ღმერთი

ღმერთი

среда, 26 апреля 2017 г.

რა ვუპასუხოთ სტივ ჯობსს

რა ვუპასუხოთ სტივ ჯობსს



ანუ კიდევ ერთხელ ბავშვის ცრემლზე

ამ ადამიანს `მეწარმეობის ხატს~ უწოდებენ. ის უკვე არა უბრალოდ `სელფ-მეიდ-მენი~, არამედ მთელი ეპოქის სიმბოლოა.
როგორ ეკიდებოდა სტივ ჯობსი რელიგიას? ბევრისთვის ცნობილია, რომ Apple–ის დამაარსებელი პრაქტიკოსი ბუდისტი იყო. მაგრამ ყოველთვის ასე როდი გახლდათ.
მეწარმის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა უოლტერ აიზეკსონმა დაწერა, საინტერესო თხრობაა:
`პოლი და კლარა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები როდი იყვნენ, მაგრამ თავიანთი ვაჟისთვის რელიგიური აღზრდის მიცემა სურდათ, ამიტომაც კვირაობით ლუთერანულ ეკლესიაში დაჰყავდათ. მაგრამ როცა სტივს 13 წელი შეუსრულდა, იქ სიარული შეწყვიტა. ჯობსებს გამოწერილი ჰქონდათ ჟურნალი — Life, რომლის 1968 წლის ივლისის ნომრის გარეკანზეც ბიაფრის მშიერი ბავშვების ფოტოები იყო დაბეჭდილი. სტივმა ჟურნალი საკვირაო სკოლაში მიიტანა და პასტორს ჰკითხა:
-თუ მე თითს ავწევ, ამ მოძრაობის შესრულებამდე ეცოდინება თუ არა უფალს, რომელი თითის აწევას ვაპირებ?
-რასაკვირველია, უფლისთვის ყოველივე ცნობილია, — მიუგო პასტორმა.
მაშინ ჯობსმა მას ჟურნალ Life-ის ფოტო აჩვენა:
-უფალმა იმის შესახებაც უწყის, რომ ეს ბავშვები შიმშილობენ?
-სტივ, მესმის, რომ ამის დაჯერება გიჭირს, მაგრამ უფალმა ესეც იცის.
მაშინ ჯობსმა განაცხადა, რომ არ სურს, ასეთი ღვთისა სწამდეს და მას შემდეგ ეკლესიაში აღარასოდეს შესულა.
Apple-ის იმპერიის მომავალმა დამაარსებელმა იცოდა, რაზე კამათობდა. ასეთი კითხვით შესაძლებელია, `დახურო თემა~ ნებისმიერ მღვდელთან საუბრისას, თუნდაც ის ყველაზე ჭკვიანი და განათლებული იყოს. ამის მიზეზი კი სულაც არ გახლავთ ის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. უბრალოდ, არსებობს თავისი არსით ძალზე უზნეო ქმედებები, თუმცაღა, შესაძლოა, ისინი გარეგნულად ძალზე წესიერად და ღვთისმოსავადაც კი გამოიყურებოდეს. მაგალითად, დაჯდე ტაძრის ჯიხურში და მოთმინებით მოუყვე 13 წლის მოზარდს, რატომ უშვებს უფალი ბიაფრიში მშიერი ბავშვების ტანჯვას; ეს დაახლოებით იგივეა, რაც ბავშვს აუხსნა, თუ რატომ უვლიან გვერდს დღისით-მზისით ერთი შეხედვით სავსებით ნორმალური ბიძიები და დეიდები ტროტუარზე პირქვე დამხობილ ადამიანს.
პასტორი გონივრულად მოიქცა, როცა ყრმა სტივ ჯობსს არ შეეკამათა. იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მისი ნებისმიერი პასუხი გაჟღერდებოდა, როგორც უსამართლობის გამართლების ცინიკური მცდელობა; ახსნა იმისა, რომ აქაოდა, ღმერთი არც ისე უსამართლოა და მას თავისი სიმართლე აქვს. არ შეიძლება, ნება მისცე შენ (და, მითუმეტეს, სხვის!) აზრს, ამ არასწორი გზით განვითარდეს. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი სიმონ ლუდვიგის ძე ფრანკი წერდა: `ბოროტების განმარტება იგივე იქნებოდა, რაც დააფუძნო და ამით გაამართლო ბოროტება. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თავად ბოროტების არსს, როგორც იმას, რაც არამართლზომიერია და რაც არ უნდა არსებობდეს. ერთადერთი მართლზომიერი მიზანდასახულობა ბოროტებასთან მიმართებაში მისი უარყოფა და თავიდან მოშორებაა და არა რაიმე სახით განმარტება და ამით მისი დაკანონება და გამართლება.~
არსებითად, ფრანკი აქ აღწერს ნებისმიერი ქრისტიანისთვის ნორმალურ დამოკიდებულებას: ბოროტების დანახვაზე მის წინაღდგომას უნდა ეცადო; თუ ეს არ ძალგიძს, იტირე და ილოცე მათთვის, ვინც ამით იტანჯება, საკუთარ უძლურებაზე, იმ მწუხარებაზე, რაც მან სხვა ადამიანებსა და თავად შენ მოგიტანათ, რაოდენ შორსაც არ უნდა მომხდარიყო ის. რამეთუ ყველა ადამიანი დედამიწაზე ადამისა და ევას შთამომავალია, მაშასადამე, სამყაროში სხვისი უბედურება არ არსებობს. და როცა სადღაც იქ, სამყაროს მეორე კიდეში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, შენ მუდამ იცი ან გრძნობ მაინც, რომ შენი უმცროსი და-ძმა შიმშილობს, რომ ეს შენი ოჯახის (მაშასადამე – შენიც!) უბედურებაა.
უსამართლობით აღშფოთებული ადამიანი სავსებით ნორმალურად, სულის ჯანსაღი ძალების სრული შესატყვისობით იქცევა. მაგრამ საკუთარ გულგრილობას ირგვლივ მომხდარი საძაგლობების მიმართ `ქრისტიანული სიმდაბლითა და საღვთისმეტყველო სქემებით მხოლოდ ის ამართლებს, ვინც უკვე დიდი ხანია გულგრილია უსამართლობისა და ბოროტებისადმი საკუთარ თავში. მაგალითად, მართალი იობი არ ერიდებოდა, აღშფოთება გამოეხატა ღვთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც მას უსამართლობად მიაჩნდა: `ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში. აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი“ (იობი, 19, 6).
ამ აზრით, სტივ ჯობსი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, გაცილებით უფრო პატიოსანი და ფაქიზი აღმოჩნდა ბევრ თავის თანატოლზე, რომლებსაც მსგავსი საკითხები უბრალოდ, არც აინტერესებდათ. მაგრამ მისი საქციელი მაინც არსებითაც განსხვავდება მართალი იობის პოზიციისგან. ბიბლიური მართალი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველივე დაკარგა, რაც ებადა – შვილები, სიმდიდრე, ჯანმრთელობაც კი _ ყვირის, აღშფოთებულია, ღვთისგან მოითხოვს განმარტებებს მომხდარის გამო. მაგრამ მისი აღშფოთება სწორედ ღვთისკენაა მიმართული, როგორც შესაძლო პასუხის ერთადერთი წყაროსკენ. მას თავში აზრადაც არ მოსდის, თქვას: `არ მსურს, ასეთი ღმერთისა მწამდეს.~ რამეთუ სხვა ღვთის არსებობა გამორიცხულია; მაშასადამე, ურთიერთობები უნდა გაირკვეს იმასთან, ვინც არსებობს, ეს მარტივი და ცხადი ლოგიკაა: თუ ღმერთთან გაქვს პრეტენზიები, სწორედ მას განუცხადე ეს და არა მეზობლებს სადარბაზოში. სერიოზული კითხვები სწორ მისამართზე უნდა დაისვას. სხვაგვარად, პასუხის ნაცვლად, შესაძლოა, მიიღო სტანდარტული ნაკრები ღვთისნიერი სისულელეებისა, რომლებიც ყველაფერს განმარტავს, მაგრამ არც გონებას კვებავს და არც გულს.
ქრისტიანი მოსაგრეები, ისევე, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, ღვთისთვის `უხერხული~ კითხვების დასმას არ ერიდებოდნენ. ასე მაგალითად, მონოზვნობის ფუძემდებელი ანტონი დიდი ღმერთს იმავეს ეკითხებოდა, რაც სტივ ჯობსს აღელვებდა:
`უფალო! რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ბერდება და უძლურდება, სხვები კი მცირეწლოვან ასაკში იხოცებიან და ცოტა ხანს ცოცხლობენ? რატომაა, რომ ერთნი ღარიბნი არიან და მეორენი – მდიდარნი? რატომ ხდება, რომ ტირანები და ბოროტმოქმედნი ზეობენ და ყოველგვარ მიწიერ კეთილდღეობას ფლობენ, მართალნი კი განსაცდელებითა და სიღატაკით იტანჯებიან?~
ასეთი კითხვები გულგრილი ადამიანის გულში ვერ გაჩნდებოდა და ამის გამო აპათიური, მკვდარი ლოგიკური წყობით დაკმაყოფილებული სული როდი წუხს ამაზე. მაგრამ ანტონი დიდმა სხვა ბერებთან როდი დაიწყო იმ პრობლემის განხილვა, რომელიც აწვალებდა. მართალი იობის მსგავსად, ის იმედოვნებდა, რომ ამ კითხვებს საღვთისმეტყველო კამათით კი არა, ლოცვით გადაჭრიდა.
და უფალმაც უპასუხა. მართალია, ეს პასუხი მოულოდნელი იყო და სულაც არ ჰგავდა იმას, რასაც ადამიანები მსგავს შემთხვევაში ელიან: „ანტონ! ყურად-იღე და ღვთის განგებულებას ნუ განსჯი და ნუ გამოსცდი, რამეთუ ეს სულისთვის საზიანოა.“ სხვათა შორის, რაღაც მსგავსი მართალმა იობმაც მოისმინა: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს ამის გაგება… (იობი 38, 4) გინდა, გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე? იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია? აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი! აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე! დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი! მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირსახე. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა“ (იობი, 40, 8-14).
ორივე ეს პასუხი, არსებითად, თავს იყრის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ცნობილ თეზისში — „რა შენი ჭკუის საქმეა.“ მაგრამ ისევ ძველებურად მოხდა: რატომღაც ორივე შემკითხველი სავსებით დაკმაყოფილდა ამ განმარტებით.
ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, უნდა იყოს: უდანაშაულო ბავშვების თუ ზრდასრულების ტანჯვის საკითხი ადამიანს იმიტომ კი არ აწუხებს, რომ ჩვენი გონება ამ ტანჯვას ყოვლისშემძლე და ყოვლისმხილველი ღმერთი-სიყვარულის არსებობას ლოგიკურად ვერ უთავსებს. ეს კიდევ მთლად სრული უბედურება როდი იქნებოდა — ლოგიკის მეშვეობით ბევრი რამ არ გამოდის. სინამდვილეში მტანჯველი სხვა რამეა. ქრესტომათიული კარამაზოვისეული „ბავშვის ცრემლის“ ან სტივ ჯობსის ხელში ჟურნალ Life-ის გარეკანის ფოტოს მიღმა შეფარულია ბევრად უფრო ტრაგიკული საკითხი: ნუთუ ამ შეშლილ სამყაროში ღმერთი მართლა არ არის? ნუთუ მთელი ეს უდანაშაულო ტანჯვა სრულიად უაზროა და მხოლოდ და მხოლოდ უდაო დამოწმებაა იმისა, რომ ეს წუთისოფელი ობოლია?
მსგავსი ისტორიები — წინასწარმეტყველთა, წმიდანებისა, ივანე კარამაზოვისა, სტივ ჯობსისა — შეიძლებოდა, ერთ საერთო შეძახილად შეგვეკრიბა: ღმერთო, არსებობ კი საერთოდ, რადგან ირგვლივ ასეთი კოშმარი ტრიალებს? სწორედ ამას და მხოლოდ ამას ეკითხებოდა ყველა მათგანი საბოლოო ჯამში. სხვა დანარჩენი — მხოლოდ კონკრეტული გარემოებებია, რომლებიც შობენ ამ შეტირილს ღვთისადმი ყოველი დროის ადამიანებში.
მაშ რა პასუხი უნდა გაეცათ მაშინ სტივ ჯობსისთვის მის „წყეულ კითხვებზე?
საერთოდ არანაირი. რამეთუ მათზე პასუხის გაცემის სრული უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. ანტონი დიდსა და მართალ იობს მიუგო და ისინი დამშვიდდნენ: „ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.“ (იობი 42, 5). სტივ ჯობსსაც სმენოდა ღვთის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია და იმედგაცრუებული გაბრუნდა. რამეთუ ამა სოფლად ბოროტების მიზეზებზე იმას როდი ეკითხებოდა, ვისაც (მხოლოდ იმ ერთადერთს!) ძალუძდა პასუხის გაცემა. მაშინაც პასტორი როდი მოაქცია ჩიხში თავისი შეკითხვებით, არამედ საკუთარი თავი და თანაც, ძალზე ხანგრძლივი დროით.
ვერანაირი პასტორი, მღვდელი, ღვთისმეტყველი ვერ განმარტავს, რატომ იტანჯებიან და კვდებიან ამქვეყნად ბავშვები. ნებისმიერი ასეთი განმარტება მუდამ ცრუ ჩანაცვლება იქნება იმ უმნიშვნელოვანესი პასუხისა, რომელშიც უფალი ადამიანს საკუთარ თავს უცხადებს. ოღონდ უნდა ჰკითხო ღმერთს, მას უნდა მიმართო, მაშინაც კი, თუ მიგაჩნია, რომ „ასეთი ღმერთის რწმენა არ ღირს“. გაუმხილე უფალს ამის შესახებაც, აღშფოთდი, გაუნაწყენდი კიდეც, როგორც ამას მართალი იობი აკეთებდა, მაგრამ ჰკითხე, ჰკითხე ღმერთს იმის შესახებ, რაც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევს, რამეთუ „წყაეულ კითხვებზე“ პასუხის მიღების სხვა საშუალება უბრალოდ, არ არსებობს.

ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო
მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა
წყარო: http://foma.ru/chto-otvetit-stivu-dzhobsu.html

faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий