ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

ხელმძღვანელთა მოვალეობანი.

ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა.



ვინც ბოროტებას დაინდობს, ის კეთილებს გულს სტკენს.


ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა.



არავინ იქნება უსაფრთხოთ უფროსობისას, თუ მორჩილებას არ ისწავლის.


ერთი მოვალეობის აღსრულება მეორის უგულებელყოფის უფლებას არ იძლევა.


ისეთი იყავი მომსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ.


თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია (კოლ. 4, 1).


საჭიროა, გქონდეს თანაგრძნობა ადამიანთა მიმართ, და სამართლიანობა - ნაკლისადმი.


ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა თვითონ ვნებებისგან ხარ შეპყრობილი.


თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგქცეოდათ.


მბრძანებელო! გსურს მოიპოვო დიდება? მაშ, ჯერ შენი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილე.


უგუნური და გამოუსწორებელი ხელქვეითი გონიერი და გამოუსწორებელი უფროსი ვერ იქნება.


საქებარი როდია უფროსობის ძიება, მაშინ, როცა ჯერ საკუთარ თავზე ბატონობა ვერ გისწავლია.


მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.


დამნაშავეთა შეწყნარება კარგია, მაგრამ უფრო მეტად საჭიროა ის, რომ უდანაშაულო არ დავამძიმოთ.


ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დატოვე.


მიწაზე მართლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა.


რაც უფრო დიდია ჩვენი მაგალითის გავლენა სხვებზე, მით უარესი დაგვემართება საკუთარი ცოდვების გამო.


ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა.


ის, ვინც არ უსმენს თავისი უფროსის რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს, ანდა ცუდად ასრულებს ბრძანებას, არ შეიძლება იყოს კარგი უფროსი.


ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისგან.


უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას.



რაც უფრო ფართოა მოღვაწეობის სფერო, მით მეტია პასუხისმგებლობა; რასაც ერთს არ მოჰკითხავენ საყოველთაო სამსჯავროზე, სხვა იმისათვის განისჯება.


როგორც საკმეველი კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს და გარშემომყოფებს ატკბობს, ასევე ღვთივსათნო ბატონი ანდა ქალბატონი ემსახურება გარშემომყოფთა აღზრდასა და ცხონებას.


ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის, თითქოსდა თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ.


ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგან მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს.


ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწრაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც - ნაკლოვანებებს უფრო სწრაფად, ვიდრე მის საპირისპიროს - სათნოებებს.


ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენადაც ხელქვეითთა შორის არიან კეთილნიც და ბოროტნიც, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სიკეთეცა და სიმკაცრეც, რათა თავისი სიკეთით კეთილზნეობრივ ადამიანებში სიკეთის სიყვარული განამტკიცოს, ხოლო შიშით ავები დანაშაულის ჩადენას გადაარჩინოს.




Комментариев нет:

Отправить комментарий