ღმერთი

ღმერთი

суббота, 30 марта 2013 г.

ეშმაკის ორი ბადე.

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

ეშმაკის ორი ბადე

ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: ხეტიალობენ ქალაქი ქუჩებში, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ, და თუ მაინც მიდიან ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ მეტი საქმე არა აქვთ. ასე გაჰყავთ დრო და საკუთარი თავისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.

აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. „ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა" (იგავ. 21,25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმინდურობაში.

უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს გაკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინდ დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით - ეს მცირედაც არ ანაღვლებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით.

რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ-ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართლას ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძღვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა - უსაქმურობა. არის სხვაც. ესაა სხვადასხვა საქმეების სიმრავლე, რითაც ადამიანები თავს გადაიტვირთავენ და მოსვენებას არ აძლევენ საკუთარ სულს.

როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. „რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8,14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ - არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ - მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად ყოველდღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.

თუმცაღა, რომ რჩებოდეთ კიდეც გარკვეული დრო, ამასაც საქმეებისათვის გამოიყენებდნენ. მათ სწორედ ის ემართებათ, რაც - მონადირეებს. მაშინაც კი, როცა მონადირეებს სძინავთ, ესიზმრებათ, რომ ფხიზლად არიან - ნადირობენ ფრინველებზე და მხეცებზე, რომლებიც გაურბიან მათ ან ბადეში ვარდებიან. მათი სხეული ლოგინში განისვენებს, წარმოსახვა კი - ტყეშია. ასე მოსდით მათაც, ვინც მეტისმეტი საზრუნავით არიან შეპყრობილნი. ისინი დგანან ეკლესიაში და ბაგით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს კი მათი გონება აქა-იქ დაეხეტება და საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრობს, თუ როგორ გააკეთოს უკეთ ისინი. მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ წამოიწყონ ერთი საქმე, როგორ დაამთავრონ მეორე, სულისათვის კი დრო არ რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული ტაძარში იმყოფება, გონება - ქუჩაში დაძრწის. მაშინაც კი როცა სძინავთ, მათი აზრები ერთი საქმიდან მეორეზე გადადის. თუ შენ თვითონ არ მოგწონს რომ, როდესაც მეგობარს ესაუბრები, ის არ გისმენს და გამუდმებით უადგილო შეკითხვებს გისვამს, როგორ უნდა გინდოდეს, რომ უფალი ესაუბროს შენს გულს, მაშინ როცა მასში ასობით ამაო აზრი ტრიალებს?

ამ ორი უბედურებისაგან რომ გათავისუფლდე: უსაქმურობისა და მეტისმეტი საქმიანობისაგან, ილოცე უფლის მიმართ, რათა განგანათლოს შენ, რათა ამოიცნო მიზანი, რისთვისაც შობილხარ ამქვეყნად, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მაუწყე მე უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა ვუწყოდი, რაიღა მაკლს მე" (ფს. 38,5). ამის შემდეგ კი დაფიქრდი იმაზრ, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესრუვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ რომ, დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვეზრუნა, ისევე ძვირფასია, როგორც - თავად სამოთხე.

ახლა კი გესმის, რაოდენ დიდი ფასი აქვს დროს, რომელიც უფალმა მოგვცა ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად?! როდესაც სიკვდილი მოულოდნელად მოვა შენთან, ძებნას დაუწყებ თუნდაც ერთ წამს, მაგრამ ვერ ჰპოვებ მას.
ჰყვებიან ერთ დიდებულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეფის მრჩეველი იყო. როდესაც მიხვდა, რომ ცხოვრების აღსასრული დაუდგა, მწარედ ატირდა და თქვა: „ვაი, ჩემს თავს! რამდენი ქაღალდი დავხარჯე, როდესაც მეფის სიგელებს ვწერდი და ერთი წუთიც კი ვერ გამოვნახე, რომ ჩამომეწერა თუნდაც ერთ უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯზე ჩემი ცოდვები, რათა ახლა გამეხსენებინა და მომენანიებინა". და შენ კი, საყვარელო, შეძლებ კი, ასე იგლოვო შენი ცხოვრების დასასრულს, რომ ამდენი წელი ამაოებაში განვლე?

გაიღვიძე და აღსდექი ძილისგან. იყავი, როგორც მომლოცველი, რომელიც დასასავენებლად წამოწვება, მაგრამ როგორც კი გაახსენდება, რომ მისი მეგობრები შორს წავიდნენ, მაშინვე დგება და თავის გზას აგრძელებს. იყავი არა - ვითარცა „უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღები ბოროტნი არიან" (ეფ. 5,15-16).


http://teoleo.ucoz.de/index/eshmak_is_ori_bade/0-69

Комментариев нет:

Отправить комментарий