ღმერთი

ღმერთი

пятница, 27 сентября 2013 г.

სასოწარკვეთილების ვნება.დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე მწუხარების და გულგატეხილობის ვნებებია, რომელთა ყველაზე მძაფრ გამოხატულებასაც სასოწარკვეთილება წარმოადგენს. როგორც დიდი წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე“ და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის, უბრალო ერის ხალხზეც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი. ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ვ.ფრანკლის მიხედვით საშუალოდ ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს და მართლაც რომ დავუკვირდეთ, რაც არ უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, ცხოვრობდეს ფუფუნებაში, ჰქონდეს დიდძალი ფული, როგორც სურს, ისე ატარებდეს დროს, საბოლოო ჯამში მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარების განცდა.

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: „სახარებაში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს უნდა მე მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მარკ 8,34). რას ნიშნავს ეს? უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარი ჯვარი? როგორია ისინი? ჯვრები სხვადასხვაა, სრულიად განსხვავებული, რადგანაც თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი.

მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და უნდა ზუსტად ის ავიღოთ, რომელიც უფალმა განგვიკუთნა. ძალიან საშიშია თავად გამოვიგონოთ იგი. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება... მეტად დიდი უმრავლესობისთვის ისეთი ჯვრებია მომზადებული, რომელთა ტარებასაც ხალხი მათ ზიდვას არ უძახის და ატარებენ რა ჯვარს, ვერც კი იგებენ, რომ ამას აკეთებენ.


როგორი ჯვრებია უმრავლესი ჩვენგანისთვის განკუთვნილი? ჯვრები უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ.

მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა, ეს არის მწუხარება, ვაება, ტანჯვა და სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარე წარმოადგენს ჩვენს ჯვარს? უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია? ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია? მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება - ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ ჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?

სწორედ ეს არის ჩვენი ჯვარი, რომელსაც ადამიანთა დიდი უმრავლესობა ატარებს. ვალდებულნი არიან და მათ ყველა ზიდავს, თუნდაც ეს არ სურდეთ. ხალხი, რომელიც უარყოფს ქრისტეს გზას, ვერ იტანს მას, მაინც ატარებს ტანჯვის ჯვარს.

რა განსხვავებაა მათ და იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ზიდავენ თავის ჯვარს? განსხვავება ის არის, რომ მორწმუნენი ატარებენ მას მორჩილებით, არ კიცხავენ ღმერთს და ასეთი მორჩილებით, თავდახრილნი ზიდავენ მძიმე ჯვარს თავისი ცხოვრების ბოლომდე“.

მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთის მხრივ, სრულიად გასაგებია რაღაც მომენტში ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს მას, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარკვეთილებით ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი.

უნდა ითქვას სასოწარკვეთილებითი შეტევები ზოგჯერ მეტად მძაფრია და ძნელად გადასატანი. წმიდა მამა ნილოს სინელი შემდეგნაირად აღწერს მათ მოძალებას ბერებთან: „როცა სულს სასოწარკვეთის სასტიკი ტალღები მოაწყდება, ადამიანი მათი შეწყვეტის იმედს კარგავს, მტერი შთააგონებს იმ აზრს, რომ მეტად დიდია მისი ტანჯვა აწმყოში და შემდგომ იგი უფრო გაიზრდება, ის მიტოვებულია ღვთისაგან და უფალი მასზე არ ზრუნავს; ან ბოროტი ჩასჩურჩულებს, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის დაშვების გარეშე ხდება და რაც მოუვიდა არავის მის გარდა თავს არ გადახდენია“.

დედა ტაისია წმიდა მამა იოანე კრონშტანტელთან საუბარში შემდეგნაირად აღწერს მასთან შავბნელი განცდების მოძალებას: „ზოგჯერ მეტად ძლიერ სულიერ ცდუნებას განვიცდი, რომლის სიტყვით გადმოცემაც შეუძლებელია; ეს თითქოს გულგატეხილობაა, მაგრამ მეტად მძიმე ხარისხით, სასოწარკვეთილებასთან მიახლოებული - თითქოს შავი ღრუბელი ჩამოწვაო თავთან და არ არსებობსო გამოსავალი, ყველაფერი ისე მუქად მოჩანს, იმგვარად მაქვს სული დამძიმებული, რომ მას „ჯოჯოხეთურ“ ცდუნებას ვადარებ და ის რომ ხანგრძლივად გრძელდებოდეს, სიკვდილით დაბოლოვდებოდა ან კიდევ სხვა რაღაც საშინელებით“.

სასოწარკვეთილებითი განცდების გავრცელებულ სურათს ვხვდებით მამა იოანე (მასლოვის) სულიერი შვილის ნაამბობში: „ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე დასწრებისას მჭვუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს - აღნიშნავს იგი: „არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ და ა.შ. „მესმოდა, ეს აზრები მტრისგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი განმეგდო ისინი და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ დავინახე, იგი ყველას თავს არიდებდა, დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა.

საღამოს, მსახურების შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: „აბა, რა გინდოდა? მითხარი ჩქარა!“ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მაშინ ყურადღებით შემხედა რა მამა იოანემ, მითხრა: „ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, რომ მოხარული იქნებოდა ყველა შეაცბუნოს. ნუ მოუსმენ. მამა იოანეს თვალებმა რენდგენივით გამანათეს. ვგრძნობდი, იგი მთლიანად ხედავდა, ესმოდა რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ამის შესახებ ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა და სერიოზულად განაგრძო: „ნუ მიაქცევ ყურადღებას“ დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა - უცბად ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ეს ცრემლები უკვე შვების იყო!“

ჩვენს ვითარებაში სასოწარკვეთილებითი განცდები მეტად ხშირია და ახლანდელი დროის სიმძიმეც საკმარისად უწყობს ამას ხელს, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი აღნიშნავს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია წარმოადგენს და ხშირად მათ სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია. ერთი მხრივ ეს ადვილად გასაგებია. ზოგჯერ მართლაც მეტად ძნელია გაუძლო ამ ცხოვრებისეულ ზეწოლას და იგი თავისთავად იწვევს შავბნელ, მჭმუნვარე განცდებს. იქ მშობლებს ბავშვი ჰყავთ ავად, ფული არა აქვთ ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ახლობელი იქცევა ცუდად, ცხოვრობს უზნეოდ, არ გაუმართლათ, მიზნები რომელთა ცხოვრებაში მიღწევის იმედიც ჰქონდათ, ვერ მოახერხეს, განეხორციელებინათ, არცთუ იშვიათი შეგრძნებაა, თითქოს ზღვარია მეტი აღარ შეუძლიათ, მაგრამ მეტი რა გზაა, მაინც უმთავრესად უძლებენ ამ მიწიერი ყოფის ზეწოლას. ასეთ წუთებში ზოგჯერ უფალი მეტად სასტიკი ეჩვენებათ, ჰგონიათ, რომ ის ნაკლებად ზრუნავს მასზე, უმართავს ხელს, ეს რომ ასე არ იყოს, განა უკეთ არ იგრძნობდნენ თავს, თვლიან, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, დიდხანს ვერ გაუძლებენ ამ მიწიერი ყოფის წნეხს და იქნებ ჯობდეს კიდეც თავადვე მოისწრაფონ სიცოცხლე.

სიბრძნე ზირაქისაში ვკითხულობთ: „ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი“ (სიბრძ. ზირაქისა). მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს მას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს, ყველაფერი რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება ან კიდევ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მისით განსაცდელის დროს ხელმძღვანელობა არ არის ადვილი. ფული დაკარგე, ავად გახდი, მეგობარმა გიღალატა, ნერვები ვეღარ უძლებს ახლობლების ზედმეტად ჭირვეულობას - განა მეტად ძნელი არ არის ყოველივე ეს უდრტვინველად მიიღო, იმ შეგნებით რომ უფალს შენთვის ასე სურს. ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო ხანია საჭირო, დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიო ამ მიმართულებით.

უკანასკნელ ოპტინელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: „უფალო, მომეც ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე“. აქვე ვკითხულობთ „რა ამბავიც არ უნდა შევიტყო მთელი დღის განმავლობაში, მასწავლე, მივიღო იგი სულიერი სიმშვიდით და მყარი რწმენით, რომ ყოველივე შენი წმიდა ნებითაა, ყოველ ჩემს საქმესა და სიტყვაში - მიწინამძღვრე ჩემს აზრებსა და გრძნობებში. ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში არ მომცე უფლება, დავივიწყო, რომ ყოველივეს შენ მიგზავნი“. აქ კარგად ჩანს, როგორ ევედრებიან ბერები უფალს, რაც არ უნდა მოხდეს, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ათონის მთის მკვიდრი ერთ-ერთი მეუდაბნოე აღნიშნავს: „ლოცვით უდაბნოში მოღვაწენი, სულიერების მაღალ საფეხურზე ახლობლობის მიზეზით გამოწვეული მწუხარებისას უშფოთველობას იძენენ. ისინი სულიერი ცხოვრების ზეცაში იმყოფებიან (ლაჟვარდოვან და ნათელში), რომელსაც ვერ აღწევს მიწის მაცხოვრებელთა ისრები. ასეთი ხალხი არა მხოლოდ არ განიცდის შევიწროებას, არამედ მას საერთოდ ვერ ამჩნევს. თვითმფრინავს ქვებით ვერაფერს დააკლებ, ის ვერც იგრძნობს ამას. ამგვარი რამ ხდება მაღალი სულიერების ადამიანებთანაც. მათთვის არ არსებობს მწუხარება, გამოწვეული ცილისწამებით, დევნით, უგულველყოფით, განკითხვით - მარტოოდენ ნაღველია ძმის დაცემის გამო. თუკი მწუხარება გაჩნდა, იცის როგორ მოერიოს მას. ერთ-ერთი ბერი მამა აქილთან მივიდა და დაინახა თუ როგორ აფურთხებდა სისხლს პირიდან. რა ხდებაო მამაო? - ჰკითხა მან. ბერმა უპასუხა, ეს ერთ-ერთი ძმის სიტყვებია, რომელმაც მე დამანაღვლიანაო. შევეცადე არ მიმეღო ისინი და ვთხოვე ღმერთს თავიდან აეცილებინაო ჩემთვის. ეს სიტყვები პირში სისხლად გადამექცა და ვიშორებო მას. ამით ისევ მოვიპოვეო მდუმარება და დავივიწყეო ჩემი დარდი“.

ჩვენ კი ხშირად სულ სხვაგვარად ვიქცევით. იმდენად ვმწუხრდებით, განვიცდით მომხდარს, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ზოგჯერ ღმერთსაც კი ვამტყუნებთ თავს გადახდენილის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა წერს: „როგორ ვუდგებით უფლისმიერ დასჯას? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ყოველი დასჯა ახლა გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად (ებრ. 12 (II)). მძიმეა, მეტად მძიმე, უფლისმიერი სასჯელის გადატანა, რადგანაც ხშირად მეტად მძიმეა იგი... ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას: „რისთვის, რატომ მსჯი ასე, უფალო? თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის.

ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა, რისთვისაც იგი ხალხს სჯის. გავიხსენოთ ებრაელთა მაგალითი უდაბნოში... როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭვუნვარებას, იმას, რასაც განვიცდით უფლისმიერი დასჯის გამო. რისთვის ამრავლებს მათ? რათა ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვიდრტვინვოთ ღმერთზე. მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლის შეგონებისთვის და დასჯისთვის, ის განეშორება როგორც ნაცემი ძაღლი“.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ხშირად იწვევს სასოწარკვეთილებით განცდებს, მატერიალური გაჭირვებაა. ჩვენს ყოფაში ზოგჯერ მეტად მძიმე გადასატანია იგი და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი. ხშირად არც კი იციან როგორ იშოვონ ფული, რათა გამოკვებონ თავისიანები. ახლა ჩვენს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ არცთუ იშვიათად როგორც არ უნდა მოინდომო, იშრომო, მაინც ვერ შეძლებ მოიპოვო საკმარისი მატერიალური სახსრები ცხოვრების ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად. ხშირად შემოდის უძლურების განცდა, განცდა იმისა, რომ არაფრის გაკეთება არ ძალგიძს, როგორც არ უნდა მოინდომო ფულის შოვნა. ერთგვარი შურიც კი ჩნდება იმ მრავალი ქვეყნის მცხოვრებელთა მიმართ, სადაც ესოდენ მძაფრად არ დგას ეს პრობლემა, სადაც შრომით შეგიძლია არჩინო ოჯახი, საკუთარი თავი. აქ კი ხშირად უკვე აღარ იციან, რა გზას დაადგენ.

ჩვენთან ახლა გამძაფრებული ეს პრობლემა ხშირად იწვევს სტრესულ მდგომარეობას, სასოწარკვეთილებით განცდებს, უიმედო განწყობას. არადა რაც უფრო ნაკლებად აყვები ამ შემთხვევაში მჭვუნვარე განცდებს, მით უფრო კარგია, მოიქცევი ქრისტიანულად, მით უმეტეს, როცა მძიმე ვითარებაში ძალიან ხშირად იგრძნობა უფლის დახმარება. ერთ-ერთი მოძღვარი თავის ქადაგებაში ასეთ რამეს მოყვა: „მარიამობის მარხვის დროს მონასტერში ვიყავით და როცა იქიდან მოვდიოდით, იქ მყოფებმა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსისთვის პროდუქტები გამოგვატანეს, მატერიალურად უჭირს და ზოგჯერ თუ ვინმე არის ქალაქში წამსვლელი, ასეთ დახმარებას ვუწევთო მას. ჩვენც საკუთრივ ბაზარში შევიარეთ და ხილი და სხვა რამ დავუმატეთო გამოტანებულს - გააგრძელა მოძღვარმა. როცა იმ კაცთან მივედით, მან ტირილი დაიწყოო და გვითხრა: ახლა ბოლო რაც მქონდა, ის ვაჭამეო ბავშვებს და სადილად აღარ ვიცოდი, რა მიმეცაო მათთვის. ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდაო რამე. ახლა თქვენ გამოჩნდით და თქვენმა დახმარებამ მეტად მიშველაო ამ წუთს. ვტირი, მაგრამ მარტო იმაზე კი არ მოვთქვამ, თუ როგორ დამეხმარაო თქვენი ხელით უფალი, არამედ ჩემს სულმოკლეობაზეც ვდარდობო. რამდენჯერ გაჭირვების ჟამს შემშველებიაო ღმერთი და როცა არსაიდან არ ელოდები, გამოუგზავნიაო საზრდო, მე კი მაინც როგორც კი მიდგებაო მძიმე ჟამი, ვკარგავო სასოებას და ვარდებიო სასოწარკვეთილებაში“.

სახარებაში ვკითხულობთ: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი: ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს თქვენ კი უწინარეს ეძიეთ სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ“. (მათე 6. 31,34). ამ სიტყვების სიბრძნე, ჭეშმარიტება განსაკუთრებით მძაფრად სწორედ ახლანდელ ვითარებაში ჩანს და რომ არა ჩვენს გარშემო მძიმე გარემო, ალბათ კარგად ვერც შევიგრძნობდით მის მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ხშირად მარტო წაკითხვით, მოსმენით სათანადოდ ვერ წვდება, აცნობიერებს რაიმე ღვთაებრივი სიბრძნის, მოვლენის, კანონზომიერების არსს. როცა საკუთარი ცხოვრება, მიწიერი ყოფა დაანახებს მას თეორიულად აღქმულის, ცოდნის დონეზე შეთვისებულის სისწორეს ზოგჯერ მარტოოდენ მაშინღა ითავისებს იმას, რაც მისთვის მეტად საჭიროა და მნიშვნელოვანი, თუმცა ხანდახან ზოგიერთი ამასაც ვერ ახერხებს ხოლმე.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ოჯახთა უმრავლესობა ისე ირჩენს თავს, რომ მისი წევრები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან როგორ ახერხებენ ამას. ბევრს არა აქვს სტაბილური ხელფასი, შემოსავალი და დღეს თუ როგორღაც რაღაც თანხა იშოვეს, ხვალ უკვე აღარ იციან როგორ შეძლებენ ამას. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი გადასატანი. მაგრამ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა, მფარველობა ადამიანის მიმართ. როცა უკვე აღარ იციან სად იშოვონ თანხა ბავშვების გამოსაკვებად, ჩასაცმელად, სხვა აუცილებელი საჭიროებისთვის, როდესაც კრიტიკული მიჯნაა და თითქოს არსაიდან ჩანს გამოსავალი, სწორედ მაშინ მოდის დახმარება საიდანღაც და ეს მომენტი მეტად ხშირად დაფიქსირებულა მრავალ ოჯახში. ეს, რა თქმა უნდა, უფლის წყალობის გამოვლენაა და ამ შემთხვევაში კარგად ჩანს თუ რაოდენ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, რა ხშირად გვიწვდის დახმარების ხელს და თანაც იგი ვრცელდება არა მხოლოდ ეკლესიურად მაცხოვრებელ ხალხზე, რომელიც ცდილობს უფლისთვის სათნოდ იცხოვროს, არამედ მათზეც, ვინც მაინცდამაინც არ დაგიდევთ ამას.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ცდილობს ადამიანი იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ, შესაბამისად სხვადასხვაგვარად ვლინდება მისი მფარველობაც. წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „სხვა არის ღვთის განჭვრეტა, მეორე მისი შეწევნა, კიდევ სხვა დაცვა, წყალობა, ნუგეში. პირველი ყველა არსებაზე ვრცელდება, შეწევნა კი ღვთის ერთგულებთან გვხვდება, დაცვა ისეთ ერთგულებთან, რომლებიც მართლაც, ჭეშმარიტად ასეთები არიან. წყალობა უფლისთვის მომუშაკენი მოიმკიან, ხოლო ნუგეშს კი მისი მოყვარულნი“.

მიუხედავად იმისა, რომ უფალი ყველას იცავს მაინც, მისი მფარველობა განსაკუთრებით იზრდება მასთან, ვინც ცდილობს იცხოვროს ეკლესიურად, ნაკლებად შესცოდოს. თუმცა ყოველთვის ვერც ჭეშმარიტი მორწმუნენი დგანან სათანადო სიმაღლეზე და აქ თავს იჩენს ერთი ჩვენთვის მეტად საგულისხმო კანონზომიერება. ასეთ დროს ხშირად მალევე შეიგრძნობა უფლისმიერი დასჯის მომენტი და ეს სხვადასხვა პრობლემის გაჩენაში, გართულებაშიც იჩენს თავს, მათ შორის ყოფითის, მატერიალურისაც. ამით უფალი თვალნათლივ გვიჩვენებს თუ რამდენად ვართ მასზე დამოკიდებული და როგორ ქრება მისი მფარველობა ჩვენი შეცოდებისას, ვნებისთვის გაქანების მიცემის შემთხვევაში. ვთქვათ, თუ რაიმე თანხაა ასაღები, ის შეიძლება დაიკარგოს ან ეს არ მოხერხდება იმ დროისთვის, როცა ამას ელიან, უცბად გაუთვალისწინებელ ხარჯში შეიძლება ჩავარდეს კაცი. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ უმთავრესად, მხოლოდ ცოდვების, ვნებების გახელებით მოტანილი ზიანის ცოდნით, გაგებით ვერ სწავლობს, სანამ არ იგრძნობს დასჯის მომენტს, მიხვდება, არასწორი ქცევა რამდენად ურთულებს მას ყოფას, ისე ნაკლებად სწორდება. ამგვარ გართულებას კი არცთუ იშვიათად სასოწარკვეთილებაში ჩაგდება, უიმედობის, მწუხარების განცდების მოძალება მოჰყვება, ეკლესიურად მაცხოვრებლებთან ზოგჯერ შეგრძნება საკუთარი ჯვრის ვერზიდვის რაც თავისთავად უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი მძიმე ყოფა, გაჭირვება ერთგვარად უფალზე მინდობას გვასწავლის და ვითარების სირთულე, რაც არ უნდა ძნელი გასაგები იყოს, ღვთის წყალობადაც შეიძლება ჩაითვალოს. როცა არსაიდან ელოდები დახმარებას და ის კი უფლის შეწევნით მრავალჯერ სასწაულებრივად მოდის, უკვე სხვაგვარად შეიგრძნობ უზენაესის მფარველობას. იმ სახელმწიფოებში კი, სადაც სტაბილური შემოსავალი აქვთ, მყარი გარანტირებული ხელფასით შეუძლიათ უპრობლემოდ სხვადასხვა ყოფითი თუ სხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილება, უფლისმიერი მოწყალების გამოვლენის მომენტი უფრო სუსტად იგრძნობა. იქ იმუშავებ და ბევრი პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით დაზღვეული ხარ. ჩვენთან კი ასე არ არის და ხშირად ბევრთან შემოდის საკუთარი უძლურების შეგრძნება, რაც არ უნდა მოინდომო მოაწყო საკუთარი ცხოვრება, ასეთ დროს კი მეტად ხვდები, რამდენად ხარ ღმერთზე დამოკიდებული.

რა საშუალებები არსებობს სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ? ისინი მრავალგვარია, მაგრამ პირველი და უმთავრესი მაინც მორჩილებაა. ამ უდიდესი სათნოებით ადამიანი უძლეველი ხდება ეშმაკის მხრიდან. როცა ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ დედამიწაზე ადამიანთა დასაჭერად დახლართული ბადე იხილა, შეძრწუნებულმა შეჰღაღადა უფალს: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს? მხოლოდ მორჩილს არ შეეხებაო იგი - მიიღო პასუხად. როცა რაც არ უნდა მოხდეს, რა პრობლემებმაც არ უნდა წამოყონ თავი, ცდილობ მშვიდად, უდრტვინველად გადაიტანო ყოველივე, როგორ გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდე, არ ჰყვები სასოწარკვეთილებით განცდებს, ინარჩუნებ იმედს ღვთისას, თვლი, რომ რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, განა შეიძლება ღმერთის მხრიდან რაიმე დაიშვას ჩვენი სულისთვის საზიანო და ამით უძლებ ცხოვრებისეულ მძიმე შეტევებს, ეს უკვე მორჩილების ერთ-ერთი გამოვლენაა. თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიური გაგებით უფალი ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად არ გვცდის და იმ განსაცდელს გვარგუნებს, რისი გადატანაც ხელგვეწიფება.

მთავარეპისკოპოსი ლუკა აღნიშნავს: „უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე თუ მთელი გულით მივმართავთ უფალს, ქრისტეს, ის საკვირველად მოგვეხმარება. შეგვეშველება როცა დავეცემით, გაგვაძლიერებს, გაგვამხნევებს, დაგვამშვიდებს და მაშინ გავიგებთ მოციქული პავლეს სიტყვებს: „ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის“ (2 კორ. 4,17). მაშინ ეს ტანჯვა ჩვენი მოკლე ცხოვრების იქნება მსუბუქი ვაება.

იღუმენი ნიკონი წერს: „უფალი არა მარტო მთელ კაცობრიობაზე ზრუნავს, არამედ ცალკეულ ადამიანზეც, ყოველ წუთს უწვდის მას ხელს, იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან, ასწავლის მას ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით. თუ აუცილებელია ადამიანის დასჯა იმ მიზნით, რომ გონს მოვიდეს და თავიდან აიცილოს დიდი უბედურება, სიყვარულით სჯის კიდეც, შემდეგ, თუ ადამიანისთვის საზიანო არ იქნება, უხვად აჯილდოებს, თითქოს ნანობს, რომ დასაჯა. ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სულიერი ხედვა, ის ამჩნევს უფლის ამ უჩვეულო ზნუნვას დიდსა და პატარაზე“.

მამა ანტონი (გარმაევი) აღნიშნავს: „ვენ გვეჩვენება, თითქოს ღმერთმა ზურგი შეგვაქცია, მიგვატოვა, მაგრამ შესაძლებელია კი ეს? შეუძლია კი ღმერთს დატოვოს თავისი საყვარელი შვილი?

ავიღოთ ასეთი მაგალითი: ჩვენ წინაშე კეთილი, კარგი დედაა, ის თავის სამი წლის ბავშვთან ერთად სასეირნოდ მიდის ქუჩაში და უშვებს მას სათამაშოდ. თუ იგი უშვებს, ნიშნავს კი ეს, რომ მან შვილი მიატოვა?!

ან მოვიყვანოთ მეორე მაგალითი. ბავშვი გაიზარდა და შეუსრულდა 18-20 წელი. უცბად იგი დანაშაულს ჩადის და ჯდება საბრალდებო სკამზე, რომელი დედა არ იდარდებს საკუთარ შვილზე. განა იტყვის: მე გზრდიდი, შენ კი დანაშაული ჩაიდინე... ახლა უკვე აღარ ვარ შენი დედა.

საკმარისად ბევრი ხვდება საბრალდებო სკამზე, ჩადის რა ერთ, მეორე, მესამე დანაშაულს. წლობით, ათწლეულობით სხედან ციხეში. ყველამ მიატოვა, დედის გარდა. დედის გული ყველაზე რთულ ვითარებაშიც, შვილის მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც, დარდობს მასზე. იგი შვილის ერთგულია ბოლომდე, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც უარყოს ის მთელმა საზოგადოებამ, სიძულვილით განიმსჭვალოს მისადმი... თუ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ასეთი გულში ჩამწვდომი, თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა, მითუმეტეს ამჟღავნებს ამას უფალი. შეუძლია კი მას მიატოვოს კაცი? არა! ამიტომაც თავისი დამრიგებლური მზრუნველობით თითოეულისადმი იგი სულ მუდამ, ყოველ წუთს დაგვყვება ჩვენ“.

როცა კაცი მორჩილებას ამჟღავნებს მწარე, ხშირად ტკივილის მომყენებელი სინამდვილის მიმართ, იგი ამით გზას უკეტავს იმ სასოწარკვეთილებით, უიმედო განცდებს, რომელსაც ბოროტი აღძრავს მასში სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზეზიდან გამომდინარე. დემონური ძალა ზოგჯერ აბეზარ ბავშვს გავს, რომელიც გიჩიჩხინებს, რათა წყობიდან გამოგიყვანოს, თუ მშვიდად შეხვდი ამას, არა აყევი, თავს დაგანებებს, დაინახავს, რომ ამაოა მისი მცდელობა. დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი რამდენიმე მიზეზს ასახელებს იმასთან დაკავშირებით თუ უფალი რატომ უშვებს, რომ ბოროტი ებრძოდეს ადამიანს: „პირველი მისთვის, რათა შევიგრძნოთ, რომ უფალი იესო ქრისტეს სახელით, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით გავხდით ეშმაკზე გაცილებით ძლიერნი, მეორე - მორჩილებაში ვიყოთ და არ განვადიდოთ საკუთარი თავი ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა სიდიადით, მესამე, რათა მაცდური სული დაინახავს რა ჩვენს მოთმინებას, დარწმუნდეს იმაში, რომ განვეშორეთ მას; მეოთხე მიზეზი არის ის, რომ გავხდეთ უფრო მხნე და ძლიერი; და ბოლოს, რათა არ დავივიწყოთ იმ ძალის დახმარება, მფარველობა, რომელიც გვშველის ჩვენ.“

როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი მიზეზი, უფალი რატომაც უშვებს ეშმაკი გვებრძოდეს, არის ის, რომ იგი დაინახავს რა ჩვენს მოთმინებას, განგვეშოროს, რადგან იგრძნობს თავისი ბრძოლის უაზრობას. ეს მის სასოწარკვეთილების ვნებით შემოტევებსაც შეეხება. უნდა ითქვას, მორჩილება სხვაგვარადაც ეხმარება კაცს ბოროტთან ბრძოლაში. ეს დიდი სათნოება გულისხმობს იმასაც, რომ ადამიანი იქცევა ხშირად არა საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებებისდა შესაბამისად, არამედ გამომდინარე იქედან, თუ რა სახის მოქმედება იქნება მისთვის დროის ყოველ მოცემულ მომენტში, სულიერების თვალსაზრისით ყველაზე მეტად მიზანშეწონილი, გამართლებული. ბასილი დიდი ამბობს: „განუწყვეტილვ უნდა ილოცო არა სიტყვებით, არამედ როცა მთელი შენი მოქმედებით ცდილობ შეერწყა უფალს, მაშინ უკვე მთელი შენი ცხოვრება წარმოადგენს მუდმივ ლოცვას“. ამ მნიშვნელობით ესმოდათ წმინდა მამებს ეკლესიის მოთხოვნა განუწყვეტელი ლოცვის შესახებ. ასე ნეტარი ავგუსტინე იმ შეწინააღმდეგებაზე: შესაძლებელია კი საერთოდ სულ, ყოველ წუთს ღმერთის განდიდება, პასუხობდა: „მე მიგითითებ ერთ ხერხს თუ გსურს, რომ მუდმივად ახერხებდე ამას: რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე სამართლიანად და შენ უკვე განადიდებ უფალს“. მორჩილების დიდი სათნოებისას ხშირად ხდება სწორედ ეს, სულიერი თვალსაზრისით ყველაზე სასარგებლო მოქმედებათა განსაზღვრა, შემდეგ მისით ხელმძღვანელობა, იგი კი თავისთავად იწვევს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, განცდათა, ფიქრთა მოწესრიგებას. ამგვარი კანონზომიერება კი გამოხატულებას პოულობს იმაშიც, რომ ადამიანის არსება თავისთავად ირეკლავს მავნე ცოდვილ განცდათა შემოტევას, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებისა.

სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვნების შემოტევისას ზოგჯერ ამის არავითარი სურვილი, განწყობა არ აქვთ. ასეთ დროს ხშირად ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას, ხანდახან შემოდის პროტესტის გრძნობაც, თუ ადრე ვლოცულობდი, ვცდილობდი ამით თუ სხვა რამით მესიამოვნებინა უფლისთვის, ვინდომებდი მეცხოვრა მისთვის სათნოდ, მოიტანა კი ამან ყველაფერმა თვალშისაცემი დადებითი შედეგი - ფიქრობენ ასე - განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა სულ საპირისპიროს არ მიუთითებს. თუ გადალახული იქნება ეს ბარიერი და დაწყებულ იქნა ლოცვა, ხშირად მალევე იგრძნობა, თანდათან როგორ ცხრება სასოწარკვეთილების ვნება, იდევნება გონებიდან მჭმუნვარე, შავ-ბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა, არადა, თითქოს რა შეიცვალა, მწარე სინამდვილე თავისი პრობლემებით, გაჭირვებით ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვა დევნის იმ სასოწარკვეთილების დემონს, ადამიანის ყურთან რომ არის უხილავად დადარაჯებული და შთააგონებს უიმედობის, ღვთისმგმობელ თუ სხვა სახის ცოდვილ აზრებს. თუ კაცი აჰყვა თავის კაეშანს, ვერ ძლია საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან არ დაიწყო ლოცვა, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება და სანამ არ მიუბრუნდება ღვთისმსახურებითი წესების შესრულებას, გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება.

სასოწარკვეთილების განცდების მოძალების ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობაა გონებრივი და ფიზიკური გადაღლა. როგორც წმიდა მამები აღნიშნავენ, გულგატეხილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან გადაღლით, როცა თავის შესაძლებლობებზე მეტად იტვირთავენ თავს, ან ბოროტისეული ზემოქმედებით. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ხშირად ის პრობლემები, რომლებსაც აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, გასაჭირი, რომელშიც იმყოფება და ამას ვინ აცდება, ხშირად უფრო შავ, მუქ ფერებში მოჩანს. როგორც დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა სენი, ასევე გადაღლილ, გამოფიტულ კაცსაც არცთუ იშვიათად ერთგვარად ჯაბნის სასოწარკვეთილებითი შემოტევები. ამიტომაც ასეთ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უბრალოდ შეეცადონ დასვენებას. ოთახში განმარტოება, სავარძელში თავისთვის ჩაჯდომა ან უბრალოდ წამოწოლა და ამ დროს გონების, სხეულის დასვენება ასეთ დროს ზოგჯერ მეტად კარგი შედეგის მომტანია. ძალების აღდგენასთან ერთად თავისთავად ხდება შავ-ბნელი განცდების განეიტრალება და აზროვნება ბუნებრივად გადაერთვება უფრო სასიამოვნო, ნაკლებ შემაწუხებელ ფიქრებზე.

საერთოდ სასოწარკვეთილების ვნების შემოტევისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, თუ დროის მოცემულ მომენტში რა საშუალების გამოყენება იქნება ყველაზე მეტად გამართლებული. როცა დაღლილი ხარ და ამის ფონზე მძლავრობს შავ-ბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენება იქნება მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების ვნების შემოტევები. ზოგჯერ მჭმუნვარე აზრების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრ საშუალებად გონების სხვა მიმართულებით გადართვა მოჩანს ამა თუ იმ სიტუაციაში, წიგნის წაკითხვა, გართობა, მეგობრის მონახულება, რაიმე საქმიანობით დაკავება. როცა ადამიანი არაფერს აკეთებს და მისი ცნობიერება მთელი დღე, შეიძლება ღამეც, შავ-ბნელი ფიქრებით არის მოცული, თავის გასაჭირს, პრობლემებს დასტრიალებს, ეს ბუნებრივია, მეტად დამთრგუნველად მოქმედებს კაცზე. უხეშად რომ ითქვას, ამ დროს გონებრივი ენერგიის დიდი ნაწილი ერთი სასოწარკვეთილებითი განცდების, ფიქრების გაჩენის, განვითარების მიმართულებით მიდის და ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი. როცა გონების სხვა მხრივ გადართვა ხდება, უკვე ერთი მიმართულებით არ იხარჯება ფსიქიკური ენერგია და ეს ამსუბუქებს მდგომარეობას. ცნობიერება უფრო ნაკლებად კავდება შავ-ბნელი ფიქრებით და დამთრგუნველი გრძნობებიც შედარებით მცირედ შემოდის ჩვენს არსებაში.

როგორც უკვე ითქვა, სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ ერთ-ერთი მძლავრი საშუალება რაიმე საქმით დაკავებაა. ბერები ხშირად ხელსაქმეს მიმართავენ ხოლმე ამ შემთხვევაში, იქნება ეს კალათების დაწვნა, ხის ჯვრების, ხატების მასალის გაკეთება თუ სხვა რამ. ის, როდესაც არაფერს ვაკეთებთ, ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავ-ბნელი ფიქრებისთვის, მჟღავნდება ერთი გარემოების დროსაც. დასვენებისას, როცა შვებულების თუ სხვა მიზეზების გამო წყდებიან თავის ჩვეულ საქმიანობას, ზოგჯერ სასოწარკვეთილებითი შეტევების გამძაფრება ხდება, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც მიდრეკილია ამ მიმართულებით. ის, რაც აწუხებთ, რაზეც დარდობენ, უფრო მოდის წინ რადგან მაინცდამაინც არაფრით არიან დაკავებულნი და ზოგჯერ თავისთავად უფრო დიდი დრო ეთმობა ხოლმე საკუთარ პრობლემებზე, გაჭირვებაზე ფიქრს.

ხანდახან დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობისას დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან უბრალოდ ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს ხშირად ერთგვარ გახალისებას გრძნობს კაცი, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა, ხედავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მძიმე ცხოვრებისეული სინამდვილისა, გაჭირვებისა მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგანან და არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, ინარჩუნებენ სულის სიმხნევეს, რწმენას ღვთისას. სულიერებით გამორჩეულ ხალხთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს მოახერხო ეს, ე.ი. შეუძლებელი არაფერია.

სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს ამ ვნების შემოტევისას წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა, „სტარცების“ ცხოვრების წაკითხვა, მათ თავს გადახდენილ განსაცდელთა, ამბავთა გაცნობა. ამგვარი ლიტერატურის კითხვისას ნათლად ჩანს თუ რა მძიმე გაჭირვებას, დევნა-შევიწროებას უძლებდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები სასოების დაკარგვის გარეშე და მათ ხვედრთან შედარებით საკუთარი განსაცდელი, პრობლემები, ხშირად უკვე დიდად არაფრად მოჩანს. ასეთ დიდ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხოვრება ცოცხალი მაგალითია თუ როგორ შეიძლება შენარჩუნებულ იქნას პიროვნული სიდიადე, რაც არ უნდა მძიმე გაჭირვებაში იყოს ადამიანი.

დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში მყოფთათვის, როგორც რელიგიური, ისე ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ადამიანთა წარმოდგენა, რომლებიც უარეს ყოფაში იმყოფებიან. იღუმენი ნიკონი წერს: „განსაცდელსა და უსასოობის ჟამს სასარგებლოა ეფრემ ასურის რჩევა: - მუდამ გახსოვდეს მწუხარეთა და გაბოროტებულთა (მაგ. ციხესა და გადასახლებაში მყოფთა და სხვათა) უმძიმესი განსაცდელი, რომ ჯეროვანი მადლიერება გამოხატო ღვთისადმი იმ მცირედი და უმნიშვნელო განსაცდელისთვის, რომელშიც შენ იმყოფები და შეძლო სიხარულით მისი გადატანა“. წმინდა სებასტიან ყარაგანდელს ჩვევად ჰქონდა: ვისაც მდიდრულად მცხოვრებლების შურდა, ისინი ხშირად მიჰყავდა ღვთისმსახურებითი წესის შესრულებაზე ყველაზე ღარიბ ქვრივებთან, მათთან, რომლებიც მიწურში ცხოვრობდნენ. თან ამბობდა: „აი, ნახეთ, ხალხი როგორ ცხოვრობს. შენ კი გიყვარს უყურო მდიდრულად მცხოვრებლების კარგ სახლებს და გშურს იმის, რასაც ხსნა არ მოაქვს... შურის აღმოსაფხვრელად უნდა უყურო შენზე უარესად მცხოვრებლებს და მაშინ გექნება სულიერი სიმშვიდე და არა მჭმუნვარება“.

ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნებისგან ადამიანს იცავს უწყინარი ხუმრობაც. ერთმა გამვლელმა ანტონი დიდი იხილა, თავის მოწაფეებს რომ ეხუმრებოდა და გაიფიქრა: როგორ აძლევს ასეთი დიდი მოღვაწე ბერი საკუთარ თავსო ამის უფლებას. ღირსმა მამამ განჭვრიტა მისი აზრები, თავისთან მოიხმო, ხელში ჯოხი მისცა და სთხოვა, მოეღუნა იგი. როცა შესრულებულ იქნა, მაშინ ანტონი დიდმა გამვლელს ჯოხის კიდევ უფრო მოღუნვა დაავალა: პასუხად მიიღო - ეს რომ მოვინდომო, ჯოხი გადატყდებაო.

აი ხედავ - უთხრა ბერმა - ადამიანიც არ უნდა აიძულო აიღოს თავის შესაძლებლობებზე მეტი ღვაწლი, მე რომ არ ვეხუმრებოდე ჩემს მოწაფეებს, მაშინ ისინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და დაკარგავენ იმ სიხალისეს, რომელიც ამხნევებსო ახლა მათო“.

„მაცხოვრის სული“, შენიშნავს მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი, არ ეწინააღმდეგება უფლის მიერ დაშვებული სიხარულის შეგრძნებას! უწყინარ თამაშობებში და გართობაში სული ისვენებს, დაღლილი ამაოებით, მტკიცდება ერთმანეთთან მეგობრობა. ქრისტიანული თვალსაზრისით დასაშვებია გართობა და თამაშობები, რომლებიც არ ლახავენ ფიქრთა, გრძნობათა, სიტყვათა სიწმინდეს, არ შეურაცხყოფენ თვალს და ყურს, არ ამცირებენ ადამიანის ღირსებას. მაგრამ უნდა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ სადაც განცხრომა და ფუფუნებაა, გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, სადაც ლოთობა და თავისშექცევაა, იქ არაფერია მყარი, „ყველაფერი მერყევია და ცვალებადი“. უფალი წინააღმდეგია, როცა გართობაზე, დროის ტარებაზე ზედმეტად ფიქრობენ, ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იხდიან და სულაც არ კრძალავს ყოველივე ამას ზომიერების ფარგლებში, პირიქით, ხანდახან ეს აუცილებლადაც კი მოჩანს კაცისთვის.

მართლმადიდებლური მიდგომით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა სხვას აქებ, აღნიშნავ მის ღირსებებს, კეთილ საქმეებს, მაგრამ როცა ხედავ მეორის სასოწარკვეთილ მდგომარეობას, უიმედობას, ამ დროს ზოგჯერ კარგია, ხანდახან აუცილებელიც კია მისი შექება, გამხნევება, დადებით მხარეებზე, ღირსებებზე ყურადღების გამახვილება. ამით კაცს ნუგეშს აძლევ, ძალას მატებ გაუძლოს თავის გასაჭირს, ეხმარები დაინახოს, რომ თურმე არც ისე მუქად გამოიყურება გარშემო ყველაფერი და მის ცხოვრებაშიც შეიძლება მოიძებნოს დასაფასებელი, გასახარი. ზოგჯერ შეგრძნებაა სპეციალურადაც რომ არ მოინდომონ, თითქოს უფალი ვიღაცას უნებურად მაინც ათქმევინებს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილისთვის გამამხნევებელ, დამამშვიდებელ სიტყვებს.

და ბოლოს, აზრობრივი ბრძოლისგან, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, განცდათა თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ამგვარი ბრძოლის სხვადასხვა მხარეთა აღსარებაში თქმა, მათი მღვდელთან საუბარში დაფიქსირება. მამა იოანე (მასლოვი) თითოეულ მასთან მიმსვლელს აჩვევდა თავისი ფიქრები სულიერი მოძღვრისთვის გაემხილა: „საჭიროა თქვა ყველა ზრახვის, აზრის შესახებ, ამბობდა იგი, თუნდაც ძილში შეშფოთდე. ყველაფერი უნდა ითქვას აუცილებლად, არ არსებობს წვრილმანები, აზრები ისევეა, როგორც საქმეები. ისინი მტვერივითაა - იტყვი - წარხოცავ მათ“. - როცა აღსარებაში ხდება იმის თქმა, რაც გვაწუხებს, ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება, სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც მძიმე ფიქრთა, მძიმე განცდათა მოძალებისას უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ისინი უნდა აღნიშნულ იქნას მღვდელთან საუბარში.

მართლმადიდებლური ყოფა სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასოწარკვეთილების ვნებაა. წარმოუდგენელია აცდე მასთან დაპირისპირებას, მაგრამ ამასთან აუცილებელია თანდათან უფრო და უფრო მეტად უმკლავდებოდე ამ სირთულეს. რაც უფრო ადრე მიიღწევა იგი, მით უკეთესია და თუ ასე არ მოხდა, დიდი სისუსტის გამოვლინება იქნება ეს ჩვენს ქრისტიანულ გზაზე.


დეკანოზი დავით ციცქიშვილი.


shemoqmedi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий