ღმერთი

ღმერთი

суббота, 6 июля 2013 г.

გახსოვდეს მთავარი.

სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)



გახსოვდეს მთავარი


ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელ დღედ ჩათვალე; ღვთის შიშითა და თავშეკავებით გაატარე, ემზადე საშინელი პასუხისგებისთვის – მთელი ცხოვრებისა და ყოველი ცოდვის გამო.



ეცადე:

იყო ყოველთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი წვრილმანებამდე;

არასოდეს, თუნდაც ხუმრობით, არავინ მოატყუო;

იყო უანგარო წვრილმანებშიც კი;

ეძებო შემთხვევა, რომ სადაც კი შესაძლებელია, ვინმეს სარგებლობა მოუტანო;

ყველა უსიამოვნებაში ყველაზე მკაცრად საკუთარი თავი განსაჯო და სხვების მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინო;

არასოდეს დასცინო ვინმეს;

საკუთარ თავზე არასოდეს ილაპარაკო რაიმე კარგი და სხვების გულისთვის თავი დაივიწყო;

უფრო მეტად დუმილში იყო, ვიდრე საუბარში. მოუსმინო სხვებს და, შეძლებისდაგვარად, გაექცე კამათს;

არასოდეს იყო უსაქმოდ;

არ გაცხარდე, და თუკი იგრძნობ – მრისხანება ისე დაგეუფლა, რომ გიჭირს თავის მოთოკვა, იმწამსვე დადუმდი და თუ შესაძლებელია, გაეცალე იქაურობას.



ყოველი საქმე ლოცვით აკურთხე, ღვთის სახელის მოხმობით, თუკი წარმატებას ეძიებ. გახსოვდეს თქმული: „თვინიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“.



შეიყვარე ღმერთი და სულში სამოთხეს იპოვი; შეიყვარე მოყვასი ღვთის გულისათვის, როგორც ღვთის შვილი, და ყველა შენი მეგობარი იქნება, თავი უარყავი ღვთის მცნების თანახმად.



ვისაც საკუთარი თავი უყვარს, ის ვერ შეძლებს ღვთის სიყვარულს და ვერ ემსახურება მოყვასს თავგანწირვით.



ყველა ცოდვა საკუთარი თავის სიყვარულიდანაა. სიკეთის დასაწყისი – უარყო საკუთარი თავი, ჯვარს აცვა ხორცი ვნებებითურთ, მოითმინო გულისტკენა, შეურაცხყოფა, უსიამოვნებები.



ცოდვები განქარდება სინანულით, ცრემლით, წყენის სიმშვიდით მოთმენით. ამიტომაც ნუ განერიდები შეურაცხყოფის მიღებას, ნუ დააკლდები გვირგვინებს, ნუ გაექცევი სულის კურნებას! ვინც თავს იმართლებს და საკუთარი სიმართლის (უდანაშაულობის) დამტკიცებას ცდილობს, შეიძლება დაამტკიცოს სიმართლე, მაგრამ ამით დაარღვევს ღვთის გეგმებს მისი სულის განსაკურნებლად.



ვინც განსვენებას ეძიებს, მასში სული ღვთისა ვერ დამკვიდრდება. სადაც გაჭირვებაა, იქაა ღმერთი.

მთავარი მსხვერპლი ღვთისა არის სული შემუსვრილი, „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“.



სიმდაბლე მოიპოვება მძიმე შრომით, უბედურებების, სნეულებების, შეურაცხყოფების, სიგლახაკის მოთმენით. თუკი გარედან მომავალ გაჭირვებებს მოითმენ, სულში სული წმიდისმიერი ნუგეშისცემა გექნება.



მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოხატვა, მისი მომსახურება – ლოცვითი კანონის წაკითხვასა და მეტანიებზე აღმატებულია.



ყურადღებით იყავი აზრების მიმართ: აქაა ცოდვის დასაწყისი.



ყოველი მსახურება აღასრულე, როგორც ღვთისგან მოცემული მორჩილება, დრტვინვის გარეშე.



შეიყვარე მარხვა, ლოცვა, მოწყალება – ეს განგვიღებს ზეცას.



ნურავის განიკითხავ და არ განიკითხები. მოყვასის განკითხვით საკუთარ თავს ცხოვრების წიგნიდან ამოშლი და ვერ შეძლებ საკუთარი ცოდვების ხედვას, ეშმაკი დაფარავს მათ.



ხშირად ეზიარე შესაბამისი მომზადებით (რუს.: чаще говей), იკითხე სიტყვა ღვთისა (წმიდა წერილი) და სასულიერო წიგნები, მათში ცოცხალი რწმენის წყაროა.



გყავდეს ხელმძღვანელი (მოძღვარი) და იყავი გულახდილი, მაშინ იოლად ჰპოვებ ცათა სასუფეველს.




martlmadidebloba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий