ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 августа 2017 г.

ზოგი რამ თეოლოგიის შესახებ.

(„ზოგი რამ თეოლოგიის შესახებ“ გახლავთ სალექციო ჩანაწერების საფუძველზე შექმნილი სტატია, რომლის მიზანია თეოლოგიის, როგორც მეცნიერების რაობაზე უფრო მეტად დაფიქრება.)

            რა არის თეოლოგია და რას გულისხმობს ის როგორც მეცნიერება? რას გულისხმობს თეოლოგიაში ეკლესია? რა კავშირი აქვს თეოლოგიურ მეცნიერებას სხვა მეცნიერებებთან? როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ქრისტიანობა, როგორც რელიგია?

სიტყვა „თეოლოგია“ არ არის ქრისტიანული წარმოშობის. მომდინარეობს წარმართული ბერძნული მწერლობიდან და წარმოაჩენს ადამიანის მცდელობას, რომ ისაუბროს ღმერთზე. პირველად სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა ტერმინი „თეოლოგია“ პლატონმა თავის „სახელმწიფოში“.

ჰეროდოტეს მიხედვით, ჰომეროსი და ჰესიოდე არიან შემოქმედნი ძველ ბერძენთა თეოლოგიური წარმოდგენებისა. არისტოტელე მათ თეოლოგებს უწოდებს. როგორც თეოლოგები ხასიათდებიან ფილოსოფოსები, რომლებიც საუბრობდნენ სამყაროს საწყისზე, როგორებიც იყვნენ ემპედოკლე, ანექსაგორა და სხვები.

ქრისტიანები პირველ საუკუნეებში გაურბოდნენ ტერმინ „თეოლოგიის“ გამოყენებას, რადგან მისი მნიშვნელობა გაიგივებული იყო წარმართულ სამყაროსთან. ამჯობინებდნენ ტერმინ „ფილოსოფიას“, რომ გადმოეცათ ქრისტიანული სწავლება ღმერთის შესახებ. IV ს-ში კაბადოკიელი წმინდა მამების ძალისხმევითა და შემოქმედებითი ღვაწლის შემდეგ დაიწყო ტერმინ „თეოლოგიის“ ფართოდ გამოყენება ქრისტიანული შინაარსით.

ქრისტიანთათვის ტერმინი „თეოლოგია“ გამოიყენებოდა იმის გამოსახატავად რასაც ღმერთი უცხადებს ადამიანებს.

ამ გაგებით თეოლოგია არის ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი უცხადებს ადამიანებს საღმრთო საიდუმლოსა და იკონომიის წესით. ეს ზებუნებრივი გამოცხადება დაუნჯებულ იქნა ეკლესიაში მოციქულების მიერ.

XVIII ს-ში თეოლოგია განისაზღვრა როგორც მეცნიერება, რომელიც სწავლობს ქრისტიანულ სწავლებას და მის გავლენას ადამიანთა ცხოვრების წესსა და კულტურაზე. უზუსტესად თეოლოგია სწავლობს ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს, მის საწყისებს, მის განვითარებას და გავლენას ქრისტიანობისა კაცობრიობის მსვლელობის გზაზე და გარდა ამისა ანათლებს სინდისს ეკლესიისას ქრისტიანობის შესახებ. თეოლოგია ჩამოყალიბდა, როგორც ჭეშმარიტი, პრაკტიკული, უეჭველი მეცნიერება.

თეოლოგიის, როგორც მეცნიერების განსაზღვრის შემდეგ  Schleiermacher-მა განსაზღვრა ადგილი თეოლოგიისა სხვა მეცნიერებების გვერდით. თეოლოგია მან მიიჩნია როგორც პრაკტიკული მეცნიერება, რადგანაც აქვს პრაქტიკული მიზანი, ისე როგორც იურისპრუდენციას და მედიცინას. მისი აზრით, რელიგიური მგრძნობელობა ადამიანში არის ბუნებრივი და არ არის საჭიროება მეცნიერული დასაბუთების წარმოდგენისა.

ამასთან ქრისტიანობა და ეკლესია წარმოადგენენ ისტორიულ სინამდვილეს, რომლებიც წარმოგვიდგენენ, გვთავაზობენ პრაკტიკულ საკითხებს, რომლებსაც სჭირდებათ გადაწყვეტა. XVIII ს-ში, როდესაც რაციონალიზმმა უარყო თეოლოგიის მეცნიერული ხასითი, Schleiermacher-მა თეოლოგია კონკრეტული კრიტერიუმებით პრაქტიკულ მეცნიერებებში მოაქცია. მიუხედავად ამისა, სუბიექტი თეოლოგიისა არ არის მხოლოდ ისტორიაში მოცემული, არამედ წარმოდგენილია, გამოცხადებულია ისტორიაში. არსებობს ნათელი სხვაობა თეოლოგიასა და სხვა პრაკტიკულ მეცნიერებებს შორის, რომლებიც ეკუთვნიან პრაქტიკულ მეცნიერებათა რიგს. თეოლოგიაში ზოგადი საწყისები არის მოცემული და არ ექვემდებარება არანაირ კვლევას და არანაირ დაეჭვებას. რწმენით მიიღება საღმრთო საიდუმლოება ღმერთის იკონომიის შესახებ და შემდგომ ამისა ადამიანთა შესაძლებლობისამებრ გამოითქმება სიტყვიერად.   ღმერთი გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ, გავიგოთ მიუწვდომელი, და რადგანაც ჭეშმარიტება ხორციელად მოდის და მისი პიროვნული სინათლე ანათლებს ადამიანებს, რომ მიიღონ და გაიგონ სინათლე უქმნელისა.

ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ თეოლოგია გვთავაზობს ცოდნას ღმერთის შესახებ.  თეოლოგია ეს არის ღია მეცნიერება, რომელსაც აქვს კავშირი სხვა მეცნიერებებთან.

შეგვიძლია ასევე ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ ქრიატიანობა არ არის რელიგია, ის რელიგიაზე მაღლლაა და ის არის მთლიანად ცხოვრება.

ამ კუთხით „შეცდომად“ შეიძლება მივიჩნიოთ ტრიადოლოგია, კოსმოლოგია, ქრისტოლოგია და ა.შ. რადგანაც არ შეიძლება თეოლოგიის სქემაში მოქცევა, ანუ ძნელია განსაზღვრო სად მთავრდება ერთი და სად იწყება  მეორე, ეს არის მხოლოდ სამეცნიერო ტერმინოლოგია. ამასთან, თეოლოგია არ განისაზღვრება და არ შემოისაზღვრება „მეცნიერული“ კრიტერიუმებით. დოგმატიკა ცდილობს სისტემურად გადმოსცეს თეოლოგია.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელო, შესავალი თეოლოგიაში XIX ს-მდე არ არსებობდა. მისი შექმნა იწყება XIX ს-დან და ისიც დასავლეთის გავლენით. აღმოსავლეთში არასოდეს არ იყო ამის საჭიროება, ანუ აღმოსავლეთს არასოდეს მოუხდენია თეოლოგიის სქემატიზაცია.

და მაინც რას აკეთებს ადამიანი თეოლოგიაში? ადამიანი ღმერთს კი არ უახლოვდება და განმარტავს, არამედ გამოცხადებულ ღმერთს უახლოვდება.

თეოლოგია ამბობს და ხსნის, რომ ყველანი კი არ არიან ღმრთის შვილები, არამედ ყველანი ვართ ღვთის ქმნილებანი, ღვთის შვილები კი არიან ისინი ვინც სინდისიერად, ცნობიერად მისდევენ ქრისტიანობას. რადგანაც ერთია ძე ღმრთისა, ერთი ძე ყავს მამას, და ისინი, ვინც ცხოვრობენ ქრისტეში, ისინი ქრისტეს მიერ ხდებიან მამის, ღმრთის შვილები.

თუკი ყოველდღე არ შეჭამ მოკვდები, ასევე თუკი ყოველდღიური ურთიერთობა არ გვაქვს ღმერთთან მაშინ ვკვდებით და ვინც ეკლესიის საიდუმლოებებში არ ცხოვრობს, მაშინ ის არ არის ქრისტიანი.

ქრისტიანი – ეს არის წოდება, რომელიც ამავე დროს გულისხმობს კარგ ადამიანობას მაშინ, როდესაც კარგი ადამიანობა ყოველთვის არ გულისხმობს კარგ ქრისტიანობას.

დღევანდელი ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები რა არის: გაუცხოება. ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების სახე, სიკვდილი ამ საზოგადოების, თვისება ამ საზოგადოების. „ურთიერთობა“ ურთიერთობის გარეშე. ეს არის მარტოობის საზოგადოება, ამიტომაც არის ჯოჯოხეთი აქვე, ჩვენში, შიგნით.

აქ უნდა ვიპოვოთ, ვნახოთ ადგილი თეოლოგიისა. ვსწავლობ ანუ ვიმეცნებ ნიშნავს, რომ მაქვს ზუსტი ცნობა შესამეცნებელზე. მეცნიერება კი სწორედ ცოდნის სისტემატიზაციით ყალიბდება. თეოლოგია, როგორც მეცნიერება სწავლობს ადამიანს ქრისტიანობის საფუძველზე. ანოტაცია საღმრთო გამოცხადებაზე არის სწორედ ბიბლია.

თეოლოგია სწავლობს საღმრთო გამოცხადებას ეკლესიაში. ის არის ერთიანი, განუყოფელი, განუწყვეტელი, არა წარსული, აწმყო და მომავალი, არამედ ყველა ერთად. გამოცხადება ყველა ადამიანისთვის ხდება ყოველთვის, და საგანი თეოლოგიისა არის ღმერთის გამოცხადება.

ნამდვილი ადგილი, მდგომარეობა თეოლოგიისა არის ეკლესიის ტრადიციაში. თეოლოგია ცხოვრობს ტრადიციას (ანუ ტრადიცია თეოლოგიისათვის ყოველდღიურობაა)  როგორც დღევანდელობა, და ამას არ აკეთებს არც ერთი სხვა მეცნიერება. ამას აკეთებს მხოლოდ ქრისტიანობა და ჭეშმარიტი თეოლოგია. მოდას აქვს დროულობა, არის დღეს და არ იქნება ხვალ და გახდება წარსული. თეოლოგია არის ზედროული, მას არა აქვს დროულობა, ის არ შეიძლება იყოს „დროული“ რაღაც მომენტში, თუ დროში იქნება ის გახდება ხვალ წარსული. შეხება თეოლოგიისა არის და უნდა იყოს ყველა საკითხთან. ყველა რელიგია წარმოადგენს თავის დასაბამს, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კავშირს ღმერთსა და ადამიანს შორის.  ადამიანი თავისით არ იქმნება. ის იქმნება: თეოლოგიურად_ღმერთისგან, და ბიოლოგიურად _ მშობლებისაგან. მხოლოდ ქრისტიანობა ამბობს, რომ მე კი არ ვარსებობ, არამედ ვარსებობ იმ გაგებით, რომ ღმერთს სურს ჩემი არსებობა, მე ვსურვარ ღმერთს, რომ ვარსებობდე. და ამას არ ამბობს არც ერთი სხვა რელიგია. ქრისტიანი როდესაც ამბობს არ ვარსებობ, იმიტომ კი არ ამბობს, რომ არ არსებობს, არამედ მისი არსებობა წარმოადგენს საქმეს უქმნელი ღმერთისა. ქმნილი არსებობს მხოლოდ კავშირში და მონაწილეობაში უქმნელი ღმერთის ენერგიებისა.

სიყვარულს, როგორ ვიცხოვრებთ ღმერთის მიმართ, ამაზეა დამოკიდებული  ჯოჯოხეთი და სამოთხე. რომლებიც აქვე იწყება, დედამიწაზე. ცეცხლის მიმართ რა ადგილს დავიჭერთ ამაზეა გავთბებით თუ გავცივდებით. ძაან ახლოს დაიწვები, ძაან შორს გაიყინები.

ეკლესიის კანონები არ არის ბრძანებები, თუ როგორ უნდა იცხოვრო, ის არის რჩევა დარიგებები თუ როგორ შეიძლება უფრო ადვილად ღმერთამდე მისვლა, განღმრთობა. მიზანი თეოლოგიისა სწორედ ეს არის, ჩამოაყალიბოს ღმერთის საზოგადოება, როდესაც საზოგადოება არ ეკლესიურობს.

ის რაც განასხვავებს თეოლოგიურ კვლევას სხვა მონათესავე მეცნიერებების კვლევებისგან არის ცოდნა სულიერების, სინათლის, შემოქმედების შესახებ. ასე მაგ: ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი ვერ გამოიკვლევს ბიზანტიურ ხატს თუ არ იცის ქრისტიანული სწავლება.

თეოლოგია სარგებლობს სხვა მეცნიერებების მიღწევებით, რომელთაც აქვთ საკვლევი საგანი და განმარტავენ მას თავისი საკუთარი განმარტებით, განსხვავებული მიზნისთვის. თეოლოგები კი როცა განმარტავენ, იყენებენ განსაზღვრის ფორმას, რომლითაც ქრისტიანული რწმენა გადმოიცემა ადამიანური მოქმედებებით ადამიანურ შემოქმედებაში.

თეოლოგიის, როგორც მეცნიერების უარყოფა (დაეჭვება) წამოვიდა რაციონალისტებიდან, რომლებიც არ ღებულობდნენ არაფერს, როგორც მეცნიერულს, თუ არ დადასტურდებოდა ცდით და დაკვირვებით, და ადამიანური ლოგიკური კატეგორიებით. რა თქმა უნდა, ფიზიკა წარმოჩნდება ცდების საშუალებით. მაგრამ ასევე ერთი ადამიანის დაკვირვებით, რომელიც მისდევს სახარებისეული ცხოვრების წესს, სიყვარულით და თავგანწირვით, მტერსაც კი შეუძლია დაინახოს ადამიანური ცხოვრების ახალი მხარე, ცხოვრების ახალი წინადადებები.

უმთავრესი განსხვავება ქმნილი და უქმნელი სამყაროსი, ნათლად წარმოაჩენს იმ სიმაღლეებს რომელიც აქვს ადამიანურ შესაძლებლობებს რომ მიწვდეს ღმრთეებას. რადგანაც ღმერთი მაღლაა და მიღმაა ქმნილი სამყაროს ყველა კატეგორიიდან, როგორც ადგილი, დრო, ხრწნადობა, ამიტომაც არ ხდება მისაწვდომი ადამიანური გონებისთვის, რომელსაც მხოლოდ შეუძლია მიწვდეს იმას, რომ ის უძლურია. იგივე ღმერთმა, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, შექმნა სამყარო, მიიღო ადამიანური ბუნება, დაექვემდებარა სიკვდილს, რომ მიეცა, მიენიჭებინა ხრწნადი ბუნებისთვის მკვდრეთით აღდგომა. მოტივი ამისი არის მიუწვდომელი სიყვარული. პირველი მიუწვდომელი სიყვარული არის სამყაროს შექმნა და მეორე ასევე განუზომელი, არის – თერაპია, ხრწნადი და მოკვდავი ადამიანური ბუნების, საღმრთო საიდუმლოს, საღმრთო იკონომიის მეშვეობით. საიდუმლო საღმრთო იკონომიისა არის მიუწვდომელი და აუხსნელი ადამიანური გზებით. ზუსტი კვლევა ამისა წარმოჩნდება ღმერთის წმინდანების ცხოვრების წესში და მათში, რომლებმაც მიიღეს სახარება და აღასრულეს თავიანთ ცხოვრებაში.

დღეს აკადემიურ საზოგადოებაში მიღებულია თეოლოგია და მას აქვს ადგილი სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის.

თეოლოგია არ შემოისაზღვრება არსად. თეოლოგია მთლიანობაში ხედავს ფაქტებსა და მოვლენებს და  არა რაღაც ნაწილს.

რას ნიშნავს თანამედროვე ეპოქაში თეოლოგობა? – ეს ნიშნავს სწორ განმარტებას, თანამედროვე ეპოქაში, როგორ უნდა წარმოაჩინოს, იცხოვროს ადამიანმა ქრისტიანობა. არავის არ შეუძლია ილაპარაკოს, ისაუბროს ღმერთზე, თუკი არ ექნება წინაპირობად ქმნილი და უქმნელი.

დამსჯელი ღმერთის წარდგენა ადამიანისათვის, ამ უკანასკნელს ართმევს თავისუფლებას. განმკითხველი, მოსამართლე ღმერთი აშინებს ადამიანს და ეს წინამძღვრობს მას რელიგიური იძულებისაკენ. საუკეთესო სახე ძალაუფლებისა არის, როდესაც მაღლა დგახარ და დაბლა ჩამოდიხარ და დაბლა მდგომს ემსახურები.

თეოლოგია ათავსებს ერთმანეთთან ჰარმონიულად წარსულს და მომავალს, ეს არის თეოლოგია. იესუს მოწაფეები, მოციქულები არ მისდევდნენ საყოველთაო, ამქვეყნიური ცხოვრების წესს. თანამედროვე მეცნიერების საუბარი თეოლოგიაზე შემდეგია: რას იკვლევთ, რა მეცნიერული საფუძველი გაქვთ, ვერ ხედავთ და არ გაქვთ არანაირი საფუძველი და ისე საუბრობთ.  ფიქრობენ, რომ თეოლოგია არის უძლური და სუსტი, თუკი იგი პროზელიტიზმს არ აწარმოებს. ქრისტიანობა ყოველთვის ახარებდა ადამიანებს იმ სამახარებლო უწყებას რომელიც ადამიანს ანიჭებს  ნამდვილ, ჭეშმარიტ თვისუფლებას. ის ვინც დატყვევებულია და დამონებული საყოველთაო, ცხოვრების წესს, ის უკვე გარდაცვლილია. ასეთი ფარისევლობა ვერ აჩვენებს ადამიანს ქრისტიანობას და ვერ გაათავისუფლებს ადამიანს რომ გახდეს თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი და ქრისტიანი. ქრისტიანი ყველგან უცხოა და ყველგან მისი სამშობლოა.

საღმრთო მადლის გადაცემა არ არის რაღაც მასალობრივი, არამედ არის სულიერი.

პრობლემა ის კი არაა, როცა ვამბობ, მივდივარ მაშინ როცა ვგრძნობ რომ წავიდე, არამედ რატომ არ მინდა ყოველთვის რომ წავიდე ეკლესიაში. აღსანიშნავია საყოველთაობა ეკლესიისა. ღმერთს არ შეიძლება მხოლოდ ქრისტიანთა ხსნა უნდოდეს. ეკლესიაში იგულისხმება ყველა ადამიანი, ვისაც აქვს ურთიერთობა ღმერთთან, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. „მსახურებითი სიყვარული, შეწირვითი სიყვარული“, –  ეს არის ყოველდღიურობა. ღმერთი არ ართმევს ადამიანს თავისუფლებას. ადამიანები კი მიელტვიან, რომ მის მოძმეს წაართვან თავისუფლება.

საზოგადოების გაეკლესიურება და არა ეკლესიის გასაზოგადოებრიობა. ვმარხულობ არა იმიტომ, რომ მინდა ვიმარხულო, არამედ ჩემი სინდისი არ მიშვებს სხვანაირად. აღსარების საიდუმლო – ეს არის სინდისის გამოღვიძება. გაიღვიძე, ნუ გძინავს და მარტო არა ხარ. გამოვდივარ საკუთარი მედან და ვუბრუნდები ღმერთს.

მიზანი თეოლოგიისა ადამიანების ხსნაა. ადამიანის ხსნა დაზღვეული ხდება ღმერთთან ურთიერთობით.

ადამიანი, რომელიც არ არსებობიდან არსებობაში მოვიდა „განწირულია“ ურთიერთობისათვის. როგორც ელექტრო ხელსაწყოს სჭირდება დენის წყარო, ასევე ადამიანს სჭირდება საკვები. ცოცხალ- მკვდარია ის ადამიანი, რომელსაც არა აქვს ურთიერთობა ღმერთთან.

თეოლოგია არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი ეკლესიურ, საიდუმლოებით ცხოვრებას. რა არის საიდუმლო? – ეს არის მოქმედება სადაც საღმრთო და ადამიანური ენერგიები მოქმედებს. თეოლოგია განმარტავს, იკვლევს საღმრთო ენერგიებს, ღმერთის გამოცხადებას ეკლესიის საიდუმლოებებში. თეოლოგია განმარტავს და არ იგივდება არაფერთან. ის აკავშირებს ძველ აღთქმას თანამედროვე სინამდვილესთან რაც გრძელდება ეკლესიაში. ყოველ მოქმედებას აქვს საზოგადოებრივი ხასიათი. შვიდი დიაკონის არჩევისას განისაზღვრა მათი დანიშნულება,  და საქმე, თუ რა უნდა ეკეთებინათ. ეკლესიაში უპირველესი არის ეკლესიის მსახურება, ლიტურგია, აღსარება, დამწყვსა ადამიანების, გამომხსნელობითი უწყების ხარება ადამიანებისადმი  და შემდეგ არის საზოგადოებრივი საქმიანობა. საზოგადოებრივი საქმიანობა ეკლესიისა არის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის.

ამდენად ბიბლიური თეოლოგია, რომელიც ეყრდნობა ღმრთის გამოცხადებას, საღმრთო გარდამოცემას და ბიბლიურ ისტორიას, აქვს სრულიად განსაკუთრებული ხასიათი და ის არის საფუძვლიანად განსხვავებული არაქრისტიანული გაგებისაგან. გამოცხადების თეოლოგია არის, იმყოფება უპირველეს ყოვლისა წმიდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში.

რატომ უნდა წავიკითხო წმიდა წერილი? რას იძლევა წმიდა წერილი? – ის იძლევა პასუხს იმაზე, რომ ჭეშმარიტება მოვიდა ამ ქვეყნად, რომ მას შემდეგ რაც ჭეშმარიტება მოვიდა ქვეყნად, ეს ნიშნავს, რომ მონაწილენი ვართ სიცოცხლის. და თუ არ მონაწილეობ, მაშინ არ ცოცხლობ. წმიდა წერილი არის ეკლესიისთვის, ეკლესიაში, ეკლესიისგან.

თეოლოგია არ არის დროში, რადგან ის ყოველთვის იკვლევს და განმარტავს, ამიტომაც ის ყოველთვის არის თანამედროვე. წყარო თეოლოგიისა არის ღმერთი. ამდენად თეოლოგია არის მუდმივი, მარადიული და მისი მიზანია ადამიანის ხსნა.

მოამზადა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა

ლევან ბუკიამ

bardzimi.wordpress.com

Комментариев нет:

Отправить комментарий