ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июля 2017 г.

ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.

ვ. ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.


ბერძნული ახალშენები შავი ზღვის სანაპიროებზე.


ძველთაძველი დროიდანვე კავკასია-საქართველოს ხალხებს აღებ-მიცემა  ჰქონდათ ეგეოსის ზღვის ხალხებთან. ამ გაკვალულ გზებს შემდეგში ბერძნებიც მოჰყვნენ. ძვ.წ. მე-7 საუკუნისათვის ეს ვაჭრობა ისე გაფართოვდა და გაცხოველდა რომ ბერძნებმა საჭიროდ დაინახეს შავი ზღვის სანაპიროზე მუდმივი ბინა გაეჩინათ. ისინი შეუდგნენ ახალშენების დაარსებას.
საქართველოში ბერძნული ახალშენები იყო ფასიდი( ანუ ფაზისი), დიოსკურია, პიტიუნტი. ეს იყო სანავთსადგურო ქალაქები. ფასიდი დღევანდელი ფოთის ადგილას ან მის მახლობლად მდებარეობდა, დიოსკურია - სოხუმის ადგილას, პიტიუნტი, რომელსაც ძველი ქართველები ბიჭვინთას ეძახდნენ, მდინარე ბზიფის შესართავის ახლოს იყო აშენებული.

ბერძნებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ვაჭრობა აინტერესებდათ. აქ და, საერთო, კავკასიაში ბერძნებს ბევრი თავისთვის საჭირო საქონელი ეგულებოდათ. ბერძნებს აქედან გაჰქონდათ სელი და სელის ქსოვილები, ბეწვეული, ტყავები, ძვირფასი ხის, მაგალითად - ბზის მასალა, საშენებელი ხე-ტყე, ოქრო და სხვა ლითონები.  შემოჰქონდათ კიდევ თავისი ხელოსნების ნაწარმოები: ქსოვილები, სამკაულები, ჭურჭლეულობა და კვების სხვა პროდუქტი. (მაგ.ზეთი)

მაგრამ კავკასიაში დამკვიდრებულ ბერძნებს პრაქტიკულმა ინტერესმა თანდათან ცნობის მოყვარეობა გაუცხოველა - რა ხალხი ცხოვრობენ შავი ზღვის სანაპიროზე, როგორია მათი ზნე-ჩვეულება, მეურნეობა, გზები, საზოგადოებრივი წყობილება და ისტორია, როგორია აქაური ბუნებაო. ამგვარ ცნობებს ჯერ ვაჭრები, მეზღაურები და სამხედრო პირები ჰკრებდნენ, შემდეგ იმდროინდელი მეცნიერები ამუშავებდნენ.


ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.


ამრიგად, თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას მეშვიდე-მეექვსე საუკუნემდე,ძვ.წ., უმთავრესად არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვსწავლობთ, ამ დროიდან მოყოლებული უკვე წერილობით ცნობებსაც ვიყენებთ. ძველ ბერძნულ მწერლობაში დაცულია ჩვენი ქვეყნის ბუნების, მოსახლეობისა და მისი კულტურის, სახელმწიფო საზღვრებისა და ისტორიის აღწერილობა. თავდაპირველად ეს ცნობები მცირე იყო, მაგრამ ისინი თანდათან გამრავლდა და გამდიდრდა.

უძველესი ბერძნული ცნობები( მე-6-მე-4 სს.ძვ.წ.)საქართველოს მცენარეულობით, ცხოველებითა და მინერალური ნედლეულით მდიდარ ქვეყნად გვიხატავენ. კულტურული მცენარეებიდან დასახელებულია ვაზი და აღნიშნულია, აყენებდნენ ღვინოს. მოხსენებულია კაკალი და წაბლი. აღნიშნულია, რომ წაბლის ნაყოფს დიდი რაოდენობით ხმარობდნენ ან მოხარშულს, ან პურის სახით გამომცხვარს. შავი ზღვისპირა ქვეყნების და მაშასადამე, საქართელოს შესახებაც ნათქვამია, რომ აქ აშენებენ ყოველნაირი ჯიშისა და კარგი ხარისხის მსხალსა და ვაშლს დიდი რაოდენობით, ბლომად ხარობს აქ აგრეთვე ლეღვი და ბროწეული. ზოგი ხეხილი აქედან შემდეგში სხვა ქვეყნებშიაც გავრცელდა.მაგალითად, კოლხეთის ქალაქ კერასუნტიდან რომაელებმა პირველად შეიტანეს ევროპაში ბალი, რომლის სახელი ევროპულ ენებში კერასუნტის სახელთანაა დაკავშირებული. ურეულიდან დასახელებულია ხორბალი, ასლი და ქერი. პური ზოგიერთ რაიონში ისეთი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ თურმე,რომ ახალი მოსავლის აღბეის შემდეგაც წინა წლის მოსავლიდან დიდი მარაგი რჩებოდათ. ტექნიკური (სართავი) მცენარეებიდან უკვე მეხუთე საუკუნეში, ძვ.წ., განთქმული იყო კოლხური სელი და მისი ქსოვილი, რომელიც საზღვარგარეთ გაჰქონდათ, ჩანს მნიშვნელოვანი რაოდენობით. ფასიანური ( ე.ი. მდ. ფასიდის ანუ რიონის რაიონის) თხელი სელი საუკეთესო მასალად იყო მიჩნეული აგრეთვე ბადებისათვის. იხსენიება სხვადსხვა ბოსტნეულიც.

ცნობილი იყო აგრეთვე შავი ზღვისპირის ფუტკარი, ხშირი და მდიდარი ღალა იცისო, და აქაური ,,თეთრი და სქელი თაფლი''. დასავლეთ საქართველოს ამგვარ თაფლს, რომელსაც ქართულად ,,კიპრუჭი''  ჰქვიან , შემდგომშიაც  ყოველთვის ძალიან აქებდნენ უცხოელები. მისდევდნენ შინაურ მეფუტკრეობას (ფუტკარი სკებში ჰყავდათ), და აგრეთვე ტყის ფუტკრის თაფლსაც აგროვებდნენ. შინაური ოთხფეხიდან დასახელებულია ძროხა, ცხვარი, ღორი,თხა, ცხენი, ვირი. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტეოტელე წერს: ,,ფასიდზე არის პატარა ძროხები, რომელთაგანაც თიითოეული ბევრ რძეს იძლევა''. ეს ქართული ჯიშის ძროხა, პატარა ტანისა, მაგრამ კარგი მეწველი, დღემდე არის ჩვენში შემონახული(მაგ.ხევსურეთში).

ძველი ბერძნები საქართველოს ლითონებით მდიდარ ქვეყანად თვლიდნენ, ამ ქვეყანაში ბევრია ოქრო, ვერცხლი და რკინაო. მოუთხრობდნენ, რომ კოლხეთის ერთმა უძლიერესმა მეფემ თავის სახელმწიფოში, განსაკუთრებით - სვანეთში აუარებელი ოქრო და ვერცხლი მოიპოვაო. იუწყებიან აგრეთვე სხვა მინერალების შესახებაც. მაგალითად, როგორც კოლხეთში, ისე იბერიაში ძველთაგანვე წარმოებდა სინგურის მოპოვება( ამ მინერალიდან, რომელიც ვერცხლის წყლისა და გოგირდის შენაერთია, წითელ საღებავს ამზადებენ).

კიდევ უფრო დიდი აზრისა იყვნენ ბერძნები აქაური მეტალურგების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი ცნობა დაგვიტოვეს მათ სამხრეთის ტომების  - ხალიბებისა და მოსინიკების - შესახებ. ხალიბების ქვეყანაში მდინარეებს რკინის ქვიშა ჩამოაქვს. ხალიბები ამ ქვიშას რამდენჯერმე რეცხავენ და ადნობენ ეგრეთწოდებულ ,,ცეცხლგამძლე ქვასთან'' ერთად, რომელიც ბევრია მათ ქვეყანაში. ასე ამზადებენ ხალიბები რკინას, რომელიც ბევრად ჯობია სხვა რკინას და ვერცხლში ძნელი გამოსარჩევია.

მხოლოდ ამგვარ რკინას არ ეკიდება ჟანგი. აქ აღწერილია მაღალი ხარისხის ფოლადის დამზადება. ამიტომაა რომ ფოლადის ბერძნული სახელი ,,ხალიფს'', ხალიბების სახელწოდებისაგანაა წარმოებული და ხალიბურ ლითონს ნიშნავს. ასეთივე ნახელავით ცნობილი იყვნენ ტიბარებიც, ხალიბების მეზობლები. ხალიბების სხვა მეზობელები, მოსინიკები განთქმული იყვნენ თავისი მაღალხარისხოვანი თითბერით. მოსნიკების სპილენძი კაშკაშა ელვარეა და მეტისმეტად თეთრი; სპილენძს მოსინიკები კალას არ ურევენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენო. თითბერის სახელიც ზოგიერთს ევროპულ  ენაში ( მაგ. გერმანული ,,მესინგ'') მოსინიკების სახელისაგან არის წარმომდგარი. ხალიბების, მოსინიკებისა და ტიბარების ტერიტორია, რომელიც ჭოროხის აუზზე და ტრაპიზონ-გირესუნ-ორდუს საზღვრებში მოდის, განსაკუთრებით ამ ტერიტორიის მთიანეთი, მართლაც მეტად მდიდარია ლითონის მადნებით.

ეს სიმდიდრე იზიდავდა ბერძნებს კავკასია-საქართველოსკენ. სხვა საქონელს გარდა აქ ისინი შოულობდნენ აგრეთვე მონებსაც. აი, როგორ აგვიწერს ერთი ბერძენი მწერალი საზოგადოდ შავი ზღვისპირა ქვეყნებს: ,,პონტოში ბევრი რამ არის, სხვა ხალხების ცხოვრებისათვის სასარგებლო.. პონტოს გარშემო მდებარე ქვეყნები გავაწვდიან, აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, პირუტყვს და უეჭველად საუკეთესო მონებს უდიდესი რაოდენობით, ხოლო ფუფუნების საგნებად კი უხვად გვაძლევენ თაფლს, ცვილს (თაფლის სანთელს) და დამარილებულ თევზს. ხოლო იმ ნაწარმოებიდან, რითაც მდიდარია ჩვენი ქვეყნები,იღებენ ზეთსა და ყოველგვარ ღვინოს. პურითაც აღებ-მიცემობენ ჩვენთან, ხან გვაწვდიან საჭიროების დროს , ხან იღებენ''.

დასავლეთ საქართველოს ძველად, როგორც ნათქვამია, ბერძნები კოლხეთს უწოდებდნენ, ადგილობრივ მას ეგრისი ერქვა. ამ სამეფოს შესახებ მე-7 საუკუნიდან, ძველი წელთაღრიცხვით, ბერძენი მწერლები გვიამბობენ.

ბერძნული ახალშენები დიდ სარგებლობას პოულობდნენ კოლხებთან  ვაჭრობაში. გაიზარდა და გამდიდრდა ეს ქალაქი. მარმარილოსაგან ნაკეთები შენობებით, კარგი ნავსადგურებით, არხებითა და წყალსადენებით, მტკიცე ქალაქის კედლებით შეიმკო და გამაგრდა პიტიუნტი და დიოსკურია, ფასიდი და ტრაპიზონი. უცხოელი ვაჭრებისაგან დარჩენილს სხვადსხვა ქვეყნის ფულს დღესაც პოულობენ საქართველოს ნიადაგში.

ეს ვაჭრობა სასარგებლო იყო კოლხებისთვისაც. ერთმანეთშიაც კოლხებმა ისეთი აღებ-მიცემობა  გააჩაღეს, რომ მათ უკვე უცხოეთიდან შემოტანილი ფული აღარ ჰყოფნიდათ. მე-5 საუკუნიდან კოლხეთში ადგილობრივი ფულის ჭრა დაიწყეს. ეს ვერცხლი ფული იყო, რომელზეც ჩვეულებრივ, ერთ მხარეს  ხარის თავი იყო გამოსახული , მეორე მხარეს - კოლხეთის ქალღმერთი. ფულს სხვადასხვა ზომისას ჭრიდნენ. კოლხეთის ფულს ახლაც ბლომად პოულობენ დასავლეთ საქართველოში . სამკაულები იცოდნენ ოქროსი, ვერცხლისა, ბრინჯაოსი - საყურე, ბეჭედი ქინძისთავები, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებანი. უყვარდათ ბრინჯაოს ფართო ქამრის თავები ანუ ბალთები, რომლებზედაც გამოსახული იყო სხვადასხვა ცხოველი. უყვარდათ სხვადასხვა მძივისაგან გაკეთებული ყელსაბამებიც. მიცვალებულს ხშირად ასაფლავებდნენ თიხის კუბოებში ან ქვევრებში.

მკვდრებს სამარეში, ფულის გარდა, ყოველგვარ იარაღს, ჭურჭლეულობასა და სამკაულებსაც აყოლებდნენ.

როცა ძველი კოლხების საფლავებს ვსინჯავთ, ვხედავთ, რომ ზოგ სამარეში მდიდარი კაცია დამარხული, ზოგი კი ღარიბი. ზოგისათვის ბევრი ოქრო-ვერცხლი, იარაღი და ფული ჩაუტანებიათ, სხვებისთვის - ცოტა. აშკარაა, კოლხებში იმ დროს ქონებრივი უთანასწორობა უკვე იყო ფეხგადგმული. უფრო იშვიათად ისეთი სამარხებიც გვხვდება, რომ, საფიქრებელია, იქ მეფე ან ვინმე მთავარია დაკრძალული.

400 წ. ძვ. წ. ბერძენმა სარდალმა და მწერალმა ქსენოფონტემ თავისი თვალით ნახა და დაწვრილებით აღწერა სამხრეთ-ქართული თემების, ხალიბების, მოსინიკების, ტაოხებისა და სხვების ყოფა-ცხოვრება.

ქსენოფონტეს მიერ აღწერილი თემები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე - ტრაპიზონის, კერასუნტისა და კოტიორას(ახლანდელი ორდუ) რაიონში - და ევფრატის ზემო წელზე მდებარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავბედობის წყალობით, ეს თემები იმ ხანად დასუსტებული იყვნენ, ქსენოფონტე მათს სოფლებში ყველგან დიდ სანოვაგესა და შინაურ საქონელსაც ბლომად პოულობდა.

ვაჭრობაც ამ თემებში გავრცელებული ყოფილა და მათ საკუთარი ქალაქებიც ჰქონდათ. ზღვისპირისაგან დაშორებით, მაგ, იყო გუმნიადი, დიდი და მდიდარი ქალაქი. როცა ბერძნებთან კარგი განწყობილება ჰქონდათ, ეს თემები მათ თავის ბაზრებსაც უხსნიდნენ.

აქაური ჩვეულებრივი საომარი იარაღი ყოფილა: ნაირნაირი შუბები, დაწნული და ხარის ტყავგადაკრული ფარები, სარტყელზე დაკიდებული ხანჯლები და რკინის ცულები. თავს იცავდნენ ხის ან ტყავის მუზარადით, ტანს კი სელის ჯავშნით. ატარებდნენ აგრეთვე ნაბდებს. ზღვისპირელები ლითონის დამუშავებას მისდევდნენ: მაგ, ტრაპიზონის სამხრეთით მცხოვრები ხალიბების უმრავლესობა თავს მხოლოდ ლითონის დამუშავებით ირჩენდა. მოსინიკები ზღვაოსნობაშიაც გაწაფული ყოფილან.

ქონებრივი უთანასწორობა აქ კაცს თვალში ეცემოდა. მდიდარი მშობლების ბავშვები ძალიან გამოირჩეოდნენ ღარიბებისაგან, რადგანაც ისინი თურმე განსაკუთრებულად იზრდებოდნენ და იკვებებოდნენ. ამ თემებს თავისი მთავრები ჰყავდათ. ზოგან მთავრები( ბელადები, შეიძლება უმაღლესი ქურუმები) განსაკუთრებულ კოშკებში ცხოვრობდნენ, მცველებით გარშემორტყმულნი.

ხალხი გულადი, ამაყი და დამოუკიდებლობის მოყვარული იყო. ქსენოფონტე გაკვირვებით გვიამბობს მათი გმირობისა და თავისუფლების სიყვარულის ამბებს.  როცა ქსენოფონტე და მისი ბერძენი მეომრები ტაოხის სოფლებს მიადგნენ, ტაოხმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს: მთელი ხალხი, ქალი და კაცი ციხე-სიმაგრეებში ჩაიკეტა და ისე ებრძოდა ბერძნებს. როცა მტერმა დიდი გაჭირვებით ბოლოს მაინც მოახერხა ტაოხების ციხეების აღება, მას საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ: ქალები ჯერ თავის ბავშვებს ისროდნე კლდეებიდან და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენუფსკრულში. ასევე იქცეოდნენ მამაკაცებიც. ტაოხებს არ სურდათ ბერძნებს ცოცხლად ხელში ჩავარდნოდნენ, მონობას ისევ სიკვდილი სჯობიაო. ერთი ბერძენი დახარბდა ერთი ტაოხის ლამაზ ტანისამოსს და სცადა ტაოხის დაჭერა, როცა იგი უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. მაგრამ ტაოხმა აჯობა, ბერძენიც თან გადაიყოლა და ორივენი დაიღუპნენ.

მოსინიკებშიც ასე მოხდა. როცა ბერძნებმა მოსინიკები დაამარცხეს, ისინი დაემუქრნენ მოსინიკების მთავრებს, გამოდით თქვენი კოშკებიდან, თორემ დაგწვავთ.მთავრებმა დამამცირებელ ტყვეობას ცეცხლში ცოცხლად სიკვდილი ირჩიეს, ბერძნებს მორჩილებაზე უარი უთხრეს და დაიღუპნენ.


საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.



საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.


Комментариев нет:

Отправить комментарий