ღმერთი

ღმერთი

четверг, 10 октября 2013 г.

ანგარება.

ანგარების ცოდვის შესახებ გვესაუბრება წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა მალხაზ ყიფიანი: “ანგარების ცოდვის ამოსავალი მიზეზი სახარებისეულ სწავლებაში უნდა ვეძიოთ. წმიდა წიგნის სწავლება რადიკალურად განსხვავდება იმ შეხედულებებისაგან, რაც ადამიანებს დროთა განმავლობაში თავიანთი ხორციელი ცხოვრების განმავლობაში უყალიბდებათ. სახარებაში უფალი გვმოძღვრავს: განაბნიეთ და მიეცით გლახაკებს და რომ ჩვენმა მარჯვენამ ისე გასცეს, არ იცოდეს მარცხენამ.

ანგარებიანი ადამიანი მიიჩნევს, რომ ყოველივე მას ეკუთვნის და ადამიანურ ურთიერთობასა თუ საზოგადოებრივ ყოფაში, მისი დამოკიდებულება ყოველთვის ასეთია: “მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს”. ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის და ნაბიჯს არ გადადგავს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული რომ დროსაც, ადგილსაც და პიროვნებებსაც, ყველაფერს მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის და თავისი ეგოცენტრული მიზნის მისაღწევ საშუალებად აქცევს. ანგარებისმოყვარე ადამიანი მთელი სიცოცხლე მომხვეჭელური სურვილით ცხოვრობს.


საყურადღებოა, რომ ზოგჯერ ანგარებისმოყვარე ადამიანსაც უყვარს გაცემა, მაგრამ ეს მხოლოდ კაცთმოთნეობით, პატივმოყვარეობით, სხვათა თვალის დასანახად შეიძლება სრულდებოდეს. მისი სურვილია, ადამიანებს მასზე დადებითი წარმოდგენა შეექმნას და როდესაც მის შინაგან ცხოვრების წესს დავუკვირდებით, დავინახავთ, ეს ადამიანი მოჩვენებითად და ფარისევლურად აკეთებს ამ სიკეთეს. შინაგანად ის ყოველთვის მწუხარეა, დაბოღმილია. ასეთი ადამიანის საქციელი გარშემომყოფთა თვალში, ვინც დაუკვირდება ყოველთვის მჟღავნდება.

ხშირად ანგარებისმოყვარე ადამიანი ქონების შეგროვების მიზეზად სიმდიდრის კეთილ საქმეში გამოყენებას ასახელებს, მაგრამ როგორც კი სიმდიდრეს შეიძენს, შემდეგ იმდენად უჭირს მოწყალების გაცემა, რომ მასში უანგაროდ სიკეთის გაკეთებისა და გაცემის კულტურა სრულიად კვდება.

ანგრებისმოყვარე ადამიანების ძებნა მარტო ეკლესიის გარეთ არ არის მიზანშეწონილი. ეკლესიის წიაღში მყოფთა შორისაც არის ეს ვნება დაფარული, კარგად არის შედარებული წმინდა მამებთან ანგარებიანი ადამიანი წყალმანკით დაავადებულებთან. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში მით მეტ წყურვილს გრძნობენ. ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.

ანგარებისმოყვარე ადამიანი რაც დრო გადის, უფრო ვერ აფასებს თავის მდგომარეობას და მასში უფრო მეტად მკვიდრდება ანგარების სურვილი. ასეთი ადამიანების შესახებ ნეტარი ავგუსტინე ამბობს: “ანგარებიანი არ ინდობს არც მამას, არც დედას, არც ძმებსა და არც სხვებს.” “ვაი ანგარებისმოყვარეს! სიმდიდრე მისგან გარბის, მას კი ელის ცეცხლი”,- ამბობს წმიდა ნილოს სინელი.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ანგარება ძალიან მძიმე ცოდვაა, რომელიც ადამიანში შეფარულადაა ფესვგადგმული. იგი მომდინარეობს ჩვენი არასულიერი ცხოვრებიდან. ანგარებისმოყვარეობა თითქოს მოწყალების გაცემის სურვილით იწყება და ღატაკთა მიმართ სიძულვილით მთავრდება.

ანგარებისაგან თავის დასაღწევად აუცილებელია სახარების კითხვა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება დაშორებულია. წმიდა წიგნის წაკითხვის შემდეგ პიროვნება შეიმეცნებს მასში მომძლავრებულ უარყოფით თვისებებს და ღვთის სულის შეხებით მასში სინანული აღიძვრება. ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად. ამიტომაც ადამიანს ესაჭიროება ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ თავთან რათა იყოს მოწყალე და გამცემი. ადამიანი მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. მან უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი, რაც ყველაზე დიდი მეცნიერება გახლავთ. გვახსოვდეს “ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეწყალებულ იქნებიან”.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ანგარების შესახებ

ანგარება არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ სიმდიდრე, განსაკუთრებით ყოველგვარი სიმდიდრის წარმომადგენელი – ფული. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის სხვებზე ძლიერადაა გავრცელებული ადამიანებს შორის, ისე რომ არ არსებობს თითქმის არც ერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყოს მისით დასნებოვანებული. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმდიდრე არის ყველა სხვა სიამოვნების შეძენის საშუალება, ხოლო ცნობილია, რომ ქვეყანაზე ცოტაა ადამიანი, რაიმე სიამოვნებისკენ რომ არ ისწრაფვოდეს და თავისი მდგომარეობის გამოსწორება არ სურდეს. სიმდიდრის ასეთი დიდი მნიშვნელობა აპირობებს იმას, რომ ანგარება ყველა სხვა ვნებაზე მეტად ეუფლება გულს. ყოველი ადამიანი ძაბავს თავის ძალას სიმდიდრის შესაძენად, როცა წარმოიდგენს სიამოვნებას, რომელიც შეიძლება შეიძინოს სიმდიდრით, პატივს, მდიდარ კაცს რომ მიაგებენ, მეორე მხრივ კი, როცა წარმოიდგენს სიღარიბის ყველა გაჭირვებას. ზოგიერთი აკრძალულ ხერხებსაც კი იყენებს თავისი გამდიდრებისათვის, შურით იმსჭვალება მდიდრის მიმართ, როცა მის ბედნიერებას და კეთილდღეობას წარმოიდგენს. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან კეთილი ზრახვებით, სურთ მოახმარონ სიმდიდრე მოყვასთ. მაგრამ ასეთი ადამიანები თავისი მიზნისკენ მიდიან წყნარად და ვნების გარეშე.

ზოგიერთი ადამიანის გულში ანგარების ვნებას განსაკუთრებული, თავისებური მიმართულება ეძლევა. ადამიანთა უდიდეს ნაწილს გამდიდრება სურს მხოლოდ იმ მიზნით, რომ იცხოვროს საამურად, დამოუკიდებლად, მაგრამ ზოგიერთისათვის სიმდიდრეს აქვს არა საშუალების, არამედ მიზნის მნიშვნელობა. ასეთი ადამიანები სიამოვნებას ნახულობენ თავისი სიმდიდრის მხოლოდ ჭვრეტაშიც კი. მათ ხიბლავს და ატკბობს წარმოდგენა იმისა, რომ მდიდარი არიან, რომ განძს ფლობენ. ესაა სიძუნწე. სულის ასეთი მდგომარეობა არის ყველაზე უაზრო და უგუნური. განა შეუძლია მოაზროვნე ადამიანს გაოცების გარეშე წარმოიდგინოს ძუნწი კაცი, რომელიც ფულის სიყვარულის გამო ყველა სიამოვნებას იკლებს! შესაწყალებელი და გასაგებია, რომ ადამიანს უყვარს სიმდიდრე, როგორც საშუალება ცხოვრებისა და ყველა სხვა სიამოვნებისა. მაგრამ რა საკვირველი გზით მიდის გონიერი სული იქამდე, რომ ტკბება სიმდიდრის მხოლოდ მზერითაც კი, თრთოლავს ოქროს ბრჭყვიალის მხოლოდ მხოლოდ ყურებისას, ინახავს ფულს, როგორც ყველაზე მეტად ძვირფას საგანს. ადამიანი ტკბება ოქროთი გატენილი ტომრების ჭვრეტით და ამავე დროს შია და ცივა – ხომ არ არის ეს თავისებური სახის შეშლილობა?

სიძუნწე, როგორც ფაქტი, თუ გნებავთ, სულიერი მოვლენა, გასაგები და ადვილად ასახსნელია: ადამიანმა საშუალება აქცია მიზნად და შეიყვარა სიმდიდრე, ნაცვლად მისი საშუალებით მოსაპოვებელი სიამოვნებისა. მაგრამ გასაოცარია, როგორ მივიდა ის ამ მდგომარეობამდე. კიდევ უფრო საოცარია, რომ სიძუნწე უმეტესწილად ეუფლება ადამიანს სიბერეში, როცა ის ყველაზე ნაკლებს უნდა ფიქრობდეს ამქვეყნიურზე. გარდაცვალებისას ძუნწი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ თავის განძს შორდება. ასეთია ადამიანის სული! ვინ ვერ ხედავს ამაში მისი ზნეობრივი დაცემის საბუთს?

თეონა ნოზაძე.


http://www.ambioni.ge/angareba#more-20839

Комментариев нет:

Отправить комментарий