ღმერთი

ღმერთი

среда, 26 апреля 2017 г.

წმიდა იოანე ოქროპირი მიწიერი სამშობლოთი და წინაპართა მიღწევებით სიამაყის შესახებ

`რატომ ამაყობ მამულით,   ბრძანებს უფალი,   მაშინ, როცა მე დაგავალე, მთელ სამყაროში მწირი ყოფილიყავი, როცა ძალგიძს, ისეთი გახდე, რომ სრულიად სამყარო შენს ღირსად თავს ვერ მიიჩნევდეს? შენი წარმომავლობა იმდენად ნაკლებმნიშვნელოვანია, რომ თავად წარმართი ფილოსოფოსებიც კი არ ანიჭებენ მას არანაირ მნიშვნელობას, გარეგნულს უწოდებენ და უკანასკნელ ადგილს მიაკუთვნებენ. ამის მიუხედავად, მეტყვით, რომ პავლე მოციქული ამას უშვებს, როდესაც ამბობს: `სახარებისა მისგან მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათვის~ (რომ. 11, 28). მაგრამ მითხარი, როდის, ვის შესახებ და ვის ეუბნება ის ამას? მოქცეულ წარმართებს, რომლებიც ამაყობდნენ თავიანთი რწმენით, უჯანყდებოდნენ იუდეველებს და ამით კიდევ უფრო იზრდებოდა გაუცხოება მათ შორის. ამრიგად, ის ამას იმისთვის ამბობს, რომ ზოგიერთში ყოყოჩობა და ზვიადობა ჩაახშოს, სხვები კი მოიზიდოს და მსგავსი მოშურნეობა გააღვივოს მათში. როდესაც მოციქული ამ კეთილშობილ და დიად მამებზე საუბრობს, უსმინეთ, რას ამბობს: `რამეთუ, რომელნი ესევითარსა იტყვიედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიხსენებდეს, ვინაი-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაი. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყვის, ესე იგი არს ზეცისასა, ამისთვისცა არა სირცხვილ უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი~ (ებრ. 11, 14-16). და კიდევ: `სარწმუნოებით მოწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს~ (ებრ. 11, 13). სწორედ ასე ეუბნებოდა იოანე მასთან მისულებს: `და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩუენ აბრაჰამი~ (მათე 3, 9). პავლეც ბრძანებს: `არა ყოველნი ისრაელისაგანნი ესენი არიან ისრაელ… ესე იგი არს, არა თუ შვილნი ხორცთაგანნი ესენი არიან შვილ ღმრთისა~ (რომ. 9. 6, 8).
სინამდვილეში, მითხარი, რა სარგებელი ექნებოდათ სამოელის შვილებს მათი მამის კეთილშობილებიდან, თუ თავად მემკვიდრეობით არ გადაეცათ მისი სათნოებები? რა სარგებელი ექნებოდათ მოსეს შვილებს, თუ მისი მკაცრი ცხოვრების მოშურნენი არ აღმოჩნდებოდნენ? მათ არ ერგოთ მემკვიდრეობით მისი ძალაუფლება. ისინი მის შვილებად იწერებოდნენ, მაგრამ ხალხის მართვა გადავიდა სხვაზე, ვინც სათნოებებით იყო მოსეს შვილი. და პირიქით, რა ზიანი მიაყენა ტიმოთეს იმან, რომ მამა წარმართი ჰყავდა? კვლავ და კვლავ, რა სარგებელი ჰქონდა ნოეს ძეს თავისი მამის სათნოებებისგან, თუკი თავისუფალი ადამიანისგან მონად იქცა? ხედავ, რა მცირე დაცვაა შვილებისთვის მათი მამების კეთილშობილება და სათნოებები? ნებელობის გარყვნამ დაჯაბნა ბუნების კანონები და ქამი მხოლოდ მშობლის კეთილშობილებას კი არ მოაკლდა, არამედ თავისუფლებაც დაკარგა. განა ესავიც არ იყო ძე ისააკისა, რომელიც მას შუამდგომლობდა კიდეც? მართალია, მამაც ცდილობდა და სურდა, რომ ის კურთხევაში თანამონაწილე ყოფილიყო, თავადაც ამისთვის აღასრულებდა მამის ნებას, მაგრამ რადგან თვითონ კარგი არ იყო, ეს ყველაფერი ვერ დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითად პირმშო იყო და მამაც მასთან ერთად ყოველნაირად ცდილობდა მისი უპირატესობის შენარჩუნებას, მაინც დაკარგა ყველაფერი, რადგან ღმერთი არ იყო მასთან. მაგრამ რას ვამბობ ცალკეულ ადამიანებზე? იუდეველები ღვთის ძენი იყვნენ, მაგრამ ამ ღირსებიდან ვერაფერი შეითვისეს. მაშასადამე, თუ ვინმე (თუნდაც ის შვილი და რჩეული იყოს) იმის გამო, რომ ასეთი კეთილშობილების შესაფერის სათნოებებს არ გამოიჩენს, უფრო მეტად დაისჯება, მაშ რაღა ითქმის წინაპრების კეთილშობილების წარმოჩენაზე? თანაც, არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც შესაძლებელია იგივეს მოძიება. `ხოლო ერაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი~ (იოანე 1, 12). სხვათა შორის, ამ შვილთაგან ბევრისთვის, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ასეთი მამის ყოლა სავსებით უსარგებლოა. `უკუეთუ წინადაიცვითოთ, — ბრძანებს ის, — ქრისტემან თქუენ არარაი გარგოს~ (გალ. 5, 2). და თუ ქრისტეც სავსებით უსარგებლოა მათთვის, ვინც საკუთარ თავს არ მიაყურადებს, მაშ, რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ადამიანურ შუამდგომლობას?
მაშ მოდით, ნუ ვიამაყებთ ნურც კეთილშობილი წარმოშობით და ნურც სიმდიდრით, არამედ გვძაგდეს მსგავსი უპირატესობით გაამაყებულნი; სიღარიბის გამო ნუ ვიწუწუნებთ, არამედ ვეძიოთ ის სიმდიდრე, რომელიც კეთილ საქმეებშია დავანებული, და გავექცეთ ცოდვაში შემყვანებელ სიღარიბეს. ამ უკანასკნელი მიზეზით ცნობილი მდიდარიც მართლაც რომ ღარიბი იყო, რადგან გადამეტებული თხოვნის მიუხედავად, ერთი წვეთი წყალიც კი ვერ მიიღო; სხვათა შორის, არის კი ჩვენში მართლაც ვინმე ისეთი ღატაკი, ვისაც გასაგრილებლად წყალიც კი არ ჰქონდეს? ერთიც არ არის.  მათაც კი, ვინც უკიდურესი შიმშილით იტანჯებიან, შეუძლიათ, წვეთი წყალი ჰქონდეთ; და არა მხოლოდ წვეთი წყალი, არამედ სხვა, ბევრად აღმატებული უპირატესობანიც. ამ მდიდარს კი ესეც არ ჰქონდა – ასეთი ღარიბი იყო და, რაც ყველაზე დამამძიმებელია, თავის სიღატაკეში ნუგეშს არსაიდან მოელოდა.
მაშ რატომ ვეხარბებით ფულს, თუკი მას ზეცაში არ ავყავართ? მითხარი, რომელიმე მიწიერ მეფეს რომ ეთქვა, რომ მდიდარი ვერ იბრწყინებს მის სამეფო სასახლეებში, ან რაიმე პატივს ვერ მიაღწევს, განა ყველა სიძულვილით არ მიატოვებდა თავის მამულებსა და ქონებას? მაშასადამე, თუ მზად ვართ, მოვიძულოთ ქონება, თუკი ის მიწიერ მეფესთან პატივს მოგვაკლებდა, მაშ ზეციური მეფის ხმაზე, რომელიც ყოველდღიურად მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ სიმდიდრით ვერ შევაღწევთ იმ წმიდა საუფლოში, განა არ მოვიძულებთ ყოველივეს და არ უარვყოფთ სიმდიდრეს, რათა თავისუფლად შევიდეთ ღვთის სასუფეველში?~

მათეს სახარების განმარტება, ტომი მე-7, წიგნი პირველი, საუბარი მე-9
faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий