ღმერთი

ღმერთი

среда, 29 января 2014 г.

საღვთო სიყვარულის სანაცვლოდ გამოვლენილი უმადურობა.

- წმიდაო მამაო, განსაცდელი ყოველთვის სასარგებლოა ადამიანისათვის?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ თავად ადამიანი როგორ ეკიდება განსაცდელს. ის, ვისაც კეთილი განწყობა არ აქვს, განსაცდელების გამო ღვთის გმობას იწყებს. „რატომ დამემართა ასეთი უბედურება, აბა, შეხედე ამას და ამას ხომ ყველაფერი კარგად აქვს! აბა, რა ღმერთია ის ღმერთი, რომელიც ყოველივე ამას დაუშვებს?!“ დრტვინავენ ეს ადამიანები. ისინი არასოდეს იტევიან: „ვცოდე!“ არამედ, იტანჯებიან. ხოლო, ვინც ღვთისმოსავია, ღმერთს მადლობს. „დიდება ღმერთს! ამ განსაცდელმა მე მასთან მიმიყვანა. ღმერთმა ეს ჩემს სასიკეთოდ დაუშვა.“ წარსულში შეიძლება, ეს ადამიანები ეკლესიაშიც კი არ დადიოდნენ, ხოლო განსაცდელის შემდეგ კი ტაძარში სიარული, აღსარება და ზიარება დაიწყეს. გარდა ამისა, ზოგჯერ ღმერთი უაღრესად სასტიკ ადამიანებს განსაცდელებით ისეთ ღვთისმოსაურ მდგომარეობამდე მიიყვანს, რომ ისინი თავად შემობრუნდებიან ასოთხმოცი გრადუსით და იფერფლებიან იმ ტკივილისაგან, როემლსაც საკუთარი ნამოქმედარი აგრძნობინებთ.


- წმიდაო მამაო, როდესაც ყველაფერი კარგად მიგვდის, მაშინ უნდა ვამბობდეთ „დიდება შენდა, ღმერთო?“

- რა თქმა უნდა, თუკი სიხარულისას არ ვიტყვით „დიდება შენდა, ღმერთო!“ მაშ მწუხარებაში როგორღა ვიტყვით?! შენ რა, ტანჯვისათვის მადლობას სწირავ ღმერთს და სიხარულისთვის კი მადლობის თქმა არ გსურს? რა თქმა უნდა, თუ ადამიანი უმადურია, ღვთის სიყვარულს იგი ვერ ხედავს. უმადურობა ეს უდიდესი ცოდვაა. ჩემთვის ეს ცოდვა მომაკვდინებელია. უმადურ ადამიანს არაფერი აკმაყოფილებს, მისთვის არაფერს მოაქვს სიხარული. ყოველგვარ ვითარებაში დრტვინავს იგი. ყველა და ყველაფერი დამნაშავეა მის წინაშე. ჩემს სამშობლოში - ფარასაში, ძალიან უყვარდათ ყურძნის ტკბილი. ერთხელ ერთ გოგონას შუაღამისას ყურძნის ტკბილი მოუნდა და ტირილი მორთო. აბა, რაღას იზამდნენ? დედამისს მოუწია, რომ მეზობელთან წასულიყო და იქ ეთხოვა. მცირეოდენი ტკბილი რომ მიირთვა, გოგონა იატაკზე გაგორდა, აღრიალდა, თანაც იატაკს წიხლებს ურტყამდა და ბღაოდა: „დედა, მე არაჟანიც მინდა!“ „შვილო ამ შუაღამისას არაჟანი საიდანღა მოგიტანო?“ ჰკითხა დედამ. არა! „მინდა არაჟანი!“ და იმავე წუთს უნდა გაჩნდეს. წაჩანჩალდა საწყალი დედა მეზობელთან არაჟნისთვის და ისესხა კიდეც. არაჟანიც გასინჯა გოგონამ და კვლავ განაგრძო ტირილი. „ახლა რაღა გატირებს?“ - ეკითხება დედა. „დედა, მინდა, ერთმანეთში აურიო“, - მოითხოვა მან. დედა იღებს ტკბილსა და არაჟანს და ერთმანეთში ურევს. მაგრამ, გოგონა თავისას განაგრძობს, ღრიალს არ წყვეტს. „დედა, ერთად ჭამა არ შემიძლია, ისევ ცალ-ცალკე მომეცი“. მაშინ კი დედას სხვა უკვე აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გოგონასათვის რამდენიმე გულიანი სილა გაეტყლაშუნებინა! აი, ასე დააშორა ტკბილი და არაჟანი!

იმის თქმა მსურს, რომ ზოგიერთი ადამიანი სწორედ ამ გოგონასავით იქცევა და მაშინ მათზე საღვთო სასჯელი მოიწევა. ჩვენ საკუთარი უმადურობის აღიარება მაინც უნდა შეგვეძლოს. დღისით და ღამით ვმადლობდეთ უფალს კურთხევისათვის. ამგვარი საქციელით ყველაზე მტკივნებულ ადგილზე ვაბიჯებთ მხდალ ეშმაკს, რომელიც თავის მხლებელ დემონებთან ერთად შავი კვამლივით გაქრება, რადგანაც საკუთარი უმადურობის აღიარებით და ღვთისადმი მადლიერებით ეშმაკს ყველაზე მტკივნეულ წერტილში ვურტყამთ.



მამა პაისი მთაწმინდელი





Комментариев нет:

Отправить комментарий