,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები''
§ I. ეტიკეტის ცნება, რაობა და ადგილი საზოგადოებრივ ურთიერთობაში
«ეტიკეტი» (étiguette) ფრანგული ენის მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებული და დამკვიდრებული სიტყვაა,რომლის წარმომავლობის შესახებ თავად ფრანგ სპეციალისტთა შორისაც არაა სრული თანხმობა. ასე, მაგალითად, ცნობილი რობერის ლექსიკონში ეტიკეტის ცნების განმარტებისას ნათქვამია, რომ იგი ნასესხებია ჰოლანდიური ენიდან და მომდინარეობს სიტყვა Ticket-იდან. თავად ამ უკანასკნელის განმარტებაში კი იქვე მითითებულია, რომ იგი ინგლისური სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს ბილეთს,ტალონს, იარლიყს, ხოლო ადოლფ ჰატცფელდისა და არსენ დარმესტეტერის ლექსიკონში ეტიკეტის ცნების საფუძველი გერმანიკული წარმოშობისადაა გამოცხადებული. ანალოგიური აზრია გამოთქმული ინგლისურენოვან ენციკლოპედიაში «ბრიტანიკა».
რაც შეეხება თავად ცნება «ეტიკეტის» განმარტებას, იგი რობერისა და ადოლფ ჰატცფელდის ლექსიკონების მიხედვით შემდეგია:
1. ზუსტი მნიშვნელობით: მეთევზის სათევზაო კოჭი, მიწაზე დამაგრებული და მასზე ოთხკუთხედი ბადე დაკიდებული;
2. ძველი და ფართო მნიშვნელობით: საკანონმდებლო ტერმინი, რომელიც სასამართლო პროცესის ჩანაწერს აღნიშნავს. ამდენად, არქაული მნიშვნელობით ოქმი ან ოქმების ჩასაწერი დავთარი;
3. თანამედროვე მნიშვნელობით: იარლიყი.
4. წერილის ან თხოვნის დაწერის წესი, იმის მიხედვით თუ ვის მიმართავენ;
5. სამეფო კარის წეს-ჩვეულება. ცერემონიალური მიმართვის დაცვა. ამ შემთხვევაში მისი სინონიმებია: ცერემონიალი, დიპლიმატიური ოქმი, წესი,დეკორუმი.
ლარუსის ვრცელი ენციკლოპედიაც შემდეგნაირად განსაზღვრავს ეტიკეტის ცნებას: განსაზღვრული ნიშანი, რაიმე საგანზე მიმაგრებული ბარათი, რომელზეც აღნიშნულია საგნის შიგთასზე ცნობა, დანიშნულება, ფასი და ა.შ; (მხატვრ.)განსაზღვრება, მითითება, რომელიც ახასიათებს პიროვნებას; ადგილთა თანამიმდევრობა რანგის მიხედვით (რაც თავიდანვე ეტიკეტით არის დაწესებული) საკარო ცერემონიალი; ცერემონიალური ნორმები საზოგადოებრივ ურთიერთობებში.
გერმანული უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით ეტიკეტი არის ჩვეულება, რომელიც ოფიციალურად გამყარებულ (დადგენილ) საურთიერთო მანერას (წესს) წარმოადგენს, ხოლო ახალი ბრაკჰაუზის ენციკლოპედია შემდეგნაირდ განმარტავს ეტიკეტს: ტრადიციულად დაწესებული ურთიერთობების საზოგადოებრივი ფორმები. დუდენის ლექსიკონი კი ეტიკეტის შემდეგ ახსნას გვთავაზობს: კარგი საზოგადოებრივი საურთიერთო ფორმების ერთობლიობა; შესაბამისი ტრადიციული წესები, რომლებიც ასეთ საურთიერთო ფორმებს აწესებენ: ეტიკი ამის უფლებას არ იძლევა; ეტიკეტის დაცვა; ვინმეს მოქცევა არ შეესაბამება ეტიკეტის ნორმებს; რაღაც არის ეტიკეტის საწინააღმდეგო; ეტიკეტის დარღვევა.
რაც შეეხება ინგლისურენოვან საცნობარო ლიტერატურას ენციკლოპედია «ბრიტანიკაში» ეტიკეტის ცნება შემდეგნაირადაა ახსნილი: ცერემონიულ ჩვეულებებთან დაკავშირებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საზოგადოებაში არსებულ მოქცევის წესებს, უმეტესად ფორმალური საცერემონიო წესებს, რომლებსაც ვხვდებით საკარო დღესასწაულებზე, ზეიმებზე და სხვა; პროცედურა, რომელიც
სამსახურეობრივ დაწინაურებას, დანიშვნას ეხება გარკვეულ ორგანიზაციაში ან საზოგადოებაში. ხოლო აშშ-ში გამოცემული ვებსტერის საერთაშორისო ინგლისური ენის ვრცელი ლექსიკონის მიხედვით ეტიკეტის განმარტება ასეთია:
1. ნორმები, წესები, რომლებსაც მოითხოვს კარგი აღზრდა ან დაწესებულია ავტორიტეტების მიერ სოციალური ან ფორმალური ყოფა-ცხოვრებისათვის; წოდებისა და შემთხვევისათვის შესაფერისი წესიერების დაცვა; საყოველთაოდ მიღებული დეკორუმი (მაგ. საკარო დღესასწაულების მკაცრი ეტიკეტი);
2. წესით ან ჩვეულებით დადგენილი მოქცევა.
3. საქციელის, ქმედების წესები, რომლებიც ეკისრებათ გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებს (მაგ. მედიცინის, სამართლის) უმეტესწილად ერთმანეთს შორის ურთიერთობისას.
რუსული საცნობრო ლიტერატურიდან მხოლოდ «ეთიკის ლექსიკონით» დავკმაყოფილდები, რადგანაც მასში ეტიკეტის ცნება საკმაოდ ვრცლადაა მოცემული: ეტიკეტია «ქცევის წესთა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანურ ურთიერთობებს (გარშემომყოფთადმი მოპყრობა, მიმართვისა და მისალმების ფორმები, ქცევა საზოგადოებრივ ადგილებში, მანერები და სამოსი). ეტიკეტი არის ადამიანისა და საზოგადოების შინაგანი კულტურის შემადგენელი ნაწილი. მასში შედის ის მოთხოვნები, რომლებიც იძენენ ცერემონიალის ასე თუ ისე მკაცრად რეგლამენტირებულ ხასიათს და რომელთა დაცვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქცევის ფორმის განსაზღვრისათვის. თუმცა საბოლოო ჯამში გამოხატავს ზნეობრიობის პრინციპების ამა თუ იმ შინაარსს, ტრადიციულ საზოგადოებაში იგი, როგორც წესი, იქცევა რიტუალად, აქვს ზნეობრივი შინაარსიდან მოწყვეტილი საკუთარი, თავისიფორმა, მკაცრად ჩამოყალიბებული ხასიათი. იგი გამოიხატება დეტალურად დამუშავებული თავაზიანობის წესების რთულ სისტემაში, ნათლად ახდენს განსხვავებული კლასებისა და წოდების, თანამდებობის პირთა შესაბამის რანგთა (ვის როგორ უნდა მიმართო, ვის როგორ უნდა უწოდო) მოპყრობის და სხვადასხვა წრეში (საკარო ეტიკეტი, დიპლომატიური ეტიკეტი, «მაღალი წრის» ეტიკეტი და ა.შ.) ქცევის წესთა კლასიფიცირებას».
ამ ერთი ცნების - ეტიკეტის განმარტებები სხვადასხვა სახის საცნობარო ლიტერატურიდან ასე ვრცლად იმიტომ წარმოვადგინე, რომ ნათელი იყოს, თუ როგორი ფართოა მისი შინაარსი. ეტიკეტი არ არის მხოლოდ მარტივად გაგებული ზრდილობიანი ქცევის წესები, როგორც ეს ზოგადადაა ხოლმე მიჩნეული.
მეცნიერება საკითხისადმი დოგმატურ მიდგომას გამორიცხავს და ამიტომ სამეცნიერო დისციპლინაში სპეციალურ ცნებათა ზუსტი დეფინიცია ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი სახით თითქმის არ არსებობს. თითოეული ცნების შინაარსი ფართოვდება ან ვიწროვდება იმისდაკვალობაზე, თუ როგორი ინტენსივობით მიმდინარეობს ამა თუ იმ მეცნიერების დარგში კვლევა-ძიების პროცესი. ეს მდგომარეობა (ცნებათა დეფინიციის დაუზუსტებლობა) უფრო საგრძნობია იქ, სადაც ნაკლებად შესწავლილ საკითხთან გვაქვს საქმე. ეტიკეტის პრობლემაც ზუსტად ასეთია.
რუსი მეცნიერი ა.სინიცინი ეტიკეტს შემდეგნაირად განმარტავს: «ეტიკეტის ქვეშ ჩვენ გვესმის განსაზღვრული, ნორმა რომელიც საზოგადოებაში, როგორც ჯგუფებს შორის, ისე პიროვნებათა შორისაც ურთიერთობის რეგლამენტაციას ახდენს», ხოლო ადიღეველი მკვლევარი ბ.ბგაჟნოკოვი აცხადებს: «ეტიკეტი - ეს არის ურთიერთობის ტრადიციულ-ყოფითი კულტურის ბირთვი, მაორგანიზებელი ცენტრი» . ამ მოსაზრებას კონკრეტულ ეთნოსთან მიმართებაში იგი აზუსტებს და აკონკრეტებს: «ეთნოეტიკეტი - ეს არის მოცემული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ტიპიური, დღიდან დღემდე განმეორებადი, ურთიერთ-განმსაზღვრელ სიტუაციაში რიტუალიზებული ურთიერთობის სისტემა» . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ბ.ბგაჟნოკოვს ეკუთვნის მეცნიერებაში «ურთიერთობის ეთნოგრაფიის» ცნების შემოტანა, რაც მისივე განსაზღვრებით არის სუბდისციპლინა, რომლის საგანიც პირველყოვლისა სიმბოლური, რიტუალური კომუნიკაციის შესწავლაა.
ლ.უაიტის მიხედვით მთელი საზოგადოებისავის საერთო ურთიერთობის ნორმები არის ეთიკა და ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას სხვადასხვა ჯგუფის წევრებს შორის, როგორიცაა მამაკაცები და ქალები, დიდები და პატარები, სხვადასხვა სოციალური სტატუსის წარმომადგენლები და ა.შ, არის ეტიკეტი.
რუსი მკვლევარი ა.ბაიბურინი ეტიკეტს ასე განმარტავს: «ეტიკეტის ქვეშ უნდა გავიგოთ საზოგადოების სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური, კონფესიური და სხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობის წესები. სხვა სიტყვებით, ეტიკეტი სიმბოლურად ასახავს მოცემული ერთობის ბიოლოგიურ და სოციალურ კრიტერიუმებს და ამით ემსახურება სოციალური ურთიერთმიმართების ობიექტივაციას,ძირითადად განსხვავებას სქესის, ასაკისა და საზოგადოებრივი მდგომარეობს მიხედვით».
ასეთი გამნარტებების ამოწერა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ საკითხი ვგონებ ისედაც ნათელია. ეს განმარტებები გამოხატავენ თითოეული მკვლევარის საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი, თუ როგორ ხედავენ ისინი საკვლევ პრობლემატიკას. ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ეტიკეტის ცნების დეფინიცია დაკავშირებულია თავად ეტიკეტის კვლევის საგანთანაც და ამავე დროს მის შემსწავლელ სამეცნიერო დარგის დადგენასთანაც. ასე მაგალითად ყოფილ საბჭოთა კავშირში ეტიკეტის კვლევის პიონერი ბ.ბგაჟნოკოვი, რომელმაც შექმნა მშვენიერი გამოკვლევა ადიღეველთა ეტიკეტის შესახებ და აგრეთვე შეიმუშავა თავისებური თეორიული მიდგომაც ამ საკითხისადმი, ორჭოფობს ეტიკეტის საკითხთა შემსწავლელი სამეცნიერო დარგებიდან ეთნოგრაფია (ეთნოლოგია), ფსიქოლოგია, სემიოტიკა ენათმეცნიერება, რომელს მიანიჭოს უპირტესობა. ეს გარემოება გამოწვეულია იმით, რომ ეტიკეტის კვლევა-ძიების საკითხში ისტორიკოსები და ეთნოლოგები ძალზე ჩამორჩნენ. სამართლიანად მიუთითებს ა.ბაიბურინი, რომ პირველი ეთნოგრაფიული აღწერილობები ძველი მწერლობის სხვადასხვა ნიმუშებში (ჰეროდოტე, სტრაბონი, ტაციტუსი, მონტენი) ეხებოდა ურთიერთობის წესებს, ეტიკეტს, თუმცა ეს სიტყვა არ გამოიყენებოდა. საუბარი იყო საერთოდ წეს-ჩვეულებებზე, რომელთაც ეტიკეტი საკმაოდ გვიან გამოეყო. ეთნოგრაფიული (ეთნოლოგიური) მეცნიერების ჩამოყალიბების კვალობაზე ძირითადი ინტერესის სფეროდ იქცა მატერიალური წარმოების, ჩვეულებითი სამართლის, ფოლკლორისა და მითოლოგიის სხვადასხვა საკითხების კვლევა და ეტიკეტი თანდათანობით გამოიდევნა ეთნოგრაფიული გამოცემებიდან. იგი «გადასახლდა» ბელეტრისტულ და სამეცნიერო-პოპულარულ ნაწარმოებებში. ამდენად, ამა თუ იმ ხალხის კულტურის მონოგრაფიულ აღწერილობაში ეტიკეტი უკვე აღარ განიხილებოდა, ამიტომაც, ეს საინტერესო საკითხი კვლავაც მწერლების, მხატვრების, მოგზაურების, დიპლომატების გატაცებად, ჰობად დარჩა. მისი ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლისადმი ინტერესი XX ს-ის II ნახევარში კვლავ აღორძინდა და როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, მას საფუძვლად დაედო ლინგვისტთა და ფსიქოლოგთა შრომები.
მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მიერ აღნიშნული საკითხით დაინტერესებამ წარმოშვა უამრავი სუბდისციპლინა (მეტყველების ეთნოგრაფია,ფსიქოლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ეთნოფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლინგვისტიკა, პროქსემიკა, კინესიკა და.შ.), მაგრამ თვით ეტიკეტის აღწერა ზუსტი სახით კვლავაც მოუხელთებელი დარჩა. ეს იმიტომ, რომ ენთამეცნიერს აინტერესებს ურთიერთობის ფორმისა და ხასიათის გამომხატველი ენობრივი ერთეული და არა თვით კონკრეტული ურთიერთობა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით. როგორც ბ.ბგაჟნოკოვი მიუთითებს ამ პრობლემის შესწავლის აუცილებლობა იგრნობოდა თითქმის ეთნოგრაფიის (ეთნოლოგიის) მეცნიერების ჩამოყალიბების დღიდან, რაზეც მოწმობენ ვ.ვუნდტის, ე.ტეილორის ფ.ბოასის, ბრ.მალინოვსკის შრომები. ეს უკანასკნელი პირადპირ მიუთითებდა «ცხოვრების ენის» შესწავლის აუცილებლობაზე. აქვე ისიცაა აღნიშნული, რომ ენათმეცნიერები ვ.ჰუმბოლტიდან და ფ.დე სოსიურიდან მოყოლებული დღემდე ინტერესით იკვლევდნენ საზოგადოების წევრთა ურთიერთობის საკითხებს, მაგრამ მხოლოდ ენათმეცნიერული რაკურსით. ასევე ითქმის ფსიქოლოგებსა და მეცნიერების სხვა დარგის წარმომადგენელთა მიმართაც. თითოეული მათგანი ეტიკეტის მხოლოდ ცალკეულ მხარეს ეხება. არც ენათმეცნიერების და არც ფსიქოლოგების ძალისხმევა არ იქნება ბოლომდე წარმატებული, თუ კი საქმეში თავის ადგილს არ დაიჭერს ისტორიულ-ეთნოლოგიური კვლევა-ძიება. ეს იმიტომ რომ ეტიკეტი პირველ რიგში სოციალური მოვლენაა და ენობრივი და ფსიქოლოგიური ასპექტები ამ მოვლენის ცალკეული მხარეებია. ამიტომაც პირველ რიგში საჭიროა თავად ეტიკეტის სრულყოფილად ზედმიწევნით აღწერა, რისთვისაც ეტიკეტის ცნების დეფინიციას აქვს დიდი მნიშვნელობა. მოვიყვანოთ კონკრეტული ყოფითი მაგალითი და მასზე დაკვირვებით შევეცადოთ საკითხის არსში გარკვევას. ამ მიზნით შევარჩევ ქართული ცნობიერებისთვის უცნობ ძველ ჩინურ ტრადიციას, რომელიც თავად ჩინელი სპეციალისტის მიერაა აღწერილი:
ძველ ჩინეთში უცნობი ადამიანების შეხვედრა შემდეგნაირად ხდებოდა: სტუმარს აუცილებლად უნდა მიეტანა მასპინძლისათვის საჩუქარი. ეს უკანასკნელი დამოკიდებული იყო მასპინლის რანგზე (ასე მაგალითად, შიდაიფუ-სათვის - სწავლულისათთვის - უნდა მიერთმიათ ხოხობი). ჭიშკარზე დაკაკუნების შემდეგ გამოდიოდა მსახური და შეიტყობდა რა ვიზიტის მიზეზს, ამბობდა: «ჩემი ბატონი ვერ გაბედავს თქვენს მიღებას. დაბრუნდით შინ. ჩემი ბატონი თავად გეწვევათ თქვენ.» ამ სიტყვების წარმოთქმისას მსახურს თავი უნდა დაეკრა და ხელები მკერდზე დაეკრიფა. მომსვლელსაც, რომელსაც აგრეთვე ხელები მკერდზე ჰქონდა დაწყობილი, თავდახრით უნდა ეპასუხა: «მე არ შემიძლია გავსარჯო თქვენი ბატონი. დამრთეთ ნება შევიდე სახლში და მას თაყვანი ვცე.» მსახურს კი უნდა ეპასუხა შემდეგნაირად: «ეს ძალზე დიდი პატივია ჩემი ბატონისათვის, დაბრუნდით შინ. ჩემი ბატონი დაუყოვნებლივ გეწვევათ თქვენ.» სტუმრისათვის პირველ უარის თქმას ეწოდებოდა «ცერემონიალური სიტყვა», მეორეს კი - «დაჟინებითი სიტყვა.» «დაჟინებითი სიტყვის» შემდეგ სტუმარს კვლავ უნდა გამოეხატა თავისი სურვილი. სტუმრისაგან მესამეჯერ იგივეს მოსმენის შემდეგ მსახური მიდიოდა მასპინძელთან და უკან დაბრუნებული ამბობდა: «თუ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს დაჟინებულ უარს, ბატონი ახლა გამოვა და მიგიღებთ თქვენ. მაგრამ თქვენს საჩუქარს კი ვერ მიიღებს.» მაშინ სტუმარს სამჯერ უნდა უარი ეთქვა შეხვედრაზე, თუ მისი საჩუქარი არ იქნებოდა მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიოდა მასპინელი ჭიშკარში და ხვდებოდა სტუმარს. ორივენი უნდა მისალმებოდნენ თავდახრით ერთმანეთს, რის შემდეგაც მასპინელი ჟესტით იწვევდა სტუმარს შინ. მოსული ისევ სამჯერ უარს ამბობდა შინ შესვლაზე. ბოლოს მასპინძელი სახით სტუმრისაკენ მოქცეული მიდიოდა ეზოში და ჟესტით იწვევდა სტუმარს შესულიყო სახლში. ძველ ჩინეთში სახლს წინიდან, ჩვეულებისამებრ, ჰქონდა ორი კიბე. მასპინძელი ადიოდა აღმოსავლეთისაზე, სტუმარი კი დასავლეთისაზე. როცა მასპინძელი ავიდოდა ერთ საფეხურს, სტუმარს შეეძლო ერთი ნაბიჯი გაეკეთებინა კიბეზე. ბოლოს ისინი აღმოჩნდებოდნენ სასტუმრო ოთახში. დარბაზში უკვე დაგებული იყო ორი ჭილოფი.მასპინძელი ჯდებოდა აღმოსავლეთის, სტუმარი კი დასავლეთის მხარეზე. ისინი ქუსლებზე მჯდომარენი და წინ ჩამოშვებული და იატაკზე ხელებდაბჯენილნი იწყებდნენ საუბარს. სტუმარი ამბობდა: «დიდი ხანია მესმის თქვენი სახელი. ის ქუხს მეხივით მთელს ცისქვეშეთში. ბოლოს და ბოლოს დღეს შემიძლია გხედავდეთ და ავისრულო ჩემი ცხოვრების ოცნება. მინდა მივიღო თქვენგან ბრძნული რჩევა.» მასპინძელი იგივე პოზაში მჯდარი, თავს ხრიდა და პასუხობდა: «ჩემი ცოდნა უმნიშვნელოა. გთხოვთ თქვენ, მიმითითოთ მე ჭეშმარიტებაზე.» მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა საუბარი ვიზიტის ნამდვილი მიზეზის შესახებ.
დავაკვირდეთ ამ ძველ ჩინურ ტრადიციას. მასში მოცემულია ერთი დასრულებული წეს-ჩვეულება - თუ როგორ უნდა იქნას მიღებული სტუმარი, იგი თავის თავში შეიცავს უამრავ ცალკეულ ელემენტებს, რომლებიც სავალდებულო ნორმებს წარმოადგენენ და აუცილებლად უნდა იქნეს დაცული. კერძოდ კი:
1. სტუმარმა აუცილებლად უნდა მიუტანოს მასპინძელს საჩუქარი;
2. სტუმარმა მასპინძლის ჭიშკარზე უნდა დააკაკუნოს და დაელოდოს მსახურის გამოსვლას;
3. მსახურმა უნდა მოუსმინოს სტუმარს და შინ კი არ უნდა შეიწვიოს, არამედ უარი უნდა უთხრას მიღებაზე;
4. მსახურის მიერ ნათქვამი უარი უნდა იყოს თავაზიანობის გამომხატველი, რომელიც «ცერემონიალურ სიტყვად» იწოდება და შემდეგნაირად უნდა გამოითქვას: «ჩემი ბატონი ვერ გაბედავს თქვენს მიღებას. დაბრუნდით შინ. ჩემი ბატონი თავად გეწვევათ თქვენ»;
5. ამ სიტყვების წარმოთქმას თან უნდა ახლდეს გარკვეული სახის მოქმედება და ჟესტიკულაცია -კეროდ, მსახურმა თავი უნდა დაუკრას სტუმარს და ხელები მკერდზე დაიწყოს;
6. სტუმარმა კი არ უნდა თქვას, კარგი, იყოს თქვენი ნებაო, არამედ, დაჟინებით, მაგრამ თავაზიანად უნდა თქვას სტუმრის მიერ ამ შემთხვევაში წარმოსათქმელი ფორმულა - «დაჟინებითი სიტყვა»: «მე არ შემიძლია გავსარჯო თქვენი ბატონი, დამრთეთ ნება შევიდე სახლში და მას თაყვანი ვცე»;
7. მსახურს «დაჟინებით სიტყვაზე» ახალი ფორმულით უნდა ეპასუხა: «ეს ძალზე დიდი პატივია ჩემი ბატონისათვის. დაბრუნდით შინ. ჩემი ბატონი დაუყოვნებლივ გეწვევათ თქვენ.»;
8. სტუმარს მესამეჯერაც უნდა გაემეორებინა თავისი სურვილი;
9. მსახური სტუმრისაგან მესამეჯერაც იგივეს მოსმენის შემდეგ უნდა გაბრუნებულიყო, შესულიყო სახლში და იქიდან დაბრუნებულს სტუმრისთვის უნდა ემცნო მისი სურვილის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ კი მას უნდა ეთქვა: «თუ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს დაჟინებულ უარს, ჩემი ბატონი ახლა გამოვა და მიგიღებთ თქვენ. მაგრამ თქვენს საჩუქარს კი ვერ მიიღებს.»;
10. ახლა უკვე საჩუქრის მიღება - არ მიღებაზე იწყებოდა საუბარი და საჩუქრის მიუღებლად მასპინძელთან შეხვედრაზე სტუმარს უარი უნდა განეცხადებინა სამჯერ.
11. ბოლოს მასპინძელი გამოდიოდა ჭიშკარში და სტუმარიც და მასპინელიც ერთმანეთს თავის დახრით უნდა მისალმებოდა;
12. შემდეგ მასპინძელი მხოლოდ ჟესტით სამჯერ იწვევდა შინ სტუმარს;
13. სტუმარი უარს ამბობდა მასპინძლის სახლში შესვლაზე და ეს პროცედურაც შინ ჟესტით შეპატიჟებისა და მასზე უარის თქმისა სამჯერ უნდა გამეორებულიყო;
14. ბოლოს მასპინძელი სტუმრისკენ პირშექცეული მიდიოდა ეზოში და სტუმარს კვლავ ჟესტით იწვევდა შინ;
15. სტუმარი ახლა უკვე მიჰყვებოდა მასპინძელს;
16. მასპინძელი იწყებდა სახლზე მიდგმულ აღმოსავლეთის კიბეზე ასვლას;
17. სტუმარი კი ადიოდა დასავლეთით არსებულ კიბეზე და აივლიდა იმდენ საფეხურს, რამდენსაც მასპინძელი;
18. სასტუმრო დარბაზში მასპინძელი ჯდებოდა აღმოსავლეთის მხარეს დაფენილ ჭილოფზე, სტუმარი კი დასავლეთით მდებარე ჭილოფზე;
19. ორივენი ჭილოფზე სხდებოდნენ ქუსლებზე მჯდომარენი, ხელები კი წინ ჩამოშვებული და იატაკზე დაბჯენილი ჰქონდათ;
20. საუბარს იწყებდა სტუმარი შემდეგი სიტყვებით: «დიდი ხანია მესმის თქვენი სახელი. ის ქუხს მეხივით მთელს ცისქვეშეთში. ბოლოს და ბოლოს დღეს შემიძლია გხედავდეთ და ავისრულო ჩემი ცხოვრების ოცნება. მინდა მივიღო თქვენგან ბრძნული რჩევა»;
21. მასპინძელი იგივე პოზაში მყოფი პასუხობდა: «ჩემი ცოდნა უმნიშვნელოა. გთხოვთ თქვენ მიმითითოთ მე ჭეშმარიტებაზე»;
22. მხოლოდ ამის შემდეგ ასახელებდა სტუმარი თავისი ვიზიტის ნამდვილ მიზეზს.
რა ჩანს ამ ჩვეულების ასე დანაწევრებული გადმოცემით? – ყველაფერი ის, თუ რა შეადგენს ეტიკეტის შინაარსს, კერძოდ:
1. ეტიკეტი არის ნორმებად ჩამოყალიბებული გარკვეული ქმედება. მაგ. სტუმარი მხოლოდ მესამე შეპატიჟების შემდეგ უნდა შევიდეს მასპინძლის სახლში.
2. ეტიკეტი შედგება ცალკეული ასეთი ნორმებისაგან;
3. თითოეული ეს ნორმა ზედმიწევნით კონკრეტულია და დეტალიზებული;
4. ეტიკეტის შემადგენელ ამ ნორმებს ახასიათებთ თანმიმდევრულობა. ისინი ზუსტად განსაზღვრულ ადგილას და სიტუაციაში უნდა იქნან გამოყენებული.
აქედან გამომდინარე ეტიკეტის ცნება შემდეგნაირად შეიძლება განვსაზღვროთ: ეტიკეტი არის ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მხოლოდ ადამიანთა ყოფით ურთიერთობაში ფიქსირდება, არის უაღრესად დეტალიზებული, აქვს შესრულების სავალდებულო ხასიათი და შემადგენელ ელემენტებს ახასიათებთ ზუსტი თანმიმდევრულობა დროსა და სივრცეში.
მაგრამ აქ უნდა დაისვას შემდეგი კითხვა: რა მოხდებოდა, რომელიმე პიროვნებამ არ დაიცვას ეს ნორმა რომელიც მოცემულ საზოგადოებაშია მიღებული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე საჭიროა აღინიშნოს, რომ ყოველ საზოგადოებაში მოქმედებს ორი სახის ნორმა - სამართლებრივი და მორალური (ეთიკური). სამართლებრივია ის ნორმა, რომელიც გარკვეულ სამართლებრივ სანქციას ითვალისწინებს ანუ დადგენილ ნორმის დარღვევისათვის პიროვნება მოცემული სამართლის მიხედვით ისჯება. მორალური (ეთიკური) ნორმის დარღვევა კი მხოლოდ გაკიცხვას ან უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომაც ზემო აღნიშნული ძველ ჩინური ჩვეულების შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი – მასპინძელი თუ სტუმარი მიღებულ წესს დაარღვევდა შედეგი იქნებოდა მხოლოდ ერთადერთი - მათი ურთიერთობა შეწყდებოდა და სასურველი კომუნიკაციის აქტი არ შედგებოდა. ამის დამადასტურებელი შესანიშნავი მაგალითი მოეპოვება ვახუშტი ბატონიშვილს თავის შრომაში, რომელსაც ივანე ჯავხიშვილი საგანგებო ყურადღრებას უთმობდა.
« - იცით რატომ გადმოვიდა იმერეთიდან ქართლში ლუარსაბ II და რატომ მიუვიდა შაჰ-აბასს?» - ჰკითხა ერთხელ ივანე ჯავახიშვილმა თავის ასპირანტ ვ.გაბაშვილს. მისი პასუხი რომ მოისმინა თურმე გაიცინა და სთქვა: «ჰო, შეიძლება ეგრეც ყოფილიყო, მაგრამ სხვა მიზეზიც იყო. იმერეთის მეფე გიორგიმ ლუარსაბ მეფესთან თანაყოფობაში ფეხი-ფეხზე შემოიდო. ძველ საქართველოში უფროს-უმცროსს შორის ეს უზრდლობად ითვლებოდა. ლუარსაბ მეფემ ითაკილა, იმერეთიდან ქართლში გადმოვიდა. ქართლის მეფე ხომ უფროსად თვლიდა თავის თავს ქვეყნის პოლიტიკური დაშლილობის დროსაც».
ეს მოხდა 1614წ. ირანის შაჰი აბას I დიდი ლაშქრით ქართლ-კახეთს შემოესია. კახეთის მეფე თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ, სადაც მათ მასპინძლობდა იმერეთის მეფე გიორგი. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: «იტყვიან, რამეთუ ისხდნენ მეფენი ერთად, მაშინ გიორგი მეფემან მოიჴადა ქუდი, და შემოიდგა ფეჴი მუჴლსა ზედა. ესე იუკადრისა მეფემან ლუარსაბ და შეირაცხა უპატიოდ და არარად შერაცხად, და იტყოდა: «რა იგი ნებავს მტერსა ჰყოს, ხოლო უმცირესსა ჩემისაგან არა დავითმინო». და არარაი უსმინა გიორგი მეფესა და წავიდა ვითარცა მწყრალი.»
რადგან საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს დაშლის (XV ს. ბოლო)შემდეგ იმერეთში გამეფებული ბაგრატიონების შტო თბილისის ტახტზე (ქართლის სამეფო) დარჩენილი მთავარი შტოს განაყარი იყო, ქართლის მეფენი და მათ შორის ლუარსაბ II საქართველოს დანარჩენი მხარის მეფეებზე მაღლა აყენებდა თავის თავს. საქართველოში კი წესად ყოფილა, რომ უმცროსი უფროსთან ფეხი-ფეხზე გადადებით არ უნდა დამჯდარიყო. ამ ნორმის დარღვევას მოჰყვა სწორედ ლუარსაბ II-ის პროტესტი. ვის მიერ და როგორ დგინდება ქცევის ასეთი წესები?
ზემოთ უკვე ითქვა, რომ ყოველ საზოგადოებაში დღეს მოქმედებს ორი სახის ნორმა სამართლებრივი და მორალური. ისინი კი თავის დროზე ერთდროულად არ წარმოშობილან. დასმულ კითხვას მათი ურთიერთმიმართების პრიზმაში უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ქართული სამართლის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ივ.სურგულაძე მიუთითებს «პირველყოფილი თემური წყობილების დროს საზოგადოებრივი ყოფაქცევის ერთადერთი წესი ჩვეულება იყო». ე.ი. მხოლოდ ჩვეულებების სახით არსებობდა ის ნორმები, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობას განსაზღვრავდა. ივ. ჯავახიშვილიც თავის დროზე ძველი ქართული საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ «უძველეს ხანაში სამართალი დამყარებული იყო ზნე-ჩვეულებებზე. ჩვეულებაჲ ადამიანის ისეთ ქცევას ჰქვიან, რომელსაც იგი უნებლიეთ მისდევს, რომელსაც იგი ჩვეულია. (...) მაგრამ «ჩვეულებაჲ» მარტო კერძო, თითოეული ადამიანის ქცევას კი არ ერქვა, არამედ, ადამიანთა მთელი ჯგუფის გვაროვნების, წოდების, დასის, ან მთელი ერის ზნესა და ქცევას.» *
ივანე ჯავახიშვილის ეს დასკვნა ძველ ქართულ საისტორიო წყაროების ანალიზს ემყარება, და «ჩველუება» თავის ჩამოყალიბების ეტაპზე რომ რაიმე სამართლებრივ ნორმას არ გულისხმობს, კარგად ჩანს მეცნიერის იმ დაკვირვებიდან, რომ ექვთიმე მთაწმინდელი მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების ტექსტში ბერძნული έ'τοs (ეთოს), რაც ზნეს აღნიშნავს, ქართულად «ჩვეულებად» თარგმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში ქართულ ტერმინში «ჩვეულება» არასამართლებრივი, მხოლოდ საზოგადოებისათვის მისაღები ზნეობრივი ნორმები იგულისხმებოდა* ამდენად, ჩანს, რომ ადამიანთა საზოგადოება ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში შეიმუშავებს ურთიერთობის გარკვეულ წესებს, რომლებიც მოსახერხებელია შესასრულებლად, სასარგებლოა მათი მომხმარებელთათვის და ისინი არეგულირებს მათ შორის ურთიერთობებს. მაგრამ ადამიანთა შორის ურთიერთობის გარკვეული წესები, რომლებიც სამართლებრივ სფეროს არ ეხება, შეიძლება ოფიციალურმა ორგანოებმაც შეიმუშავოს. მაგ. დისერტაციის დაცვის წესები ეტიკეტის სფეროდ მიაჩნია ა.ბაიბურინს. იგი სწორედ შესაბამისი კომპეტენციის მქონე აკადემიური ორგანოს მიერაა დაწესებული. აქვე შეიძლება დავასახელოთ სამეცნიერო სესიების, სიმპოზიუმების, კონფერენციების გამართვის წესები და სხვა მრავალი.
ამდენად, ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ეტიკეტი შეიძლება განვმარტოთ, როგორც სავალდებულო ქცევის ნორმა, მაგრამ არა სამართლებრივი, არამედ ეთიკური ხასიათის, რომელიც აღმოცენდება და მოქმედებს ჩვეულების ან ოფიციალური ორგანოს საშუალებით.
ასეთი განმარტება ეტიკეტს ძალზე ვრცელ და ფართო შინაარსს ანიჭებს* და ამდენად, ეტიკეტის არეში შეიძლება მოვიაზროთ ადამიანის ყოფის თითქმის ყველა ელემენტი, რომელსაც ამ ყოფის არასამართლებრივად მარეგლამენტირებელი ფუნქცია გააჩნია. სწორედ ასე ფართო სპექტრით დანახვისას იქნება შესაძლებელი ეთნოეტიკეტის (ეთნოსის, ერის ცხოვრების წესის) სრულფასოვანი აღწერა, რომელიც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ მისი ისტორიული ფესვები, მისი ცვლილებების დინამიკა, ფუნქციონირების საფუძვლები და მისით გამოხატული ფასეულობები. აქედან გამომდინარე შემოკლებული ფორმით შეიძლება ვთქვათ, რომ ეტიკეტია ყველაფერი, რაც ადამიანთა შორის ურთიერთობას და მის ყოფას ეხება და არასამართლობრი-ვი ნორმის სახე აქვს. მაგ. თუ როგორ უნდა დაიხერხოს სახლის კოჭი, ეტიკეტი არ არის, მაგრამ ამ სახლში როგორ უნდა დაიდგას ავეჯი ეტიკეტია, ისე როგორც კაბის რომელიმე დეტალის გამოჭრისა და შეკერვის წესი არ არის ეტიკეტი, მაგრამ ამ კაბის ტარების წესი და თვით ამ კაბის გამოჭრისას ადამიანთა შორის შესასრულებელი სავალდებულო წესი (საზეიმო თუ სამგლოვიარო შემთხვევებში) კი არის ეტიკეტი. თუმცა ეტიკეტის ამ ნორმათა დადგენისათვის და მისი ანალიზისათვის საჭიროა იმ ელემელტების გათვალისწინებაც, რომელზეც ითქმის ეტიკეტის სფერო არ არისო. ასე, რომ ეტიკეტია ქცევის ყველა ფორმა, რომელსაც ადამიანი მიმართავს, რომელიც საზოგადოების მიერ დადგენილი საურთიერთო არასამართლებრივი ნორმაა და არა რომელიმე ინდივი-დისათვის დამახასიათებელი ჩვევა.
თუ დავსვამთ კითხვას, რა უდევს საფუძვლად ამ ნორმებს, პასუხი იქნება შემდეგი: ის შეხედულებები, რაც მოცემული კოლექტივისთვის ითვლება მისაღებად და სასარგებლოდ. ამა თუ იმ კოლექტივში მცხოვრები ინდვიდი კი ვალდებულია თავისი საქციელი დაუქვემდებაროს ამ შეხედულებებს ანუ ამ შეხედულებებიდან გამოიყვანოს თავისი ქცევის წესი. მაშასადამე, თითოეულ ქცევის ნორმას რაღაც ფასეულობა უდევს საფუძვლად და ეტიკეტი გვევლინება ამ ფასეულობის, ერთი მხრივ, კონდენსირებულ გამოხატულებად და, მეორე მხრივ, მისი სარეალიზაციო ინსტრუმენტად. ამიტომაც თუ ეს ფასეულობები ერის ტრადიციებს ეფუძნება, მაშინ ეტიკეტიც ამ ტრადიციებით იქნება ჩამოყალიბებული. ამდენად, ეტიკეტსა და ტრადიციას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, რადგანაც ეტიკეტი ტრადიციის ნაწილია. ეტიკეტის სფერო ტრადიციის ის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივ ურთიერთობაში ამ ტრადიციის ფუნქციონირების პროცესს ასახავს. თუკი ყოველივე ზემოთთქმულს ერთად თავს მოვუყრით მაშინ ეტიკეტის განსაზღვრება შემდეგ სახეს მიიღებს: ეტიკეტი არის ქმედება ან ქმედებათა ის ერთობლიობა, რომელიც მხოლოდ ადამიანთა უშუალო ურთიერთობაში ფიქსირდება, არის უაღრესად დეტალიზირებული და მათი თანამიმდევრობა ზუსტადაა განსაზღვრული დროსა და სივრცეში,წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების მარეგულირებელ სავალდებულო, მაგრამ არა სამართლებრივ, არამედ ეთიკურ ნორმას, აღმოცენდება და მოქმედებს ჩვეულების (ტრადიციის) ან ოფიციალური ორგანოს საშუალებით.
ცნება ეტიკეტის გვერდით ხშირად იხმარება ტერმინი «ცერემონია» და «ცერემონიალი». ცერემონია ლათინური წარმოშობის ცნებაა (ceeremonia, ceremonia,cerimonia). რობერის ფრანული ლექსიკონის მიხედვით ცერემონია წეს-ჩვეულებაა,რომელსაც შემდეგი მნიშვნელობები აქვს:
1. რელიგიური ხასიათის ქმედებები: პროცესია ან სვლა, მონათვლის, ჯვრისწერის, დაკრძალვის, კურთხევის (მეფის, ეპისკოპოსის, მღვდლის) წესები;
2. ფართო მნიშვნელობით: ყველა საზეიმო მოვლენის აღნიშვნის გარეგნული ფორმა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ მოვლენასთან ან თარიღთან(გამარჯვების დღე, დაბადების დღე, ხსოვნის დღე...);
3. განსაკუთრებული მიღების, ზრდილობის გამოჩენის ზოგადი აღნიშვნა, როცა კერძო პირები ერთმანეთს ხვდებიან ან ოფიციალური ვიზიტისას მიღებული ქათინაურები და სხვა ფორმალობები;
ცერემონიას ლარუსის ვრცელი ენციკლოპედია შემდეგნაირად ხსნის: გარეგნულად გამოხატული წინასწარ განსაზღვრული ნორმები, რომლებიც გარკვეული რელიგიური კულტის დღესასწაულთა თანმხლებია (მაგ. ნათლობის, ქორწინების). გარკვეული დღესასწაულის აღნიშვნის თანმხლები ფორმა, ნორმა. ზრდილობის, ზედმიწევნითი თავაზიანობის გამოხატულება. ხოლო ვებსტერის საერთაშორისო ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედით ცერემონია არის;
1. ფორმალური აქტი ან აქტების სერია, რომელიც ზედმიწევნით დიდი ყურადღებით და საზეიმოდ არის შესრულებული რაიმე რიტუალის ან რელიგიური, სახელმწიფო, სასამართლო, სოციალური ან ტომობრივი პროტოკოლის განაწესის მიხედვით.
2.
ა). ზრდილობიანობის ან ეტიკეტის მიღებული აქტი ან ჟესტი, რომელიც გულ-მოდგინედ არის დამუშავებული.
ბ).მოქმედება, რომელიც ფორმალურად არის შესრულებული და აკლია ღრმა მნიშვნელობა, ძალა, ეფექტი.
გ). ბანალური, რუტინული მოქმედება დიდი გულმოდგინებით და პედანტურო-ბით შესრულებული.
3.
ა). ნიშანი ან ხელსაწყო, გამოყენებული რიტუალურ პროცედურაში.
ბ). მსგავს პროცედურასთან დაკავშირებული ზეიმი ან მისი პომპეზური გამოვლინება.
4.
ა). პროცედურის განაწესი.
ბ). სამოქალაქო კოდექსის ან ზრდილობის მიღებული წესების გათვალისწინება, მათი დაცვით მოქცევა.
გ). განსაკუთრებული შემთხვევა ან დღესასწაული (აღლუმი, ესკორტი, სხვა), რომელიც აღინიშნება არსებული ინსტრუქციის, განაწესის დაცვით.
რაც შეეხება ცერემონიალს, იგი რობერის ფრანგულ ლეკსიკონში შემდეგნაირადაა განმარტებული:
1. გარკვეული წესების ერთობლიობა და თანამიმდევრობა. ამ წესების კრებული;
2. საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული წესების კრებული.
3. ზრდილობისა და გალანტურობის წესების ერთობლიობა.
ვებსტერის საერთაშორისო ინგლისური ენის ვრცელ ლექსიკონში ცერემონიალი შემდეგნაირადაა განამრტებული: ფორმალური წესების და ცერემონიების სისტემა, რომელიც შემოღებულია, კანონის, პროტოკოლის ან რელიგიური დღესასწაულების, სოციალური მოვლენების, სასამართლო პროცედურების ჩვეულებათა საფუძველზე.
რაც შეეხება ლარუსის ვრცელ ენციკლოპედიას, აქ ცერემონიალი შემდეგნაირადაა ახსნილი: წესთა ერთობლიობა, რომელთა მიხედვით ტარდება საზეიმო, სამოქალაქო, სამხედრო, რელიგიური ცერემონიები. წიგნი, რომელიც აღწერს რელიგიური ცერემონიის შემადგენელ მოქმედებათა თანმიმდევრო-ბას.ზრდილობისა და თავაზიანობის წესების ერთობლიობა.
ამდენად ყოველივე ზემონათქვამი, რომ შევაჯამოთ, «ცერემონია» არის ქცევის გარკვეული ნორმათა აღმნიშვნელი, ხოლო «ცერემონიალი» ამ ცერემონიათა, წესთა ერთობლობა, რომელიც ბევრჯერ ოფიციალურადაც არის დადგენილი და წერილობით ჩამოყალიბებული. თუ ამასთანავე გავიხსენებთ ეტიკეტის ცნების შინაარსსაც მაშინ ერთი მხრივ ეტიკეტსა და, მეორე მხრივ, ცერემონია და ცერემონიალის მნიშვნელობებში ფაქტობრივ ერთგვაროვნებას ვიპოვით. ზემოთ დასახელებულ ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში ხომ ორივე ეს ტერმინი ხშირად ერთმანეთითაა ახსნილი. ამას გარდა ამ საცნობარო ლიტერატურაში თითოეული ამ ცნებათა განმარტებებს თუ შევაჯამებთ, მაშინ მათი ერთგვაროვანი შინაარსი უფრო გამოიკვეთება. მაგრამ ყველა ავტორი ასე არ ფიქრობს მაგ. ცერემონია ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით არის რომაული რელიგიის საერთო ტერმინი და იგი ასახავდა საეკლესიო აქტს თუ წეს-ჩვეულებას. ამ ცნებიდანაა ნაწარმოები «ცერემონიალი», რომელიც იგივე ლექსიკონის მიხედვით არის მოქმედებათა მწკრივი ან სიმბოლური ხასიათის გამოვლენა საზოგადოებრივ თუ რეალური ცხოვრების ტრადიციულად აუცილებელ შემთხვევებში. იგი იხმარება სამი მნიშვნელობით:
1. ყველაზე ფართო გაგებით ცერემონიალში იგულისხმება ტრადიციულად აუცილებელი წესებისა და ფორმების მთელი კომპლექსი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრების ყველა სფეროს;
2. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ცერემონიალში იგულისხმება ის ფორმები, რომლებიც არეგულირებენ ადამიანთა გარეგან ურთიერთობებს ერთმანეთში, ყველაფერი ის, რასაც თანაცხოვრებისას უწოდებენ ეტიკეტს;
3. ბოლოს, ცერემონიალში ესმით იმ ცერემონიის განაწესი, რომელიც დადგენილია რომელიმე საზეიმო შემთხვევისათვის. მაგ. მეფის კურთხევა, დაკრძალვა. ჯვრის წერა და ა.შ.
ამ განმარტების ავტორია ცნობილი რუსი ეთნოლოგი ლ.შტერნბერგი, რომელიც მოღვაწეობდა XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის I ნახევარში. მის ამ მსჯელობაში აღსანიშნავია ორი გარემოება: ერთი, ის რომ მას ცერემონიალი ესმის, ძალზე ვრცელი შინაარსით, რომელიც ფაქტობრივად მოიცვს ყველაფერ იმას, რაზეც ზემოთ ეტიკეტის შესახებ იყო საუბარი; მეორე ის, რომ მას ეტიკეტი მიაჩნია უფრო ვიწრო ცნებად, ვიდრე ცერემონიალი, იგი ეტიკეტს ცერემონიალის ვიწრო მნიშნელობის სინონიმად წარმოადგენს. XX ს-ის II ნახევარში კი ისევ რუსი ეთნოლოგის ა.ბაიბურინის მიერ გამოითქვა საპირისპირო აზრი, რომლის მიხედვითაც ცერემონია არის ეტიკეტის განსაკუთრებული ფორმა ან გარკვეულ წილად მისი ნაწილი.
ამჟამად მე არ გამოვეკიდები ამ ორი ტერმინის - ეტიკეტისა და ცერემონია/ცერემონიალის წარმოშობის, გავრცელების, მნიშნელობათა ცვალებადობის ისტორიას, შევნიშნავ მხოლოდ, რომ ისინი ძირითადად ერთგვაროვანი შინაარსისანი არიან (სხვა საკითხია, ამ შინაარსს რომელი როდის იფართოვებდა და რატომ.) შეიმჩნევა რომ ევროპულ და რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში თავდაპირველად ცერეონიალი დომინირებდა, ალბათ ეს ლათინური ენის როლით უნდა აიხსნას.* მხოლოდ ბოლო ხანებში XX ს-ში ეტიკეტის ხმარება უფრო ხშირი გახდა რუსულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში (ბაიბურინი და სხვები). გვხვდება ამ ორივე ცნების გვერდიგვერდ გამოყენების ფაქტები, მაგრამ აშკარად «ეტიკეტი» დონიმირებს და შრომათა სათაურებშიც ყველგან იგი გვხვდება. იგივე ვითარებაა საქართველოშიც. ამდენად, ეს ორი ტერმინი - «ეტიკეტი» და «ცერემონიალი» ერთი და იგივე საგნის გამომხატველ სინონიმებად უნდა ვცნოთ. ხოლო მომავალში რომელს რა მნიშვნელობა მიეცემა სამეცნიერო პროცესის განვითარების გზა გვიჩვენებს. ამასთან დაკავშირებით უნდა დაისვას კითხვა: ქართულ ყოფაში არსებობდა თუ არა ქართული ტერმინი, რომელიც ეტიკეტის ფართო თუ ვიწრო მნიშვნელობებს მოიცავდა? ქართულ ენაში არსებობდა არა ერთი ცნება, რომლებიც ეტიკეტის გარკვეულ ასპექტებს აღნიშნავდნენ და დროთა განმავლობაში თავიანთ შინაარსაც იცვლიდნენ კიდევაც.
ეტიკეტის შინაარსის შემცველ ქართულ ცნებათაგან პირველ რიგში უნდა დავასახელო «ზნეობა», რომელიც მომდინარეობს «ზნე»-დან. პირველი ქეგლ-ში ასეა განმარტებული: «იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფა-ქცევას ამა თუ იმ საზოგდოებაში». ხოლო მეორე ასეა ახსნილი: «ხასიათი, ბუნება, თვისება; ჩვეულება, წესი.» ამდენად «ზნე» არის ერთი, კონკრეტული შინაარსის მქონე წესი, ჩვეულება და მისი განზოგადებით ვღებულობთ, როგორც განზოგადებულ ტერმინს «ზნეობას»,ისე განზოგადებულ მნიშვნელობასაც: ამ კონკრეტული წესების ერთობლიობას. ასეთივე ურთიერთდამოკიდებულებაა რუსულ ენაშიც: ერთი მხრივ нрав და მეორე მხრივ нравственность. ანლოგიური სურათია გერმანულ ენაშიც ერთი მხრივ die Sitte - ზნე და მეორე მხრივ die Sittlichkeit - ზნეობა, მორალი. ს-ს. ორბელიანი «ზნეს» შემდეგნაირად განმარტავს: «ჩვეულებით რაჲც(ა) საქმე სჭირდეს, კეთილი თუ ბოროტი, ზნე იგი არის». დიდი ლექსიკოგრაფის ეს ახსნა მეტად ფასეულია, რადგან, ჩანს რომ ეს ცნება «ზნე» ერთმნიშვნელოვანი შინაარსისა არ ყოფილა: იგი შეიძლება ადამიანის კეთილ თვისაბასაც აღნიშნავდეს და უარყოფითსაც. დღეს კი ამ ცნებიდან შემდეგი ოპოზიციაა ნაწარმოები «უზნეობა» და «ზნეობა» რომლებიც უკვე ცალსახა მნიშვნელობისანი არიან. შესაბამისად უზნეოა ან ზნეობრივი ადამიანის ის მოქმედება, რომელიც სათანადო «ზნეს» ან არ ეფუძნება ან ეფუძნება. ასე რომ «ზნე» არის კონკრეტული ქცევის ფორმა, რომელთა დაცვა აუცილებელია, რომ ეს ქცევა იყოს ზნეობრივი. მოვიტანოთ მაგალითები:
შოთა რუსთაველი წერს:
«ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ...»
«ზნენი» ამ კონტექსტში, როგორც მრავლობითობის გამომხატველი, შეიძლება იმ ჩვეულებებს გულისხმობდეს, რომლებიც მეფეთათვის იყო დამახასიათებელი. ვნახოთ მეორე მაგალითიც, სადაც რუსთაველი აღნიშნავს:
«უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი»
ე.ი. აქ საუბარია ავთანდილის ქცევის შექებაზე. «ზნე» რომ რუსთაველთან ადამიანის გარკვეული ქცევას, კონკრეტულ მოქმედებას აღნიშნავს, საუკეთესოდ ჩანს შემდეგი ადგილიდან, სადაც მეფე როსტევანი წუხს, რომ:
«კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლოს სამამაცონი ზნენია»
«სამამაცო ზნე» აშკარად ქცევის იმ ფორმებს გულისხმობს, რომლებიც უნდა აუცილებლად სცოდნოდა ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელს. ამ საკითხზე საგანგებო ნაშრომი შექმნა არჩილ მეფემ, რომელიც თავის თხზულებაში «ზნეობას» ხშირად «ზნეს» მნიშვნელობით ხმარობს და გვეუბნება, რომ საქართველოში ხუთი ათასზე მეტი ზნე ანუ ქცევის წესი არსებობსო და ჩამოთვლის «ხილის დაჭრის, ბეჭის გათლის, დანის მოსმის» ჩათვლით ადამიანის ყოფ-ცხოვრების თითქმის ყველა ელემენტს, როგორიცაა ჯდომის წესი, ჭამის წესი, სმის წესი და მათ შორის
«შესაყრელობა, ალერსი თვითოს ზნეს ყველას უდარსა»
არჩილი ზნეთა გაჩენისა და მოქმედების მექანიზმსაც ეხება და გვიხსნის: «მოტირლობა, გლოვის წესი, ზარი, ახა ზნედ დაიდო,(...) ერთმანეთის წაბაძვითა დაწესდა, ხიდად გაიდო»
ამდენად, ადამიანის ქცევის თითოეული წესი «ერთმანეთის წაბაძვით» ანუ ჩვეულებად ქცევით - ერთი და იგივე მოქმედების სხვადასხვა ადამიანების მიერ მრავალჯერადი გამეორების («წაბაძვის») შედეგად «ზნედ დაიდო» ანუ ჩვეულებად, მოცემულ შემთხვევაში ეტიკეტად, იქცა. გარდა ამისა, ყოველივე ეს «ხიდად გაიდო» ანუ კავშირი დამყარდა საზოგადოების სხვადასხვა თაობას შორის, რაც ჩვეულების, ტრადიციის არსთა არსია.
არჩილის ზემოთმოყვანილ ტაეპში ისიცაა საგულისხმო, რომ «ზნედ დიდო» სხვადასხვა სახის წესი, როგორიცაა მოტირლობა, გლოვა, ზარი, ახა და ა.შ. ცნებას «წესი» ს-ს. ორბელიანი შემდეგნაირად განმარტავს: «წესი უწოდიან ჩვეულებასა, განმტკიცებულსა და მდგომიარესა. ვინა(ჲ)ცა ჩვეულება არა ოდენ მისი სახელი არს, რომელ(სა) (მრავალ ...) ჟამ ქმნითა ჩვეულებად შეჰქონდეს არმედ ოდესმე მისიცა, რომელი ბუნებით ოდეს ... რამე იყოს წეს(ი) განმტკიცებული, ვინა(ჲ)ცა უსულოთა და უძრავთა აქვს ესრეთ დაბადება, რამეთუ წეს ეწოდების მსგავსებითსა და შემსგავსებულსა საქმესა». გამოდის, რომ ს-ს. ორბელიანის მიხედვით, წესი მარტო ჩვეულებით განმტკიცებული მოვლენის აღმნიშვნელი არა ყოფილა, არამედ ყოველი უსულოს «მსგავსებითსა და შემსგავსებული საქმისაც». ეს უკანასკნელი, ალბათ, გულისხმობს ყველა უსულო საგნის გარკვეულ თვისებას, მდგომარეობას. მართლაც ი.აბულაძის ლექსიკონის მიხედვით «წესი» ძველ ქართულ ძეგლებში დასტურდება სხვადასხვა მნიშვნელობით. ესენია: რიგი, კანონი, განაწესი, ელემენტი, ბუნება, სჯული.
ამ ცნებაზე ყურადღება გაამახვილა ივ.ჯავახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: «სიტყვა «წესი» სხვებზე უფრო ხშირად გვხვდება ძველ ქართულ მწერლობაში და არც გასაკვირველია. «წესი» აღნიშნავს ისეთს ცნებას, რომელიც საზოგადოებრივს, სახელმწიფოსა და საეკლესიო ცხოვრებაში მუდმივ მოქმედებს. მისივე დასკნით «წესი» გერმანული der ordnung-ს ეთანასწორება და აღნიშნავს «ცხოვრებისა და ქცევის რიგს, საქრისტიანო და საეკლესიო ჩვეულებას».
ივ.ჯავახიშვილი საგანგებოდ შეჩერდა ამ ცნების მნიშვნელობათა გარკვევაზე. მან დაადგინა, რომ «წესი» ძველ საქართველოში აღნიშნავდა სამონასტრო ცხოვრების რიგსაც, სამონასტრო-საეკლესიო წესდებას, მაგრამ ამის გარდა «იმ გარკვეულ ჩვეულებებსა და რიგს, რომელსაც ქართველი მეფეების დარბაზობის დროს მისდევდნენ და ასრულებდნენ ერქვა «წესი სახლისა საჴელმწიფოსა (...) და «დარბაზობის წესი (...). დარბაზობის დროს მხოლოდ განსაზღვრულს დიდებულ მოხელეთა ჯგუფს შეეძლო მეფის წინაშე მჯდარიყო, სხვები უნდა მდგარიყვნენ. ამას გარდა ამათ შორისაც, ვისაც ჯდომა შეეძლოთ, ზოგს სასთაულის უფლებაც ჰქონდა, ზოგნი კი უსასთაულოდ უნდა მსხდარიყვნენ. ამის შესახებ გარკვეული, მტკიცე დებულება არსებობდა, რომელსაც ერქვა «წესი ჯდომისა და დგომისა» (...). იმ ჩვეულებებს, რომლითაც სტუმარი და მასპინძელი ერთმანეთში დარბაზობის დროს მიესალმებოდნენ ხოლმე «მოკითხვის წესი» ერქვა (...). დასასრულ, იმ ჩვეულებებს, რომელთაც მიცვალებული მეფის დატირებასა და გლოვის დროს მისდევდნენ და ასრულებდნენ «გლოვის წესი» ეწოდებოდა (...). ზოგი წესი ჩვეულებაზე იყო დამყარებული, ზოგი კიდევ «მეფეთა განწესებული» იყო. (...) ერთი სიტყვით «წესი» საზოგდოებრივი ცხოვრებისა და დაწესებულების მართვა-გამგეობის მომგვარებელ ჩვეულებას, რიგსა და დებულებას ერქვა და არა სასამართლო კანონს».
ამდენად, ივანე ჯავახიშვილის მიერ მოტანილი დიდძალი მასალისა და საუცხოო ანალიზის მერე გაკეთებულ ამ დასკვნის შემდეგ დამატებითი ცნობების მოყვანა ზედმეტია. ცხადია, რომ ცნება «წესი» ძველ ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობისა ყოფილა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია იმ ჩვეულების აღნიშვნა, რომელიც ეტიკეტის სფეროს შეადგენს. ამიტომაც ივ.ჯავახიშვილის დასკვნაც აბსოლუტურდ ზუსტია, რომ რადგანაც «ზოგი წესი ჩვეულებაზე იყო დამყარებული, ზოგი კიდევ «მეფეთა განწესებული» ანუ ოფიციალური დაწესებულების მიერ დადგენილი, ამიტომ ეს ცნება «წესი» «საზოგადოებრივი ცხოვრებისა და დაწესებულების მართვა-გამგეობის მომგვარებელ ჩვეულებას, რიგსა და დებულებას ერქვა და არა სასამართლო კანონს.» მაშასადამე, ძველ ქართულში «წესი» ეტიკეტის შინაარსის აღმნიშვნელი ყოფილა.
აქ ერთი საინტერესო საკითხი იჩენს თავს. სამეცნიერო სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად იხმარება შემდეგი ტერმინები «წეს-ჩვეულება» და «ზნე-ჩვეულება.» არც ივ.ჯვახიშვილის მიერ განხილული და არც პირადად ჩემს მიერ დამუშავებულ წყაროებში ეს ცნებები არ შემხვედრია. არა გვაქვს ეს ცნებები ძველი ქართული ენისადმი მიძღვნილ ლექსიკონებში. როგორც ჩანს, მათი გაჩენა ახალი მოვლენაა. საყურადღებო ისაა, რომ ეს ორი ტერმინი კომპოზიტს წარმოადგენს, რომელშიაც ერთი ელემენტი «ჩვეულება» ორივეგან გვხვდება, რომელიც ერთ შემთხვევაში უწყვილდება «ზნეს» და მეორე შემთხვევაში «წესს». არა გვაქვს სიტყვათშეთანხმება «ზნე-წესი». თუმცა ასეთი სიტყვათშეთანხმება «ზნე-წესი» ერთგან გვხვდება ივ.ჯვახიშვილთან. იგი თავის საარქივო ქართაკზე ძეობასთან დაკავშირებით ერთი ხალხური ლექსის ანალიზისას წერს: «ახალშეძენილი ბავშვის მამას უნდა თეთრი ტანისამოსი სცმოდა და ვაჟკაცური ზნე-წესის და გასართობებისაკენ ჰქონოდა მთელი გულისყური მიპყრობილი: ცხენზე მჯდარიყო და ეჯირითნა, ყაბახს სროლა და ბურთაობა გაემართა». მოცემული კონტექსტიდან ჩანს რომ «ვაჟკაცური ზნე-წესი» გულისხმობს ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ბურთაობას. ე.ი. ყველა იმ საქმიანობას, რაც ახალშეძენილი ვაჟის მამას «წესით» უნდა შეესრულებინა, ანუ «ზნედ ედო». ამგვარად, ეტყობა ივ.ჯავახიშვილი ამ ორ სიტყვას სინონიმებად თვლიდა და მათ დაწყვილებას მოვლენების არსის უკეთ გამოკვეთისთვის მიმართავს. თუმცა ეს კერძო ხასიათის შემთხვევაა და ასეთი რამ ფაქტობრივად სხვაგან არ დასტურდება. ეს ალბათ იმის გამო, რომ «ზნეც» და «წესიც» თავის შინაარსით მნიშვნელოვანწილად ფრავენ ერთმანეთს. «ზნეც» და «წესიც» კონკრეტულ ნორმებს გულისხმობენ და მათთვის «ჩვეულების» მიმატება ხაზს უსვამს ამ ნორმების წარმომავლობის ხასიათს: ისინი ჩვეულების შედეგად, ჩვეულების მეშვეობით ფუნქციონირებადი მოვლენებია. ამ სამი ცნების (ჩვეულება, ზნე, წესი) ძველ ქართულ წყაროებში გამოყენების, ზუსტი მნიშვნელობისა და ერთმანეთთან დამოკიდებულების საკითხს თავს დროზე ივ.ჯავახიშვილმა მიაქცია ყურადღება, რომელიც წერდა: «თავის მიმოხილვაში ვახუშტის დასახელებული და ისტორიულად განხილული აქვს საქართველოს «ზნენი», «ჩვეულებანი» და «წესნი» (...) მაგრამ ეს სამივე სიტყვა მას ყოველთვის იმ გარკვეულ მნიშვნელობით კი არა აქვს ნაგულისხმევი, როგორც მიღებული იყო ძველი ქართულ მწერლობაში.» ივანე ჯავახიშვილს ამ «გარკვეული მნიშვნელობის» საილუსტრაციოდ მითითებული აქვს თავისი ქართული სამართლის ისტორია,» მაგრამ, სამწუხროდ, მას იქ «ჩვეულებისა» და «წესთან» ერთად «ზნე» დასახელებული და განხილული არა აქვს. გარდა ამისა ამ ცნებების ურთიერთმიმართებაზე თავის დროზე ყურადღება გაამახვილეს გ.ჩიტიამ და ალ.რობაქიძემ, მაგრaმ ეს საკითხი კვლავაც დაზუსტებასა და დაკონკრეტებას მოითხოვს. აქ კი დასკვნის სახით ისევ ივ.ჯავახიშვილს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც თავის ხელნაწერში, რომელიც თეიმურაზ II-ის თხზულების «სარკე თქმულთას ცნობების მიხედვით ქორწინების წესებს ეხება «ზნე-ჩვეულება» მხოლოდ ერთხელაა ნასესხები და «წესი» კი 20-ჯერ. ეს ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ ივ.ჯავახიშვილს უშულოდ ეტიკეტის ნორმის აღმნიშვნელად «წესი» წარმოედგინა. სწორედ ცნება «წესიდანაა» მიღებული ოპოზიცია «წესიერი» და«უწესო».
წესიერია ის ვინც საზოგადოებაში არსებულ წესებს იცავს და უწესო ის ვინცმათ არღვევს. აი, როგორაა ეს ორივე ტერმინი ქეგლში განმარტებული: «წესიერი» -ისეთი, როგორსაც სათანადო წესი მოითხოვს.
«უწესო» - 1. წესს, წესიერებას მოკლებული, უწესრიგო, ურიგო; 2. ცუდი ყოფაქცევისა, გარყვნილი. ამდენად, სწორედ დადგენილი წესებით (ეტიკეტის ნორმებით) მოქმედება ან დარღვევა არის თითოეული ადამიანის ქცევის შეფასების კრიტერიუმი.
ეტიკეტის ცნებასთან დაკავშირებით საინეტერესოა ცნება «რჯულის» შინაარსის გათვალისწინებაც. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში ცნება «რჯული» გვხვდება სჯული/შჯული/შჩული/რჩული ფორმებით .
«რჯული,» მ.ანდრონიკაშვილის მიხედვით, ირანული წარმოშობისაა: «ვფიქრობთ, აღნიშნული სიტვებისათვის (შჯული, სჯული, რჯული და მისთანანი) ამოსავალია საშ.სპარსული ფუძე sâs იყო შესაფერისი, ჴამს, ეგების, აუცილებელია,ღირსია, საჭიროა და სხვა (...) ქართულში – პირველად გადმოვიდა, როგორც საჩ- და საჯ-, ხოლო ხმოვნის შეკუმშვის შემდეგ მივიღეთ, ერთი მხრივ, შჩის-შჩული და რჩის- რჩული, ხოლო მეორე მხრივ, შჯის - შჯული და რჯის - რჯული. მნიშვნელობათა შემდგომი დიფერენციაცია ქართულ ნიადაგზეა მომხდარი». სულ სხვა მოსაზრებას იცავდნენ ტ.გუდავა და გ.კლიმოვი. მათი აზრით, რჯული ნაწარმობია «სჯა-დან, რომელიც თავის მხრივ მიღებულია ქართულ-ზანურ ერთობის ეპოქის ძირიდან (ქართ. საჯ მეგრ. ზოჯ-) . იგივე აზრი ჰქონდა ადრე გამოთქმული, ოღონდ არგუმენტაციის გარეშე, ივ.ჯავახიშვილსაც, რომლის მიხედვთაც «რჯული» ნაწარმოებია ზმნა «სჯა-დან და თავდა-პირველად ნაბჭობის, გადაწყვეტილის,განსჯილის მნიშვნელობა ჰქონდა.
ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში «რჯული» სხვადასხვა მნიშვნელობით დასტურდება. ერთ-ერთი მნიშვნელობაა სარწმუნოება, მოძღვრება, რელიგია . მივმართოთ მაგალითებს: ანდრია მოციქულმა გააქრისტიანა მეგრელები. «ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინა ერისთავნი, და იძულებით კუალადვე მოაქცივნა მეგრელნი, და დამალნეს ხატნი და ჯაურნი» . ან კიდევ: სპარსეთის შაჰმა «აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათსა».
ივანე ჯავხიშვილმა თავის დროზე ცხადყო, რომ «რჯული» აღნიშნავდა საეკლესიო სამართალს, კანონს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მაგალითები საკმაოა ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში. ლეონტი მროველი ერთგან აღნიშნავს: «მაშინ მოიწვიეს ყოვლით ქუეყნით კაცნი ურიცხვნი, სწავლულნი, სჯულისა მოსესსა, რომელნი იგი წინააღუდგეს წმინდასა და რა იგი ჯერ იყო ყოფად ქრისტესსა, მათ აღასრულეს». ან კიდევ: «დაემორჩილენით რჩულსა (შჯულსა) მეფისასა».
«რჯულით» აღინიშნებოდა აგრეთვე ის მოძღვრება, რომელსაც ძველი და ახალი აღთქმა ეწოდებოდა. ამის ნათელსაყოფად მივმართოთ ისევ ლეონტი მროველის თხზულებას: «წმინდა ნინო მსახურობდა ნიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ და ჰკითხვიდა ყოველადვე ვნებათა მათთჳის ქრისტესათა: ჯუარცმისა, დაფვლისა და აღდგომისა მისისა, და სამოსლისა მის ტილოთა და სუდარისა, და ჯუარისა და სხჳსა ყოველისავე შემდგომითი-შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არავინ ყოფილა და არცა ვინ იყო შორის იერუსალიმისა სწორ მისსა მეცნირებითა სჯულისა, ძუელისა და ახლისა, ყოველსავე ზედმიწევნით».
ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში «რჯული» აღნიშნავდა წესსა და ჩვეულებასაც. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული ლეგენდა, რომ თითქოსდა ალექსანდრემ «პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლ-ქმრობის და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი პირუტყუნი, რომელთა ქვცევისა წარმოთქმა უჴმ არს» .
ს-ს. ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით «რჯული» არის ქცევის ნორმების ზოგადი სახელი: «შჯული არს სიტყვა მბრანებლობითი ვიდრემდე, რომელ-რომელთა ჯერ არს ქმნაჲ: და უარმქნელი უშჯულო არს». ამასთანავე საინტერესოა საბას მიერ «ნამუსის» განმარტება: «ქართულად პირისწყალი, არაბულად შჯული». «პირისწყალი» კი ახსნილია, როგორც «უაუგო ქცევა». ე.ი. საბას მიხედვით გამოდის რომ «შჯული» არაბულია და იგი ნიშნავს ნამუსს, პირისწყალს, უაუგო ქცევას.
ვახუშტი ბატონიშვილთან ცნება «რჯული» ეროვნების მნიშვნელობით დასტურდება ერთგან: «უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა ანუ იმერსა, მესხსა და ჰერკახსა რა რჯული ხარ, წამს მოგიგებს: ქართველი» .*
საინტერესო სურათს გვაძლევს ქართველური ხალხური ზეპირი მეტყველების ნიმუშები. სამეგრელოში იტყვიან «ჩქიმი რჯუიშ კოჩი» - ჩემი რჯულის, გვარის კაცი; «მიშნარჯულარე/ნარჯუჲარე»? - ვისი რჯულისაა, გვარისაა, ჯიშისაა, მოდგმისაა? «გოჭყვდილი/გოჭყადიჲი თქვენი რჯუი/რჯული ფოსოუჩათ!» - ძირფესვიანად ამოწყდეს თქვენი რჯული, გვარი, მოდგმა, ჯილაგი, ჯიში. «დიხა მუაჯული/მუარჯუჲ. - მიწა მოვარჯულე, ე.ი. ყამირი მიწა სარეველათაგან გავწმინდე და საყანედ ვარგისი გავხადე, ველური გავაკულტურე (აგორტექნიკის მნიშვნელობით); მოვაქციე. სვანეთში «რჯული» იხმარება «რჯუილ» ფორმით და აღნიშნავს სარწუმოებას, ეროვნებას. გვარს†, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებულ ერთ-ერთ ხალხურ ლექსში, სადაც შესაქმის ამბებია გადმოცემული «დამბადებლის» პირით, ნათქვამი, «დუნია გამიჩენავის, რჯულად ათასი გვარიო». ამ კონტექსტში «რჯული» აღნიშნავს ხალხს, ერს და არავითარ შემთხვევაში სარწმუნოებას.
ამდენად, ქართულ წერილობით ძეგლებსა და ზეპირმეტყველებაში ცნება «რჯული» დასტურდება სარწმუნოების, რელიგიის, საეკლესიო სამართლის, ძველი და ახალ აღთქმის, წეს-ჩვეულებების, ქცევის რიგის, გვარის, ხალხის, ეროვნების მნიშველობით. ჩემი აზრით ეს გარემოება უნდა აიხსნას შემდეგნაირად: «რჯულის» ამოსავალი ფუძე «სჯა» და მისი თავდაპირველი შინაარსი – განსჯა, გადაწყვეტა გულისხმობს გარკვეულ სამართლებრივ ფუნქციას. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ სახარებისეული ერთი ადგილი: «პირისა შენისაგან გსაჯო შენ მონაო ურწმუნოო» (ლუკა, 19,22]. აქ სიტყვა «გსაჯო» ნიშნავს განსჯას, გასამართლებას და არა დასჯას. ასეც რომ იყოს «დასჯა» განსჯის, გასამართლების შედეგია ყოველთვის. გ.კლიმოვი მოცემული კონტექსტის ამ სიტყვას ასე თარგმნის რუსულად ,ele celbnmnt,z. აქვე უნდა გავიხსენოთ ივ.ჯავახიშვილის შემდეგი მსჯელობა: «სამართალი ან ერის საზოგადოებრივი ცხოვრებით შექმნილი ჩვეულება ან წესია, ან სახელმწიფოს მთავრობისა და კანონმდებელი კრების გაჩენილია ხოლმე. უძველეს ხანაში, რასაკვირველია, სამართალი და ზნე-ჩვეულება ერთი და იგივე იყო, შემდეგ, როცა კაცობრიობა განვითარდა და წარმატებული მოქალაქეობრივი ცხოვრება შექმნა, მაშინ სამართალი ზნე-ჩვეულებას დაჰშორდა, დაწინაურდა და სამართლად გადაიქცა» . ამდენად, თუ «რჯული» ნაწარმოებია ზმნა «სჯა»-დან და თავდაპირველად ნაბჭობის, გადაწყვეტილის, დადგენილის, განსჯილის მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აღნიშნავდა იმ ჩვეულებების განმტკიცებულ ნორმებს, რომლითაც წესრიგდებოდა გარკვეული კოლექტივის საზოგდოებრივი ცხოვრება.*
«რჯულს» მოეპოვება საპირისპირო ცნება «ურჯულო», რომელიც ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება უშჩულო/უსჩულო/ურჩულო ფორმებით. ზემოთმოყვნილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ცნება «რჯული» არ მიემართება კონრეტულ ადამიანს, «ურჯულოს» კი სწორედ ასეთი გაგება აქვს. ეს უკანასკნელი ყოველთვის პიროვნებას გულისხმობს და არასოდეს აბსტრაქტულ ცნებებს -სარწმუნოებას, ეროვნებას და ა.შ. ტერმინი «ურჯულო» გააზრებულია ეთნოცენტრიზმის პოზიციებიდან, რაც გულისხმობს საკუთარი ეთნოსისათვის სხვაზე აღმატებულ ღირსებათა და უპირატესობათა მინიჭებას. მაგ. ძველი ბერძნები ყველა არაბერძენს «ბარბაროსს» ეძახდნენ. ამ შემთხვევაში მხედველობაშია მიღებული, რომ «ურჯულოს» არა აქვს «რჯული», «რჯულის» არ მქონეა. ასეთი გაგება კი მიეწერება იმ პირს, ვინც არაა ნაზიარები «ჩვენს რჯულს», არ იცნობს «ჩვენს ჩვეულებებს», არ ცხოვრობს «ჩვენი წესით», არაა «ჩვენი კოლექტივის, ერთობის» წევრი.ამიტომ ის «სხვაა». მაგრამ იმ «სხვას» რომ შეიძლება გააჩნდეს «ჩვენი რჯულისაგან» განსხვავებული «თავისი რჯული», ამის დაშვება ეთნოცენტრისტული პოზიციიდან გამორიცხულია. ამ განსხვავების ფიქსირება, აღნიშვნა იწვევს შემდეგ აზრს: «ურჯულო» არის «სხვა», «უცხო», «არაჩვენიანი», რომელმაც არ იცის «რომელ-რომელთა ჯერ არს ქმნაჲ» «ჩვენ» კი ვართ ის კოლექტივი, ერთობა, რომელთაც გვაქვს «რჯული», რომელიც საერთოა ჩვენი ერთობის თითოეული წევრისათვის. ე.ი. «ჩვენ» ვართ ერთი რჯულისანი ანუ ერთი «რჯული». ამდენად, ცნება «რჯულის», როგორც ერთგავროვანი ჩვეულებების მქონე ერთობის გამომხატველის შინაარსი ერის, ეროვნების, ხალხის შინაარსის გაგებამდე ფართოვდება. გავიხსენოთ ვახუშტი ბატონიშვილის ზემოთ მოყვანილი ცნობა: «უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა ანუ იმერსა, მესხსა და ჰერკახსა რა რჯული ხარ, წამს მოგიგებს «ქართველი».
გარდა ამისა, როცა ქრისტიანობა საქართველოში ოფიციალურ სახელმწიფო რელიგია ხდება და ამიტომ მას საზოგადოებრივი ცხოვრების მომწესრიგებლის ფუნქცია ენიჭება, «რჯულით» აღინიშნება ქრისტიანული სარწმუნოება და საეკლესიო სამართალი, ხოლო საპირისპირო ცნებით «ურჯულოთი» ამ სარწმუნოებისა და სამართლის, ე.ი. ქრისტიანული რელიგიური დოგმატის უარმყოფელი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი.
მაშასადამე, თუ ზემოთმოცემული მსჯელობა სწორია, მაშინ შეიძლება დავასკვნათ: ცნება «რჯული» თავდაპირველად აღნიშნავდა მხოლოდ ჩვეულებებს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვეულებები იყო სხვადასხვა კოლექტივებს, ერთობებს შორის ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშანი, «რჯულმა» შეიძინა ამ ჩვეულებებით გაერთიანებული კოლექტივის – ეთნოსის (ერის) შინაარსი. ხოლო, ქრისტიანობის გავრცელების ხანიდან «რჯულით» აღინიშნა ქრისტიანული სარწმუნოება და საეკლესიო სამართალი, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართველი ახალ ზნე-ჩვეულებათა სისტემა.
ამდენად, ეტიკეტის სფეროსა და პრობლემატიკის აღნიშვნის თვალსაზრისით,ძველი ქართული წყაროების მიხედვით უკვე განხილული ოთხი ცნება მეტნაკლებად ასახავენ ეტიკეტის შინაარსს. ისინი იდენტურნი არ არიან, მაგრამ გარკვეულწილად გადაფარავენ ხოლმე ერთმანეთს. საბოლოოდ, ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ «ჩვეულება» არის ადამიანთა თანა-ცხოვრებისას აუცილებელი ნორმების გამომხატველი ცნება, რომელშიც აქცენტი მოცემულია ჩვევით დანერგილ და განმტკიცებულ მოვლენაზე. თავდაპირველი არსით «რჯულიც» იგივე მნიშვნელობის სიტყვა უნდა ყოფილიყო, ოღონდ ისეთი ნორმის აღმნიშვნელი, რომელიც ნიშნავდა არა ჩვევით, არამედ ადამიანთა ერთობლივი განსჯის შედეგად მიღებულს. რაც შეეხება «ზნეს» იგი იმ ნორმის აღმნიშვნელია, რომელიც რომელიმე პიროვნებისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის ჩვეულებად მიღებული, ხოლო «წესი» უშუალოდ არის ჩვეულებით თუ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების პირდაპირი აღმნიშვნელი და ფაქტობრივად ცნების «ნორმის»* სინონიმად გვევლინება. მაშასადამე, «წესი» ეტიკეტის უშუალო შინაარსის, მისი ნორმების გამომხატველია, ხოლო თავად ეტიკეტს ზოგადად და გარკვეულწილად «რჯული» და უფრო «ზნე» მიესადაგება. თუმცა ამ საკითხზე კვლევა დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ზემოთ დასახელებულ ქართულ ცნებების შინაარსს კიდევ სჭირდება გაღრმავებული დაკვირვება და თანაც მათ გვერდით სხვა ცნებებიცაა განსახილველი. მაგ. ჯერი, რიგი...
დავუბრუნდეთ ამ ცნებათა გაჩენის უძველეს პერიოდს. შემთხვევითი არაა, რომ პირველყოფილ ადმიანთა კოლექტივს ჯოგს უწოდებენ და არა საზოგადოებას. საზოგადოება იქმნება მას შემდეგ, როცა ადამიანი საზოგადოებრივ ცხოვრებას იწყებს ანუ გარკვეული ნორმებით აწესრიგებს ერთმანეთთან ურთიერთობას. მიჩნეულია, რომ თავდაპირველად ჩვეულებები დიფერენცირებული არ იყო. უფრო ზუსტად, მეცნიერთათვის ძნელია მაშინდელი ჩვეულებებში სხვადასხვა ელემენტების (სამართალი, ზნეობა) ურთიერთგამიჯვნა, რადგან ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გადაწნულნი. სწორედ ამიტომ ა.პერშიცმა ამ პერიოდის ჩვეულების აღმნიშვნელად შემოგვთავაზა ტერმინი «მონონორმა». რომლებიც შემდეგში მისი აზრით დიფერენცირდება და ჩნდება ცალკე გაფორმებული ზნეობრივი და ცალკე სამართლებრივი ნორმები.
ისეთ შორეულ პერიოდზე, როგორიც ადამიანის საზოგადოების ჩამოყალიბების ეტაპია, დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ძალზე ძნელია, მაგრამ ლოგიკური ვარაუდის სახით შეიძლება ითქვას, რომ «მონონორმის» მოქმედების პერიოდშიც კი თავდაპირველად მისი ჩამოყალიბება ზნეობრივი ნორმით უნდა დაწყებულიყო და არა სამართლებრივით.**
ამის შესახებ საინტერესოა გ.ბანძელაძის თვალსაზრისი, რომ«საზოგადოების განვითარების ამ საფეხურზე არ არსებობდა დამწერლობა და სამართალი. ამ პერიოდში არსებობდა მხოლოდ გარკვეული ურთიერთობის შეგნება და ამას ადათის, ტრადიციების, ჩვეულებების ხასიათი ჰქონდა. სამართლის წარმოშობას და ზნეობიდან მის გამოყოფას საფუძველი ჩაეყარა უფრო გვიან, როცა ჩაისახა დამწერლობის პირველი ფორმები. მანამდე კი ზნეობაც თავისებური, სპეციფიკური იყო. ზნეობრივ შეგნებას ერთიანად ამტკიცებდა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სანქცია. ეს არის ადათობრივი სამართლის საფეხური» . გ.ბანძელაძის ეს მოსაზრება ემყარება მის საინტერესო მსჯელობას, რომ «საზოგადოებრივი ცხოვრების გარიჟრაჟზე ადამიანები შრომის პრიმიტიული იარაღით იყვნენ აღჭურვილნი, რის გამოც ისინი უმეტეს შემთხვევაში ძლივს შოულობდნენ იმდენ დოვლათს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ცხოვრების ასეთი მინიმალური დონე ისეთ ურთიერთობას განამტკიცებდა ადამიანებს შორის, რომ როგორმე შეენარჩუნებინათ სიცოცხლე და გადაერჩინათ ბავშვები. მაგალითად, თუ ისინი ყოვლად აუცლებლად მიიჩმევდნენ ურთიერთდახმარებას ნადირობაში და საერთოდ შრომაში, სამაგიეროდ ვერ დაეხმარებოდნენ ერთამენთს მათი წილი დოვლათის ურთიერთდათმობით. რა უნდა მისცე სხვას, როცა თვითონ არა გაქვს. მათ ზნეობრივ შეგნებაში ამ საფეხურზე ალბათ დომინირებდა ინტერესთა და უფლებათა თანასწორების, სამართლიანობის ნორმა, მოთხოვნა: არა «მიეცი!», არამედ «არ წაართვა!» პირველი ზნეობრივი ნორმა ასეთი უარყოფითი, ამკრძალავი უნდა ყოფილიყო. სამართლიანობის აუცილებლობის შეგნება წარმოშობდა მისწრაფებას სამართლიანობისადმი, იგი იქცეოდა ჩვევად, სამართლიანობის ზნეობრივ გრძნობად. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანთა მოდგმის პირველი ზნეობრივი გრძნობა, პირველი სათნოება. შესაბამისად, უსამართლობა - პირველი მანკიერება და ბოროტება».
«არ წაართვა» იყო ზნეობრივი ნორმა და არა სამართლებრივი. რადგან მისი შესრულება მთლიანად დამოკიდებული იყო პიროვნების კეთილ ნებასთან. თუ რომელიმე ადამიანი ამ ნორმას არ დაიცავდა, მას ამის გამო არავინ დასჯიდა. (რა თქმა უნდა მხედველობაში არაა ვინმეს გამოქომაგება, რომელიც სამართლის ნორმას არ წაროადგენს, არამედ ისევ ზნეობის სფეროა). სხვისთვის რაიმეს წართმევის გამო,წამრთმევი, მოძალადე დამნაშავედ რომ ეცნოთ და დაესაჯათ, ერთობას ერთობლივად უნდა დაედგინა, დაეწესებინა, რაც თანდათანობით, ხშირი გამეორების შედეგად ჩვეულების სახით გაფორმდებოდა კიდევაც. სწორედ ჩვეულების საშუალებით უნდა მომხდარიყო რომელიმე მოქმედების დანაშაულად კვალიფიცირება და ამ მოქმედებისათვის დასჯის კონკრეტული სახის ნორმის მისადაგება.
ფილოსოფოსი ვ.ქვაჩახია მორალისა და სამართლის ურთიერმიმართების რამდენიმე მომენტს გამოყოფს და პირველსაწყისად მიიჩნევს ისეთ ვითარებას, როცა «ადამიანთა ურთიერთობისა და ქცევის რეგულატორად მორალური ნორმების მოქმედება საკმრისი იყო» ხოლო შემდეგ აუცილებელი გახდა «გადასვლა საზოგადოების ისეთ მდგომარეობაზე, როცა ამ ნორმათა მოქმედება არაა საკმარისი და სხვა ხასიათის – სამართლებრივი ნორმები ჩნდება. სხვა სიტყვებით: პირველ მომენტს მორალსა და სამართლის დამო-კიდებულებაში წარმოადგენს მორალური ნორმების არსებობიდან სამართლებრივ-მორალურ ნორმებიან საზოგადოებაზე გადასვლის კანონზომიერება და ამ ორი კომპონენტის შესაბამისი ნიშნები და კანონზიმიერებანი.». ეთიკური (მორალური) ნორმებიდან გამოყოფილი სამართლებრივი ნორმა თავდაპირველად ჩვეულებით ფუნქციონირებადი ნორმები უნდა ყოფილიყო, რასაც «ჩვეულებითი» ანუ «ადათობრივი სამართალი ეწოდება»*
საბჭოთა პერიოდში რუსულ ენაზე გამოცემულ ერთ-ერთ საცნობარო ლიტერატურაში ცნება «ჩვეულებითი სამართალი» შემდეგნაირადაა განმარტებული: «ჩვეულება, განმტკიცებული სახელმწიფოს მიერ სამართლებრივ ნორმად. ჩვეულებითი სამართალი წარმოიქმნება კლასობრივ საზოგადოებასა და სახელმწიფოს წარმოქმნისას. პირველყოფილი თემური წყობილების დროს გვარის წევრთა ქცევას არეგულირებს გვაროვნული თვითმმართველობის ორგანო (უხუცესები, უხუცესთა საბჭო) და ჩვეულებები». ეს იყო საბჭოთა პერიოდის ოფიციალური დებულება, რომელსაც დოგმის ხასიათი ჰქონდა და ამიტომაც ნებით და უნებლიედ მას იმეორებდა ყველა მკვლევარი. სწორედ ამიტომ ეს თვალსაზრისი მათ პირად შეხედულებად არ შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მივმართავ ქართული სამართლის ისტორიის ცნობილ მკვლევარის ივ.სურგულაძის შრომებს. მისი სიტყით «ადათობრივი სამართლი ნორმათა ის კრებულია, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული არ არის, მაგრამ გამოშვებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადათების საფუძველზე და სამართლებრივია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო მათ სავალდებულო ძალას აძლებს». ცოტა ქვემოთ კი იგივე აზრი იმავე ნაშრომში შემდეგნაირადაა გადმოცემული: «პირველყოფილი თემური წყობილების დროს საზოგადოებრივი ყოფა-ქცევის ერთადერთი წესი ჩვეულება იყო. ჩვეულებითი სამართალი კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნასთან ერთად წარმოიშობა». აქ ერთმანეთნაა დაპირისპირებული «ჩვეულება» და «ჩვეულებითი სამართალი» და მათ შორის სხვაობა ყოფილა ის, რომ პირველი მოქმედებს პირველყოფილი საზოგადოების ხანაში და მეორე, სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ. ივ.სურგულაძის მიხედვით «ადათი» (იგივე ჩვეულება-დ.ს.) არის საზოგადოებაში მტკიცედ დამყარებული წესი, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ყოფაქცევას საზოგადოებრივი ცხვრების ამა თუ იმ დარგში; ადათის უკან სახელმწიფოს იძულება არ დგას, მაგრამ მისი შესრულება უზრუნველყოფილია მრავალი ხნის განმავლობაში ამ ადათის განუხრელად და მუდმუვად გატარებით».
ამდენად, «ადამიანთა ყოფა-ქცევას საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ დარგში» ადათი (ჩვეულება) აგვარებს, მაგრამ მას ადათობრივი (ჩვეულებით) სამართალი არ ეწოდება. ეს თვალსაზრისი დამყარებულია შემდეგ მარქსისტულ დებულებაზე, რომელიც უფრო ადრე გამოცემულ ნაშრომში აქვს გამოთქმული ივ.სურგულაძეს: «სამართალი სახელმწიფოს იძულებითი აპარატის გარეშე არ არსებობს».
აქედან გამომდინარე, რადგან სამართალი სახელმწიფოს იძულებითი აპარატის გარეშე არ არსებობს, მაშინ მართლაც სახელმწიფოს გაჩენამდე სამართლის არსებობაც წარმოუდგენელია. * აქედან კი ლოგიკურად გამოდის, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე არსებულ სოციალურ ნორმებს არ შეიძლება ვუწოდოთ სამართლებრივი ნორმა და შესაბამისად მათ ერთობლიობას ჩვეულებითი სამართალი, მაგრამ საკითხავია, თუ სახელმწიფოს წარმოშობამდე და მისი წარმოშობის შემდეგაც მოქმედებს ერთი და იგივე სახის ნორმა, ამით მისი ხასიათი იცვლება? მეორეც, როცა ვაჟა-ფშაველა აღნიშნავს რომ «კეჭნაობის» (ე.ი. ხმლით ორთაბრძოლის, დ.ს.) შემთხვევებს ხევსურები ოფიციალურ სამსჯავროს ყურად როდი აგდებენ, თავიანთი «რჯულით,» ჩვეულებით ხელმძღვანელობენ, მათ კმაყოფილდებიან»-ო. ამ «რჯულს» როდის გაუკეთა რუსეთის ცარიზმმა ოფიციალური სანქცირება? ასეთ შემთხვევაში იგი არ უნდა ჩაითვალოს ჩვეულებით სამართლის სფეროდ? მგონი კითხვა რიტორიკული უფროა, მაგრამ მაინც საინტერესოა ანტიკური ეპოქის გახსენება, როცა არისტოტელე თვლიდა, რომ «ჩვეულებითი სამართალი» არისო «დაუწერელი კანონი», «რომელსაც აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოსაგან მისი აღიარების გარეშე.>>
ივანე ჯავახიშვილი, რომელიც მარქსიზმზე დაფუძნებული სახელმძღვანელოდ მიჩნეული დოგმებისაგან თავისუფალი იყო, სამართლიანად აღნიშნავდა, რომ «უძველეს ხანაში სამართალი დამყარებული იყო ზნე-ჩვეულებაზე». ეს აზრი უფრო ადრე გამოთქმულ მსჯელობაზეა დამყარებული, რომელიც ზემოთ უკვე იყო მოყვანილი, მაგრამ საჭიროა აქაც გავიმეორო: «სამართალი ან ერის საზოგადოებრივი ცხოვრებით შემქნილი ჩვეულება ან წესია, ან სახელმწიფოს მთავრობისა და კანონმდებელი კრების გაჩენილია ხოლმე. უძველეს ხანაში რასაკვირველია სამართალი და ერის ზნე-ჩვეულება ერთი და იგივე იყო, შემდეგ როცა კაცობრიობა განვითარდა და წარმატებული მოქალაქეობრივი ცხოვრება შეიქმნა, მაშინ სამართალი ზნე-ჩვეულებას დაშორდა, დაწინაურდა და კანონდებულ სამართლად გადაიქცა».
ყოველივე ზემონათქვამის შემდეგ შეიძლება შევაჯამოთ, რომ ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე თანდათანობით დაიწყო სოციალური ნორმების ჩამოყალიბებაც, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიური ურთიერთობით იყო გამოწვეული და შესაძლებლობას აძლევდა მათ თავიანთი ყოფა უფრო მოეწესრიგებინათ. ეს თავდაპირველი სოციალური ნორმა მხოლოდ ზნეობრივი შეიძლება ყოფილიყო - ადამიანს საკუთარი ნებით უნდა ეთქვა უარი რომელიმე ქმედებაზე, რომ მასზე სუსტი არ დაეჩაგრა და არა საზოგადოების მხრიდან დასჯის შიშის გამო, რადგან ასეთი ფუნქცია საზოგადოებას თავდაპირველად არ უნდა ჰქონოდა. ხოლო შემდეგ, როცა უკვე ადამიანთა პირველყოფილი ჯოგი საზოგადოებად იქცა და სუსტის (ბავშვის, ქალის, მოხუცის) დაცვა მთელმა საზოგადოებამ აიღო თავის ხელში, გაჩნდა მოძალადის პასუხის გებინების ანუ მისი დასჯის ფუნქცია და ფორმები. სწორედ ამ დროიდან გამოეყო ზნეობნრივ ნორმებს სამართლებრივი ნორმები ანუ მოქმედი ჩვეულება გაიყო ორად - ზნეობრივ (ეტიკეტი) და სამართლებრივ (ჩვეულებითი სამართალი) ნორმებად. ჩვეულებითი სამართლის გაჩენა უნდა ვიანგარიშოთ იმ მომენტიდან, როცა საზოგადებაში გაჩნდა მოთხოვნილება და დაიწყო კიდევაც გარკვეული ქმედების კვალიფიცირება, როგორც დანაშაულისა და შესაბამისად მისთვის სათანადო სასჯელის ანუ აღმკვეთი ღონისძიების მისადაგებისა. ახლა უკვე საზოგადოებაში მოქმედებს ნორმები, ერთი, რომელიც კვლავინდებურად ზნეობრივი ხასიათისაა და მათი დარღვევა საზოგადოების მხრიდან არ ითვალისწინებს მათ აღკვეთას რაიმე სანქციით, და, მეორე, რომელიც სწორედ ასეთ ღონისძიებას გულისხმობს. ამდენად, მთელი ეს ნორმები დასჯადი და არადასჯადი ფორმებით გაემიჯნება ერთმანეთს. საზოგადოებაში ამ ნორმათა გაჩენისა და დამკვიდრების ხანა შეიძლება, ძველი ქართული ტერმინოლოგიით თუ ვიტყვი, «ბუნებითი სჯულის» ფუნქციონირების ეპოქად მივიჩნიოთ.* როგორც რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერაში იკითხება «მოგუეცნეს პირველად ბუნებითი და მერმე დაწერილი სჯული» . ამის თაობაზე ივ.ჯავახიშვილი წერდა: «(...) მაშინდელი მოძღვრების მიხედვით შემოქმედმა პირველ ადამიანსა და საერთოდ მთელ ადამიანთა მოდგმას მათი ყოფაცხოვრებისა და მოქმედების «სჯული» დაუწესა. ეს სჯული თვით ადამიანთა ბუნებასაც ჰქონდა თანდაყოლილი და მცნებითაც შთაგონებულ იქმნა. ამიტომ ეს «ბუნებითი სჯული» იყო (...) შემდეგ (...) გაჩნდა «დაწერილი სჯული», რომელიც კანონებისა და სამართლის წიგნების, წერილობით აღბეჭდილი წესებისა და განგებათა დადებით იქმნა შემოღებული. ამნაირად, ბუნებითი სჯულისა და შჯულდების გვერდით გაჩნდა კანონმდებლობაც, «სჯული წიგნისაჲ”, რომელიც შეიძლება წესების სახითაც ყოფილიყო ჩამონაკვთული» . ამდენად, სახელმწიფოსა და დამწერლობის გაჩენის შემდეგ დგება წერილობით გაფორმებული საკანონმდებლო კრებული, რომელსაც «დაწერილი სჯული» ეწოდება, მაგრამ იგი მთლიანად ვერ იჭერს და ვერ მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების სფეროს. ამიტომ ამიერიდან გვერდიგვერდ ფუნქციონირებს როგორც «ბუნებითი», ისე «დაწერილი» სჯული. მაგრამ ეს უკანასკნელი სულაც არაა ერთგვაროვანი, არამედ იგი განიყოფება ორ დიდ სფეროდ: ერთია სასულიერო და მეორე - საერო კანონმდებლობა. ამის შესახებ ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ძველ საქართველოში «ეკლესია სახელმწიფო ყოფა-ცხოვრების ძლიერ ფაქტორად ითვლებოდა და ერის მთელ აზროვნებაზე დიდი გავლენა ჰქონდა» ამიტომაც სამართლებრივი თვალსაზრისით «სახელმწიფოს ყოფა-ცხოვრებაში ორი მთავარი უწყება მოქმედებდა, ერთის მხრივ თვით სახელმწიფოს ხელისუფლება, მეორეს მხრივ ეკლესია».
მაშასადამე, საზოგადოების ცხოვრებას საქართველოში მთელ ისტორიულ პერიოდში ბოლო საუკუნემდე არეგულირებდა «ბუნებითი სჯული» (ეტიკეტი და ჩვეულებითი სამართალი) და «დაწერილი სჯული» (საერო და საეკლესიო კანონმდებლობა). სხვაა მათი მოქმდების ასპარეზის თანაფარდობის საკითხი, რომელიც ყოველ მოცემულ სტადიაზე მოცემული საზოგადოების განვითარების კვალობაზე განსხვავებულია. პირველად საზოგადოებაში, როგორც ე.ტეილორი მიუთითებდა, «საზოგადოებრივი აზრის დაწოლა აიძულებს ადამიანებს იმოქმედონ ჩვეულების თანახმად, რომელიც აძლევს იმ წესებს, რომლის მიხედვითაც რა შეიძლება და რა არა, გააკეთონ არჩევანი ცხოვრების უმრავლეს შემთხვევებში. ველური ქვეყნის მკვლევარები ხშირად ძალზე გაბედულად ასკვნიდნენ, რომ ველურები ცხოვრობენ შევიწროვების გარეშე, თითოეული საკუთარ ნებაზე მიყოლით. სინამდვილეში კი ცხოვრების ყოველი ნაბიჯი ჩვეულებათა ჯაჭვითაა შებოჭილი» . ხოლო როცა საზოგადოება ვითარდება და მისი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ინსტიტუტები წინაურდება, სიტუაციაც იცვლება და ჩვეულებითი სამართლის სამოქმედო არე იზღუდება. ასევე ითქმის საერო და საეკლესიო კანონმდებლობის შესახებაც. რ.არსენიძის აზრით თვადპირველად «ეკლესია თავისთვის იჩემებდა ყოველი «შეცოდებითი» მოქმედების გასამართლების უფლებას არა მარტო საოჯახო და სქესობრივ ურთიერთობის საკითხებში, არამედ ყველა სისხლის დანაშაულს - მკვლელობიდან დაწყებული ქურდობამდე - როგორც ათი მცნების დამარღვეველი მოქმედების გარჩევას თავისი კომპენტენციად თვლიდა. ეკლესიას კიდეც მოეპოვებოდა კანონმდებლობა ყველა ამ საკითხზე. ეკლესია სულის განწმენდისა და მონანიების ზომებთან ერთად სისხლის სამართლის სასჯელსაც ადებდა დამნაშავეს, როგორც ნივთიერი დაჯარიმებით, ისე ფიზიკური ტანჯვით, დასახიჩრებით და სხვა. საერო ხელისუფლებას კი მხოლოდ ასრულება უნდა ეკისრა საეკლესიო სამართლისაგან გამოტანილი განჩინების. მაგრამ სახელმწიფოსათვის სამართალი ხომ ერთი ძირითადი დარგია მმართველობისა, მოქალაქეთა გასამართლების უფლება ხომ ერთი ძირითადი პრეროგატივაა სახელმწიფო ხელისუფლების, ერთ-ერთი არსებითი სახეობაა სუვერენობისა. ამიტომ ბრძოლა საეკლესიო და საერო სამართლისა თავთავისი სამოქმედო სფეროების და კომპეტენციების განსაზღვრისათვის, არის იმავე დროს საერო და საეკლესიო ხელისუფლების ბრძოლა საზოგადებრივ ცხოვრებაში პირველობისა, ან სრული გაბატონებისათვის და უკიდურეს შემთხვევაში სამოქმედო სფეროთა გამიჯვნისათვის თავის სასარგებლოდ».
ემიგრანტი მკვლევარის, რ.არსენიძის ეს დასკვნა ზედმიწევნით ასახავს მედიევისტური საქართველოს ცხოვრებას, ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ვითარებას, როცა ეკლესია სახელმწიფოსაგან კონსტიტუციურადაა გამოყოფილი, საეკლესიო სამართლის მოქმედების არეც შეზღუდულია და იგი მხოლოდ მორწმუნე მრევლის სულიერი ცხოვრებაზე ზეგავლენით ამოიწურება.
*
»ჩვევა» და «ჩვეულება» ქსე-ში, როგორც ადამიანის ქცევასთან დაკავშირებული მოვლენები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა წარმოდგენილი: «ჩვევა - ვარჯიშის შედეგად გამომუშავებული მეტ-ნაკლებდ ავტომატიზირებული მოქმედებაა, რომლის შემადგენელი მოძრაობები ცნობიერების მონაწილეობის გარეშე სრულდება». «ჩვეულება - ჩვევის ისეთი სახე, რომლის შესრულება სუბიექტის მოთხოვნილებად გადაიქცა. ასეთ ჩვეულებაში ავტომატიზებულია არა მხოლოდ მისი შესრულების მოთხოვნილებებიც, რომლებიც ამოძრავებს
ჩვევას სათანადო გადაწყვეტილების გარეშეც. ჩვევა შეიძლება აღმოცენდეს ადამიანის მოღვაწეობის ყველა დარგში (საზოგადოებროვ მოღვაწეობაში, შრომაში, სწავლაში, სპორტში, თამაშში)».
* ეს უნივერსალური მოვლენაა და იგი დამახასიათებელია ყველა ხალხისათვის. ეს ზოგადი წესია და მის შესახებ ფილოსოფოსებსაც ანალოგიური აზრი აქვთ. ასე მაგ. ვ.ქვაჩახია აღნიშნავს: «წეს-ჩვეულება გვაქვს მაშინ, როდესაც მოცემულია ქცევის წესი ნორმა, რომელთანაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აკავშირებს მორალურ შეფასებებს. ამ წესის დარღვევა უარყოფით სანქციას იწვევს. ამ წესის დამრღვევი არ ფასდება დადებითად, გაიკიცხება მოცემული ჯგუფის მიერ. მის მიმართ ეს სანქცია შეიძლება გამოიხატოს დაცინვით, გაკილვით ან უფრო მკაცრი ზომით. თუმცა კი იურიდიული სანქცია აქ არ მოქმედებს. რადგანაც ასეთი წეს-ჩვეულება, ტრადიციად ქცეული, მოცემული ჯგუფის ზეგავლენას გულისხმობს. ამიტომ აქ სახეზეა როგორც საკუთარი სურვილით მოქმედება - ამა
თუ იმ წესის განხორციელება ისე გარკვეული იძულება, არ შეიძლება ასე არ მოიქცე! თუ ასე არ მოიქცევი მაშინ რაღაცას კარგავ იმ ადამიანთა თვალში ვისთანაც ერთად გიხდება ყოფნა, ცხოვრება.»
* ჩვეულება, რომელიც ჩვევათა განმეორებით არსებული, შექმნილი მოვლენაა ტერმინ. «ტრადიციის» ქართული შესატყვისია. ეს უკანასკნელი ხომ ლათინური traditio-დან მოდის, რაც გადაცემას ნიშნავს. «ტრადიცია ზოგადი გაგებით ერთგვაროვან ჯგუფურ ჩვევას, მოვლენას აღიშნვს, რომელიც წარმოქმნის შედეგად გადაიცემა დროში და განაგრძობს არსებობას.»
ხოლო «ცერემონიალი კი ამავე ენციკლოპედიის მიხედვით არის(распорядок проведениа церемонии). ასეთი გრადაცია ტერმინს «ეტიკეტი» არ გააჩნია და იგი თავის თავში გულისხმობს როგორც «ცერემონიას» ისე «ცერემონიალსაც».
*
ასე მაგ. დ.ბელიევი თავის შრომებში ხმარობს შემდეგ ტერმინებს: «ცერემონია«, «ცერემონიალი» «ეტიკეტი», «წეს-ჩვეულება» (обряд) ამასთან «ეტიკეტი» კანტი-კუნტ თუ გაიელვებს სადმე, ძირითადად კი სულ ტერმინი ”обряд”
ბატონობს.ასეთივე სურათია ნ.სკაბალანოვიჩთანაც.
*
ეს ფაქტი თავის დროზე შეუნიშნავს ს.ჯანაშიას, რომელიც განიხილავს რა ვახუშტის ზემოთმოყვანილ ცნობას, ასკვნის: «ცნობილია, რომ ჩვენს ხალხში დღესაც სიტყვა «რჯული» უპირატესად იხმარება იმ ცნების აღსანიშნავად,
რომლისთვისაც ჩვენ ვხმარობთ სიტყვას - «ეროვნება». თუ არ ვცდები ხალხისათვის სიტყვა-ეროვნება უცნობიც უნდა იყოს - (მე ვგულისხმობ ისეთ ხალხს, რომელსაც მწიგნობრული ზეგავლენა არ განუცდია). აი, აქაც ვახუშ-
ტის ამ სიტყვას უთუოდ ასეთი მნიშვნელობა აქვს. იგი სარწმუნოებრივ-კონფესიონალური მომენტია და ეს ბუნებრივიცაა, რომ ისინი ერთი მეორეს გენეტურად დაკავშირებული არიან. თავდაპირველად ეს კულტურული
ერთობა და მისი ზრდის მომენტი, უწინარეს ყოვლისა, სარწმუნოებრივ-კონფესიონალურ ნიადაგს უნდა შეადგენდეს»
* ვაჟა-ფშაველა წერს: «კეჭნაობის (ხმლით ორთაბრძოლის, დ.ს.) შემთხვევებს ხევსურები ოფიციალურ სამსჯავროს ყურად როდი აგდებენ, თავიანთი «რჯულით» ჩვეულებით ხელმძღვანელობენ, მით კმაყოფილდებიან».
* ნორმა - (ლათ. norma-სახელმძღვანელო, საწყისი, წესი, ნიმუში) 1. წესით ან გეგმით დაშვებული რისამე მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობა (...) 2. რომელიმე სოციალურ გარემოში სათანადოდ მიღებული წესი, შეხედულება (...). 3. წესი, კანონი, (...).** ზნეობრიობის ჩამოყალიბების დროსა და ხასიათზე აზრთა ერთიანობა არ არსებობს. ერთნი მის გენეტიკურ ძირებს ჯერ კიდევ პირველყოფილ ჯოგის არსებობის პროცესში ხედავენ, მეორენი გვაროვნული თემის პირობებში ჩამოყალიბებულად თვლიან, მესამენი მხოლოდ კლასობრივი ურთიერთობის გაჩენის დღიდან ვარაუდობენ.
*
ცნებები «ჩვეულება» და «ადათი» (შესაბამისად «ჩვეულებთი სამართალი და «ადათობრივი სამართალი») სინონიმებია. ცნება «ადათი» არაბულია და იგი «ქართულ მეტყველებასა და ლიტერატურაში «წესის» და «ჩვეულების» სინონიმად შემოვიდა. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მას კანონმდებლობაშიც ხმარობდნენ. ამჟამად «ადათისა» და «სამართლის» ნაცვლად მკვიდრდება ტერმინები «ჩვეულება» და «ჩვეულებითი სამართალი»
*
სამართალი პროფ. გ.ინწკირველის მიერ შემდეგნაირადაა განმარტებული: «საზოგადოების ეკონომიკური წეს-წყობილებით განსაზღვრული გაბატონებული კლასის ნების გამომხატველი და სახელმწიფო ხელისუფლების
მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ერთობლიობა ადამიანთა ქცევის წესებსა (ნორმებსა) რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით (...) იგი თავისი წარმოშობის მიზეზებით,
შინაარსით, დანიშნულებითა და ისტ. ბედით განუყოფლათაა დაკავშირებული სახელმწიფოსთან. სახემწიფო ხელისუფლების მიერ სამართლის ნორმის დადგენა იმას გულისხმობს, რომ ეს ქცევის წესი ადრე არ მოქმედებდა,
საზოგადოებისათვის არ იყო ცნობილი და იგი სახელმწიფომ შეიმუშავა და ჩამოაყალიბა. სანქციონირება კი გულისხმობს, რომ სახელმწიფო სავალდებულო ძალას ანიჭებს ქცევის წესს, რომელიც მანამდე იყო ცნობილი და
მოქმედებდა ზნეობრივი ნორმის ან ჩვეულების სახით. «ჩვეულებითი სამართალი» კი ი.ფუტკარიძის განსაზღვრებით არის სახელმწიფო ხელისუფლებისაგან დადასტურებული ჩვეულებათა ერთობლიობა».
ყოველივე ეს საბჭოთა იდეოლოგიური დოგმატის ამსახველია. ხოლო ადრე გამოცემულ საცნობარო ლიტერატურაში და კერძოდ ცნობილ ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ სამართალია ყველაფერი ის, რასაც «თავის ამოცანად აქვს საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანთა ურთიერთობის რეგულირება, ქცევის წესების დადგენის გზით, რომელიც განმტკიცებული იქნება სახელმწიფოს ან საზოგადიებრივი ხელისუფლების იძულებითი ზემოქმედებით.» იქვე ისიცაა ნათქვამი რომ «სამართალი წარმოიქმნება თითოეული საზოგადოების წარმოქმნის დროსვე». ამავე ლექსიკონში «ჩვეულებითი სამართალი» შემდეგნაირადაა ახსნილი: «ისეთი წესების ერთობლიობა, რომლის შესრულება აუცილებელია
კანონის თანაბრად და რომელიც ექვემდებარება მისი დარღვევის შემთხვევაში, ისეთ რეაგირებას საზოგადოებრივი ხელისუფლების მხრიდან, როგორც კანონის დარღვევისას».
* ბუნებითი სჯული რომ მართლაც თავდაპირველად ზნეობრივ მაქსიმებს გულისხმობდა, ჩანს იოანე ბატონიშვილის შემდეგი წინადადებიდან: ტყვეთა სყიდვის ჩვეულება წინააღმდეგია «პირველად ბუნებითის
ჰსჯულის, რომ რაც ჩვენთვის არ გვინდოდეს, იგი არც სხვას უყოთ» . იგივე ავტორი სხვაგან ამბობს: «...ჰჯული ბუნებითი არ სხუა რაჲმე არს, გარდა გონებისა და სვინდისისა კიდე»
დავით სართანია
გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002

Комментариев нет:
Отправить комментарий