ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 августа 2013 г.

"იმ ადამიანის ცოდვები, ვისაც ცილს დასწამებ, შენზე გადმოვა"

ხშირად ადამიანები ერთად რომ ვიკრიბებით, ვყვებით ნანახს თუ გაგონილს, ბოლოს თავადვე ვაღიარებთ, რომ ვიჭორავეთ. სასულიერო პირების თქმით, ამით, გარდა იმისა, რომ ამოდმეტყველების ცოდვას ჩავდივართ, დიდი ცოდვის, ცილისწამების მონაწილენი ვხდებით. ადამიანების სული ამ დროს ორმაგად მძიმდება, რადგან მათზე იმ ადამიანის ცოდვებიც გადადის, ვისზეც ჭორაობენ და ცილს სწამებენ. თუ რა არის ცილისწამება და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ცოდვას, ამ თემაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, როცა ადამიანი ხვდება, რომ ცილი დასწამა მოყვარსს, როგორ უნდა გამოასწოროს ეს?

– კარგია, თუ გააცნობიერებს თავის დანაშაულს და მიხვდება, რომ სხვას ცილი დასწამა. ეს უკვე ერთი ნაბიჯია აღსარებამდე, სინანულამდე და შენდობამდე. ამის მერე მას მოძღვარი ურჩევს, მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს.

– რა არის ცილისწამება?

– ცილისწამება არის ჭეშმარიტების უგულებელყოფა, შეწინააღმდეგება. ეს არის ასევე მცდელობა, შენი ცოდვები სხვას გადააბრალო. სინამდვილეში კი ამით იმ ადამიანის ცოდვები, ვისაც ცილს დასწამებ, უხილავად შენზე გადმოვა, ანუ ცილისწამებით სხვის ცოდვებსაც ვუმატებთ ჩვენს ცოდვებს. შენ უნდა აგო პასუხი შემდეგ იმის ცოდვებზე, ვისაც ცილი დასწამე. სინანულში ჩავარდნილი ადამიანი ამას ხვდება. ცდილობს, უფრო სრულყოფილი გახდეს, საკუთარ თავს აბრალებს ბევრ რამეს, აანალიზებს, ფიქრობს, რომ დამნაშავეა, ცდილობს, უფრო მომთმენი გახდეს, სხვას არ დააბრალოს რამე და ცილი არ დასწამოს.

ცილისწამების ცოდვა განკურნებადია – უნდა მოინანიო. არამარტო ცილისწამებაა ცოდვა, არამედ ისიც, როცა ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ, ჭორაობენ და შენ უსმენ, წინააღმდეგობას არ უწევ და არ განეშორები იქაურობას. ცილისწამების გამო ადამიანები პასუხს კანონის ძალითაც აგებენ, ანუ არამარტო საეკლესიო თვალსაზრისით არის ეს ცოდვა.

– როგორ ვებრძოლოთ ჩვენს თავში ცილისწამებას, როგორ დავთრგუნოთ ეს ვნება?

– ისევ და ისევ სინანულით, თავმდაბლობთ, მორჩილებით, აღსარებით, საკუთარი ცოდვების გახსენებით, საკუთარი თავის შემეცნებით და გახსენებით სიტყვების: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ე.ი. ვითხოვთ, მოგვეტევოს ცოდვები ისე, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს. შენ თუ ცოდვის მიტევებას ითხოვ, პირველად შენ უნდა მიუტევო. ცილი თუ დასწამე, რაღა ცოდვის მიტევებაზეა ლაპარაკი?!

ყველას გაგვიგია, შეუნდე, რომ შეგენდოსო. არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ მოგვიტევებს, თუკი მოვინანიებთ. ამიტომ, თუ სინანულს გამოხატავ, ეს უკვე ნიშნავს, რომ უფალი გიყურებს, უფალი შემოვიდა ზიარებით შენში, უფალი შენდამი კეთილგანწყობილია, ის შენ მოგეფერა, უკვე გამოგიგზავნა მფარველი ანგელოზი. რომელი მამა დასჯის თავის შვილს, თუ შვილმა გააცნობიერა თავისი დანაშაული და აღარ იდენს მას? იყავი მუდამ ქრისტეს შვილი! ნუ დააბრალებ სხვას იმას, რაც არ გინდა, შენ დაგაბრალონ. მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, მოგექცნენ.
აი, როგორ განმარტავს ცილისწამებას წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი): "არა ცილი სწამო (ლუკ. 18,20; იხ. გამოსვლ. 20,16) – მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე, ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის, მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის, ქუდმოხდილი წარდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: "ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება სიცრუეა", ანდა: "ეს სიცრუე ჭეშმარიტებაა და, დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა!". გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, შოლტავს ცრუ მოწმეთ, ვის – ხელებს, ვის – ფეხებს, სხვებს – თვალებს...".

– სახარება რას ამბობს ამ ცოდვაზე?

– ცილისწამების ცოდვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ენის დამორჩილება. "რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაი და ხილვად დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაი თვისი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყვიედ ზაკუვასა" (1 პეტ. 3,10). ანუ სასუფევლის მოსაპოვებლად და ამქვეყნად მშვიდად ცხოვრებისთვის სიკეთით უნდა აღვივსოთ. ჩვენი ენა ბოროტს არ უნდა ამბობდეს.

სახარება ამბობს: "რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ–ასხმიდეს ენასა თვისსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თვისსა, ამისი ამაო არს მსახურებაი", ანუ თუ ადამიანი არ შეებრძოლება ვნებას, ამოდმეტყველებას, მრავლადმეტყველებას, შესაბამისად, განკითხვა–ჭორაობას, ხშირად ამ დროს მოდის ცილისწამების ცოდვა და ღვთისმსახური ვერ გახდება, ფუჭი იქნება მისი მცდელობა, ერქვას ღვთისმსახური.

– რატომ არის ცოდვა, სხვის ცილისწამებას უსმინო, როცა თავად არ იღებ მონაწილეობას ამ ცოდვაში?

– მიდრეკილება იმისა, რომ უსმინო სხვების დაცინვას და ცილისწამებასაც კი, თავიდანვე აღსაკვეთია. თავდაპირველად ეს მხოლოდ ხუმრობაა, მერე კი იგი დაცინვის, განკითხვისა და ჭორაობის ჩვევაში გადაიზრდება. ყოველი დამნაშავე თავდაპირველად უდანაშაულო იყო და უცებ როდი გახდნენ დიდი ცოდვილნი. მანკიერების გზაზე მათი პირველი ნაბიჯი ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ, რადგან არ შეაჩერეს, ბოროტმოქმედი გახდა. თავდაპირველად შესაძლოა, მხოლოდ ჩიტი მოკლა, მერე კი... მცირე ბოროტებაც კი არ უნდა დავუშვათ. ცოდვა ცეცხლივითაა – მასთან ხუმრობა ძალზე სახიფათოა.

– შესაძლოა მართლა ჩადიოდეს იმ ცოდვას ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობენ. შესაძლოა ამ დროს ცილისწამებაში გადახვიდე?

– თავისუფლად. თუ მოყვასის გამოსწორება გსურს, შეაგონე, ანუ მიუთითე ცოდვაზე, აუხსენი, რატომ არის ეს დამღუპველი, მაგრამ ნუ განიკითხავ სხვასთან, რადგან ეს უკვე ცილისწამებაა. განკითხვის დროს ძალიან ადვილად შეიძლება ისეთი სიტყვა, ისეთი ბრალდება დაამატოს ადამიანმა, რომელიც ცილისწამება იქნება. ასე რომ, შეგონება მოყვასის მოქცევის სურვილია, განკითხვა კი ცილისწამებაა.

– დაბოლოს, რას ურჩევთ მორწმუნეებს ამ საკითხთან დაკავშირებით?

– მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით, ამ ცოდვის უმაღლესი სახე – ცილისწამება. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა დავფაროთ. განა ჩვენ არ გვემართება, რომ დაუფიქრებელ სიტყვასა და საქციელში ზოგჯერ მჭევრმეტყველებისთვის ვამატებთ იმას, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ანდა უბრალო სიტყვასა და საქციელში ვეძებთ და ვპოულობთ დანაშაულებრივ მიზეზებს?

აი, როგორ განმარტავს ამ ცოდვას არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი: "მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა არის მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: "მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი" (ფს. 118.134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ". ცილისწამება ბოროტი ცოდვაა და მასთან ბრძოლა ყველა მორწმუნისთვის აუცილებელია.

მანანა ნოდია

Комментариев нет:

Отправить комментарий