ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 февраля 2014 г.

შოკისმომგვრელი ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან!

25 02 2014 

   ის, რასაც მეკითხებით, ჩემთვის სპეციალობაა, მაგრამ წარმომიდგენია, როგორი შოკისმომგვრელი წასაკითხი იქნება მკითხველისთვის, — აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც „ასავალ-დასავალმა» გვამების გახრწნის თავისებურებათა გასარკვევად რამდენიმე შეკითხვით მიმართა.




- ქალბატონო მაია, როგორ გამოიყურება გვამი ხუთი წლის შემდეგ?


- გააჩნია, როგორ პირობებში არის გვამი დაკრძალული, რა თვისებების მატარებელია ნიადაგი. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანობა მეტია და ნიადაგიც უფრო სველია, ლპობა უფრო სწრაფად მიდის. მაღალმთიან ადგილებში, სადაც ნიადაგი უფრო მშრალია, რბილი ქსოვილები შედარებით გვიან იხრწნება. წარმოიდგინეთ, უმეტესად, არის ჩონჩხი, რომელსაც რბილი ქსოვილი აპკივით აქვს გადაკრული. კუნთები, „ქსოვილები ყველაფერი გამომშრალია და ლპობაშია გადასული.


- 10 წლის შემდეგ რა მდგომარეობაშია გვამი?

- ათი წლის შემდეგ ძირითადად ძვლებია, რბილი ქსოვილები თითქმის არ არის ან შეიძლება, აქა-იქ იყოს დარჩენილი.


- 15 წლის შემდეგ?

- მხოლოდ ძვლებია დარჩენილი. პრაქტიკულად, 10 წლის შემდეგ, ხშირად გვამი ამოღებისას სახსრებში იშლება.
ათი წლის შემდეგ, როდესაც გვამის ლპობა ხდება, რბილი ქსოვილები, გამომშრალი, ტალახისმაგვარი კონსისტენციისაა. ვეღარ არჩევ სტრუქტურას — რა იყო. თუმცა, სასამართლო მედიცინაში არსებობს გარკვეული გამონაკლისები — მუმიფიკაცია და ქონცვილი, როდესაც გვამის ხრწნა ჩვეულებრივი წესით არ ხდება. ქონცვილის შემთხვევაში, შესაძლოა, რბილი ქსოვილები არ განადგურდეს, ანუ ჩვეულებრივი ლპობა არ მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, გვამი დარბილებულია და თითქოს სულ მთლიანად ცხიმია. ზომასაც ინარჩუნებს. თუ სხვა შემთხვევაში რბილი ქსოვილები აღარ არსებობს, ამ დროს რბილი ქსოვილები არის და დაზიანებაზე წარმოდგენაც გექმნება. ასეთი რამ იშვიათად ხდება და ძირითადად ისეთ გარემო პირობებშია შესაძლებელი, სადაც ტორფის შემცველი ნიადაგია. რაც შეეხება მუმიფიკაციას, თუ ნიადაგი ფხვიერია, ან თიხას შეიცავს ან აკლდამაშია დაკრძალული და განიავება ხდება მაღალ ტემპერატურაზე, შესაძლოა, გვამი მუმიასავით გადაიქცეს. ამ შემთხვევაში კუნთოვანი ქსოვილები შედარებით განლეულია, კანი და რბილი ქსოვილები — გამკვრივებული, ზომებშიც შემცირებულია და მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს.


- 30 წლის შემდეგ გვამის გათხრისას რა სურათი შეიძლება დაგვხვდეს?

- ოცდაათი, ასი და 1000 წლის შემდეგაც მხოლოდ ძვლებია დარჩენილი. უბრალოდ, ძვლებში ნაკლებია ორგანული ნივთიერებები, უფრო მინერალური ნივთიერებების ხარჯზეა და, შესაბამისად, გამომშრალი, მსუბუქი და მსხვრევადია. ძვლები მუდმივად არის, არ იხრწნება! სხვაგვარად ზეზვას და მზიას ვერ აღმოაჩენდნენ! პირადად მე, ლენინგრადში მუშაობისას, გერმანელების მიერ დახვრეტილი რუსი ტყვეების გვამების გამოკვლევაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და 40 წლის შემდეგ, როცა სამარხი გაიხსნა, თავის ქალა რბილი ქსოვილების გარეშე ჩვეულებრივ იყო შენახული.


- გელათში, წმინდანად შერაცხილი დავით აღმაშენებლის ნეშტი რომ ამოვასვენოთ, მისი ძვლებიც იქნება შენახული?

- ძვლები იქნება შენახული, თუმცა, სხეულის სხვა ნაწილები რა მდგომარეობაში გამოიყურება, ეს უფლის ნებაა. ყოველთვის შეიძლება სასწაული ვიხილოთ.


- სიკვდილის დადგომისთანავე იწყებს გვამი გახრწნას? საინტერესოა, ყველაზე ადრე რომელი ორგანო იხრწნება?

- უჯრედული სიცოცხლე უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე რეალური სიცოცხლე. გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ კვდება უჯრედი, თუმცა, ზოგიერთი ქსოვილის უჯრედები უფრო ადრე წყვეტენ ფუნქციონირებას, ზოგიერთის — შედარებით გვიან. ელექტრონულ მიკროსკოპულ დონეზე დაკვირვების შედეგად არის დადგენილი, რომ სიკვდილის შემდეგ უჯრედებში ქიმიური რეაქციები მიდის. მაგალითად, პანკრეასი ყველაზე ადრე იწყებს „თავისი თავის მონელებას».


- თვალები ბოლო კადრს ინახავსო, მართალია?

- აბსოლუტური ილუზიაა. როდესაც მიცვალებულს თვალები ღია რჩება, მისი გამოშრობა ძალიან მალე ხდება და ის ქუთუთოთი დაფარული ადგილისგან განსხვავდება — შემღვრეულია. ალბათ, აქედან წამოვიდა მცდარი შეხედულება, თითქოს თვალებში ბოლო კადრის ანარეკლი რჩება. ასევე მცდარია შეხედულება კადავერინზე. ჩვენ, სასამართლო მედიცინის წარმომადგენლები, ვთვლით, რომ კადავერინი, ანუ გვამური შხამი არ არსეობს.


- რამდენადაც ცნობილია, მიცვალებულს ეზრდება წვერი…

- მართალია, უჯრედში ბიოქიმიური პროცესი გარკვეული საათების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ეს ზრდისთვის არ არის საკმარისი. უბრალოდ, გამოშრობის გამო სითხე იკარგება და დახრის კუთხე იცვლება, რის გამოც გეჩვენება, თითქოს წვერი გაიზარდა, სინამდვილეში ასე არ არის. თუმცა, თმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ფერს იცვლის — ღიავდება. მაგალითად, შავი თმა გარდაცვალებიდან 3-4 წლის შემდეგ, შესაძლოა, მოწითალო-მოყავისფრო გახდეს. კიდევ უფრო გვიან კი კანის ლპობასთან ერთად ისიც იფცქვნება.
იგივე პროცესები მიდის ფრჩხილებთან დაკავშირებითაც. წარმოდგენა იქმნება, თითქოს გაიზარდა, სინამდვილეში რბილი ქსოვილი მასა იკლებს… მოკლედ, სიცოცხლე რომ მთავრდება, სხეულთან მიმართებაში ყველაფერი მთავრდება.


- რა ემართება სისხლს?

- გარდაცვალების შემდეგ, სისხლი თხიერია და როგორც სხვა რბილი ქსოვილები, საკმაოდ მალე ნადგურდება. 4 წლის შემდეგ, თუნდაც მუმიფიკაციის და ქონცვილის შემთხვევაში, სისხლი განადგურებულია.


- რაც შეეხება ბალზამირებას და მიცვალებულის ყინულში შენახვას…

- მართალია, ბალზამირების დროს უფრო დიდხანს ინახება გვამი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არაქრისტიანულია — აგრესიული ნივთიერება შედის სისხლძარღვებში. სული რომ გაეყრება სხეულს, რაღა მნიშვნელობა აქვს, სამი წლით გვიან გაიხრწნება გვამი თუ ადრე?! გვამის გახრწნის შეჩერება შეუძლებელია და ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს, მიწად იქცეს…
მაგალითად, ლენინის გვამის შენახვაზე მთელი ინსტიტუტები — საოცარი ტვინები მუშაობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო დონის ექსპერიმენტი შეიკრა, მაგრამ ეს იყო ათეიზმის მწვერვალი, ყველაზე დიდი ბარბაროსობა! მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ვცხოვრობდი, ლენინის გვამი არ ვნახე, თუნდაც პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ლენინის გვამის რუდუნებით შენახვას იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა და ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, კრახით დამთავრდა.


- შეიძლება სხეულის ერთი ნაწილი იყოს გახრწნილი, მაგალითად — თავი, ტანი — არა?

- მსგავსი რამ ლიტერატურაში არ წერია და არც მსმენია. როგორც წესი, თავი, ტანი და კიდურები ერთდროულად იხრწნება. ჩემი აზრით, ასეთი გამონაკლისი სასწაულით აიხსნება.
სხვათაშორის, პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, რომელიც არანაირ ნორმებში არ ჯდება. წლების წინ ოზურგეთში ჩავატარე გვამის ექსჰუმაცია. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა გვამის გაკვეთა, რადგან გარდაცვალებიდან 4 წელი იყო გასული და ვიცოდი, რომ რბილ ქსოვილებზე იმ დაზიანებებს ვეღარ ვიპოვიდი, რაც მათ აინტერესებდათ, რომ ვერაფერს გავხდი, ბოლოს დედასაც კი დაველაპარაკე — 97 პროცენტის ალბათობით რბილი ქსოვილები აღარ იქნება-მეთქი. მახსოვს, დედამისმა შემომხედა და მითხრა — სამი პროცენტი ხომ არის, ჰოდა, სასწაულს მივენდოთო. ერთი სიტყვით, ოჯახის დაჟინებული თხოვნით, უარი ვეღარ ვთქვი: მიცვალებულის სახეზე ჩვეულებრივი ლპობის პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ, როდესაც სუდარა გადახადეს, ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო სრული სასწაული. გვამი სამი-ოთხი დღის გარდაცვლილს ჰგავდა. კანი აბსოლუტურად შენახული იყო, ჭრილობებიც სრული ზომებით მოჩანდა. გვამს თხიერი სისხლი ჰქონდა. როგორც ექსპერტისთვის, ეს იყო სრული შოკი, მაგრამ, როცა შოკიდან გამოვედი, მივხვდი, რომ უფალმა სასწაული მაჩვენა და მადლობელი ვარ ამისთვის… მას შემდეგ აღარაფერი მაკვირვებს. ამ და სხვა ფაქტების გამო საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ სხეული არის ტანისამოსი, რომელიც დიდი ხანი გაცვია. მთავარია სული! როდესაც ექსპერტიზას ვაკეთებ, აღარ მიჭირს, რადგან ვიცი, რომ იმ გვამის სული, რომელსაც მე ვკვეთ, მარადისობაშია გადასული! სულს თავისი გზა აქვს, ხორცს კი — თავისი. ჯერ კიდევ როდის თქვა ტვინის ინსტიტუტის ფუძემდებელმა, დიდმა ბეხტერევმა — გილოცავთ ბატონებო, სიკვდილი არ არსებობსო! მეც ჩემმა პროფესიამ მიმიყვანა ღრმა მართლმადიდებლურ რწმენამდე. მიუხედავად მცირედმორწმუნეობისა, მჯერა, რომ ყველაფერში უფლის ხელი ურევია. დიახ, ვიმეორებ მამა გაბრიელის სიტყვებს — ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია!


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი»
24. 02. 2014 წ.


backround.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий