ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 апреля 2017 г.

ჰომო ლიბერ


როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ამოსავალ დებულებად ვიღებთ აქსიომას, რომლის თანახმად არსებობს ერთი კაცობრიობა და მასში ყოველი მოდგმა ერთადერთი და განუმეორებელია. ასევე ყოველ მოდგმაში ყოველი ადამიანი, თითოეული ადამიანის არსებობა უნიკალურია. უნიკალობის უღიარებლად ადამიანის უფლებებზე საუბარი გაუგებარი იქნებოდა. ღრმად რომ არ წავიდეთ, ადამიანის საიდუმლოებრივ უნიკალობაზე საუბარში, ვთქვათ ერთი ჭეშმარიტება: ადამიანის ღირსების თავი და თავი მისი პიროვნების უნიკალობაა. ამ უნიკალობაში ყველა ადამიანი თანასწორია. ყველას აქვს უფლება თქვას სიღრმისეულად მე და არავის _ ვინმეს აუკრძალოს ამის თქმა.

უნიკალობიდან ამოდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც უნივერსალური ხასიათისაა. ისინი არ არის დამოკიდებული არც რასაზე, არც ცივილიზაციაზე, არც საზოგადოებაზე, არც სახელმწიფოზე, არც კანონმდებლობაზე. სხვაგვარად, ამ უფლებებს მას ანიჭებს არა რასა, არა ცივილიზაცია, არა საზოგადოება, არა სახელმწიფო, არა კანონი, არამედ ისინი შეადგენენ მისი, როგორც ადამიანის, არსებას. ისინი მისი ადამიანად ყოფნის აუცილებელი პირობებია, რომელთა გარეშე ადამიანი დაკარგავდა ადამიანობას. ამავე დროს ისინი თანდაყოლილია, უფრო მეტიც: ისინი წინ უძღვიან მის არსებას და არსებობას. ადამიანის უფლებათა თანდაყოლილობა ვლინდება უფლებათა ერთმანეთისგან განუყოფლობასა და ურთიერთგანპირობებულობაში. ერთი მათგანის შებღალვა-შევიწროება იწვევს სხვათა ხელყოფას და დაკნინებას.
მართლაც, თუ არ ვაღიარებთ “ადამიანის უფლებათა დეკლარაციის” პირველი პარაგრაფის დებულებას, რომ “ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებით და უფლებებით”, ყველა დანარჩენ უფლებებს, როგორიც არის უფლება სიცოცხლისა, პირადი ხელშეუხებლობისა, თავისუფალი შრომისა და სხვა და სხვათა, საფუძველი ეცლება. ან, თუნდაც, თუ ირღვევა ერთ-ერთი მათგანი, როგორიც არის, ვთქვათ, უფლება მე-ს წარმოთქმისა, არ უნდა მოველოდეთ, რომ რომ სხვა უფლებები დაცული იქნება და ადამიანს შეეძლება ადამიანობის სრულყოფილად განხორციელება.
ადამიანი მრავალ განზომილებაში მოქმედი და მოღვაწე არსებაა:
ადამიანი იმყოფება, მოქმედებს, იღვწის მატერიალურ და ცოცხალ სამყაროში და ყოველი მისი ქმედება ამ სამყაროს, ბუნების, გარდაქმნას იწვევს. იგი ბუნების პატრონია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ემორჩილება მის კანონებს, ექვემდებარება მათ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფუძემდებლურ წიგნში, ბიბლიაში, ადამიანი, თავად ღვთის ქმნილება, ღვთის შექმნილი არსება, ბუნების მბრძანებლად არის გამწესებული, როგორც მიწათმოქმედი და როგორც მწყემსი, როგორიც იყო ადამი _ მზრუნველი მიწისა და მზრდელი ცხოველთა. ეს იყო იმთავითვე (და დღემდე ასეა) მისი უფლება და მოვალეობა.
ადამიანი არის გონიერი არსება (ჰომო საპიენს), რომლის ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრულობა აზროვნებაა. აქედან მისი უფლება თავისუფალი აზროვნებისა და აზროვნების ნაყოფის თავისუფლად გამოთქმისა.
ადამიანი არის მორალური არსება (ჰომო მორალის), ანუ პასუხისმგებელი თავის ქმედება-მოღვაწეობაზე და თავის საქციელზე. აქედან მისი უფლება მოქმედების თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობისა.
ადამიანი არის შემოქმედი (ჰომო ლუდენს “მოთამაშე”), რომელსაც აქვს უფლება თავისი არსებობის მიზანს თავის შემოქმედებაში ხედავდეს და ახორციელებდეს მას დამოუკიდებლივ პოლიტიკისა და პრაგმატული სარგებლიანობისა, და არ შეიძლება წმინდა შემოქმედების („ხელოვნება ხელოვნებისთვის“) ეს უფლება წაერთვას მას ან შეეზღუდოს რაიმე პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან თუნდაც პატრიოტული მოტივით.
ადამიანი არის საზოგადოებრივი არსება (არისტოტელეს განსაზღვრებით, ძოონ პოლიტიკონ), რომელსაც აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში იკვეთება მისი, როგორც ადამიანის, ერთი ძირითადი ასპექტი, რადგან ის სხვაგვარად ვერ მოიაზრება, თუ არა სხვა ადამიანთა გარმოცვაში ანუ საზოგადოებაში. და თუ დაისმის კითხვა, რომელია პირველადი _ ადამიანი თუ საზოგადოება, პასუხი პირველის სასარგებლოდ გაიცემა: ადამიანი, როგორც ინტეგრალური არსება, არა მხოლოდ მე, არამედ როგორც მე-და-შენ (მარტინ ბუბერით) თავად არის საზოგადოების წყარო.
ადამიანი არის ბიოლოგიური არსება. აქედან მისი უფლება სიცოცხლეზე, საზრდოზე, ნივთიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. მართალია, ადამიანის ეს განზომილება რანგით უდაბლესია, ხშირად დაკნინებული და ასკეტურად უარყოფილ-დათრგუნული, მაგრამ ის პირველადი ბუნებრივი მოცემულობაა, ის ნიადაგია, რომლის გარეშე ადამიანი ვერ განახორციელებს სულიერ და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებულ ვერც ერთ უფლებას. და ეს არის მისი სიმაღლის ნიშანი, მისი ფუნდამენტური განსხვავება სხვა ცოცხალ ქმნილებათაგან, რომ მას შეუძლია გამოიყენოს და ამსახუროს თვისი ბიოლოგიური არსება უფრო მაღალი დონის მიზანს, ვიდრე ბიოლოგიური სიცოცხლეა, ან უარი თქვას თავისი ბიოლიგიურ მოთხოვნილებებზე ან შეზღუდოს ისინი უფრო მაღალ მოთხოვნილებათა გულისათვის. ეს მისი უფლებაა და ვერავინ წაართმევს მას.
ადამიანი არის რელიგიური არსება (ჰომო რელიგიოსუს), ანუ მას უფლება აქვს თავისუფლად აღიაროს, ირწმუნოს და დაიკმაყოფილოს სარწმუნოებრივი მოთხოვნილებები. რელიგიური ადამიანი თავის თავში განიცდის თავის თავზე მაღალ არსებას, რომელსაც, როგორც მაღალს და უზენაესს, ემორჩილება. ღვთის მონის ცნებაში სიტყვა „მონა“ არ არის ის სიტყვა, რომელიც ადამიანთა შორის სოციალურ თუ პიროვნულ დამოკიდებულებას გამოხატავს. სხვაა აბსოლუტური არსების მონობა და სხვაა ჩემივე მსგავსი ადამიანის მონობა.
მაგრამ ყველა უფლების თავი და თავი, საფუძველი ერთია, ეს არის თავისუფლება, თავისთავადობის უფლება. ადამიანს აქვს უფლება, ასევე თანდაყოლილი, რომ იყოს თავისუფალი, ფიქრობდეს თავისუფლად, ლაპარაკობდეს თავისუფლად, იქცეოდეს და მოქმედებდეს თავისუფლად და, ბოლოს, სწამდეს არ ან სწამდეს თავისუფლად.
ვერც ერთ კერძო უფლებას ადამიანი ვერ გამოიყენებდა, თავისუფალი ნებელობითი აქტივობის გარეშე. თავისუფლება ის მოწოდებაა, რომლითაც ხდება სხვა უფლებათა რეალიზაცია. შეიძლება დავაზუსტოთ: ადამიანს ადამიანად, ყველა ზემოთჩამოთვლილ განზომილებებში მოქმედ არსებად, თავისუფლება ანუ, სხვაგვარად, თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანის უნარი და მისი გამოყენების შესაძლებლობა ქმნის. თავისუფლება ადამიანის საფუძველმდები კატეგორიაა და, იმავდროულად, მისი მუდმივი ქმნადობის და მასთან ერთად მთელი საზოგადოების წინსვლის პირობაცაა.
ადამიანი ორ სამყაროში იმყოფება _ აუცილებლობის სამყაროში, როგორც ბიოლოგიურ, სასიცოცხლო პროცესებს დაქვემდებარებული არსება, და თავისუფლების სამყაროში, როგორც სულიერი არსება, რომელსაც ძალუძს დაიქვემდებაროს და წარმართოს ბიოლოგიური პროცესები. მის განზომილებებს ემატება ყველაზე არსებითი და სიღრმისეული _ ჰომო ლიბერ სხვა ჰომოთა შორის.
ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილებისა და ღვთის ხატის, თავისუფლება, ღვთის უსასრულო, დაუსაზღვრავი, აბსოლუტური თავისუფლების ამქვეყნიური ანაბეჭდია. ადამიანს არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ ევალება კიდეც, იყოს თავისუფალი. ეს, შეიძლება ითქვას, კატეგორიული იმპერატივია. მაგრამ ადამიანის თავისუფლება უკან იხევს მეორე ადამიანის თავისუფლების წინაშე. ამ უკანდახევით არათუ კნინდება თავისუფლება, არათუ იბღალება ადამიანის უფლება, არამედ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ადის და ღრმავდება მისი საზრისი. უმაღლესი თავისუფლება მდგომარეობს სწორედ თავისუფლების ნებაყოფლობით მოზღუდვაში ან მასზე უარის თქმაში. და ეს უნარი აქვს ადამიანს. ეს, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ღვთაებრივი უნარია.
ამ მოზღუდვაში ადამიანი ჭეშმარიტად ღვთიურ უნარს ავლენს. ამ დროს მის თვალში ადამიანის თავისუფლება უმაღლეს ღირებულებას იძენს, ამ დროს ადამიანი თავის წარმავალ ეგოზე მაღლა დგება, ის თითქოს ღმერთი ხდება, აბსოლუტური არსება, რომლის თავისუფლება ერთადერთი ზღვარით _ ადამიანის თავისუფლებით არის დასაზღვრული (ადამიანისთვის მოხდა ღვთის განკაცება, რომელსაც სხვა სახელწოდებაც აქვს _ “კენოზის“ ანუ წარმოცარიელება ღვთაებობისგან, ღვთიურობის უკან დახევა ადამიანისთვის ადგილის მოსაპოვებლად; ებრაულ კაბალაში ეს არის „ციმცუმ“ _ ღმერთის თვითშეზღუდვა-შეკუმშვა ქმილებისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად).
ღმერთი არ ძალმომრეობს ადამიანის თავისუფლებაზე, ის არ ერევა მის თავისუფალ არჩევანში. გასაგებია მისი წუხილი ადამის არჩევანის გამო, რამაც მას სიკვდილი მოუტანა, მაგრამ მას არ შეეძლო მოესპო მისთვის არჩევანის შესაძლებლობა. ღმერთი სწუხს ადამის საბედისწერო არჩევანის გამო, მაგრამ ის „ხარობს“ იმის გამო, რომ ეს არჩევანი მისი არჩევანია.
ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანის ნება ალმასივით გაუბზარავია და თუ ვინმეს ძალუძს მისი გაბზარვა და დამსხვრევაც კი, ეს თავად ადამიანია _ ამ ნების მფლობელი. და თუ ვინმესადმი ან რაიმესადმი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, ეს _ უპირველეს ყოვლისა _ მისი თავისუფლებაა, ეს არის ღვთის ხატი ადამიანში. ადამიანის თავისუფალი ნება ისეთი ტალღაა, რომლის წვერზე ატაცებულს არავითარი საფრთხე არ ემუქრება _ ის მუდამ ადამიანად დარჩება. მან შეიძლება დაკარგოს ბევრი რამ, მაგრამ ყოველი დანაკარგი ეფემერული იქნება და დანაკარგი ეღირება იმის შესანარჩუნებლად, რაც ადამიანის მთავარ არსებას და ღირსებას შეადგენს. ადამიანი ისევ და ისევ ადამიანობის ღირსებისთვის ვალდებულია ზიდოს თავისუფლების ტვირთი, რაც უნდა მძიმე იყოს იგი. მას არა აქვს მასზე უარისთქმის უფლება, თუ სურს ადამიანად დარჩეს.
იოანე ოქროპირი მარტივად და ამომწურავად პასუხობს კითხვაზე, თუ რა ძალისაა ადამიანის თავისუფალი ნება. იგი, როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს:
„ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებასა ჩვენსა ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგვიღებენ ნებასა ჩვენსა. ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გვაწვევს ნებასა მისსა შედგომად და უკეთუ ვერ მიდრიკოს გონება ჩვენი ნებასა მისსა, აღატყინოს ცოდვა, ვითარცა ცეცხლი. და უკეთუ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს იძულებად ჩვენდა. ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწვევენ ჩვენ კეთილსა ზედა და უკეთუ არა ვინებოთ თავით თვისით საქმედ კეთილსა, არა მაიძულებენ ჩვენ გზასა მას მეუფისასა, სადა ვლენან მონანი მეუფისანი”. განა „ვით ეჟვანნი“ არა ჟღერენ ეს სიტყვები?
ანუ ეშმაკი ცდილობს და ვერ დაგვიყოლიებს, თუ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს ნებაზე, ხოლო ღმერთი არ ცდილობს ჩვენს დაყოლიებას ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან ის პატივს სცემს ჩვენში ნებას. ღმერთი არ წავა თავისი თავის წინააღმდეგ, რადგან ადამიანში თავის თავს, როგორც ღვთის ხატს ხედავს. აქედან გამომდინარე, ყოველი იძულება ადამიანის ნებაზე ღვთის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ადამიანი იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც ის თავისუფალია თავისი ბიოლოგიური დასაზღვრულობისგან, რამდენად ცხოვრობს ის სულის კანონებით და სულის კარნახით და არა მაიძულებელი ბიოლოგიური კანონებით და კარნახით; რამდენად ძლეულია მის არსებაში ბუნების კანონები. ანუ რამდენად ცხოვრობს ის და არა მხოლოდ ცოცხლობს; რა შექმნა მან თავისი ბიოლოგიური არსებობისგან, რომელიც უსასყიდლოდ მიეცა მას. რამდენად ხშირად უხდება მას გამოყენება ქართული ზმნის ერთი თავისებური ფორმისა, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას გამოხატავს: შემომეხარჯა, შემომეჭამა, შემომაკვდა და ა. შ. რამდენი სული გაყვა ვაკე-საბურთალოს გასაყარზე გამოფენილ ლოზუნგის ხმას: „დაემორჩილე წყურვილის გრძნობას!“ („წყურვილი“ ფიზიოლოგიური სხვა გრძნობის ევფემიზმიც არის).
როცა პავლე მოციქული თავისუფლებაზე ქადაგებს დაუცხრომლად, ის არასოდეს გულისხმობს სოციალურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ თავისუფლებას, ის არასოდეს გამოსულა მონობის, როგორც ინსტიტუტის, წინააღმდეგ. კანონებისა და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნათა და მათი მოიმედეობის ბუმში, როგორც დღეს არის, ეს უნდა გვახსოვდეს. ქრისტეში „არა არს მონება, არცა აზნაურება” (გალ. 3:28). აზნაური, სოციალურად თავისუფალი ადამიანი, შეიძლება იქცეს მონად ანუ სულიერად დაემონოს ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, ცოდვას… და, პირუკუ, სოციალურად მონა შეიძლება იყოს სულიერად თავისუფალი, რადგან სულიერ თავისუფლებას არა აქვს სოციალური საზღვრები. „გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა, და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვისვამს” (1კორ. 12:13). როცა მოციქული მონებს ბატონთა მორჩილებისკენ მოუწოდებდა, სულიერი თავისუფლებისკენ მოუწოდებდა მათ.
ამ რიგის თავისუფლებისადმი საზოგადოების უმეტესი ნაწილი გულგრილია და ამიტომაც მას არაფრად უღირს მისი გამოხატულება იმ სხვათა მოქმედებასა თუ აზროვნებაში, რომლებიც უმცირესობას შეადგენდნენ ყოველთვის და შეადგენენ დღესაც. ეს კულტურის პრობლემაც არის. კულტურა თავისთავად თავისუფლების პროდუქტია და, რაც უფრო მაღალ კულტურას არის ზიარებული ადამიანი, იმდენად მეტი მასში თავისუფლების ხარისხი.
ბრბო თავისუფლებას, რაც არ გააჩნია მას, მით უფრო პიროვნების თავისუფლებას არად დაგიდევს. ბრბო, ხშირად შეცდომით ხალხად, ერად წოდებული, არ არის თავის-უფალი, არამედ სხვის-მონაა (მიხ. ნანეიშვილის ტერმინით) და მან ეს არ უწყის. ეს დადასტურდა ჩვენს უახლოეს წარსულში, რომელიც შესაძლოა დღესაც აწმყო იყოს და დღესაც თავს იჩენდეს მოჩვენებითად სულიერი, მაგრამ თავისი ბუნებით ბიოლოგიური იმპულსები.


.orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий