ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

სეკულარიზმი (ათეიზმი)

თუ შევაჯამებთ ე.წ. ათეისტებისა და არარელიგიური ადამიანების რიცხვს, მივიღებთ სეკულარისტთა საერთო რაოდენობას, რომლებიც დედამიწის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. ავსტრალია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ვიეტნამი, ახალი ზელანდია, იტალია, ჩინეთი, ჩრდ. კორეა, კუბა, მაკაო, მონღოლეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, სინგაპური, ყოფილი სსრკ, საფრანგეთი, საფრ. პოლინეზია, ყოფილი ჩეხოსლოვაკია, შვედეთი, ურუგვაი, ყოფილი იუგოსლავია და იაპონია. ეს გახლავთ ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ათეისტები და რელიგიისაგან შორს მდგომი ხალხი მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენენ.

ცნების განსაზღვრა

ათეისტი არის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ ღმერთი არ სწამდეს. ასევე ათეისტს უწოდებენ იმ ადამიანს, რომელსაც ღმერთის არსებობის საკითხი არ აინტერესებს. აგნოსტიკი - ეს არის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სწამდეს ან არ სწამდეს ღმერთი. შემდგომში ორივე კატეგორიის ხალხს საერთო ტერმინით მოვიხსენებთ: „სეკულარისტი“.

სეკულარიზმის ისტორია აღორძინების ეპოქა (დაახლ. 1400-1600 ჩვ. წ. აღრ-ით)

მე-15 საუკუნის დასაწყისში გუტენბერგმა მოძრავლიტერებიანი საბეჭდი დაზგა გამოიგონა, რომლის წყალობითაც გარდასულ წელთა თხზულებანი ხალხის ფართო მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. წერილობითი მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობამ კი თავის მხრივ ორი ტენდენცია წარმოშვა: პირველი მათგანი საღმრთო სიტყვის უკეთ გაგებასა და მისი გავლენის ზრდაში მდგომარეობდა, რაც განაპირობებდა რეფორმაციებს; მეორე კი-ჰუმანისტური ფილოსოფიის განვითარებაში, რომელშიც ბევრი რამ იყო ნასესხები ბერძენ და რომაელ მოაზროვნეთა ნაწერებიდან და რომელმაც სათავე დაუდო აღორძინების ეპოქას. ადამიანის შეგნებაში მყარდებოდა საკუთარი ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის გრძნობა.
აღორძინების ეპოქის დასასრულისთვის ვითარდება რეალობის ემპირიული შეცნობის თანამედროვე მეთოდი. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდათ ნიკოლა კოპერნიკს(1473-1543), იოჰან კეპლერს (1571-1630) და გალილეო გალილეის (1564-1642). შეიძლება, დღეს უცნურად სჩანდეს, მაგრამ ყველა მათგანს სწამდა ქრისტიანული ღმერთი. ისინი მეცნიერებას უყურებდნენ როგორც ყოვლისშემძლე შემოქმედის ხელით შექმნილისა და ამ ქმნილებათა საარსებო კანონების შემეცნებისათვის საჭირო ინსტრუმენტს. გალილეი სთვლიდა, რომ ღმერთმა ორი „ წიგნი“ დაწერა: ბიბლია და ბუნება. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ქრისტიანობისა და მეცნიერების ურთიერთობაში განხეთქილება შეიტანა არა ეკლესიამ, არამედ გალილეის რევოლუციონერული იდეებით შეშინებულმა უნივერსიტეტების პროფესორებმა. ეს მეცნიერები ჯიუტად ებღაუჭებოდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ დახავსებულ მეცნიერულ მეთოდს, რომელიც დაკვირვებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და მოვლენათა ბუნების ახსნას უმეტესწილად პირვანდელ პრინციპებსა და დაშვებებზე აგებული დედუქციური გზით ცდილობდა. სწორედ ასეთ დაშვებებს (არანაირ კავშირში რომ არ იყვნენ რეალური დაკვირვებების მონაცემებთან) ეყრდნობოდა იმდროინდელი წარმოდგენები სამყაროზე. შედეგად მეცნიერები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ მზეს არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე „დეფექტი“, მთვარე სრულიად გლუვზედაპირიან სფეროდ მიაჩნდათ, რომელიც საკუთარი გამოსხივებით ანათებს და თვლიდნენ, რომ მხოლოდ დედამიწას, როგორც სამყაროს ცენტრს, შეიძლებოდა ჰქონოდა თანამგზავრი.
გალილეის გამოგონებამ (ტელესკოპი) უმოკლეს დროში დაამტკიცა მსგავსი დაშვებების არამართებულება. იმის შიშით, რომ მათი ავტორიტეტი არ შელახულიყო, პროფესორებმა გადაწყვიტეს, პოლემიკა აკადემიური კალაპოტიდან რელიგიურში გადაეყვანათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს შესახებ ჰელიოცენტრული შეხედულებები ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილს; მაგალითისთვის მოჰყავდათ ფსალმუნი (103,22), რომელშიც წერია: „ამობრწყინდა მზე...“, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მზეს უნდა ეტრიალა უძრავი დედამიწის გარშემო. იმ ეპოქისათვის კი ყოველივე ზემოთქმული იმდენად მიუღებლად გამოიყურებოდა, რომ კათოლიკე ღვთისმეტყველთ, გალილეის შეხედულებების დაგმობის მეტი სხვა აღარაფერი დარჩენოდათ, ვინაიდან კონფლიქტი ეკლესიის ავტორიტეტს ეხებოდა. ამრიგად, დისკუსიებმა ეკლესიასა და გალილეის შორის წარმოშვა განხეთქილება რწმენასა და გონებას შორის და შედეგად ჩამოყალიბდა ჭეშმარიტების შემეცნების ორი სრულიად შეურიგებელი წყარო: ეკლესია და მეცნიერება. დაპირისპირება უფრო გაიზარდა ფილოსოფოს რენე დეკარტის (1596-1650) მიერ მოძრაობა „პირონიზმი“-ს გაკრიტიკების შემდეგ. ბერძენი ფილოსოფოს-სკეპტიკოსის პირონის (365-275წ. ჩვ.წ.აღრ-დე) სახელთან დაკავშირებული ეს მოძრაობა წარმოადგენდა უკიდურესი ფორმის სკეპტიციზმს, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა აბსოლუტურად ყველაფერს; შესაბამისად, დარწმუნებული ვერაფერში იქნებოდი. დეკარტის ცნობილი გამონათქვამის cogito ergo sum (ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ) არსი შემდეგში მდგომარეობს: ისარგებლა რა, თავად პირონის მეთოდით ეჭვი შეეტანა ყველაფერ არსებულში, ერთი გარდაუვალი ფაქტის დასადგენად დეკარტმა დაასკვნა: ეჭვის შემტანი შეიძლება დარწმუნებული იყოს საკუთარ არსებობაში. უნდა აღინიშნოს, რომ დეკარტი სულაც არ ეძიებდა რელიგიური რეფორმატორის დიდებას, მაგრამ ჭეშმარიტების ძიების მისმა ახლებურმა მეთოდმა საფუძვლიანად შეარყია ქრისტიანობა: რაიმეში დარწმუნების საფუძვლად უკვე ღმერთი კი აღარ განიხილებოდა, არამედ-ადამიანი.

განმანათლებლობის ეპოქა (დაახლ.1600-1800)

მეცნიერების მიღწევებმა კაცობრიობას განმანათლებლობის ეპოქის მოსვლა აუწყა. ადამიანებმა მეცნიერება ჭეშმარიტების საბოლოო კრიტერიუმის რანგში აიყვანეს. ფრენსის ბეკონის (1561-1626), რობერტ ბოილის(1627-1692) და ისააკ ნიუტონის (1642-1727) მიერ ბუნების ახალი კანონების აღმოჩენის შედეგად სამყაროს ადარებდნენ მექანიზმს. მსგავსი შედარება კი ეჭვქვეშ აყენებდა ღმერთის, როგორც სამყაროს საყრდენის არსებობის აუცილებლობას. ფილოსოფოსების თომას გობსის (1588-1679), დევიდ იუმის(1711-1776) და იმანუილ კანტის (1724-1804) ნაშრომები მორიგი გამოწვევა იყო ქრისტიანული მსოფლმხედველობისა. გობსმა საფუძველი ჩაუყარა მატერიალიზმის ფილოსოფიას, რომელიც სამყაროს უმაღლეს სუბსტანციად მატერიას აღიარებდა; იუმი თავის „ადამიანური ბუნების ტრაქტატში“ არასარწმუნოდ მიიჩნევდა ბიბლიაში აღწერილ სასწაულებს, ხოლო კანტი პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, განთავისუფლებულიყვნენ ეკლესიის ბორკილებისაგან და მხოლოდ საკუთარი გონების იმედად ყოფილიყვნენ. და მაინც, განმანათლებლობის ეპოქის ყველა მიღწევის მიუხედავად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ადამიანების უმრავლესობას, მათ შორის მეცნიერებსაც, სჯეროდათ გონიერი შემოქმედის არსებობა. ეს იმით აიხსნებოდა, რომ სამყაროსა და სიცოცხლის შექმნის სხვა, ალტერნატიული თეორია უბრალოდ არ არსებობდა. მაგრამ დარვინის თეორიამ ყველაფერი შეცვალა.

თანამედროვე ეპოქა (1800წ-დან დღემდე)

1859 წელს ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“. ამ მონოგრაფიაში ლაპარაკია იმაზე, რომ სასიცხლო ფორმები ცვალებადობის, მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგია და არა გონიერი შემოქმედის შემოქმედებითი საქმიანობის რეზულტატი. ევოლუციური თეორიის გამოჩენით შესაძლებელი გახდა იმ ხარვეზის სამეცნიერო განმარტებებით შევსება, რომელსაც უწინ რწმენა ავსებდა. ეს თეორია იმდენად დაეუფლა ბევრი მეცნიერის გონებას, რომ ზოგიერთი მათგანი ცდილობდა მის გამოყენებას ყველა სფეროში, მათ შორის ისტორიაში (მარქსი) და ფსიქოლოგიაში (ფროიდი). სწორედ დარვინიზმის „დამსახურებაა“, რომ უამრავმა ადამიანმა დაკარგა რწმენა. ამ ადამიანებს ღმერთი უბრალოდ აღარ სჭირდებათ: თუ კაცობრიობას სურს, გადაჭრას მის წინაშე არსებული პრობლემები და უკეთესი მომავლის იმედი იქონიოს, ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყვნენ და არანაირად-ღმერთის.

სეკულარისტების მრწამსი

ღმერთის უარყოფა


სეკულარიზმის ფუნდამენტური დებულება არის უარყოფა ყოველივე ზებუნებრივის, მათ შორის-ღმერთის. არსებობს მხოლოდ მატერია. სეკულარისტების აზრით, რწმენა არის ადამიანის ფიქრებისა და სურვილების პროექცია. ღმერთს კი არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, პირიქით, ადამიანმა შექმნა საკუთარი თავის მსგავსი ღმერთი.

სასწაულების უარყოფა

ღმერთის უარყოფის შემდეგ ლოგიკურია სასწაულის, როგორც ღვთაებრივი ჩარევის უარყოფა. სეკულარისტების აზრით, ბიბლიაში აღწერილი სასწაულები მათი ავტორების შეთხზულია, რაც კონკრეტული რელიგიური მიზნის მისაღწევად იყო საჭირო.

ევოლუცია

სეკულარისტები ამტკიცებენ, რომ სამყაროს არსებობა და მისი მრავალფეროვნება ამომწურავად აიხსნება ევოლუციის თეორიაში გამოთქმული პრინციპებით. პიროვნება და გონება ასევე ევოლუციური პროცესის პროდუქტად მიიჩნევა და ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტების ურთიერთქმედებით აიხსნება. ამრიგად, არავითარი სული ამ მანქანაში არ არის.

ადამიანი

სეკულარისტები რელიგიაში მხოლოდ ზნეობრივი აკრძალვების ერთობლიობასა და სინამდვილისაგან გაქცევის საშუალებას ხედავენ. მათი აზრით, რელიგია მხოლოდ აძინებს უმეცარი ადამიანების შიშებს. სიძნელეების დასაძლევად და თავის გადასარჩენად კი კაცობრიობა უნდა გათავისუფლდეს რელიგიური ხლართებისგან, პრობლემებს ჯიქურ შეხედოს და პასუხები საკუთარ თავში, გონებასა და მეცნიერებაში ეძიოს.

მეცნიერება

სეკულარისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზა შემეცნების სამეცნიერო მეთოდია. მათი აზრით, გონებასა და რწმენას, მეცნიერებასა და რელიგას, ემპირიულ გამოცდილებასა და აღმოჩენას შორის იმდენად შეურიგებელი დაპირისპირებაა, რომ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე სრულიად გამორიცხავენ ერთმანეთს.

ყველასა და ყველაფრის ფარდობითობა

სეკულარისტები უარყოფენ, რომ ადამიანისაგან განყენებულად არსებობს აბსოლუტური ზნეობრიობის ეტალონი, მაგალითად წმინდა ღმერთი. ისინი ამტკიცებენ, რომ კაცობრიობას არ სჭირდება მის საზღვრებს გარეთ არსებული მორალის აბსოლუტური ნორმები იმისათვის, რომ ზნეობრივი ქცევისათვის საკმარისი მიზეზი ჰქონდეს. ადამიანი დასაბამიდან კეთილია და ამ თანდაყოლილი სიკეთის გამოსავლენად მას განათლება სჭირდება, და არა რელიგიური გარდაქმნა.

სიკვდილი

სიკვდილით ადამიანი წყვეტს არსებობას ერთიანი და შეგნებული ფორმით. როგორც „მეორე ჰუმანისტური მანიფესტის“ (1973) ავტორები წერდნენ: არ არსებობს არანაირი უტყუარი მოწმობა იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება სიკვდილის მერე“.

რჩევები მახარობელს

სახელდობრ როგორი ღმერთია მიუღებელი ადამიანისათვის?



არ იფიქროთ, რომ ყველა, ვისაც არ სჯერა ღმერთის არსებობისა, უარზეა ირწმუნოს პიროვნული ბიბლიური ღმერთი. არაქრისტიანული შეხედულებების გავლენის ქვეშ გაზრდილი ადმიანების უმრავლესობა, სავარაუდოდ, არასოდეს დაფიქრებულა ღვთაებრივი პიროვნების არსებობის შესაძლებლობაზე. გამოჰკითხეთ თანამოსაუბრეს, თუ როგორ წარმოუდგენია ღმერთი.

დაასახელეთ არგუმენტები ღმერთის არსებობის სასარგებლოდ


ამ თავში მოვიყვანთ ღმერთის არსებობის დამადასტურებელ რამოდენიმე ფაქტს. შევნიშნავთ, რომ ყოველი ახალი ფაქტი წინასთან შედარებით უფრო მეტს გვეუბნება ღმერთის ბუნებაზე: პირველმიზეზიდან გადავალთ გონიერ პირველმიზეზზე, შემდეგ-ზნეობრივ არსებაზე და ბოლოს-ჩვენი სურვილების შემსრულებელზე.

სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობა. თერმოდინამიკის მეორე კანონი გვამცნობს, რომ ენერგიის საერთო მოცულობის მუდმივობის შემთხვევაში (პირველი კანონი), იმ ენერგიის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, განუწყვეტლივ მცირდება (მეორე კანონი): ენერგია გარდაუვლად გადადის ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი და ძნელად გამოსაყენებელი ხდება; მაგ. ჭიქაში დასხმული ჩაი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაცივდება.

ამრიგად, ეს მეცნიერულად დამტკიცებული კანონი პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ სამყაროს არსებობას დასაბამი (დასაწყისი) ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ ის მუდამ არსებობდა), მისი არსებობა სადღეისოდ უნდა ყოფილიყო უსასრულოდ ხანგრძლივი. ეს კი შეუძლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში, თანახმად ხსენებული კანონისა, სამყარო, რომელიც ენერგიის სასრულ რაოდენებას შეიცავს, უკვე დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდა წონასწორობის მდგომარეობაში და ჩვენს პლანეტაზე ცივი და უსიცოცხლო აბსოლუტური სიმშვიდე დაისადგურებდა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ სამყარო ყოველთვის არ არსებობდა, რა გახდა მისი წარმოშობის მიზეზი? პასუხისათვის შეგვიძლია, მივმართოთ მეცნიერებას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩასახვისას სამყარო „აწყობილ“ იქნა უდიდესი სიზუსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ „ამუშავდებოდა“. მსგავსი ფენომენალური სიზუსტის უზრუნველყოფა კი მხოლოდ ზეგონიერებით აღჭურვილ პირველმიზეზს შეეძლო.

არსებობს სხვა საკითხებიც. რას წარმოადგენს სიცოცხლე და როგორ შეიქმნა იგი? შესაძლებელი იყო, თუ არა, რომ სიცოცხლე წარმოშობილიყო იმ ცვლილებების შედეგად, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბუნების ძალთა ურთიერთქმედებისას თუნდაც მილიარდობით წლის განმავლობაში?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი: სუფთა ჭურჭელში ცალ-ცალკე მოვათავსოთ მარილი და პილპილი, ჭურჭელს ხუფი დავაფაროთ და შევანჯღრიოთ. მარილი და პილპილი ერთმანეთს შეერევა. ახლა კი სცადეთ, იქამდე ანჯღრიოთ ჭურჭელი, სანამ მარილსა და პილპილს ისევ არ გამოაცალკევებთ ერთმანეთისაგან. გამოგივიდათ? როგორ სჯობია ამის გაკეთება?

ეს ექსპერიმენტი ორ რამეზე მეტყველებს: ჯერ ერთი, ბუნებაში მიმდინარე შემთხვევითი პროცესები წესრიგს კი არ ქმნიან, არამედ არღვევენ მას; მეორე, წესრიგის აღსადგენად საჭიროა ინტელექტი.

ცოცხალი უჯრედები შეიძლება, შევადაროთ მარილსა და პილპილს განცალკევებულ მდგომარეობაში, თუმცა ამ უჯრედების სტრუქტურა განუზომლად რთულია. მაგრამ საქმე მხოლოდ უჯრედის სტრუქტურულ სირთულესა და წესრიგში არ არის, უჯრედი ამასთან ერთად ცოცხალი უნდა იყოს, რაც ყველანაირ სტრუქტურაში როდია შესაძლებელი. სიცოცხლის შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისათვის უჯრედს უნდა ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული წყობა და უფრო მეტიც, უჯრედი უნდა შეიცავდეს უზარმაზარი მოცულობის დაშიფრულ ინფორმაციას, რომელიც დნმ-შია ჩადებული. სიცოცხლე არსებული წესრიგის უბრალო წარმოება არ არის, სიცოცხლე იმ ნახაზს შეიძლება შევადაროთ, რომლის ხორცშესხმას გონიერი არსება სჭირდება.

სიცოცხლის წარმოშობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან კითხვასთან- საიდან შეიძლებოდა მოსულიყო ხსენებული ინფორმაცია, ერთობლივი და სიცოცხლისუნარიანი სტრუქტურა, რომელიც ცოცხალ უჯრედშია ჩადებული? მტკიცება იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა წარმოშობილიყო ბუნებაში მიმდინარე შემთხვევითი ევოლუციური პროცესების შედეგად, ნიშნავს გჯეროდეს, რომ მარილისა და პილპილის განცალკევება ჭურჭლის ნჯღრევით შეიძლება. ვინაიდან ჩვენ არ შეგვეძლო, თვალი მიგვედევნებინა ამ პროცესებისთვის, შეიძლებოდა დაგვეჯერებინა, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა, მაგრამ ეს ისევ და ისევ ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, რომელსაც გამუდმებით ვაწყდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ყველაზე უკეთ ცოცხალ უჯრედში ინფორმაციის არსებობა აიხსნება იმით, რომ მისი საწყისი იყო არა ბრმა ბუნება, არამედ უმაღლესი გონება. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებისეული გამოცდილება გვეუბნება, რომ ერთიანი და შინაარსიანი სტრუქტურების (წიგნები, მანქანები, შენობები და ა.შ.) სათავე ადმიანია და არა შემთხვევითი პროცესები. დასასრულ, იმასაც ვიტყვით, რომ დიფერენციაციის(დაყოფის) თავისი არსით ინფორმაციული პროცესი შემთხვევით არ გვხვდება დაბადების პირველსავე თავში, რომელშიც მოცემულია, თუ როგორ მოაწესრიგა ღმრთმა უფორმო და უსახური ქაოსი, გაჰყარა ნათელი ბნელისაგან, ზღვა მყარისაგან, დღეები და წლები ერთმანეთისაგან, ზღვის არსებანი ცისა და ხმელეთის არსებათაგან, ადამიანი მიწის მტვერისაგან და დედაკაცი მამაკაცისაგან.

ღვთაებრივი ჩანაფიქრის არსებობა. რაიმე გონიერი მოწყობილობა მის შექმნაში გონიერი შემოქმედის მონაწილეობაზე მეტყველებს(ფს.18,2; რომ.1.20). ამის კლასიკური მაგალითია საათი. საათში დამალული რთული მექანიზმი, რაღა თქმა უნდა, შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა, ის გონიერი შემქმნელის გულმოდგინე შრომისა და განსჯის ნაყოფია. იგივე შეიძლება ითქვას შემოქმედისა და მისი ქმნილების ურთიერთობაზეც.

სინდისის ქენჯნა. ჩვენი სინდისი და დანაშაულის გრძნობა ჩვენივე ბუნების ზნეობრიობის დასტურია. ზნეობრივი ფასეულობანი რაღაცით ჰგვანან ფულს, ისინი არაფრად ღირან, თუკი რაღაცით არ არიან უზრუნველყოფილნი. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ზნეობრიობის ღირებული აღქმა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ თავად ჩვენი შემოქმედი არის ზნეობრივი თვისებების მქონე პიროვნება, რამეთუ ბუნების უსახურ (უპიროვნო) ძალებს ზნეობრივი ორიენტირები არ გააჩნიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არსებობს ზნეობრივი კანონი, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, მაშინ უნდა არსებობდეს ზნეობრივი კანონმდებელიც.

სწრაფვა რაღაც უფრო დიდისადმი. სეკულარისტებს შეუძლიათ ხმამაღლა განაცხადონ, რომ სიკვდილში ისინი ხედავენ ყველაფრის დასასრულს, თუმცა, გულის სიღრმეში დარწმუნებულნი რომ არ არიან, ამის უამრავი მაგალითი არსებობს; კორლის ლამონტი, რომელიც წლის ჰუმანისტად აღიარეს (1977), წერდა: „მე თვითონაც კი, მიუხედავად მთელი ჩემი ურწმუნეობისა, გულწრფელად ბედნიერი ვიქნებოდი ერთ დღესაც რომ ღირსეული მარადიული ცხოვრების შეგრძნებით გამომღვიძებოდა“. ფილოსოფოს-ათეისტი ბერტნარ რასელი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ აზრის მიმართ, რომ მიწიერი ცხოვრების მიღმა არაფერია: „მართლაც, რომ უცნაურია. მთელი არსებით განვიცდი და ვღელავ სამყაროზე, ბევრ რამეზე და ბევრ ვინმეზე ამ სამყაროში, და მაინც.. რა არის ეს ყველაფერი? იგრძნობა, რომ უნდა არსებობდეს რაღაც უფრო მნისვნელოვანი, თუმცა მე ამის არ მჯერა“. მაინც საიდან არის ჩვენში ეს სურვილი? სურვილი მიწიერი ყოფის საზღვრებს გარეთ გასვლისა? იქნებ, სამყარო გაგვეხუმრა თავისი კოსმიური მასშტაბებით? ან იქნებ, ეს სურვილი ევოლუციის შეცდომაა? და თუ არც ხუმრობაა და არც შეცდომა, ეგების რაღაც უფრო რეალურის, ჭეშმარიტის მინიშნებაა?

როგორ ვუპასუხოთ სეკულარისტების გამოთქმულ მოსაზრებებს
ბოროტების პრობლემა

ბოროტების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე ღმერთი რომ არსებობდეს, ის არ დაუშვებდა ბოროტებას. მაგრამ ბოროტება მაინც ხდება, გამოდის, რომ ღმერთი ან ყოვლისშემძლე არ არის, ან მოწყალე.

ამის საპასუხოდ, ჯერ ერთი, შეგვიძლია მივუთითოთ, რომ საკითხის ასე დაყენება თავისთავად გულისხმობს სიკეთის აბსოლუტური სტანდარტის არსებობას. ასეთი სტანდარტი კი შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ წმინდა ღმერთს.

მეორე, დაადგინეთ ბოროტების სათავე. ჩვენ განვიხილავთ ბოროტებას ზნეობრივ ასპექტში და არა სტიქიურ უბედურებებსა და ფიზიკურ სნეულებებს. რაც შეეხება ზნეობრივი კანონების დარღვევაში არსებულ ბოროტებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები ვართ. ადამიანს კი შეუძლია აირჩიოს სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბოროტება არის ადამიანის არასწორი არჩევანის შედეგი. არ შეიძლება ღმერთის დადანაშაულება იმაში, რომ ღმერთის ქმნილებანი შემქმნელის საწინააღმდეგოდ ცდილობენ წასვლას, მათ ხომ არჩევანის რეალური შესაძლებლობა გააჩნიათ.

განა არ შეეძლო ღმერთს შეექმნა სამყარო, რომელშიც ადამიანები სიკეთის არჩევაზე იქნებოდნენ „დაპროგრამებული?“ შეეძლო, მარგამ ამ შემთხვევაში ეს არსებები ადამინები კი არ იქნებოდნენ, არამედ- რობოტები, მათ არ ექნებოდათ არჩევანის საშუალება.

მესამე, ის ადამიანები, რომლებიც ბოროტების პრობლემას წამოსწევენ ხოლმე, უშვებენ, რომ თითქოსდა ღმერთი ერთგვარად მსუბუქად უყურებდეს ბოროტებას. ბიბლია კი გვასწავლის, რომ ღმერთი იესო ქრისტეს მსხვერპლის სახით სწორედაც რომ ჩაერია ბოროტების პრობლემაში. ბოროტების პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მოსურნეთ სინამდვილეში ის უფრო აწუხებთ, რომ ღმერთმა არ გადაჭრა ცოდვის პრობლემა, როგორც ეს მათ ერჩივნათ და არ მოსპო ბოროტება ისე სწრაფად, როგორც მათ სურდათ.

შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ თუმცა ბოროტება ჯერ საბოლოოდ არ დამარცხებულა, ბოლოს და ბოლოს ის აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიცით ეს იესო ქრისტეს აღდგომით, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი-ბოროტებისა და ცოდვის შედეგი.

როგორ შეუძლია სამართლიან ღმერთს განსაჯოს ისინი, ვისაც არასოდეს სმენია იესოს სახელი?

ეს საკითხი სამართლიანობას ეხება, ამიტომ სანამ პირდაპირ უპასუხებდეთ, ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, თუ რას ემყარება მისი სამართლიანობის შეგრძნება. ვიღაცამ შესაძლოა გიპასუხოთ, რომ ყოველი ადამიანი თავად ადგენს, თუ რა არის სამართლიანი და რა-არა. სხვამ შეიძლება სამართლიანობის ზნეობრივ საფუძვლად საზოგადოებრივი აზრი დაასახელოს. ასეთი მიდგომის სისუსტე იმაში მდგომარეობს,რომ ჩვენს მიერ ზნეობრივი პრინციპების გამოკვეთა ხდება იქიდან, რაც უკვე არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ მისი რეალიები ვერ ახსნიან ჩვენს სამართლიანობის შეგრძნებას, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ადამიანები ცრუობენ, სულაც არ ამართლებს ამ სიცრუეს ჩვენს თვალში. თუ ჩვენი სამართლიანობის შეგრძნებისათვის განმსაზღვრელი იქნება მისდამი ჩვენივე დამოკიდებულება ან-საზოგადოებრივი აზრი, ჩვენ ზნეობრივი ფარდობითობის ჭაობში ჩავეფლობით. მაგრამ „ფარდობითი სამართლიანობის“ ცნება საკუთარ თავს თვითონვე ეწინააღმდეგება.

ჩვენს სამართლიანობის გრძნობას რომ მეტ-ნაკლებად აზრი ჰქონდეს, ის აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მკაცრად განსაზღვრულ ზნეობრივ ნორმებს. ჩვენ კი ვიცით, რომ ზნეობრივი მგრძნობიარება პიროვნებებს ახასიათებთ და არა- ბუნების ძალებს. მაშ რომელი არსება შეიძლება იყოს ერთდროულად 1)პიროვნება, 2)ადამიანზე მაღლა მდგომი და 3)ზნეობრივად მგრძნობიარე? პასუხი მხოლოდ ერთია-ღმერთი!

ამრიგად, ხსენებული სამართლიანობის გრძნობა სინამდვილეში კიდევ ერთხელ ამტკიცებს ღმერთის არსებობას, რადგან მხოლოდ პიროვნული, ტრანსცენდენტური (საზღვარს მიღმა არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი), წმინდა ღმერთი შეიძლება იყოს ჩვენი სამართლიანობის გრძნობისათვის საკმარისად ზნეობრივი საფუძველი. მოკლედ, არაფერი შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსამართლო, თუ არ იარსებებს აბსოლუტური სამართლიანობა (ღმერთი).

განსჯის თუ არა ღმერთი მათ, ვისაც არასოდეს სმენია იესოზე? ჰოც და არაც. არ განსჯის იმ აზრით, რომ ღმერთი არ მოგვთხოვს პასუხს იმ გამოცხადების საფუძველზე, რომელიც არ მიგვიღია. განვიკითხებით კი იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვკარგეთ ის ცოდნა, რომელიც მოგვეცა ღმერთისაგან (რომ. 2;12).

ყოველივე ამის გარდა, ღმერთმა ყოველ ჩვენგანს მისცა ცოდნა თავის შესახებ ე.წ. »საერთო« გამოცხადების მეშვეობით. ღმერთმა განაცხადა თავის შესახებ და »წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა«(რომ.1;19-20; 2;14-15; ფს.8;2,4; 18;2-5; საქმ.14;15-17; 17;24-25).


დინ ჰალვერზონი.


faith.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий