ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 июля 2014 г.

ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – აი, ეს არის განკურნების გზა

სტუდია "გუთანის" მიერ გადაღებულ ფილმში მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი) გვესაუბრება ავადმყოფობის მიზეზებზე და მისი დაძლევის გზებზე:

ავადმყოფობა თუ შემემთხვა, ის ჩემი დათესილია, მიზეზი ჩემშია, ავადმყოფობის გამოვლინება არის წმენდის პროცესი. თუკი მივიღებ ამას სიხარულით, მადლიერებით, ლოცვით, მარხვით - შევეწევი ღმერთს ჩემს გაწმენდაში. ავადმყოფობა არის სასჯელი.

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბოროტმოქმედი სანამ თავისუფლად პარპაშებს, მას აქვს მთელი თეორიები, გამამართლებელი თავისი ბოროტებისა, მაგრამ როდესაც დაისჯება და ციხეში მოხვდება, მაშინ მას წესით უნდა დაეწყოს სინდისის ქენჯნა, გამოფხიზლება, თქვას ღვთისადმი: აქამდე ბრმა ვიყავი, ბოროტებას ჩავდიოდი და ვერ ვხედავდი, მადლობელი ვარ ღმერთო, რომ სასჯელი დამადე, უფრო მკაცრი სასჯელი მეკუთვნის, უფრო ხანგრძლივი სასჯელი მეკუთვნის, კარცერი მეკუთვნის, როცა ასე განეწყობა ადამიანი, უფრო ხანგრძლივი პატიმრობა კი არ მიეცემა, ღმერთი შეუნდობს და მალე გამოიყვანს ციხიდან. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მე უსამართლოდ დავისაჯე, რატომ შემეყარა ეს ავადმყოფობა, არაფერი ცოდვა არ მაქვს, ასეთი პატიოსანი ვარ, სხვები კი ცოდვილები არიან და ჯანმრთელად არიან, მდიდრებიც არიან. მე ასეთი პატიოსანი რატომ ვისჯებიო - არასწორად ფიქრობს.

ანდა შეიძლება მე ციხეში მოვხვდე და განაჩენი იყოს არასწორად გამოტანილი. რა ვქნა ახლა მე? თუ ჩავთვალე, რომ უსამართლოდ ვისჯები, დიდი შეცდომა მოხდა, მე არ მომიკლავს და დამიჭირეს და ახლა უსამართლოდ ვიტანჯები, თუ ეს ასე მივიღე, ესე იგი ვარ უვიცი, ვარ არარელიგიური და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩავვარდები, რადგან შეიძლება სამოქალაქო სამართალი შეცდეს, მაგრამ ღვთის სამართალი ხომ არ შეცდება? როგორ დამიჭერს მე ვინმე, რა ძალას შეუძლია ჩემი საპატიმროში გამოკეტვა, თუ მე სრულიად უდანაშაულო ვარ? მთელი ქვეყანა რომ გადაიბუგოს, მე მაინც ვერაფერი შემეხება, თუ შემეხო რაიმე, ეს დიადი საღვთო კანონის დარღვევა იქნება, ღმერთის კანონი კი ღმერთისგანვეა დაცული და იმას ვერავინ შეეხება. ამიტომ, მე რომ ავად გავხდი, ეს არის კეთილი, ნათელი, ბუნებრივი, განმაკურნებელი მოვლენა. სამადლობელი მმართებს ღმერთის მიმართ: ღმერთო რა საყვარელი ხარ, კიდევ უფრო მეტად დამტანჯე, რომ მალე განვიკურნო.

შენ ვალი გაქვს მილიონი დოლარი, შეგიძლია ეს მთელი ცხოვრება იხადო, მერე ვერ გადაიხადო ეს ვალი და შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვო. ანდა შეგიძლია წელებზე ფეხი დაიდგა, ისე იშრომო და უსწრაფესად გადაიხადო ვალი. ავადმყოფობის მკვეთრი გამოვლინება, კიბო იქნება თუ სხვა მძიმე დაავადება, ეს არის ვალების უსწრაფესი გასტუმრება.

რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, ჭირი და ვარამი, მით უფრო უნდა გავიხაროთ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რადგანაც ახლოა გაწმენდა. ვაი მას, ვისაც ნელ-ნელა ღრღნის ავადმყოფობის ჭია, ვერ ხვდება ამას, თავი ჯანმრთელი ჰგონია და მერე ერთბაშად მოიცელება და ჯოჯოხეთში ჩავარდება გაუწმენდელი, გამოუფხიზლებელი.

არ არსებობს უკურნებელი ავადმყოფობა და სენი. რაც უფრო უკურნებელი ჰგონიათ ავადმყოფობა, მით უფრო იოლი განსაკურნებელია იგი. ეგ არის, რომ მშიშრები ვართ, ლაჩრები და უღმერთოები ვართ. ძალიან წამხდრები ვართ. სიმამაცეს, რწმენას რა დაუდგება წინ, ერთ წამში იკურნება, კიბო იქნება თუ რაც გინდა იყოს.

თუ დაუმალავ ადამიანს თავის ავადმყოფობას, შენც ლაჩარი ხარ, ისიც ლაჩრად გაგიზრდია, თუ გაიგო, ვაიმე კიბო მაქვსო, მაშინვე მოკვდება.

ლეგენდაა ასეთი: შავი ჭირი მიდიოდა გზაზე, ერთი ბერი იდგა და ლოცულობდა, საით მიდიხარ შენ შავო ჭიროვო - ჰკითხა ბერმა, დავალება მაქვსო, იმ ქალაქში ბევრი ცოდვები დატრიალდა და 5000 კაცი უნდა მოვკლაო. შავი ჭირით გაცილებით მეტი ადამიანი დაიხოცა - 20000-ზე მეტი, როცა ჭირი უკან გზაზე ბრუნდებოდა, ბერმა უთხრა, რატომ არ შეასრულე შენი ნათქვამიო, 5000-ზე მეტი რატომ დახოცეო? ჭირმა უპასუხა: მე ზუსტად 5000 მოვკალი, დანარჩენები თვითონ დაიხოცნენ შიშითო, ლაჩრები ყოფილანო, ერთმანეთს არ დაეხმარნენ, იცილებდნენ ერთმანეთს, გარეთ ყრიდნენო, არ ზრუნავდნენ ავადმყოფებზეო.
ავადმყოფობა გამოცდაა როგორც თავად ავადმყოფისთვის, ისე მის ირგვლივ მყოფთათვისაც. ვაიმე, არაფერი გადმომედოსო, თუ მოიძულებ და მოიშორებ, არ ჩაიხუტებ გულში, არ ილოცებ მისთვის, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

მე მახსოვს სიჭაბუკეში კეთილშობილ და მზრუნველ ადამიანად მთვლიდნენ სხვები და მეც ასე ვთვლიდი საკუთარ თავს. ერთი მეგობარი მყავდა სოხუმელი ვაჟკაცი, ის მართლა ვაჟკაცი იყო. ერთხალ ვაგზალზე ვიყავით ერთად, ვიღაც კაცი უცებ წაიქცა და პირიდან დორბლი ქაფივით გადმოუვიდა. მინდა მივეშველო, მაგრამ ეს დორბლი მეზიზღება, ამას არ შევეხო-მეთქი, რაღაცნაირად გავჩერდი. ეცა ეს ჩემი მეგობარი, ჩაიხუტა გულში, აიყვანა, ხელებით მოუწმინდა, სკამზე დასვა, მოუარა. ასე გამჟღავნდა შენი სერაპიონი - მაშინ სხვა სახელი მერქვა. იმ ადამიანს კი (ჩემს მეგობარს ვგულისხმობ) არაფერი დაემართება - ის უკვე განღმრთობილია, მასში უფალია. საქმე გამოაჩენს ყველას

უმძიმესი ავადმყოფობები ადვილად იკურნება. ყველა ავადმყოფობას თავისი დემონი ჰყავს. ის შედის ორგანიზმში ჩვენი ცოდვების გამო, დემონი უნდა გამოიყვანო ორგანიზმიდან, ამისთვის კი ცოდვები უნდა შეწყვიტო, ღმერთს პატიება სთხოვო. ცოდვა ის კი არ არის, რომ ერთხელ რაღაც ჩაიდინე, ცოდვილიანი ჩვევები და ხასიათი გვაქვს ჩვენ, ამ ცოდვილი ბუნების შეცვლაა მთავარი, ისე ვერ განიკურნები. ადამიანმა შეიძლება ილოცოს, თავის თავზე აიღოს და განდევნოს ავადმყოფის ორგანიზმიდან დემონი, მაგრამ თუ ავადმყოფმა ის ხასიათი და ბუნება არ შეიცვალა, ის დემონები ისევ მოვლენ მასთან.
თუ ჩვენ უფალს ვეტყვით, რომ ოღონდ გამკურნე და ყველანაირად ვეცდები, რომ ამიერიდან შევიცვალო, შენვე დამეხმარე უფალო, შენვე გამომზარდე, მიხსენ, გამწმინდე და გამასპეტაკე, მაშინ უსწრაფესად დაიწყება განკურნება, ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – ამას ნიშნავს მარხვა - შენი ხასიათი უნდა მოკლა, შენი ბუნება, შენი ამპარტავნება, ქედმაღლობა, უკეთურება, თავნებობა, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ – აი, ეს არის განკურნების გზა.




Комментариев нет:

Отправить комментарий