ღმერთი

ღმერთი

среда, 20 марта 2013 г.

ცბიერი...............

ზრახვები, რომლებიც განანათლებენ ადამიანს და ცბიერი ადამიანის ზრახვები.
მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა).

– წმიდაო მამაო, ხვდება თუ არა წმიდა ადამიანი, ვინ არის ცბიერი და ვინ – არა?

– დიახ, მას შეუძლია, შეიცნოს როგორც ცბიერი ადამიანი, ასევე – წმიდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტებას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის „შინაგან კაცსაც“. ის ხედვს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა. მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვითონ აღმოჩინილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის მისი კეთილი ზრახვების შესახებ, – ისევე, როგორც არაფერი უწყის მათ შესახებ ეშმაკმა.

 ის, ვინც სულიერ ღვაწლს აღასრულებს, სხვებს ყოველთვის ამართლებს, საკუთარ თავს კი – არასოდეს. და რაც უფრო წარემატება სულიერად, მით მეტ თავისუფლებას მოიპოვებს, მეტად უყვარს ღმერთი და ადამიანები. მაშინ მას არ შეუძლია, გაიგოს, რას ნიშნავს ბოროტება, მისი აზრები გამუდმებით სუფთაა და ყველაფერს წმინდად და სულიერად უცქერს. მოყვასის დაცემაშიც კი ასეთი ადამიანი სარგებელს პოულობს. ამას საკუთარი თავისათვის საიმედო მუხრუჭად იყენებს, რათა ყურადღება არ მოადუნოს და არ დაიმსხვრეს. და პირიქით:

ადამიანი, რომელსაც ბოროტი აზრებისაგან არ განუწმენდია თავი, ირგვლივ ყოველივეს მზაკვრულად უცქერს. თავისი მზაკვრობით ის ლაფში სვრის ყოველივე კარგსა და კეთილს. სხვათა სათნოებებიც კი ვერაფერს არგებენ მას, რადგანაც კაცისმკვლელის (ეშმაკის) შავი წყვიდიადით დაბნელებული, იგი სათნოებებსაც „მზაკვრული განმარტებითი ლექსიკონით“ განმარტავს. იგი გამუდმებით შფოთავს და თავისი სულიერი სიბნელით ახლობლებსაც აღაშფოთებს. თუ ასეთ ადამიანს გათავისუფლება სურს, მან უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია განწმენდა სულისა, რათა სულიერი ნათელი, გონებისა და გულის სიწმინდე შევიდეს მასში.

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხან მზაკვარია და ხან – კეთილი?

– ასეთ შემთხვევაში იგი შესატყვის გავლენებსა და ცვალებადობას განიცდის. ადამიანი ადვილად იცვლება, მზაკვრული აზრები შესაძლოა, ეშმაკისაგან მოდიოდეს; თუმცა ისიც ხდება, რომ თვით ადამიანი განიზრახავს მზაკვრობას. ანუ – ხშირად მტერი განსაზღვრულ სიტუაციებს ქმნის, რომ ადამიანებში ბოროტი აზრები გამოიწვიოს. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი არქიმანდრიტი მოვიდა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოვასწარი; როდესაც მეორედ მოვიდა, მძიმედ ვიყავი ავად და კვლავ ვერ შევძელი დავლაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ მოსვლა მეთხოვა. მაშინ ამ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა არ მსურდა, მის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ის მივიდა იმ მონასტერში, რომელსაც ჩემი სენაკი ექვემდებარებოდა და მიჩივლა. ყოველივე ეს მტრის მზაკვრობით მოხდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий