ღმერთი

ღმერთი

вторник, 30 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა .თავი ოცდამეხუთე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეხუთე


1. ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.

2. საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.

3. როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.

4. ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება.

5. მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.

6. მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები;

7. რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ.

8. ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს?

9. დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;

10. თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება.

11. მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;

12. ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.

13. თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.

14. რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.

15. მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.

16. თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.

17. მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.

18. ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.

19. ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.

20. გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.

21. თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;

22. რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.

23. ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.

24. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.

25. რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.

26. რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.

27. ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.

28. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.





Комментариев нет:

Отправить комментарий