ღმერთი

ღმერთი

среда, 17 июля 2013 г.

რწმენისა და ვაჟკაცობის შესახებ.

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

რწმენისა და ვაჟკაცობის შესახებ

მართებულია შენი დაკვირვება მამაცო სულო! ჭეშმარიტი უფლის რწმენის გარეშე ვაჟკაცობა არ არსებობს. ხოლო იქ, სადაც არ არსებობს ვაჟკაცობა, ადამიანები მზაკვრობასა და გაქნილობას მიმართავენ. მხოლოდ ერთმა სოფელმა გიტკომ უფრო მეტი გმირი მოგვცა, ვიდრე მთლიანად ევროპულმა ქალაქმა, ავიღოთ ნევერინე, დრობნიაკი! თითოეული, ვინც შენ წერილში მოიხსენიე - გმირია: მამა ბოგდან ზიმონიჩიც, მამა ნიკიტა ტეროვიჩიც, იაკობ ჯაკოვიჩიც, სტოიან კავალევიჩიც - ყველანი ქვეყნის უდიდესი შვილები არიან. მათი რწმენა უფლისადმი, ჭეშმარიტების საბოლოო გამარჯვებისადმი წმიდა, უბრალო იყო, - მსგავსი ბავშვური რწმენისა, რომელმაც არ უწყის მერყეობა და ბინძური გათვლებით არ არის შერყვნილი. ღვთისმოშიშ პატრიოტებს არ ძალუძთ, გმირები არ იყვნენ. მათთვის, ვისაც უფლის შიში აქვს და ხალხს უყვარს, სიკვდილი არაფერია. ხოლო, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, მას რაღა შეაშინებს? იმას, რასაც თვითმხილველნი მამა ბოგდანის შესახებ ყვებიან, არც ერთ ეპოსს არ სმენია. მას იმდენად სჯეროდა, რომ უფლის ნება სიკვდილისაგან იფარავდა, თავის მეგობრებს შესძახა: ჩემს ზურგს ამოეფარეთო. ხოლო როგორი ფართო ზურგი ჰქონდა ბოგდანს, თავადაც კარგად უწყი: შენ ის ცოცხალი გინახავს.

ასეთი გახლდა დრო, ასეთი - ვაჟკაცობა. ჩემთვის მეტად ძვირფასია შენი გულწრფელობა - მუსულმანი გმირებისადმი საკადრისის მიგებისას. როდესაც სულთანი სულეიმანი უნგრეთზე სალაშქროდ ასიათასიანი ჯარით დაიძრა, მან ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც თვითოეული ის ჯარისკაცი, ვინც შეურაცხჰყოფდა ან გაძარცვავდა გზად შემხვედრ ხალხს, თავს დაკარგავდა. როგორც ეს ძველ აღთქმაშია! მაგრამ ჩერნოგორიელებსა და ჰერცოგოვიანელთა სახით ამ მამაცმა აზიელმა ხალხმა რწმენასა და კეთილშობილებაში საკადრისი მეტოქენი ჰპოვეს.

ახლა კი სწუხხარ, რომ ომის შემდგომ აღარ დარჩნენ გმირები და საგმირო საქმეები. ეს ომისშემდგომი თაობა, როგორც შენ ამბობ, წურბელებს გაგონებს - მიწიერ სიტკბოებას მიკრულებს, რომელნიც ბალკანელ გმირთა და მოწამეთა სისხლზე გაზრდილან. მაგრამ განა ომი შეწყდა? იობის წიგნში წერია, ადამიანი ამ ქვეყნად - მებრძოლია (იხ. იობ. 29,25).

დიახ, ომი გრძელდება, მაგრამ ახლა იგი ხმლითა და ზარბაზნით კი არ მიმდინარეობს, არამედ, საიდუმლო და უხილავი ბრძოლა მიდის ადამიანთა სულების გადასარჩენად. ვიღაც ავადმყოფობებს ებრძვის, ვიღაც ცდუნებებს, ზოგი სინდისისა და პატივისათვის იბრძვის. ზოგიც კი - სუსტების თუ უმწეოების და მათი მსგავსებისათვის. ხოლო სადაც ბრძოლაა, იქ გმირებიც არიან. თუკი ეს გმირები ყველასათვის და ყველგან არ ჩანან, იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ. ისინი არსებობენ და - ბევრნიც. ისინი არიან სახლებში, ქუჩებში, საავადმყოფოებში, მინდვრებში, რამეთუ გმირობა ცხოვრებაში მარტოოდენ გენერლების პრივილეგია არ არის, არამედ - რიგითებისაც.


„მისიონერული წერილები“ (წერილი 81), თბილისი, 2005 წ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий