ღმერთი

ღმერთი

среда, 20 марта 2013 г.

ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო.

გამოქვაბულში შეფარებულ დევნილ მამაკაცს ხილვა ეწყება: ის ხედავს სამყაროს აღსასრულს, თამდაბალი ქრისტეს შეუბრალებელ მეომრად დაბრუნებას, ჭირს, დაავადებებს, სასაკლაოებს, სისხლის მდინარეებს, ბოროტ მხეცებსა და სასტიკ განკითხვის დღეს. მორწმუნეები სამოთხეში მიდიან, ურწმუნოებს კი ცეცხლის უძირო ორმოში ყოფნა ესჯებათ. ეს არის იოანეს გამოცხადება, ახალი აღთქმის ბოლო წიგნი. მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ აპოკალიფსი ახლოსაა და ჩვენ ვართ ბოლო თაობის წარმომადგენლები. ხედავდა თუ არა იოანე კაცობრიობის მომავალს? თუ რევოლუციას აწყობდა ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ? იქნებ უბრალოდ ის ადამიანი იყო, რომელიც სიგიჟის ზღვარზე იდგა? შესაძლებელია თუ არა გამოცხადების წიგნის საიდუმლოებების გახსნა? ამის გარკვევას ამჯერად National Geographic-ი შეეცადა.

აპოკალიფსის 4 მხედარი – როგორც დაწერილია, მათ გამოჩენას მოჰყვება ომი და დაავადებები. მალე კი ბოროტი ადამიანები სამუდამოდ შეჩვენებულები იქნებიან, ხოლო მართლები უკვდავებით დაჯილდოვდებიან. გამოცხადების წიგნი ერთდროულად საშიში ამბის აღწერაცაა და ამავე დროს სამოთხის მიღების დაპირებაც, რაც მალე მოხდება.

მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 2 მილიარდი ქრისტიანია. ბევრ მათგანს სჯერა, რომ იოანეს გამოცხადება წარმოადგენს იესოს მეორედ მოსვლის ზუსტ მონახაზს. აშშ-ში ახალგაზრდების 55%-ს სწამს, რომ ბიბლია ღმერთის სიტყვაა, რომელიც არ შეიცავს შეცდომებს და პირდაპირ უნდა იქნას გაგებული. მორწმუნეებისთვის ის სრულიად თავსებადია თანამედროვე ეპოქასთან, ისეთივე შესაფერისი, როგორც დილის გაზეთი.

წიგნი დაიწერა იესოს ჯვარცმიდან სავარაუდოდ 60 წლის შემდეგ იმ ადამიანის მიერ, რომელსაც იოანე ერქვა. გამოცხადება მას ნელ-ნელა მიეწოდებოდა, სიზმრების მსგავსი ხილვების სერიის მეშვეობით. იოანე ხედავს ანგელოზს, ღმერთისგან გამოგზავნილ მაცნეს. შემდეგ კი ესმის ხმა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ”. იაონე აღმოაჩენს, რომ ღმერთის წინაშე დგას. ღმერთს გრაგნილი უჭირავს, რომელიც 7 ბეჭდითაა დალუქული. გრაგნილი შეიცავს ღმერთის საიდუმლო გეგმას მომავალთან დაკავშირებით. იოანეს ცრემლები სდის, რადგან ვერ ახერხებს გრაგნილის გახსნას. ამ დროს ჩნდება მსხვერპლად შეწირული კრავი, რომელიც არის იესო, და გრაგნილი იხსნება.

პირველი 4 ბეჭდის გაღებისას აპოკალიფსის 4 მხედარი თავისუფლდება. მათ მოაქვთ ომი, დაავადება, შიმშილი და სიკვდილი დედამიწაზე. მეხუთე ბეჭედი მკვდრეთით აღადგენს გარდაცვლილებს. შემდეგ კრავი ხსნის მეექვსე ბეჭედს, მზე ბნელდება, მთვარე კი წითლდება, მიწისძვრები ქალაქებს ანადგურებენ. მეშვიდე ბეჭდის გახსნისას ნახევარი საათით სიჩუმე დგება. ეს არის პაუზა, სანამ საოცრებები და საშინელებები დაიწყება. იოანე ხედავს 7 ანგელოზს, რომლებსაც საყვირები უჭირავთ. თითოეული ჩაბერვა სულ უფრო უარეს საშინელებას ავლენს დედამიწაზე – სეტყვა, ცეცხლი და სისხლის წვიმა. ტყეები ნადგურდება, ოკეანე სისხლად იქცევა, უზარმაზარი კალიები თავს ესხმიან იმ ადამიანებს, რომელთაც შუბლზე ღმერთის ნიშანი არ ადევთ. „შემდეგ დავინახე შუა ცაზე მფრინავი ანგელოზი, რომელმაც ხმამაღლა მითხრა: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ”.

ცხენებზე ამხედრებული 200 მილიონი მეომარი დედამიწას ესევა და ანადგურებს კაცობრიობის მესამედს. ამის შემდეგ ჩნდება მხეცი, რომელიც შეიცავს ყველანაირ ბოროტებას. ასპარეზზე ასევე გამოდის ქალი, რომელსაც იოანე უწოდებს „ბაბილონის მეძავს”: „ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით”. იოანე ხედავს, როგორ ამარცხებს იესო მეძავს. შემდეგ კი არმაგედონის ველზე იესო და სატანის არმია ერთმანეთს ებრძვიან, რათა დასრულდეს ყველანაირი ომი დედამიწაზე. კრავი იქცევა მეომარ ქრისტედ, ის ამარცხებს ეშმაკს და ცეცხლის ტბაში აგდებს. იწყება იესოს მმართველობა, რომელიც 1000 წელს გასტანს. ამის შემდეგ სამუდამოდ ანადგურებს სატანას და განიკითხავს ყველას, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. გამოცხადება მთავრდება ხილვით, როცა ზეციდან ეშვება ახალი იერუსალიმი. „შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს და აღარ იქნება სიკვდილი. აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა”.

დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში კაცობრიობა შეპყრობილი იყო იოანეს გამოცხადების წიგნით. მრავალი ადამიანი ცდილობდა, მასში დამალული მინიშნებები გაეშიფრა და ამოეხსნა უმთავრესი საიდუმლო: როგორ მთავრდება ეს ამბავი? წინასწარმეტყველებს გამოცხადება კაცობრიობის აღსასრულს თუ სხვა რამეს გვიმხელს? დაშიფრული პოლიტიკური მანიფესტი თუ შეშლილის ნაამბობი? როგორც უნდა განიმარტოს გამოცხადება, აშკარაა, რომ ის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რადგან გავლენას ახდენს არჩევნებზე, ომებსა და მომავალზე.

საუკუნეების მანძილზე ადამიანები იმას ხედავდნენ გამოცხადებაში, რისი ნახვაც სურდათ. ზოგი მას იმედისმომცემ გზავნილად აღიქვამდა, ზოგისთვის კი ეს იყო კოშმარული სცენარი, რომლის გადატანაც მალე მოუწევდა. გამოცხადების საიდუმლოების გაშიფრვის საუკეთესო მეთოდი ალბათ იმის გარკვევაა, თუ ვინ იყო რეალურად მისი ავტორი – ადამიანი, რომელიც ისტორიის ერთ-ერთი უსასტიკესი ლიდერის მმართველობის დროს ცხოვრობდა.

გადმოცემის მიხედვით, იოანემ წიგნი პირველი საუკუნის მიწურულს დაწერა. იესო ცოცხალ მოგონებად რჩებოდა, ქრისტიანობა კი წარმოადგენდა იუდაისტურ სექტას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, თავი დაეღწია რომის იმპერიის საშინელებებისგან. იესოს სწავლებების ქადაგების გამო რომაელებმა იოანე თურქეთის სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე გადაასახლეს. „მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის”.

თანამოაზრე ქრისტიანებისგან მოშორებით მყოფი იოანე ფიქრობდა, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა იესოს დაბრუნება იყო. რომაელები ყოვლისშემძლეები ჩანდნენ, მათი იმპერატორები სასასტიკითა და სადიზმით გამოირჩეოდნენ, ესწრაფოდნენ ძალაუფლების მიღებასა და განმტკიცებას. ყველაზე ცნობილი გახლდათ ნერონი. მის დაქვემდებარებაში მყოფი იმპერია გადაჭიმული იყო ბრიტანეთიდან აფრიკამდე და მოიცავდა წმინდა ქალაქ იერუსალიმს.

64 წელს რომი ცეცხლში გაეხვია. გავრცელდა ჭორები, რომ ამის უკან თავად ნერონი იდგა. თავისი ხალხის გულის წყრომა რომ აეცილებინა, საჭირო იყო განტევების ვაცის პოვნა და მანაც ყველაზე მარტივი ვარიანტი აირჩია – განდგომილი ებრაელები, ცნობილი, როგორც ქრისტიანები. იმპერატორის რისხვა სასტიკი და უცნაური იყო: ადრეულ ქრისტიანებზე შეუბრალებელი დევნა ხორციელდებოდა რომაელთა მიერ. მათთვის ცხოვრება გახდა შემაძრწუნებელი, ულმობელი და ხანმოკლე. უწევდათ მუდმივად მალვაში ყოფნა, რადგან გამოჭერისას ელოდათ გადასახლება, წამება ან სიკვდილი. წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო სპეციალურად გაწვრთნილი ცხოველების მისევა, რათა ქრისტიანები ცოცხლად შეეჭამათ და ამ სანახაობით რომაელი ჯარისკაცები დამტკბარიყვნენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ სიკვდილით დასჯა მათთვის რბილი განაჩენი გახლდათ.

რომაელები აიძულებდნენ ქრისტიანებს, ედიდებინათ იმპერატორი, თითქოს ის ღვთაება ყოფილიყო. მაგრამ ამგვარი ქმედება ებრაელებისა და ქრისტიანებისთვის მკრეხელობას წარმოადგენდა. 66 წელს ებრაელები საპასუხო შეტევაზე გადავიდნენ. მათ მოახერხეს და იერუსალიმის ტაძარი ხელში ჩაიგდეს. თუმცა გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა – რომაელებმა გაძარცვეს ტაძარი, ააოხრეს ქალაქი და გადაასახლეს ებრაელები. ეს უკანასკნელნი თავიანთ სამშობლოს დაახლოებით 1900 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნებიან.

შესაძლოა, აჯანყების შედეგების გამო გამოცხადების ავტორმაც დატოვა იერუსალიმი. ღამღამობით ის სახარებას ქადაგებდა, რათა ფარული მორწმუნეებისთვის თავი მოეყარა. იოანეს თაობის ქრისტიანებს სწამდათ, რომ იესოს დაპირება სწრაფად დაბრუნებას შეეხებოდა, მათ სიცოცხლეშივე, რათა ისინი რომაული ტირანიისგან ეხსნა. სამწუხაროდ მათი მოლოდინი არ გამართლდა. საბოლოოდ რომაელებმა იოანე გააძევეს. იოანეს სიბრაზე, იმედგაცრუება და ტკივილი დაეუფლა. ბალიშად ქვა ედო და ასე ეძინა. არ იცოდა, რამდენ ხანს დარჩებოდა გადასახლებაში და როდის მოაკითხავდნენ რომაელები. ამ დროს დაეწყო ხილვები, სიზმრები, კოშმარები, რომლებსაც მუდმივად იწერდა.

იუნგიანელი ფსიქოლოგი პოლ ვატსკი ირწმუნება, რომ თავად გამოცხადების წიგნს შეუძლია, მოგვაწოდოს ინფორმაცია ავტორის გონებრივ მდგომარეობაზე. არის თუ არა ეს უცნაური ამბები სიგიჟის შედეგი?

– ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წილად ასეთი ცხოვრება ხვდება, უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. შეგვიძლია, განვიხილოთ, ვინ იყო იოანე და როგორია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მას სჯეროდა, რომ რაც მის გონებაში ხდებოდა, სავსებით რეალური იყო. მაგრამ რაშიც მე ეჭვი მეპარება, ისაა, რომ მას შესაძლოა ფსიქოზის რომელიმე მძიმე ფორმა სჭირდა, მაგალითად შიზოფრენია. საქმე იმაშია, რომ შიზოფრენიის დროს ადამიანის ფიქრები კარგად ორგანიზებული არაა და ვერ შეძლებს მაღალი დონის ლიტერატურული ნამუშევრის შექმნას, როგორიცაა გამოცხადება.
პოლ ვატსკი

ვატსკი მარტო არაა, მის მსგავსად ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იოანე გიჟი კი არა, სავსებით ჯანმრთელი ადამიანი იყო, ამავე დროს – სტრატეგიული რევოლუციონერი. წიგნში შესაძლოა დაშიფრული გზავნილი იყო, რომ იესო დაბრუნდება და გაანადგურებს მათ მტრებს, რომაელებს. იმ პერიოდში რომის საწინააღმდეგო რამის დაწერა სიკვდილს უდრიდა. ამიტომ შესაძლოა, იოანემ თავისი გზავნილი შენიღბა საიდუმლო ენით, რომელსაც მხოლოდ ქრისტიანები გაიგებდნენ. მინიშნებები მთელ წიგნშია გაბნეული. მათგან ყველაზე ცნობილია მხეცის რიცხვი 666. „ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი – ექვსას სამოცდაექვსი”. იოანე მკითხველისგან მოითხოვს საიდუმლოს ამოხსნას – ვინ არის 666? დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში მრავალი ცდილობდა ამ თავსატეხის გაშიფრვას. პასუხის ზოგიერთი ვარიანტი ეხებოდა რომის პაპებს, ზოგიც – მეფეებს, დიქტატორებს, ბიზნეს ლიდერებს, პრეზიდენტებს, მაგრამ ყველა მათგანი იოანეს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა. ვის გულისხმობდა ის რეალურად?

იოანეს პერიოდში სიტყვების დასაშიფრად ხშირად გამოიყენებოდა ნუმეროლოგია. ებრაულ ანბანში ყველა ასოს შეესაბამებოდა რომელიმე რიცხვი. ამ შემთხვევაში 666 უდრის იოანეს უდიდესი მტრის, ნერონის სახელის რიცხვობრივ ჯამს. არის სხვა მინიშნებაც, რომ გამოცხადების მხეცი იმპერატორის სიმბოლოა. იოანე წერს: „ვიხილე მხეცის ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ”. ეს მომენტი სავსებით შეესაბამება ნერონის ცხოვრებას: 68 წელს მან თავის მოკვლა გადაწყვიტა. ზედმეტად გაუბედავმა იმისთვის, რომ ეს საქმე თავად აღესრულებინა, თავის მწერალს სთხოვა, მოეკლა. მისი სიკვდილიდან მალევე გავრცელდა ჭორები. დადიოდა ლეგენდები, რომ ნერონი არ მომკვდარა და მალე დაბრუნდებოდა. როგორც აპოკალიფსის მხეცს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა და განიკურნა, ქრისტიანთა შიშით, ნერონიც ასევე ცოცხალი იყო და იმალებოდა, ემზადებოდა დიდი ბრძოლისთვის, რათა დაბრუნებულიყო უზარმაზარი არმიით და ქრისტიანები გაეწყვიტა.

გამოცხადებაში აღწერილ მხეცს თან ახლავს მეძავი – სიმბოლო, რომელიც აშკარად რომზე მიანიშნებს. იოანე წერს: „მასთან ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა”, „და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა”. მეძავი შემოსილია ძოწეულში, რაც რომის იმპერიაში სამეფო ფერად ითვლებოდა. ის ზის მხეცზე, რომელსაც 7 თავი აქვს – რომი 7 ბორცვზე იყო გაშენებული. მეძავი რომის სიმბოლო გამოდის, იოანე იმპერატორებს აღიქვამდა, როგორც ცოდვილებსა და ღვთისმგმობებს. ის რომზე შურისძიებას მოითხოვს იმ ერთადერთი გზით, რომლითაც შეუძლია – წიგნის წერით. იოანე წერს, რომ იესო გაანადგურებს მხეცს, რომელიც იმპერატორია. მეძავს, რომელიც რომს წარმოადგენს, ნაკლები ხვედრი არ შეხვდება: „მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას”.

- ჩემი აზრით, გამოცხადება დაიწერა მათთვის, ვინც უსამართლობას განიცდიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის იმის ცოდნა, რომ ბოროტი განიკითხებოდა, რომ რომი ვეღარ შეძლებდა, უსამართლობები და მრავალი სიავე განეხორციელებინა, როგორც მანამდე აკეთებდა.
დოქტორი ბარბარა როსინგი, თეოლოგიის პროფესორი

მაშინდელი ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ იესო რომის იმპერიას დააქცევდა და ომი დაიწყებოდა. როგორც იოანე წერდა, ომის ადგილი არმაგედონი (იგივე მეგიდო – ბორცვი ისრაელის ტერიტორიაზე) იქნებოდა. არმაგედონი რეალური ადგილია და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლის ველს წარმოადგენს.

გამოცხადების წიგნში იოანე აღწერს იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ექნებათ არმაგედონის ბრძოლამდე: ავადმყოფობა, ჭირი და გვალვა გავრცელდება მთელ დედამიწაზე. ოკეანეები და მდინარეები გაწითლდებიან, მზე გაშავდება, მძლავრი მიწისძვრები ქალაქებს გაანადგურებენ, შემდეგ კი სატანა შეკრებს ქვეყნიერების მეფეებს და მოამზადებს მათ იესოს წინააღმდეგ ბრძოლაში. „და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია არმაგედონი”.

არმაგედონი იერუსალიმიდან 80 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, იზრეელის ხეობაში. სახელი არმაგედონი მოდის მეგიდოდან, ორიგინალ ებრაულში მას ჰქვია ჰარ მეგიდო, რაც „მეგიდოს მთას” ნიშნავს. ჰარ მეგიდოდან ვიღებთ ჰარ მეგიდონს, მისგან კი – (ჰ)არმაგედონს. როცა იოანე გამოცხადებას წერდა, მეგიდო მის მოკვდავ მტრებს, რომაელებს ეპყრათ. ერთ-ერთი უმსხვილესი რომაული ლეგიონი აქ დასახლებულიყო და ომისთვის ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რატომ აიღო იოანემ კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ადგილად არმაგედონი. გამოცხადების მიხედვით, კაცობრიობის მეფეები, რომელთაც სატანა უხელმძღვანელებთ, თავს მოიყრიან მეგიდოში, იესო კი ზეციდან დაეშვება და გაანადგურებს მათ. სატანის არმიის ჯარისკაცთა გვამები ამ ადგილს სისხლით შეღებავენ. სატანა დატყვევდება ცეცხლის ტბაში და დედამიწაზე არსებული ყველანაირი ბოროტება მოქმედებას შეწყვეტს 1000 წლით.

იოანე მეორე საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა და ამოუხსნელი დატოვა უდიდესი საიდუმლო. ყველაზე მთავარი კითხვაა, რას გულისხმობდა იოანე, როცა გამოცხადების წიგნს წერდა? პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს? მეორე საუკუნის მიწურულს წინასწარმეტყველი სახელად მონტანი მიიჩნევდა, რომ არმაგედონის ბრძოლა სავსებით რეალური იყო და მალე მოხდებოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქადაგებდა, რომ გამოცხადების წიგნი მომავალს წინასწარმეტყველებდა. მან ბევრი მიმდევარი გაიჩინა, რომლებმაც საზოგადოებისგან განდგომა გადაწყვიტეს, რათა ზეციდან ახალი იერუსალიმის გამოჩენას დალოდებოდნენ. მონტანის სიცოცხლეში იესო არასდროს გამოჩენილა, მაგრამ რწმენა იმისა, რომ გამოცხადება მომავალს აღწერს, მონტანთან ერთად არ მომკვდარა. ის ქრისტიანულ სამყაროში დაახლოებით 2000 წელია, ცოცხლობს.

ადრეული კათოლიკური ეკლესია ცდილობდა, გამოცხადების განმარტებაში თავისი ვერსია გაებატონებინა. ეკლესია უკრძალავდა სამღვდელო იერარქიის მიღმა მყოფ ადამიანებს, ჰქონოდათ საკუთარი ინტერპრეტაციები. ვატიკანიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ვალდენსების ეკლესია მდებარეობს. 8 საუკუნის წინ ეს ქრისტიანული სექტა საკმარისად გამბედავი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ახალი აღთქმა თავად განემარტა, რაც კათოლიციზმის ავტორიტეტის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ვალდენსები ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ და ისეთ რამეებს ქადაგებდნენ, რასაც კათოლიკე ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. კათოლიკეთათვის ვალდენსები ცხადია, საფრთხესთან ასოცირდებოდნენ, ამიტომ ერეტიკოსების სტატუსი მიენიჭათ. ისინი სასტიკ დევნაში აღმოჩნდნენ. ბევრი ადამიანი შეეწირა თავის რწმენას. თუმცა ვალდენსები ყველანაირ გასაჭირს უძლებდნენ და დღემდე მოაღწიეს, ბიბლია კი მხოლოდ კათოლიკე მღვდლების საკუთრებას აღარ წარმოადგენს. დღესდღეობით დაახლოებით 3000 ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს და თითოეული თავისებურად განმარტავს გამოცხადებას, რასაც ზოგჯერ მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.

● XX საუკუნის დასაწყისში იაპონური კულტის აუმ შინრიკიოს წევრები შეპყრობილი გახდნენ გამოცხადების წიგნით. მათ იფიქრეს, რომ მასშტაბური მკვლელობების მოწყობით შესაძლებელი იყო აპოკალიფსის დაჩქარება. ტოკიოს მეტროში მომწამლავი გაზით თავდასხმამ სიცოცხლეს გამოასალმა ათობით ადამიანი და მძიმე დაზიანება მიაყენა ათასეულებს.
● შვეიცარიული აპოკალიფსური კულტი სახელად მზის ტაძრის ორდენი თვლიდა, რომ 3 თვის ბავშვი ანტიქრისტე იყო. ამიტომაც მისი მოკვლა გადაწყვიტეს და მკერდი სარით გაუპეს. საქმის გამოძიებისას კიდევ 53 მორწმუნე გარდაიცვალა – ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც მოკლეს.
● ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოში პროტესტანტულ სექტაში სახელად დავითის შტოში, რომელსაც დევიდ კორეში ლიდერობდა, მიიჩნეოდა, რომ აპოკალიფსი მოახლოვდა. დევიდ კორეშმა თანამოაზრეები დაარწმუნა, რომ ის იყო ფიგურა, რომელზეც წმინდა წერილი წინასწარმეტყველებდა და ისინი წარმოადგენდნენ გადარჩენილი სულების პატარა ჯგუფს, რომელიც სატანის ძალების თავდასხმის ქვეშ იყო. ფედერალური ბიუროსა და სამხედრო დანაყოფების მიერ 51 დღიანი ალყის შემდეგ კორეშმა და ეკლესიის 73-მა სხვა წევრმა შენობას ცეცხლი მოუკიდა და ცოცხლად დაიწვნენ.

სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებში გამოცხადების წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ხშირად წარმოადგენდა ღელვის საგანს. ექსტრემისტების გარდა სხვებიც ფიქრობდნენ, რომ იოანემ სამყაროს აღსასრული აღწერა. მათ შორისაა სერ ისააკ ნიუტონი – ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ბიბლიის მკვლევარი. მას მიაჩნდა, რომ გამოცხადების წიგნის სიმბოლური ენის გაშიფრვა შესაძლებელი იყო ისეთივე სიზუსტით, როგორითაც ბუნების ნებისმიერი კანონისა. ნიუტონმა 55 წელი გაატარა იმის კვლევაში, თუ რა დროს დაბრუნდებოდა ქრისტე. ვინ იყო ნიუტონი? ახირებული ადამიანი? ფანატიკოსი? რეალურად ის თავისი დროის შესაბამისი პიროვნება იყო, რადგან მე-19 საუკუნემდე უმთავრესი მეცნიერული ამოცანა იყო სამყაროსთან დაკავშირებით ღმერთის გეგმების ამოცნობა. ნიუტონი ვერ ხედავდა სხვაობას ბიბლიური წინასწარმეტყველებების გაშიფრვის მცდელობასა და ფიზიკაში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის – ორივე მათგანი ღმერთის საიდუმლოს ააშკარავებდა. მეცნიერება და რელიგია წარმოადგენდა ერთ მიზნამდე მისაღწევ ორ სხვადასხვა გზას. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ნიუტონმა ფურცელზე ჩაიწერა აპოკალიფსის მოხდენის თარიღი – 2060 წელი.

ისტორიაში ყველაზე ცნობილი მკვლევარი ასეთი მომთმენი არ ყოფილა. ის ცდილობდა, აპოკალიფსი თავის სიცოცხლეშივე გამოეწვია. 1492 წელი. ქრისტეფორე კოლუმბი ეძებს გზებს აზიამდე მისაღწევად. მას ასევე ჰქონდა საიდუმლო დავალება – დაეჩქარებინა გამოცხადების წიგნის ბოლო დღეების დადგომა. კოლუმბი წერდა: „ღმერთმა მაქცია იმ ახალი მიწისა და ახალი ცის მაცნედ, რომელზეც ის წმინდა იოანეს აპოკალიფსში საუბრობდა”. ის იმედოვნებდა, რომ აღმოაჩენდა ახლო აღმოსავლეთამდე მისასვლელ გზას დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ქრისტიანული არმიები დაიპყრობდნენ იერუსალიმს და კონტროლის დამყარების შემდეგ ებრაელებს ქრისტიანობაზე მოქცევას აიძულებდნენ. კოლუმბის რწმენით, მხოლოდ მაშინ მოვიდოდა იესო ხელმეორედ. კოლუმბმა ვერასდროს მიაღწია იერუსალიმამდე. ამის ნაცვლად ის ამერიკის კონტინენტზე ჩავიდა და აპოკალიფსიც არ მომხდარა.

კოლუმბის გეგმები წმინდა მიწასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცოცხალია 21-ე საუკუნეში. ისრაელის სახელმწიფოს აღდგენას (1948 წ) მჭიდრო კავშირი აქვს ევანგელიკურ ქრისტიანულ რწმენასთან. პირველ ებრაელ მოსახლეებს მხარს უჭერდნენ ამერიკელი და ბრიტანელი ქრისტიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ იესო მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, როცა ებრაელები ისევ დაეპატრონებოდნენ ბიბლიურ წმინდა მიწას. ორი ათწლეულის შემდეგ – 1967 წელს – ებრაელმა ჯარისკაცებმა იერუსალიმი აიღეს. პირველად ბოლო 1900 წლის განმავლობაში, ებრაელები აკონტროლებდნენ გოდების კედელს, რომელიც ტაძრის უკანასკნელ ნარჩენებს წარმოადგენს. მათთვის ეს იყო იმ წინასწარმეტყველების ასრულება, რომელიც 2500 წლის წინ მიეცათ. ევანგელიკური ქრისტიანები იცდიდნენ. მაგრამ ისევ და ისევ, მეორედ მოსვლა არ დგებოდა, ამიტომ ზოგიერთმა მორწმუნემ წინასწარმეტყველების სხვანაირი განმარტება სცადა. მათ განაცხადეს, რომ ანტიქრისტემ უნდა წაბილწოს იერუსალიმის ტაძარი, ვიდრე ებრაელები დაბრუნდებიან. მაგრამ აქ ჩნდება ერთი პრობლემა: იერუსალიმის ტაძარი აღარ არსებობს, შესაბამისად წასაბილწიც არაფერია. რომაელებმა ის 70 წელს გაანადგურეს. ამიტომ იესოს დასაბრუნებლად საჭიროა, ტაძარი ხელახლა აღდგეს. მის სიახლოვეს, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში არის მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც მუსლიმებისთვის რიგით მესამე ყველაზე წმინდა მეჩეთი მდებარეობს. მისი დანგრევა უდიდესი რისკია „წმინდა ომის” დასაწყებად.

ქრისტიანული ჯგუფები ისრაელს ყოველ წელს მილიონობით დოლარს ურიცხავენ და არსაიდან აქვს ამ სახელმწიფოს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე აშშ-დან, სადაც ევანგელიკური რწმენა სულ უფრო მეტად ძლიერდება და მომხრეების რაოდენობაც სტაბილურად მატულობს. მილიონობით ამერიკელ ახალგაზრდას სჯერა, რომ უკანასკნელ დღეებში ცხოვრობენ და მეორედ მოსვლა ახლოსაა. მეგაეკლესიებში, როგორიცაა გათსის ეკლესია ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში, გამოცხადების წიგნის გზავნილი სულ სხვა ფორმით იქადაგება – იმისთვის, რომ ბევრი ახალგაზრდა მოეზიდათ, კონცერტების გამართვა დაიწყეს და ბიბლიურ თემებზე სიმღერებს ქმნიდნენ. ასეთი ეკლესიები ასწავლიან, რომ გამოცხადების წიგნი სავსებით ნათელია და ღმერთი ურწმუნოებს სამუდამოდ ჯოჯოხეთში გაისტუმრებს, მისი მომხრეები კი უკვდავებით დაჯილდოვდებიან.

მრავალი ადამიანის რწმენით, აპოკალიფსი გარდაუვალია. მათთის აღსასრულის ნიშნები ყველგანაა – მასშტაბური და ხშირი ომები, სტიქიის სიმძლავრე, ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები, ბოროტი ადამიანების გამრავლება და სიყვარულის ნაკლებობა. „ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა” (ლუკას სახარება). გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა ნახევარზე მეტს სწამს, რომ გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველებები ასრულდება. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას „ატაცება” ეწოდება („შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით” – პავლეს ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ). მის პოპულარიზაციაში ლომის წვლილი მიუძღვის 16 ნაწილიანი წიგნების სერიას „Left Behind”, ისევე როგორც სხვა აპოკალიფსურ ქრისტიანულ ლიტერატურას. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, აღსასრულის დღეებში იესო მის მომხრეებს ამქვეყნიური საშინელებებისგან დაიხსნის, ისინი ჰაერში აიწევენ და მესიას შეეგებებიან. მორწმუნეები მშვიდად იქნებიან სამოთხეში, რის შემდეგაც აპოკალიფსში აღწერილი ბოლო დღეები დადგება. რაც შეეხება ურწმუნოებს – ისინი ვერ გადარჩებიან.

დუგ ბაჩელორი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისთვისაც ხსნა არ იქნებოდა: ის წვრილმან ქურდობას მისდევდა, განდგომილი იყო საზოგადოებისგან, მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მოზარდობის პერიოდში მან ცივილიზაცია მიატოვა და ველურ ბუნებას მიაშურა. ეს მარტოსული მოგზაურობა საბოლოოდ გადაიზარდა სურვილში, გამოცხადების წინასწარმეტყველური წიგნი მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო.

– ის, რაც მაშინ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა, ქრისტიანობა იყო. ვსწავლობდი სხვადასხვანაირ რელიგიებს, გავეცანი მრავალ აღმოსავლურ რელიგიას, ვცდილობდი, გამეერთიანებინა და ამგვარად დამედგინა, რა იყო ცხოვრების აზრი. იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ამ ადგილას მოვხვდი და გამოქვაბულში დავსახლდი.
დუგ ბაჩელორი, მე-7 დღის ადვენტისტების ეკლესიის მქადაგებელი

ბაჩელორი თავისი ნებით ცხოვრობდა გადასახლებაში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გამოქვაბულში მარტო მყოფმა აღმოაჩინა ბიბლია, რომელიც მანამდე უარყოფილი ჰქონდა.

– ვკითხულობდი ბიბლიას, თუმცა დაჯერება არ მსურდა, რადგან მივიჩნევდი, რომ სავსე იყო ზღაპრებითა და ალეგორიებით, მაგრამ რაღაც მეუბნებოდა, რომ მასში სიმართლე ეწერა. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ერთ დღეში მოხდა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო მეტად მჯეროდა მისი. არადა გულუბრყვილო ნამდვილად არ ვიყავი, უფრო მეტიც – ნიუ-იორკში გაზრდილი ცინიკური პიროვნება გახლდით. მაგრამ ის პრინციპები, რასაც იესო ასწავლიდა, იმდენად რევოლუციური და უნიკალური იყო, რომ მაშინვე შემოვიდა ჩემს გულსა და გონებაში და ასე გრძელდება უკვე 30 წელია.
დუგ ბაჩელორი

ამჟამად ბაჩელორს სატელევიზიო გადაცემა მიჰყავს და მრავალ ადამიანს უზიარებს ინფორმაციას სამყაროს აღსასრულის შესახებ. ის ერთ-ერთია იმ მრავალი მქადაგებლიდან, რომლებიც ტელევიზიასა და ინტერნეტს იყენებენ, რათა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს გამოცხადების ამერიკული ინტერპრეტაცია: მხოლოდ ხელმეორედ შობილები მოხვდებიან სამოთხეში, კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი კი ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებს ადგილს.

ევანგელისტური ეკლესიებისთვის აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ატაცების მონაკვეთი, მაგრამ აქ ერთი საკითხი იჩენს თავს: იოანეს არაფერი დაუწერია მის შესახებ. გამოცხადების წიგნის ავტორი თვლიდა, რომ ქრისტეს დაბრუნება მოახლოებული იყო. „წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე: აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.” დაახლოებით 2000 წლის შემდეგ მორწმუნეები ჯერ კიდევ უცდიან იესოს მეორედ მოსვლას. ბევრის აზრით, იესო მოევლინება ქვეყნიერებას და ატაცება მოხდება. ბევრი თეოლოგისა და სწავლულის აზრით კი ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

1830 წელს ჩრდილოეთ შოტლანდიაში 15 წლის მარგარეტ მაკდონალდს ხილვა ჰქონდა, მან დაინახა დედამიწაზე მოვლენილი იესო, რომელმაც ნამდვილი მორწმუნეები ცაში აიყვანა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა, რათა განკითხვის დღე მოეწყო. ბრიტანელმა მქადაგებელმა ჯონ დარბიმ გააერთიანა მარგარეტის ხილვა იმ მუხლებთან, რომლებსაც ბიბლიაში პოულობდა. მისი წინასწარმეტყველური სისტემის მთავარი მონაკვეთი იყო ის, რომ იესო თავის მიმდევრებს გადაარჩენდა მანამ, სანამ აპოკალიფსის საშინელებები დადგებოდა. დარბი პოპულარიზაციას უწევდა მარგარეტის ხილვას მთელი ბრიტანეთისა და ამერიკის მასშტაბით, როგორც ატაცების მონაკვეთის მტკიცებულებას. XX საუკუნის დასაწყისში დარბის იდეების განვრცობას ხელი მოჰკიდა მფლანგველმა, მრუშობაში დადანაშაულებულმა თეოლოგმა საირუს ინგერსონ სკოფილდმა. ის ბიბლიის მონაკვეთებს შენიშვნებს უკეთებდა დარბის წინასწარმეტყველებების მიხედვით. მისი ტექსტი იმავე ფურცლებზე იყო, რომლებზეც ბიბლიისა და მკითხველებს ხშირად უჭირდათ იმის გახსენება, სად ჰქონდათ ინფორმაცია ამოკითხული – უშუალოდ ბიბლიაში თუ მისი გვერდების ბოლოში. მსოფლიო მასშტაბით სკოფილდის ბიბლიის 11 მილიონი ასლი გაიყიდა და დღემდე იბეჭდება 7 ენაზე.

აშშ-ში მოღვაწე უთვალავი სასულიერო პირის მსგავსად, ეპისკოპოსი კარლტონ პირსონიც გამოცხადებას სკოფილდის ინტერპრეტაციის მიხედვით განმარტავდა. ისევე როგორც მის ათასობით მიმდევარს, მასაც სწამდა, რომ გამოცხადების წიგნი ღმერთის შთაგონებით იყო დაწერილი და მომავალს ასახავდა. მაგრამ თანდათანობით მის რწმენას საფუძველი ეცლებოდა. ამ სწავლების მიხედვით გამოდიოდა, რომ ღმერთი იყო შეუბრალებელი, ცივი, მკაცრი, სასტიკი, ულმობელი არსება, რომელიც იჯდა და ელოდა, როდის ჩაიდენდა ვინმე ცოდვას, რომ განეკითხა. განკითხვის შემდეგ კი ცოდვილს სამუდამო ტანჯვა ესჯება. ამიტომ სხვანაირი ქადაგება დაიწყო: ასწავლიდა, რომ ადამიანი ღმერთისკენ უნდა ისწრაფოდეს, მაგრამ მისი არ ეშინოდეს. განიხილოს გამოცხადების წიგნი, მაგრამ გააკეთოს ეს პანიკის გარეშე. ამჟამად პირსონი ქადაგებს, რომ გამოცხადების წიგნში აღწერილი ჯოჯოხეთი არ არსებობს. ამ რადიკალური იდეების გავრცელება პირსონს ძვირად დაუჯდა – მიმდევრების უმეტესობამ ის მიატოვა, პენტეკოსტალისტმა ეპისკოპოსებმა კი ერეტიკოსად შერაცხეს. თუმცა პირსონმა მხარდაჭერა იქ მოიპოვა, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა: ვატიკანში.

საერთაშორისო თეოლოგიური კომიტეტი, რომელიც ვატიკანის მთავარ მრჩეველს წარმოადგენს დოქტრინებთან დაკავშირებულ საკითხებში, დღესდღეობით ერთ დოკუმენტზე მუშაობს. ის, ისტორიაში პირველად, ოფიციალური ფორმით განაცხადებს, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ იმედი ჯოჯოხეთის სიცარიელისა. ყველაზე საშინელი ცოდვილებიც კი შეიძლება დახსნილი იქნან და სამოთხეში გადავიდნენ. ეს რევოლუციური იდეა წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანთა უმეტესობის შეხედულებასთან, რომლის მიხედვითაც გამოცხადება საკმაოდ ნათლად ადასტურებს, რომ ჯოჯოხეთი რეალურია: „მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში.”

ვინ არის დაწყევლილი? ვინ გადარჩება? ამ კითხვებით კაცობრიობა შეპყრობილია იოანეს მიერ გამოცხადების წიგნის დაწერის შემდეგ. იოანე საკუთარი თვალებით ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ მისი საყვარელი ადამიანები. კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლა მის თვალწინ მიმდინარეობდა. იოანე სვამს კითხვას, რომელიც მრავალ ადამიანს აწუხებს: არსებობს სამართალი? დაისჯება ბოროტი? არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ცხოვრების აზრის ძიებაში ის იწყებს ხილვებში მოგზაურობას და ღმერთი მას ჰპირდება, რომ კურთხეულები გაიმარჯვებენ. გამოცხადების წიგნი მთავრდება ფრაზით: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.” ის ადამიანებს მოუთხრობს ისეთ სამყაროზე, სადაც არ იარსებებს ბოროტება, სიკვდილი, ტანჯვა, ცრემლები. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გაუძლო დროს იოანეს გამოცხადებამ. ის წარმოადგენს ამბავს, სადაც სიკეთე საბოლოოდ იმარჯვებს ბოროტებაზე. მაგრამ იოანემ საფლავში წაიღო პასუხი იმ კითხვაზე, რომლითაც კაცობრიობა 2 ათასწლეულის მანძილზეა შეპყრობილი: როგორ უნდა განმარტოს ადამიანმა გამოცხადება? ბევრი მკვლევარი თანხმდება, რომ ეს წიგნი სიმბოლური მანიფესტია რომის იმპერიის საშინელებათა წინააღმდეგ, მაგრამ მილიონობით მორწმუნის აზრით, ეს არის ღმერთის გეგმა მომავალთან დაკავშირებით. და ჩვენ ვართ ბოლო თაობის წარმომადგენლები, რომლებიც აპოკალიფსს მოესწრებიან. ქრისტიანები მგზნებარედ ელიან აღსასრულს და თვლიან, რომ ომები, ბუნებრივი კატასტროფები, გარემოს მკვეთრი დაბინძურება იოანეს გამოცხადების სცენარის ნაწილია. დღევანდელ დღემდე აპოკალიფსური წინასწარმეტყველები ყოველთვის ცდებოდნენ. მაგრამ თუკი გადაწყვეტთ, რომ გსურთ, სამყაროს აღსასრული იწინასწარმეტყველოთ, გაითვალისწინეთ: თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ.
* მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

http://www.ireporter.ge/ბიბლიის-გამოცანები-იოან/

Комментариев нет:

Отправить комментарий