ღმერთი

ღმერთი

среда, 19 марта 2014 г.

მორწუნე ადამიანი არასდროს არის მარტო.

იყო ადამიანი, ნიშნავს, ფლობდე შესაძლებლობას, გახდე უფრო სრულყოფილი, უფრო სათნო, უფრო ღვთისნიერი, ვიდრე დღეს ხარ. სრულყოფის, ფერისცვალების და წინსვლის შესაძლებლობა გვეძლევა მანამ, სანამ ქრისტე არის ჩვენთან. რა მნიშვნელობა აქვს სხვა რელიგიის აღმსარებლის ქრისტიანად მოქცევას და შესაძლებელია თუ არა, ეს ჩვეულებრივმა მორწმუნემ მოახერხოს? ამ საკითხებზე, ტრადიციულად, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ ყველა ადამიანში არის ღმერთი?

– უფალი გვასწავლის, რომ მუდამ სულიერ ფორმაში ვიყოთ. გვქონდეს შემორტყმული სარწმუნოების ქამარი, მუდამ ანთებული უნდა გვქონდეს ჩვენი სულის სანთელი, ვიყოთ მღვიძარენი, რათა მზად დავხვდეთ უფალს. ყველა ადამიანში უნდა დავინახოთ ღვთის ხატება და მსგავსება. ერთი წმინდა მამა გვასწავლის, ყველა ადამიანში პატარა ღმერთი დაინახეო. ღმერთმა მოგვცა უკვდავი სული, თავისუფალი ნება და გონება. ზოგიერთი კი არ გულისხმაჰყოფს ამ პატივს და მიემსგავსება ცხოველს. ესეც არ დაიმალება. პატარა ბეღურას შესახებაც კი იცის ღმერთმა და, მით უმეტეს, ადამიანისას ყველაფერს ხედავს. ჩვენ რომ კარგად ვიქნებით, ჩვენ გარშემო ბუნებაც გაიხარებს. ჩვენ თუ კარგად მოვუვლით ჩვენს გარშემო ბუნებას, უდაბნო რომ იყოს, აყვავდება. სადაც ქრისტიანი ცხოვრობს, უნდა აყვავდეს ყველაფერი. ყველა ადამიანში არის ღმერთი და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სულიერებით მუდამ თან ვატაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ სხვა ადამიანმაც დაინახოს იგი.

ადამიანმა ფარ–ხმალი არ უნდა დაყაროს არანაირი განსაცდელის წინაშე. პირიქით, განსაცდელებს მომზადებულნი უნდა შევხვდეთ, შეიარაღებულნი.

– რა არის ამ დროს ყველაზე ძლიერი იარაღი?

– განსაცდელებთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი სახარებაა. წარმოიდგინეთ, როგორ ადვილად გადაიტანს ადამიანი ყველა სიძნელეს, როცა მას გაახსენდება წმინდა წერილის სიბრძნე, იგავები სახარებიდან, უფლის თითოეული სიტყვა. ადამიანის გონებაში ცუდის ადგილს დაიკავებს კარგი, ბოროტ ზრახვებს კეთილი შეცვლის. კეთილი ზრახვა სულიწმინდის მადლია.

სახარება არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების საშუალება. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლითაც ჩვენ ყოველდღე უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამით გავიკვლევთ გზას ამ ბნელით მოცულ საწუთროში. ვინც იცის სახარება, ძირითადი ადგილები მაინც, მისთვის ყოველი დღე ღრმავდება და უდიდესი ღვთაებრივი სიბრძნით განიმსჭვალება. ასეთ ადამიანებს ცხოვრება არ სწყინდებათ. მორწმუნე ადამიანს გასართობებში სიარულის სურვილი არ აქვს იმიტომ, რომ მას ურთიერთობა აქვს ღმერთთან. ის მარტო არ არის. ამიტომ ის ყოველდღე კარგ განწყობაზეა. ურწმუნო ადამიანი კი ერთი საათით ვერ ძლებს თავის თავთან მარტო, თითქოს საკუთარ თავს ვერ იტანს.

– რას გულისხმობს სულიერი ფერისცვალება, რა ხდება ამ დროს?

– მორწმუნე და მონათლული ადამიანის არის ღვთის ტაძარი. მოუნათლავი და უზიარებელი ადამიანი კი ეშმაკის ტაძარია. რა სულსაც ეზიარები, მისი ნაწილი ხარ. უფლის ფერისცვალებასთან უნდა მოხდეს ჩვენი ფერისცვალებაც. ჩვენი შეცვლა, სრულყოფა – ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესი, რომლის სწორი წარმართვისთვის საჭიროა ადამიანის სულის, პიროვნების რელიგიურ–კულტურული აღმშენებლობა. ჩვენი ფერისცვალება რომ მოხდეს, უნდა აღვადგინოთ, გავაღვიძოთ ჩვენი მახსოვრობა და გვახსოვდეს, ვინ ვიყავით მანამ, სანამ ქრისტიანები, მორწმუნენი გავხდებოდით. გავიხსენოთ, რა წუმპეში ვიყავით ჩაფლული. უნდა გავაცნობიეროთ, რა სურს უფალს ჩვენგან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ცოდვას ცოდვა უნდა ვუწოდოთ, ავადმყოფობას – ავადმყოფობა.

– როცა ქრისტიანი მორწმუნე ცდილობს სხვა რელიგიის აღმსარებლები თავის სარწმუნოებაზე გადმოიყვანოს, რამდენად არის ეს დაშვებული?

– ყველაზე დიდი მადლი სულიწმინდისათვის ის არის, როცა სხვას შეავედრებ ქრისტეს და ურწმუნოს ქრისტესაკენ მოაქცევ (რა თქმა უნდა, არა ძალადობით). ამის გაკეთება ძნელია, დიდ სიბრძნეს მოითხოვს და ძირითადად მოძღვრის მოვალეობებში შედის, მაგრამ, თუკი ადამიანი მოინდომებს ქრისტესკენ სხვა ადამიანის მობრუნებას, დიდი სიფრთხილე მართებს. სარწმუნოების თემა ფრიად სათუთია და არ არის საჭირო ყველასთან მასზე ლაპარაკი. უნდა განჭვრიტო, არის თუ არა მომწიფებული ადამიანი ქრისტეს რჯულზე შესადგომად.

წმინდა მამები გვაფრთხილებენ, იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელთანაც სულიერებაზე ლაპარაკი შეიძლება და თუ თვითონ ძალიან არ მოინდომებს, ნუ დაუწყებთ სულიერ საკითხებზე საუბარსო. თუ საკუთარ სულიერ სამყაროს ყოველ შემხვედრს გადაუშლი, სულს გაიუბრალოებ და დააცარიელებ, სხვისი ჭუჭყი შენში შემოვა და შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდე. თუ გინდა, რომ სხვა მოაქციო ქრისტეს რჯულზე, თავად უნდა გქონდეს ძლიერი სარწმუნოება. თუ თავად ჯერ სუსტი ხარ რწმენაში, უფრო დაზარალდები და სულიერად დაინგრევი. მკურნალო, განიკურნე შენი თავიო, ნათქვამია.

ანა ნოდია

sana.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий