ფსალმუნი 72.
- 1რა კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
- 2მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, ლამის მომიცურდა ნაბიჯები,
- 3რადგან შემშურდა უგუნურებისა, ვხედავდი რა ბოროტთა კეთილდღეობას.
- 4რადგან არა აქვთ ტკივილი სიკვდილამდე და ჯანსაღნი არიან.
- 5კაცთა სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ,
- 6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
- 7სიმსუქნისგან თვალები გადმოკარკლეს, სიბრიყვით აევსოთ გულები.
- 8ავად და დამცინავად ლაპარაკობენ, ძალადობით იმუქრებიან.
- 9ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება.
- 10ამიტომ მისი ხალხიც მათ მიმართავს ხოლმე და სვამენ მათ სიტყვებს, როგორც წყალს სავსე თასიდან.
- 11ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?
- 12აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;
- 13განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?
- 14ყოველ დღე ვიტანჯებოდით და ვისჯებოდით ყოველ დილით.
- 15რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.
- 16და განვიზრახე, რომ გამეგო ეს, მაგრამ ძნელად მეჩვენებოდა,
- 17ვიდრე ღვთის საწმიდარში მოვიდოდი და მათ ბოლოს მივხვდებოდი.
- 18ნამდვილად მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი; შენ მოსპობ მათ.
- 19როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ შიშის ზარისგან!
- 20როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, ისე მოიძულებ მათ სახეებს, როცა აღსდგები, უფალო.
- 21როცა გული მიმწარდებოდა და შინაგანი მეფლითებოდა,
- 22უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, პირუტყვს დავემსგავსე შენ წინაშე.
- 23და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.
- 24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.
- 25ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.
- 26ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.
- 27რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი დაიღუპებიან; შენ სპობ ყველას, ვინც არ გიერთგულებს.
- 28ჩემთვის კი სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე; უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად. ყველა შენს საქმეზე ვილაპარაკებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий