,,ივანე ჯავახიშვილი და ქართული ეტიკეტის ისტორიის საკითხები.''
ქართული ეტიკეტის შესწავლის აქტუალობა და ამოცანები.
საზოგადოებრივი ცხოვრების მომწესრიგებელ «ბუნებითი» და «დაწერილი სჯულის» ფუნქციონირების თავისებურება უშუალოდ აირეკლება ეტიკეტზე. დავით აღმაშენებელი თავის «გალობანი სინანულისანში» ამბობდა: «მებრძოლი ვექმენ ყოველთა წესთა შჯულისა შენისასა»-ო. ე.ი. გამოდის, რომ შჯულს თავისი «წესი» ანუ ნორმა ჰქონია. ამ ურთიერთკავშირის გათვალისწინება ეტიკეტის კვლევის პროცესში ყოველთვის აუცილებელია. ყოველივე ზემოთქმულიდან ისიც ცხადია, რომ თავად «წესები» კი არ ქმნიან «რჯულს», არამედ ეს «წესები» გამომდინარეობენ «რჯულიდან». ეს იმიტომ, რომ ეტიკეტი (წესი) კი არ არის მთავარი რომელიმე საზოგადოებისთვის, არამედ ის ფასეულობა (ღირებულება), რომელსაც ეტიკეტი გამოხატავს. ეტიკეტის (რჯული, ზნე) თითოეულ ნორმას (წესს) აქვს საკუთარი ამოსავალი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტიკეტის რომელიმე ნორმა არ არის ნებისმიერად შეთხზული. ეს საფუძველი გარკვეული ფასეულობაა, რომელიც თითოეულ საზოგადოებას აქვს და რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. აქედან გამომდინარე, როცა ეტიკეტის რომელიმე წესს ვხედავთ შეცვლილს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ უკვე მისი საფუძველი, რომლიც გარკვეული ფასეულობაა, შეიცვალა, გადაფასდა. ხოლო თუ კი ასეთ გადაფასებას ადგილი არა აქვს, მაშინ ეტიკეტის ნორმაც ძალაშია და მისი დარღვევა დადებითად არ იქნება შეფასებული საზოგადოებრივი აზრის მიერ.
ზემოთ უკვე იყო მოტანილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან, როცა ქართლის მეფე ლუარსაბმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმერეთში. მაინც რა მოხდა? რატომ გახდა ასეთი მძაფრი კოლიზიების გამომწვევი ეტიკეტის დარღვევა? - იმიტომ რომ ეტიკეტი განასახიერებს იმ ფასეულობებს, რომელთა იგნორირება ყოველთვის მწვავედ აღიქმებოდა. უფროსის წინაშე უმცროსი მოკრძალებით უნდა იყოს - ეს იყო მოქმედი ნორმა, რომლის გამოხატულება უფროსთან ფეხი ფეხზე გადადებით არ დაჯდომაში, ე.ი. არათავის-უფლად ყოფნაში მდგომარეობდა: პირს, სუბიექტს უნდა ახსოვდეს, რომ მასთან ერთად უფროსი იმყოფება, რაც მას მოკრძალებისაკენ, არათავისუფლად, არა ნებისაებრ ყოფნისაკენ მიუთითებს. ამდენად, უფროს-უმცროსს შორის ურთიერთობა გარკვეული ფასეულობის მქონეა და მისი ნიველირება იწვევს თავად ამ სუბიექტების, როგორც უფროსისა და როგორც უმცროსისა, სტატუსის გაუქმებას. ადამიანთა საზოგადოება კი მისი წევრების გარკვეული სტატუსის ქონის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს, რადგანაც არ იარსებებდა არანაირი წესრიგი და იბატონებდა მხოლოდ ქაოსი, როგორც ეს ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებამდე ივარაუდება. ადამიანი, რომ ადამიანი გახდა, ესაა შედეგი იმისა, რომ მან შეძლო გაეცნობიერებინა საკუთარი ყოფა და მისთვის სარგებლიანობის ნიადაგზე თანდათანობით მიანიჭა გარკვეულ საგნებსა თუ მოვლნებს გარკვეული ფასეულობა, რომელიც ასევე თანდათანობით გაფორმებულ იქნა გარკვეული წესების, ჩვეულებების სახით.
მაშასადამე, საზოგადოებრივი ცხოვრება მოწესრიგებულია ანუ გარკვეული წესი და რიგი შემოღებულია, იმდენად, რამდენადაც ეს საზოგადოებრივი ცხოვრება ამ წესებით რეგლამენტირებულია და ეს წესები არსებობენ ჩვეულების ან კანონმდებლობის, ანდა ორივესი ერთად მოქმედების ძალით. კანონმდებლობას განვითარებული სამოქალაქო ცხოვრების მქონე საზოგადოება საკანონმდებლო უფლე- ბის მქონე ორგანოს მეშვეობით ადგენს, ჩვეულებას კი რომელიმე ერთობა ერთი და იგივე ქმედების ხშირი გამეორების, ჩვევად ქცევის შედეგად ქმნის ხოლმე. ამდენად, როგორც კანონმდებლობისთვისაა ცალკეული საკანონმდებლო ნორმა-კანონი სამართლებრივი ფასეულობის გამოხატვის საშუალება, ასევე ჩვეულებისათვის (ჩვევით არსებულისათვის, ტრადიციისათვის) გარკვეული ფასეულობების გამოხატვის საშუალებაა წესი (ეტიკეტი). ხოლო თითოეული წესი ხშირად გაიმეორა ადამიანმა და ჩვეულებად აქცია იმიტომ, რომ მისთვის «ასე მოქცევა» ანუ «ამ წესების დაცვა» უფრო სასარგებლო იყო და შემდეგში აუცილებელი და არა «ისე მოქცევა» ანუ «სხვაგვრი წესის» მოფიქრება. სწორედ ეს არსი, თუ რატომაც იყო სასარგებლო და ამდენად კარგი და მისაღები გარკვეული ქმედება, არის სწორედ ამ ქმედების ფასეულობა. ე.ი. ფასეულობაა ადამიანის მიერ გარემო სამყაროსა და საკუთარი ყოფის შეფასებათა ერთობლიობა: ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი დადებითად ან უარყოფითად ეკიდება მის გარშემო არსებულ საგნებსა და მოვლენებს, იმის-
დამიხედვით ყოველივე ეს ნეგატიურად აღიქმება თუ პირიქით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ადამიანის მოწონების სფეროში შემოდის მხოლოდ ის, რაც მისი აზრით ფასეულობის მქონეა და რაც არა მას ფასეულობა არც გააჩნია ანუ ფასეულობა აქვს ურყოფითი ნიშნით. წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა ამდაგვარი შეფასების გარეშე, მიუხედავად იმისა, იგი აცნობიერებს ფასეულობის ფენომენს თუ არა. ვინაიდან სხვადასხვა საგნები და
მოვლენები სხვადასხვაგვარი სარგებლობის მომტანია ადამიანისათვის, მათ სხვადასხვა ფასეულობა, ფასი აქვთ.
ამდენად, ეს საგნები და მოვლენები მათი ფასის გამო ერთმანეთის მიმართ განსხვავებულ ადგილს იკავებენ და მათი ფასეულობაც ერთმანეთის მიმართ იერარქიული პრინციპით მოიაზრებიან: ზოგი მეტად საჭიროა, მეტად სასარგებლოა და ამდენად მეტად ფასეული, ზოგი კი ნაკლებად სარგებლიანი და ამიტომ ნაკლებად ფასეული.
ამდაგვარ შეფასებით პრიზმაში ექცევა ყველაფერი რაც კი ადამიანის თვალთახედვის არეში ხვდება. თვალთახედვის არე კი მოიცავს ადამიანის გარე სამყაროსა და მის ყოფას ამ გარესამყაროში. იმდენად, რამდენადაც ადამიანი შეფასების შედეგად გარკვეულ ფასეულობას აძლევს მის ადამიანურ ყოფას, შეიძლება ეს მიდგომა დაიყოს გარკვეული სფეროების სახით: ის რაც ადამიანის ეთიკურ იდეალებს შეეხეება არის ეთიკური ფასეულობები, ის რაც ესთეტიკურ იდეალებს -ესთეტიკური ფასეულობა, ის რაც ეკონომიკურ იდეალებს - ეკონომიკური ფასეულობა და ა.შ. ამდენად, ფასეულობა შეიძლება არსებობდეს იმ სპეციფიკის, რა სპეციფიკის რეალობებს ექნება ადგილი ადამიანთა ყოფაში. ადამიანთა კოლექტივებს გააჩნიათ განსხვავებული დამოკიდებულება ირაციონალური რწმენა-წარმოდგენებისადმი და ამიტომ მათთვის არსებობს რელიგიის, რწმენის ფასეულობა. ადამიანები მხარს უჭერენ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას და მათთვის არსებობს გარკვეული პოლიტიკური ფასეულობანი და ა.შ. თითოეულ ადამიანს შეუძლია იყოს რომელიმე რელიგიის მიმდევარი ან არ იყოს. ასევე შეუძლია იყოს რომელიმე პოლიტიკური დასის წევრი ან თანამგრძნობელი და შეუძლია არ იყოს, მაგრამ არ შეუძლია, არავითარ შემთხვევაში, არ მიეკუთვნებოდეს რომელიმე ეთნიკურ კოლექტივს. რელიგიური და პოლიტიკურ გაერთიანებებს გარეთ შეიძლება ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ ეთნიკური ერთობის გარეთ კი არა, თუნდაც ეს ადამიანი იყოს უკიდურესად დენაციონალიზებული ფსიქიკის, რადგანაც იგი უკვე რომელიმე სხვა ერს იქნება მიტმასნილი და მასთან ერთად უნდა იქნას განხილული. ამდენად, ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს და გააჩნია კიდევაც ეთნიკური ფასეულობა.
ეთნიკური (ეროვნული) ფასეულობის არსებობის დამადასტურებელია ეთნონიმებისა და ეთნცენტრისტული ფსიქოლოგიიის საყოველთაო არსებობა. ეს სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია: რადგან არსებობს ასე მრავალი ერთმანეთისაგან განსხავებული ეთნიკური ერთობები, მათთან კონტაქტისას, ურთიერთობისას ზოგი იწვევს სიმპათიას და ზოგი არა (სხვა საკითხია რატომ?). ამ
მიზეზით ე.ი. ეთნიკურ საფუძველზე ყალიბდება ეთნიკური ფასეულობა. მაგრამ ეთნიკურ ფასეულობებს არ წარმოადგენს მხოლოდ სხვა ეთნოსებთან დაპირისპირებისას ფიქსირებული სხვაობები, არამედ ეთნიკური ფასეულობანი არის სწორედ ის რაც დამახასიათე-ბელია ამ ეთნოსისათვის, რაც სისხლხორცეულია მისთვის. ასეთი კი შეიძლება იყოს არაერთჯერადი მოვლენები, ისეთი მოვლენები,
რომლებსაც ეთნოსის ცხოვრებაში ხშირად აქვს ადგილი და გარკვეული კანონზომიერებით მეორდება. ეს კი სხვა არ არის რა თუ არა ჩვევად გადაქცეული წესები ანუ ტრადიციები. მაშასადამე, ეთნიკური ფასეულობანი ეს ის ფასეულობანია, რომლებიც ატარებს ეთნიკურ ნიშანთვისებას და ამდენად ახასიათებს ტრადიციულობა. აქედან ის დასკვნა შეიძლება გამოტანილ იქნას, რომ ეთნიკური
ფასეულობანი და ტრადიციული ფასეულობანი ერთი და იგივეა. ეს ასეა როცა რომელიმე ხალხის მიმართაა მსჯელობა, მაგრამ ცნება «ტრადიცია» არ მიემართება მარტო ხალხს, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას რომელიმე სოციალური ჯგუფის, პოლიტიკური დასის, რელიგიური ერთობის და ა.შ. მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცნებას «ეთნიკური», რომელიც რა თქმა უნდა თავის თავში გულისხმობს ტრადიციის ფენომენს, ხოლო ტრადიცია ყოველთვის არ გულისხმობს ეთნიკურს. ეთნიკური ფასეულობა შეიძლება ძვ. ბერძნული ლექსიკის მოშველებით შემდეგნაირადაც აღვნიშნოთ – ეთნოაქსია (εδνος ხალხი, ერი და αξια
ფასეულობა) ამდენად, ეთნოაქსია არის ტრადიციის მეშვეობით არსებული ეთნიკური სპეციფიკის მქონე ფასეულობათა სისტემა. სწორედ ეთნიკური ფასეულებათა მატარებელია ეთნოსის თითოეული წარმომდგენელი, რომელიც ამ თვისების ქონის გამო ეთნოფორად (εgνος-ეთნოსი და φερων-მატარებელი) იწოდება. ეთნოფორი კი ამ ეთნიკურ ფასეულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ ეტიკეტის (ეთნოეტიკეტის) საშუალებით ავლენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ის 60-იან წლებში ევროპაში დაიწყო და შემდეგ რუსულ საისტორიო მეცნიერებაშიც გაგრძელდა მენტალობის საკითხის შესწავლა. მენტალობა რუსი ისტორიკოსის ა.გურევიჩის აზრით არის «განსაზღვრული ეპოქის და კულტურის და რასაკვირველია, თავიანთი სოციალური მიკუთვნებულობის, განათლების, ასაკისა და ა.შ. ადამიანები-სათვის დამხასიათებელი შემეცნების განწყობა”.ზემოთმოცემული სახით ეტიკეტის შესწავლა ამ საკითხს გვერდს ვერ აუქცევს, ხოლო კვლევისას რა როგორ ჩამოყალიბდება ამას თავად კვლევის პროცესი გამოაჩენს. ა.გურევიჩიც შენიშნავს, რომ ახლა «ყალიბდება, ჯერჯერობით ძირითადად სტიქიურად, ემპირიულად, მეთოდურადაც საკმაო დასაბუთების გარეშე, ახალი, ტევადი მრავლმხრივი გაგება სოციალური ისტორიისა, როგორც ანთროპოლოგიურად ორიენტირებული კვლევა-ძიება. თუ ჩვენ მათ დავარქმევთ «სოციალურ-ისტორიულ ანთროპოლოგიას», ან «ეთნოლოგიურ ისტორიას», ან ისტორიულ ფსიქოლოგიას,» რა თქმა უნდა, არც ისე არსებითია. მთავარია, რომ ისტორიული პროცესის განხილვის ეს ახალი კუთხე - ისტორიის კარდინლური პრობლემის გადაწყვეტის ახალი მიდგომა უკვე გამოჩნდა და კვლევა-ძიების პრაქტიკის პროცესში თავისი პერსპექტიულობა აჩვენა. ა.გურევიჩი მენტალობის საკითხის შესწავლის ამოცანას შემდეგნაირად ხედავს: «არ არის საკმარისი ვიცოდეთ შესასწავლი ეპოქის მოაზროვნეთა თეორიული ნააზრევი, რომ გავიგოთ თავად მათი და მათი თანამედროვეების სულიერი ცხოვრების შინარსი. თეორიული დონიდან აუცილებელია გადასვლა სოციალურ-ფსიქოლოგიურზე. არც ერთ ეპოქას არ უნდა ენდო სიტყვაზე, საჭიროა გაიხსნას ის წარმოდგენა ადამიანებისა სამყაროზე და თავიანთ თავზე, რომლებიც, შესაძლებელია არ იყოს გამოხატული პირდაპირ და ზუსტი სიტყვებით. უწინარეს ყოვლისა ამ წარმოდგენებით, მთელი თავისი ბუნდოვანებით და მისი არა პრორეფლექტორულობით ადამიანი ხელმძღვანელობს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანი, გონიერი და ემოციონალური არსება, არ იქცევა ავტომატურად და მისი ყოველი მოქმედება, ემოციონალური ყოფიდან შემოქმედებით სფეროში უფაქიზეს გამოხატვამდე, სოციალურ მოძრაობაში მონაწილეობიდან საკუთარ თავთან მარტოდყოფის დაფიქრებამდე, დიდი ხარისხით განსაზღვრულია იმ მსოფლმხედვის სისტემით, რომელიც დამახსიათებელია მოცემული კოლექტივისთვის და საზოგადოებრივი განვითარების სტადიისათვის, რომელ ჩარჩოშიაც აზროვნებენ და თავს გრძნობენ ადამიანები».
თუ ამ მიდგომას ერის ისტორიის ჩარჩოში მოვაქცევთ ანუ ეთნიკური ფასეულობის გამოვლენას დავისახავთ მიზნად, მაშინ შესაძლებე-ლი გახდება მოცემული ერის (ეთნოსის) ეროვნული (ეთნიკური) მენტალიტეტის დანახვა-წარმოდგენა, რაც ზემოთ შემოთავაზებულ ტერმინს «ეთნოაქსიას» დაემთხვევა. მაგრამ ა.გურევიჩის არ იყოს, ცნებებში არაა საქმე, რამდენადაც მოცემული საკითხის აქტუალობაში და მის სრულყოფად შესწავლაში. თუმცა, ზოგიერთი ევროპელი ისტორიკოსი, რომელიც მეტალობის საკითხს იკვლევს, მაგ. ფ.გრაუსი კატეგორიულად წინააღმდეგია «ეროვნულ მენტლიტეტზე» მსჯელობისა, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ვიწრო ჰომოგენური ჯგუფების შესწავლით უნდა შემოიფარგლოს. ქვეყნის მასშტაბით კვლევისას კი სახეზე იქნება დიდი რეგიონალური და სოციალური სხვაობები. ამ არგუმენტით ეროვნული მენტალიტეტზე» კვლევა-ძიების ჩაუტარებლობა, გამართლებული არ არის, რადგანაც ჯერ ერთი, სხვაობა-ერთგვაროვნების დადგენა თავისთავად მრავალ საინტერესო საკითხს წამოწევს წინ განსჯისათვის და მეორეც, სწორედ ამ სხვაობა-ერთგვაროვნების ფონზე უნდა დადგინდეს ეროვნული ფასეულობათა ძირითადი ნიშნები.
ჩვენდა სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემული სახით ადამიანის და ჩვენს შემთხვევაში ქართველი კაცის ყოფის გათვალსაჩინოება, როგორც ქვემოთ უფრო გამოჩნდება, უცხო არ ყოფილა ივ.ჯავახიშვილისათვის. მას ხომ აქვს სპეციალური ნაშრომი სათაურით: «ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში» . გარდა ამისა მასვე ეკუთვნის იდეა შემდეგი საკითხების დამუშავებისა, რომლებიც ნაწილობრივ განახორციელა კიდევაც: «ზნეობრივ მოძღვრების ისტორია საქართველოში». და «ეროვნული თვითშემეცნების ისტორია საქართველოში» . ამას გარდა იგი ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ნიკოლოზ კათალიკოზს «უნდოდა ცხად-ეყო «საზღვარი ტომობისა» და «შემსგავსებაჲ ნათესავ-ტომობისა», ეროვნებათა თანდაყოლილი თვისებები და «ბუნება. ნიკოლოზ კათალიკოზი ამტკიცებდა, რომ როგორც კაცთა შორის თვითეულს დასაბამითგანვე რომელიმე განსაკუთრებული ნიჭი და «ჴელოვნე-ბანი» აქვს თანდაყოლილი, «ესრესახედვე უკუე იხილვების ნათესავთაცა (ე.ი. ეროვნებათა) შორის» და «რომელნიმე ნათესავნი ესევითარნი არიან ბუნებით, ხოლო რომელინე ეგევითარნი»-ო, თვითეულს ეროვნებას «ბუნებით» თანდაყოლილი აქვს «ესევითარნი», ან «ეგევითარი» მიდრეკილება და ნიჭი და ამ ბუნებით შემოფარგლულია «საზღვარი ტომობისა» და მისი სამოქმედო ასპარეზიო.
საგულისხმოა რომ ეს ფრიად საყურადრებო საკითხი, რომლის მკრთალი ჩანასახი უკვე იოანე საბანისძის თხზულებაშიაც გვხვდება თანამედროვე მეცნიერებაშიც საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მისი უარის მყოფელნიც მოიპოვებიან, მაგრმ მომხრენიც ჯერ არ გამოლეულან» .
ივანე ჯავხიშვილისეული ეს «ეროვნებათა დანდაყოლილი თვისებები» ამ ერის ცხოვრებით გამომუშავებული ფასეულობებია. ამ საკითხის შესწავლას მეტად დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდია მისი პრაქტიკული დანიშნულება.
ზემოთ უკვე იყო ნათქვამი, რომ ეტიკეტის არსი და საფუძველი მის მიერ ასახული (გამოხატული) ფასეულობაა: თუ რა მიიჩნევა მოცემული კოლექტივის მიერ სიკეთედ ან ბოროტებად, ზნეობრივად ან უზნეოდ და ა.შ. ამ ფასეულობებისადმი დამოკიდებულება აყალიბებს ხომ ეტიკეტის თითოეულ ნორმას. «ნორმის» გაგებაში ყოველთვის დევს შეფასებითი აზრი, რის მხედვითაც ყოველგვარი საქციელი, ქმედება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც «სწორი» ან «არასწორი», «კარგი» ან «ცუდი», «მაღალი» ან «დაბალი». აქვე საინტერესო იქნება ი.ლოტმანის შემდეგი აზრის გახსენება, რომ ადამიანის ყოველგვარი საქციელი ყოველთვის სწორედ ამ ორ
პოლუსს შორის მერყეობს. «ამასთან ერთად კულტურის განსხვავებული ტიპები კარნახობენ სუბიექტურად ორიენტირებულ ნორმას (აღმატებულად «სწორ» საქციელს, «ჩვეულების მიხედვით», «წესის თანახმად» ცხოვრებას და ა.შ.) ან მის დარღვევას(ორიგინალურობისადმი, უჩვეულობისადმი, ახირებულობისადმი, სისულელისადმი სწრფვას, უკიდურესობათა ამბივალენტური შეერთებით ნორმათა,გაუფასურებას)».
ცალკეულ შეფასებათა წყვილები «კარგი» და «ცუდი», და «სწორი» და «არასწორი», «მაღალი» და «დაბალი» და ა.შ. ადამიანთა შორის ურთიერთობაში დაიყვანება ადამიანის ქცევის შეფასების ძირითად კრიტერიუმზე - ზნეობრივია მისი ეს საქციელი თუ არა. თითოეულ ეროვნებას კი მისი შეფასების საკუთარი ხედვა აქვს გამომუშავებული, რომელსაც «ზნეობის ეროვნული იდეალი» შეიძლება ვუწოდოთ. მასში არ იგულისხმება რომელიმე ერის სწავლულთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისები, არამედ ამ ერის მიერ შექმნილი ზნეობრივ შეხედულებათა ის მოდელი, რომლის საშუალებითაც წარიმართება მისი ყოველდღიური ყოფა, რომელიც გარკვეულ სივრცეში და დროშია განფენილი. ამდენად, თითოეული ერის ზნეობრივ შეხედულებათა მოდელი და შესაბამისად მისი ეტიკეტი დროსა და სივრცის კატეგორიებითაა დასაზღვრული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მდიდარია და მრვალფეროვანი ერის ყოფა, მით უფრო შთამბეჭდავია მისი სახეც. ასე რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერი, ეს მისი ყოფაა - თუ რა წესით ცხოვრობს იგი და რა ფასეულობებს მიაგებს პატივს. ს-ს. ორბელიანის სიტყვით თუ ვიტყვით «რომელ-რომელთა ჯერ არს ქმნაჲ»[6,რჯული]. ანუ არჩილ მეფის შეგონებით: «ეს კაცმან უნდა იცოდეს, მის მის დროს რაა საქმნელი».
ყოველივე ეს რომ კაცმა იცოდეს ანუ ისე იქცეოდეს, როგორც საჭიროა, თავდაპირველად მას ათვისებული უნდა ჰქონდეს თუ «რაა საქნელი» და მერე«როგორაა საქნელი». ანუ ადამინმა უნდა იცოდეს სად რა შეიძლება და რა არა და ამავე დროს რაც შეიძლება ის როგორ გაკეთდეს. ყოველივე ამის გამოკვლევას ენიჭება სწორედ პრაქტიკული მნიშვნელობა რაც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენს.
საყოველთაოდაა ცნობილი ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნათქვამი, რომ «ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა.» ილია ჭავჭავაძის დიდი მემკვიდრე ივანე ჯავახიშვილი თავის მხრივ აღნიშნავდა, რომ «ეროვნული თვითშემეცნების გამოღვიძებისა და გაღვივებისათვის განსაკუთრებით კი გამტკიცებისათვის, წარსულის ცოდნას აქვს დიდი მნიშვნელობა: ისტორია ადამიანის მსოფლმხედველობას აფართოებს და ამავე დროს საჭირო სიღრმესა და საფუძვლიანობას ანიჭებს». ამგვარად საკუთარი ერის ისტორიის ცოდნა ყოველთვის ყველა თაობისათვის მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ დაიკარგოს კავშირი წინაპართა შექმნილ ფასეულობებთან და ადამიანი არ დაემსგავსის იმ ბოგანოს,რომელზეც ილია ამბობდა «არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის». ერის, ფასეულობების ათვისება ყველაზე უკეთ ადამიანის სოციალიზაციის ყველაზე აქტიურ პერიოდშია უპრიანი, ანუ იმ პერიოდში, როცა იგი აღზრდისა და განათლების პროცესს უკეთ ექვემდებარება – საგანმნათლებლო დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში.
ცნობილია, რომ განათლებისა და აღზრდის პროცესის გავლის შემდეგ ისეთი პიროვნება ყალიბდება, როგორი ძალისხმევაც მასზე დაიხარჯა ანუ ეს პროცესი პიროვნებისა და ერის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა თუ პირიქით. ამ მეტად ქმედით საშუალების ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდნენ საქართველოს მტრები, თუმცა ქრთველებსაც არ
რჩებოდათ იგი გაუცნობიერებელი. ასე მაგ.: ვახუშტი ერეკლე I (ნაზარალიხანი)-ის შესახებ აღნიშნავს: «იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ლირწთა და უშუერთა მოუბარი, სმასა და შუება-ლხინთ მოყუარე, მჴნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი» . ამ თხზულების ძველი ხელნაწერის ერთ-ერთ ნუსხაზე ამ ადგილას ვიღაცის ხელით მიწერილია: «რომელი უფლისწული ყოფილა მეფობის გამოცდილი, რომ ყოფილიყოს მეფომადინ რუსეთს აღზრდილი და სპარსეთში მყოფი?». ამდენად, ამ ანონიმ ქართველს, სრულიად სამართლიანად, უკვირს, ერეკლე I უკეთესი როგორღა დადგებოდაო, რომელსაც საქართველოში სწავლა-აღზრდა არ მიუღია, რუსეთში იყო ახალგაზრდობაში და მერე სპარსეთშიო.
რაც შეეხება საქართველოს მტრებს ისინი სწორედ ამ მიზნით ცდილობდნენ ქართველ ერზე გავლენის მოხდენას. ასე, მაგ; საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამის შვილების რუსეთში კადეტთა კორპუსში მიბარებასთან დაკავშირებით მინისტრი წერდა: «ამ შემთხვევაში დედოფლის ვაჟები, რომელთაც შემთხვევა ექნებათ აღიზარდონ, ვით ამხანაგნი რუსეთის კეთილშობილ ახალგაზრდობის წრეში, მიიღებდენ საჭირო ცოდნას და ნელ-ნელა დაივიწყებდენ ჩვეულებას თავის ქვეყნისას; გაიცნობენ რა ჩვენს ზნე-ჩვეულებებს და გარდაიქცევიან რა ქართველისაგან რუსად, გახდებიან შემდეგში უფრო სასარგებლო წევრებად, ვიდრე სხვა ქართველი ბატონიშვილები და თავადები არიან». ამდენად, ამ ცნობიდან ნათელია, რომ თუ ქართველი უფლისწულები ქართულ ჩვეულებებს დაივიწყებენ და რუსულს შეითვისებენ, ისინი «გარდაიქცევიან ქართველისაგან რუსად». აქედან კი გამოდის მარტივი დასკვნა, რომ არ დაიკარგოს საკუთარი ეროვნულობა ანუ ქართველობა, საჭიროა საკუთარი ზნე-ჩვეულების მკტიცედ ფლობა.
თანამედროვე ეპოქაში, როცა გაცილებით ძლიერია ყოველივე ტრადიციულისა და ეროვნულის ნიველირებისა და უნიფიკაციის ტენდენცია, როცა გუშინ რუსეთი ინტერნაციონლიზმის ლოზუნგით «საბჭოთა ხალხის» შექმნას ცდილობდა და დღეს კი ძლიერდება გლობალიზაციისა და ამერიკანიზაციის ტალღა, მართალია პროგრესული დ კულტურული, მაგრამ მაინც «წამლეკავი გავლენის» (ივ.ჯავახიშვილი) მქონე, მრავალ სიკეთესთან ერთად მრავალი საფრთხესაც უქმნის პატარა ერებს. ამიტომაც საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. არ არსებობს ზემოქმედება, რომლის კორექტირება არ შეიძლებოდეს. მოცემულ კონტექტსში კი უნდა ითქვას, რომ ქართული ეტიკეტის შესწავლის პრაქტიკული მხარე ისაა, რომ შესაძლებელი გახადოს უკეთ გაცნობიერდეს ის ფასეულობები, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას. ამდენად, ამ მიმართულებით კვლევაძიებას ეკისრება გარკვეული ეთნოპედაგოგიური† მისია, როცა ეროვნული ფასეულობების აქტივიზაციის ერთ-ერთ მძალვრ საშუალებად შეიძლება იქცეს ამ ფასეულობების პედაგოგიურ პროცესში რაც შეიძლება ფართოდ ჩართვა და დამკვიდრება. ეს საკითხი ქართული ეტიკეტის შესწავლის ერთ-ერთი პრაქტიკული ასპექტია. ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ჩვენც კარჩაკეტილი ცხოვრების გზა ავირ-ჩიოთ. როგორც მაგ., ძველ საბერძნეთში პლუტარქოსის ცნობით, ლიგურგოსი თანამემამულეთ საბერძნეთიდნ უცხოეთში გამგზვრებას იმ მოტივით უკრძალავდა, რომ «შიშობდა სპარტადან წასულებს არ ჩამოეტანათ უცხო ჩვევები (...) ლიკურგე ფიქრობდა, რომ საჭირო იყო ქალაქი დაეცვა ცუდი ჩვევების გავრცელებისაგან უფრო მეტად, ვიდრე გარედან შემოსული გადამდები სენისაგან». არა, ეს დღეს შეუძლებელია, მაგრამ საფრთხე კიდევ უფრო მეტადაა საცნაური. შოთა რუსთაველის პოემა ცხადყოფს, თუ როგორ ღიაა ქართველი კაცი მთელი სამყაროსათვის, ჩვენც იგივე გზის გაგრძელება გვმართებს. შიდა და გარე პროცესებს კი მართვა სჭირდება და ისინი გაწონასწორებული უნდა იყოს.
დღეს ასე სწრაფი კომუნიკაციებისა და ტექნიკური ცივილიზაციის ხანაში, ატომური და ეკოლოგიურ საშიშროებასთან ერთად არსებობს თანამედროვე ადამიანის «Homo faber»-ად გადაქცევის საფრთხე, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ტექნიკის, რობოტის, კომპიუტერის ენაზე აზროვნება და დაწრეტილია მისთვის ზედმეტად ქცეული «უსარგებლო» ემოციებისაგან, გრძნობებისაგან, რომლითაც ასე მშვე-ნიერია ადამიანი. ეს საფრთხე ემუქრება თანაბრად ყველა ერს და პირველ რიგში მცირერიცხოვან ერებს, რომ ეროვნული თვით-მყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების ნიველირების პროცესმა დამანგრეველი ფორმები შეიძინოს. ამ საფრთხეზე ბევრგან ფიქრობდნენ და რაოდენ მრავლისმეტყველია ესოდენ განვითარებული იაპონიის მაგალითი. ამ ქვეყნიდან ხანგრძლივი დროით გასულისთვის ვარაუდობდნენ დააწესონ რეიაპონიზაციის ანუ რეაბილიტაციის კურსები, სადაც თითოეულ იაპონელს აღუდგენენ იაპონელისათვის დამახასიათებელ თვისებებს და თავისებურებებს. ძნელი სათქმელია თუ რამდენად განხორციელებადია ასეთი პროექტები, მაგრამ რაციონალური მარცვალი მასში უთუოდ დევს. ეს გახლავთ ზრუნვა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუ-ნებლად და იგი სულაც არ უნდა მივიჩნიოთ მოცალეობის ჟამს ფანტასტის ნაფიქრალად. ეს თემა უაღრსეად აქტუალური და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რომაა, კარგად ჩანს მოსკოვში ბოლო ხანებში დაცული ერთ-ერთი დისერტაციიდან, რომელსაც ეწოდება «თანამედროვე ჩინეთის ტრადიციული ფასეულობათა სისტემა». ამ დისერტაციის ავტორეფერატში თემის აქტუალობა შემდეგნაირადაა ფორმულირებული: «ნაშრომის პრაქტიკული აქტუალობა განისაზღვრება ჩინეთში სიტუაციის შესწავლის საჭირო-ებიდან, იმ კონტექსტში რომ სულ უფრო იზრდება «ჩინური ფაქტორის» მნიშვნელობა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში». ამდენად,
თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკისათვის «ჩინური ფაქტორის» გათვალისწინებაა საჭირო და ამისათვის ამ ქვეყნის მკვიდრთა ტრადიციულ ფასეულობათა სისტემის ცოდნას ენიჭება დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, მაშინ ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს, თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდეს ანალოგიური საკითხის შესწავლას თითოეული ერის და განსაკუთრებით მცირერიცხოვანისა და სახელმწიფოებრივად ფორმირებადის შინაური პრობლემის გადასაჭრელად.
___________________________
* პ.გუგუშვილი თავის დროზე მოითხოვდა ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო ცნებების «ფასეულობა» და «ღირებულება» გამოყენების შემთხვევები. მისი აზრით «ფასეულობა როგორც ფილოსოფიური და სოციოლოგიური ცნება (ტერმინი) გულისხმობს ობიექტთა სპეციფიკურ სოციალურ განსაზღვრებას». ხოლო «ღირებულება - საქონელში განვითარებული საზოგდოებრივი შრომა - ეკონომიკური კატეგორიაა.» პ.გუგუშვილის ეს სამართლიანი მოთხოვნა სამწუხაროდ, ვერ დამკვიდრდა და ეს ცნებები დღესაც სინონიმებად
გამოიყენება.
*მაგ. შექსპირი ჰამლეტს ათქმევინებს: «კარგი და ცუდი თავისთავად როდია სადმე, მას მხოლოდ კაცის გონება შექმნის ხოლმე.». იგივე აზრი აქვთ ფილოსო-ფოსებსა და სოციოლოგებს. მაგ.: ზ. კაკაბაძე წერდა: «ადამიანის ცხოვრება (...) ყოველთვის რაღაც იდეალის მიხედვით წარიმართება. სხვაგვრად, ადამიანი ყოველთვის რაღაც გარკვეული იდეალის მიხედვით აღიქვამს, მნიშვნელობებს ანიჭებს და ეპყრობა გარემომცველ სამყაროს. ხოლო ყოველი იდეალის საფუძვლად (...) ყოფიერების რაღაც გაგება ძევს» . ხოლო პოლონელი ცნობილი
სოციოლოგი იან შეპანსკი წერდა: «არსებობენ გარკვეული იდეები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა; იმიდეებთან დაკავშირებული ღირებულებათა სისტემები თავის მხრივ, განსაზღვრავენ ინდივიდებისა დაჯგუფების ქცევასა და საქმიანობას, მათ აზროვნებასა და აღქმის წესებს».
* «ადამიანთა ურთიერთობაში, ამ ურთიერთობათა განსახორციელებლად იქმნება ღირებულებათა სისტემა, რასთანაც არის დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ადამიანთა ურთიერთობა ამის გარეშე არც
წარმოიდგინება. ხალხი ქმნის გარკვეულ წესებს, ინახავს, ავითარებს მათ. მათში ვლინდება ერის, ხალხის ხასიათი, მისი თავისებურებები».
*ამ ცოტა ხნის წინ ფრიად საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომლის გაცნიბიერება ყველასათვის აუცილებელია, რადგან დასმულ საკითხსაც ეხმიანება. იგი წერს: აშშ «ფართოდ ეყრდნობა დამოუკიდებელ უცხოურ ელიტებზე გავლენის ირიბად გამოყენებას, ერთდროულად მისი დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების მიმზიდველობიდან მნიშვნელოვანი მოგების ამოღებას. ყოველივე ზემოთქმულს საძირკველს უმაგრებს ამერიკული მბრძანებლობის ფართო, მაგრამ აღუქმელი, უხილავი გავლენა გლობალური კომუნიკაციის, სახალხო გართობისა და მასობრივი კულტურის სფეროზე. აგრეთვე ამერიკული ტექნოლოგიური უპირატესობის და გლობალური სამხედრო ყოფის პოტენციურად ძალზე საგრძნობი გავლენა. კულტურული აღმატებულობა ამერიკული გლობალური ძლიერების დაუფასებელ ასპექტს წარმოადგენს. რაც არ უნდა ამტკიცოს ზოგიერთმა თავისი ეთიკური ფასეულობების აღმატებულობა, ამერიკული მასობრივი კულტურა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისათვის, მთელ მსოფლიოში მაგნიტურ მიზიდულობას ასხივებს. მისი მომხიბლელობა საფუძველს, ალბათ, მის მიერვე ქადაგებული სოცოცხლის სიყვარულის თვისებაში იღებს. ამერიკული სატელევიზიო პროგრამები და ფილმები მსოფლიო ბაზრის თითქმის 3/4 მოიცავს. ამერიკული პოპულარული სიმღერაც ლიდერობს. მსოფლიოში სულ უფრო უჭერენ მხარს ამერიკელების გადაცემებს, მათ მისწრაფებებს, ჩვევებს. ჭამასა და ჩაცმაშიც კი ჩანს მიმბაძველობა».
† ეთნოპედაგოგიკის ცნებისა და მისი პრობლემატიკის გამოკვეთა ახლა ფორმირების პროცესშია. აქვე უპრიანია მენტალობის საკითხის შემსწავლელ მკვლევართა თვალსაზრისთგან ერთერთის მოყვანა ნ.ვაჩნაძის მიხედვით: «კ.არნოლდის აზრით, ტრადიციათა და წარმოდგენათა ეს კომპლექსი გადაეცემა მომდევნო თაობას, უპირველეს ყოვლისა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკში, აღზრდის შედეგად. ამას გარდა მას ბავშვები ითვისებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველა შესაძლებელი სახის ბრძანების, რეკომენდაციების და რეგლამენტაციების წყალობით.
--------------------------------------------------
დავით სართანია
გამომცემლობა ”ენა და კულტურა”
თბილისი
2002

Комментариев нет:
Отправить комментарий