ღმერთი

ღმერთი

среда, 29 января 2014 г.

„ვინც უყვარს, იმას ამხელს უფალი“

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ დღეს ადამიანები ასე იტანჯებიან?

- იმიტომ, რომ ღმერთს უყვარს ისინი. შენ, როგორც მონაზონი, დილით ადრე დგები, ასრულებ მონაზვნურ განაწესს, ლოცულობ სკვნილზე, მეტანიებს და სხვადასხვა კანონებს აღასრულებ. ხოლო ერის ადამიანებისათვის კანონი და განაწესი სწორედ ის სირთულეებია, რომელთა გადატანაც მათ უწევთ. ამ სირთულეებისა და ტანჯვის დახმარებით განიწმინდებიან ადამიანები. ტანჯვას მათთვის უმეტესი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე - ერულ უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც მათ არც ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება და არც სულიერი დანაზოგის მოხვეჭაში - ზეციურ ანგარიშზე ჩასარიცხად. ამიტომ ადამიანებმა მწუხარება და განსაცდელები ღვთისგან გამოგზავნილი საჩუქრებივით უნდა მიიღონ. 

სახიერი ღმერთი, იმისათვის, რომ შვილები დაიბრუნოს, როგორც კეთილ მამას შეჰფერის, განსაცდელების საშუალებით მათ აღზრდას ცდილობს. ის ამას სიყვარულით, საღვთო სიკეთით აკეთებს და არა - ბოროტებიდან და ერული სამართლიანობიდან გამომდინარე. ანუ იმის სურვილით, რომ მისი ქმნილება გადაარჩინოს, სურვილით, რომ მისმა ქმნილებამ სასუფეველი დაიმკვიდროს, ღმერთი განსაცდელებს უშვებს მასზე. ის განსაცდელებს იმისთვის მიმართავს, რომ ადამიანმა ბრძოლა და ღვაწლი იტვირთოს და გამოცდა ჩააბაროს ტკივილსა და მოთმინებაში, ისე, რომ ეშმაკს არ შეეძლოს თქმა: „რისთვს ანიჭებ მას საზღაურს, ან როგორ გადაარჩენ მას? ის ხომ არ იღწვოდა“. მიწიერი ცხოვრება ღმერთს არ აინტერესებს, მას აინტერესებს მომავალი ცხოვრება. პირველ რიგში იგი ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ - მიწიერ ცხოვრებაზე.

- წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ ღმერთი ზოგს უამრავ განსაცდელს უგზავნის, სხვებს კი საერთოდ არანაირ განსაცდელს არ აძლევს?

- რას ამბობს წმიდა წერილი? „ვინც უყვარს, მას ამხილებს უფალი“ . მაგალითად, რომელიმე მამას რვა შვილი ჰყავს. ხუთა მათგანი მამის სახლში ცხოვრობს, სამი კი მიდის სახლიდან და მამას ივიწყებს. თუ მამის სახლში მცხოვრები შვილები რამეს დააშავებენ, მამას შეუძლია, ყური აუწიოს მათ ან - კარგად შეახუროს. ხოლო, თუკი ისინი კეთილგონიერებას გამოავლენენ, მოეფეროს და შოკოლადი მისცეს. მაგრამ მათ, ვინც მამისგან შორს ცხოვრობენ, არც ვინმე შეახურებს და არც მოეფერება. ასევე იქცევა ღმერთი. იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ცხოვრობენ, ქიმუნჯებს უთავაზებს ხოლმე, თუკი მიუხედავად კეთილი განწყობისა, მაინც შესცოდავენ. ამგვარად ეს ადამიანები თავიანთი ცოდვებისათვის საზღაურს იხდიან. ხოლო, თუკი ღმერთი მათ მართლაც განსაკუთრებულად მაგარ „ქიმუნჯს“ მოახვედრებს, სამაგიეროდ უდიდეს ზეციურ საზღაურს მისცემს. ხოლო ისინი, ვინც შორს ცხოვრობენ ღვთისგან, იგი ხანგრძლივ სიცოცხლეს აძლევს, რათა მათ მოინანიონ. ამიტომ ხშირად ვხედავთ, რომ ერის ადამიანები უმძიმეს ცოდვებს აღასრულებენ და მიუხედავად ამისა, ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეს უხვად ფლობენ და ყოველგვარი მწუხარების გარეშე ხანგრძლივად ცხოვრობენ. ეს საღვთო განგებულებით ხდება, რათა ამ ადამიანებმა შეინანონ. ხოლო, თუ მაინც არ მოინანიებენ, მარადიულ ცხოვრებაში ვერ გამართლდებიან.



მამა პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий