ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 мая 2013 г.

ფერადი ბაირაღები: შენდობა თუ ტაბურეტი?

«ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არამარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას», _ ამ მონაკვეთმა პრემიერ-მინისტრის 26 მაისის მიმართვიდან კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას: ორი უკიდურესობა, როგორც სცილა და ქარიბდა, გზას უღობავს ხომალდს და სწორი კურსის არჩევა ძალზე რთულია. ოდისევსმა, თავის დროზე, «ნაკლები ბოროტების» პრინციპით იხელმძღვანელა და სამშვიდობოს ექვსი თანამგზავრის გაწირვის ფასად გააღწია. საინტერესოა, როგორ მოვიქცევით ჩვენ.

გზააბნეული თაგვის კვალდაკვალ


თუ ჩვენ ჩამოვთვლით ლოზუნგებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ვნახავთ, რომ მათ ღერძს ოპონენტების იდეების ან გამოხატვის ფორმის უარყოფა წამოადგენს _ «არა _ ჰომოფობიას!», «არა _ გეიაღლუმს!», «არა ძალადობას!”, «არა ჰომოსექსულიაზმის პროპაგანდას!”, არა _ თეოკრატიას!», «არა _ ლგბტ-ს!». თანაც ერთი უარყოფა წარმოშობდა მეორეს, მეორე _ მესამეს და ა. შ. ამასთანავე, მათ უკან მოწინააღმდეგის დემონიზაციის, მისი გაჩუმების, მარგინალიზაციისა და, საბოლოოდ, რეალობიდან ამოშანთვის ძალიან ცუდად შენიღბული სურვილი იდგა, ანუ დომინირებდა ის მიდგომა, რომელსაც ოპონეტებთან ურთიერთობაში სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა.


რადიკალურ კრიტიკაში და საკუთარი პოზიციონირების პრობლემების გადაწყვეტაში სხვების ნეგატიური თვისებების გამოკვეთის ხარჯზე ახალი და უჩვეულო არაფერია, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ყოველივე ამან ავადმყოფურად ჰიპერტროფირებული ფორმები მიიღო. ძალიან კარგად ჩანს, თუ რას უცხადებს პროტესტს ესა თუ ის ჯგუფი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია, რა დადებითი მიზნების მიღწევისკენ მოუწოდებს ის საზოგადოებას, რომელსაც ყოველი მხრიდან, 99% შემთხვევაში, «არა!» და «კმარა!» ესმის. ის შეგვიძლია შევადაროთ თაგვს, რომელიც დენზე მიერთებულ გალიაში მოათავსეს (არაფერი შეურაცხმყოფელი ამ მეტაფორაში არ არის; მას, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ხშირად იყენებენ); ყოველი «არა» და «კმარა» დენის დარტყმაა, არა მომაკვდინებელი, მაგრამ საგრძნობი. თაგვი, ბუნებრივია, ცდილობს, მაქსიმალურად დაშორდეს იმ ადგილს, რომელზეც დენმა პირველად დაარტყა, მაგრამ უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, გალიის ნებისმიერ წერტილში მას დენის მორიგი დარტყმა ელოდება. ის სულ უფრო მეტად ღიზიანდება, არ ესმის, რა ხდება, სურს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე შეიცვალოს და ბოლოს, როდესაც გალიის კარს უღებენ, უკანმოუხედავად მირბის იმ მიმართულებით, რომელიც ექსპერიმენტატორმა განუსაზღვრა. ამ დროს თაგვი არ ფიქრობს იმაზე, სად მირბის, მისთვის მთავარია, გალიას დაშორდეს. კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი ამ დროს «გამორთულია», მანიპულაციის ობიექტი თითქოს ბრმავდება და არ ფიქრობს იმაზე, რომ გზის ბოლოს შეიძლება გაცილებით ცუდი რამ დახვდეს (თაგვს _ სათაგური, ხოლო საზოგადოებას _ ფაშისტური რეჟიმი, ან, თუ საუბარი ტაქტიკური მიზნების მიღწევას ეხება, _ უბრალოდ, მასშტაბური პროვოკაცია). როდესაც წლების შემდეგ შთამომავლები ეკითხებიან, _ «როგორ დაუშვით ჰიტლერის თუ მუსოლინის (ფუხიმორის თუ სააკაშვილის) რეჟიმის ჩამოყალიბება?», მათ, ვინც უკანმოუხედავად გარბოდა დენზე მიერთებული გალიიდან, გამართული პასუხის გაცემა, როგორც წესი, არ ძალუძთ.


ეს ძალზე ზოგადი, სქემატური აღწერაა; არსებობს მთელი რიგი პოლიტტექნოლოგიური ნიუანსები, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია სხვა რამ _ უარყოფის შემცველი რადიკალური ლოზუნგების არაპროპორციული მომრავლება ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო სიგნალია იმისა, რომ მანიპულაცია დაწყებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონსტრუქციულ პროგრამას, უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსვლის რეალისტურ გეგმას არავინ აჟღერებს.


საინტერესოა უარყოფის მნიშვნელობის გააზრება კონკრეტულ თემებთან მიმართებაში; მაგალითად, დღევანდელი «პროდასავლურობის» ფუნდამენტს რუსეთთან, ხოლო «პრორუსულობის» დასავლეთთან დაკავშირებული ნეგატივის უარყოფა, მისგან მაქსიმალური დისტანცირების სურვილი წარმოადგენს. სად მირბოდა წარმოსახვითი თაგვი სააკაშვილის მმართველობის წლებში? ნუთუ იმ დასავლეთისკენ, რომელიც დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობის პრინციპზე დგას? თუ ბანალური დიქტატურისკენ, რომელიც თავს «პროდასავლურ დემოკრატიად» ასაღებდა? დღეს კი საპირისპირო რამ ხდება _ საზოგადოების დიდი ნაწილი უკანმოუხედავად გაურბის იმას, რასაც სააკაშვილი თვალთმაქცურად «დასავლეთს» და «დასავლურ ღირებულებებს» უწოდებდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მართლმადიდებლური იდეალების, რუსული ტიპის «სუვერენული დემოკრატიის» ან ქართველი ნაციონალისტ-ტრადიციონალისტების საოცნებო მოდელის მიმართულებით გადაადგილდება, მიმართულება შეიძლება ამ შემთხვევაშიც სულ სხვა იყოს.


ყოველთვის აუცილებელია იმის დადგენა, მირბის თუ არა პირობითი თაგვი კონკრეტული მიზნისკენ თუ რაღაცას გაურბის; ამას პოლიტიკური პროცესების ანალიზის დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რასთან გვაქვს საქმე _ ნორმალურ პოლიტიკასთან თუ დესტრუქციულ მანიპულაციებთან?


მანიპულაციის პროცესში უარყოფის ძლიერი, ლამის ალერგიული, რეაქციის გამოწვევისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება წინა პლანზე ისეთი გამაღიზიანებელი ფაქტორის (ჯგუფის, მოვლენის და ა. შ.) წამოწევაა, რომელიც უმრავლესობისთვის უცხოა და მის ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ჰომოსექსუალებს და მათი უფლების თემას ამ კონტექსტში ამ როლის შესრულება ნამდვილად შეეძლო. მათ წინააღმდეგ განწყობილია საზოგადოების დიდი ნაწილი არამხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზას დიდი ხანია დაადგნენ და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება.


ტრადიციები და ამბიციები


ამა წლის 1 მარტს პოლონური «ტვნ 24»-ის ეთერში სექსუალური უმცირესობებზე საუბრისას პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ ევროპაში დასავლური ღირებულებების დამკვიდრების ლეგენდარულმა მედროშემ _ ლეხ ვალენსამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.


«ვალენსა: _ არ შეიძლება უმცირესობა უმრავლესობას თავზე დააჯდეს. რაც შეეხება დემონსტრაციებს, მე არ მსურს, რომ უმცირესობა, რომელსაც არ ვეთანხმები (მიუხედავად იმისა, რომ ვუშვებ მის არსებობას, მესმის მისი და მასთან პრეტენზიები არ მაქვს) ქუჩაში გამოდიოდეს და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ტვინს ურევდეს. ან პატივი სცენ უმრავლესობას, პატივი სცენ დემოკრატიას, ან კიდევ შეეცადონ, უმრავლესობა გახდნენ. უმრავლესობამ ააშენა ყველაფერი ეს, ეს მას ეკუთვნის, ხოლო მათ მე ვუთმობ სწორედ იმდენს, რამდენიც არიან.


ჟურნალისტი: _ მაგრამ დემოკრატიის საზომი ასევე უმცირესობის მიმართ დამოკიდებულებაა. ეს დემოკრატიის სიმწიფის საზომია.


ვალენსა: _ მაგრამ ჩვენ იქამდე მივედით, რომ უმცირესობა უმრავლესობას თავზე აჯდება.


ჟურნალისტი: _ ჰომოსექსუალი, რომელიც თავის ორიენტაციას არ მალავს, პარლამენტში აირჩიეს. თვლით თუ არა, რომ ის ბოლო და არა წინა რიგებში უნდა იჯდეს და მიტინგებიც პერიფერიაზე გამართოს?


ვალენსა: _ რა თქმა უნდა, ასეა. სამართლიანობა სამართლიანობაა.


ჟურნალისტი: _ ეს დისკრიმინაციაა და არა სამართლიანობა.


ვალენსა: _ და უმრავლესობის უფლებების შეზღუდვას რა სახელს მოუძებნით?


ჟურნალისტი: _ მაგრამ ვინ ვის ზღუდავს? რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ჰომოსექსუალი და ვინ არა, როდესაც საუბარია ადგილზე სხდომათა დარბაზში? როგორც ვხედავ, თქვენ სერიოზულად მიიჩნევთ, რომ ჰომოსექსუალების წარმომადგენელი ბოლო რიგებში უნდა იჯდეს.


ვალენსა: _ კი და უკეთესი იქნება, თუ კედლის მეორე მხარეს იჯდება. იმდენად, რამდენადაც ის თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს».


სხვათა შორის, ლეხ კაჩინსკიმ, რომელსაც საქართველოში ხშირად პროდასავლური ორიენტაციის სიმბოლოდ აღიქვამენ, ვარშავის მერად მუშაობის პერიოდში გეიაღლუმის გამართვა აკრძალა. ამას ბრიუსელის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ კაჩინსკიმ, ამის მიუხედავად, კიდევ ერთი აღლუმის გამართვა აკრძალა.


პოლონეთში ტრადიციებისა და რელიგიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ათწლეულები დასჭირდა იმას, რომ იქ სექსუალური უმცირესობების მიმართ მეტ-ნაკლებად მშვიდი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო და ახლახან პარლამენტში ერთი ჰომოსექსუალიც კი აირჩიეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის (მაგალითად, თუ ლგბტ-აქტივისტების ჯგუფი გაშიშვლდება და ჩენსტოხოვოს იასნა გურას მონასტრის გარშემო დაიწყებს სირბილს შეძახილებით «არა _ თეოკრატიას!»), პოლონეთში, მისი ევროპული არჩევანის მიუხედავად, 99%-იანი ალბათობით, მოხდება ისეთი მასშტაბის აჯანყება და დარბევა, რომელიც მის მდიდარ ისტორიას არ ახსოვს. პოლონელი პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება და იმას, რომ დამოკიდებულება ლგბტ-ს მიმართ ვარშავაშიც ისეთივე გახდეს, როგორიც ამსტერდამშია (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), ათწლეულები დასჭირდება და, ევროსტრუქტურებიდან კრიტიკის მიუხედავად, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებენ.


საერთოდ, სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ განსაკუთრებული მოწიწების პირდაპირი მიბმა იმაზე, რასაც საქართველოში «დასავლურ» ან «ევროპულ» არჩევანს უწოდებენ, ზოგიერთ შემთხვევაში არამართებულია. კონკრეტული მაგალითი: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ერთი შეხედვით, სავსებით დემოკრატიული და დასავლური იყო, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაცისტური სისხლის სამართლის კოდექსიდან გადმოღებული ნორმა გამოიყენებოდა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, რომელიც კომუნიზმს აშენებდა და დასავლურ დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, იგივე 175-ე პარაგრაფი კოდექსში შედარებით რბილი და ბუნდოვანი, კაიზერის გერმანიისა და ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი რედაქციით შეიტანეს. ჰომოსექსუალების მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების (ალბათ, მაინც ნაწილობრივ) დაძლევას, რომელიც გერმანიაში ტრადიციულად ძლიერი იყო, ათწლეულები, თუ არა მთელი საუკუნე, დასჭირდა, თუ ათვლის წერტილად 1897-ში მაგნუს ჰირშფელდის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, «სამეცნიერო-ჰუმანიტარული კომიტეტის» დაფუძნებას განვიხილავთ.


დიდ ბრიტანეთში 1988 წელს სააკაშვილის მომხრეებისთვის სათაყვანებელი მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 28-ე მუხლში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებს უკრძალავდა: «ა) ჰომოსექსუალიზმის შეგნებულ მხარდაჭერას ან ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერის მიზნით მასალების გამოქვეყნებას; ბ) ნებისმიერ სკოლაში იმის სწავლების მხარდაჭერას, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია, როგორც მოჩვენებითი საოჯახო ურთიერთობა». ამ ნორმის გაუქმებას 15 წელიწადი დასჭირდა, რადგან ზე დასავლური და ზე დემოკრატიული ბრიტანული საზოგადოების დიდი ნაწილი და მისი ნების გამომხატველი პარლამენტარები ამას ეწინააღმდეგებოდნენ.


2006 წელს ნიდერლანდების ელჩმა ესტონეთში, ჰანს გლაუბიცმა, თავის შავკანიან ბოიფრენდთან ერთად ქვეყანა დატოვა, რადგან მშვიდი, თავისებურად ფლეგმატური და, ჩვენი გადასახედიდან, სავსებით ევროპული ესტონური საზოგადოება, გლაუბიცის თქმით, «მზად არ აღმოჩნდა, მიეღო ორი მამაკაცის კავშირი, მითუმეტეს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი შავკანიანია». ადგილობრივი სპეციფიკის არგათვალისწინებამ აქაც კონფლიქტური სიტუაცია წარმოქმნა.


დრამატული ამბები განვითარდა 2005 წელს ისრაელში, როდესაც იერუსალიმის მერმა გეიაღლუმის აკრძალვა სცადა, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი არგუმენტები უსაფუძვლოა. აღლუმი გაიმართა, მაგრამ ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრები მის მონაწილეებს შარდითა და ფეკალიებით სავსე პარკებს ესროდნენ.


ბულგარეთში გეიაღლუმის მარშრუტი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მას უამრავი პოლიციელი იცავს, მაგრამ ნაციონალისტები და სკინჰედები თავს მაინც ესხმიან. მათი ჯგუფები, აგრეთვე, აწარმოებენ თავისებურ «პატრულირებას» ქალაქებში და ჰომოსექსუალებს (ან, მათი აზრით, შესაბამისი გარეგნობის პირებს) უსწორდებიან. 2008-ში მათ ერთი ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი გეების მიმართ უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი და ამ ვითარების შეცვლისთვის ევროსტრუქტურებს, ადგილობრივ მთავრობას და უფლებადამცველებს, ალბათ, ასევე ათწლეულები დასჭირდება.


ზებუნებრივი ტოლერანტულობით, პრინციპში, არც ამერიკული საზოგადოება გამოირჩევა. იქაური გეებისა და ლესბოსელების 90% აღნიშნავს, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ხოლო 30% ამბობს, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დიდ ქალაქებში გეიაღლუმები, ასე თუ ისე, უპრობლემოდ იმართება, თუმცა ძნელი სათქმელია, რით შეიძლება დასრულდეს მათი გამართვის მცდელობა სადმე, ამერიკული პროვინციის შუაგულში და, საერთოდ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია თვალს თუნდაც ერთი წამით დახუჭავს, მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტულ დამოკიდებულებას ჰომოსექსულების მიმართ აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში ნერგავენ.


ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არ იყო მზად იმისთვის, რომ რუსთაველზე არა მხოლოდ გეიაღლუმი, არამედ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაც კი ეხილა. ამ ადამიანების სავარაუდო რეაქცია ძალიან იოლი გამოსათვლელი იყო და, გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, მაგალითად, იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობისთვის მანევრის შესაძლებლობა წაერთმია, მოექცია ის შეზღუდულ სივრცეში ორ უკიდურესობას, ასე ვთქვათ, სცილასა და ქარიბდას შორის, გამოეწვია მისი დაპირისპირება საპატრიარქოსთან ან დესტაბილიზაცია და მსხვერპლი, რომელსაც ხელისუფლების რეიტინგის დაცემა მოჰყვებოდა. მოკლედ, ესარგებლა იმ შესაძლებლობებით, რომელთაც ზემოთაღწერილი, ელექტროგალიაში გამოკეტილი თაგვის სახელობის ალგორითმი იძლევა.


ჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ


პრობლემების დიდი ნაწილი ქართული დემოკრატიის არასრულყოფილებიდან, დღეისთვის შექმნილი არაჯანსაღი ვითარებიდან მოდის. სავსებით ნორმალურია სიტუაცია, როდესაც მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ იდეებს იზიარებენ, ირჩევენ ანალოგიური შეხედულებების მქონე დეპუტატებს (კონსერვატორებს, ლიბერალებს და ა. შ.) პარლამენტში და მათი მეშვეობით სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ (მაგალითად, ჰომოსექსულიზმის პროპაგანდის აკრძალვას ან, პირიქით, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას).


მაგრამ საქართველოში ასე არ არის _ დღევანდელი პარლამენტი მოქალაქეებზე ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში აირჩიეს და მათი უმრავლესობა განიხილავდა არჩევნებს, როგორც ბრძოლის აქტს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ იყო ხმების ჩვეულებრივი განაწილება სხვადასხვა ჯგუფის იდეოლოგიური სიმპათიების მიხედვით და მათი რაოდენობის პროპორციულად. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა (არსებითად, დემოკრატიული რევოლუცია) იყო, აღწერილი ვითარება, როდესაც საზოგადოებისა და დეპუტატების დიდ ნაწილს დღეს ერთმანეთთან მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის უარყოფა აკავშირებს, არანორმალურია და მისი შენარჩუნება რამდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს გააძლიერებს. იდეალური გამოსავალი, ალბათ, ახალი, სამართლიანი არჩევნების გამართვაა, თუმცა პოლიტიკოსების დიდ ნაწილში ეს იდეა პოპულარობით არ სარგებლობს. შესაძლოა, საუბარი ამ თემაზე ოდნავ ნაადრევია; ბევრი ამომრჩეველი დღესაც განიხილავს საპრეზიდენტო და მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც ბოლო ლურსმანს «ნაცმოძრაობის» კუბოსთვის (და ერთიანდება «არა _ ნაციონალებს!» ლოზუნგის გარშემო), მაგრამ 1,5-2 წლის შემდეგ პრობლემა, სავარაუდოდ, მეტად აქტუალური გახდება.


ძველი ყაიდის ნაციონალისტებსა (სააკაშვილისეულ «ახალ ნაციონალიზმს» ამ შემთხვევაში არ განვიხილავთ) და კონსერვატორებს, აგრეთვე, ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კავშირზე ორიენტირებულ მოქალაქეებს არ ჰყავთ მათი რაოდენობის პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში და ზოგადად ხელისუფლებაში, და თუ ისინი მას არ მიიღებენ, მთელი სისტემისთვის დესტრუქციულ ფაქტორად გადაიქცევიან. სააკაშვილი ებრძოდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ჩამოთვლილი ჯგუფების მიმართ განსაკუთებით სასტიკი იყო, მათ სრულ მარგინალიზებას და, საბოლოო ჯამში, განადგურებას ცდილობდა, როგორც საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში, სადაც მათ საკმაოდ სერიოზული პოზიციები დაიკავეს. საბოლოოდ ის დამარცხდა და მისი რეჟიმის დამხობაში ჩამოთვლილ ძალებს არცთუ უმნიშვნელო როლი მიუძღვით. სწორედ მათ მოახდინეს რეჟიმის პოზიციონირება, როგორც «ანტიქართულის და უღმერთოს», არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას ყველაზე მძიმე წლებშიც კი და მნიშვნელოვანწილად არჩევნების ბედი გადაწყვიტეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ახლა მშვიდად დაჯდებიან, რათა შეხედონ, თუ როგორ ისარგებლებენ მათი ათწლიანი ბრძოლის ნაყოფით ალასანია-»რესპუბლიკელები». იმ შემთხვევში, თუ არ მოხდება მათი სრულფასოვანი ინტეგრირება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ანუ იმ პოლიტიკის ქმედითი უარყოფა, რომელსაც მათ მიმართ სააკაშვილი ატარებდა, ისინი არსად გაქრებიან და: ა) გადაიქცევიან რესურსად ივანიშვილის მომავალი მოწინააღმდეგეებისთვის; ბ) ეტაპობრივ რადიკალიზაციას განიცდიან და ფიქრს «თეირანი-1979»-ის ტიპის სცენარებზე დაიწყებენ (სიმპტომები უკვე შეინიშნება).


ამის თავისებური წინასახე ჩვენ ბოლო ორ კვირაში ვიხილეთ. მართალია, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ამ ადამიანების ემოციები საკუთარი მიზნებისთვის, საწადელს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწიეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროვოკაციაზე დაფუძნებულ კიდევ ერთ მცდელობას ადგილი მომავალშიც არ ექნება და ადრე თუ გვიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავსებით რეალური პრობლემები არ შეიქმნება.


კაცმა რომ თქვას, მნიშვნელობა არ აქვს, ვისზე ვისაუბრებთ ამ კონტექსტში _ კონსერვატორებზე, ლიბერალებზე, სოციალისტებზე, პრორუსებზე, პროამერიკელებზე თუ პროჩინელებზე. ნებისმიერი საკმარისად ძლიერი (იდეოლოგიური თვალსაზრისით, სიცოხლისუნარიანი) ჯგუფის ძალისმიერი გარიყვის, პოლიტიკური და საინფორმაციო იზოლირების მცდელობა კარგს არაფერს მოიტანს და ადრე თუ გვიან დესტაბილიზაციით დასრულდება.


ამასთანავე, ეს «უარყოფის ელექტროგალიაში» გამოკეტილი, უზარმაზარი (საქართველოს მასშტაბით) მასა სულ უფრო ნევროტიზებული ხდება და კრიტიკულ მომენტში ნამდვილად შეიძლება ფუნდამენტალიზმის, პოლიტიკური და კულტურული იზოლაციონიზმის მიმართულებით გაქანდეს. ერთიც და მეორეც საქართველოს მთელ ისტორიულ გამოცდილებას ეწინააღმდეგება და, სავარაუდოდ, მძიმე შედეგებით დასრულდება. ამ ადამიანებს დღეს ძალიან სჭირდებათ ადეკვატური ლიდერები, რომლებიც პოზიტიურ მიზნებს დაუსახავენ უფრო ადრე, ვიდრე სხვები დესტრუქციისკენ უბიძგებენ.


ცნობისთვის: გეიაღლუმები ტრადიციულად ივნისში იმართება და გამორიცხული არაა, ვინმემ ეს გარემოება ახალი პროვოკაციისთვის გამოიყენოს.


დიმიტრი მონიავა


http://geworld.ge/View.php?ArtId=4933&Title=feradi+bairaRebi:+Sendoba+Tu+tabureti?&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий