ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 октября 2013 г.

ნუ დაემორჩილები ანგარებას.


გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას.




ვაი ანგარებისმოყვარეს! სიმდიდრე მას ხელიდან ეცლება; ხოლო იქ მას ცეცხლი მოელის.





დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი).




. განაშორე შენი აზრი ყოველგვარ ანგარებას და მაშინ შეძლებ დაინახო ეშმაკის მზაკვრობანი.





შეეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო და ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, მიიღებ თუ არა პირად სარგებელს.




სიკეთის მოქმედი და საზღაურის მაძიებელი ადამიანი მონაა არა უფლისა, არამედ საკუთარი ნებისა.





არაფრით ნაკლულევანმა შეიწყნარე სამწუხრონი და როგოც პასუხისმგებელმა (შდრ. ებრ. 13.17), უკუაგდე ანგარება.




თუ ჩვენ კეთილსიმდისიერ საქციელს სათნოების შთაგონებით არ ვიქმთ, არამედ ანგარების გამო, მაშინ ჩვენ მხოლოდ მაამებლები ვართ და არა - სათნოების მოქმედნი.




ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახლოსაა სრულ განადგურებასთან.




"ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი" (იოანე 8, 34). განა თავისუფალია ანგარებისმოყვარე? განა იგი ოქროზე არ არის მიჯაჭვული? განა თავისუფალია სხეულისათვის სიამოვნების მიმნიჭებელი? იგი ხელებით და ფეხებით კი არა, თავითა და გულითაა მიბმული საკუთარ კერპებზე.




უკეთურ კაცს უყვარს ანგარება, მოიძაგებს კი სამართლიანობას, არ იაზრებს რა არც ამ ცხოვრების უმტკიცობას, უმდგრადობასა და სწრაფწარმავლობას, არცთუ სიკვდილის მოუსყიდველობასა და ულმობელობას უფიქრდება იგი. თუ, ამასთან, მოხუცი კაცია მაგვარად სამარცხვინო და უგუნური, იგი როგორც დამპალი ძელი გამოუსადეგარი ხდება რაიმეში გამოსაყენებლად.





იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას; და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.


    ეს სწავლება ხომ ჭეშმარიტებაა, ამიტომაც გაუძლო მან საუკუნეებს და დღესაც თითოეული ადამიანისთვის ცხოვრების პროგრამად და იდეოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს.





არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს.





ყველაფერი, რასაც სიყვარული ვერ აერთიანებს, არარაობაა და სიყვარულის გარეშე არცერთი სხვა ჯაჭვი ნამდვილი არ არის. რასაც ანგარება აერთიანებს, იმას ანგარებავე არღვევს; რასაც ძალადობა აერთიანებს, ის ძალადობითვე ინგრევა; რასაც დროის ძლიერება აერთიანებს, მას იგივე დროის სიმძლავრე ანგრევს. მარადიულად დაურღვეველია მხოლოდ ის, რასაც სიყვარული აერთიანებს, რამეთუ სიყვარული სიკვდილზე და კაცობრიობაზე ძლიერია.





ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისრე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა სცხოვრებდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“





ანგარებამ მიაჯაჭვა ჩვენი გულები მიწას: ვხერგავთ საკუთარ საცხოვრისს სხვადასხვა უსარგებლო ნივთით, ვკანკალებთ თითოეული ჩვრის გამო... იმ ვნებათა ჩამოთვლაც კი გაჭირდება, რაც ჩვენ სხვადასხვა საგნების გამო გვაქვს – სამოსელი იქნება ეს, ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, წიგნები, ყვავილები თუ პროდუქტის მარაგი, რომელიც შემდეგ ლპება, ჩრჩილისაგან იჭმება, ჭიანდება, ობდება და აღარავის სჭირდება. ასეთი დამოკიდებულება ვლინდება თვით სეფისკვერის, ანტიდორის, არტოსის, ნაკურთხი წყლის მიმართ: რატომღაც ვაგროვებთ მათ, როგორც სუვენირებს, იმის ნაცვლად, რომ მოწიწებით და ლოცვით მოვიხმაროთ, შემდეგ ფუჭდება და იძულებულნი ვართ დავწვათ. ზოგიერთი იქნებ სულაც ყრის ამ სიწმინდეებს. მოინანიეთ უფლის წინაშე.





წმიდა დონატი.


სასაფლაოსკენ მკვდარს მიასვენებდნენ, მაგრამ მევალე ჭირისუფალს მკვდრის დაკრძალვის ნებას არ აძლევდა და იმ ვალის გადახდას ითხოვდა, რომელიც მიცვალებულს გასასტუმრებელი ჰქონდა.

    ქვრივმა ეპისკოპოს დონატს შესთხოვა:

    -შემეწიე, მეუფეო, და სთხოვე მევალეს, რომ ჩემი ქმრის დაკრძალვის ნება მომცეს.

    -ნამდვილად აქვს შენს ქმარს ამ კაცის ვალი? - ჰკითხა წმიდა დონატმა.

    -ჩემმა ქმარმა ყველა ვალი გაისტუმრა, მხოლოდ ხელწერილი არ აუღია მისგან.

    ეპისკოპოსმა მევალეს სთხოვა, ქვრივისთვის ქმრის დაკრძალვის ნება მიეცა, მაგრამ ის იმდენად იყო ანგარებით შეპყრობილი, რომ თვით ეპისკოპოსსაც არ დაემორჩილა. მაშინ წმიდა დონატი მკვდართან მივიდა, ხელი დაადო და უთხრა:

    -მისმინე, ადამიანო! ადექი და სიმართლე გვითხარი, გადაუხადე თუ არა ვალი ამ კაცს?

    მკვდარი გაცოცხლდა, წამოდგა და ცრუ მოვალე ამხილა. შემდეგ ხელწერილი გამოართვა, დახია და ეპისკოპოსს სთხოვა, მისთვის კვლავ მიძინება ებრძანებინა.

    -წარვედ მშვიდობით, - უთხრა მას ეპისკოპოსმა და იგი კვლავ მიიცვალა.
**




კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა რასაკვირველია... "მაშ, არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა – რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.




არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობილი, მსგავსი რატომ არაფერი ემართება? აუცილებლად დაემართება, თუმცა, შესაძლოა, ეს ერთბაშად არ მოხდეს; და თუ ახლა ამას თავს დააღწევენ, მით უფრო დიდი საშინელება მოელით შემდგომ, ისინი უფრო მეტად დაისჯებიან. თანაც, ისინი თვითონ აირიდებენ ახლა ამას, მათი შთამომავლები მოიწევენ მათგან დამსახურებულს. მაგრამ, იკითხავ შენ, განა ეს სამართლიანია? დიახ, სამართლიანია. ვინც მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც უმართებულოდაა მოპოვებული, თუმც კი თავად არ მიუტაცებია, მაგრამ ფლობს სხვის საკუთრებას, კარგად იცის ეს და ამიტომ სამართლიანად შეიძლება დაზარალდეს. რამეთუ, შენ რომ რაიმე აგეღო მძარცველისაგან, ხოლო გაძარცვული შენთან მოსულიყო და თავისი საკუთრება მოეთხოვა, განა შეძლებდი თავის გამართლებას იმით, რომ შენ არ გაგიძაცვავს იგი? სრულიადაც არა. მითხარი, რას უპასუხებდი ბრალდების საწინააღმდეგოდ? რომ სხვამ მოსტაცა? თუმცა შენ ფლობ; რომ სხვამ წაართვა? თუმცა შენ მოიხმარ. ეს ცნობილია გარეგანი კანონებითაც, რომელნიც, არ ეხებიან რა მძარცველებსა და ქურდებს, გვიბრძანებენ ვაზღვევინოთ იმათ, ვისაც ვუპოვით ჩვენს საკუთრებას. ამრიგად, თუ შენ იცნობ დაჩაგრულთ, დაასაჩუქრე ისინი და ისე მოიქეცი, როგორც ზაქე, რომელმაც გაცილებით მეტი დააბრუნა; და თუ არ იცნობ, მაშინ მე სხვა გზას გასწავლი და კურნების გარეშე არ დაგტოვებ; ყველაფერი გლახაკებს დაურიგე და ამგვარად გამოასწორებ ჩადენილ ბოროტებას. თუკი მავანმა ასეთი ქონება შვილებსა და შვილიშვილებს გადასცა, ის ერთის ნაცვლად მეორე ბოროტებას შეეყრება. ქონებისგან ადამიანები ერთნაირად განიძარცვებიან, მაგრამ ზოგნი შეიმოსებიან ცოდვებით, რომელნიც ამ ქონებით მოიპოვეს. რას ვიზამთ იმ დღეს, როცა განძარცვულნი და ქონებისგან განთავისუფლებულნი წარვდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე, და როცა არავინ იქნება ჩვენი დამცველი? რას ეტყვი მსაჯულს? ახლა შენ შეგიძლია ადამიანთა სამსჯავრო მოატყუო, მაგრამ მაშინ ეს სამსჯავრო აღარ იარსებებს; ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ახლაც არ შეგიძლია; რამეთუ ახლაც ის სამსჯავრო მოქმედებს თავისი ძალით.

sibrdzne.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий