ღმერთი

ღმერთი

среда, 5 февраля 2014 г.

აკაკი კვანტალიანი – ღიმილიანი კაცის ტკივილიანი ცხოვრება

  ყველაფერი სამტრედიიდან, კიბის ქვეშ მოწყობილი "თეატრიდან" დაიწყო. პატარა ბიჭი ოთხ დედმამიშვილთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს დგამდა, როლების განაწილებისას კი თავისთვის ყოველთვის კომედიურ გმირებს ირჩევდა. აპლოდისმენტებს სწორედ მაშინ გაუგო გემო. შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელოსნო და დიდი თეატრის სცენები, როლები კინოსა და თეატრში, რომლებმაც ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. სხვა დროსა და სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, აკაკი კვანტალიანს მსოფლიო აღიარებდა დიდ კომიკოსად.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ სასაცილო ნიღბის უკან დარდიანი კაცი იმალებოდა. მსახიობს ცხოვრებაში ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, არც თავის საქმეში ყოფილა განებივრებული. იყო ბევრი წყენა, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აკაკი კვანტალიანის კადრმიღმა ცხოვრების შესახებ "სარკეს" მისმა შვილებმა, გელა და ქეთევან კვანტალიანებმა უამბეს.
...
გელა კვანტალიანი: ძალიან მწყდება გული, როდესაც მამაზე საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ერთი სათლი კიტრი შეჭამა ან ბევრი ღვინო დალია. რატომღაც იმას არ ამბობენ, იმ სუფრასთან რაზე იყო ლაპარაკი ან კამათი. მამა ერუდირებული პიროვნება გახლდათ. ყველაფერს კითხულობდა, ყველაფერი აინტერესებდა.
არაჩვეულებრივი თამადა იყო და ბევრსაც სვამდა. ღვინის სმა გვიან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მუცლის ტიფი დაემართა. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. ბიძაჩემი მის სანახავად საავადმყოფოში რომ მივიდა, პალატაში აღარ დახვდა, მომაკვდავებთან გადაეყვანათ. ბიძაჩემმა ისეთი ჩხუბი ატეხა, ექიმებმა მამა პალატაში დააბრუნეს, ყურადღება მიაქციეს და გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, მაშინ დაიწყო სმა.
ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ბევრი სანერვიულო შეხვდა, რის გამოც დიაბეტი დაემართა, ჯანმრთელობა შეერყა. გულის შეტევა პირველად თბილისში მოუვიდა, მეორედ – ქუთაისში, მესამედ კი წყნეთში დაემართა...
მის ბავშვობაზე გვიამბეთ, როგორ გარემოში იზრდებოდა, მშობლები ვინ იყვნენ.
გელა: მამა სამტრედიაში დაიბადა. მამამისი, სიმონ კვანტალიანი, მდიდარი გლეხი იყო. მისი მეუღლე, ანეტა ტორონჯაძე, მღვდლის შვილი გახლდათ. მღვდელმა თავის სიძეს სოფელ კულაშში მიწის ნაკვეთი მისცა, სადაც ბაბუამ სახლი აიშენა. ბაბუა ისეთი მდიდარი კაცი იყო, რომ სახლისთვის კრამიტი მარსელიდან ჩამოიტანა. საქართველოს გასაბჭოების დროს ბიძაჩემი, რაჟდენი, თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული და სოფელში მამამისს მისწერა, ხელისუფლებისთვის ყველაფერი ნებით ჩაებარებინა. ბაბუამ ვერაფრით გაიგო, რატომ უნდა ჩაებარებინა მთელი თავისი ქონება სხვისთვის. ისე ინერვიულა, რომ დარდს გადაჰყვა. ოჯახს მარჩენალი აღარ დარჩა, ბებიას გაუჭირდა 5 ბავშვის შენახვა, მაგრამ მერე შვილები ამოუდგნენ მხარში.
– როდის და როგორ გამოაჩნდა მამათქვენს მსახიობური ნიჭი?
გელა: მამას ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა სამსახიობო ნიჭი და კარგადაც მღეროდა, არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. სიმინდის ფუჩეჩით ულვაშებს იკეთებდა და ძმებთან ერთად ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვის თავის მოგონილ სპექტაკლებს დგამდა სახლის კიბის ქვეშ. როლებსაც თავად ანაწილებდა, თავისთვის მხოლოდ კომედიურ როლებს იტოვებდა, რომლებსაც ისე ოსტატურად თამაშობდა, რომ ყველას გულიანად ეცინებოდა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისში კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ჩამოვიდა, მაგრამ გაცივდა და ვეღარ ჩააბარა. მერე საბუთები უნივერსიტეტში შეიტანა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად ნაძალადევის რაიონში არსებულ მუშათა სამოყვარულო თეატრში მუშაობდა. უნივერსიტეტში მეორე კურსი რომ დახურა, კოტე მარჯანიშვილის თეატრალურ სტუდიაში მოხვდა. მერე ფილარმონიაშიც დაიწყო მუშაობა. საშა გომელაურის და მამას საესტრადო დუეტი ძალიან ცნობილი იყო. როგორც მსახიობს და მომღერალს, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი. მერე კინოშიც მიიწვიეს. მისი პირველი ფილმი "უკანასკნელი ჯვაროსნები" იყო, სადაც გელას როლი შეასრულა.
ქეთევანი: კოტე მარჯანიშვილი თბილისიდან რომ წავიდა, ქუთაისში შექმნა თეატრი და მამაც მას გაჰყვა. ქუთაისიდან მოხვდნენ მარჯანიშვილთან გრიშა (გრიგოლ) კოსტავა, გიორგი შავგულიძე და სხვა კორიფეები.
გელა: გრიშა კოსტავა მამაჩემის განუყრელი მეგობარი იყო. მე 1945 წლის მარტში დავიბადე. მეორე დილით გრიშამ დედაჩემი სამშობიაროში მოინახულა. როდესაც ჩემი თავი აჩვენეს, თურმე ქიმიური ფანქრით გიორგი დამაწერა, მაგრამ მამამ გელა დამარქვა, რადგან მის პირველ კინოგმირს ასე ერქვა.
გრიშა კოსტავა ჩემი ნათლია უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმავე საღამოს დაიჭირეს. მაშინდელმა "ტროიკამ" 15 წლით გადასახლება მიუსაჯა. იმ პერიოდში გრიშა მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქმარი იყო. მამამ ჩეკისტებს სთხოვა და სასამართლოდან გამოსული გრიშა მედეას შეახვედრა. ცოლ–ქმარმა ძალიან მცირე ხნით ისაუბრეს, იტირეს და დაშორდნენ.
გრიშა ბიძია 17 წლის მერე დაბრუნდა საქართველოში. თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთი ღამე ჩვენთან, სხვენში გაატარა. ის და მამა პატარა სუფრასთან დილამდე ისხდნენ და საუბრობდნენ. მერე ძია გრიშა გორის თეატრში მოაწყვეს სამუშაოდ. სხვათა შორის, მასთან ერთად მისი ძმაც, ვანო კოსტავაც – მერაბ კოსტავას (საქართველოს ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. რედ.) მამა დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ გრიშას ძმა იყო. ვანოს მეუღლე, ქალბატონი ოლღა, ყოველ დილით ჩვენთან მოდიოდა, მერაბს ჩვენს სახლში ტოვებდა, თავად კი მამაჩემთან ერთად პროკურატურაში მიდიოდა. ვანოც რომ გადაასახლეს, ოლღა შვილთან ერთად გაჰყვა გადასახლებაში.

ერთ დღეს მამა სახლში გახარებული მოვიდა და დედაჩემს უთხრა, ვანო კოსტავა ჩამოვიდა და სუფრა გააწყვეო. იმ საღამოს მთელი ოჯახი მოიპატიჟა. მაშინ მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ პიანინოზე დაკვრა არ მიყვარდა. უფროსებმა მერაბს სთხოვეს, პიანინოზე დაუკარიო. მერაბიც დაჯდა და დაუკრა. სტუმრები რომ წავიდნენ, მამამ მისაყვედურა, ბავშვი გადასახლებაში იყო, საჭმელ–სასმელი არ ჰქონდა და მაინც მეცადინეობდა, შენ კი არაფერი გაკლია, მაგრამ სწავლა არ გინდაო.

– ბოლოს მაინც მოგნათლათ გრიშა კოსტავამ?
გელა: არა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ჩემი ნათლია გრიშა კოსტავა იყო. მამა რომ გარდაიცვალა, დილის 6 საათზე ჩუმად მოიყვანეს მღვდელი და მე და ქეთინო მოგვნათლეს.

ქეთევანი: ჩემი ნათლია ცნობილი მომღერალი მერი შილდელი იყო, გელასი კი – მსახიობი მარინე თბილელი. მარინე თბილელი, მერი შილდელი და სესილია თაყაიშვილი მამაჩემის განუყრელი მეგობრები იყვნენ.
– მშობლების სიყვარულის ისტორია თქვენთვის ცნობილია?
გელა: დედაჩემი, მაია ჭიპაშვილი, მამამ მარჯანიშვილის თეატრში გაიცნო. დედას ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ქართულად მეტყველება უჭირდა, რადგან რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ბიძამ თეატრში მიიყვანა სამუშაოდ, რომ მეტყველება გამოსწორებოდა. მამას დანახვისთანავე მოეწონა, დიდხანს აღარ უყოყმანია და ცოლად შეირთო. მაშინ დედა 18 წლის იყო, მამა კი – 37 წლის. სასიდედრო მამას სახლში მიუვარდა, ეჩხუბა, ააწიოკა, მაგრამ ბოლოს შეურიგდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოლ–ქმარი იყვნენ, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ხელი მოწერილი. სკოლაში რომ შემიყვანეს, მაშინ მოაწერეს ხელი. დედა რომ გათხოვდა, თეატრზე ფიქრს თავი დაანება და ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა. მუშაობა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მარჯანიშვილის თეატრში მუზეუმს ხელმძღვანელობდა.
ქეთევანი: დედას და მამას საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. მამა გასტროლებზე რომ მიდიოდა, დედას ყოველთვის ატყობინებდა, მაია, აქ ვართო. მეგობრები დასცინოდნენ, რომელი მსახიობი აბარებს ცოლს ანგარიშსო.
– ამბობენ, რომ აკაკი კვანტალიანი ახალგაზრდობაში ქალებში ძალიან პოპულარული იყო.
გელა: მის სასიყვარულო ამბებზე ჩვენ არაფერი ვიცით. როცა წამოვიზარდე, მაშინ გავიგე, რომ მამას მეგობრებს ძალიან აინტერესებდათ, ცოლს რომ მოიყვანდა, მაშინაც ივლიდა თუ არა ქალებში, მაგრამ მამას აღარავისკენ გაუხედავს. დაოჯახებამდე კი მისი სახლი (პლეხანოვზე ოროთახიანი ბინა ჰქონდა) თავშეყრის ადგილი იყო. მარტოხელა კაცი რომ იყო, ხან ვის მიჰყავდა ქალები და ხან ვის.
– მსახიობის ცხოვრებას, რაც უნდა წარმატებული იყოს, თან სდევს იმედგაცრუებები. მამათქვენი კმაყოფილი იყო თავისი კარიერით თუ თვლიდა, რომ როლები დააკლდა?
გელა: მამას ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტები, როდესაც ეუბნებოდნენ, როლზე აგიყვანთო, მაგრამ ბოლოს სხვას აძლევდნენ. რეზო ჩხეიძე ჩვენს სახლში სამი თვის განმავლობაში მოდიოდა და სულიკო ჟღენტის სცენარს ამუშავებდნენ. მამას მთავარი როლი უნდა შეესრულებინა ფილმში "ჯარისკაცის მამა". სამი თვის განმავლობაში დღე და ღამე ფილმის სცენარზე იყო კამათი და მუშაობა. ბოლოს რეზო ჩხეიძე ჩვენგან ღამის 3 საათზე წავიდა და მამას დაუბარა, ხვალ დილით კინოსტუდიაში სამხატვრო საბჭოს სხდომა ტარდება და როლზე უნდა დაგამტკიცოო. სინჯებიც კი არ გადაუღეს, რადგან "მაგდანას ლურჯაში" მიტუას როლი რომ განასახიერა, ზუსტად ისეთი გრიმი უნდა ჰქონოდა. სამწუხაროდ, მეორე დღეს მამამ გაიგო, რომ მახარაშვილის როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს. ამ ფაქტმა ისე ააღელვა, ისე ინერვიულა, რომ გულის შეტავა დაემართა. რეზო ჩხეიძეზე ძალიან იყო ნაწყენი.
ქეთევანი: ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიყვარს... რეზო ჩხეიძემ მამას მაშინ დაურეკა, როდესაც უკვე გადაღებებზე მიფრინავდა. ასე უთხრა, შეიძლება მთელი ცხოვრება ვინანო, ასეთი რამ რომ ჩავიდინე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდაო. ბოდიში მოუხადა და ყურმილი დაუკიდა. მერე კი ისეთი რაღაცეები გაირკვა, რისთვის გააკეთა რეზომ ასე, რომ თქმაც არ ღირს.
გელა: რეზო ჩხეიძე ახალი ჩამოსული რომ იყო მოსკოვიდან, მან და თენგიზ აბულაძემ გადაიღეს "მაგდანას ლურჯა". მამა ახალგაზრდა რეჟისორებს ისე დაუახლოვდა, რომ რეზოს კინოსტუდიაში დაჰყვებოდა და ყველაფერს აცნობდა, ყველაფერს უხსნიდა.
იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც თენგიზ აბულაძემ მამას უთხრა, ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ილარიონის როლს გათამაშებო. ჩვენს სახლში ნოდარ დუმბაძე და თენგიზ აბულაძე საათობით ისხდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ მერე ილარიონის როლზე გრიგოლ ტყაბლაძე დაამტკიცეს.
ქეთევანი: ერთხელ ელდარ შენგელაია მამას შეპირდა, ეპიზოდურ როლში გათამაშებო, მაგრამ აღარ მიიწვია და ამის გამო ბოდიში მოუხადა.
– როგორ მუშაობდა როლებზე, რა მეთოდი ჰქონდა?
გელა: მუშაობის თავისებური სტილი ჰქონდა. ტექსტს სახლში რომ მოიტანდა, დაჭრიდა, პატარ–პატარა ფურცლებად აკინძავდა და თავისი სურვილის მიხედვით ალაგებდა, მერე თავის კაბინეტში ჩაიკეტებოდა და საათობით მუშაობდა. გრიმსაც თავად იკეთებდა.
ფილმ "ქეთო და კოტეს" გადაღების დროს ისეთი ჩაცმული მივიდა, როგორი კოსტიუმიც ფილმში აცვია. რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა რომ დაინახა, სიცილით მოკვდა.
"მაგდანას ლურჯაში" მიტუას გრიმი თავად მოიფიქრა. ყურებში თმა ჩაიდო, რომ უხეში ტიპი გამოსულიყო. ამასთან დაკავშირებით ერთ კურიოზს მოგიყვებით: გადაღებაზე შესვენება რომ გამოცხადდა, მამამ რეჟისორს უთხრა, მანქანა მათხოვე, სახლში ვისადილებ და დავბრუნდებიო. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მეზობელს ჰკითხა, კვანტალიანები სად ცხოვრობენო. მეზობელს გაუკვიდა, შენ კვანტალიანებთან რა საქმე გაქვსო. დედაჩემმაც კი ვერ იცნო და კარი ცხვირწინ მიუკეტა, სახლში არ შეუშვა. მერე დედა იგონებდა, რომ იმ დღეს მთელი ეზო ლაპარაკობდა, კვანტალიანებთან ვიღაც მაჯლაჯუნა მივიდაო.
ერთხელ მამამ მეც შემაშინა. ფილმ "ცისკარას" რომ იღებდნენ, თავისი როლისთვის სპეციალურად დაამზადებინა ეშვებიანი პროთეზი. სახლში რომ მოვიდა და კარი გავუღე, ეშვები დამანახა. ისე შემეშინდა, რომ გული შემიწუხდა.
"მაგდანას ლურჯა" რომ ეკრანებზე გავიდა, მამას ბაზარში ერთმა გლეხმა პროდუქტი არ მიჰყიდა, უთხრა, შენ ის კაცი ხარ, საწყალი ქალი რომ დაჩაგრეო. ყველამ აუხსნა, რომ ეს ფილმი იყო, მაგრამ გლეხმა არაფრით მიჰყიდა თავისი საქონელი.
მამა კარგი კულინარიც იყო. დედაჩემი გიჟდებოდა, ჩემზე გემრიელ კერძებს ამზადებსო. სახლში დიდი სუფრა რომ იშლებოდა, თევზეულს მამა აკეთებდა.

– გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბებიდან რას იხსენებდა?
გელა: ფილმ "მაია წყნეთელს" ქალაქგარეთ იღებდნენ. ბერიკაობის სცენას რომ იღებდნენ (იმ სიმღერას მამა თავად მღერის), მამა კამეჩზე იჯდა და მდინარეზე გადადიოდა. გადაღების პროცესში ვიღაცამ კამეჩს ანთებული პაპიროსი მიადო უკან და გამწარებულმა კამეჩმა მამა შორს გადააგდო. თბილისში დამტვრეული ჩამოიყვანეს, ორი კვირა ვერ ინძრეოდა. მერე გადაღებებს დაუბრუნდა, მაგრამ ხიფათი ისევ შეემთხვა. გადაღების დროს ვიღაცას საფანტი გაუვარდა და მამას სახეში მოხვდა, კინაღამ თვალი დაკარგა.
– ოჯახში როგორი იყო კაცი, რომელიც ეკრანიდან ყველას აცინებდა, როგორი ხასიათი ჰქონდა?
ქეთინო: მამამ აფეთქება იცოდა, არავის პატიობდა ზღვარზე გადაბიჯებას. რამდენიმე მეგობარს ამის გამო დაშორდა კიდეც. ერთხელ თავისი ფიცხი ხასიათის გამო კინაღამ დაიჭირეს. 1938 წელს ვიღაცამ რაღაც ჭორი მიიტანა "ჩეკა"–მდე და ლავრენტი ბერია თეატრში მივიდა. კრებაზე ბერია იმუქრებოდა, ყვიროდა, კარგად ვიცი, ამ "ორკესტრს" ვინ დირიჟორობსო. ვასო გოძიაშვილი სიტყვით გამოვიდა და კარგადაც ისაუბრა. მერე მამასაც მოეშალა ნერვები და მთავარ ჩეკისტს შეეკამათა. ბერია ასეთ რაღაცეებს არავის პატიობდა და მამას დაემუქრა. კრება რომ დამთავრდა, ეგონათ, მამას დაიჭერდნენ, მაგრამ გადარჩა, რადგან იმ საღამოს სტალინმა ბერიას დაურეკა და სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა უბრძანა. მამა დილით თეატრში რომ მივიდა, ყველას გაუკვირდა. ზოგმა ცერად დაუწყო ყურება, ხომ არ გადაიბირესო, მაგრამ მერე ყველაფერი გაირკვა.
გელა: მამა გულით კეთილი კაცი იყო. ყველას ეხმარებოდა, ძმისშვილები მისი გაზრდილები არიან. დედაჩემის დებიც მან გაზარდა, რადგან მამა დაჭერილი ჰყავდათ. თუ თავისუფალი დრო ჰქონდა, ხალხს ცკ–შიც მიჰყვებოდა დასახმარებლად. ერთხელ ცკ–ის ერთმა მდივანმა უთხრა, თქვენს საქმეზე როდისღა მოხვალთო.
– შვილებიდან არც ერთი გაჰყვევით მამის გზას?
გელა: არა. მე ფიზიკოსი ვარ, ქეთინო – ბიოლოგი. ამჟამად ორივენი პენსიონერები ვართ. სკოლაში ზარმაცი ვიყავი, ქეთინო კი ბეჯითი გახლდათ. "უდიპლომო სასიძოს" სცენარი სახლში რომ მოიტანა, დედამ ჰკითხა, ფილმი რაზეაო, მამამ ჩემზე ანიშნა, ამისთანა უსაქმურზეო. მამა სულ მსაყვედურობდა, ერთი სპეციალობა მაინც გქონდეს, დიპლომი აიღე და მერე, თუ გინდა, ცირკში ჯამბაზად წადიო. რადგან ტექნიკური საგნები მიყვარდა, ფიზიკოსი გავხდი.
– მამათქვენი შვილიშვილებს ვერ მოესწრო?
ქეთევანი: 59 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან. მაშინ მე 20 წლის ვიყავი, გელა კი – 22 წლის.

გელა: მე 38 წლისა დავოჯახდი, ჩემი მეუღლეც 15 წლით უმცროსია ჩემზე. ორი შვილი გვყავს, ჩემს ბიჭს ბაბუის პატივსაცემად აკაკი ჰქვია. სამწუხაროდ, ქეთინომ ოჯახი ვერ შექმნა.
1967 წლის 27 ივლისი იყო, მშობლები წყნეთის აგარაკზე იყვნენ. მე თბილისში დავრჩი. საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ მამა ცუდად იყო. იქ რომ ავედი, გარდაცვლილი დამხვდა.

ქეთევანი: მამამ იმ საღამოს ფეხბურთს უყურა, თავს შეუძლოდ გრძნობდა, მეორე სართულზე, თავის ოთახში რომ ავიდა, დედაჩემს უთხრა, ცუდად ვარო. დედამ წამლები მისცა, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მაგრამ...
დედამ ძალიან განიცადა ქმრის გარდაცვალება. ეს ტკივილი მამაჩემის მეგობრებმა გადაატანინეს. დედა 2001 წელს გარდაიცვალა.
ლია ოსაძე, ჟურნალი სარკე

http://sana.ge/address/news/cat/190/id/251759/აკაკი+კვანტალიანი+–+ღიმილიანი+კაცის+ტკივილიანი+ცხოვრება



Комментариев нет:

Отправить комментарий