ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 июля 2014 г.

«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა»

ახლახან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაავალა აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს, მსოფლიოში ხელი შეუწყონ გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას. შეხვედრას სექსუალური უმცირესობების ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები ესწრებოდნენ. 

ჯო ბაიდენმა ილაპარაკა, რომ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა არის ცივილიზებული ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანი და ის ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებზე მაღლა უნდა იდგეს.


«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა», _ განუცხადა ბაიდენმა სტუმრებს და დასძინა, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ.


ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. საქართველოში «მუქარას» უწოდებენ ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თუკი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება, რუსეთი თავს დაიცავს. თუ მუქარაა ის, რომ რუსეთი თავს დაიცავს, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას? რა იქნება «არაადამიანურობის საფასური»? ვის შეეხება იგი? დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გაემიჯნა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რომ «არაადამიანურობის საფასურზე» ლაპარაკისას ბაიდენი სწორედ რუსეთს გულისხმობდა.


ცნობისათვის: ნატოს წევრ და აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთში მხოლოდ შარშან 70 ტრანსსექსუალი მოკლეს, მაგრამ ამერიკელებს ეს არც შეუმჩნევიათ. «არაადამიანურობა» არის ის, რომ რუსეთში გეიპროპაგანდა აიკრძალა!


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინააღმდეგობრივი ან სულაც მიუღებელი განცხადებების გამო ბაიდენს არაერთხელ მოუწია ბოდიშის მოხდა. 2013 წლის 21 მაისს ჯო ბაიდენმა ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ამერიკელი ებრაელების დამსახურებებს ეძღვნებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ებრაელთა როლი განსაკუთრებულია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაში. რაც შეეხება კინოინდუსტრიასა და მასმედიას, ბაიდენმა თქვა: «ცვლილებათა 85%, რომლებიც განხორციელდა ჰოლივუდსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მათ ებრაელები ხელმძღვანელობენ». მან ხაზი გაუსვა ებრაელების გავლენას იმიგრაციული კანონმდებლობის მიღებასა ფემინიზმის მიღწევებში. ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა: «ჩვენ დიადი ქვეყანა დიდწილად იმ წვლილის გამო ვართ, რომელიც ებრაულმა მემკვიდრეობამ და ებრაულმა პრინციპებმა შემოიტანეს».


ბაიდენის ამ გამოსვლამ, ებრაელების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ამერიკული პრესა წერდა, რომ მისი ეს გამოსვლა ჩინებული კოზირია ებრაელთა მოწინააღმდეგეებისთვის; ბაიდენმა, ფაქტობრივად, ირიბად დაადასტურა, რომ არსებობს «ებრაული შეთქმულება» (თჰე Nეწ Yორკ Mაგაზინე). ავტორიტეტული ებრაელები სულაც არ მოიხიბლნენ ვიცეპრეზიდენტის ამ გამოსვლით.


ერთ გამოსვლაში ბაიდენმა პრეზიდენტ ობამას მისამართით განაცხადა: «ჩვენ გამოგვიჩნდა პირველი თანამედროვე აფროამერიკელი, რომელიც კარგად ლაპარაკობს, ნათელი, სუფთა და სიმპათიური, პირდაპირ ზღაპრული პერსონაჟია». ბევრმა ამერიკელმა ეს კომენტარი შეურაცხყოფად და რასობრივად მიუღებლად მიიჩნია. ბაიდენს ობამას წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია. სხვა დროს მან განაცხადა, რომ ამერიკაში ვერ იპოვი ფუნთუშის გამყიდველს, ინდური აქცენტი რომ არ ჰქონდეს. 2011 წლის 14 აპრილს ჯო ბაიდენს ჩაეძინა პრეზიდენტ ობამას სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ეძღვნებოდა.


ბაიდენი ყოველთვის აშკარად გამოხატავდა ერთგულებას კათოლიკური რწმენისადმი და აცხადებდა, რომ «ყელში ჩათხრის კრიალოსანს ნებისმიერ რესპუბლიკელს, რომელიც მას მცირედმორწმუნეობას უსაყვედურებს». ასეთი მხურვალე კათოლიკე დღეს კიდევ უფრო მხურვალედ იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს და მათ ეროვნულ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა აყენებს.


1987 წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობას აპირებს. მაშინ იგი სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. საარჩევნო კამპანია საკმაოდ ენერგიულად დაიწყო, მაგრამ მალე ჟურნალისტებმა ტყუილში გამოიჭირეს: ბაიდენი ყოველთვის ამბობდა, რომ სკოლის, უნივერსიტეტისა და იურიდიული კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა ეს მონაცემები შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ბაიდენს ძალიან დაბალი მოსწრება ჰქონდა. გარდა ამისა, კოლეჯში სწავლისას იგი პლაგიატში ამხილეს. მისი კონკურენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც შედარებული იყო ბაიდენის და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მოქმედი ლიდერის, ნილ კინოკის გამოსვლები. გაირკვა, რომ ბაიდენი პირდაპირ იმეორებდა კინოკის ფრაზებს. ამ სკანდალების შემდეგ ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ იგი «წარსულის შეცდომების ჰიპერტროფირებულმა ჩრდილმა გაჭყლიტა».


ბაიდენის ბიოგრაფია ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც მისი განცხადებები. 1974 წელს ჟურნალ თIME-მაME ყველაზე ახალგაზრდა, 30 წლის სენატორი ჯო ბაიდენი შეიყვანა იმ 200 პიროვნების სიაში, «რომლებიც შექმნიან ისტორიას». იგი 35 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დელავერის შტატს აშშ-ის სენატში, თუმცა «ისტორიის შექმნაზე» ისტორია მოკრძალებულად დუმს. მისი წვლილი ამ საქმეში იმით შემოიფარგლა, რომ, პრეზიდენტობა როდესაც დააპირა, განაცხადა, რეიგანის ეპოქის ცვლილებებს გავაუქმებო.


ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმოდა, მაგრამ მოახერხა ამ ნაკლის დაძლევა და კარგ ორატორად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ახალგაზრდობაში ასთმის გამო ფეხბურთს დაანება თავი და ამავე მიზეზით არ წავიდა ვიეტნამის ომში. პოლიტიკოსი, რომელსაც სამხედრო ძალებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, აშშ-ის მიერ წამოწყებული ყველა ომის მხარდამჭერად იქცა.


ბაიდენი იყო პირველი, რომელმაც სლობოდან მილოშევიჩს სამხედრო დამნაშავე უწოდა. პრეზიდენტ კლინტონის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის გადაწყვეტილებას დიდწილად სწორედ ბაიდენის გავლენას უკავშირებენ. იმჟამად იგი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოღვაწეობდა. სწორედ ბაიდენი ლობირებდა ბოსნიელი მუსლიმანების შეიარაღებას, მოითხოვდა იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დანაშაულთა გამოძიებას და სერბეთის დაბომბვას. 2001-2003 წლებში იგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა ავღანეთში სამხედრო ჩარევას. 2002 წელს მან მხარი დაუჭირა ერაყში ინტერვენციას.


საინტერესოა, რომ 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამასთან წყვილში (პრეზიდენტი-–ვიცეპრეზიდენტი) კენჭისყრისას ბაიდენმა ყოველი შემთხვევისთვის თადარიგი დაიჭირა და პარალელურად დელავერის შტატის სენატორად იყარა კენჭი. ისე მოხდა, რომ ობამამ არჩევნები მოიგო და იმავე დღეს სენატორად გასულმა ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის სავაძელში გადაინაცვლა, ხოლო დელავერის გუბერნატორმა მის ადგილზე ორი წლის ვადით ბაიდენის თანაპარტიელი ტედ კაუფმანი დანიშნა. ასეთი ამერიკული დემოკრატია რომ იყოს, მაგალითად, რუსეთში, ანუ გამოკლებული სენატორის ადგილზე არჩევნების გარეშე გუბერნატორმა დანიშნოს ვინმე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი რისხვა დაატყდებოდა დემოკრატიის «დამცველებისგან»!


2012 წელს ობამა-ბაიდენის წყვილმა მეორედ გაიმარჯვა. ჯო ბაიდენი და სააკაშვილის ლობისტი ჯონ მაკკეინი, მიუხედავად იმისა, რომ ორ კონკურენტ პარტიას, შესაბამისად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს წარმოადგენენ, ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ; 2004 წელს ბაიდენმა უარი თქვა პრეზიდენტად კენჭისყრაზე, ხოლო როცა მის კანდიდატურას ჯონ კერისთან ერთად ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავდნენ, მან დემოკრატების კანდიდატს მეწყვილედ სწორედ მაკკეინი შესთავაზა. 2008 წელს მაკკეინმა გულითადად მიულოცა ბაიდენს გამარჯვება და ვიცეპრეზიდენტის პოსტი. ისინი ყოველთვის სოლიდარულები იყვნენ ავღანეთის, ერაყისა და პაკისტანის საკითხებში.


ბაიდენი ცნობილია, როგორც ყველაზე ღარიბი ამერიკელი პოლიტიკოსი. მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ 400 ათასი დოლარია. სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ბაიდენის დაბნეული გამომეტყველება აღნიშნეს, მით უფრო, რომ ეს 2008 წლის სამხედრო ავანტიურის შემდეგ ხდებოდა და სააკაშვილი აშშ-ის სენატისგან მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვდა.


ბაიდენს ორად ორი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული: 2006 წელს იგი ლატვიაში «სამი ვარსკვლავის ორდენის» უმაღლესი ოფიცრის წოდებით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს სააკაშვილმა გამარჯვების წმინდა გიორგის ორდენი უბოძა. ახლო მომავალში ამ ჯილდოებს, ალბათ, უკრაინის რომელიმე ორდენიც შეემატება. ჯო ბაიდენი კიევშიც ჩავიდა და ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ნულანდის მიერ დარიგებული ფუნთუშებით გამარჯვებულმა კიევის მაიდანმა სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით შეასრულა. მართალია, შეერთებულმა შტატებმა, როგორც ამბობენ, ამ ოპერაციისთვის 5 მილიარდი დოლარი გაიღო, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში პროცესი დამძიმდა _ პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებების მიუხედავად, ცეცხლი არ წყდება და ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. ამ ვითარებაში 30 ივნისიდან 6 ივლისამდე დაანონსდა ,»კიევ პრაიდი _ 2014», როგორც ანტირუსული(?!) გეიპარადი. მოგვიანებით კვირეული 5 ივლისს დაგეგმილი ერთდღიანი აღლუმით შეცვალეს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (მოსკოვის საპატრიარქო) მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას იმის პროპაგანდა, რასაც ეკლესია _ ცოდვად, ხოლო საზოგადოება გარყვნილებად მიიჩნევს. თავის მხრივ, უკრაინის პატრიარქის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. საკითხის პოლიტიზება თვითონ ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველებმა მოახერხეს: მათ განაცხადეს, რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები მხარს უჭერენ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აღლუმი ანტირუსულ დატვირთვას ატარებს. ეს, ალბათ, პირველად ხდება ისტორიაში, როცა სექსუალური უმცირესობები პოლიტიკური მოტივით ატარებენ გეიპარადს.


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა, როგორც კი იანუკოვიჩის ჩაი დალია, მაშინვე განაცხადა: «მე თვითონ ჩავუდგები სათავეში პირველ სრულიად უკრაინის გეიპარადს!» უცნობია, ამავე აზრზეა თუ არა ახალარჩეული პრეზიდენტი პოროშენკო. ასეა თუ ისე, სექსუალურ უმცირესობათა საკითხი უკვე უკიდურესად პოლიტიზებულია და საკმარისია, მათ მიმართ აღტაცება არ გამოხატო (სულერთია, საქართველოში თუ უკრაინაში), რომ მაშინვე პრორუსულის მაღალ წოდებას მიიღებ! თუ ასე გაგრძელდა, მოლა ნასრედინისა არ იყოს, შეკითხვაზე _ ხარ თუ არა პრორუსული, ჰომოსექსუალიზმის მოძულენი მოკლედ უპასუხებენ: – იმიტომ!


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა:


«ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა უჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა».



ისევ გავიხსენოთ, რას ამბობს ბაიდენი: «მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა! იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ!»


ვის სიტყვებს დაუჯერებს სრულიად საქართველო, ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არ არის.


ნანა დევდარიანი

geworld.net


Комментариев нет:

Отправить комментарий