ღმერთი

ღმერთი

суббота, 28 сентября 2013 г.

“ჯვარს სიწმინდე ქრისტეს ვნებამ მოუტანა”

“ჯვარი ქრისტესი ის შუაგულია, რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება. ჩვენი დაცემა და აღდგომა. ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება.”

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)



ჯვრის არსისა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა” (1.კორ. 1.18). ამგვარად, ახასიათებს ჯვარს წმიდა პავლე მოციქული ბიბლიაში. ეს სიტყვები იმას გვაუწყებს, რომ ადამიანთა ნაწილს არ სწამს ჯვრის, ანუ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს მას. ამიტომაც, ისინი წარწყმედილებად ან დაღუპულებად იწოდებიან. მათი მხრიდან ჯვრის ძალის არ აღიარება, სწორედ განსხვავებული რწმენის, ან საერთოდ, ურწმუნოების მანიშნებელია. ჩვენთვის, ხსნილთათვის, ქრისტიანთათვის კი, ჯვარი ძალაა ღვთისა. ე.ი. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ჯვარი ღვთის ძალას ფლობს, შესაბამისად, ღმერთის სახელთან არის დაკავშირებული. წმიდა ჯვარი ხომ ყოველ ჩვენგანს ეძლევა ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდგომ.

წარმოვიდგინოთ საყვარელი და სათაყვანებელი ადამიანი, როგორი ახლობელი ხდება ჩვენთვისაც, მასთან დაკავშირებული საგნები და მოვლენები. აი, მაგალითად, ჩვენი დიდი მეფე ერეკლე II და მისი ბრძოლებში გაცვეთილი ხმალი, რაოდენ დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას იწვევს ჩვენში, ეს უტყვი და უსულო საგანი. ეს კი ორი მიზეზის გამო ხდება. ერთი, როგორც აღვნიშნეთ, პიროვნების სიყვარულისა და მეორე მხრივ, კი ხმლის მიერ აღსრულებული საქმეების, მტერთა განადგურების გამო. ასევეა ქრისტიანთათვის ჯვარი. წმიდა ჯვარს პატივს ვცემთ იესო ქრისტესა და კიდევ იმის გამო, რომ ჯვრის მეშვეობით დაამარცხა ღმერთმა კაცობრიობის მტერი – ეშმაკი. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: “თუკი საწადელია ჩვენთვის, ადამიანთათვის შეყვარებულთა სახლი, მათი საწოლი და სამოსელი, რამდენად უფრო – ყოველივე ის, რაც კი ღვთისა და მხსნელისაა და რომელთა მიერაც ხსნილნი ვართ ჩვენ?!” იგივე წმიდა მამა წერს: “ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიდესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი”. მნიშვნელოვანია ჯვრის საკვირველებისა და მისი არსის საიდუმლოს განსაზღვრა.

ჯვარზე ძველ რომში ყველაზე საშინელ დამნაშავეებსა და ავაზაკებს აკრავდნენ. ეს იმიტომ, რომ ჯვარცმული ადამიანი უდიდეს ტკივილებს განიცდიდა და თანაც ტანჯვა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ხოლმე. ამის გამო, ჯვარი ყველაზე სამარცხვინო და მტანჯველ იარაღად ითვლებოდა იესო ქრისტეს ცხოვრების პერიოდში, მაგრამ საოცარი ისაა, რომ იესო ქრისტე თავისი ნებით სწორედ ამ სამარცხვინო ჯვარზე ავიდა და უდიდესი ტკივილები დაითმინა.

გავიხსენოთ ადამის სამოთხისეული ისტორია. ღმერთი აფრთხილებს სამოთხეში მყოფ ადამს, არ მიეკაროს ერთ-ერთი ხის ნაყოფს: “რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.” (დაბ.2.17). ხოლო, თუ არ დაარღვევდა ღვთის მცნებას, მისთვის ღმერთს მარადიული სიცოცხლე და განმღრთობა ჰქონდა გამზადებული. თუმცა, ღმერთს სურდა, ადამს თავისი არჩევანის შედეგად მიეღწია მიზნისათვის, რისთვისაც მას ყველა პირობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ადამი მაინც შეცდება ევას მეშვეობით და სამოთხის გარეთ აღმოჩნდება. ე.ი. სიკვდილს დაექვემდებარება. ხოლო, როდესაც უფალი სიკვდილის შესახებ აფრთხილებდა მას, აქ პირველ რიგში, სულიერი სიკვდილი იგულისხმებოდა, თორემ ადამმა სამოთხიდან განდევნის შემდეგ კიდევ 930 წელი იცოცხლა. სულიერი სიკვდილი კი ნიშნავს დაშორებას ღმერთთან. მისგან სიშორე კი სიცოცხლეს გვაშორებს. ამიტომაც, მისი ეს მდგომარეობა, სიკვდილზე დაქვემდებარება, მთელს კაცობრიობას გადმოჰყვა, რადგან ადამი მთელი კაცობრიობის მამაა. ქართული სიტყვაც – ადამიანი, ზუსტად ამაზე მიგვითითებს.

წმიდა ბასილი დიდი სულიერ სიკვდილზე ამბობს: “სულიერი სიკვდილი ღმერთთან გაუცხოებაა, ღვთისაგან განყოფა, განცალკევებაა”. სულიერმა სიკვდილმა დაარღვია ადამიანის ბუნებრივი და თავდაპირველი მდგომარეობა, სულისა და სხეულის მთლიანობა. სხეული ხრწნადობას დაექვემდებარა, როცა უკვდავების წყაროს დაშორდა, ე.ი. სულიერ სიკვდილს ხორციელი სიკვდილი მოჰყვა.

სულიერი სიკვდილის მიზეზი კი, როგორც მივხვდით, იმ ერთადერთი მცნების დარღვევა გახდა, რომელიც ადამს ღვთისაგან მიენიჭა. მცნების დარღვევა კი ცოდვად მიიჩნევა, შესაბამისად, ცოდვამ, გამოიწვია სიკვდილი.

თავად ცოდვა კი ეშმაკისაგან მოდის. იგი გახდა ევას შეცდენის მიზეზი. ასე რომ, კაცობრიობა მოწოდებული უკვდავებისა და თავისუფლებისაკენ, ერთბაშად აღმოჩნდა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში.

თუმცა, ღვთის მოწყალებას ხომ საზღვარი არა აქვს. დაეცა რა ადამიანი და მოექცა რა ტყვეობაში, უზენაესმა ღმერთმა გადაწყვიტა კაცობრიობა ამ მდგომარეობიდან გამოეხსნა. მაგრამ რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება? ამაზე წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვპასუხობს: “ის, რაც შეუერთდება ღმერთს, გადარჩება, რაც არა, უკურნებელია.” ამიტომაც, ყოვლადწმიდა სამებამ ინება, რომ ძე ღმერთს – იესო ქრისტეს მიეღო ადამიანის ბუნება. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა დამარცხება სიკვდილისა. თუმცა, ეს ადამიანური ბუნება, ადამის ბუნების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სირცხვილი და წყევლა, რომელიც დაცემას მოჰყვა მხოლოდ იმ შემთხვევაში განქარდებოდა თუ ის, ვინც სამოთხეში დამარცხდა, ხელახლა გამოვიდოდა საბრძოლველად. შედეგად კი, ედემის ბაღში დამარცხებული ბუნება, ბოროტებაზე გამარჯვებას მოიპოვებდა. “რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკვდილი და კაცისა მიერ – აღდგომა მკვდართა” (1კორ.15-21). როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს: “დამარცხებულს თვითონ უნდა აღედგინა თავისი დაცემული ბუნება და თვითონვე გაემარჯვა, რამეთუ ასეთი გზით შეიძლებოდა დანაშაულის გამოსყიდვა”. ასე რომ, იესო ქრისტეს შობა სწორედ ამას მოასწავებდა. ღვთაებრივ ბუნებას შეუერთდა ადამიანური ბუნება, ანუ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: “მაღალი დაკნინებულთან თანაზიარებით არ კარგავს თავის ღირსებას; დაკნინებული კი ამაღლდება თავისი კნინობიდან”. სწორედ ეს მოხდა ქრისტეს ბუნებაში. ღვთაებრივის განხორციელებით მისი ღვთაებრივი ბუნება ოდნავადაც არ დამცირებულა. ადამიანურმა ბუნებამ კი სრული უცოდველობა შეიძინა.

ამრიგად, ღვთაებრივმა განკაცებამ დასაბამი მისცა ღმერთკაცის ბრძოლას ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის წინააღმდეგ. ამის დასტური, იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებაა. გავიხსენოთ როგორ ცდილობდა ეშმაკი ღმერთკაცი ეცდუნებუნა, მაგრამ იესო ქრისტემ მტკიცედ განაგდო იგი და მხსნელის ბრძანებაზე: “წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა” (მთ.4.11) ეშმაკი მას დამარცხებული და შერცხვენილი გაშორდა. შემდეგ გავიხსენოთ როგორ განკურნა ქრისტემ ცოდვისაგან დასნეულებული და ეშმაკისეული ადამიანები, როგორ აღადგინა მკვდარნი. ყოველივე ეს, ეშმაკის დამარცხების ცალკეული შემთხვევები იყო, რითაც კაცობრიობა საბოლოო გამარჯვებისათვის მზადდებოდა…

გადამწყვეტი და უკანასკნელი დარტყმა სიკვდილისათვის კი მაცხოვრის ვნება და მისი ბრწყინვალე აღდგომა იყო. დიახ, ქრისტე უნდა მომკვდარიყო, რათა კაცობრიობისათვის სიცოცხლის სისავსე დაემკვიდრებინა. ეს ამქვეყნიური აუცილებლობით განპირობებული არ ყოფილა, არამედ ღვთაებრივი სიყვარულითა და წესრიგით. თუმცა, ამ საიდუმლოს ადამიანური გონებითა და შესაძლებლობებით ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, ეს რწმენით მისაღები საკითხია. ამის ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ხსნის არსი უნდა ყოფილიყო გამარჯვება სიკვდილზე, ანუ გამარჯვება ადამიანის მოკვდავებაზე.

ახლა უკვე შეგვიძლია დავასრულოთ წმიდა იოანე დამასკელის სიტყვები, რომელიც ზემოთ მოვიშველიეთ: “ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის ძალით გაუქმდა სიკვდილი, მოგვეტევა ადამის ცოდვა, ბნელი განათდა, ჯოჯოხეთი განშიშვლდა, მოგვენიჭა აღდგომა და მოგვეცა უნარი, არად შევრაცხოთ ყოველივე მიწიერი, თვით სიკვდილიც კი, ადამიანს დაუბრუნდა უწინდელი ნეტარება, განეხვნა სამოთხის ბჭენი, ადამიანური ბუნება ღვთისა და მამის მარჯვენით მყოფობის ღირსი შეიქმნა, დავიბრუნეთ ღვთის შვილობა და მისი მემკვიდრეობა. ყოველივე ეს უფლის ჯვარზე სიკვდილმა მოგვიტანა”.

ამრიგად, ჯვარს სიწმინდე ქრისტეს ვნებამ მოუტანა, რადგან გაწმინდა იგი წმიდა სხეულისა და სისხლის შეხებით. ამიტომაც, თაყვანს ვცემთ ჩვენ ჯვარს და არა მარტო გოლგოთის ჯვარს, არამედ ჯვრის გამოსახულებას, როგორც ქრისტეს გამარჯვების სიმბოლოს. ასე რომ, ჯვრის ტარებით ჩვენ, ქრისტიანები, ვაღიარებთ იესო ქრისტეს გამომხსნელ მისიას, ანუ უდიდეს გამოხატულ სიყვარულს ჩვენდამი”.

თეონა ნოზაძე.

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий