ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

განათლების პრობლემები.მამა პაისი მთაწმინდელი.

ბერძნული ენა


წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ, რომ დღეს ყველაფერი გახრწნილებისაკენ მიექანება. განათლების სისტემაშიც ასეა?

- დიახ. განა ვერ ხედავთ, რა ხდება? განა ეს სკოლებია? განა, რასაც დღეს ბავშვებს ასწავლიან, ის ჩვენი ენაა? განა ეს ჩვენი ისტორიაა? აი, ღვთისმეტყველებაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე კარგად მიდის? უღმერთოებს - საღვთისმეტყველო დიპლომებით - საღვთო სჯულის სწავლების ნებას აძლევენ. ამასთან, არც კი ამოწმებენ, რას ასწავლის ის ბავშვებს - საღვთო სჯულს თუ უღმერთობას. „მისი განთავისუფლების ნება არა გვაქვს“. - ამბობენ პასუხისმგებელი პირები. მაგრამ ფილოლოგმა რომ მათემატიკის სწავლება მოინდომოს, მისცემენ ამის ნებას?

საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ერთი კურსდამთავრებული კი ადამიანებს ზიარების ნებას არ აძლევს, რომ ისინი შიდსით არ დაავადდნენ. ეს ერთ-ერთი იმ „ღვთისმეტყველთაგანია“, ვინც მოწოდებით კი არ ჩააბარა საღვთისმეტყველოზე, არამედ კომპიუტერის „განაწესის“ მიხედვით. ასეთი ცოდნა, საღვთო ცოდნა როდია! ძველად სწავლა წმიდა საქმედ ითვლებოდა, დღეს კი ღვთისმეტყველების პროფესორს ღმერთი არ სწამს, სტუდენტების წინაშე გმობს წინასწარმეტყველებს, მაგრამ მას პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებას არავინ ართმევს. მაგრამ, ბატონო საუკეთესოვ, რა დაგრჩენოდა საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე? როგორ ღვთისმეტყველებს გამოზრდი შენ!

როგორი გავლენა მოახდინეს ჩვენზე პროტესტანტებმა და კათოლიკებმა? რომ იცოდეთ, რა ღრმად გაიდგა ფესვი კათოლიკურმა უღმერთო სულმა! ერთი უსმინე: „- წმ. ეკატერინე დიდი წმიდანი არ ყოფილა, მამამისი წვრილფეხა მეფე იყო. მღვდელმთავარი ნიკოლოზი უმნიშვნელო წმიდანია. დიდმოწამე გიორგი მითია. მთავარანგელოზი მიქაელი არ არსებულა. იყო უბრალოდ ღვთის გამოვლინება, იგივე ითქმის მთავარანგელოზ გაბრიელზე“. შემდეგ ისინი განაცხადებენ, რომ ქრისტე ღმერთი არ არის, რომ ის უბრალოდ დიდი მასწავლებელი იყო. შემდეგ ღმერთს რაღაც უცნობ ძალას დაარქმევენ, ბოლოს კი განაცხადებენ, რომ ღმერთი ეს ბუნებაა. ამდენი თვალხილული ზებუნებრივი მოვლენა, ამდენი წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველება, ამდენი ცოცხალი სასწაული! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ზოგიერთი მართლმადიდებელი იქამდე მიდის, რომ ამ სისულელეებს იჯერებს.

ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა, რათა კურთხევა აეღო და იტალიაში სასწავლებლად წასულიყო. იგი ლიტურგიკის შესწავლას და დისერტაციის დაწერას აპირებდა. „- შენს ჭკუაზე ხარ? იეზუიტებთან დისერტაციის დასაწერად მიდიხარ და ჩემთან კურთხევისთვის მოხვედი? მათ ისიც კი არ იციან, რაც იქ ხდება! იქ ხომ უნიატები, იეზუიტები და რა ვიცი, ვინ აღარ ასწავლიან!“ საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ იმიტომ, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე: მიდიან ჩვენი სტუდენტები სასწავლებლად ინგლისში, საფრანგეთში, დასავლეთის სხვა ქვეყნებში. იქ ევროპული მიკრობებით სნეულდებიან და მერე წერენ რაღაც დისერტაციას, მაგალითად, ისინი სწავლობენ ბერძენ მამებს ევროპულ ენებზე - თარგმანებში. მაგრამ დასავლელმა მთარგმნელებმა ხომ ან სწორად ვერ გადაიტანეს დედანის აზრი, ან ცბიერებით, საკუთარი, არასწორი შეხედულებები დაურთეს წმიდა მამათა ნაშრომებს! და აი, ჩვენი მართლმადიდებელი მეცნიერები, უცხო ენები რომ უსწავლიათ, მოკრებენ დასავლეთში ამ საზღვარგარეთულ მიკრობებს და აქ ეზიდებიან. მერე კი ამ ავადმყოფობას სხვებს ასწავლიან. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანი ყურადღებითაა, ის ნამდვილ ოქროს ყალბისაგან გაარჩევს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ეკლესიური ახალგაზრდა, რომელიც საბერძნეთის უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად და რწმენას კარგავს.

- მაშ, მე ვეტყვი ჩემს ზოგიერთ ნაცნობს ამის შესახებ. ვთხოვ, ორიოდე უნივერსიტეტი კიდევ გახსნან საბერძნეთში, რადგან ჩვენი ახალგაზრდები საზღვარგარეთ აღარ მიდიოდნენ, დაე, აქ ისწავლონ. მაშინ აღარც ბავშვები გაირყვნებიან, აღარც მშობლები დაიხარჯებიან. და რამდენი ფული მიდის უცხო ბიძიას ჯიბეში! საზღვარგარეთ წამსვლელ ახალგაზრდებს ყოველთვის ამას ვეუბნები: „წადით, რადგან ასე გინდათ, მაგრამ ეცადეთ, რომ რწმენა არ დაკარგოთ, საზღვარგარეთ მხოლოდ ცოდნა შეიძინეთ და ყველაზე მთავარი: სამშობლოში დაბრუნება ნუ დაგავიწყდებათ. ელადა გელით, მისი დახმარება თქვენი მოვალეობაა. თქვენი ადგილი აქ არის - თანამემამულეების გვერდით, რათა ისინი არ დაიტანჯნენ ექიმის და მეცნიერების სხვა რომელიმე სპეციალისტის დარგის საზღვარგარეთ ძებნით. ყურადღებით იყავით, რომ გული არ გაგიცივდეთ. ევროპელები ცივი ხალხია. ამერიკაშიც ასეა. იქ შეიძლება, მატერიალურად გამდიდრდეთ, მაგრამ სულიერად გაღარიბდებით“.

- წმიდაო მამაო, მასწავლებლების გაფიცვებს ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს. ბავშვები არ დადიან სკოლაში და ქუჩებში დაეხეტებიან.

- მე სულ ვეუბნები მასწავლებლებს, ნურასოდეს გაიფიცებით-მეთქი იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საჭიროა, წინ აღვუდგეთ საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებას, გაკვეთილების დაწყებამდე ლოცვის ამოღებას სასწავლო პროგრამიდან, [6] ბერძნული დროშიდან ჯვრის მოხსნას, და სხვა ამგვარებს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებმა პროტესტი უნდა გამოხატონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში - არა. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები ზარალდებიან.

- წმიდაო მამაო, ე.ი. განათლების ჩამოყალიბებული სისტემა ბევრ ბოროტებას შეიცავს?

- ძალიან ბევრი ბავშვის სული ზიანდება ამ სისტემის გამო, მაგრამ სახიერი ღმერთი ფორმალურად კი არ განსჯის მათ. ის გამოცდის, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ეს ბავშვები, ცუდი გავლენის ქვეშ რომ არ მოქცეულიყვნენ, მათთვის ეს ბოროტება რომ არ გაეკეთებინათ. ჩვენც ბევრი უნდა ვილოცოთ ამ ბავშვებისთვის, რომ უფალი ჩაერიოს და დაეხმაროს მათ, რომ ისინი სულიერად არ დასნეულდნენ, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა მოიპოვონ და სათნოებები მოიხვეჭონ.


ევოლუციის თეორია


რა სისულელეებს აღარ ასწავლიან დღევანდელ სკოლებში ბავშვებს! დარვინის თეორიას და სხვა ამისდარ სისულელეებს... იმას, ვინც ამ სიბრიყვეს ბავშვებს ასწავლის, ყოველივეე ეს თვითონაც არ სჯერა. მაგრამ თავბრუს ახვევენ საბრალო ბავშვებს, რომ მათში ეს სენი დანერგონ და ეკლესიას მოსწყვიტონ ისინი. ერთმა ასეთმა სწავლულმა დამიწყო თავისი ზღაპრების მოყოლა: „დავუშვათ, რომ მიწის შემადგენლობაში არსებობს სხვადასხვა ანგრედიენტები და მიკროორგანიზმები, რომელთა გამოყენებითაც ღმერთმა ადამიანური არსება შექმნა“... „ესე იგი, ყოველივე ეს რომ არ ყოფილიყო, ღმერთი ადამიანის შექმნას ვერ შესძლებდა? წარმოგიდგენიათ?!“ - ვეუბნები მე. „- მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მან აიღო მაიმუნი და სრულყოფილებამდე განავითარა იგი?“ - აგრძელებს იგი მსჯელობას. „ძალიან კარგი, - კვლავ ვეუბნები. - განა ღმერთს არ შეეძლო, პირდაპირ შეექმნა ადამიანი - მაიმუნის გარეშე? ადამიანის შექმნას ხომ მან მთელი ერთი შემოქმედებითი დღე მიუძღვნა! თუ მას ჯერ მასალის მოგროვება დასჭირდა? წაიკითხე წინასწარმეტყველება იობისა, რომელსაც ტაძარში დიდი ხუთშაბაითს ცისკრის მსახურებაზე ვისმენო.“ მაიმუნის შესახებ ამ არაკებს დღეს მეცნიერებაც კი უარყოფს. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთვარეზე გაფრინდა ადამიანი? მაიმუნები კი მთელი ევოლუციის მანძილზე იქამდეც ვერ მივიდნენ, რომ თავისით ერთხელ მაინც დამდგარიყვნენ ციგურებზე. იმას უკვე აღარ ვლაპარაკობ, რომ მაიმუნს ველოსიპედი არ გამოუგონია და არ უსეირნია მასზე ამხედრებულს. გინახავს როდესმე მაიმუნი ციგურებზე? ის, რომ ადამიანს შეუძლია, მაიმუნი გაწვრთნას და ციგურაობა ასწავლოს, სხვა საქმეა“. „- დიახ, - ვეღარ მშვიდდებოდა ჩემი თანამოსაუბრე, - მაგრამ თუ შემდეგ ალბათობას დავუშვებთ, რომელიც გეევლინეპა...“ „ნურაფერსაც ნუ დაუშვებ, არანაირი ალბათობა არ არის საჭირო, სჯობს, გაჩუმდე, ასე გაცილებით მეტს მოიგებ“. - შევაწყვეტინე მე.

ევოლუციის თეორიას ამგვარადვე აყალიბებდა უნივერსიტეტის ერთი პროფესორი. ერთსელ მას ვუთხარი: „ლობიოს თუ მოუვლი, ის თანდათანობით უკეთესი ლობიო გახდება, თუ ბადრიჯანს მოუვლი, ისიც უკეთესი ბადრიჯანი იქნება. მაიმუნისგან კარგი კვებისა და წრთვის შედეგად უკეთესი მაიმუნი დადგება. თუ ზანგს ცივ ქვეყანაში აცხოვრებ და მზეზე არ გაიყვან, მისი სახის კანი ოდნავ გაღიავდება, მაგრამ მაინც ზანგად დარჩება“. მაგრამ თუ ცოტას მაინც დაფიქრდები იმაზე, რომ ადამიანისაგან - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაგან იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე! ესე იგი. რა? ქრისტეს წინაპარი მაიმუნი იყო? რა ღვთისგმობაა! მაგრამ ამ თეორიის მომხრეებს არ ესმით, რომ ღმერთს გმობენ. ისინი ქვებს ისვრიან, არც კი უყურებენ, რამდენის თავი ტყდება ამ ქვებით და იკვეხნიან: „მე სხვაზე უკეთ ვისროლე ქვა!“ დღეს სწორედ ამით არის დაკავებული ყველა: აღტაცებას იწვევს ის, ვინც სხვაზე შორს გაისვრის ქვას, მაგრამ იმათზე, ვისაც ქვით თავი გაუტყდება, არავინ ფიქრობს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი თვლის, რომ ამგვარი თეორიების საშუალებით შეიძლება, იმას მივაღწიოთ, რომ მარქსისტები ეკლესიას დაუახლოვდნენ.

- თავდაპირველად მარქსისტები შეიძლება, მართლაც დაუახლოვდნენ ეკლესიას, მაგრამ შემდეგ პარტიული წესების მიხედვით მის რიგებში შეიჭრებიან და მაშინ უკვე თვითონ დაიწყებენ განსაზღვრას, როდის წავიდეთ ეკლესიაში და როდის - არა. როდის გავაკეთოთ ეს და როდის - ის. ყველაფრის მართვას მოინდომებენ და ბოლოსდაბოლოს იტყვიან: „ ვინ გითხრათ, რომ ღმერთი არის, ღმერთი არ არსებობს, მღვდლები ყველას ატყუებენ“. სწორედ ამგვარად იყენებენ მარქსისტები ევოლუციის თეორიის მომხრეებს იმისათვის, რომ თავისას მიაღწიონ. მათ კი ეს არ ესმით. მარქსისტები, კეთილი ნებით და ევოლუციის თეორიის გარეშე, მიდიან ეკლესიაში, ინანიებენ, აღსარებას ამბობენ. ხოლო მათ, ვისაც კეთილი ნება არა აქვს, სულ ერთია, ვერ შეცვლი.


ბავშვებს ეკლესიას განაშორებენ


როდესაც პატარა ვიყავი, როგორ მეხმარებოდა ეკლესიაში სიარული! დაწყებით კლასებში ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა. ისიც გვეხმარებოდა, ჩვენთან ერთად ბერძნულ, ნაციონალურ სიმღერებსა და საეკლესიო გალობას სწავლობდა. კვირაობით ეკლესიაში ვგალობდით „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“, „წმიდაო ღმერთოს...“, ქერუბიმთა საგალობელს.

- გოგონებიც გალობდნენ?

- დიახ, ყველა ერთად ვგალობდით. ადრე ეკლესია სკოლის გვერდით იყო და ჩვენ მის გარშემო, ეკლესიის ეზოში ვთამაშობდით. დღესასწაულებზე მასწავლებლებს ეკლესიაში დავყავდით - გაკვეთილების დროსაც კი. მასწავლებელი ამჯობინებდა მოსწავლეებს სასწავლო საათი გამოეტოვებინათ და ეკლესიაში ელოცათ. ამგვარად, ბავშვები სწავლობდნენ, ნათლდებოდნენ, კრავებივით იყვნენ. ერთი ჩვენი პედაგოგი ებრაელი იყო, მაგრამ იგი საღვთო სჯულს არ გვასწავლიდა. საღვთო სჯულის სასწავლებლად სხვა მასწავლებელი მოდიოდა, მაგრამ თვით ებრაელი მასწავლებელიც კი ეკლესიამდე მიგვაცილებდა ხოლმე. მერე კი ბავშვები მორჩილებითა და წყნარად თვითონ ვიდექით მსახურებაზე.

დღეს კი ბავშვებს ეკლესიას განაშორებენ, მე ვხედავ, როგორ გასასტიკდნენ ისინი. ეკლესიაში ხომ ისინი წყნარი, კეთილი ბავშვები ხდებიან, იმიტომ, რომ ეკლესიაში ბავშვი საღძრთო მადლს იღებს, განიწმინდება. დღეს ბავშვებს ეკლესიაში სიარულის ნებას არ აძლევენ, რომ ისინი „სულიერი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ“. მაგრამ ამასთან ყოველგვარი სისულელისგან მათ არავინ იცავს. და არა მარტო არ იცავენ, პირიქით, ასწავლიან კიდეც ათასგვარ მონაჩმახს. განა მათთვის გაუგებარია, რომ „სულიერი ზეგავლენის“ ქვეშ მოქცეული ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, უწესოდ მაინც არ მოიქცევიან, კეთილგონიერნი გახდებიან. აღარ იქნებიან ასეთი მოწამლულები, ახლა რომ არიან. ხოლო, როდესაც ეს ეკლესიური ბავშვები გაიზრდებიან, თავისი სამშობლოს ნამდვილი მოქალაქეები იქნებიან. ისინი ცუდ საზოგადოებაში არ მოხვდებიან, ნარკოტიკებს არ მიიღებენ და უმაქნის ადამიანებად არ ჩამოყალიბდებიან. განა ყველაფერი - ზემოთჩამოთვლილი საკმარისი პირობა არ არის იმისათვის, რომ ისინი წესიერი ადამიანები გაიზრდებიან? ნუთუ ისინი, ვინც მათ ეკლესიას განაშორებს, უარყოფს ამას? ნუთუ მათთვის ეს სულ ერთია?

მაგრამ დღეს მათი მიზანია - ბავშვები ეკლესიას დააშორონ. მათ წამლავენ, ათასგვარი თეორიებით ასნებოვნებენ, ართმევენ რწმენას. სიკეთის ყველა გზას უღობავენ, რომ უმაქნისებად აქციონ. მათ უმცირესი ასაკიდანვე ანადგურებენ. ბუნებრივია, რომ კრავებიდან ბავშვები ახალგაზრდა თხებად გადაიქცნენ. შემდეგ უკვე თავიანთი გამოხდომებით აგიჟებენ მშობლებს, მასწავლებლებს, მათ, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ისინი. ბავშვები თავდაღმა აბრუნებენ ყველაფერს, მიტინგებს აწყობენ, იპყრობენ სკოლებს, უარს ამბობენ გაკვეთილებზე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისინიც მოეგებიან გონს, ვინც ბავშვებს ამგვარი საქციელისკენ უბიძგებენ, ეს მაშინ მოხდება, როდესაც მათ მიერ გარყვნილი ბავშვები, თავიანთ ბოროტ მასწავლებლებს მუცლებს გამოფატრავენ.


ბავშვებს მეტისმეტად ტვირთავენ


ვხედავ, რომ ხშირად მარტო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები კი არა - უნვიერსიტეტის კურსდამთავრებულებიც ბატიფეხურით წერენ და ორთოგრაფიულ შეცდომებს უშვებენ. ჩვენ დაწყებითი სკოლა რომ დავამთავრეთ, ეს შეცდომები არ მოგვდიოდა. დღეს მეტნაკლებად განათლებულები მხოლოდ ფილოლოგიის და იურიდიული ფაკულტეტების [8] სტუდენტები არიან. სხვა ფაკულტეტებზე უშეცდომოდ წერასაც ვერ ახერხებენ. ადრე კი რვაწლიან სკოლაში იყო ასე...

- როგორც უნივერსიტეტებში, წმიდაო მამაო?

- თუკი დაწყებით კლასებში ასეთ ცოდნას იღებდნენ, რვაწლიანზე რაღა ითქმის! დღეს კი ბავშვებს ყოველგვარი ნაგვით ტენიან და ავსებენ. მათ ტვირთავენ მეცნიერებებით, მაგრამ ამავე დროს სრულიად ცარიელს ტოვებენ სასწორის მეორე - სულიერ მხარეს. სკოლებში, პირველ ყოვლისა, ბავშვებს ღვთის შიში უნდა ჩაუნერგონ. პატარა ბავშვები სწავლობენ ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს. ძველ ბერძნულს კი არ ასწავლიან. ასწავლიან მუსიკას, კიდევ რაღაცას - მეხუთეს და მეექვსეს, მეათეს... მაგრამ პირველ რიგში რა უნდა ისწავლებოდეს? ის, რაც ყველაზე მთავარია - სამშობლოს შესახებ არაფერს ასწავლიან. არც პატრიოტულ სიმღერებს, არაფერს ამდაგვარს...

გააჩერე რომელიმე თანამედროვე ბავშვი და ჰკითხე: „რომელ ოლქში მდებარეობს შენი სოფელი, რამდენი მოსახლეა იქ?“ - იგი პასუხის გაცემას ვერ შეძლებს. ის ფიქრობს: „წავალ ავტოსადგურში, ჩავჯდები ავტობუსში და ჩემს სოფლამდე ის მიმიყვანს, ხოლო თუ სად არის ის - ჩემი სოფელი, ეს კონდუქტორს ეცოდინება. მე ვეტყვი სოფლის სახელს, სადაც მივდივარ, ვიყიდი ბილეთს და ავტობუსი თვითონ მიმიყვანს ადგილამდე“. დაწყებით სკოლაში მსოფლიო რუკა ჩვენ ხუთი თითივით ვიცოდით. დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ზეპირად უნდა სცოდნოდა ყველა ქვეყნის იმ ქალაქების სახელები, რომელთა მოსახლეობაც 500 000-ს აღემატებოდა. უნდა დაგვემახსოვრებინა, თუ ამ ქვეყნებში რომელი იყო ყველაზე გრძელი, ყველაზე ფართო მდინარეები, რომელი იკავებდა მეორე ადგილს, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთები და ა.შ. საბერძნეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! მაგრამ დღეს!.. შევხვედრივარ მარტო პატარა ბავშვებს კი არა - სტუდენტებსაც, რომლებმაც იმ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა არ იციან, სადაც სწავლობენ. ვკითხე ერთ სტუდენტს, თუ რომელია საბერძნეთში ყველაზე მაღალი მთა? მან ვერ მიპასუხა. რომელია ყველაზე დიდი მდინარე? - აქაც დუმილი. - რომელია ყველაზე პატარა? - კვლავ დუმილი. სტუდენტმა არაფერი იცოდა თავისი სამშობლოს შესახებ! მაგრამ შემდეგ, როდესაც მოვლენ „მეზობლები“, „ჩვენი კეთილი მეგობრები“ და იტყვიან: „- ეს თქვენი კი არა, ჩვენი სამშობლოა“, ასეთი სტუდენტი უპასუხებს: „- დიახ, მართალი ხართ, ის თქვენია!“ გესმით, რა ხდება? ჩვენ აქეთკენ მივდივარო. თუმცა თანამედროვე ბავშვებს ფეხბურთის ან ტელევიზიის შესახებ თუ შეეკითხები, ნახავ, რომ მათ უკიდურეს წვრილმანამდე იციან ყველაფერი.

სამაგიეროდ, იმ ბავშვებმა, რომლებიც ალბანეთიდან ჩამოვიდნენ - ჩრდილოეთ ეპირიდან, წერა და კითხვა იციან. რომ ეკითხებიან, სად ისწავლეთო, გპასუხობენ - ციხეშიო. ამ საბრალოებმა ციხეები სკოლებად აქციეს. ჩვენი, ბერძენი ბავშვები კი სკოლებს აქცევენ ციხეებად. მათ დაიპყრეს სკოლები და შიგ გამოიკეტნენ. თანამედროვე ბავშვები - მოზარდები გამოთაყვანებამდე არიან მისულნი, განსაკუთრებით - საშუალო და მაღალ კლასებში. უნივერსიტეტებში ახალგაზრდები უკვე ზრდასრულები არიან და ამიტომ, როცა მოესურვებათ, ლექციებზე მაშინ მიდიან.

და იმის მაგიერ, რომ განათლების სისტემასთან დაკავშირებით საგანგებო ზომები მიიღონ, მას უარესად აფუჭებენ. ისინი ხომ რაღაც მეტად სულიერს ეძებენ! აბა, ერთი მოუსმინეთ ლოცვას დაწყებითი სკოლის საკითხავი ქრესტომათიიდან: „ჰოი, ქალწულო მარიამ, შენი პატარა ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერია!“ ვაი, სადამდე დავედით! რას ასწავლივდნენ ბავშვებს უწინ და - რას ასწავლიან მათ ახლა - წარმოუდგენელი შინაარსის ლექსებს“ [9] რამდენად გონივრულია, პატარა ბავშვებს ასეთი საშინელი სისაძაგლეები ასწავლო? მაგრამ ისინი ამას განგებ აკეთებენ, რათა ბავშვები შეაჩვიონ ეშმაკს და სატანისტებს თავიანთი საქმის კეთება აღარ გაუჭირდეთ. დაე, აღმართოს მარჯვენა თვისი უფალმა, რადგან დღეს ბავშვებს არავინ ეხმარება იმაში, რომ სასიკეთოდ შეიცვალონ და ისინი ეშმაკეულები ხდებიან.

ბავშვები ცოდნას ისე იღებენ, რომ თავით მუშაობას საერთოდ არ სწავლობენ. ამიტომაა, რომ მათ ტვინის განძრევა არ შეუძლიათ, მაგრამ, რადგანაც ტვინი არ იძვრის, ის ნისლით იბურება. აი, გამომგონებლები კი ტვინით მუშაობენ. როდესაც რაიმე პრობლემას ნახავენ, ისინი ფიქრობენ, თუ როგორ გადაჭრან იგი. დღეს უმრავლესობა იმას უყურებს, ინსტრუქციაში რა წერია. ადამიანები ამ დონეზე რჩებიან. მხოლოდ ციფრები და ნომრები - მეტი არაფერი. „ეს ხრახნი პირველი ნომერია, ეს ქანჩი კი - მეორე“... თუ რომელიმე ხრახნი რომელიმე ხვრელს ვერ მოერგო, მაშინვე ინჟინერს იძახებენ. იმასაც ვერ მოიფიქრებენ, რომ ხვრელი ცოტა გააგანიერონ. ან თუ ხრახნი პატარაა, აიღონ საიზოლაციო ხვეულა, გადაახვიონ ხრახნზე და ისე გაამსხვილთნ, რომ ხვრელში აღარ იმოძრაოს. მაგრამ, არა. ცოტა სიძნელე და მაშინვე - მოდი, ინჟინერი გამოვიძახოთ. რას იზამ! ტელევიზიამ და სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა გააზარმაცეს ადამიანი. ჭკვიანი ადამიანებიც კი ბოლოს მაგნიტოფონის კასეტებს ემსგავსებიან (რაც მათზეა ჩაწერილი, იმას ამბობენ). ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ტვინით უნდა მუშაობდეს. ამაშია ყველაფრის ძირი. რადგან, თუ ტვინი არ გაანძრია, დღეს შეიძლება რაღაც ისწავლოს, მაგრამ ხვალ ის ნასწავლი სხვა რამეში აერევა. ამიტომ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ტვინი თვითონ ქმნიდეს რაღაცას, თვითონ პოულობდეს გამოსავალს. ტვინი, რომელიც არაფერს ქმნის - განუვითარებელია.


მასწავლებლის საქმე წმიდაა


- წმიდაო მამაო, ხშირად მასწავლებლებს სკოლაში პრობლემებს უქმნიან არა მოსწავლეები, არამედ - მათი კოლეგები.

- ჩვენს დროში იმ ადამიანს, რომელსაც სურს, სწორად იქცეოდეს თავისი კოლეგების წრეში, დიდი განსჯის უნარი და განათლება სჭირდება. საჭიროა გონიერება და საღმრთო სინათლე - ყველა ცალკეულ შემთხვევაში. ზოგჯერ ისიც კი არ არის საჭირო, სხვების წინაშე წარმოაჩინო რომ მორწმუნე ხარ. არამედ წყნარად უნდა ცხოვრობდე და თანამშრომლებს შენს სარწმუნოებას სიტყვით კი არა - შენი მართლმადიდებლური ცხოვრების წესით აჩვენებდე. ასე ადამიანი შეძლებს, სხვებს ისე დაეხმაროს, რომ არ განარისხოს ისინი. განსაკუთრებით პედაგოგებს შორის: იქ ზოგიერთი პრობლემა სიმსივნეს ჰგავს. ზოგჯერ ავთვისებიანი, ზოგჯერ - კეთილთვისებიანი. როდესაც რაღაც პრობლემასთან დაკავშირებით ლოგიკას ვეყრდნობით, ხშირად სიკეთის მაგიერ ბოროტება გამოგვდის. თუ სიმსივნე ავთვისებიანია, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მეტასტაზები იწყება. ამიტომ ასეთი სიმსივნე, ჯობს, თუ აკურატულად მოიწვება.

- წმიდაო მამაო, იმ პედაგოგებს, რომელთაც რაღაც კარგის გაკეთება სურთ, ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.

- თუ ადამიანს სურს, ის ყოველთვის შესძლებს, გამოსავალი იპოვოს. ვისაც სურდა, ასეთ გამოსავალს უღმერთო რეჟიმის დროსაც კი პოულობდა. ასე რომ, აქ კი ვერ იპოვიან მას?! ერთი ბერძენი ბულგარეთში წავიდა (ჯერ კიდევ უღმერთობის დროს) და რომელიღაც სკოლის გვერდით ბავშვებს ჯვრებს ურიგებდა. იგი შორიახლოს მყოფმა კომუნისტმა შეამჩნია. მასწავლებელმა, როდესაც შენიშნა, რომ კომუნისტი უყურებდა, ბავშვებს ჯვრები წაართვა და დატუქსა ისინი, რად აიღეთო. მაგრამ, როდესაც კომუნისტი წავიდა, მასწავლებელმა ჯვრები კვლავ დაურიგა ბავშვებს. ნახეთ, როგორ გაექცა იგი კონფლიქტს კანონთან და ღმერთთან? და ბერძენი მასწავლებლები - მცირე აზიაში! რამდენი მისცეს მათ ხალხს უმძიმეს წლებში! და ყველაფერი ეს იმიტომ შესძლეს, რომ გულით შრომობდნენ, აწუხებდათ რაღაც და თავს სწირავდნენ. რა ბრძნულად იღწვოდა ფარასაში წმ. არსენი კაბადოკიელი. როდესაც სკოლის შენობა მოამზადა, მან მერხების მაგიერ საკლასო ოთახებში თხისა და ცხვრის ტყავები დაფინა და ამ ტყავებზე ბავშვები მუხლზე მდგარნი ისმენდნენ გაკვეთილებს. წმ. არსენი ასე ბრძნულად მოიქცა და არც თურქების რისხვა გამოიწვია. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები მეცადინეობდნენ, თურქებს ეგონათ, რომ ისინი ლოცულობდნენ. ხოლო როდესაც წმ. არსენის სურდა, ბავშვები ბუნების წიაღში დასასვენებლად გაეყვანა, თავის ნაკვეთში მიჰყავდა, რომელიც ბაღივით იყო გაშენებული - ვითომდა სამუშაოდ - და ეუბნებოდა მათ: „- როდესაც თურქს დაინახავთ, მუშაობა ღაიწყეთ, ვითომდა, ბაღს ასუფთავებთ“. ის საბრალოებიც ასე იქცეოდნენ, რადგან თურქები იმას რომ მიმხვდარიყვნენ, წმიდანს ბავშვები დასასვნებელად გამოჰყავსო, ბევრი უსიამოვნება შეხვდებოდათ. ნამდვილი საიდუმლო სკოლა! როდესაც თურქი მიდიოდა, ბავშვები თამაშს აგრძელებდნენ. ხოლო ზაფხულში, არდადეგების დროს წმ. არსენი კვლავ კრებდა ხოლმე ბავშვებს, რომ სწავლას არ მოწყვეტოდნენ და ნასწავლი არ დავიწყებოდათ.

- წმიდაო მამაო, რისთვის წერდა წმ. არსენი გაკვეთილებზე თურქულად, მაგრამ - ბერძნული ასოებით?

- იმისთვის, რომ ბავშვებს თურქულიც სცოდნოდათ და თურქებს შორის ცხოვრება შესძლებოდაო. ამის გარდა თურქები თუ ამხელდნენ წმიდანს იმაში, რომ ის ბავშვებს კითხვას ასწავლის და ბერძნულ ასოებს დაინახავდნენ, მაშინ თურქულად კითხვა დაამშვიდებდათ. ასე რომ, ბავშვებიც სწავლობდნენ და არც თურქები ღელავდნენ. ყველაფერი, რაც თვით წმ. არსენისთვის იყო დამახასიათებელი - მართლმადიდებლობის მიმართ უკომპრომისობა და ღვთისმოსაობა, მან თავის მოწაფეებს გადასცა.

ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანს თუკი უნდა, ის შეძლებს, სიკეთე გაუკეთოს ბავშვებს - სადაც არ უნდა იყოს იგი. ერთხელ ხელში ჩამივარდა წიგნი ჩრდილოეთ ეპირის შესახებ, რომელიც იქ მყოფი მასწავლებლის მიერ იყო დაწერილი. ეს ქალი ისეთი მასწავლებელია, ორმოცდაათ კაცად ღირს! როგორი დამოკიდებულების შემუშავება შეძლო მან ალბანური იდეოლოგიისადმი! მან ის მტვრად აქცია. ასეთი ყოჩაღი ქალია!

იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა! განსაკუთრებით - ჩვენს დროში. ბავშვები მაგნიტოფონის სუფთა კასეტებს ჰგვანან. მათზე შეიძლება ბინძური სიმღერებიც ჩაწერო და შესანიშნავი საეკლესიო საგალობლებიც. მასწავლებლობა წმიდა საქმეა. მასწავლებელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. თუ ყურადღებით იქნება, შეძლებს, რომ ღვთისგან დიდი სასყიდელი მიიღოს. ეს ვალია - ბავშვებისათვის ღვთისმოშიშების სწავლება. პედაგოგები მოვალენი არიან მონახონ საშუალებები, რომ ბავშვებამდე ღვთისა და მამულის შესახებ ცოდნა მიიტანონ. დაე, მათ დათესონ მარცვალი. თუ ვერ ნახეს, როგორ აღმოცენდება იგი, არა უჭირს! უკვალოდ არაფერი იკარგება - დრო მოვა და თესლი აღორძინდება.

დაე, ისინი ყოველთვის კეთილად, კრძალვით, სიყვარულით ეპყრობოდნენ ბავშვებს. შეეცადონ, მათში ღვთისმოსაობა ჩანერგონ. ბავშვს სითბო და სიყვარული უნდა. ბევრი ბავშვი შინ ამას სრულიად მოკლებულია. თუ მასწავლებელი შეიყვარებს ბავშვებს, ბავშვებიც შეიყვარებენ მას. და მაშინ მასწავლებლებისათვის ადვილი იქნება თავისი საქმის გაკეთება. როდესაც ვცელქობდით, ჩვენს მასწავლებელს შეეძლო გავეწკეპლეთ, მაგრამ მას ბავშვები უყვარდა და ბავშვებსაც უყვარდათ იგი. ამ კაცს საკუთარი შვილები არ ჰყოლია, მაგრამ უსაზღვროდ უყვარდა ბავშვები.

ამიტომ საქებურნი არიან ის მშობლები, რომლებიც მრავალ შვილს შობენ და მრავალშვილიანი დედები და მამები არიან, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს და კიდევ უფრო „მრავალშვილიანი“ დედები და მამები ხდებიან. ისინი საზოგადოებას „ხელახლა შობილ“ ადამიანებს უძღვნიან და ამით საზოგადოება უკეთესი ხდება.

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий