ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 23 февраля 2014 г.

წმინდანები – მათი კანონიზაცია და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა

წმინდა ეკლესია ღვთისადმი აღვლენილ ლოცვებში მარადჟამს იხსენიებს თავის ყოველ წევრს, ხოლო საგანგებო პატივით განსაკუთრებული ღვაწლით აღსრულებულ პირებს, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხილნი. თუ ვინ იწოდება წმინდანად, როგორ ხდება კანონიზაცია და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა? ამ თემის შესახებ გვესაუბრება ქალაქ ბოლნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ილია ჭიღლაძე:

„სიტყვა „წმინდანი“ ფართო გაგებით მიემართება ყოველ აღმსარებელ ქრისტიანს, რომელიც განწმენდილია წმინდა ემბაზის განმანათლებელი წყლით. წმინდა პავლე მოციქული რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მიმართავს როგორც „საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა“ (რომ. 1.7).

უფრო ვიწრო გაგებით, სიტყვა „წმინდანი“ უკვე IV საუკუნიდან ეწოდება იმ გამორჩეულ მორწმუნე ადამიანებს, რომელთაც ეკლესიის სავსება აღიარებს როგორც მარადიული სიცოცხლის მოზიარეთ, როგორც ღვთის საყდრის წინაშე მდგომებს ანგელოზებთან ერთად („წმინდა“ ასევე ეწოდება ანგელოზს).

ადრეულ ეტაპზე წმინდანებად შეირაცხნენ წინასწარმეტყველები, მოციქულები და მოწამენი, ხოლო შემდგომ დიდი მღვდელმთავრები, ღვაწლით გამორჩეული მონაზონი მამები და დედები. ადრეულ საუკუნეებში მათი კანონიზაცია ანუ წმინდანად გამოცხადება ხდებოდა არა სინოდალური, საკრებო განჩინებით, არამედ ადგილობრივი ეპისკოპოსისა და მრევლის ერთსულოვანი ზეპირი გადაწყვეტილებით. ამის ტიპური მაგალითი მოცემულია იაკობ ხუცესის თხზულებაში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისაჲ“ (V ს.), კერძოდ, ავტორი აღწერს რა წმინდა შუშანიკის სხეულის დაკრძალვას ორი ეპისკოპოსის მონაწილეობით, დასძენს: „და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსაცა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა“.

ხუცეს-მონაზონი გიორგი მცირე, აღმწერი ღირსი გიორგი მთაწმიდლის ცხოვრებისა, მსგავსადვე აღნიშნავს, რომ წმინდა მამა გიორგის გარდაცვალებისთანავე მისი ხსენება ბერმა „ნეტარმან პეტრე და ძმამან მისმან იოვანე ჭყონდიდელმან ეგრეთ განაწესეს და მათ თანა სხუათაცა მამათა… და ხატიცა დაწერად სცეს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმე მარჯუენით და მამაჲ გიორგი ერთკერძო მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა“.

წმინდანები იყოფიან შემდეგ 9 დასად: მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, აღმსარებელნი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლო მკურნალნი, კეთილმსახურნი მეფე-დედოფალნი. მათზე (და აგრეთვე, ანგელოზებზე) უპატიოსნესი და უზეშთაესია ყოვლადწმინდა და მარადისქალწული ღვთისმშობელი მარიამი.”

როგორ ხდებოდა წმინდანთა კანონიზაცია მოგვიანებით?

XIV საუკუნიდან ბერძნულ ეკლესიაში კანონიზაციას ეძლევა სინოდალური განჩინების სახე, ანუ ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება უკვე წერილობით ადასტურებს საერთო საეკლესიო თანხმობით წმინდანებად აღიარებული პირების კანონიზაციას. ამის პირველი მაგალითი იყო 1368 წელს თესალონიკის მთავარეპისკოპოს გრიგოლ პალამას კანონიზაცია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფილოთეოსისა და მისი სინოდის მიერ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ეს ფორმალური მხარე პირველად მხოლოდ 1987 წელს შესრულდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) კანონიზაციის დროს და იგი დღემდე სრულდება სხვა წმინდანთა კანონიზაციის შემთხვევებში.

XIX საუკუნის დასასრულს, როდესაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა სიისა და მოსახსენებლების საკითხი, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლინსკი, 1892-1898 წწ.), ცდილობდა რა ქართული ჰეორტოლოგიონის დაკნინებას, ქართველ სამღვდელო პირებს ქართველ წმინდანთა კანონიზაციის აქტები მოსთხოვა. რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. განა არსებობს წმინდა გიორგის, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის, წმინდა თეოდორე ტირონის ან ადრეული საუკუნეების სხვა რომელიმე წმინდანის კანონიზაციის აქტი? – არა, და არც ოდესმე არსებულა. ეგზარქოსის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო რუსული შოვინისტური მისწრაფებებით, რამაც დროებით შეაჩერა ქართველ წმინდანთა ხსენების აღსრულება და ახალნათელღებულთათვის მათი სახელების დარქმევა. ეს მდგომარეობა გამოსწორდა შემდგომი ეგზარქოსის მთავარეპისკოპოს ფლაბიანეს (გოროდეცკი, 1898-1901 წწ.) მწყემსმთავრობისას. მის დროს შექმნილმა საგანგებო კომისიამ (რომელშიც შედიოდნენ: დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დეკანოზი ე.ელიაშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი და სხვები) ძველი ქართული კალენდრების, თვენებისა და სვინაქსარების საფუძველზე შეიმუშავა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ნუსხა და მოსახსენებელი დღეები. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ წმინდანთა ნუსხის შევსება გაგრძელდა, ანუ საეკლესიო კალენდარში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც მანამდე არ ყოფილან კანონიზებულნი, მაგრამ საეკლესიო ლიტერატურაში წმინდანთა და ნეტართა პატივით იხსენიებოდნენ. XX საუკუნის შუა ხანებიდან საეკლესიო კალენდრებში ასე გაჩნდა სახელები ვახტანგ გორგასლისა, აშოტ კურაპალატისა, დემეტრე-დამიანესი, დემეტრე თავდადებულისა, მარაბდელი მოწამეებისა და სხვათა (დაახლ. 55 მოსახსენებელი).

გვესაუბრეთ წმინდანად აღიარების პრინციპებზე…

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიოს II-მ (1929-1935 წწ.) 1931 წელს დადგენილების სახით ჩამოაყალიბა წმინდანად აღიარების ზოგადი პრინციპები:

1. „წმინდანთა გამოცხადებისთვის მონაცემების განხილვა და კონტროლი წარმოებს სინოდური წესით, რომელიც შედგება შესაბამისი ეკლესიის ყველა მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსისა და ოფიციალური თანამდებობის აღმსრულებელი სასულიერო პირებისაგან.

2. წმინდანად შერაცხვისათვის საკითხის განხილვა ზედმეტია მათთვის, ვისაც ეკლესიის მწყემსთა და სამწყსოსაგან შედგენილმა საერთო სავსებამ უკვე დიდი ხანია მიაგო წმინდანობის პატივი და თაყვანს სცემს. ამ წმინდა პიროვნებებს, რომელთაც დღემდე ვადიდებთ, როგორც განწმენდილთ და უფლისმიერ განდიდებულთ, ეკლესიისაგან მიღებული აქვთ ფორმალური აღიარება.

3. აღიარებისას დგება შესაბამისი საეკლესიო ოქმი.

4. აღიარების ოქმს საზეიმოდ ხელს აწერენ ეკლესიაში შესაფერისი საეკლესიო მსახურების აღსრულებით.

5. აღიარებულ წმინდანთა პატივის მისაგებად დროულად იქმნება ხატი და სათანადო განგება ეკლესიაში აღსასრულებლად.

6. ასევე, აუცილებელია, გაიხსნას საფლავი, ამოყვანილ იქნას წმინდა ნაწილები (თუკი ისინი შემოინახა) და მათ ეცხოს წმინდა მირონი. საფლავის გახსნას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ღამისთევა და სადღესასწაულო ლიტურგიები“.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი პუნქტი ბერძნულ, რუსულ და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში უძველესი დროიდან ზედმიწევნით ხორციელდება, საქართველოს ეკლესიაში კი ამგვარი პრაქტიკა ფართოდ არ ყოფილა გავრცელებული. გამონაკლისია წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, რომლებიც მოწამეთას მონასტერშია დაბრძანებული. ასევე წმ. შიო მღვიმელის ნაწილები (რომელთა უმეტესობა 1978 წელს ძველი საპატრიარქოს ხანძრის დროს განადგურდა, სადაც შიომღვიმის ლავრის გაუქმების გამო, დაცვის მიზნით გადაიტანა პატრიარქმა ეფრემ მეორემ), წმ. ქეთევან დედოფლის ნაწილები, 6 000 გარეჯელი მოწამე, ღირსი დოდო გარეჯელი. სხვა ყველა ჩვენი წმინდანები, მათ შორის: დანარჩენი ასურელი მამები, წმ. ნინო, მოწამენი ბიძინა, შალვა, ელიზბარი, იოანე მანგლელი და სხვანი ტაძრის იატაკის ქვეშ არიან დაკრძალულნი. იმის გამო, რომ წმ. ქეთევანის და შიო მღვიმელის ნაწილები აღმოყვანებულნი იყვნენ, მათი დიდი ნაწილი დაიკარგა და განადგურდა. ვფიქრობ, ჩვენი წინაპრები, იყვნენ რა მუდმივად საომარ მდგომარეობაში, წმინდა ნაწილთა დაცვის მიზნით არიდებდნენ თავს ამ ტრადიციას. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ სამონასტრო ტრადიციაში განვითარებული შუა საუკუნეების მანძილზე საყოველთაო წესი იყო მონასტრის გარდაცვლილ წევრთა საფლავიდან აღმოყვანება და ძვლების საძვალეში (ანუ კრიპტაში) შენახვა. ასეთი კრიპტები მოღვაწეთა ძვლებით, თუ მის გარეშე შემორჩენილია ბევრ ქართულ მონასტერში, მათ შორის ქოზიფის, ბეთანიის, ზარზმის, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსებში. ეს წესი დღემდე შენარჩუნებულია ათონისა და სინას წმინდა მთებზე. როგორც სჩანს, ამ ტრადიციის საფუძველი იყო ერთის მხრივ სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებელ ეგვიპტე-სირიაში მცირემიწიანობა, სასაფლაო ადგილის ეკონომიის საჭიროება, ხოლო მეორეს მხრივ მონასტრის წევრთა შორის ხორციელი სიკვდილის მუდმივად ხსოვნის სურვილი, რაც ასკეტური ღვწისათვის აუცილებელი პირობაა. ის წმინდანები, რომელთა სხეულები ძვლად ქცეულია (ან ნაწილობრივ უხრწნელია და ამიტომ დაიშალა ნაწილებად), შეიძლება განაწილებულ იქნეს, რათა წმინდანის კურთხევა (ევლოგია) სხვადასხვა ადგილს, უფრო სწორად კი, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მორწმუნეებს მოეფინოს (ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წმ. გიორგის ნაწილები).

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებში გამოიმუშავა კანონიზაციის ორი საფეხური: ნეტარად შერაცხვა (ბეატიფიკაცია) და წმინდანად შერაცხვა. პირველი და მეორე კატეგორიის პირები სარგებლობენ განსხვავებული სტატუსით. მაგალითად, ნეტარის სახელზე შეიძლება აიგოს არა ტაძარი, არამედ ეგვტერი (მცირე სამწირველო ტაძარი). მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გამიჯვნა არ ახასიათებს, თუმცა სხვადასხვა წმინდანი შეიძლება ატარებდეს კონკრეტულ წოდებას: „ნეტარი“, „ღირსი“, „მართალი“, „კეთილმორწმუნე“.

როგორია წმინდანთა სხეულების აღმოყვანებისა და მათი თაყვანისცემის წესი?

ის წმინდანები, რომელთა სხეულები ძვლად ქცეულია (ან ნაწილობრივ უხრწნელია და ამიტომ დაიშალა ნაწილებად), შეიძლება განაწილებულ იქნეს, რათა წმინდანის კურთხევა (ევლოგია) სხვადასხვა ადგილს, უფრო სწორად კი, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მორწმუნეებს მოეფინოს (ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წმ. გიორგის ნაწილები). წმინდანთა სხეულების მადლომისლებაზე ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში არის მითითებები. ”მეოთხე მეფეთა წიგნი” მოგვითხრობს წინასწარმეტყველ ელისეს ძვლების სასწაულთმოქმედებაზე: “ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა ” (4 მეფ. 13,21). ხოლო ”საქმე მოციქულთას წიგნი” ადასტურებს წმ. პავლე მოციქულის ნაქონი შესამოსლებით აღსრულებულ სასწაულებს: “ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან “(საქმე 19,11-12). ასევე, პავლე მოცუქული თავის ეპისტოლეებში არაერთგან ხაზგასმით ბრძანებს, რომ მართლმორწმუნე ადამიანის სხეული სულიწმინდის ჭურჭელია, ღვთის ტაძარი. ე.ი. წმინდა რელიქვიათა (ე.ი. სიწმინდეთა) თაყვანისცემის (ანუ პატივისცემის) და სასწაულთმოქმედების საკითხი წმინდა წერილში – ბიბლიაში მკვეთრადაა დაფიქსირებული. ზოგიერთს აბრკოლებს სიტყვა ”თაყვანისცემის” გამოყენება წმინდანებისადმი, წმინდა ნაწილებისა და ხატებისადმი. განვმარტავთ, რომ ეს ძველი ქართული ლექსიკური ერთეული და საღვთისმეტყველო ტერმინი, გულისხმობს მხოლოდ მოწიწებას და პატივის მიგებას. სულხან-საბას ”ლექსიკონი ქართულის” მიერ ტერმინი ”თაყვანისცემა” განიმარტება როგორც ”თავის მოდრეკის ქნა”, ე.ი. შინაარსობლივად გულისხმობს პატივისცემას, კეთილკრძალულებას,

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვით მოიხსენიებს და ვედრებას აღუვლენს რა ამ ქვეყნიდან გასულ და ღვთის საყდრის წინაშე წარმდგარ თავის წევრებს, ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებს ყოვლადწმინდა სამების სახელს.



http://www.ambioni.ge/wmindanebi-mati-kanonizacia-da-wminda-nawilta-tayvaniscema

Комментариев нет:

Отправить комментарий