ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 июня 2014 г.

უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან.

  ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას.

წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც" უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც", დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც" გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა.



ყაჩაღის აღსარება


ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული:

1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს". ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი" ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი" ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა:

- ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენჯერმე მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს სძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბე და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას", ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.

საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო...
* * *

დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი"- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით" შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.
* * *

ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა!


ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"


Комментариев нет:

Отправить комментарий