ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июля 2017 г.

მთათა ერთობა. ვაჟა-ფშაველა.(I)



ბარს შაეთვალა მთებისთვის 
უცხო რამ ერთი ქართული,
მაშინ როს მთების ანდაფი 
ღრმა ფიქრში იყო გართული.
რასა ფიქრობდნენ, ვინ იცის,
ჰსურთ დაებრუნათ წართმული,
თუ ცაში ასასვლელადა 
სურდათ გაებათ მავთული?!
ორმა გორაკამ ითავა
ამცნონ მთებს ნება ბარისა,
იმათ აუწყეს ყოველი
ქვეიდან დანაბარისა.
მთების შიკრიკებს გადასცეს
ახალი მცნება დიდია,
ორბსა და არწივს წერილი
გულ-მკერდზე გადუკიდია.
ბარს შაეთვალა მთებისთვის: 
,,მთაო ერთობას სცვიდია, 
ჩვენ კი ერთმანეთს შორისა 
გავსდეთ ერთობის ხიდია;
უწყოდეთ ბედნიერ-ყოფა
ამ მოძღვრებაზე ჰკიდია;
ბარად სუსტსა და ძლიერსა
ხელი-ხელს ჩაუკიდია.
მგელი ვერ ჰბედავს მგლობასა,
ეხლა კრავივით მშვიდია.
ცხვარი სძოვს ბალახს უშიშრად,
სწამს, ვერ უმტერებს ფლიდია,
და კატას - თაგვების მტერსა - 
ყელზე ეჟვანი ჰკიდია.
ერთობის გზაზე ვიაროთ,
კერძოობის გზა ფინთია.''
  შიკრიკთა ფრთები გალესეს, 
გაეკრნენ მკერდსა ცისასა,
ხევები, მთები გადავლეს,
ნაპრალებს აჰყვნენ კლდისასა.
ხარბადა ჰყნოსვენ ჰაერსა
ლაღსა, მაღალის მთისასა.
ჯერ იალბუზსა მიჰმართეს,
წერილს მიართმენ იმასა, 
როგორცა მამას მთებისას,
თეთრის თმა-წვერით მკობილსა,
ის თავად შეატყობინებს 
ყოველსა თავის შობილსა - 
მთებსა, გორაკებს, ქანჩახებს,
გარშემოს შემოწყობილსა.
  გარიჟრაჟია. მთებს სძინავთ.
ჯერ მზე არ ამოსულიყო:
მადლი ნაძღვნევი ღვთის-მიერ
ქვეყნად არ ჩამოსულიყო.
ყვავილებს ისევ ეძინათ,
თავები ედოთ ერთადა - 
ანგელოზებსა მიწისა - 
და-ძმებსა გვერდის-გვერდადა.
ჰაერის ნაკვთი უცხო რამ
თავს დასტრიალებთ ღმერთადა.
მე ვნახე ძმობა მათ შორის
უმწიკვლო როგორც ლალია,
ერთს ვერ შევნიშნე სიძულე
და შურიანი თვალია...
დაჭკნობა ყვავილებისა,
ღმერთო, რა დიდი ბრალია!
მადლი სდევს იმათ მოსვლასა, 
წასვლაშიც მადლი ჩაჰყვება,-
განისვენებენ მიწაში,
როს ადგებიან, - აჰყვება.

(თვალით ნანახი სიწმინდე.........

აკლია ერთი ფურცელი.
იქნებ კომენტარში შემომაშველოს მკითხველმა. 

...კარს მოდგომოდნენ ძმანია.)

სხვა მთებიც იდგნენ ტატნადა,
ვით ბატონის წინ ყმანია;
ეტყობათ, არ ასვენებდათ
იმათაც გულის თქმანია.
გახიდულ-გამოხიდული
სივრცეს სჭრის იმათ ტანია,
უმძიმს, თუმც არ ემძიმება
მიწას გმირების ჯანია...
სახე ზოგისა საზარო
რაღაცას მოუჯღანია.
ვაჟკაცსა შვენის მუდამა
წყლული სახეზე ჩნეული,
არა მკლევდება ჭრილობით, 
ხაზებით, მთების სხეული.
უკვირს იალბუზს მთათ მოსვლა,
სდუმს, ვერა უთქვამს ჯერობით;
ელჩებმა თავად დაიწყეს,
პირდაპირ, არა ფერობით:
,,ნუ გიკვირს, ჩვენო უფროსო,
ჩვენი აქ მოსვლა უცები:
საქმეა საყურადღებო,
ფიქრი ფიქრს მინატკუცები.
ხმა ერთობისა შაგვესმა,
გამოგზავნილი ბარითა,
ბალახნი, ტყენი და ლოდნი
იმსჭვალის ამა მჭვალითა,
ქორნი, არწივნი, ყორნები,- 
ნეტავ გაჩვენა თვალითა,-
ისინიც ერთობისათის 
თითქმის არიან ძალითა.
ჰაერიც ამას გასძახის
ვარსკვლავებს ნიავ-ქარითა.
მგლებიც ერთობას ღმუნიან
ნებსითად, თავის ჯარითა.
მთელის ბუნების ღაღადმა
ჩვენც ჩაგვაფიქრა ყველანი.
რად გავხდეთ თით-საღირებნი,
საგმობნი, გასაქელავნი!
რად დავრჩეთ სხვებზე უკანა
აზრით, შვენებით ქებულნი!
როგორღაც გეჩოთირება,
რომ ვიყვნეთ გამოკლებულნი;
შეგვშვენის დედამიწაზე
ვეყუდნეთ ჩირქ-მოცხებულნი?!.

იალბუზი

  კარგია, დარბაისელნო,
თქვენი რჩევა და თათბირი, - 
მეც წავიკითხე წერილში
რასც მოსთქვამს ბარის საყვირი,
ბევრი ავიღე-დავიღე,
ფიქრი ამეძრა სამ-პირი:
ეხლავე გეტყვით იმასაც,
რას, რაზე ვფიქრობ, როგორა, -
რას ნიშნავს წითელი კვერცხი,
ვინაც ჩვენ შამოგვიგორა.
ეგ კაცთა მოგონილია 
თავის ცხოვრების წამლადა,
ბევრია საწყლობაშია
გადაქცეული ნაცრადა,
სხვა ფუფუნებას განიცდის,
ტანჯვა-ვაების ნაცვლადა.
კიდეც ეს გარემოება
ჰბადებს შურსა და მტრობასა - 
ერთი მგელია კაცთ შორის,
მეორე უწევს ცხვრობასა.
ეხლა თქვენ გკითხავთ, მითხარით,
მგელი მოიშლის მგლობასა?
მე აქეთ თვალსა ვადევნებ
კაცთა ვნებათა ღელვასა - 
ისე ვცნობ კაცის ბუნებას,
როგორაც ღრუბელთ ელვას.

მყინვარი

  ეგ მართალია, ბატონო,
ვიდრემდის ცხვარი ცხვარია - 
ან უნდა მგელი მოისპოს,
ან ცხვარი გააცალია,
ერთად იმათი ცხივრება
მეტად შეუძლო არია,
ან ძაღლი უნდა, რამდენიც 
ფარაში თხა და ცხვარია.

იალბუზი

  მე ისიც ბევრჯელა ვნახე,
რომ კრავსა სცემდეს კრავია.
ცხვარს მტრადა მგელი არა ჰყავს,
ბევრჯელ თავისი თავია.
მაშასადამე, ბუნებაც
თავად ცხვრებისაც ავია...
საფიქრებელიც ესაა,
პირველი საკითხავია.
სპეროზავ, შენაც წარმოსთქვი
კამათის გასარკვევადა.

სპეროზა

  რამდენი ჯიხვი ჯიხვისგან
ნაცემი ჩადგა ხევადა,
გადაგდებული კლდეზედა, 
გულს დამსობია ეკლადა.
,,მართალი არის, მართალი!'' -
ბორბალამა სთქვა ხელადა...
მან როდი დაიგვიანა
კვერისა დასაკვრელადა...


იალბუზი

  ჰო და განვაგრძოთ თათბირი,
უფალი გვყვანდესთ მცველადა:
დიაღ, ბუნება კაცების
არის სხვადასხვა ჯურისა,
როგორც ცხოვრების პირობა 
ერთი-მეორეს უდრისა.
ვნებათა ღელვაც დიდია,
ხომ უწყით კაცთა შორისა -
ეს არის ამრევ-დამრევი
უსწოროსი და სწორისა.
იქ ბოსტანს რა ახეირებს,
საცა დინგი სთხრის ღორისა!
ამიტომ ადამიანნი
ბოსტნებს ავლებენ ღობესა
და ნათესიან ადგილებს
გააშორებენ ღორებსა.
რომელიც ანგრევს სიმაგრეს,
იმასა სცემენ ტორებსა.
ადამიანნი თავის თავს
დღესა, ხვალე თუ გვიანა,
მოუძებნიან წამალსა, -
რამაც კი დააზიანა 
კაცთა საერთო ცხოვრება,
მათი ძმობა და ერთობა.
ჩვენზე ვთქვათ რამე, კაცებზე
ეს საუბარიც გვეყოფა.


მყინვარი, ბორბალა და სპეროზა
(ერთად)


  ვისაც კი ფეხი დაუდგამ
ჩვენს ქედზე ერთხელ, ოდესა
ჩასული ბარად, დღე და ღამ
უნდა ამაზე ჰბჭობდესა:
ყველას გული და გონება
ჩვენსკენ მუდამ-ჟამს რბოდესა....
ჩვენი სახელი, დიდება
ჩვენვე გავთელოთ ფეხითა?...
ვით განვაცხადოთ უარი? -
უნდა მოვიქცეთ ხერხითა.
გამდგარნი, მოღალატენი,
მთებო, რას დაიკვეხნითა!..

იალბუზი

  და იცით, ძმებო, რა გითხრათ,
ყური დამიგდეთა კარგადა:
ერთობის მცნება მთათ შორის
მაჩნია უხმარ ბარგადა.
ერთხელ რაც ძალა შეგვძინა
ღმერთმა იმავე თავითა,
მას ვერც შევმატებთ, ვერც შევკვეცთ,
ვერც ხვეწნით, ვერცა დავითა.
რა ვქნა, ვერ შევძლებ მე მეტსა:
რაც ვარ, იმადვე დავრჩები,
ძველს წესზე უნდა ვაცხოვრო
ფრინველები და მაჩვები -
ძველებრივ ვადენ მდინარეთ,
ნისლებს დავიყრდნობ მკერდზედა;
მზისა და მთავრის სხივებსა
კვლავ დავისვენებ მხრებზედა.
მე მგლებს ვერ გავწყვეტ, ვერც ვეფხვებს:
მომერგებიან შვილადა,
თუმც მაჯავრებენ ბევრჯელა,
ავობენ თავის წილადა,
არ დაგიდევენ ერთობას,
შვლებს, ჯიხვებს სჭამენ წყვილადა.
მე ვერ მოვითმენ, არწივნი,
ქორები გასწყდნენ ღივადა.
როცა არწივი მიმოქრის,
მე ვერ მივიღებ ცივადა, -
შემომთამაშებს თვალ-წარბში,
საამურია ფრიადა.
ნუთუ კაცს თავის შვილები
არას უხდენენ შინადა?
რა უყოთ, ესეც დაუტევს
კაკბებს, როჭოებს საჭმელად,
მაგრამ კაცთ მიერ ზარალთან
ეს განა კი ღირს სათქმელად?!


ბორბალა

  მართალი არი, კაცებთან
ჩვენ არას გვარგებს ერთობა,
ათასჯერ ფიცით შევიკრნეთ,
კაცი ვერ-როგორ გვეძმობა.
ბალახს ჩვენს მკერდზე მოსთიბავს
მწვანესა ყვავილიანსა,
მოჰკლავს ჩვენს გაზრდილ ნადირსა,
ხორცს უქებს მარილიანსა.
ცხვრითა და ძროხით გაგვქელავს,
როგორც დღესნამდე გვქელავდა, 
ჩვენის სისხლ-ხორცით ნასუქებს
ცხვარსა და ძროხას სწველავდა.
მიაქვს და აღარა მოაქვს
წაღებულისა ბადლადა.
თუ ჭკვა აქვს, ამას დასჯერდეს...
ჩვენს ეს გვეყოფა მადლადა.
ჩვენც მაინც უარს ვერ ვეტყვით, 
როგორც არ გვითქვამ არც როსა,
და თუ რომ ერთი მეორეს
კაცი აყენებს შავ დროსა, 
მეტად სარგებლობს ჩვენითა, 
მეტსა ჰზრდის ცხვარსა და ხბოსა, 
მეტს ისაკუთრებს ჩვენს ამაგს, 
თავზე მოჰყივის ის ბრბოსა -
ეს თვით კაცთ ივარაუდონ,
თუ აქვსთ ერთობა მიზნადა.
  თავს ჰხრის მყინვარი, სპეროზა,
მოძმის თანხმობის ნიშნადა.


იალბუზი

დიაღ, თუ ჭკვა გვაქვს ჩვენ, მთებსა,
ცოტა რამ ცოდნა თავისა,
ერთობის ფარგალში ვცხოვრობთ,
ჩვენში ერთობა ჰყვავისა -
დიდი ხნიდანვე, არა დღეს,
ეს კაცთ ვერ გაუგავისა.
აბა, თუ ვსტყუი, მითხარით,
პირში ნუ მომეფერებით:
გშურსთ ვისმე ჩემი სიმაღლე, 
რომ ვსდგევარ ყელ-მოღერებით?
ვიცი, რომ არა, და მიტომ
არც ველი თქვენგან პასუხსა;
სხვას რას მიმატებს სიმაღლე,
თუ არ ტანჯვასა და სუსხსა?
მაგრამ მეც ბედნიერი ვარ 
სხვა გორაკებთან ერთადა,
თუ თავზე მცივა, წელ-გულით 
ბედნიერი ვარ ბევრადა....
თქვენიდან გადმოხიზნული
ნადირ-ფრინველნი, ნისლები
მომივლენ უკრძალავადა,
როგორც დედასა შვილები:
საჭმელსა სჭამენ, სასმელს ჰსმენ,
მოსწონთ მწარე თუ ტკბილები.
თქვენთანაც ეგრე მოდიან
ჩემს მკერდზე გამოზრდილები.
ჩემთ ღრუბელთ ნამი თქვენ გნამავთ,
თქვენისა მე მესხურება,
როგორაც თქვენა, ეგრევ მე 
ცა ქუდად დაგვეხურება.
მიაქვს ჩვენიდან ვისც რა ჰსურს, 
რად ვინმე დაგვემდურება?
ჩვენის ამაგით სარგებლობს
და არც ჩვენ მივდევთ გინებით,
მიჰხედ-მოჰხედეთ თქვენს გულ-მკერდს,
სულ სავსე არის ბინებით.
როგორც დღესნამდე მადლს ვსთესდით,
დღეიდგეც ასე ვიქნებით.

(ქვეიდან მოისმის ხმა დედამიწისა)

,,მეც თქვენთანა ვარ აზრითა!'' -
ისმის ჯურღმულით გუგუნი,
ისმის ხმა დედამიწისა,
როგორც ხარ-ლაღის ბუბუნი.
მთელმა სამყარომ ამ ჟამად
დაიწყო ნძრევა-ჩუჩუნი.


მყინვარი

მართალი არის, ეხლა-ღა
გადამეწმინდა გონება,
მთათ შორის, თუ კარგა განვსჯით,
არსა არ არის მონება.
თუ არწივს ტევის ნება ქვს,
ვეფხვს კლანჭის ქნევის, რჩოლისა, -
კაკაბს და ჯიხვსა თანაბრად 
გახიზვნისა და სრბოლისა.
იმიტომ მოვკალთ არწივი, 
რომ არს მამაცი, მალია,
რომ ლეში უყვარს საჯიჯგნად
და საწიწკარად ძვალია,
და ვეფხვი, რადგან ძალ-ღონე
იმათ არ დაუმალია??
ვეფხვ-არწივების ტაცებით 
დღემდის არ გასწყდა გვარები
და, მადლობა ღმერთს, საკმაოდ
დის ნადირ-ფრინველთ ფარები!
სით, როგორ გავაბედენო
ერთი-მეორის ცალები?
ათი-ათასს სჯობს ტრედს, კაკაბს
მარტო არწივის თვალები.
თუ მის ყეფაც არ მესმის,
არ ვნახე ვეფხვის ხალები,
მესმოდეს კაკან-კნავილი,
გულისა გასაწყალები?
ჩემს მკერდს ჰკაწრავდეს მხოლოდა
უჯიშო, ლაჩართ ბრჯღალები?!
ვერ შეიგუებს ამ აზრსა
ჩემი სისხლი და ძვალები.
ერთს თუ ვიბრალებთ, მეორეც
დიაღ არს შესაბრალები.
ვით არ ვხედავდე არწივსა,
იმას კი ვენაცვალები?!


სპეროზა

რასაც თქვენ ამბობთ, ვაჟკაცნო, 
მეც მაგისი თქმა მეწადა:
ერთობის აურ-ზაური
არ მიმაჩნია ბეწვადა!
მთებს რაც ძალა გვაქვს, არ ვზოგავთ, 
ვინც დაეწვდება, მისია, 
საძმოა, საერთო არის
ნადირთ-ფრინველი მთისია, 
ხელსაყრელია ყველასთვის
წყარო ნაჟური კლდისია
სამეჯლი(შ)სოდ აქვს კაცებსა
ყანწები ჯიხვებისია.
როს მიუხედით კარზედა,
როდისა ვკითხეთ ვისია?
მაგრამ თუ საწყალთ გაიგეს,
ვინაც კაცთ შორის ჰრევია,
რომ ჩვენ არ ვწუნობთ არწივებს, 
რაც უნდა იყოს ბევრია, 
არც მგლებს და ვეფხვებს, არც მელებს, -
ნადავლი დაუთრევია,-
წყევლას გვეტყვიან, მთა მთას ჰხვდეს, 
ხევს მიეჯახოს ხევია,
რადა? და მადა, არ ესმისთ
მათ მოსაზრება ჩვენია,
ვერ შაიგნებენ, რომ მთები
არწივთ ნავარდსა სჩვევია,
არ ვთვლით ზარალად, რაც სისხლსა 
სთხევენ და დაუთხევია.
არ ესმისთ, რომ ღმერთს გვაყვარებს
მთად მოარული დევია;
იმას რომ ვხედავთ, ვლოცულობთ
ყველა ამის ვართ მთქმელია,
რომ არ აიღოს უფალმა
საწყალს, მთებზედა ხელია;
გვაცხოვროს მადლიანადა
არ ვიყვნეთ ცოდვის მქნელია,
არ გაბატონდეს ჩვენზედა
ბოროტი, კარგის მსრველია.


იალბუზი

კაცნი ერთობას მთებისას
ვერაფრით დაიწუნებენ,
თუ მაღლა მფრინავს ოცნებას
სიწყნარით დაიდუნებენ;
ჩვენს წრეში აგვწონ-დაგვწონო
პირდაპირ, მიუმდგარადა
ღმერთმა გვაშოროს, მოვიქცნეთ
ჩვენც ადამიანთ გვარადა:
თუ ერთმა მეორე ერი 
დაიპყრო, დაიმონავა,
გაანადგურებს, გაჰქელავს, 
არ შაიბრალებს ოდნავა;
სულს აძრობს, ჰკვეთავს ენასა,
არ ათქმევინებს სათქმელსა,
თავის ენაზე, თვის რჯულზე
არ ანთებინებს სანთელსა.
ვინ მოსთვლის, უსამართლობას
საწყალს დაჰმართებს რამდენსა!
ღმერთმა გვაშოროს, არ ვიზამთ
ჩვენ მაგისთანა რამესა!...


მყინვარი, სპეროზა  და  ბორბალა

(ერთად)

ღმერთმა გვაშოროს მსგავსი რამ
მთა-ჭიუხების არესა,
როგორ შევხედოთ პირნათლად
მაშინ მზესა და მთვარესა;
ვით შევხვდეთ მქნელნი მაგგვარის
ჩვენ გათენებულს ღამესა!
გაზაფხულს აღტყინებულსა,
ყვავილით ნაქარგს მწვანესა;
წმინდა სულების კრებასა,
ცრემლს, იმათ თვალთა ნადენსა!


იალბუზი

მთათა ბუნება არ სწყრება
სხვადასხვა ენათ სმენითა,
ისევე ვსტკბებით ღმუილით,
როგორც შურთხების სტვენითა.
ჩვენ როდი უშლით დათვ-მგლებსა,
თავი გაირთონ ლხენითა!
კაკაბი, როჭო, არწივი
სხედან თუ ვლენან ფრენითა,
ამბობენ, რაცა სწადიანთ,
თავის მშობელის ენითა.
ვით დაუწუნონ სვავებსა
გრძნობის გამოთქმა ქშენითა?
ყორნები დაყრანტალებენ,
ყვავნი ჩხავიან კრებითა.
როცა არწივი თამაშობს,
გულს ინავარდებს ყეფითა;
წყალნიც მიდიან მოსთქვამენ
ათასნაირის ხმებითა.
ნუთუ ეს სხვადასხვაობა 
არ მოვიხსენოთ ქებითა?
ყველა ერთს ხმაზე ვამღერნოთ,
დავკარგოთ დიდი ლაზათი?!...
სით შევიგუოთ უმსგავსი
უმსგავსთა კაცთა ადათი?
იმაზე ცუდი რაღაა,
განვსხვავდებოდეთ არათი?
თუ თანახმა ხართ, ბარს მივძღვნათ
ამ შინაარსის ბარათი:
ეცადოს საუკეთესო
მან შეიკეროს ხალათი,
ესწრაფოს თავისუფლებას, 
ცხოვრება ჰქონდეს ხალბათი;
თუ ვინმე გაბატონდება,- 
მოსპოს შნოება, ლაზათი, _
იმას ეურჩოს, შეჰმართოს 
და გაუწიოს კამათი.



მყინვარი

სწორია, ბატონობასა, 
ერთი მეორის ჩაგვრასა
ვერ მოვიწონებთ ვერა დროს, -
აშკარად ვამბობ ამასა.
ერი ერისგან ჩაგრული,
თუ კაცი კაცის მიერა,
უღმერთობაა დიადი,
გულის საკლავი ძლიერა;
ერთი მეორის წყალობით
რად უნდა იყოს მშიერა
სულით და ხორცით? ეს მეტად
კაცთ დამამცრობი წესია.
ჩვენ ყველას ვაძღობთ , თუმც ცოდნით
ჭკუა არ გაგვილესია,
ამმაღლებელი გონების
ცოდნა არ დაუთესია
ჩვენში არავის, ხალხში კი
აუარები სთესია,
ქრისტედან მოყოლებული
მრავალზე უმრავლესია,
და ქრისტეს წინად რამდენს სხვას
საცოდნი დაუკვესია...
სირცხვილი არი შენთვისა,
ბარო, რომ ეგრე ჰკვნესია!
აბა, ვიფიქროთ კარგადა, 
მართლა არ არის ესია?!



სპეროზა

მართალი არი: საწყალ მთებს 
სად გვინახია ანბანი?
ჩვენში, კაცთ შორის რაც ხდება,
ღმერთმა გვაშოროს ამბავი.
წერაც-კი არავინ ვიცით,
ვგონებ, არ ვსტყუი, ჩვენშია.
კალამი ჩვენგან არავის
არ აუღია ხელშია.
ჩვენი გონება ცოდნითა
არავის გაუგერშია.
რაც გავჩნდით, ისევ ისა ვართ
ამ ასი-ათას წელშია.
ჩვენ არცავის რა წავართვით, 
არცავინ დაგვიჩაგრია.
მართალსა ბრძანებთ, ნათქვამი
მეც მომწონს,სწორედ აგრია.
მაგრამ წერილმა ბარიდან
კინაღამ ჭკვიდან აგვრია.
ერთობის ჭექა-ქუხილმა 
კინაღამ ხელი დაგვრია.



ბორბალა

მეც ეგ რა მიკვირს, უცბადა
რამ დაგვძრა, აგვაჩოჩქოლა?
ჩვენსა ვწუნობდით ზნე-წესსა,
თავზე ვიყარეთ ქოქოლა.
რაიყო? საიდან მოხდა
ამ გვარ ფიქრების მოწოლა?
მთანი მთობასა ვწუნობდით,
არ გიკვირსთ, მოხდა როგორა?
მიტომ,რომ რასღაც ვეძებდით
ზესთა ბუნების ნასახსა,
უცხოს, უჩვეულებრიოს
მზესა, ჰაერს და ბალახსა:
მოგვწყინდა ერთგვარი ყოფა,
გმობა დავუწყეთ ალლახსა
და როცა კარგად დავფიქრდით,
ახლა ვგმობთ ნაფიქრ-ნაძრახსა.
კიდევ კარგია, რომ ადრე
შავიგნეთ ჩვენი შეცდომა,
ავყევით სხვათა ფეხის ხმას,
ვისურვეთ ღმერთად გახდომა,
ჩვენისა ბედნიერ ყოფის,
ჩვენისვე თავის წახდომა.



იალბუზი

(ბორბალას)

შენ სცდები, დარბაისელო,
ეგ ფიქრი არა გვქონია
არა დროს, - ღმერთად გახდომის,
უჭკოსგან მოსანდომია.
მხოლოდ უკეთეს ყოფნისა
ვინაც კი არი მდომია,
არ არის დასაძრახისი...
ადვილად მისახვდომია, 
გაცნობა თავის-თავისა
პირველი საქმე მგონია.
დღეს ვსცანი დაკვირვებითა
ჩვენი ძალი და ღონია,
სიავ-სიკეთე თავისა,
ერთობის შესაწონია.
მეტს არც რას ვეძებთ, არცა ვთხოვთ,
მთათა ერთობა კარგია.
ან რა ვიჩივლოთ, ვეძებოთ,
ხომ არა დაგვიკარგია!
მაგრამ თუ შევძლებთ, რომ ბარსა,
შევუმსუბუქოთ ბარგია,
ხმა მივცეთ გამამხნევები, 
ნუთუ ეს არა ვარგია?
უჭირს საბრალოს, ალბათა
იმიტომ შემოგვღაღადებს,
და რა შნო არის ჩვენთვისა,
იმის დაბა და ქალაქებს,
ბაღებსა ია-ვარდიანს,
იმის კოპწია ალაგებს - 
არ მივცეთ აქით ლიტონი,
ხმა მაინც თანაგრძნობისა,
ნიშანი ჩვენის კაცობის
და ჩვენი ცოცხლად ყოფნისა?!
კაცთა გარეშე ბუნება
იგივა, რაიც ჩვენია:
იცხოვრებს ისე, როგორაც
თვით უფალს გაუჩენია.
ფრინველთ და ცხოველთ სამეფო,
უეჭველია, ბარისა -
იქნება იმავ რჯულზედა,
რაზეც დღესნამდე არისა;
მის ფიქრი ერთობაზედა
ამ მხრივ უცვლელი დარჩება
და საკამათო საგანი
მხოლოდ კაცთ კრებულს შაჰრჩება.
ამიტომ გვმართებს წერილი,
თუმც გვიკიჟინებს სპეროზა
უცოდრობასა, - არც სტყუის, -
ვპოვოთ, რომ დაგვიწეროსა -
მწერალი, ჩვენი აზრები
ანუსხოს ცხადად, მჭევრადა,
მაშინ ის აღარ იქნება
სხვის ხმის ამომძახ ქვევრადა.
ბარს რომ ვახსენებ, ვგულისხმობ
კაცთა გარეშე სფეროსა:
მინდორ-ველს ცხოველებითურ,
სიტურფით გასაშტეროსა,
წყალ-ჭალებს დამწყაზრულებსა,
მოსაგრილებელს ჩეროსა,
ვარდს ფურჩქნილს მაისისასა,
იქვე ხმელს ჯოყრის ღეროსა.
ჰსურდეს უარყოს ნააზრი
ჩვენი, - ჰსურს დაიჯეროსა.
და რომ არ ვამცნოთ პასუხი,
გამოსადეგი რაშია?...
რომ წიგნი დავაწერინოთ,
ისეთს ვის ვპოვებთ მთაშია?
ჩაფიქრდნენ მთები ერთობლივ,
ჩაჰკიდეს თეთრი თავები,
სახეზე ეკრათ ყვითლად
უთვალავის წლის ლაქები,
თვალი არ მოჰშორდებოდა,
იყვნენ ისეთი კარგები.
გულ-მკერდი სალის კლდისა აქვთ,
სუფრად უდგიათ ზვავები.

დავყავი ორ ნაწილად. (I ნაწილის დასასრული)
გაგრძელება(II ნაწილი)შემდეგ გვერდზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий