს, ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ ხოლმე რაღაც დამაკმაყოფილებელი ახსნა მოძებნონ. ერთხელ საზაფხულო ბანაკში 12 წლის ბავშვების ჯგუფი აღშფოთდა მათი თანატოლის განცხადების გამო, რომ თითქოს საიდუმლო სერობა ებრაული დღესასწაული იყო, ხოლო იესო ქრისტე ებრაელი. მათ თავი მოჰქონდათ და ამაყობდნენ საწინააღმდეგო არგუმენტით, რომელიც თვითონ მოიფიქრეს: „დიახ, შესაძლოა, იესო ქრისტე დაიბადა ებრაელად, მაგრამ ის ხომ მოინათლა!“

ბავშვების აზროვნების მაგალითი იმ დონის საჩვენებლად მოვიყვანე, რომელიც ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ხოლმე და საიდანაც უნდა დავიწყოთ მათი სწავლება. ბავშვები ითხოვენ ლოგიკურობასა და თანამიმდევრულობას, მაგრამ მათი საკუთარი ლოგიკა და აზროვნება საკმაოდ პრიმიტიულია. მასწავლებელს ზოგჯერ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორედ იმის გამო უძნელდება, რომ მეტისმეტად მარტივ და ცხად პასუხებს ელიან.

ბავშვებში ცოდნის მარაგი ძალზე განსხვავებულია, ხოლოა სულიერი მომწიფების თვალსაზრისით ამ ასაკში განსხვავებანი გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ასაკში. მუდმივად თავს იჩენს იუმორის სპეციფიკური გრძნობა, ზოგჯერ მეტისმეტად სასტიკი. მასწავლებლისათვის ზოგჯერ ძნელი გადასაწყვეტია, უნდა გაიცინოს თუ არა მოსწავლეებთან ერთად მათ ხუმრობაზე, თუ შეაწყვიტინოს„გონებამახვილობა“, რომელიც, ზოგჯერ ლამისაა მკრეხელობაში გადადის.

ამ პერიოდის ბოლოსათვის ბავშვი ცოდნის, შეხედულებებისა და იდეალების ძირითად მარაგს აგროვებს, რაც მის პიროვნულ ჩამოყალიბებას განსაზღვრავს. ბავშვებს უკვე აქვთ უნარი ქრისტიანობის ძირითადი დაბულებები და საკუთარი შთაბეჭდილებები საკმაოდ მთლიან, თუმცა კი პრიმიტიულ, მსოფლმხედველობრივ სისტემად ჩამოყალიბონ. ქრისტიანული აღზრდა მოწოდებულია ამაში დავეხმაროთ. ორიენტაცია უნდა მოხდეს უპირველესად მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ინტერესებსა და ცნობისწადილზე, ცოდნაზე, რომელსაც საერო სკოლაში იღებენ და ადამიანურ ურთიერთობებზე, რომლებშიც ჩაბმულნი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანული მოძღვრება, რომელსაც ვასწავლით, მათი აზრთა წყობის, მსოფლმხედველობის ორგანული, შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

ჩემი აზრით, სამრევლო სკოლის შესაბამის კლასებში მასწავლებელი შემდეგ თემებს უნდა შეეხოს:
ღმერთი შემოქმედი – რა შეუძლია მეცნიერებას გვითხრას სამყაროს წარმოშობის შესახებ? როგორ შესაბამება ეს ქრისტიანულ რწმენას? ადამიანის შექმნა და ევოლუციური თეორია. ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის მიერ შექმნილ სამყაროზე. რა არის სასწაული? ჩვენი სამყაროს მომავალი.
იესო ქრისტე, მაცხოვარი (მხსნელი), ძე ღვთისა და ძე კაცისა

ბავშვებისათვის ყველა ეს გამოთქმა ცნობილია, მაგრამ საჭიროა მათი არსის განმარტება. მნიშვნელოვანია ავუხსნათ არა მხოლოდ არსი დოგმატისა იესო ქრისტეზე, ღმერთის ძეზე, როგორც წმინდა სამების მეორე პირზე, არამედ ქრისტეს მნიშვნელობა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში. რას ნიშნავს იესო ქრისტე ჩემთვის? რა შეცვალა მან ჩემს ცხოვრებაში?

ვფიქრობ, აუცილებელია გარკვეული ყურადღება დავუთმოთ ახალი აღთქმის ისტორიულობას, მისი. როგორც ისტორიული წყაროს, ნამდვილობას. უნდა ავუხსნათ, რა არის საეკლესიო გარდამოცემა და რა ღირებულება აქვს მას. როდესაც ვსაუბრობთ გამოხსნის შესახებ, არ უნდა დავიყვანოთ ის მოვლენაზე, რომელიც 2000 წლის წინ მოხდა, არამედ აუცილებელია ხაზი გავუსვათ მის აზრსა და მნიშვნელობას დღევანდელი ცხოვრებისათვის. რას ნიშნავს „გამოხსნა“ 11 წლის ბავშვის ცხოვრებაში? შეიძლება, მან ააღელვოს იგი? როდესაც ვნახე, როგორი აღტაცებით უსმენდნენ 10-12 წლის ბავშვები როკ-ოპერა „იესო-ქრისტე – სუპერვარსკვლავის“ ჩანაწერს, ვიგრძენი მათი მზადყოფნა, მათი სურვილი შეიგრძნონ ქრისტეს პიროვნების რეალობა, თუნდაც ეს რეალობა მათ არაზუსტი, დამახინჯებული სახით მიეწოდებოდეს. ეს როკ-ოპერა გამოწვევაა სწავლების ჩვენი სისტემისათვის.

სული წმიდა – ბავშვებმა ისწავლეს სული წმიდის მოხმობა ლოცვაში. მათ იციან სახარებისეული მოთხრობები ნათლისღებისა და სული წმიდის გარდამოსვლის შესახებ. მათი წარმოდგენა სულზე უცილობლად დაკავშირებულია წარსულთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 11-12 წელს მიღწეულ ბავშვებს შესწევთ უნარი აღიქვან აზრები სული წმიდა ღმერთზე, სული წმიდას იმ მაცოცხლებელ ძალაზე, რომელიც ყოველ წამს ზემოქმედებს მათ საკუთარ ცხოვრებაზე. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია წმიდა საიდუმლოს არსი ავუხსნათ. რა არის წმიდა საიდუმლო? რა მეძლევა, როცა წმიდა საიდუმლოში ვმონაწილეობ? როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება, როდესაც წმიდა საიდუმლოს აღასრულებენ ჩემზე? ამ საკითხების განხილვისას უნდა ავუხსნათ, რომ სული წმიდა მათ ცხოვრებაში რეალურად არსებობს.

ეკლესია – ამ ასაკის ბავშვებს ჩამოუყალიბდათ მკაფიო წარმოდგენა ეკლესიაზე, როგორც ნაგებობაზე, საკრებულოზე, დაწესებულებაზე. ისინი ესწრებოდნენ საღმრთო ლიტურგიას, ამბობდნენ აღსარებას და იღებდნენ წმიდა ზიარებას. ამავე დროს, ისინი რჩებიან უმნიშვნელო მართლმადიდებელ უმცირესობად, რომელიც არამართლმადიდებელ საზოგადოებაში ცხოვრობს (საუბარია აშშ-ში მცხოვრებ მართლმადიდებლებზე – მთარგმნ.). ბევრი მათი ამხანაგი არაქრისტიანი, იუდეველი ან აგნოსტიკოსია. ქრისტიანი ამხანაგებიდან ან მათი მშობლებიდან ზოგიერთი შეიძლება კათოლიკე ან პროტესტანტი იყოს. როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი? ადამიანებთან ურთიერთობა აჩვენებს, რომ მართლმადიდებლები არაფრით არ არიან სხვებზე უკეთესები. როდესაც ბავშვები ამ საკითხზე ერთმანეთში საუბრობენ, ისინი, როგორც წესი, მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირად სწამთ და რომ ღმერთთან მიმავალი ყველა გზა შეიძლება კარგი იყოს. სამრევლო სკოლაში და საღვთო სჯულის გაკვეთილზე მზად არიან ახსნან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. მაგრამ როგორ უთანხმებენ ამას ყოველივე იმას, რასაც ხედავენ, რაც ესმით და რასაც ლაპარაკობენ არაეკლესიურ, ყოფით სიტუაციებში? მგონია, რომ გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ და მეტ გულისყურს ვიჩენდეთ ამ პრობლემის მიმართ, ამ წინააღმდეგობას არ უნდა უგულებელვყოფდეთ. არ უნდა ვაიძულებდეთ ბავშვებს თვითონ ეძებონ პასუხი ამ კითხვებზე.

ჩვენი ცხოვრება – ბავშვებს საკუთარი გარემოცვიდან უყალიბდებათ წარმოდგენა ცხოვრებაზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე, იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა – არა, საერთოდ ცხოვრების საზრისზე. სატელევიზიო რეკლამა მუდმივად ახდენს ბედნიერების გაიგივებას გარკვეული სახის სიგარეტთან, შამპანურთან, დეზოდორანტთან, გასახდომ საშუალებასა თუ საღეჭ რეზინასთან. უმაღლესი მიზანია – გახდე მიმზიდველი ადამიანი. „საოჯახო სერიალებს, რომლებსაც ბავშვებიც უყურებენ, და წიგნებს, რომლებსაც კითხულობენ, უმეტესად, ბედნიერი დასასრული აქვთ, რაც, როგორც წესი, გაიგივებულია წარმატებასთან. კარგი ბიჭი სჯობნის ცუდს, ღარიბი მდიდრდება; სამართლიანობა ზეიმობს. ბედნიერ დასასრულში თავისთავად არაფერია ცუდი და, არა მგონია, მართლები იყვნენ ისინი, ვინც საბავშვო წიგნებში ისეთ პრობლემებზე მსჯელობენ, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი, ფსიქოზები, ცოლქმრული ღალატი და ა.შ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბავშვის წარმოდგენა უბედურებაზე, ბედნიერებაზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ქრისტიანული არსითა და სულისკვეთებით უნდა გავმსჭვალოთ.

უხვი მასალა იმის განსახილველად, თუ რა არის ქრისტიანული თვალსაზრისით წარმატება და წარუმატებლობა, მოიპოვება წმიდანების ცხოვრებაში, მაგ. წმიდა იოანე ოქროპირის, მოციქულების პეტრესი და პავლესი, წმიდა კირილესი და მეთოდესი და სხვ.

ადრე თუ გვიან ყველა ბავშვს ხვდება ცხოვრებაში ავადმყოფობა, ტანჯვა, მწუხარება. ყველაზე უმცირესი, რაც მათ ჩვენ შეიძლება ვასწავლოთ – ტანჯვასაც თავისი აზრი აქვს. მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ გაკვეთილზე მოძებნონ რომელი სიტყვებით კურნავდა ქრისტე სნეულებს; ბავშვებს შეიძლება ავუხსნათ, რომ ღმერთმა სამყარო კეთილი შექმნა, და რომ მას ტანჯვა არ შეუქმნია. ტანჯვა ბოროტმა სულმა შემოიტანა ჩვენს სამყაროში. ღმერთი გვეხმარება, დავძლიოთ ტანჯვა, დავძლიოთ განსაცდელი, სიკეთისკენ წარვმართოთ, სიკეთედ ვაქციოთ. (იხ. მაგალითად მოციქული პავლეს სიტყვები – 2 კორ. 12.7[1]).

წმიდა საიდუმლოთა განხილვა ამ ასაკის ბავშვებს საშუალებას აძლევს ცხოვრების ყოველმხრივი გაცნობიერება დაიწყონ. ბავშვები სხვადასხვა წყაროდან იღებენ საკმაოდ ვრცელ ცოდნას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ჯვრისწერის საიდუმლოს განხილვისას შესაძლებელია მარტივი ფორმით მივაწოდოთ მათ უფრო ღრმა გაგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობათა მთელი სპექტრისა. დაბადების 1 თავის 26-30 მუხლებიდან[2] და 2 თავის 24 მუხლიდან[3] მოსწავლეებმა შეიძლება გაიგონ ის მიზნები და ამოცანები, რომელიც ღმერთმა ადამიანებს დაუსახა: დაეუფლონ დედამიწასა და ყველა ქმნილებას, თავისუფლად გამოიყენონ მიწის ნაყოფი, იქორწინონ და შვან შვილები. ამ საკითხის განხილვისას შეიძლება განვუმარტოთ, თუ როგორ უკუღმართად გამოიყენეს ადამიანებმა ეს საჩუქარი. სამყაროზე პასუხისმგებლობა ეგოისტურ ექსპლუატაციად იქცა, დედამიწის ნაყოფით სარგებლობა – სიხარბედ, ორი ადამიანის ქორწინებით შეერთება – ფიზიკური ინსტინქტის თვითმიზნურ დაკმაყოფილებად. ჯვრისწერის წესის შესწავლამ შეიძლება ცხადყოს, თუ როგორ ეხმარება ქრისტიანებს წმიდა საიდუმლო გააცნობიერონ ქორწინების ჭეშმარიტი არსი და მიზანი.

არსებობს კიდევ ერთი თემა, რომელსაც მასწავლებლები ჯიუტად გაურბიან და რომელიც ძალზე აინტერესებთ ამ ასაკის ბავშვებს – სიკვდილი. რა ხდება გარდაცვალების შემდეგ? რატომ ვლოცულობთ მიცვალებულთათვის? სიკვდილი – კარგია ის თუ ცუდი? რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს? სიკვდილზე გაკვრით ლაპარაკი უმცროსი ასაკის ბავშვებთანაც საჭიროა, ხოლო ამ ასაკში ბავშვების კითხვები უფრო გააზრებული, უფრო კრიტიკული ხდება. ამ კითხვებზე პასუხი ეკლესიის სწავლებაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ბავშვები ნებისმიერ პასუხს თავისი რეალური აღქმით ამოწმებენ. ამიტომ პასუხი არ უნდა იყოს ასბტრაქტული, ის ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს.

ღვთისმსახურება – საშუალო ასაკის ბავშვების ლიტურგიკული აღზრდისათვის მთავარია მათ გონების საზრდო მივცეთ, ღვთისმსახურებისას აზროვნება რომ შეძლონ. ისევე როგორც ადრეულ ასაკში, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა ღვთისმსახურებაში: იგალობონ, საკურთხეველში მიეხმარონ მოძღვარს, იკითხონ ტაძარში. მათ უკვე შესწევთ უნარი ეს ყველაფერი სრული შეგნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით აკეთონ. შეიძლება მივცეთ ნება დაალაგონ და მორთონ ტაძარი. გოგონებს შეიძლება ვასწავლოთ სეფისკვერების გამოცხობა, ზოგჯერ ზოგიერთი მოძღვარი (მაგალითად, საზაფხულო ბანაკიდან ბავშვების დაბრუნების შემდეგ) აღასრულებს მსახურებას, რომლის დროსაც მხოლოდდამხოლოდ ბავშვები გალობენ და კითხულობენ. უფროსი ასაკის გოგონები აცხობენ სეფისკვერებს, პროსკომიდია ხდება ტაძრის შუაგულში, რათა ბავშვებს გარშემო შემოკრებისა და თვალყურის დევნების საშუალება ჰქონდეთ. ისინი თვითონ კითხულობენ იმათ სახელებს, ვისი მოხსენიებაც სურთ. ყველა ბავშვი ეზიარება.

ძალზე მნიშვნელოვანია, კლასში მეცადინეობის დროსაც დავეხმაროთ ბავშვებს, ჩასწვდნენ ღვთისმსახურების არსს. ვთხოვოთ, რამენაირად გამოხატონ ეს არსი. შეიძლება დეტალურად გავარჩიოთ ნაცნობი ლოცვა, მაგ. „მამაო ჩვენო“ და შევთავაზოთ დახატონ პლაკატები, რომლებიც ყოველი თხოვნის არსს განმარტავენ. პლაკატების, მოდელების, დიაგრამების, კალენდრების და სხვა თვალსაჩინო მასალების დამზადება, რაც წმიდა საიდუმლოსა თუ დღესაწაულის არსს ხნის, ბავშვებს უფრო მკაფიო წარმოდგენების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

რასაკვირველია, ამ საქმიანობას აუცილებლად უნდა ვაკონტროლებდეთ, რომ ამგვარმა მიდგომამ ჰიპერტროფირებული სახე არ მიიღოს, რომ სხვადასხვა მიდგომას შორის პროპორცია და წონაწორობა შენარჩუნებულ იქნეს. სწავლების ყველა მეთოდი უნდა მივმართოთ იმისაკენ, რომ შესასწავლი მასალის უფრო ღრმა გააზრება მოხდეს. ბავშვები მათ წინაშე დასახულ ამოცანას მექანიკურად არ უნდა ასრულებდნენ, ამოცანა არ უნდა იყოს მეტისმეტად რთული და ძალიან ბევრ დროს არ უნდა მოთიხოვდეს.

შესაბამის კლასებში, სადაც 10-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ, შეიძლება დავიწყოთ ბიბლიის, განსაკუთრებით კი, ახალი აღთქმის შესწავლა. ბავშვები უკეთ გაიცნობენ წმიდა წერილს, თუ ისწავლიან იმ ადგილების მოძებნს, რომლებიც წირვის დროს იკითხება.

როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში საეკლესიო დღესაწაულების აღნიშვნა (გარდა შობისა და აღდგიმსა) თანდათანობით წყდება. ქრება სიხარულის განცდა, რომელიც დღესაწაულს თან სდევს. პატარას აღარ ესმის, თუ რატომ უნდა გამოიწვიოს მასში სიხარული იმ ფაქტმა, რომ იესო ქრისტე მთაზე ავიდა და ესაუბრა მოსეს და ილიას. უმცროსი ასაკის ბავშვებმა შეიძლება ღვთისმსახურებაში რაღაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი იგრძნონ, როდესაც ტაძარში ხილის კურთხევა და დარიგება ხდება, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვებს ეს მოვლენა უკვე აღარ აღელვებთ. ისინი შინ ხილს ყოველგვარი კურთხევის გარეშე ყოველდღე მიირთმევენ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მოვამზადოთ ბავშვები დღესასწაულისათვის, ავუხსნათ მისი მნიშვნელობა – არა მხოლოდ როგორც გახსენება დიდი ხნის წინათ მომხდარი ფაქტის, არამედ როგორც მოვლენისა, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ახსნა უნდა ითვალისწინებდეს ამ ასაკის ბავშვების უაღრესად რეალისტურ აზროვნებას. მირქმაზე შეიძლება ვისაუბროთ, როგორც ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრაზე, მაგრამ ბავშვებისათვის ეს შეხვედრა შეიძლება მხოლოდ თეორიული ინტერესის გამომწვევი იყოს. შეიძლება ვისაუბროთ ხანდაზმულობის პატივისცემისა და მისი ნიჭების შესახებ – სიბრძნის, ერთგულების, სასოების და რწმენისა, იმის შესახებ, თუ რას გვაძლევენ მოხუცები. შეიძლება გავაღვივოთ ბავშვებში ქალწულ მარიამის – სრულიად ახალგაზრდა დედის, პიროვნების გაგება, რომელმაც სიხარულის ჟამს ყოველგვარი შიშის გარეშე მოისმინა სიტყვები: „და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი“. ალბათ, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ საუბრისას. ამგვარი საუბრები დღესასწაულის დადგომამდე გაცილებით ადრე უნდა ჩატარდეს, რომ ბავშვებმა იცოდნენ, რას აღიშნავს ესა თუ ის დღესასწაული, და მას მომზადებულები შეხვდნენ.

მართალია, ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე უფრო ადვილია, მაგრამ, სამაგიეროდ, გაცილებით ძნელია მათ შინაგან სულიერ სამყაროში შეღწევა. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ მათ უკვე ისწავლეს უფროსების წინაშე თავის ისე დაჭერა, როგორც მათგან მოითხოვენ. როდესაც უფროსი – მოძღვარი, მასწავლებელი თუ უფროსი მეგობარი – მოსწონთ, ცდილობენ ასიამოვნონ სწორი პასუხით ანდა ისეთი მოქმედებითა თუ საქციელით, რომელიც მოწონებას დაიმსახურებს. ამიტომ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მათ მიერ გამოხატული ემოცია და ქმედება ყოველთვის როდია მათი ნამდვილი შინაგანი მდგომარეობის ამსახველი.

ამ ასაკის ბავშვებს თავისი ნამდვილი გრძნობების გამოხატვა, ერთი მხრივ, იმიტომ არ სურთ, რომ უფროსები იშვიათად უგებენ მათ, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ თვითონ არ არიან ბოლომდე გარკვეულნი თავიანთ აზრებსა და გრძნობების გამომწვევ პირველმიზეზებში. ერთხელ მოწმე გავხდი ორი გოგონას, 10 და 12 წლის დების, განცდებისა იმ ღამეს, როცა მათი უმცროსი ძმა დაიბადა. ისინი აღგზნებულები იყვნენ, ბედნიერები, მაგრამ, ამავე დროს მაინც ტიროდნენ. უძილო ღამის შემდეგ უფროსი გოგონა ფანჯარასთან იდგა და, მთლიანად თავის თავში ჩაღრმავებული, მონუსხულივით უმზერდა მზის ამოსვლას, თუმცა არ შეეძლო იმის ახნა, რას გრძნობდა და რატომ.
მეორე სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები, უფროსებთან შედარებით, ნაკლებად სენტიმენტალურები არიან და ამ ასაკში იუმორის სპეციფიკური გრძნობა უვითარდებათ, რომელმაც ყველაზე კეთილგანწყობილი მასწავლებლებიც კი ცრემლებამდე შეიძლება მიიყვანოს. მახსოვს ერთი ხანშიშესული, მაგრამ არცთუ გამოცდილი მასწავლებელი ქალი, რომელიც ტირილამდე მიჰყავდა ერთი მოწაფის, თერთმეტიოდე წლის საზრიანი ბიჭუნას ირონიულ შენიშვნებს. მთელი კლასი, რომელიც უმეტესად კეთილი და კარგად აღზრდილი ბავშვებისაგან შედგებოდა, ამას, როგორც კარგ გასართობს, ისე უყურებდა. რამდენიმე წლის შემდეგაც კი იხსენებდნენ, თუ როგორი „მხიარულება“ სუფევდა ამ მასწავლებლის გაკვეთილებზე. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მასწავლებელი მოუთხრობს ამბავს, რომელმაც, მისი აზრით, მოწონება ან თანაგრძნობა უნდა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება უცებ ბავშვებს რაღაც უმნიშვნელო დეტალი სასაცილოდ მოეჩვენოთ და ერთი ხარხარი თუ სიცილ-კისკისი ატეხონ.

ვფიქრობ, უნდა გვჯეროდეს, რომ ამ ასაკის ბავშვებს საკუთარი სულიერი და ზნეობრივი სამყარო აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, ვიცით, რომ მოქმედებს და საკუთარი, ზოგჯერ გაუგებარი და იდუმალი გზით ვითარდება. ძალზე მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ მას და მის გამოვლინებებს, თუნდაც ის ჩვენთვის აუხსნელი იყოს. ამ სამყაროს ჩამოყალიბებაზე შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ მოთხრობებით წმიდა წერილიდან, ისტორიიდან, წმიდანთა ცხოვრებიდან. შეიძლება, აგრეთვე, გამოვიყენოთ ამ საკითხებთან თუ პრობლემებთან დაკავშირებული კითხვები და საუბრები, რომლებიც თავისთავად დაეხმარება მათ სამყაროსა და ცხოვრებაზე ახალი, უფრო ღრმა და ჰარმონიული შეხედულებების გამომუშავებაში. მაგრამ ჩვენთვის დაფარული რჩება, თუ რას ითვისებენ სინამდვილეში.

რამდენადაც ამ ასაკის ბავშვებმა მიაღწიეს სიმწიფისა და დამოუკიდებლობის გარკვეულ დონეს, მნიშვნელოვანია, გავამდიდროთ მათი ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება. მე ამას „თემში ცხოვრების გამოცდილებას“ ვუწოდებ – სამრევლო საზაფხულო ბანაკები, საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნა და წმიდა ადგილების ერთობლივი მოლოცვა მათ პრაქტიკულად ეხმარება, გაიგონ, თუ რას ნიშნავს ადამიანების ურთიერთობა და საერთო პასუხისმგებლობა. მართალია, ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მსგავსი ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება, მაგრამ ისინი სიამოვნებით იღებენ მათში მონაწილეობას, რაც მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აღრმავებს.

მოზარდობის ასაკი: 13-დან 16 წლამდე

მოზარდობის ასაკი – ეს არის პერიოდი ბავშვობისა და მოწიფულობას შორის. ამ ასაკში გონების პოტენციური შესაძლებლობანი ზრდასრული ადამიანის შესაძლებლობას თითქმის უტოლდება. მოზარდები ძალზე სწრაფად იცვლებიან ფიზიკურად, რაც მათი მოუქნელი მოძრაობის, ემოციური გაუწონასწორებლობისა და მორცხვობის გამომწვევი ხდება.

ამ ასაკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მგრძნობელობა და დაუკმაყოფილებლობა. მოზარდები უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, ოჯახით, გარეგნობით (სწორედ ეს ხდება მიზეზი ექსტრავაგანტული მოდით გატაცებისა). მათ არ მოსწონთ თავისი საცხოვრებელი ოთახი და ცდილობენ რაც შეიძლება ორიგინალურად მორთონ იგი. უკმაყოფილონი არიან სწავლა-განათლების მთელი სისტემით. სახელმძღვანელოებით, ნიშნებით, მასწავლებლებით, გამოცდებით. იმ შემთხვევაში, თუ მათ არა აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, ინტელექტუალური ინტერესები და მონაცემები (ეს კი იშვიათობას წარმოადგენს), ფორმალური განათლების სისტემას ვერ ეგუებიან. უკმაყოფილონი არიან მშობლებით, მასწავლებლებით და საერთოდ უფროსებით – „იმიტომ, რომ ჩვენი არ ესმით“ და განსაკუთრებით „იმიტომ, რომ არ გვენდობიან“. მათ ვერ გაუგიათ, რომ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლების უმრავლესობას უბრალოდ არ შეუძლია „ენდოს“ მოზარდის ცნობიერებას, მოზარდისა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს მისთვის ახალსა და უცნობ სამყაროში – სამყაროში, რომელზეც რეალური წარმოდგენა არა აქვს და რომელშიც მშობლებს მინიმალური დახმარების გაწევა შეეძლებათ. თავის მხრივ, არც მოზარდები ენდობიან მშობლების დასკვნებსა და მოსაზრებებს. ეს ორმხრივი უნდობლობის პერიოდია.

მოზარდები საზოგადოებრივი ცხოვრებითაც მტკივნეულად დაუკმაყოფილებელნი არიან. ის, რაც მათ ადრე მხიარულებას ჰგვრიდა, ახლა აღარ ახარებთ. ოჯახურმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავისი ხიბლი. წვეულებები მოსაწყენია და „არ გამოდის“ იმის გამო, რომ მოაზარდები ან ძალზე შებოჭილნი არიან და ურთიერთობას თავისუფლად ვერ ამყარებენ, ანდა, პირიქით, მეტისმეტად თავისუფლად იქცევიან და მაშინ იწყება „ექსპერიმენტები“: ნარკოტიკები, ალკოჰოლი, უწესრიგო სქესობრივი ურთიერთობანი; ეს იმიტომ კი არ ხდება, თითქოს მოზარდები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან უზნეობისაკენ, არამედ იმიტომ, რომ ახალი შთაბეჭდილებებისა და ახალი გზების აღმოჩენის წყურვილი აქვთ. ყველაზე ბედნიერ ოჯახებში მოზარდები, მართალია, მშობლებთან ახლობლობას ინარჩუნებენ, მაგრამ, ამავე დროს, მტკივნეულად განიცდიან შინაგან კონფლიქტს, ოჯახსა და სოციალურ ურთიერთობებს შორის რომ წარმოიქმნება ამ ასაკში.

ეს თავისებურებანი ნეგატიური და მტანჯველი ჩანს, თუმცა ისინი პოზიტიური პროცესის შემადგენელი ნაწილია. მოზარდები ცდილობენ, შეიცნონ თავიანი თავი და გაარკვიონ, რა ურთიერთობები აკავშირებთ სხვებთან – უფროსებთან, თანატოლებთან, საკუთარ და საპირისპირო სქესთან.

საკუთარი „მე“-ს აღმოჩენა წარმოშობს კითხვებს – „რას ვფიქრობ?“ „რას ვგრძნობ?“ და უფრო ზოგადს: „ვინ ვარ მე?“ ბავშვობაში ოცნებობ, რომ გახდები კოსმონავტი, მსოფლიო ჩემპიონი ანდა ბალერინა. ახლა კი იძულებული ხარ, შენს თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცო, სინამდვილეში რას წარმოადგენ. „მართლა კარგი ხმა მაქვს?“, “შემიძლია, გავხდე გენიალური მსახიობი?“, „მაქვს კი დიდი მეცნიერის მონაცემები?“, „გამოვალ გამოჩენილი ფეხბურთელი?“. ამის გამო მოზარდი მეტისმეტად მტკივნეულად განიცდის კრიტიკულ შენიშვნებს, რამაც შეიძლება ნირი წაუხდინოს ანდა თავისი ნიჭისა და უნარის მაქსიმალურად გამოვლინებისაკენ უბიძგოს.

ახალგაზრდები თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში შეიცნობენ. ეს მუდამ ორმხრივი პროცესია. როგორ დამოკიდებულება აქვს მოძღვარს, მშობელს, მასწავლებლს ჩემს მიმართ და როგორი მე – მათ მიმართ? უფროსები არასწორად იმიტომ აღმიქვამენ, რომ მხედავენ არა ისეთს, როგორც დღეს ვარ – თითქმის ზრდასრული – არამედ ჰგონიათ, ისევ ისეთი ვარ, გუშინ და გუშინწინ რომ ვიყავი – პატარა ბავშვი. ამ პერიოდში მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული სერიოზულ გამოცდას გაივლის. თუ მშობლებს შვილი უყვართ არა ეგოისტურად, არა როგორც საკუთრება, თუკი ყოველთვის ხარობენ მისი ზრდით, მათი სიყვარული ამ რთულ პერიოდს ადვილად გაუძლებს. მაგრამ ეს მოთმინებასა და გაგებას მოითხოვს.

ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს ურთიერთობის ახალი სფერო – ურთიერთობა საპირისპირო სქესთან, ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, უკვირდებოდნენ ტელევიზორსა თუ ჟურნალებში, მაგრამ მაშინ ეს თამაში იყო და არა რაღაც ნამდვილი. ახლა კი უცებ ეს სრულიად სხვა რაღაცად იქცა, ანუ იმად, რასაც ვგრძნობ, რაც ტკივილს ანდა სიხარულს მანიჭებს. ამ პერიოდში გარდაუვალია კითხვების დასმა: „მომწონს თუ არა მე ასეთი გოგო?“, „მომწონს კი მე ასეთი ბიჭი?“ ეს არის ცდისა და შეცდომების, გულის გატეხვის, იმედების გაცრუების, უაზრო ტრგედიების პერიოდი. უკეთეს შემთხვევაში, ეს განცდები მოზარდს ეხმარება უფრო ღრმად გააცნობიეროს თავისი თავი და იდეალები, თუმცა ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება თუ საფრთხე ელის.

გარდა ინტენსიური ხასიათის ამ პიროვნული ურთიერთდამოკიდებულებისა, აუცილებელი ხდება ურთიერთობის დამყარება თანატოლების კოლექტივთან. „მისაღები ვარ მათთვის?“, „მოვწონვარ მათ თუ არა?“, „მინდა კი სწორედ ამ ჯგუფს შევუერთდე?“ ყველა ამ კითხვას მოზარდმა თვითონ უნდა უპასუხოს. ჩვენს დროში მშობლებს ძალზე სუსტი გავლენა შეეძლებათ იქონიონ ამ ასაკობრივ ჯგუფზე, რომელსაც თავისი “კულტურა“ აქვს ჩამოყალიბებული. ბიჭებმა და გოგონებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, სურთ და შეუძლიათ თუ არა ამა თუ იმ კოლექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

უკანასკნელ ათწეულებში ტექნოლოგიური ცივილიზაციის სწრაფი განვითარების შედეგად ჩვენმა ბავშვებმა მეტი იციან სექსის, სოციალური და რასობრივი პრობლემების, დანაშაულების და ძალადობის, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების შესახებ. მართალია, მოზარდები უფრო მეტად ზრდასრულები არ არიან, ვიდრე ეს წინათ იყო, მაგრამ მეტი იციან, თუმცა ხშირად სიმწიფე არ ჰყოფნით, ეს ცოდნა რომ შეითვისონ. ისინი ცხოვრობენ იმ ეპოქაში, რომელშიც „მათი სამყაროს“ „საზოგადოებრივი წყობა“ დისკრედიტებულია. მათმა უფროსმა ძმებმა და დებმა „ამერიკული ცხოვრების წესის“ ამპარტავნული საწყისები უარყვეს, და ქვეყანას არაფერი აქვს საამაყო, რადგან მის წინაშე ისეთი გადაუჭრელი პრობლემები დგას, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, დამნაშავეობა, ძალადობა. თანამედროვე ამერიკელ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის ისინი ვერ ხედავენ ვერავის, ვინც მათ სულიერ მოთხოვნებს, თანდაყოლილ იდეალიზმს, ჭეშმარიტების ძიებას უპასუხებდა – არც აბრაამ ლინკოლნს, არც უინსტონ ჩერჩილს, რომლის დაპირებამ: „არაფერი გარდა სისხლისა, შრომისა და ცრემლებისა“, ინგლისელი ხალხში არნახული გმირული აღმაფრენა გამოიწვია…

რაში მდგომარეობს ეკლესიის ამოცანა მოზარდებთან მიმართებაში? პრინციპულ დონეზე ეკლესია სთავაზობს ისეთი სულიერ ფასეულობებს, რომლებიც ახალგაზრდებმა შეიძლება შეგნებულად და თავისუფლად მიიღონ, რადგან სიმწიფის გარკვეულ დონეს მიაღწიეს. ეკლესია მოწოდებულია მისცეს მათ ხილული სახება და ცოცხალი განცდა იმისა, თუ რა უნდა იყოს ცხოვრება, რა არის სიწმიდე, ჭეშმარიტება, რწმენა, ერთგულება. ეკლესიაში იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება ჰპოვონ მიტევება, გაგება და სიყვარული, თუ არასწორად მოიქცნენ, გულაცრუებულნი ანდა დაბნეულები არიან. რონალდ გოლდმანის სიტყვით, მოზარდს სჭირდება “თავისუფლება, რომელიც უსაფრთხოების შეგრძნებითაა გაჯერებული”…

მოზარდების სულიერი განვითარებისათვის აუცილებელია, რომ რწმენა მათთვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების, აზროვნებისა და ზნეობრივი ცხოვრების ნაწილი გახდეს. ამ პროცესს შეიძლება ხელი შევუწყოთ გულახდილი და თავისუფალი საუბრებით, საეკლესიო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვით, და, რაც მთავარია, მათთან მგობრობით.
რაც არ იცი, იმაზე ფიქრს ნაყოფი არ მოაქვს – არადა, ზუსტად ამ მდგომარეობაშია მოზარდების უმრავლესობა. მათ ძალზე ცოტა რამ იციან ქრისტიანობის შესახებ. ახალგაზრდულ ჯგუფებში მნიშვნელოვანია თავისუფლებისა და გამოხატვის უშუალობის შერწყმა აზროვნების გამამდიდრებელ გულახდილობასთან. მთავარია, მოზარდმა მეტი გაიგოს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ამ შემთხვევაში ასეთი ჯგუფების საქმიანობა სარგებლოც იქნება და შემოქმედებითიც.

თუ მოზარდები მიხვდნენ, რომ მათ ასეთი ცოდნა ესაჭიროებათ, უკეთესად აივთისებენ იმას, რისი ცოდნაც აუცილებელია ბიბლიისა და ეკლესიის შესახებ. ამიტომ სწავლება ორიენტირებული უნდა იყოს იმ პრობლემებსა და საკითხებზე, რაც ახალგაზრდობას აინტერესებს – ასეთი მიდგომა ხელმძღვანელს დიდად ავალდებულებს. მან არა მხოლოდ ბევრი უნდა იცოდეს, არამედ უნდა შეძლოს საჭირო ცნობების მოძიება, უნდა გრძნობდეს და ესმოდეს, რა ხდება მისი მოსწავლეების გონებაში.

შეუძლებლად მიმაჩნია უფროსი ასაკის ბავშვებისათვის სასწავლო კურსების გეგმების შეთავაზება, რადგან ასეთი კურსები მასწავლებლის მონაცემებისა და კონკრეტული ჯგუფის ინტერესების მიხედვით უნდა აიგოს; ძირითადად, მოზარდებს ინფორმაცია იმავე საკითხებზე უნდა მიეწოდოს, რაც უმცროს კლასებში გაიარეს, იქნება ეს ზოგადი მოძღვრება, ლიტურგიკა, ბიბლიის შემსწავლელი მეცნიერება, საეკლესიო ისტორია თუ სულიერი ცხოვრება და ზნეობა. თვით გარემოება გვიჩვენებს, მოცემულ შემთხვევაში რა უფრო სასარგებლოა და საჭირო. არაჩვეულებრივ საგანმანათლებლო საშუალებას წარმოადგენს მოზარდ მგალობელთა გუნდი კარგი რეგენტით სათავეში, თუკი ხელმძღვანელი იზრუნებს, რომ ყოველ მეცადინეობაზე ხდებოდეს საგალობლის ცალკეული სიტყვების, დღესასწაულის, ლიტურგიაში საგალობლის ადგილის მოკლე განმარტება. სწავლებისათვის იდეალური სიტუაცია შეიქმნება, თუ მასწავლებელი მეგობრულ ატმოსფეროს შექმნის, ინტერესსა და ზრუნვას გამოავლენს თითოეული მოსწავლის მიმართ. მსგავსი ჯგუფები შეიძლება ასევე შედგეს სამრევლო სკოლების ახალგაზრდა მასწავლებლებისა და მათი დამხმარეებისათვის, უმცროსი ასაკის ბავშვების ჯგუფში გაკვეთილის მომზადებისას წინასწარ დარწმუნდნენ, რომ სწორედ გაიგეს ყოველი გაკვეთილის შინაარსი და მნიშვნელობა. სასარგებლოა სტიქაროსანთა და საზაფხულო ბანაკების ინსტრუქტორთა ჯგუფების სწავლება; კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ხატწერის სწავლება.

რეგულარული სასკოლო ან ჯგუფური მეცადინეობების მოწყობის შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი პრინციპი გამოდგეს: მეცადინეობის იმგვარი კითხვებით დაწყება, რომლებიც მოწაფეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მაგალითად, „რითი განსხვავდებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვებისაგან?“, „ნამდვილად მინდა თუ არა ვიყო მართლმადიდებელი? რატომ?“, „რისი მიღება მიჭირს მართლმადიდებლობაში?“. ეს დაგეხმარებათ ურთიერთნდობისა და აზრების თავისუფლად გამოხატვის ატმოსფეროს შექმნაში. ახალგაზრდები უნდა მიხვდნენ, რომ მასწავლებელი მათგან სწორ პასუხს კი არა, პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ელის, ხანდახან გულწრფელი პასუხის მიღება უფრო ადვილია წერილობით, ხელმოწერის გარეშე. ასეთი სახის გამოკითხვა შეიძლება პირველ მეცადინეობაზე მოეწყოს.

შესაძლებელია, მიღებული პასუხებისა და დამატებითი საკითხების განხილვა სხვადასხვაგვარად წარიმართოს. შეიძლება დავიწყოთ ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ ისტორიული ნარკვევით. შეიძლება მართლმადიდებელ ლიტურგიას სხვა ქრისტიანული და არაქრისტიანული აღმსარებლობის ღვთისმსახურება შევადაროთ, შეიძლება რომელიმე წმიდანის ან უბრალოდ გამოჩენილი პიროვნების ცხოვრება შევისწავლოთ. მსგავს მეცადინეობებს დიდი სარგებლობა მოაქვს, თუ ისინი მხოლოდ წიგნზე მუშაბით არ შემოიფარგლება, თუკი მოსწავლეებს სთხოვენ მოამზადონ მოხსენებები, გამოკვლევები, ინტერვიუები. სწავლების პროცეში შეიძლება ჩავრთოთ დისკუსიები, ლექციები, აგრეთვე, მუშაობა წიგნზე, კლასგარეშე მეცადინეობები.

შედარებით უმცროსი ასაკის მოზარდებმა შეიძლება კვლავინდებურად ხალისით გააკეთონ პლაკატები, ფილმები, გაზეთები, რომლებიც ეკლესიის წარსულის ან ბიბლიური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. მაგრამ ამის კეთება მხოლოდ იმისათვის, რომ ბავშვები რაღაცით დავაკავოთ, არაა მართებული. მნიშვნელოვანია – ყველაფერი, რასაც გააკეთებენ, რაღაც იდეის გამოხატვისაკენ, შინაგანი აზრის გამოვლენისაკენ იყოს მიმართული.

ბავშვებისათვის, როგორც ეკლესიის მომავალი წევრებისათვის, სასარგებლო იქნება ნებისმიერი საქმე, რომელიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობასა და საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. შეიძლება ეს იყოს რაიმე საბაბით „მსვლელობის“ ორგანიზება, წმიდა ადგილთა მოლოცვის ან ლაშქრობის მოწყობა; სპეციალური საეკლესიო მსახურების მომზადება ცალკეულ მოვლენებთან დაკავშირებით და ა. შ.

ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობა დამყარდება ხელმძღვანელს – მღვდელმსახურს ან საეროს – და ახალგაზრდებს შორის. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მათი ნდობის მოპოვება, დამეგობრება, მოზარდის პიროვნებისადმი გაგების, სიმპათიისა და გულწრფელი ინტერესის გამოხატვა, ამასთან ერთად, იგი ურყევი უნდა იყოს იმაში, რისიც სჯერა. სწორედ ამას ეძებენ მოსწავლეები: მეგობარს – მართალს, ნდობის ღირსს, ვინც მათ ისეთებად მიიღებს, როგორებიც არიან და ვისი მოსაზრებებიც, როგორც ისინი გრძნობენ, მათ ინტერესებს უკავშირდება. მთავარი პრობლემაა ასეთი ხელმძღვანელის პოვნა.


kenozisi.ge