ღმერთი

ღმერთი

понедельник, 17 апреля 2017 г.

ბულინგი.

ტერმინი ბულინგი (ინგ.Bullying)დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომლზედაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
გამოჰყოფენ ბულინგის შემდეგ ტიპებს: ფიზიკური (დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ა.შ.);
ვერბალური (დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები);
ფარული/შენიღბული ბულინგი (რთული მისახვედრია როდის ხორციელდება; მოძალადე "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის
რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე);
კიბერბულინგი (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა).
ბულინგის შემთხვევებს ყოველდღიურად ხშირად ვხვდებით ოჯახებში, სამუშაო ადგილებსა და, განსაკუთრებით, სკოლებში. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია. UCLA-ს მონაცემების მიხედვით, საშუალო სკოლაში ბულინგს ხელს უწყობს სოციალური სტატუსი და პოპულარობა. ლოს ანჯელესის 11 საშუალო სკოლაში გამოკითხეს 1895 მოსწავლე. გამოკითხვების თანახმად არსებობს სტერეოტიპი: ბავშვი, რომელიც "ავტორიტეტად" ითვლება ხშირად ჩაგრავს სხვებს და, აქედან გამომდინარე, მჩაგვრელი ყოველთვის "მაგარ" ადამიანთან ასოცირდება. DHHS (Department of Health and Human Services) -ის 2014 წლის მონაცემებით მოზარდების 70, 6% აღიარებს, რომ შესწრებია ბულინგის შემთხვევას, ხოლო, დაახლოებით, 30% აღნიშნავს, რომ თვითონ ყოფილა ბულინგის მსხვერპლი.
მოძალადის მახასიათებლები:
უყვართ სხვებზე ბატონობა;
არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან;
არიან აგრესიულები და გამომწვევად იქცევიან;
მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ემოციური და ქცევითი მახასიათებლები:
აქვთ ძილთან და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები;
ხშირად ტირიან და შფოთავენ;
ადვილად ეცვლებათ განწყობა;
დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებენ;
არაადეკვატურად იქცევიან;
გამუდმებით "კარგავენ" ფულს ან იწყებენ მოპარვას.
ფიზიკური მახასიათებლები:
აქვს აუხსნელი სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და სხეულზე არსებული სხვა იარები ;
სახლში დაზიანებული ნივთებითა და დახეული ტანსაცმლით ბრუნდება;
მშიერი მიდის სახლში.
მახასიათებლები, რომლებიც სკოლას უკავშირდება:
არ უნდა სკოლაში სიარული;
სკოლაში წასვლისას იცვლის მარშრუტს და სხვადასხვა გზით მიდის "დანიშნულების ადგილამდე";
სკოლაში წასვლის ეშინია;
საგრძნობლად უარესდება აკადემიური მოსწრება.
სხვა ნიშნები:
მსხვერპლი ხშირად მარტოა, სხვა ბავშვებისგან გარიყულია;
აქვს დაბალი თვითშეფასება;
უჭირს გაბედულად საუბარი.

რჩევები ბულინგის მსხვერპლთა მშობლებისათვის:

მოსმენა: უნდა მოისმინოთ მისი ამბავი, ისე რომ არ შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იყოთ თანამგრძნობნი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნახეთ როგორ წარიმართება მოვლენები, შესაძლოა ბავშვმა კიდევ ერთხელ დაიწყოს თავისი ამბის მოყოლა.
საუბარი: საჭიროა ბავშვთან საუბარი იმის შესახებ რაც თავს გადახდა. უფროსმა აშკარად არ უნდა გამოხატოს ისეთი ემოციები როგორიცაა აღშფოთება და დისტრესი, რადგან ამან შეიძლება ბავშვის ემოციები უფრო ინტენსიური გახადოს, გამოიწვიოს ნეგატიური უკუკავშირი და შეაფერხოს სხვა დროს მასთან საუბარი .
ნორმალურია რომ ბავშვი წუხს, ის არასოდეს შეეგუება ჩაგვრას.
უნდა კითხოთ რა სურს რომ მოხდეს მომავალში, ხშირად მათი სურვილია ბულინგის აღმოფხვრა, მაგრამ შეიძლება ფიქრობდეს, რომ თუ მოძალადე ისჯება, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისთვის ეს უარესი იქნება.
უნდა გაირკვეს სად და როდის მოხდა ბულინგის შემთხვევა, ვინ იყო ჩართული მასში, რამდენად ხშირად ხდება ეს ქმედება, იმყოფებოდა თუ არა ვინმე შემთხვევის ადგილზე.
სკოლასთან დაკავშირება:
საჭიროა ბავშვის მასწავლებელთან ან დირექტორთან გასაუბრება;
უნდა გაირკვეს, იცის თუ არა სკოლის ხელმძღვანელობამ დატერორების ფაქტების შესახებ;
უნდა შემოწმდეს, როგორ პოლიტიკას ატარებს სკოლა, რათა აღმოიფხვრას ძალადობის შემთხვევები;
მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნას შედარებით დაცული სივრცე სასწავლო დაწესებულებებში და დაწესდეს მკაცრი კონტროლი.

ბავშვებს უნდა აუხსნან, რომ უმჯობესია თუკი მოერიდებიან მოძალადეებს, ან იმ სიტუაციებსა თუ ადგილებს, სადაც შესაძლოა გამოვლინდეს მომავალი ძალადობრივი ქმედება;
თუ ბავშვი ითხოვს სახლში დარჩენას და არ სურს სკოლაში სიარული, უნდა განუმარტონ რომ ასეთი საქციელი ვერ გამოასწორებს სიტუაციას და შეიძლება უარესიც კი იყოს მისთვის;
თუ შესაძლებელია, ბავშვების სურვილის შესაბამისად, ჩართონ ისინი სხვადასხვა აქტივობებში მაგ: სკოლის კლუბებში ან სკოლის გარეთ არსებულ სხვა ჯგუფურ საქმიანობაში;
მშობელმა უნდა შთააგონოს ბავშვს, რომ ძალადობას ძალადობითვე არ უნდა უპასუხოს და ასწავლოს ბულინგის საპასუხოდ არსებული ალტერნატიული ქმედება, მაგ: ნეიტრალური ენის გამოყენება ან (საჭიროების შემთხვევაში) ხუმრობაც კი.

ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ხალხი პრობლემის იოლ გადაწყვეტას ძალმომრეობაში, სხვათა ჩაგვრასა და შეურაცხყოფაში ხედავს. აუცილებელია ბავშვების მიერ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა, რათა ზრდასრულობაში მძაფრი გამოვლინება არ ჰპოვოს და ისეთი ფატალური შედეგით არ დასრულდეს, როგორიცაა - მოძალადედ ჩამოყალიბება. საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და გადაჭრით თქვას "არა" ძალადობას!

ავტორი:ანი ჯალაბაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий