ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 августа 2017 г.

ფუნდამენტალიზმი.

რა არის ფუნდამენტალიზმი და ვინ არიან ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები? რა გავლენა აქვთ ფანატიკოსებსა და ფუნდამენტალისტებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ადამიანთა პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ეკლესიაზე და როგორ აღიქმება ის საზოგადოების, სახელმწიფოს, ეკლესიის მხრიდან?

ფუნდამენტალიზმი ამა-თუ იმ რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფუნდამენტალიზმი როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში.

სიტყვა „ფუნდამენტალიზმი“ (fundamentalism (ლათინური fundamentum: საძირკველი, საყრდენი,) რომელიც გადმოსცემს „საფუძველდამდებს“ ან „დასაფუძვლებას“, რაც ნიშნავს ტრადიციის, წარსულის „საძირკველთან“ დაბრუნებას. უძრავი „საძირკველი“ სწორი რწმენისა და მექანიკური დაცვა მისი. ფუნდამენტალიზმი არის საშიში რელიგიური კონსერვატიზმი სამი დამახასიათებელი ნიშნით. ეს ნიშნებია: კონსერვატიზმი, რელიგიურობა და მებრძოლი სულისკვეთება.

ტიპოლოგიურად ფუნდამენტალიზმი წარმოჩნდება როგორც მებრძოლი კონსერვატიზმი. თუკი კონსერვატიზმი განისაზღვრება როგორც ტრადიციის მშვიდობიანი დაცვა, ფუნდამენტალიზმი – ცდილობს გამოიყენოს დინამიური სიმტკიცე იმ ძალების წინააღმდეგ რომლებიც, მისი აზრით, იბრძვიან ტრადიციის წინააღმდეგ. კონსერვატიზმი მიჯაჭვულია წარსულთან, რადგან იქ ხედავს სიმართლეს. ფუნდამენტალიზმი მოქმედებს აწმყოში და მიემართება მომავალს, ექსკლუზიურად წარმოაჩენს წარსულის თემებს, რომლებზეც ამბობს, რომ განსჯას არ ექვემდებარება და იბრძვის ყოველი ძალის წინააღმდეგ რომელიც მას ებრძვის. არც კონსერვატიზმი და არც ფუნდამენტალიზმი არ წარმოადგენენ ავთენტურ ტრადიციულ ფენომენს. პირველი, კონსერვატიზმი, ჩერდება წარსულში, იყინება და უინტერესოა, არ ინტერესდება ორგანული გავრცელებით ტრადიციისა აწმყოსა და მომავალში. ფუნდამენტალიზმი ინტერესდება აწმყოთი და მომავლითაც, რითაც ცდილობს უცვლელად დატოვოს და გააძლიეროს წარსულის შეუცვლელი დამოკიდებულებები. ეკლესიის ტრადიცია კი არ ჩერდება და არ იყინება არც წარსულში და არც მომავალში. ხედავს, უყურებს დროს თუ როგორ ივსება მარადიულობით, ხედავს და უყურებს მას როგორც მარადიულობაში თანამონაწილეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალიზმი ძირითადად რელიგიური წარმოშობისაა, ის არ არის წმინდად რელიგიური ფენომენი და ცხადია, არც პოლიტიკური თუ სოციალური. ფუნდამენტალიზმის მშობელია არა საზოგადოება და მისი პოლიტიკური ორგანიზების წყობა, არამედ ადამიანი. ამიტომაც არ გამოიხატება მხოლოდ როგორც გარკვეული რელიგიური თუ სოციალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ფენომენი, არამედ როგორც მდგომარეობა რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას და ასევე თითოეულს ცალკე. ეს ნიშნავს რომ ფუნდამენტალიზმს არ სჭირდება მხოლოდ სოციალური, არამედ ასევე თეოლოგიური მიდგომა. თუკი სოციოლოგიას შეუძლია ახსნას ფენომენოლოგია ფუნდამენტალიზმისა, თეოლოგიას შეუძლია სიღრმისეულად წინ წავიდეს და გამოიკვლიოს მისი არსი.

ფუნდამენტალისტური მოძრაობის ბირთვს წარმოადგენს ტრადიციის დაცვა და შენახვა, „საფუძვლების“ განახლების გარეშე, მისი ბუკვალური განმარტება და ბრმა ტიპოლოგიური და მექანიკური აღსრულება და დაპირისპირება ყოველ ახალთან, თანამედროვესთან, მოდერნულთან, დასავლურთან (ევროპული, ამერიკული).

რელიგიურობა გადამწყვეტად ფერს უცვლის და აფერადებს ფუნდამენტალიზმს და განსაზღვრავს მის კონსერვატიზმს. რელიგია მოქმედებს როგორც „ცემენტი, დუღაბი“ შემნახველი ტრადიციისა.

მებრძოლი სულისკვეთება არის რიგით მესამე ნიშანი ფუნდამენტალიზმისთვის დამახასიათებელი. ბრძოლა სიწმინდის დაცვისთვის აჯამებს ფუნდამენტალისტურ მოძრაობას ხილულად. იარაღის ხელში აღება, სისხლის დაღვრა და მსხვერპლშეწირვა, უკიდურესობები დასჯაში და მისი სამაგალითო გამოვლინებები, გეტო, ეთნიკური წმენდა და ტერორიზმი ეს არის ფუნდამენტალისტურ მოძრაობის ყოველდღიური გამოვლინებები ყველა დროში.

ფუნდამენტალიზმის სოციოლოგიური კუთხით ახსნისას იმთავითვე არსებობს სირთულე. სოციოლოგიას თავისი შინაარსიდან გამომდინარე აქვს ტენდენცია რელიგიური თემების უგულებელყოფისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რელიგიური ცხოვრების მეორეხარისხოვნად მიჩნევა და მისი უგულებელყოფა, მას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს მისი ნამდვილი როლი. სოციოლოგიის ბუნება, არ ინტერესდება არსობრივი ჭეშმარიტებით, სიმართლით. უფრო ზუსტად არ ინტერესდება პიროვნებით, რომელსაც აქვს უპირველესი მნიშვნელობა ფუნდამენტალიზმის განმარტებისათვის. ადამიანის პიროვნებით და არსობრივი ჭეშმარიტებით ინტერესდება უპირველესად თეოლოგია. ამიტომაც მისი დამოკიდებულება ამ საკითხზე უმთავრესია.
ფუნდამენტალიზმის არც თეოლოგიური მხარე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უბრალოდ და ერთმნიშვნელოვნად. ფორმები რომლითაც ცხადდება თეოლოგია არა მხოლოდ ფართო ქრისტიანულ არამედ მართლმადიდებლურ სამყაროში, არის მრავალმხრივი და ერთმანეთისგან განსხვავებული. ეს დასტურდება უმთავრესად აკადემიური თეოლოგიის სივრცეში, რომელიც არ იკვებება პირდაპირ საეკლესიო ეპმირიით, (გამოცდილებით). აქ თვითნებობამ და პიროვნულმა, პირადმა განმარტებებმა შეიძლება სრულ გაუგებრობამდე და თეოლოგიური სიმართლის ჩახლართვამდე მიგვიყვანოს. ავთენტური მართლმადიდებლური თეოლოგია გულისხმობს როგორც პიროვნულ, პირად მონაწილეობას საეკლესიო გამოცდილებაში, ისე რწმუნებას მათდამი რომლებსაც აქვთ და გადმოსცემენ ამ გამოცდილებას.

მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძველზე, რომელიც გადმოცემულია ეკლესიის მამებთან, შეგვიძლია ვიხილოთ სასარგებლო მინიშნებები და ხაზგასმები ფუნდამენტალიზმის გაგებისათვის.

ფუნდამენტალიზმი გამოხატავს ჩვენი ეპოქის მთავარ, ცენტრალურ პრობლემას. საბოლოო ჯამში, გამოხატავს ადამიანური პიროვნების პრობლემას, თუ როგორ გამოიხატება და ვლინდება ის დღეს. ადამიანის განგრძობითად დაძაბულმა რღვევამ ჩვენს დროში მოიტანა უზარმაზარი დაშორებები, განხეთქილებები. დაპატარავდა ერთობა რომელიც გამოიმუშავებდა რელიგიურ რწმენას, დაშალა შემაკავშირებელი კავშირები საზოგადოებრივი ცხოვრებისა, განაზოგადა უსახლ-კარობა ადამიანებისა და დრამატული ხასიათი მისცა სიმყარის, სიმტკიცის ძიებას. ფუნდამენტალიზმი, როგორც მოძრაობა, რომელიმე საფუძვლიანი ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნებისა, რომლებიც არსებობდა წარსულში და მიიჩნეოდა მაცოცხლებლად და ცხოველსმყოფელად, აწმყოშიც და მომავალშიც მნიშვნელოვნად გამოხატავს ამ ძებნის წყურვილს.

მართლმადიდებლური თეოლოგიის კუთხით, რომელიც (ნესტორიანულად) არ ყოფს რელიგიურს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფუნდამენტალიზმის ფენომენი არის უპირველესად თეოლოგიური, და ეს ძალაშია, არა მხოლოდ როცა წარმოგვიდგება თავისი ტიპიური რელიგიური ფორმით, არამედ მაშინაც როცა წარმოჩნდება როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ანთროპოლოგიური ფენომენი.

ფუნდამენტალიზმი ეძებს საფუძველს, რომელიც უიგივდება აბსოლიტურს. ეს ძებნა საბოლოო ანალიზით თეოლოგიურია. მაგრამ პასუხი რომელიც უნდა გაეცეს არ არის ჩვეულებრივ თეოლოგიური, თუნდაც მართლმადიდებლური თეოლოგიის კუთხით. და ეს ხდება იმიტომ, რომ საფუძველი არ იძებნება უქმნელის საფეხურზე, არამედ ქმნილში, რომელიც ერთად-ერთ სინამდვილედ მიიჩნევა.

ქმნილის, ქმნილების აბსოლუტიზაცია კი წარმოადგენს უმთავრეს თეოლოგიურ უმიზნობას და გამორიცხავს ქრისტიანობის არსს. ეს აბსოლუტიზაცია ნიშნავს დამორჩილებას მიწიერებისადმი. საბოლოო ანალიზით კი ნიშნავს კერპთაყვანისცემას. იმავდროულად აბსოლუტიზაცია ქმნილისა ამახინჯებს და კვეცავს ანთროპოლოგიას და სინამდვილეს ადამიანის პიროვნებაზე. ქმნილი როგორც ხრწნადი და დროებითი, იმყოფება ამ მხრივ სიკვდილის ზღვარზე. ამდენად არ შეუძლია, რომ იხსნას ადამიანი სიკვდილის შიშისგან და მისცეს მას ამ მხრივ თავისუფლება და სისრულე. არ შეუძლია, რომ მას დაეხმაროს თავისი თავის, როგორც პიროვნების სრულყოფაში.

ფუნდამენტალიზმი არ ფლობს ნამდვილ არსობრიობას. მაგრამ აღწევს იმას, რომ ზეგავლენა, ზეწოლა მოახდინოს მსმენელზე, რომ მიიღონ ეთიკურობა როგორც არსობრიობა, აქ იმყოფება მისი საბედისწერო შეცდომა თუ უძლურება.

ფუნდამენტალისტები, ყოველგავრი მიმდინარეობისა, აბსოლიტურობას ახდენენ ქმნილი ელემენტების, დადგენილებების, კანონების, ფორმების, საწყისების. ეს ხდება იმიტომ, რომ სრულიად არ იცნობენ უქმნელს. არა მხოლოდ უჩინარი რელიგიათმცოდნეები ან არა ქრისტიანები, არამედ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები ეფუძნებიან რა ონტოლოგიებს რომლებიც შემოისაზღვრებიან ქმნილების საზღვრებში. მაგრამ ონტოლოგია შემოსაზღვრული ქმნილების საზღვრებში არის თეოლოგიურად უსაფუძვლო და უიპოსტატო. ამგვარად ყველა შემთხვევაში ფუნდამენტალისტებთან არ არის და არ იძებნება ჭეშმარიტი ონტოლოგია, რომელიც ქმნის გზას უქმნელისკენ და რის გამოც იზღუდება შესაძლებლობა ადამიანის პიროვნებად სრულყოფისა.

ქრისტიანული სწავლებით კი ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ავტონომიური, არამედ არსებობს ღმერთთან კავშირში. უკანასკნელი ონტოლოგიური საწყისი ადამიანისა არის „მი ონ“ (არაფერი, არ არსებობა). მისი საწყისი კი ღმერთის შემოქმედებითი სურვილია. ადამიანი არის სულიერი ძალა, შესაძლებლობა და იპოსტასი. მისი სრულყოფა, როგორც პიროვნებისა ხდება მისი ორიგინალური, პირველნაბეჭდის ამაღლებით. ეს ნიშნავს რომ უქმნელი მიიღო, კარი გაუღო მას. ამ ამაღლების გარეშე ადამიანი რჩება დროსა და სივრცეში დაპატიმრებული. ემორჩილება ხრწნასა და სიკვდილს. რადგან ეს ამაღლება ვერ შედგა მისი ცოდვისა და სიკვდილისადმი დამორჩილების გამო, ამაღლების აღსრულება კი ქრისტესგან მონიჭებული ძღვენით ხდება.

ფუნდამენტალიზმი არ ცნობს პიროვნების ჭეშმარიტებას და პიროვნულობას. არ ღებულობს, რომ ჭეშმარიტება, სიმართლე არის პიროვნული და არც იმას, რომ მასში მონაწილეობას აქვს პიროვნული ხასიათი და აღსრულდება პიროვნული რიტმითა და ტაქტით, გულმოდგინებითა და სიბეჯითით და ადამიანის თავისუფლებით. საუბრობს სიმართლეზე, მაგრამ უარყოფს ჭეშმარიტებას როგორც ცხოვრებას და თავისუფლებას. ეს ადვილად გასაგები ხდება, რადგან გრძნობადი ჭეშმარიტებები, ლოგიკური სქემები, კანონითა და ტრადიციით დადგენილი ურთიერთობები და ეთიკური აფორიზმები წარმოუდგებიან დამაჯერებლად და ადვილად მოქმედებენ ადამიანზე. სხვაგვარად, ადამიანი ხშირად ეწებება ფორმას, ნიმუშს, შტამპს, როცა კარგავს არსს. იარაღდება ობიექტური ურყეობითა და სიმტკიცით, რომლებიც მოდიან და აძლიერებენ მის პიროვნულ დაუცველობას. მძიმდება ეთიკურობით, რომ დამალოს, დაფაროს არსებული მოუსვენრობები, აშლილობები. თავს იტყუებს ჯერ კიდევ იდუმალი, სანუკვარი ქედმაღლობით, რომ ინარჩუნებს წმინდას და ღირსეულს და იგივე ღმერთს, აღმოაჩენს რა თავის საკუთარ ცვალებადობას, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას. ფუნდამენტალიზმის ისტორია არის ისტორია აგონიაში მყოფი ადამიანის მცდელობისა, რომ დამალოს შინაგანი სიცარიელე ობიექტური გულდაჯერებულობით.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალიზმი მიიჩნევა ახალი დროის მოვლენად, ფენომენად, მას აქვს ძველი ძირები, ძველ დროში. ტიპიური ხაზგასმა, მინიშნება და უარყოფა ფუნდამენტალიზმისა ხდებოდა იგივე ქრისტესგან იუდაურ საზოგადოებაში, იმ ეპოქაში. იუდეველები, რომლებიც განიკითხავდნენ ქრისტეს, რომ თითქოს ის არღვევდა და გადადიოდა მოსეს სჯულს და არღვევდა შაბათს, განიხილავენ წმინდა წერილს და უძლურები არიან რომ ჩაწვდნენ მის სულს. (ინ.5,39-40;). იკვლევენ ღმრთის სიტყვას და უგულებელყოფენ იგივე ღმერთს. აბსოლუტიზაციას ახდენენ ადამიანების და სქემების, და უძლურნი არიან გათავისუფლდნენ ამსოფლიური საყრდენებისაგან. ამიტომაც ელოდნენ ქრისტეს როგორც მესიას რომელიც „იქნებოდა საუკუნოდ“, და დაბრკოლდნენ, როცა გაიგეს რომ ძე კაცისა ჯვარს გაეკვრება. (ინ.12,34).

ტრადიციის ობიექტურობაში დარჩენა ყოველთვის არის ადვილი და ფსიქოლოგიურად სარწმუნო გამოსავალი შინაგანი სიცარიელის დამალვისათვის, განსაკუთრებით როცა საქმე კრიზისულ პერიოდს ეხება. განსაკუთრებით რელიგიურ გარემოში, მამათა ნაწერებში, ტიპიკონში და ეკლესიის კანონებში, დამკვიდრებული წესები გადაიქცევიან სიმბოლოებად, მიმდევრების შემოკრებით და შეიარაღება ხდება ამ ყველაფრის დაცვისა და შენარჩუნებისათვის, სუბიექტური არჩევანი და დაცხრილვა და დაჩხვლეტა მოწინააღმდეგებისა. ამ ფორმით იბადება ძლიერი ფუნდამენტალიზმი, რომელიც კლავს რწმენის ჭეშმარიტებას და აღმერთებს ფორმებს და აობიქტურებს მას. ესეთი ფუნდამენტალიზმი უფრო მკაცრია, რამდენადაც დიდია ტრადიციის უეჭველობის რწმენა და მისი დაცულობა. ამ შემთხვევაში ტრადიცია არ ჩანს როგორც ცხოვრების წესი, არამედ როგორც ობიექტური წერილი, რომ დამალოს სულიერი სიცარიელე. სინამდვილეში აქ არ მთავრობს ტრადიცია, არამედ რომელიმე მყარი ნარჩენი მისი. არ არსებობს ტრადიციულობა, არამედ აგრესიული კონსერვატიზმი და შური „არა გონისმიერი“.

მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ბუნებით არის აბსოლიტური. ღმრთის გულმოდგინება გარეთ კი არ იმყოფება არამედ მის გულში. მაგრამ ის არის გულმოდგინება „ცოდნითი“ და შესაბამისობაშია ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნებასთან, (რომ.10,2-3;) რომელიც არის ურთიერთობა სიყვარულის ღმერთთან. მართლმადიდებელი ეკლესია არ ღებულობს ქმნილს როგორც საწყისს, საქმეს რომელიც ხდება ფუნდამენტალიზმში. ამ მომენტიდან, როცა ეს ხდება, წყდება, რომ არსებობდეს მართლმადიდებლობა ან უფრო ზუსტად – საფუძველი მართლმადიდებელი თეოლოგიისა – წყდება არსებობა ქრისტიანობისა, რადგან კერპთაყვანისცემული ხდება ქმნილება. საშიშროება ამ გადახრისა არსებობს ყოველთვის როგორც მუქარა, საშიშროება, საფრთხე მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესია საბოლოო ანალიზით არის რადიკალური. და მხოლოდ როგორც რადიკალური შეიძლება არ იყოს ფუნდამენტალისტური. მხოლოდ როცა უარყოფს თავის საფუძველს ქმნილების საფეხურზე და არის ღია უქმნელის მხრივ, იცავს ცოცხალ პიროვნულ ურთიერთობას უქმნელ ღმერთთან, არსებობს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია. ეს უარყოფა, არ ნიშნავს შეფარდებას ან მიტოვებას მისი დოგმატური საფუძვლებისა. მართლმადიდებელი ეკლესია დაინტერესებულია დაწვრილებითი გაგებით დოგმატებისა, და სჯერა რომ „არც ერთი მცირე და უმცირესი ღმერთის შესახებ“ (სქ.5.გვ.267). ყოველივეს მიხედვით მიემართება იქითკენ, რომ უარყოს ყველა ქმნილი ელემენტი, რადგან ისინი თავიანთი ბუნებიდან უძლურები არიან დაიტიონ უქმნელი.

როდესაც მართლმადიდებელი ხედავს იზიარებს, თავისი არსებობის საფუძველს ქმნილების საფეხურზე, ხდება ფუნდამენტალისტი. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ არ იკვებება ეკლესიის ნამდვილი წყაროდან, რომელიც არის პიროვნული ურთიერთობა უქმნელ ღმერთთან, არამედ ზღუდავს ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობას. საბოლოო ანალიზით ზღუდავს ნებისმიერ ურთიერთობას სიყვარულისა და თავისუფლებისა. მართლმადიდებლური თეოლოგიური კრიტერიუმით, რომელიც ჯამდება ახალი ქმნილების ონტოლოგიაში, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს მორალურ გახრწნას, გარყვნილებას ქრისტიანული ჭეშმარიტებისას, ის არის გაკერპება ქრისტიანიზმისა და უარყოფა ეკლესიის ჭეშმარიტებისა.

კარის გაღება უქმნელისადმი არის კარის გაღება, აბსოლიტური სიყვარულისადმი და აბსოლიტური თავისუფლებისადმი. უზუსტესად, არის გახსნილობა პიროვნული ღმერთისადმი სიყვარულისა და თავისუფლებისა. რწმენა ამ ღმერთისადმი შეუთავსებელია, შეურიგებელია, უკომპრომისოა, ფანატიზმთან და ნახევრად დიდებასთან, შეუთავსებელია ფუნდამენტალიზმთან.

დღეს ასევე გავრცელებულია სამეცნიერო ფუნდამენტალიზმი, რომელიც აჯაჭვებს ადამიანს და მის ცხოვრებას უპიროვნო, არაადამიანურ და მკვდარ სქემებთან. ეს მკაცრი შეუბრალებელი ფუნდამენტალიზმი, რომელიც გამოიყენება დღეს, უარყოფს და ეჭვის თვალით უყურებს ნებისმიერ სულიერ და ეთიკურ სინამდვილეს, რომელიც აიგივებს ადამიანს ბიოლოგიურ ლიტურგიასთან, მოქმედებასთან. ასე ხდება განსაკუთრებით საშიში ადამიანისთვის და მისი კულტურისთვის.

ყოველ რელიგიურ მემკვიდრეობას შეუძლია წარმოადგინოს ფუნდამენტალიზმის შემთხვევები. ყოველი რელიგია ბინძურდება, ფუნდამენტალიზმისგან და მისი მარცვლისგან.
კავშირი ფინდანემტალიზმისა რელიგიასთან არის როგორც კავშირი ენერგიისა უარყოფით ენერგიასთან. როგორც ყოველ წამალს აქვს ჩვენება და უკუჩვენება, ასევე რელიგიაც, როგორც ფენომენი ისტორიისა, საზოგადოებისა და კულტურისა, აირეკლავს გარემოს და გარდაქმნის მას უკეთესობისკენ და შეიძლება უარესობისკენაც. ფუნდამენტალიზმი არის რელიგიური ქმნილება საზოგადოებისა უარესისკენ, რაღაც როგორც კიბო ისტორიისა და პარაზიტი კულტურისა.

რაც შეეხება მართლმადიდებლობის აღორძინებას, შეიძლება ითქვას რომ, ნამდვილ, ჭეშმარიტ რელიგიურობას არანაირი კავშირი არა აქვს და არანაირ საფუძველს ქმნის ფუნდამენტალიზმის აღორძინებისათვის.

ხალხს, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ამბობს რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტებას თავისუფლებაზე მაღლა აყენებენ. ეს არის მართლმორწმუნეთა ყველაზე დიდი ცდუნება და ცდომილება.

სწორედ სახარებამ აუწყა ადამიანებს, რომ არ შეიძლება უფალთან ურთიერთობის აწყობა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. თუკი ფარისევლებმა დააყენეს შაბათი ადამიანზე მაღლა და გაიკიცხნენ ქრისტეს მიერ, ყველა სხვა ადამიანიც, რომელიც რაიმე განყენებულ იდეას ადამიანზე მაღლა დააყენებს, შაბათის რელიგიის აღმსარებელი იქნება, რომელიც ქრისტემ უარყო.

მართლმორწმუნეთა პათოსს, რომლითაც იკვებება ფანატიზმი, არაფერი საერთო არა აქვს ჭეშმარიტების პათოსთან. ის მისი საპირისპიროა. მართლმორწმუნეობა წარმოიქმნება წარწყმედისა და ხსნის თემის გარშემო. მართლმორწმუნენი თავად არიან შეშინებულნი და სხვასაც აშინებენ. ჭეშმარიტებისთვის კი უცხოა შიში. ჭეშმარიტების იდეა თავისუფლებას გულისხმობს. ჭეშმარიტება არ არსებობს თავისუფლების გარეშე. ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლებისას ჩანს. თავისუფლების გარეშე მხოლოდ ანგარებაა და არა ჭეშმარიტება, მხოლოდ ძალაუფლების ინტერესია. მართლმადიდებელი ფანატიკოსი ეძებს ძალაუფლებას და არა ჭეშმარიტებას. მზა ჭეშმარიტება არ ეძლევა ადამიანს და არ აღიქმება პასიურად ადამიანის მიერ. ის არის უსასრულო დავალება. ჭეშმარიტება არის გზა და ცხოვრება, ადამიანის სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება კი თავისუფლებაა და თავისუფლების გარეშე ის არ არსებობს.

ადამიანი არ უნდა იყოს შემწყნარებელი ყველაფრის მიმართ. თანამედროვე შეუწყნარებლობისადმი, ფანატიზმისადმი, სულაც არ უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი. მათ არ უნდა შევეგუოთ, და თავისუფლების მტერსაც არ უნდა მივცეთ უსაზღვრო თავისუფლება. ჩვენ ერთგვარი რეალური თავისუფლების დიქტატურა გვესაჭიროება.

ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი თანამედროვე საზოგადოების უმთავრეს პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ამასთან უცილობლად არის დაკავშირებული თანამედროვე ადამიანის ეგოიზმთან, რომლისთვისაც უპირვილესია პირადი სარგებლობა. მთავრობს პირადი გამორჩენის სურვილი და წადილი, უანგარობა იკარგება, ანტაგონიზმი და დაპირისპირება მატულობს, გაუცხოება და გათითოკაცება იზრდება.
„სხვისი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე“, „დიდი თევზი ჭამს პატარას“, „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ – ეს არის ის დამახასიათებელი სლოგანები რომელიც თანამედროვე ყოველდღიურობაში მთავრობს. ეს მოწოდებები ახასიათებთ ინდივიდებს, რომლებიც არიან კავშირის გარეშე მყოფი არსებები, არსებები რომლებიც საზოგადოებასთან არ არიან კავშირში, მარტო მყოფი არსებები, რომლებიც არ მონაწილეობენ „საერთოში“. ბაზარში მყიდველები და არჩევნებში ამომრჩევლები, რომლებიც ვერ ხდებიან მოქალაქენი.
ფანატიზმის გამოვლინებას და შედეგს ვხვდებით რელიგიაში ფუნდამენტალიზმით. ყველა შემთხვევაში ერთი მთლიანობა იყოფა ორ ნაწილად: „კარგი“ და „ცუდი“. ამასთან ჩვენს თავს ვაიგივებთ კარგთან და ვდგებით იმ სხვის, მეორის, განსხვავებულის წინაშე, რომელსაც მაშინათვე ვნათლავთ „ცუდად“. ამის მერე კი ვუცხადებთ მას ომს, ცხადია „წმინდა ომს“. ომს ვუცხადებთ ამ „სხვას“, სხვა რელიგიის მიმდევარს, სხვა სქესის წარმომადგენელს, სხვა ეროვნების წარმომადგენელს, სხვაგან დაბადებულს, სხვა ქვეყნის შვილს, არაქრისტიანს, არამართლმადიდებელს, – და რომლებსაც ვახასიათებთ როგორც უკვე „ცუდი“.
ასე და ამგვარად ფუძნდება და ვრცელდება ფანატიზმი და მოქმედებს საზოგადოებაში, სადაც არის კოლექტიური, ჯგუფური ეგოიზმი, მასიური შურიანობა.
ეკლესია რომელიც არის წევრი და შემადგენელი ნაწილი საზოგადოებისა, წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. ეკლესია ეს არის კრებული ადამიანებისა, რომლებსაც სწამთ აღდგომა ქრისტესი და ცდილობენ იცხოვრონ ამ რწმენით. ეკლესიის წევრი უპირველესად არის წევრი საზოგადოების. ის რაც მას განასხვავევბს საზოგადოების სხვა წევრებისგან ეს არის აღდგომა, რწმენა და იმედი მისადმი. ამდენად მორწმუნენი მონაწილეობენ მუდმივად საზოგადოების ცხოვრებაში და ირეკლევენ მის პრობლემებს.
იგივე რელიგიას შეუძლია იყოს ფუნდამენტალიზმის საპირისპირო. როცა განათლებული და პასუხისმგებელი იერარქია განმარტავს ტრადიციას იმ სულით რომელიც აცოცხლებს და არა ბუკვალურად, რომელიც კლავს. თუკი ცხოვრება ნიშნავს თანაცხოვრებას და მაშასადამე, თუკი სიტყვა არის დიალოგი, არასოდეს მონოლოგი, მაშინ რელიგიას აქვს კანონიერი წადილი, ისტორიული დაინტერესება, რომ გამოჩნდეს როგორც ძალა რომელიც აერთიანებს ვიდრე ყოფს.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
წყარო: ა. ΜΑΡΙΟΣ Π.ΜΠΕΓΖΟΣ, ΘΕΟΚΡΑΤΙΑ Η ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑ;
ბ. ΓΕΩΡΓΙΟΥ Ι.ΜΑΝΤΖΑΡΙΔΗ, ΧΡΙΣΤΙΑΝΙΚΗ ΗΘΙΚΗ I, Ο ΚΙΝΔΥΝΟΣ ΤΟΥ ΦΟΝΤΑΜΕΝΤΑΛΙΣΜΟΥ.



Комментариев нет:

Отправить комментарий