ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

როგორც მამები ამბობენ, რაც კაცს სიტყვით, საქმით თუ გონებით გაუკეთებია,

ყველაფერი ახსოვს, არაფერი ავიწყდება. ხოლო ფსალმუნში იმიტომაა ნათქვამი: ”მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფსალმ. 145.4), რომ მაშინ ადამიანი ყურადღებას აღარ აქცევს ამქვეყნიურ ზრახვებს, ნაშენს, ქონებას, შვილებს, ნათესავებს, მისაცემსა და მისაღებს, მაშინ ყველაფერ ამას უგულებელყოფს, არც ერთი მათგანი ახსოვს და ანაღვლებს. მაგრამ თუ რამ ცოდვა ან სათნოება ჩაუდენია, ის ახსოვს, არც ერთი ავიწყდება. ვინმემ თუ რამე არგო ან მან არგო სხვებს, ორივე ახსოვს. ასევე, თუ ვინმემ ავნო ან მას უვნია სხვისთვის, ყველაფერი ახსოვს და არაფერი ავიწყდება. რაც აქ გაუკეთებია, ყველაფერი ახსოვს ხორციდან გასულ სულს, ამჟამინდელზე უფრო ნათლადაც კი, რადგან მაშინ ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავისგან განშორებულია.

ერთხელ ვინმე დიდ ბერთან ვლაპარაკობდი ამის შესახებ. ბერმა თქვა: ”ხორციდან გასულ სულს ახსოვს ვნებაც, რომელიც უქმნია, ცოდვაც და პიროვნებაც, ვისთან ერთადაც იგი ჩაუდენია“. ხოლო მე ვუთხარი: ”ასე კი არ არის, არამედ ზრახვა ახსოვს, ცოდვის ქმნით რომ გაჩნდა მასში“. დიდხანს ვიკამათეთ ამაზე, ბერი არ მეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სულს ახსოვს თავად ცოდვის სახეობა, ადგილი და პიროვნება, ვისთან ერთადაც იგი მოიმოქმედა. მართლაც, თუ ასეა, მაშინ ჩვენი ბოლო უფრო საშინელი ყოფილა, ყურადღებით თუ არ მოვეკიდეთ საკუთარ თავს.

ამიტომ გეუბნებით: ეცადეთ, იქონიოთ კეთილი ზრახვები, რათა იქ დაგხვდნენ, რადგან ვისაც რა აქვს აქ, იგივე გაჰყვება თან და ექნება იქაც. აბა, ძმებო, ვეცადოთ, ავირიდოთ ამგვარი ჭირი, ვიღვაწოთ, რათა ღმერთმა წყალობა მოგვივლინოს, რადგან, როგორც დაწერილია, იგია სასო ”ყოეელთა კიდეთა ქუეყანისათა“ და ,,რომელნი არიან ზღუათა შინა შორს“ (შდრ. ფსალმ. 64.6). ”კიდენი ქუეყანისათა“ ისინი არიან, რომლებიც სრულ ბოროტებას მისცემიან, ხოლო ”ზღუათა შინა შორს“ – ისინი, რომლებიც უკიდურეს სასოწარკვეთილებაში იმყოფებიან. ღმერთი კი ყველა მათგანის იმედია.





წმიდა აბბა დოროთე 





Комментариев нет:

Отправить комментарий