ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 июля 2017 г.

„როგორ აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანულად..“ (III)

თავი III
„ქრისტიანული აღზრდა ოჯახში“


 დიდი ხანია ცნობილია, რომ ბავშვების ქრისტიანული აღზრდა უპირველესად ოჯახის საქმეა. სამრევლო სკოლები და ღვთისმსახურებაზე დასწრება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ცოდნას იძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ოჯახის დახმარებით ხორციელდება. როცა ოჯახი ბავშვს საეკლესიო სკოლაში გზავნის ან ტაძარში მიჰყავს, ამით მხოლოდ სრულყოფს იმას, რასაც საფუძველი სახლში ეყრება განუწყვეტლივ, დღითი დღე…

ოჯახი „მცირე ეკლესიად“ არის მიჩნეული და მშობლების ამოცანაა იყვნენ „მღვდელმსახურები“ ამა სოფელში. ჩვენი ქრისტიანული რწმენა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ხორციელდებოდეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლინდეს. სამრევლო სკოლაში ბავშვები კვირაში ერთ საათს ატარებენ, საეკლესიო მსახურებაზე – რამდენიმე საათს, ოჯახის წიაღში კი მუდმივად ვართ, დღიდან დღემდე. ოჯახი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეზე, იქნება ეს პირადი ურთიერთობანი, საჭმლის მომზადება, ტრაპეზი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა. ოჯახში მიმდინარეობს ბავშვის მთელი ცხოვრება.

ჩემს ძალას აღემატება ეკლესიას ოჯახის ხელმძღვანელობისა და დახმარების გეგმა დავუსახო. ამ წიგნში მხოლოდ ვეცადე გამეაზრებინა, თუ რას გულისხმობს ოჯახში ქრისტიანის აღზრდა, რა პრობლემები და ამოცანებია ამასთან დაკავშირდებული.

„სიყვარული და ოჯახი“

ოჯახის განმასხვავებელი ნიშანი სიყვარულია, რომელიც მას საფუძვლად უდევს; ოჯახი თვალსაჩინო განხორციელებაა რამდენიმე ადამიანის სიყვარულისა ერთმანეთის მიმართ. ოჯახს იურიდიული რეგისტრაცია არ ქმნის. ოჯახისათვის მნიშვნელობა არა აქვს გემოვნების, ასაკის, პროფესიის მსგავსებას. ოჯახი ეფუძნება ქმრისა და ცოლის ურთიერთსიყვარულს, და სიყვარულს მშობლებსა და შვილებს შორის. ოჯახური სიყვარული სიყვარულის სხვა გამოვლინებებისაგან გასხვავდება. ის ეგზისცენტრულია იმ გაგებით, რომ რომანტიკული სიყვარულისა თუ იდეალის თაყვანისცემისაგან განსხვავებით, რაც ყოველთვის აღმატებულ სიტყვებსა და განმარტებებს მოითხოვს, სიტყვებს არ საჭიროებს. უფრო მეტიც, ეს სიყვარული აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი, რადგან ყველა ეკუთვნის ამა თუ იმ სახის ოჯახს.

ოჯახისა და ოჯახური სიყვარულის ქრისტიანული გაგება არცთუ სავსებით ჩვეულებრივია. ის ჰგავს ღვთის შესახებ ტრინიტარულ სწავლებას: ადამიანს თავისთავად არსებობა არ შეუძლია, ბოლომდე ადამიანად ის იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სხვა ადამიანები უყვარს. გამონაკლისიც არსებობს – ადამიანებს შესაძლოა ერთმანეთი არ უყვარდეთ, მშობლებს შეიძლება არ უყვარდეთ შვილები, მაგრამ უსიყვარულობა ყოველთვის ოჯახის ჭეშმარიტი ბუნების გაუკუღმართებაა.

„ქმარი და ცოლი“

ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობა საკმაოდ განსხვავდება რომანტიკულ შეყვარებულთა ურთიერთობისაგან; ამ ურთიერთობაში ორივემ უნდა უარყოს საკუთარი „მე“ და ახალი ერთობის ნაწილად იქცეს. ორივე მოწოდებულია გახდეს ბედნიერი იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს ორივე მათგანი. თუ ერთ-ერთი უბედურია, მაშინ უბედური იქნება ორივე. ამიერიდან შეუძლებელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ერთის გასაჭირი საერთო გასაჭირად იქცევა, რასაც არ უნდა აკეთებდეს ერთი, ყველაფერი შეეხება მეორესაც. ქორწინებაში ორი, პირდაპირი გაგებით, ხდება ერთი.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული მხოლოდ სიმპათიას არ ნიშნავს. ყოველთვის არსებობს ხასიათის რაღაც მხარეები, რაც ცოლ-ქმარს ერთმანეთში არ მოსწონს, მაგალითად, ქედმაღლობა, სიზარმაცე, მრავლისმეტყველება, უდარდელობა, ქორწინებამდე შეძენილი ჩვევები და გემოვნება. მანერულობა და ა.შ. ხანდახან ცოლი და ქმარი ერთმანეთს ნერვებს უშლიან, როგორაა შესაძლებელი სიყვარული სხვისი ნაკლისადმი ანტიპათიას შევუთავსოთ? ოჯახური ცხოვრება მუდმივად ერთმანეთთან „მორგებას“ გულისხმობს, შეიძლება ითქვას – „ასკეზას“. გამოცდილ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანისაგან გაცილებით მეტ ასკეტურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მონასტერში ცხოვრება. სხვა სოციალურ ჯგუფებში თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ არასასურველ, გამაღიზიანებელ ადამიანებთან შეხვედრას, შეიძლება საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და გარკვეული დროით გაუძლოთ სხვის ნაკლს, სახლში კი ვერსად დაიმალები, როგორიც არ უნდა იყოთ თქვენ, ვალდებული ხართ ოჯახის სხვა წევრებს შეეწყოთ, მიუხედავად იმისა, როგორები არიან ისინი. ქრისტიანული ოჯახი („მცირე ეკლესია“) იმ შემთხვევაში ჩნდება, როცა „თანაგაძლება” ქსრიტიანული რწმენის, სასოებისა და სიყვარულის განხორციელებად იქცევა.

 

კორინთელთა მიმართ პირველი ეპიტოლეს მეცამეტე თავი ყოველთვის დარჩება სიყვარულის საუკეთესო სახელმძღვანელოდ: „სიყვარული სულ-გრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“. ნებისმიერ ქრისტიანულ ოჯახს მრავალი წელი ესაჭიროება იმისთვის, რომ სიყვარულის ამ იდეალს მიუახლოვდეს და ყველა პრობლემა ასე მოაგვაროს.

დარწმუნებული ვარ, სიყვარული და მრისხანება შეიძლება თანაარსებობდეს. თუ თქვენ არასოდეს არ ბრაზდებით, ესე იგი თქვენს სიყვარულს რაღაც აკლია. ქმარსა და ცოლს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი სიყვარულის ღირსად მიაჩნიათ და ამიტომაც არ შეიძლება გულგრილნი დარჩნენ იმისადმი, რაც ასეთ ურთიერთობას ეწინააღმდეგება. იესო ტაძარში მოვაჭრეებს სწორედ იმიტომ განურისხდა, რომ უყვარდა ადამიანები, ანუ სწორედ ის ვაჭრებიც. სიყვარულით გამოწვეული მრისხანება ცოლქმრული ურთიერთობის აუცილებელი ელემენტია, ქორწინება ურთიერთ თაყვანისცემის საზოგადოება როდია. მეტსაც ვიტყვი: ცუდს ვერაფერს ვხედავ იმის შიშში, ქმარი ან ცოლი რომ არ განარისხო. გარკვეული აზრით, ცოლ-ქმარი ერთმანეთის სინდისი ხდება. მათი მრისხანება – არა გაბოროტებული ან გაღიზიანებული – სწრაფად ქრება, და დგება შერიგების, პატიების ჟამი, იღვიძებს თანაგრძნობა.

„სიყვარული შვილებისადმი“

ოჯახი იზრდება, მას უჩნდება ახალი განზომილება და პერსპექტივები, ქპრწინებაში ადამიანები მარტოობას განეშორებიან და ერთმანეთის ნაწილი ხდებიან. ბავშვების გაჩენის შემდეგ, მშობლები სულ უფრო მეტად უძღვნიან მათ თავს, ასე რომ, ხანდახან ოჯახური საზრუნავისა და მოვალეობების ორომტრიალში საკუთარი თავის დაკარგვის განცდაც კი ეუფლებათ. ოჯახის ყოველი წევრი მოწოდებულია მოიძიოს საკუთარი თავი, სიყვარულის მატარებელი ადამიანი სულიერად უფრო ძლიერ და მდიდარ პიროვნებად უნდა იქცეს. „.. უკუეთუ არა მარცუალი იფქლისა დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოღოს“ (იოანე. 12,24[1]). ოჯახური ცხოვრების ეს ჭეშმარიტი ასკეზა – რთულია და მტანჯველი. თითოეული მშობლის „მე“ იზღუდება, ოჯახის სხვა წევრთა საჭიროებებით ითრგუნება. ქრისტიანები და არაქრისტიანები ერთნაირად გაივლიან ამ განსახდელს: უძილო ღამეები, ფიზიკური დაღლილობა, მღელვარება – ყოველივე ამას ვერ აირიდებ. მამამ შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს იმის გამო, რომ ცოლი მეტ ყურადღებას უთმობს დედობრივ მოვალეობებს. საკუთარი „მე”-ს შეზღუდვა შესაძლოა მტკივნეულად იქნას განცდილი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ თუნდაც ნაწილობრივ ჰიპერტროფირებულ „მე“-ს მიერ ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლი ადამიანის განახლებისა და გაკეთილშობილების საწყისად შეიძლება იქცეს. საკუთარი „მე“-ს მსხვერპლად გაღების სურვილთან ერთად ვითარდება არანაკლებ ძლიერი სურვილი შეიცნო სხვათა „მე“, გაიგო მათი მოთხოვნები, ცხოვრებისეული წარმოდგენები, უნარი.

 

იმისათვის, რომ უფრო ღრმად გაიაზრონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა, მშობლებს სჭირდებათ სულიერი ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი შთაგონება. ამ ურთიერთობათა საფუძველში სიყვარულია, აღსავსე პასუხისმგებლობით, რაც მოიცავს ავტორიტეტსა და პატივისცემას, ასევე მისწრაფებას ჩასწვდე ბავშვის პიროვნებას. ქრისტიანული თვალთახედვით, მშობლის სიყვარული ემოციურ სისავსეს ფლობს, მნიშვნელოვანია, ეგოისტურად არ გადაიქცეს. იდეალში ის აბსოლუტურად უანგაროა და ამის მაგალითია – ღვთისმშობლის სიყვარული იესო ქრისტესადმი. მშობლებს საკუთარი სიყვარული ისე არ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი, როგორც რაღაც საჩუქარი ბავშვისადმი, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერი უნდა იყოს მათი, როგორც ქველმოქმედების.. როცა ვისმენ მშობელთა საყვედურს შვილების უმადურობის გამო, მათ სიყვარულში ეჭვი მიჩნდება. დედის სიყვარული შვილისადმი აღავსებს მის ცხოვრებას, ამდიდრებს მას. ესაა სიყვარული რაღაც უფრო დიდის მიმართ, ვიდრე თვითონაა, იმის მიმართ, ვინც მას უკვე აღარ ეკუთვნის. ბავშვი იზრდება და მშობლებისაგან მიდის. მშობლის სიყვარულის მსხვერპლისმიერი, ქრისტიანული საზრისი ამ ფაქტის აღიარებასა და ბავშვის დამოუკიდებლობის უფლების სიხარულით მიღებაში მდგომარეობს. აბრაამისა და ისააკის სახებანი დღესაც სამაგალითოა იმ მშობლებისათვის, რომელნიც ესწრაფვიან საკუთარი შვილის სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნან; ეს გულისხმობს სურვილს, შვილი უფრო მეტად ღმერთს დაუმორჩილო, ვიდრე საკუთარ თავს. მე მგონი, ეს მშვენივრადაა გამოსახული ღვთისმშობლის იმ ხატებზე, სადაც ღვთისმშობელს ყრმა მუხლებში გამართული უზის, ხელი შემოხვეული აქვს, მაგრამ გულში არ იკრავს.

„ბავშვების სიყვარული მშობლებისა და ნათესავებისადმი“

ბავშვების სიყვარული მშობლების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლება, სირთულე ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაუცხოება ღრმავდება. მშობლებს სჭირდებათ და სიამოვნებთ იმის შეგრძნება, რომ პატარა ბავშვი სრულიად დამოკიდებულია მათზე, ყოვლისშემძლეებად მიაჩნია ისინი. მაგრამ ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, გაივლის ზრდის ეტაპებს, დამოუკიდებელი ხდება და შეიძლება მშობლებს აუჯანყდეს კიდეც. უკეთეს შემთხვევაში კი, დროთა განმავლობაში, ყალიბდება ნორმალური მეგობრული ურთიერთობა, გამსჭვალული ურთიერთპატივისცემით, რომელსაც მოგვიანებით ცვლის თანაგანცდა, ზრდასრული შვილების სიახლოვე და მადლიერი სიყვარული მოხუცი მშობლებისადმი.

ძმებსა და დებს შორის „სიყვარულ-სიძულვილის“ ურთიერთობა გარკვეულწილად, ყველა ადამიანთან ჩვენი ურთიერთობის მოდელს წარმოადგენს. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ დებსა და ძმებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ძირითადად, ეს სწორია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია სრულიად საპირისპირო გრძნობებიც, ნათესავებს შორის რომ ვლინდება ხოლმე. ბავშვებმა, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, შეიძლება გამეტებით იჩხუბონ. ისინი ხშირად სრულიად სერიოზულად ამბობენ: „ის მძულს…“ „მე მას მოვკლავ…“ „აღარასოდეს დაველაპარაკები…“ რაღაც აზრით, ეს სავსებით ბუნებრივია, თითქმის გარდაუვალიც კი. განვითარების პროცესში მყოფი ბავშვი ხანგამოშვებით ბრაზდება, და ეს ისევე ნორმალურია, როგორც ჩვილისათვის ტირილი, როცა შია. ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არა უშავს, იყვირებს, იყვირებს და გაჩერდება!“ და ამას თავისი ერთგვარი გამართლება აქვს: მრისხანების შეკავებას იქნებ სჯობდეს იჩხუბონ თუ გამოლანძღონ ერთმანეთი, რასაც შემდეგ, შესაძლებელია, პატიებაცა და ყველაფერის დავიწყებაც მოჰყვბა.

 
ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია - ციცინათელები

მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. ჩვილის ტირილი შეიძლება შიმშილის სიმპტომი იყოს. დედა ცდილობს ბავშვი განრიგის მიხედვით კვებოს, ტირილის მიზეზი რომ არ გაუჩნდეს. თუ ჩხუბი და მრისხანება – შინაგანი მოთხოვნების სიმპტომია, მაშინ ეს მოთხოვნები აუცილებლად ამოცნობილ უნდა იქნეს და რამენაირად სხვაგვარად დაკმაყოფილებული. თუ ჩხუბი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, მაშინ მშობლები თუ აღმზრდელი მოწოდებულია პირველ რიგში მიხვდეს, რაშია საქმე, ხოლო შემდეგ დაეხმაროს ბავშვს სირთულეების თანადათანობით გადალახვაში. მრისხანება – ეს იმის დემონსტრირების საშუალებაა, რომ სხვა ადამიანთა ურთიერთობაში რაღაც არ მოგწონს. „მე მინდა, რომ ეს სათამაშო, სკამი, ფინჯანი, ეს ადამიანი ჩემი იყოს, მინდა მაქებდნენ – მან კი ყველაფერი მიითვისა!“ კონფლიქტი დაუფლების სურვილი გამო წარმოიქმნება. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს სიყვარულის მოთხოვნილება: „ იმიტომ დავარტყი, რომ მას არ უნდა ჩემთან ლაპარაკი!” კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს პრობლემის მოგვარების უუნარობა, სურვილი იყოს უფრო დიდი ან უფრო პატარა, უფრო ლამაზი ან უფრო ავტორიტეტული. ჩხუბი შეიძლება იყოს ეჭვიანობის გამოვლინება, საკუთარი პოზიციის, საკუთარი როლის გარკვევის მცდელობა, იმის გადაწყვეტა, „ვინ უფრო მთავარია“.

ეს და მსგავსი პრობლემები ურიცხვია, ისინი მთელს ჩვენს ცხოვრებას თან სდევენ. აღზრდის – განსაკუთრებით ქრისტიანულის – მიზანია, დაეხმაროს ადამიანს გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს, გამოიმუშაოს შემოქმედებითი, ქმედითი და „კეთილი“ დამოკიდებულება ამგვარი პრობლემებისადმი. ძველი პრინციპი – „ვისწავლოთ პრაქტიკის საფუძველზე“ – ძალაში რჩება. თუ ბავშვს აქვს ჩვევა პრობლემის გადაწყვეტისას სხვაზე გაბრაზდეს და ეს ჩვევა განუმტკიცდება, ინფანტილურ ადამიანად გაიზრდება, რომელიც ნებისმიერი წვრილმანის გამო წონასწორობას კარგავს.

ბავშვების ჩხუბისა და კინკლაობისადმი ჩვენ დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც სიმპტომებისადმი. ამ სიმპტომების დათრგუნვა საქმეს არ შველის, თუმცა ბავშვს თავის შეკავება, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. არ შეიძლება ბავშვებს მივცეთ ნება, ერთმანეთი დაასახიჩრონ ან გვერდით მყოფთათვის ცხოვრება აუტანლად აქციონ. სიმპტომებს მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა ავადმყოფობის გამოვლენასა და განკურნებაში გვეხმარება. ჩხუბის მრავალი ქვეცნობიერი მიზეზი – მაგალითად, დასჯის შიში ანდა შიში, რომ დავალების ვერ მოერევა – ნორმალურ, მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის განვითარებასთან ერთად ქრება, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი დავაჩქაროთ. შეიძლება მოჩხუბრები გავაშველოთ და თითოეულ მათგანს ვთხოვოთ აგვიხსნას, რა მოხდა და რატომ მოხდა, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს სიტყვა არ შეაწყვეტინონ. ჩვეულებრივ, კონფლიქტის არსის გამომხატველი სიტყვების ძიების ეს პროცესი (თუ არ შევაწყვეტინებთ და კამათს არ დავუწყებთ), დაძაბულობას ხსნის. ჩხუბი თავისით განელდება, ჩაცხრება და აღარც ფორმალური მობოდიშება ხდება აუცილებელი. უფრო მეტიც, ის, ვინც ლაპარაკობს და ისიც, ვინც ისმენს, უფრო ღრმად აცნობიერებს ჩხუბის მიზეზებს: იქნება ეს ეჭვიანობა, მარტოობა, მიტოვებულობის განცდა თუ სხვა რამ. მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაეხმარონ ბავშვს – გაიგოს თავისი ადგილი ოჯახსა და ცხოვრებაში, გააცნობიეროს, როგორია. „დიახ, შენ უმცროსი ხარ და რადგან უმცროსი ხარ, ესე იგი…” „დიახ, შენ გოგო ხარ და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გააკეთო რაღაც ისეთი, რაც ბიჭებს არ შეუძლიათ…“ „შენ უფროსი ხარ და-ძმებში, ამიტომ რაღაც-რაღაცეები რთულია, მაგრამ სამაგიეროდ“…

მეორე მხრივ, ბავშვების ხშირმა ჩხუბმა და გაღიზიანებამ შეიძლება მშობელთა ყურადღება იმ მიზეზებისკენ მიმართონ, რომლებიც მათ იწვევენ და რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ძალზე მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვს, რომელსაც მიტოვებულობის განცდა აქვს. არასრულფასოვნების კომპლექსი შეიძლება განვკურნოთ, თუ ბავშვში დავინახავთ ნიჭსა და უნარს, რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. „ჩხუბისთავს“ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჩავუნერგოთ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის უმჯობესია აღვზარდოთ მაგალითით, ქმედებით, ბავშვისადმი დამოკიდებულებით, და არა სიტყვით. ნოტაციების კითხვას სარგებლობა არ მოაქვს და შეიძლება მავნებელიც კი იყოს, თუკი ეს ბავშვს ასწავლის თავისი ნამდვილი განზრახვები და გრძნობები შენიღბოს სიტყვებით, მათ რომ არ შეესაბამება.

ოჯახში ქრისტიანული აღზრდის ძირითადი მიზანია ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის სიკეთე, რას ნიშნავს იყო კეთილი. მათთვის „სიკეთე“ – ეს არის ბედნიერების, სიხარულის, შინაგანი სიმშვიდისა და სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის მდგომარეობა. როგორც მოციქულმა პეტრემ ბრძანა ფერისცეალების დროს: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი“. ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, თუკი ბავშვებს სიკეთისაკენ სწრაფვა ოჯახში ასწაულეს, გამოცდილებით გაიგეს, „რაი არს კეთილ“.


„სანათესაო“

 

თანამედროვე საზოგადოება უმეტესად მიიჩნევს, რომ ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ მშობლები და შვილებია. ჩვენ აქ, ალბათ, ვერაფერს შევცლით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანულ გარემოში ნათესავური კავშირების მნიშვნელობას ხაზი უნდა გავუსვათ. ბავშვებისთვის ოჯახი და მშობლები – მთელი სამყაროა. ურთიერთობა მშობლებთან ძალაუნებურად ეგოისტური ხასიათისაა, რადგან მშობლები უზუნველყოფენ ბავშვებს, წარმართავენ მათ ცხოვრებას. ბავშვები – ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მშობლების ცხოვრება. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო რთულია ურთიერთობა ბებიებსა და ბაბუებთან, დეიდებთან, ბიძებსა და ბიძაშვილებთან. აქაც არსებობს სიახლოვე, ერთობის განცდა, მაგრამ ეს კავშირები შესუსტებულია. უფრო არსებითია განხსვავება ცხოვრების წესში. ბავშვებისთვის ეს ადამიანებთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ასე მაგალითად, ბიძა შეიძლება მეტად ორიგინალური პიროვნება იყოს და სრულიად სხვანაირად იქცეოდეს, ვიდრე მშობლები, ბებია ან დიდი ბებია შეიძლება ინვალიდი იყოს და ითხოვდეს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე თვით ბავშვები და ა.შ.; და თუმცა მტკიცე ოჯახური კლანების დრო წავიდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნებას – მიმოწერით, მისვლა-მოსვლით, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღების ერთობლივი და საზეიმო აღნიშვნით. არც საოჯახო ალბომებს დაუკარგავთ არსებობის უფლება. ნათესავებთან მოსიყვარულე მეგობრულ ურთიერთობას აღმრდელობითი მნიშვნელობა აქვს და ბავშვებს ოჯახის მიკროსამყაროდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადასვლას უადვილებს.

„ოჯახის მსოფლმხედველობა“

ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს ის, თუ როგორ ესმით ოჯახში ცხოვრების საზრისი, რაში ხედავენ ბედნიერებას, „ცხოვრების ფასეულობათა სისტემას“ – ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც მსოფლმხედველობას აყალიბებს. მგონი, რომ ეს მხოლოდ რწმენის ანდა იდეოლოგიის საკითხი კი არაა, არამედ რაღაც უფრო იდუმალი და ღრმა. „შერეული ქორწინების“ შემთხვევაში საერთო აზრის შემუშავება რთულია, მაგრამ ხშირად ის არც იმ ოჯახებშია, სადაც ქმარი და ცოლი ფორმალურად ერთ ეკლესიას ეკუთვნიან; მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ქორწინებაში სიყვარულის კავშირი ჭეშმარიტად ხორციელდებოდა, თანაც მეუღლეთა „ერთობა“, მათი საერთო შეხედულება ცხოვრებაზე ორგანულად ერწყმოდა პატივსცემას საყვარელი ადამიანის განსხვავებული აზრებისადმი.

ერთიანი მსოფლმხედველობა ეფუძნება ბედნიერების ერთნაირ გაგებას, ქრისტიანულ ოჯახში კი – ბედნიერების ქრისტიანულ გაგებას. ადამიანს ბუნებრივად აქვს მოთხოვნილება იყოს ბედნიერი, მრავალი ანტიქრისტიანული მიმდინარეობა ადამიანის ბედნიერებისკენ სწორედ ამ სწრაფვაზე სპეკულირებს. ქუჩაში თუ მეტროში გამოკიდებული რეკლემაც კი ყველანარ ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს გვიპირდება თუკი შევიძენთ ამა თუ იმ ნივთს, გავაკეთებთ ამას თუ იმას. ადამიანი იბადება ბედნიერებისკენ თანდაყოლილი სწრაფვით, იმის ინსტინქტური შეგრძნებით, რომ ბედნიერი უნდა იყოს და თუ არაა, ე.ი. მიზანს ვერ მიაღწია. შესაძლოა, ეს ცოდვით დაცემამდე ცხოვრების შესახებ ადამიანის ქვეცნობიერი ხსოვნის გამოძახილიც კი იყოს.

ამის თაობაზე კარგად წერდა აწ გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი პრაღისა სერგი (კოროლიოვი) სტატიების ციკლში „კეთილყოფიერების შესახებ“ (ჟურნალი „Вечное“, პარიზი, 1954, #1). ბედნიერების ადამიანისეულ ნოსტალგიაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ „უბედურად თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვგრძნობთ, როცა ბოროტი ძალების დროებითი ბატონობა ჩვენი ნამდვილი „მე“, ჩვენი პიროვნების ჭეშმარიტი ბუნება გვგონია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უბედურნი ვართ, როცა ბოროტებას ჩვენი ჭეშმარიტი „მე“-ს განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ“. ეს შეცდომა გვაიძულებს არასწორად ვილაპარაკოთ და მოვიქცეთ, სიტყვასა და საქმეში წავიფორხილოთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ჩვენ ზოგჯერ მათ ბუნებას იმ ბოროტებასთან ვაიგივებთ, რომელსაც მათში ვხედავთ; ისე ვექცევით, თითქოს ბოროტება მათი პიროვნების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს, თითქოს ისინი ბოროტები იყვნენ. ყოველდღიური ცხოვრება და განსაკუთრებით, ოჯახური ცხოვრება – ეს არის შესაძლებლობა, დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანში არსებულ ჭეშმარიტ „მე“-სთან. ეს გვეხმარება ჩავწვდეთ პიროვნების ჭეშმარიტ არსს, უარი ვთქვათ ყოველივე ყალბის, დროებითისა და ბოროტის გაიგივებაზე საყვარელი ადამიანის ჭეშმარიტ არსთან. ცხოვრების ყოველი დღე იმისათვის გვეძლევა, რომ იმ სიკეთის და სიხარულის ერთი ნამცეცი მაინც მივიღოთ, რომელიც ცხოვრების მარადიულ არსს წარმოადგენს. ცხოვრებაში სიკეთე რომ მოვიხვეჭოთ, მოწოდებულნი ვართ ყოველ წუთს ვიყოთ შემოქმედნი. სამყაროს გარდაქმნა მხოლოდ ბოროტი საცთურის შემოქმედებითი ძლევითაა შესაძლებელი. ვამარცხებთ რა ცოდვას, სიკეთეს ცხადვყოფთ, ხოლო სიკეთის ცხადყოფისას – მარადიული ცხოვრების თანაზიარნი ვხვდებით. ეპისკოპოსი სერგი გვთავაზობს სწავლებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეგვეძლოს ადამიანებში და ცხოვრებაში სიკეთის დანახვა, ბოროტება რომ დავამარცხოთ.

ეპისკოპოს სერგის მოსაზრებანი იმიტომაც მიმოვიხილე დეტალურად, რომ მიმაჩნია – ოჯახში ქრისტიანული ცხოვრების წესი აღმშენებლობის ამოცანას უშუალოდ უკავშირდება, პრობლემის არსის ღრმა წვდომას გვთავაზობს, ააშკარავებს ქმრისა და ცოლის ურთიერთუკმაყოფილების (ხშირად „სამართლიანი“ უკმაყოფილების) საფუძველს, მიზეზებს, რომელთა გამოც მშობლებს არ მოსწონთ შვილების გემოვნება, შეხედულებები და სურვილები; მიზეზებს შვილებსა და მშობლებს, და თავად ბავშვებს შორის არსებული ანტაგონიზმისა. ამ მოსაზრებებში ზუსტადაა მითითებული „ბედნიერი“ და „უბედური“ ოჯახების არსობრივი განსხვავება.

ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებს ვასწავლოთ ბედნიერების ქრისტიანული გაგება, როგორც „ნეტარებისა“, „კეთილყოფიერებისა“, მთასა ზედა ქადაგების სულისკვეთებით, ხოლო მშობლები, თავის მხრივ, მოწოდებულნი არიან ასწავლონ ეს შვილებს – მათ შორის, პირადი მაგალითითაც: ნეტარება – ეს არის მდგომარეობა სიყვარულისა, ურთიერთობისა სიყვარულით, ნდობისა, განვითარების თავისუფლებისა, ღვთისგან მიღებული შემოქმედებითი უნარის განხორციელებისა. სამწუხაროდ, მრავალი საერო ადამიანის წარმოდგენა ქრისტიანობაზე მოკლებულია სიხარულისა და ნეტარების ამ განცდას, პირიქით, ქრისტიანობა ხშირად წარმოუდგებათ როგორც ვალდებულებათა და მოვალეობათა ფორმალური ნაკრები თუ ჩამონათვალი.

ჩემი აზრით, თვით მშობლების ქრისტიანული აღზრდა იმაში კი არ მდგომარეობას, რომ მათ ეკლესიური წეს-ჩვეულებების დაცვა და ბავშვების საკვირაო სკოლაში ტარება და ა. შ. ვაიძულოთ, არამედ ავუხსნათ მათ ძირითადი ცხოვრებისეული რეალიების აზრი. თავიანთი ვალდებულებების და მოვალეობების ჭეშმარიტი არსი მშობლებს შეუძლიათ შეიცნონ, თუკი ჰკითხავენ თავს: „რა არის ბედნიერება?“, „რა არის ცოდვა?“, „რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის?“, „რა არის სიყვარული?“, „რას ნიშნავენ ჩემი შვილები ჩემთვის?“, „რა მსურს მათთვის?“. რასაკვირველია, წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ და რჯულის დარღვევა დაუშვებელია, მაგრამ მშობლები, უპირველესად, ცხოვრების საზრისის გაგებით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

„დისციპლინა ოჯახში“

სიყვარულს კიდევ ერთი გამოვლინება აქვს – დისციპლინა, ეს „ჯვარი ძალაუფლებისა“, რომელიც მშობლებმა უნდა იტყვირთონ. დისციპლინა, პირველ რიგში, ნიშნავს წესრიგის აღიარებას, აღიარებას ძალაუფლების და მორჩილების იმ რთული სტრუქტურისა, რომელიც ოჯახში იქმნება. აქ იგულისხმება ცოლის ქმრისადმი მორჩილებაც (რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მძიმეა ქმრისთვის, ვიდრე ცოლისთვის, და უფრო ხშირად სწორედ ქმარს არ ჰყოფნის ძალა აიტანოს ასეთი წესრიგი), და ცოლის მიმართ ქმრის პატივისცემაც (1 პეტრე, 3). იერარქიული პრინციპი ოჯახურ დისციპლინაშიც ხორციელდება. ასე მაგალითად, უთანხმოება ქმარსა და ცოლს შორის მაშინ იჩენს თავს, როცა საფრთხე ემუქრება უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებს, ვიდრე მათი ურთიერთდამოკიდებულებაა – პრინციპებსა და მრწამსს, რომელთა დათმობა შეუძლებელია. ხშირად იქმნება სიტუაციები, როდესაც ერთ-ერთი მშობლის მოქმედება ანგრევს ბავშვის პიროვნებას. მაგრამ თუ დისციპლინის დარღვევა აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უფრო მაღალი ღირებულებებისადმი დამორჩილების, ანუ უმაღლესი რანგის მორჩილების გამო.

ბავშვები მშვენივრად გრძნობენ, რამდენად გულწრფელად იცავენ მშობლები დადგენილ დისციპლინარულ წესებს – იქნება ეს ტაძარში რეგულარული სიარული, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოწევისგან თავის შეკავება თუ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა. ქრისტიანული ყოფა ემყარება დაცვას კანონისა, როგორც ქმედითი პრიციპისა, როგორც ცხოვრებისეული პოზიციისა და არა ცარიელი ფორმალობისა თუ უსიცოცხლო წეს-ჩვეულებისა. მხოლოდ ასეთ ატმოსფეროში შეიძლება ბავშვი დისციპლინას მიეჩვიოს.

ბავშვი ეჩვევა დისციპლინას სიხოცხლის პირველი თვეებიდანვე, როდესაც უფროსები მისთვის შეუმჩნეველი საფრთხისაგან იცავენ. „ხელი არ მოკიდო!“, „აქეთ ნუ მოძვრები!“, „ქუჩაზე არ გადახვიდე!“ ზოგჯერ აუცილებელი ხდება ბავშვის ძალით გაჩერება. გონიერი მშობელი არ მოსთხოვს ბავშვს მორჩილებას, თუ ამის მისაღწევად ძალადობა იქნება საჭირო – მაგალითად, არ სთხოვს ბავშვს აკოცოს დედას, თუ ეს ბავშვს არ სურს. თუმცა ძალზე ადრეული ასაკიდან მორჩილების საკითხში უმთავრეს მნიშვნელობას თვით ბავშვის გადაწყვეტილება იძენს: „დედამ მითხრა, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მაგრამ რა მოხდება, თუ მაინც გავაკეთებ?“.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინის საერთო ატმოსფერო ოჯახში სწორედ ამ ეტაპზე დამყარდეს. ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული: რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რას მოყვება სასჯელი ყველა შემთხვევაში (და არა მხოლოდ ცხელ გულზე). ოჯახში უნდა სუფევდეს ფასეულობათა მკაფიო იერარქია. თუ ბავშვის ურჩობამ არასასიამოვნო შემთხვევა გამოიწვია – მაგალითად, რაღაც გატყდა ან წყალი დაიღვარა – ბავშვი შეიძლება დავსაჯოთ ანდა დავტუქსოთ. მაგრამ თუ ეს შემთხვევა გამოწვეულია ბავშვის მოუქნელობით ანდა მისი სურვილით მშობლებს დაეხმაროს, დასჯა ან დატუქსვა დაუშვებელია. ერთი მოხუცი ძიძა, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებს უვლიდა, გვიამბობდა ორი ოჯახის შესახებ, სადაც მუშაობა მოუხდა: „ერთ ოჯახში ყველაფერი იკრძალებოდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლებოდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც კი მოიფიქრებდნენ, მეორეში შეიძლებოდა ყველაფრის კეთება, მაგრამ თუ რაღაც არ შეიძლებოდა, მართლა არ შეიძლებოდა“.

რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის გაგება დისციპლინის იერარქიულობისა. ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ ნებისმიერი დისციპლინის საფუძველში ერთი პრინციპი დევს: „იყავნ ნება შენი“ და არა პრინციპი მშობელისა – „მე ასე მსურს“.
 იდეალურ შემთხვევაში დისციპლინის მკაფიო სტრუქტურა ბავშვის ქცევის მოტივების გაგებას უნდა ეხამებოდეს; არ ღირს ბავშვების თავის ნებაზე მიშვება იმის შიშით, რომ თუ მათ მიმართ მომხოვნი ვიქნებით, აღარ ვეყვარებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს დავინახოთ განსხვავება დისციპლინას, აუცილებელი წესების დადგენას და მშობლების მცდელობას შორის, შვილებს თავს მოახვიონ საკუთარი გემოვნება, გრძნობები, განწყობები და განცდები. შესაძლოა, წითელ პარასკევს ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურების აკრძალვა სავსებით გონივრულია, მაგრამ ამ დროს განიცდიან თუ არა ისინი იმავეს, რასაც მშობლები – სხვა საკითხია. ასეთი რაღაცის მოთხოვნა, თავს მოხვევა არ შეიძლება. შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ თავის დროზე თვითონ გაიგებენ, თვითონ იგრძნობენ ამას. არაერთი მღვდელმსახურის ოჯახში ბავშვები განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე რელიგიური იდეებისა და გრძნობების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი იმიტომ, რომ ზომაზე მეტად „ჰკვებეს” ამ თემაზე საუბრებით. მხატვრის შვილი განმუხტვას სპორტით თავდავიწყებულ გატაცებაში შეიძლება ეძებდეს. ემოციურად მგრძნობიარე იდეალისტმა დედამ შეიძლება ვერ გაუგოს თავის ქალიშვილს, რომელიც დაკავებულია საკუთარი გარეგნობით, გატაცებულია მოდით, მაღალი საზოგადოების ცხოვრებით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იდეალებსა და გრძნობებზე, ბავშვს თავს ვერ მოვახვევთ და ჩვენთვის სასურველ გრძნობებს ვერ ჩავუნერგავთ.

ამ თემაზე საუბრის შეჯამებისას, საოჯახო დისციპლინის ძირითადი მოთხოვნები შემდეგნაირად მსურს ჩამოვაყალიბო:
მთელი ოჯახი, მშობლების ჩათვლით, უნდა იცავდეს ერთსა და იმავე წესებს და ერთსა და იმავე აკრძალვებს უნდა ემორჩილებოდეს.
მშობლებმა უნდა დაადგინონ ქცევის მარტივი, მკაფიო წესები და განამტკიცონ ისინი საკუთარი მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში წესრიგს უზრუნველყოფს.
მშობლები სიყვარულით უნდა ცდილობდნენ გაიგონ ბავშვის ქცევის მიზეზები, მისი თვალსაზრისი, მისი გემოვნება, საერთოდ, მისი პიროვნება.
მშობლები ნათლად უნდა აცნობიერებდნენ, რას შეიძლება მიაღწიონ დისციპლინის საშუალებით, რა სცილდება მათ კომპეტენციას და რა არ შეიძლება ძალდატანებით იყოს თავსმოხვეული.

„ლოცვა ოჯახში“

შესაძლებელია კი ლოცვის სწავლება? ლოცვა – ეს არის საუბარი ღმერთთან, ღვთის წინაშე დგომა, ლოცვისთვის აუცილებელია ადამიანის წრფელი გულმოდგინება, რომელსაც ღვთის მადლი შეეწევა. გარკვეული აზრით, ლოცვას ასწავლიან ისევე, როგორც ასწავლიან ლაპარაკს. არსებობს თანდაყოლილი უნარი მეტყველებისა, მაგრამ აუცილებელია, აგრეთვე, მეტყველების ხელოვნების დაუფლება და იმის ცოდნა, რის შესახებაც უნდა ითქვას. ბავშვი ლაპარაკს ოჯახში სწავლობს, ადამიანებთან ურთიერთობით, და ოჯახშივე შეიძლება „ისწავლოს“ ლოცვა. თავიდან ბავშვი ლოცულობს სხვებთან ერთად, იძენს ყოველდღიური ლოცვის ჩვევას, ხოლო შემდეგ ლოცვა შეიძლება იქცეს ცოცხალ გამოცდილებად, ჯერ ბავშვურ, მოგვიანებით კი, სავსებით ზრდასრული ადამიანის ცოცხალ გამოცდილებად. მე ლოცვის სხვადასხვა სახეზე იმისთვის ვსაუბრობ, რომ მშობლებმა გააცნობიერონ, რა სურთ: ლოცვის ტექსტის ზეპირად დასწავლა, რასაკვირველია, სასარგებლოა, მაგრამ ეს ლოცვის სწავლებას არ ნიშნავს.

საუკეთესო საშუალებაა ვაზიაროთ ბავშვი ლოცვით გამოცდილებას – ეს არის ლოცვა მასთან ერთად. ყველაფერი იწყება მშობლების ლოცვით ახალშობილისათვის; დედისთვის ეს, შესაძლოა, ყველაზე დიდი ლოცვითი გამოცდილებაა. სწორედ ამ წუთიდან ეყრება საფუძველი ლოცვაში ბავშვის ყოველდღიურ მონაწილეობას.

ჩვეულებრივ ბავშვის პირველი ლოცვა – ეს არის თხოვნა (“უფალო, თუ შეიძლება…“), როდესაც ბავშვი ადგენს გრძელ სიას იმ ადამიანებისა, რომელთა მოხსენიებაც სურს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მართლა ილოცონ ბავშვთან ერთად. ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღმერთთან პირველი საუბრის გამოცდილება. ამით იგი თვითონაც ადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს და მისთვის მნიშვნელოვანია ამ აღმოჩენას იმ ადამიანთა სახელები დაუკავშიროს, ვინც უყვარს. ამ ასაკში ღმერთის თანამყოფობის შეგრძნება სავსებით ბუნებრივია. როცა ბავშვი წამოიზრდება, შეიძლება ვასწავლოთ მას სამადლობელო ლოცვა („გმადლობ შენ უფალო…“), მშობლები ბავშვს შეიძლება განვლილი დღის ყველაზე სასიხარულო მოვლენების გახსენებაში დაეხმარონ.

 

  მართლმადიდებელ ოჯახებში, პირველ ყოვლისა, სწავლობენ ლოცვას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“, რომელსაც წარმოთქვამენ პირჯვარის გამოსახვისას. ეს ლოცვა დაკავშირებულია მოქმედებასთან, რომელიც პატარა ბავშვებს თამაში ჰგონიათ; მართალია, ის მოკლეა, მაგრამ, აღსავსეა აზრთი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს, როდესაც იგი წამოიზრდება, ამ ლოცვის აზრი განუმარტოთ…
უფრო რთულია გამოვიმუშაოთ სწორი დამოკიდებულება გრძელი ლოცვებისადმი. დიდი წმიდანების მემკვიდრეობა არ შეიძლება უგულებელვყთოთ, ჩვენს ლოცვებში რომ არის დაუნჯებული. მაგრამ როცა ისმენ, რვა-ცხრა წლის ბავშვი როგორი აჩქარებით ბუტბუტებს „მამაო ჩვენო“-ს, ეჭვი გიჩნდება, შეიძლება კი ჩავთვალოთ, რომ ლოცვა უკვე ისწავლა?

ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ ისწავლოს ერთი წინადადება, ოღონდ ღრმად უნდა ჩასწვდეს და გაიგოს. ლოცვის ახსნა შეიძლება მარტივი ცნებების მეშვეობით („ეს არის ლოცვა სული წმიდის მიმართ, რომელიც სიცოცხლეს გვაძლევს…“). ბავშვები სწავლობენ მოკლე წინადადებას: „მეუფეო ზეცათაო, ნუგენიშისმცემელო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის!“ ერთი წლის განმავლობაში ეს ლოცვა შეიძლება ნელ-ნელა შევავსოთ და განვავრცოთ. სანამ ბავშვი მას თავიდან ბოლომდე გაცნობიერებულად არ დაიმახსოვრებს. ასევე შეიძლება მოვიქცეთ დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლოცვების შემთხვევაშიც: შეიძლება თავიდან ძირითადი წინადადებით ან დასაწყისი სიტყვებით შემოვიფარგლოთ ისე, რომ ბავშვებმა შეიძლონ ლოცვის ცნობა, როდესაც ტაძარში იგალობება.

ლოცვის დრო, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, მშობლებისა და ბავშვის აუჩქარებელ, მშვიდ ურთიერთობაში უნდა გადიოდეს. შესაძლოა, მშობლებისთვის ყველაზე რთული სწორედ ამ წესის დაცვაა, მაგრამ იგი ღირს იმად, დაცული რომ იქნეს. ათი წუთი სავსებით საკმარისია, რათა ბავშვს წავუკითხოთ ან მოვუყვეთ მოკლე ამბავი საღმრთო ისტორიიდან, განვუმარტოთ ლოცვის არსი, ვესაუბროთ იმაზე, დღის განმავლობაში რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ლოცვის სწავლების პროცესში ბავშვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ყოველდღიური აუჩქარებელი, არცთუ ხანგრძლივი ურთიერთობაა. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩავუნერგოთ ლოცვის ჩვევა, ჩვევა „ღვთის წინაშე დგომისა“. პრაქტიკულად ხანგრძლივი ლოცვა უფრო ადვილია ძილის წინ, ძალიან სწრაფად კი – შეძლება მხოლოდ პირჯვარი გამოისახონ, ღმერთს სთხოვონ კურთხევა დამდეგი დღისათვის – დილით, მშობლების გარეშე,

ლოცვა ოჯახში არ უნდა შემოიფარგლოს დილისა და ძილის წინა ლოცვებით. ლოცვა საჭმლის მიღების წინ ახლა თითქმის გამქრალია ოჯახური ყოფიდან, რადგან თითქმის გაქრა წარმოდგენა საჭმელზე, როგორც ოჯახის ერთად შეკრების მიზეზზე. საუზმის მაგიერ ყველა რაღაცას ხელს სტაცებს ზეზეულად – სკოლაში თუ სამსახურში გარბიან. სადილის დროს მშობლებს, როგორც წესი, უხარიათ, როცა ბავშვები თეფშებით ხელში სხდებიან ტელევიზორის წინ. ამის შეცვლა, იქნებ, უკვე შეუძლებელიც კია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველი ოჯახი დროდადრო მაინც უნდა იყრიდეს თავს სუფრასთან – ყოველ შემთხვევაში, კვირა დღეს და დღესასწაულებზე მაინც. სხვადასხვა ოჯახში ჭამის წინ სხვადასხვაგვარად ლოცულობენ: ზოგან მხოლოდ პირჯვარს იწერენ, ზოგან ლოცვას კითხულობენ, ზოგან გალობენ კიდეც. მნიშვნელოვანია მოკლე ხნით მაინც ვიკრიბებოდეთ ერთად, რათა ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობა შევიგრძნოთ.

საერთო საოჯახო ლოცვის მეორე საბაბია – როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი სადმე შორს მიემგზავრება; რუსული ჩვეულებისამებრ ამ დროს ყველა დუმილით ჩამოჯდება ხოლმე, შემდეგ კი პირჯვარს გადაისახავს. საზოგადოდ, ჯვრის გამოსახვა, რომლითაც ხდება ვინმეს დალოცვა, – მშვენიერი მოკლე და უსიტყვო ლოცვაა; მშობლებს ხშირად აქვთ ხოლმე საბაბი, ვაჟი თუ ქალიშვილი სწორედ ასე დალოცონ. დაბადების დღეზე ან დღეობაზე შეიძლება „მრავალჟამიერი“ ვუმღეროთ.

ოჯახური ცხოვრების ყველა მხარემ თუ ჩვევამ სიმტკიცე უნდა შეიძინოს. უბრალო, გულწრფელი, ბუნებრივი ჩვეულება გამოცდას უძლებს და გამონაკლისს არც საოჯახო ლოცვა წარმოადგენს; ქრისტიანული ოჯახისათვის აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობის ყოველდღიური შეგრძნების საშუალება მოიპოვოს.

„დღესასწაულები“

ოჯახთან მჭიდროდაა დაკავშირებული ეკლესიური ცხოვრების კიდევ ერთი მხარე. ქრისტიანული აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანია საეკლესიო დღესასწაულებსა და მარხვებთან დაკავშირებული საოჯახო ტრადიციები.

საეკლესიო დღესასწაულები ბავშვებისათვის ნამდვილი ზეიმია, თუკი მათ ოჯახშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დღეს ნამდვილ სიამოვნებას ბავშვი მხოლოდ შინ იღებს. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძარში ტარდება, მნიშვნელობას სკოლაში უხსნიან, მაგრამ დღესასწაულად იგი ბავშვისთვის სახლში იქცევა.

„ოჯახის პასუხისმგებლობა ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე“

ქრისტიანული ოჯახი მოწოდებუილია თავისი სარწმუნოებრივი ცოდნა ბავშვებს გადასცეს, პირველ რიგში – პატარებს, რომლებიც სწორედ ოჯახში იგებენ ღმერთის, იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, ლოცვისა და ღვთისმსახურების, დღესასწაულებისა და დიდი წმიდანების შესახებ. არაერთ მშობელს სჭირდება დახმარება: მათ ზოგჯერ თვითონ არ ესმით ბოლომდე, რამდენად აუცილებელია ეს ცოდნა მათი შვილებისადთვის. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ძირითადი ჭეშმარიტებების, ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის არსის გარჩევა მეორეხარისხოვანი ხალხური ტრადიციებისა და ჩვეულებებისგან. ამ ტრადიციებში ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი ცვლიან რწმენის არსს, თუკი მათ პირველხარისხოვან, ზებუნებრივ მნიშვნელობას მივანიჭებთ. ჩემი აზრით, ოჯახი უპირველესად უნდა ჩასწვდეს ქრისტიანულ სწავლებას ღმერთზე: რას ნიშნავს ჩვენთვის მისი თანამყოფობა, ძალაუფლება, სიყვარული, განგებულება, მფარველობა, სამართლიანობა. მშობლებისგან ბავშვებმა შეიძლება გაიგონ ზოგიერთი ბიბლიური, განსაკუთრებით, სახარებისეული მოთხრობები, მარტივი ლოცვები, პირველდაწყებითი ცნობები ღვთისმსახურებაზე, დიდ სასწაულებზე (შობა, ნათლისღება, ბზობა, ვნების კვირა, აღდგომა, სულთმოფენობა).

უფროსი ასაკის ბავშვებს მნიშვნელოვანია გავუღვივოთ ინტერესი რელიგიისადმი. მშობლებმა შეუძლებელია ყველაფერი იციდნენ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ინტერესი, გამოიჩინონ ცნობისწადილი, ეძებონ პასუხი ბავშვების კითხვებზე. მოულოდნელი საუბარი, რომელიც წარმოიშვა, როგორც პასუხი ბავშვის კითხვაზე თუ როგორც მშობლების რეაქცია უჩვეულო ანდა რთულ სიტუაციაზე – აღზრდის მნიშვნელოვანი საშუალებებია. მე მგონი, მშობლებმა უარი უნდა თქვან სურვილზე შვილების წინაშე ყოვლისმცოდნეებად ჩანდნენ. უკეთესი იქნება, თუკი ისინი ბავშვებთან ეერთად დაიწყებენ კითვებზე პასუხის ძიებას, პრობლემის განსჯას. ყველა კითხვაზე სამრევლოს მოძღვარიც კი ვერ უპასუხებს და, ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად ეხმარება სურვილი, გაიგოს რაღაც ახალი. „ეძიებდით, და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ” (მათე. 7,7).

ნათქვამი შევაჯამოთ. ნამდვილად ქრისტიანული რომ გახდეს, ოჯახი მოწოდებულია ცხოვრებას, მის ფასეულობებსა და პრობლემებს ხედავდეს ქრისტიანობის შუქზე, ეს კი, შესაძლოა, მშობლების ჩვეულებრივ ღვთისმოსაობას არც ემთხვეოდეს. ქრისტიანული ოჯახი როგორც შინაგანად, ისე თავის ფარგლებს გარეთ, მოწოდებულია, იმგვარი სიყვარული მოიხვეჭოს, რომელზეც ლაპარაკია კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. ქრისტიანული ოჯახი გამსჭვალული უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო დისციპლინით, იქ ფასეულობათა ქრისტიანული იერაქია უნდა ბატონობდეს. ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ქრისტიანულ ოჯახში ღვთის თანამყოფობის შუქითაა განათებული – ეს ოჯახურ ლოცვაშიც მჟღავნდება და საეკლესიო დღესასწაულებსა თუ ტრადიციებშიც. ქრისტიანულ ოჯახში ბავშვის გონება, ნიჭი და მონაცემები მოწოდებულია, რომ ვითარდებოდეს, რადგან ქრისტიანობა ადამიანის პიროვნების უზარმაზარ ფასეულობას აცნობიერებს.



თავი IV

„მასწავლებელი“

 

მოძღვარს ზრდასრული მრევლის რელიგიური აღზრდის არაერთი საშულაება აქვს, თუკი მას საკვირაო ქადაგებაზე ყურადღებით უსმენენ; კიდევ უფრო მჭიდრო სულიერი ურთიერთობა აღსარების დროს მყარდება; მრევლის მთელი ცხოვრება, ანუ ღვითსმსახურება და საერთო საქმიანობა, ზრდასრული მრევლის მონაწილეობას მოითხოვს. ბავშვები კი განზე რჩებიან, ამიტომ სამრევლო სკოლის მთავარი ამოცანაა ბავშვებსა და მოზარდებს ეკლესიური ცხოვრების სისრულე წარმოუჩინოს. გადამწყვეტი როლი ნიჭიერ საერო მასწავლებლებს ეკისრებათ, რომლებსაც შესწევთ ძალა საკუთარი, ცოცხალი გამოცდილება ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გამოთქვან. ვერანაირი კარგი წიგნი, ვერავითარი საუკეთესო პროგრამა მასწავლებლის პირად გავლენას ვერ შეცვლის. სწავლების მეთოდის მიუხედავად, მასწავლებელი სწავლების პროცესს პიროვნულ ანაბეჭდს ყოველთვის დაასვამს. შთაგონებით აღსავსე მასწავლებლი მოძველებული და მშრალი სახელმძღანელოების გამოყენებასაც კი შეძლებს, ხოლო პედანტური და შეზღუდული – საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლებას მაინც მექანიკურ პროცესად აქცევს.

ძალზე მნიშვნელოვანია მოძღვარმა სამრევლო სკოლისათვის ნიჭიერი მასწავლებლები შეარჩიოს. მასწავლებლი სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
1. ჰქონდეს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის თუნდაც მინიმალური, მაგრამ ნამდვილი გამოცდილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი რწმენა, შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ იგი გულწრფელი უნდა იყოს.
2. შეეძლოს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა.
3. განვითარებისა და თვითსრულყოფის უნარი ჰქონდეს, როგორც პედაგოგს.  სამივე თვისება მნიშვნელოვანია, თუმცა სხვადასხვა კანდიდატს, ბუნებრივია, ისინი განსხვავებული ხარისხით ექნება. არაერთი საერო, რომელსაც გულწრფელად სურს ეკლესიას ემსახუროს, ვერ ბედავს ბავშვებს სარწმუნოება ასწავლოს, რადგან თავს სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს. წიგნის ამ თავში ვეცდები, გადმოვცე, სამრევლო სკოლაში მუშაობის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, თუ რა მოეთხოვება მასწავლებელს.

„მასწავლებელი როგორც პიროვნება“

სწავლება ხშირად დაკავშირებულია მასწავლებლის თავმოყვარეობის შელახვასა და საკუთარი თავით უკმაყოფილებასთან. ამიტომ მასწავლებლს უნდა სჯეროდეს თავისი თავისა და მოწოდების – ეს რწმენა, პარადოქსულად, უღრმეს სიმდაბლეს მოითხოვს. ასეთ სიმდაბლეს სულიერი სიმშვიდე მოაქვს. თქვენ არ აზვიადებთ საკუთარ შესაძლებლობებს, თავი გენიოსი არ გგონიათ. ბუნებრივად მოვლენად მიიჩნევთ, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს არ მოსწონხართ, რომ მთელ კლასს თქვენი საუკეთესო გაკვეთილიც კი ვერ იტაცებს. სიმდაბლე დაგეხმარებათ მეტისმეტად არ განიცადოთ შემთხვევითი პედაგოგიური წარუმეტებლობანი: „განა ვინ ვარ, რომ კარგი მასწავლებლი ვიყო?.. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო…” როგორც მასწავლებლი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ კლასის ხელმძღვანელობასა და დისციპლინის დაცვაზე, სიმდაბლე დაგეხმარებათ, აირიდოთ ამაო შფოთვა, შელახული და გაღიზიანებული „მე”-ს დრტვინვა.

მასწავლებლი ბავშვებზე თავისი გავლენის შეზღუდულობას უნდა აცნობიერებდეს. იგი ვერ გახდება ფსიქიატრი, რადგან სათანადო მომზადება არ გააჩნია და ბავშვის წარსულს ზეედმიწევნით არ იცნობს. მისი ურთიერთობა ბავშვთან სამრევლო სკოლით და ეკლესიური ღონისძიებებით შემოიფარგლება – ეს ბავშვის ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. ურთიერთობა ბავშვთან შეზღუდულია და მასწავლებელი მოწოდებულია დაძაბოს მთელი თავისი ძალა და უნარი, მოსწავლის ქცევის (მორცხვობაა თუ ცელქობა, გულგრილობაა თუ სიზარმაცე) მიზეზი და აზრი რომ გაიგოს, მის გულს გასაღები რომ მოარგოს. ოღონდ თავისი შესაძლებლობების ფარგლებს უნდა აცნობიერებდეს, თავის თავს ყოვლისშემძლედ არ მიიჩნევდეს. თუმც კი, ჩვენი ბავშვობის მოგონებანი მოწმობენ, რომ ზოგჯერ მასწავლებლის ერთადერთ სიტყვას ანდა მოქმედებას წარუშლელი შთაბეჭდილება შეუძლია მოახდინოს.

მასწავლებელმა როგორც თავის შესაძლებლობები, ასევე სუსტი მხარეები უნდა იცოდეს. ზოგიერთი მასწავლებლი შესანიშნავი მთხრობელია და შეუძლია მთელი კლასის ყურადღება დაიპყროს. სხვებს კი, პირიქით, ბავშვების ენერგიის გაღვიძება შეუძლიათ და აქვთ განსაკუთრებული უნარი ბავშვების ნიჭის გამოვლენისა. ზოგიერთი მშვენივრად ხსნის ყველაზე რთულ საკითხებს, სხვები კი – კარგი მხატვრები თუ მუსიკოსები არიან. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რისი ნიჭი და უნარი აქვს, და როგორ შეიძლება საუკეთესოდ გამოიყენოს გაკვეთილზე.

მასწავლებლისთვის უმთავრესია ბავშვების სიყვარულის უნარი. ოღონდ ჯერ უნდა გავარკვიოთ, „სიყვარულის” ქვეშ რას ვგულისხმობთ. საეჭვოა, მართლა უყვარდეს ბავშვები იმას, ვინც მათ „პატარა ანგელოზებსა” და „კუდრაჭებს” უწოდებს, ანდა იმას, ვისაც ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარს. სინამდვილეში, ბუნებრივია, რომ ერთი ბავშვი მეტად მოგწონს, ვიდრე მეორე. კვლავ მოციქულ პავლეს სიტყვებს შეგახსენებთ: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ” (1 კორ. 13, 4-7). ამ გამონათქვამს კლასში შექმნილ სიტუაციებს ხშირად ვუსადაგებ ხოლმე. უნდა გაგეხარდეს თუ არა, როცა უზრდელი და არსიმპათიური მოსწავლე მართალი აღმოჩნდება? უნდა გქონდეს თუ არა იმედი, რომ სული წმიდის მადლი კლასის ყველაზე წყალწაღებულ „ტაკიმასხარაზეც” იმოქმედებს? შეიძლება თუ არა იამაყო იმით, თუ როგორ ასწავლი? უკლებლივ ყველა ბავშვს უნდა სცე პატივი, მთელს კლასთან ერთნაირად თავაზიანი იყო? ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასეთი სიყყვარული იწვევს მასწავლებლის ფერისცვალებას, ამდიდრებს მის ცხოვრებას, და იგი აღარაა „რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ”. მასწავლებლი იზრდება როგორც პიროვნება, თუკი ბავშვები მართლა უყვარს.

მასწავლებლისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ინტერესი ცხოვრების მიმართ, მისი გატაცებანი და ცნობისწადილი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ სამრევლოს ცხოვრებითაა დაკავებული, ვერასოდეს გახდება კარგი მასწავლებელი. ასეთი ჩაკეტილობა, ალბათ, იმაზე მეტყუველბს, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება საზოგადოების ცხორებასთან შეხებაში არაა. საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ადამიანებს, რომლებიც ზედმიწევნით კარგად დაეუფლნენ რომელიმე პროფესიას – მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის თუ სპორტის ნებისმიერ სფეროში. ზრდასრული ადამიანის ჰობი ან გატაცებაც კი შეიძლება რელიგიისა და ცხოვრების სეკულარული განცალკევების დაძლევვას უწყობდეს ხელს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მასწავლებლები საეროთაგან იყვნენ. მოზარდებისთვის თავისთავად ცხადია – მღვდელს ღმერთისა და ეკლესიის სწამს. მაგრამ თუკი რწმენაზე ინჟინერი ანდა პროფესიონალი მხატვარი ესაუბრება, ეფექტი გარანტირებულია, თუნდაც იგი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული არ გახლდეთ (ოღონდ, მეტისმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოს).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება. კარგი მასწავლებლის მონაცემები აქვს იმას, ვისი რწმენაც – თუნდაც არასრულყოფილი – წრფელია და ალალი, ვინც რწმენაში იზრდება (ანუ, ერთ ადგილზე არაა გაყინული), ვინც ფართო თვალთახედვით, ცოცხალი ცნობისწადილით, სიმდაბლით (პრაქტიკულად, ეს ხშირად იუმორის გრძნობასაც გულისხმობს), სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.

„ურთიერთობა ბავშვებთან“

ეს თანდაყოლილი ნიჭი ყველას არ გააჩნია, არადა, უმისოდ ძნელია, კარგი მასწავლებელი გახდე. თუმცა ურთიერთობის უნარი კაცმა შეიძლება განივითაროს. ბავშვებთან ურთიერთობის უნარი – ეს, პირველ რიგში, უნარია დაინახო ისინი ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან; განსაზღვრო დონე, რომელზეც შესაძლებელია მათთან ურთიერთობა. თუკი ამ თვალთახედვით განვიხილავთ სახარებას, დავინახავთ, რომ ქრისტე სწორედ ასე ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებსაც განასწავებდა და მსახურებდა. ადამიანისთვის, ვინც მასწავლებელობას აპირებს, მეტად სასარგებლოა, თუკი რამდენიმე ბავშვთან დარჩება, რაღაცით რომ არიან გართულნი ანდა თამაშობენ. იმისთვის კი არა, რაიმე ასწავლოს, არამედ მხოლოდ დააკვირდეს, შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს თითოეულ მათგანზე, – გაიგოს მათი აზრები, გემოვნება, გრძნობები. ეს ძალზე სასარგებლო სავარჯიშოა, რომელიც მასწავლებელთა მომზადების პრიგრამაშია შესატანი.

კლასთან როცა ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ ჩანაწერები თითოეულ ბავშვზე, მათ რეაქციაზე, ქცევასა და კლასის საერთო საქმეში მონაწილეობაზე. ჩვენ საკმაოდ ხშირად გაკვეთილის შინაარსი გვიტაცებს, ვცდილობთ, ბავშვებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გვეხმარებიან, პასიურები კი განზე რჩებიან. არადა, მასწავლებელის ყურადღებას, მასთან ურთიერობას გაცილებით მეტად საჭიროებს მორიდებული, თავის თავში ჩაკეტილი ანდა უნიათო ბავშვი. ჩანაწერები იმიტომ გვეხმარება, რომ ჩვენ, როგორც წესი, გვავიწყდება, რაც წინა კვირას ხდებოდა. თუკი აუცილებელი გახდა ბავშვის დატუქსვა, შენიშვნის მიცემა ანდა წესრიგისკენ მოწოდება, შემდეგ აუცილებლად უნდა გამონახოთ შესაძლებლობა, რომ შეაქოთ. თუკი მორიდებულმა ბავშვმა რაღაც კარგად თქვა ანდა გააკეთა, ამას გაკვეთილის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მიბრუნდეთ, რათა ხაზი გაესვას გაკეთებულის მნიშვნელობას – უბრალოდ ერთხელ შექება საკმარისი არაა.

არიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ საერთო საქმეში ჩართვა, საერთო საქმეს აფუჭებენ. მათ შეიძლება ისეთი ინდივიდუალური დავალება მივცეთ, რომელიც მარტო უნდა შეასრულონ, მაგრამ თანაც საერთო საქმის შემადგენელს წარმოადგენდეს.

რასაც უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა „ეშმაკურ” ხერხებაც უნდა მიმართავდეს იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესოს, მისი სულერი წინსვლა, როგორც აღმზრდელისა, უმეტესად განისაზღვრება სურვილით, უფრო სიღრმისეულად გაიცნოს ბავშვები, დაუახლოვდეს, სამყარო მათი თვალით დაინახოს.

„ჯგუფის ხელმძღვანელობა და მასთან მუშაობა“

სწავლებას საფუძვლად ცალკეულ ბავშვთან ურთიერთობის უნარი უდევს, მაგრამ კლასთან მუშაობისას რაღაც მეტია საჭირო. ახლა უკვე აღარ ფასდება ისეთი დისციპლინა, რომელიც კლასისგან სრულ სიჩუმესა და აბსოლუტურ სიწყნარეს მოითხოვს. ამჟამად მთავარი აქცენტი გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა შემოქმედებით ჩართულობაზე, „საქმით სწავლებაზე”, კლასის „გახსნილობაზე” კეთდება. ამგვარი სწავლება მასწავლებლისგან გაცილებით მეტს მოითხოვს და ადვილად შეიძლება ისეთ ქაოსად იქცეს, მოსწავლეებსაც, პედაგოგებსაც და მშობლებსაც რომ გააკვირვებს. ერთი ჩემი ნაცნობი, მეტად უნარიანი, ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი მოუმზადებელი შევიდა კლასში, რომელიც დამოუკიდებელ მუშაობას და მეგობრულად საქმის კეთებას ჩვეული არ იყო. განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე მან გადაწყვიტა გაკვეთილის ნაცვლად ბავშვები აეთამაშებინა, რომ ერთმათთან დაეახლოებინა. ბავშვების ნაწილმა თამაშის იდეა აიტაცა, სამაგიეროდ, მეორე ნაწილმა საკლასო ოთახი დატოვა, რადგან თამაში არ სურდა. შედეგად, გაკვეთილი ჩაიშალა, თამაშმა დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. მშობლები კი, რომლებმაც ბავშვები შორიდან მოიყვანეს სამრევლო სკოლაში, დაღვრემილები უყურებდნენ ამ ყველფერს – გრძნიბდნენ, რომ დრო ტყუილად იკარგება.

შემოქმედებითი მეცადინეობა ჯგუფთან წინასწარ დაფიქრებას, საგულდაგულო მომზადებას მოითხოვს. უპირველესად, მასწავლებელს ნათლად უნდა ესმოდეს გაკვეთილის მოზანი და ამოცანა: იქიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, წინ უნდა წავიდეთ. ასე მაგალითად, მეექვსე კლასში გადიან წმიდა საიდუმლოებებს, წინა მეცადინეობაზე ნათლობის საიდუმლოს შესწავლა დაიწყეს, მოსწავლეებმა მოიტანეს ნათლობის მოწმობები, განიხილეს ეკლესიის წევრობის მნიშვნელობა. ახალი გაკვეთილის მიზანია – უფრო ღრმად გააცნობიერონ ნათლობის წესის სიმბოლიკა. თავდაპირველად მასწავლებელმა უნდა შეახსენოს კლასს, თუ რაზე ისაუბრეს წინა მეცადინეობისას. მიზნის მისაღწევად მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს სათითაოდ დაწერონ ორი-სამი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა მიიღონ იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ის, რაც ნათლობისას ხდება. მასწავლებელი კითვხებს შეაგროვებს და სთავაზობს კლასს რამდენიმე ჯგუფად დაიყონ, რომელთაგან ყოველი მოამზადებს პასუხს გარკვეულ კითხვებაზე. ერთმა ჯგუფმა შეიძლება შეისწავლოს ღვთისმსახურების თანამიდევრობა კურთხევანის მიხედვით, მეორემ – რა არის ნათქვამი სახარებაში ნათლობის შესახებ, მესამემ – ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოში მოძებნოს ის ადგილი, სადაც ნათლობაზეა ლაპარაკი, მეოთხემ – გააკეთოს პლაკატი, სადაც ნათლობის ცალკეული ეტაპები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა იქნება გამოსახული. გაკვეთილის ასეთი გეგმა ნიშნავს, რომ მასწავლებელს ხელთ ექნება მეცადინეობისთვის ყველა საჭირო მასალა: კურთხევანი, ახალი აღთქმა, სახელმძღვანელო, პლაკატისთვის განკუთვნილი მასალა. თუკი საკმარისი დრო ექნებათ, გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ჩატარებული სამუშაოს შესახებ მოყვებიან ან, თუკი დრო არ ეყოთ, მოხსენება შემდეგ გაკვეთილზე შეიძლება გააკეთონ. ყველაზე უფრო ორგანიზებულ კლასშიც კი, რომელსაც ზუსტი ინსტრუქციები აქვს მიცემული, მაინც იქნება მოძრაობა, ხმაური და ლაპარაკი. მოსწავლეებს დასჭირდებათ დრო, სამუაშაოსთვის რომ მოემზადონ, დაიწყება კამათი, აზრთა სხვაობა. მასწავლებელი მოწოდებულია საკმარისი წესრიგი შეინარჩუნოს და თავისი ავტორიტეტი სამუშაო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენოს.

ბავშვები ასეთ მუშაობას უნდა მივაჩვიოთ, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ახალი დისციპლინის საფუძვლები – სხვისი სამუშაოს პატივისცემა. კლასში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა არ ნიშნავს, თითქოს მასწავლებელი საკუთარ ავტორიტეტზე უარს ამბობს. კლასში ავტორიტეტი და დისციპლინა ფასეულობათა იერარქიას ეფუძნება. ამას არაფერი აქვს საერთო მასწავლებელის პირად პრესტიჟთან, მის პატივმოყვარეობასთან, სურვილთან საკუთარი ავტორიტეტი სარკასტული, დამცინავი შენიშვნებისგან დაიცვას. მასწავლებელს არა აქვს უფლება კლასის მართვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას; სწორედ იგი აფასებს, თუ რა გააკეთეს მოსწავლეებმა. ერთი ბავშვის ცუდმა ქცევამ თუ მანჭვა-გრეხამ მთელ კლასს ხელი არ უნდა შეუშალოს, დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, მასწავლებელმა უნდა გაიმოიჩინოს სიმტიკიცე, თუნდაც იძულებული იყოს მოსწავლეს კლასი დაატოვებინოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ რთული მოსწავლე განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას არ იმსახურებს. მნიშვნელოვანია ისეთი დავალება მივცეთ, რომელიც მას საერთო საქმეში ჩართავს. და, რა თქმა უნდა, შეიძლება კლასს ხანმოკლე დასვენების საშუალება მივცეთ, რომ მოეშვან, გაიცინონ მანამ, სანამ მუშაობას გააგრძელებდნენ.

„რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა?“

თითქმის შეუძლებელია ჩამოვაყალიბოთ აკადემიური მოთხოვნები, რომლებსაც სამრევლო სკოლის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. გადამწყვეტ ფაქტორად რჩება მასწავლებელის სურვილი ისწავლოს. მასწავლებელი მოწოდებულია ეცადოს თუნდაც ოდნავ მეტი გაიგოს, ვიდრე სახელმძვანელოში წერია… მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ახალი აღთქმა, – საქმე მოციქულთას და ეპისტოლეების ჩათვლით, – რათა მისთვის სახარებისეული სახებანი გაცოცხლდნენ. მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ძველი აღთქმის მნიშვნელობა, როგორც ქრისტიანობის წინამორბედისა. ლიტურგიკაში უნდა ესმოდეს და იცოდეს წმიდა საიდუმლოთა, და თუნდაც მხოლოდ იმ ღვთისმსახურებათა არსი, რაც სამრევლოში აღესრულება. უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სარწმუნოებრივ მოძღვრებაზე, სულ მცირე, მრწმსის ფარგლებში. მინიმალურად მაინც უნდა ერკვეოდეს ეკლესიის ისტორიაში, იცოდეს ზოგიერთი წმიდანის ცხოვრება.

გაცილებით რთულია იმ „მართმადიდებლური სულის” განსაზღვრა, რომელიც მართლმადიდებელ პედაგოგს უნდა ჰქონდეს. ჩვენ კულტურული ცვალებადობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მართლმადიდებელი ცხოვრების წესს, მართლმადიდებლურ ყოფას თავიდან აღვადგენთ, და ამას ვაკეთებთ საზოგადოებაში, რომელიც თვითონ განიცდის მორალურსა და სულიერ კრიზისს. ჩვენ მუდმივად გვიხდება არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება…

მართლმადიდებელი სული, მართლმადიდებელი გრძნობა ზომიერებისა და გემოვნება ხშირად განსაზღვრავს ჩვენი მასწავლებლების პიროვნებასა და ქცევას. მართლმადიდებელობის არსის ერთ-ერთ საუკეთესო განმარტებად მიმაჩნია ბერდიაევის გამონათქვამი: „თავისუფლების სისრულე კრებითობის სისრულეში, კრებითობა თავისუფლებაში და თავისუფლება კრებითობაში”.

„მასწავლებელთა მომზადება“

წიგნის მოცულობა არ გვაძლევს საშულებას მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე დეტალურად ვიმსჯელოთ, ეს თემა დაწვრილებით დამუშავებას მოითხოვს. ვეცდები ჩამოვაყალიბო ძირითადი პრინციპები, რაზეც უნდა აიგოს ასეთი პროგრამა.

მასწავლებლის მომზადება ერთჯერადი ღონისძიება არ გახლავთ, არამედ ხანგრძლივი პროცესია… მიმაჩნია, მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების შედგენაში მთავარი „მთლიანობის” პრინციპია. თუკი ლაპარაკია სწავლების მეთოდიკის დახვეწაზე, უნდა ითქვას ისიც, თუ რას ვასწავლით კონკრეტულად ამ მეთოდიკის მეშვეობით. თუკი ლაპარაკია ჩვენი ცოდნის გაღრმავებაზე ბიბლეისტიკის, ლიტურგიკის, დოგმატიკის, ეკლესიის ისტორიის სფეროში, აუცილებელია ვაჩვენოთ, პრაქტიკულად როგორ უნდა შევიტანოთ ეს ცოდნა სასკოლო პროგრამაში. თუკი მასწავლებელთათვის გამართული სემინარის თემაა მართლმადიდებელი აღზრდის ძირითადი პრინციპები (სამრევლო სკოლის მნიშვნელობა, ოჯახის როლი, ბავშვების მონაწილეობა ლიტურგიულ ცხოვრებაში), უმჯობესია მონაწილენი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავაბათ პროგრამასა და მეთოდიკაში ამ პრინციპების შეტანის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, რა თემასაც არ უნდა ეძღვნებოდეს მასწავლებელთა ცალკეული მეცადინეობა, ის ყოველთვის უნდა შეიცავდეს ძირითად საკითხებს: რას ვასწავლით? რატომ ვასწავლით? ვის ვასწავლით? როგორ უნდა ვასწავლოთ?

მასწავლებელთა მომზადების ერთ-ერთი ფორმაა ლექციები. ეს არის არა მარტო მასწავლებელთა მომზადების საშუალება, არამედ საეროთათვის ეკლესიური განათლების მიღების წყაროც. საქმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ლექტორების მოზიდვაა შესაძლებელი, მათ უნარზე – აუდიტორიის მოთხოვნებს უპასუხონ. რაზეც არ უნდა იყოს საუბარი – სარწმუნოებაზე, ლიტურგიკაზე, ბიბლეისტიკაზე, ეკლესიის ისტორიაზე და ა.შ. – განსაკუთრებული ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა თემა მსმენელთა საჭიროებებს უკავშირდება.

„საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდება“

ამ თავის დასასრულს რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდების შესახებ. რას ნიშნავს სიტყვა „მოწოდება”? მოტოვილოვთან საუბრისას ღირსი სერაფიმე საროველი ადამიანის ცხოვრების მიზანზე ბრძანებს, „სული წმიდის მადლის მოხვეჭაში” მდგომარეობსო…… გვიხსნის, რომ ჩვენი ცხოვრება და საქციელი იმდენად იძენს აზრს, რამდენადაც ჩვენი შრომა აღგვავსებს სული წმიდის მადლით. „ზოგიერთს მეტ ღვთაებრივ მადლს ღარიბების დახმარება ანიჭებს, ზოგს ლოცვა, ზოგს – რაღაც შემოქმედებითი საქმიანობა. მთავარია, რომ თქვენი მოქმედება თქვენს გულს ღვთაებრივი მადლის მოქმედებას უხსნიდეს. მაშინ თქვენი საქმე თქვენი მოწოდება გახდება, იქნება ეს მებაღეობა, თხზვა, ქველმოქმედება თუ მარხვა“. თუკი ბავშვებთან ურთიერთობა, მათ განვითარებასა და წინსვლაში მონაწილეობა სულიერად გამდიდრებთ, თუკი გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობაში თქვენ თვითონაც იზრდებით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით საკუთარ მე-ს, – შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენ გაქვთ პედაგოგის მოწოდება. არცერთი მასწავლებელი არ იტყვის, რომ ქრისტეს სიტყვები ბავშვების შესახებ – „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი” – ბავშვების მორალური სრულყოფილებით არის ჩაგონებული. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილება სხვა რაღაცაში მდგომარეობს, უპირველესად – მათი რწმენის რეალურობასა და უბრალოებაში. ბავშვები არ არიან გაორებულნი, რაც უფროსებს ახასიათებს. ბავშვის რელიგიური ცხოვრება მთლიანია. ღმერთი, სასუფეველი, ანგელოსები მისთვის ზუსტად ისევე არსებობენ, როგორც სათამაშო, ამხანაგი, კატა. ბავშვი ტაძარში ყოფნისას ისევე გრძნობს თავს, როგორც ქვიშის საბავშვო მოედანზე თამაშისას (რაც უფროსებს ზოგჯერ მეტად აბნევს). ბავშვებს ცინცხალი აღქმა აქვთ: ფერი არასოდეს კარგავს სიცხოველეს, სურნელება ყოველთვის მკვეთრია. ისინი არ დგანან ერთ ადგილზე – იზრდებიან.

ეს მუდმივი ზრდაა სწორედ რელიგიური ცხოვრების არსი. ბავშვში ყველაფერი მუდმივად იცვლება, და ამაში ყოველთვისაა იმედი. გულაცრუება ანდა განსაცდელი დავიწყებას მალე ეძლევა, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ გულწრფელი პატიება. აპატიო – მათთვის ნიშნავს – დაივიწყო. ბავშვები ბაქიობენ და ტრაბახობენ ხოლმე, მაგრამ ეს ბაქიობა გათამაშებულია, რადგან მათ უწყიან, ძალზე ცოტა რამ იციან, ბევრი არაფერი შეუძლიათ, სუსტები არიან. ამიტომ ბავშვობა სიმდაბლითაა გამსჭვალული. მათი გარკვეული თვისებების გამო უფალი ცათა სასუფევლის მფლობელებს უწოდებს და სანამ შეხებაში ვართ ბავშვობის სამყაროსთან, ეს სასუფეველი გარკვეულწილად, ოდნავ ჩვენც გვეხსნება. ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილების რაღაც ნაწილი ჩვენზეც გადმოდის.

ბავშვებისთვის სარწმუნოების სწავლება სხვა მხრივაც ზემოქმედებს ჩვენზე. რელიგიური აღზრდის პროცესში ადამიანის პიროვნულ ცენტრს, ცხოვრების გულს მივმართავთ. როდესაც მზარდი ადამიანის სულს სარწმუნოებას, ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობას ვასწავლით, რაც ჩვენი რწმენის არსია, ჩვენ თვითონაც, ჩვენდაუნებურად, ვიმსჭვალებით ამით. ჩვენ უნდა ვფლობდეთ იმ ცოდნას სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ვასწავლით და ეს ცოდნა უნდა გვფლობდეს ჩვენ. თქვენ ვერ შეძლებთ ბავშვებს მოუთხროთ ქრისტეს აღდგომის შესახებ, თუკი ამ მოვლენის რელიგიური არსი თქვენს სულში შემოსული არაა. ვერ შეძლებთ ბავშვებს აუხსნათ აღდგომის არსი, თუკი გულითა და სულით არ იყავით იოანესთან და პეტრესთან, თუკი სირბილისგან აქოშეინებულებმა არ შესძახეთ მარიამთან ერთად „უფალო!..” თუ თქვენ ქრისტიანობას ასწავლით, ქრისტიანობა თქვენს გულს სღრმისეულად უნდა მსჭვალავდეს.

ცხოვრება შეიძლება ისე გავლიოთ, თითქოს სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, თითქოს ქრისტე არ დაბადებულა, თითქოს არ მომკვდარა და არ აღმდგარა. ადამიანები ბუნებით ზარმაცნი და წარმოსახვას მოკლებულნი ვართ. და უეცრად ამის სწავლება გვიხდება. ჩვენ ვიქცევით საშუალებად, რომლის დახმარებითაც ეს მოვლენები ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედებს. თქვენ ხდებით გამტარი, რომელიშიც მძლავრი ელექტროდენი მიედინება – და ეს განცდა შთაგონებას იწვევს თქვენში. ეს ერთხელ მაინც თუ იგრძენით, მაშასადამე – ჭეშმარიტი მოწოდება მოგიპოვებიათ, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რომ გაგყვებათ.



თარგმნა: ირაკლი ლომოურმა


Комментариев нет:

Отправить комментарий