ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

„არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“მჭედელ კ-ს - ქრისტეს სიტყვების შესახებ-წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ნუთუ ასეთ მართალ და მოწყალე ადამიანს არ ესმის ამ სიტყვების ღრმა მნიშვნელობა? ვფიქრობ, რომ შენ გესმის იგი, მხოლოდ ეძებ განმტკიცებას. მართლებსა და მოწყალეებს უფალი თავად უხსნის თავის საიდუმლოებებს. შენ რომ ერთადერთი მჭედელი ყოფილიყავი იერუსალიმში, როცა ებრაელებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაშინ ვერავინ გამოჭედავდა მისთვის ლურსმნებს.

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.

რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ“ (ეფ. 6,17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გამოდიოდა ორპირი მახვილი (იხ. გამოცხ. 1,12-16). მახვილი - გამომავალი პირიდან, სხვა რაა, თუ არა - სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა - კეთილისა და ბოროტის დასაზავებლად. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამგვარი განმარტების მართებულობას ამტკიცებს ქრისტეს შემდეგი სიტყვები: „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული - დედისაგან თვისისა და სძალი - დედამთილისაგან თვისისა“ (მათ. 10,35), და, თუ ძე გაჰყვება ქრისტეს, მამა კი ბნელში დარჩება, ქრისტეს ჭეშმარიტების მახვილი გაყოფს მათ. განა ჭეშმარიტება მამაზე ძვირფასი არაა?! და თუ ასული გაყვება ქრისტეს, ხოლო დედა გაჯიუტდება ქრისტეს უარყოფაში, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! განა ქრისტე დედაზე უტკბესი არაა?!.. იგივეა რძალსა და დედამთილს შორისაც.

მაგრამ ეს ისე არ გაიგო, რომ ის, ვინც შეიმეცნებს და შეიყვარებს ქრისტეს, მაშინვე ხორციელად უნდა გაემიჯნოს თავის ნათესავებს. ეს არასწორია. ამის შესახებ არაა ნათქვამი. საკმარისია, გაემიჯნო სულიერად და არ შეიწყნარო ურწმუნოთა საქმე და განზრახვა. რადგანაც, თუკი მორწმუნენი მყისიერად გაემიჯნებოდნენ ურწმუნოთ, ქვეყნად ორი მტრული ბანაკი წარმოიშობოდა. მაშინ ვინღა ასწავლიდა და გამოასწორებდა ურწმუნოებს? თვითონ უფალი სამი წელი ითმენდა მის გვერდით უწმუნო იუდას. ბრძენი მოციქული პავლე წერს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7,14).

დასასრულ მოგიტანთ ქრისტეს ამ სიტყვათა თეოფილაქტე ბულგარელისეულ სულიერ განმარტებას: „მამას, დედასა და დედამთლში იგულისხმე ყველაფერი ძველი, ხოლო ძესა და ასულში - ყველაფერი ახალი. უფალს კი სურს, რომ მისმა ახალა საღმრთო მცნებებმა გაიმარჯვოს ჩვენს ძველ ცოდვილ წესებსა და ჩვეულებებეზე“.

ამგვარად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ, სრულებით შეესაბამება ქრისტეს, როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მშვიდობის მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის მოვიდა არა იმისათვის, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს.

მოკითხვა შენ და შენს შვილებს. მშვიდობა თქვენდა და წყალობა უფლისა.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 9), თბილისი, 2005 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий