ღმერთი

ღმერთი

пятница, 29 марта 2013 г.

მეცნიერება.

 ეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).


მეცნიერებათა კლასიფიკაცია.
მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

1.ფორმალური მეცნიერებები.
ფორმალური ეწოდება მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის აბსტრაქტულ თემებს, რომელთაც ერთი შეხედვით პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნიათ. გამოყენებითი მეცნიერებების საპირისპიროდ, მათ წმინდა მეცნიერებებსაც უწოდებენ. ჭეშმარიტების დადგენისათვის მათი კვლევის მეთოდი არის დედუქცია.
ფორმალური მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ფილოსოფია – ბუნების და საზოგადოების განვითარების კანონები;
მათემატიკა – რაოდენობა, ფორმები, ურთიერთკავშირები;
ლოგიკა – აზროვნების ფორმები და კანონები;


2.საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
საბუნებისმეტყველო ეწოდება მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ან არაცოცხალ ბუნებას. მისი მთავარი პრინციპია მოვლენათა გამომწვევი უცნობი მიზეზების მუდმივი ძიება და კვლევა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ასტრონომია – ციური სხეულები და კოსმოსური მოვლენები;
ბიოლოგია – სიცოცხლე და ცოცხალი ბუნება;
გეოგრაფია – დედამიწის გეოგრაფიული გარემო;
გეოდეზია – დედამიწის ფორმები და ზომები;
გეოლოგია – დედამიწის აგებულება და შედგენილობა;
კოსმოლოგია – სამყარო როგორც ერთი მთლიანი;
მეტეოროლოგია – დედამიწის ატმოსფერო;
პალეონტოლოგია – ნამარხი ცხოველები და მცენარეები;
ფიზიკა – მატერიის მოძრაობის თვისებები;
ქიმია – ნივთიერებათა აგებულება.


3.საზოგადოებრივი მეცნიერებები.
საზოგადოებრივი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალმხრივ ასპექტებს. კვლევის მეთოდი დამოკიდებულია დისციპლინის თავისებურებებზე.
საზოგადოებრივი მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ანთროპოლოგია — ადამიანის ბიოლოგიური ბუნება, წარმოშობა, რასები;
არქეოლოგია — ძველი ხალხების კულტურა და ყოფა;
ეკონომიკა — ადამიანთა საფინანსო-მატერიალური ურთიერთობები;
ეთნოგრაფია — ხალხთა ყოფა-ცხოვრება და კულტურა;
იურისპრუდენცია — ადამიანთა თანაცხოვრების წესები;
სოციოლოგია — საზოგადოების განვითარების კანონები;
პოლიტოლოგია — პოლიტიკური ურთიერთობები;
ფსიქოლოგია — ადამიანის ფსიქიკური მოქმედებები.


4.კულტურული მეცნიერებები.
კულტურული ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების სულიერი განვითარების და სრულყოფის სხვადასხვა ასპექტებს.
კულტურული მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ენათმეცნიერება – ხალხის ენა;
თეატრმცოდნეობა – თეატრი;
ისტორია – ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება;
კინომცოდნეობა – კინო;
ლიტერატურათმცოდნეობა – მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ნაწარმოებები;
მუსიკათმცოდნეობა – მუსიკა;
პედაგოგიკა – სწავლება და აღზრდა;
ფილოლოგია – ხალხის ენა და ლიტერატურა;
ხელოვნებათმცოდნეობა – ადამიანთა მხატვრული შემოქმედება.


5.გამოყენებითი მეცნიერებები.
გამოყენებითი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში და ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისას იყენებს თეორიულ მეცნიერულ ცოდნას. თვით ტექნოლოგია ნიშნავს ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხს.
გამოყენებითი მეცნიერებები და ტექნოლოგიები და მათი კვლევის მთავარი საგანი:

აგრონომია — სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძვლები;
არქიტექტურა — ნაგებობების დაგეგმარება და მშენებლობა;
გამოყენებითი მექანიკა — სივრცეში სხეულთა გადანაცვლების კანონები;
ელექტრონიკა — ელექტრონული პროცესები და ხელსაწყოები;
ინფორმატიკა — ინფორმაციის მანქანური დამუშავება;
კიბერნეტიკა — ავტომატური ორგანიზმები და მექანიზმები;
კომპიუტერული ტექნოლოგია — გამოთვლითი ტექნიკა;
კოსმონავტიკა — საპლანეტათშორისო სივრცეში ფრენა;
მედიცინა — ადამიანთა დაავადებები და მათი მკურნალობა;
ტრანსპორტის ტექნოლოგია — სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა.


მეცნიერების ისტორია.
მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა მე–16-17 საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

მეცნიერებათა სახელწოდებები.
სამეცნიერო დისციპლინათა სახელდებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ბერძნული წარმოშობისაა. ამ ტერმინების ფორმანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება –ია, –იკა, აგრეთვე:
-გრაფია – "grapho" - ვწერ, აღვწერ;
-იატრია – "iatreou" - ვმკურნალობ;
-ლოგია – "logos" - სწავლება, მეცნიერება;
-მეტრია – "metreo" - ვზომავ;
-ნომია – "nomos" - კანონი;
-პედია – "paideia" - აღზრდა;
-სკოპია – "skopeo" - ვუყურებ;

Комментариев нет:

Отправить комментарий