ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 мая 2013 г.

ცოდვას ცოდვა უნდა ვუწოდოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას.

მამა ვსევოლოდი (ჩაპლინი): ცოდვას ცოდვა უნდა ვუწოდოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას

თითქმის XX საუკუნემდე, ქრისტიანული სახელმწიფოების კანონმდებლობით, ჰომოსექსუალიზმისთვის დასჯის მკაცრი ზომები იყო გათვალისწინებული. ინგლისში მეფე ედუარდ I-მა სოდომიტების კოცონზე დაწვა ბრძანა, XV-XVI საუკუნეების გერმანიაში მამათმავლებს ასევე კოცონზე წვავდნენ ან მხეცებს უგდებდნენ საჯიჯგნად. «იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ» (რომ. 1:32). რაოდენ აქტუალურია დღეს 2000 წლის წინ თქმული ეს სიტყვები!!! რამდენია ახლა ასეთი, რომლებიც არა მხოლოდ თანაუგრძობენ, არამედ გააფთრებით იცავენ მამათმავლებს. ჭეშმარიტი და ცრუ სულიერი ფასეულობების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარეს, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინს ესაუბრება.

_ 17 მაისის მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში ერთგვარი «ლაკმუსის ქაღალდის» როლი შეასრულეს. საქართველომ «ცისფერ რევოლუციას» მტკიცე უარი განუცხადა. და ახლა მართლმადიდებლებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ, ადანაშაულებენ, რომ ამ საქციელით მათ სექსუალური უმცირესობების უფლებები დაარღვიეს. ხოლო იმის შესახებ, რომ ამავე დროს მართლმადიდებლების უფლებები ილახება, ხმასაც არ იღებენ. რა მოვუხერხოთ სექსუმცირესობების დამპყრობლურ პოლიტიკას?


_ ამ სიტუაციას გააჩნია როგორც იურიდიული ასპექტები, ასევე ზნეობრივი. ერთის მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, ისეთი არაფერი გაკეთდეს, რაც კანონის ზღვარს გადასცდება. მეორე მხრივ კი, ხალხს საკუთარ ზნეობრივ პოზიციაზე გააჩნია უფლება. მათ სრული უფლება აქვთ, ჰომოსექსუალიზმს ცოდვა უწოდონ, თქვან მისი პროპაგანდის უზნეობის შესახებ, განსაკუთრებით არასრულწლოვანებს შორის. თუ კანონებისა და ეთიკური ნორმების ფარგლებში იმოქმედებენ, მაშინ საკუთარი აზრის, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, ასე მოიქცნენ. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისუფლება, ვთქვათ ის, რაც საჭიროდ მიგვაჩნია: ცოდვას ცოდვა ვუწოდოთ, შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას, ვილაპარაკოთ ასეთი პროპაგანდის მანკიერებაზე. მიჭირს, დაწვრილებით ვისაუბრო ამ სიტუაციის შესახებ, რადგან ჩემთვის უცნობია მომხდარი ფაქტის დეტალები. არ ვიცი, დაარღვიეს თუ არა მღვდელმსახურებმა და საერო პირებმა კანონები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ და ამასთანავე უნდა მოვნახოთ მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდები, ვთქვათ ის, რაც სწორად მიგვაჩნია. და თუ ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ, თუ ჩვენ ვიყენებთ მის ფარგლებში მოქცეულ შესაძლებლობებს, უნდა გავიმეოროთ ის, რასაც ქრისტე გვასწავლიდა სახარებაში.


_ სახარებას თუ დავეყრდნობით, ქრისტემ ხომ გამოყარა ვაჭრები ტაძრიდან იმის გამო, რომ სიწმინდე იბილწებოდა. დღეს კი, 20 საუკუნის შემდეგ, სიწმინდე სხვაგვარად იბილწება...


_ დიახ, ქრისტე გაბედულად ამხელდა ცოდვას, ეწინააღმდეგებოდა მას, თქვენ ამის ნათელი მაგალითი გაიხსენეთ. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, ყოველთვის კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.


_ მაგრამ ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ შავი თეთრია და პირიქით. ეს ეხება როგორც ჰომოსექსუალიზმს, ასევე ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას და ბევრ სხვა რამეს, ანუ ცდილობენ, სამყარო თავდაყირა დააყენონ. რატომ ხდება ასე – მამათმავლად ყოფნა სასირცხვილო არაა, მხილება კი სირცხვილია? როგორ ვებრძოლოთ ფასეულობების გაყალბებას?


_ ისტორიაში ასე მრავალჯერ მომხდარა. პრინციპში, ქრისტიანობამ ამ რთულ დისკუსიაში დაამარცხა წარმართული სამყარო, რომელსაც ჩვევად ჰქონდა ცოდვის ნორმად გამოცხადება და ყოველთვის მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტება ბევრია ამ ქვეყანაზე. დღეს ეს წარმართობა, მიუხედავად იმისა, რომ ასე პირდაპირ არავინ უწოდებს მას, ისტორიული რევანშის აღებას ცდილობს; ცდილობს, უთხრას კაცობრიობას, მათ შორის პოლიტიკისა და სამართლის დონეზე, რომ ცოდვასა და სათნოებას შორის, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, კარგსა და ცუდს შორის «განსხვავება არ არსებობს». ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, არ დავეთანხმოთ ამას, მუდამ განვაცხადოთ ყველა დონეზე, თუ რა მიგვაჩნია თეთრად და რა _ შავად, რა _ ჭეშმარიტებად და რა _ სიცრუედ.


_ შევეხები მართლმადიდებლობის კიდევ ერთ «თავის ტკივილს» _ სექტებს. მტერი უფრო და უფრო მოხერხებულად მოქმედებს _ სექტანტური მიმდინარეობები (ძველიც და ახლებიც) სხვადასხვაგვარად ინიღბებიან. ასე რომ, უცებ ვერც გაერკვევი, თუ ვისთან გაქვს საქმე. როგორ ავარიდოთ თავი «ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს»?


_ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ რაღაც პარაეკლესიური დაჯგუფებების შექმნა, ზოგჯერ კი საერთოდ განხეთქილებისა და სექტების წარმოქმნა ან, უბრალოდ, სექტაში გადასვლა. ასეთი სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია – ეკლესიური სწავლების ფარგლებში უნდა ვამხილოთ ცრუეკლესიური მიმდინარეობები. ეკლესიის ისტორიაში ასე ყოველთვის ხდებოდა, ამიტომ, პრინციპში, აქ ახალი არაფერია. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდნენ ასეთ შემთხვევებში წმიდა მამები, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ ძველი საეკლესიო კრებები და ვეცადოთ, ასევე მოვიქცეთ.


_ უღმერთობის მრავალი წლის შემდეგ ეკლესიამ ჩვეული თავისუფლება დაიბრუნა, აღადგინა შელახული ავტორიტეტი, ხალხიც უბრუნდება ნელ-ნელა რწმენას. მაგრამ... წარმოიქმნა თავისებური მოდა რელიგიურობაზე, მოდა წმიდა ადგილების მონახულებაზე, ასე ვთქვათ, გარკვეული გარეგნული მოჩვენებითობა. როგორ მოვიშოროთ ეს ჭირი?


_ ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია _ განათლება. ეს განათლება უნდა ხორციელდებოდეს საეკლესიო ქადაგების, სამოძღვრო ღვაწლის, წიგნებისა და მასმედიის საშუალებით. სინამდვილეში, ასეთი შრომის ნაყოფი სახეზეა _ «ნახევრადმორწმუნე» ადამიანების რიცხვი, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, რეალურად მცირდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, ვფიქრობ, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც.


_ სასკოლო რელიგიურ განათლებაზე უნდა მეკითხა. თავის დროზე საქართველოში შეეცადნენ, საერთოდ გაეუქმებინათ რელიგიის გაკვეთილები, შემდეგ კი ძალიან შეკვეცეს პროგრამა. რამდენად საჭიროა სასულიერო განათლება სკოლაში და ვინ უნდა ასწავლიდეს ამ საგანს ბავშვებს?


_ რა თქმა უნდა, საჭიროა! ნებისმიერი არაეკლესიური ადამიანიც კი იტყვის, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა. რაც ნიშნავს იმას, რომ მის ერს სრული უფლება გააჩნია იმაზე, რომ მისი სულიერი ტრადიცია საგანმანათლებლო სისტემაში იყოს წარმოდგენილი. პედაგოგების შერჩევა ყველგან თავისებურად წყდება _ სადღაც სასულიერო პირები ასწავლიან რელიგიას, სადღაც _ საერო მასწავლებლები. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ მათ გარკვეული პედაგოგიური კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეთ, და, რა თქმა უნდა, იცოდნენ ის საგანი, რომელსაც ბავშვებს ასწავლიან. უცნაური იქნებოდა, ალბათ, რომ ამ სფეროში გაუნათლებელ ადამიანს მოეკიდა ხელი მასწავლებლობისთვის.


_ მსოფლიო პატრიარქი მერვე მსოფლიო კრების ჩატარების ინიციატივით გამოდის, რომლის საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ წმ. მამები გვაუწყებდნენ მართლმადიდებლებს. მომავალი კრების ზოგიერთი დებულება მართლაც რომ აბრკოლებს მორწმუნეებს (კალენდრის რეფორმა და ა. შ.). როგორია რუსული მართლმადებლური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში?


_ ყოვლადმართლმადიდებლური კრებისადმი მომზდება უკვე რამდენიმე ათწლეული მიმდინარეობს. სხვათა შორის, მას ტრადიციულად მსოფლიოს უკვე აღარც უწოდებენ და ვფიქრობ, საამისოდ ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსიც არსებობს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სულიწმიდა, რომელიც მართავს ჩვენს ეკლესიას, ამ კრებაზეც დაივანებს, და რომ სულიწმიდის მორჩილი იერარქია თუ მიიღებს მასში მონაწილეობას, ასევე ეკლესიის მსახურნი და მრევლიც წმიდა მართლმადიდებლობის ერთგულების საქმეს არ გადაუხვევენ. ძალიან ბევრი საკითხი არის, რომლებიც ყოვლადმართლმადიდებლურ დონეზე არ არის გადაწყვეტილი. მათი გადაუწყვეტლობა კი უფრო და უფრო მეტ სირთულეს წარმოქმნის როგორც ეკლესიათაშორის ურთიერთობებში, ასევე მრავალი ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში.


_ და მაინც, ისევ ჰომოსექსუალიზმის ცოდვაზე ჩაგეკითხებით...


_ ნებისმიერი ცოდვა კლავს ადამიანის სულს და ანგრევს მის ცხოვრებას. ეს ცოდვა კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რადგან ადამიანის ფსიქიკას ცვლის, შეუძლებელს ხდის ნორმალური ოჯახის შექმნას, რყვნის ახალგაზრდა თაობას. სხვათა შორის, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ უშუალოდ ყმაწვილებზე, ზოგჯერ კი ბავშვებზეც, არის მიამრთული ამ ცოდვის პროპაგანდა. ეს ცოდვა ადამიანს საუკუნო ნეტარებას ართმევს _ ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ არის ნათქვამი სამოციქულო ეპისტოლეში.


ესაუბრა


ასმათ ჯაღმაიძე.

geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий